ბიზნეს-განათლება – ქართული რეალობის საჯილდაო ქვა
ნინო არველაძე
2005 წლის მაისში უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების ბერგენის კონფერენციამ მიიღო კვალიფიკაციების საერთო სტრუქტურა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის. იგი მოიცავს სამ საფეხურს (ნაციონალურ კონტექსტში შეიძლება გარდამავალ კვალიფიკაციებსაც მოიცავდეს), თითოეული საფეხურისთვის სწავლის შედეგებსა და კომპეტენციებზე დაფუძნებულ საერთო აღწერებსა და კრედიტებს პირველი და მეორე საფეხურისთვის. მინისტრებმა აიღეს ვალდებულება 2010 წლისათვის შეიმუშაონ კვალიფიკაციების ნაციონალური სტრუქტურები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ძირითად სტრუქტურასთან და ამ საკითხზე მუშაობა 2007 წლიდან დაიწყონ.
განათლების რეფორმის პირველი ეტაპი მეტნაკლებად ჩავლილია. ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად, მან საქართველოს უმაღლესი განათლებისა და სკოლების მაღალი კლასების სისტემა და სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. პირველი ტალღის გადავლის შემდგომ დადგა გავლილი გზის გაანალიზების დრო, რათა სრულყოფილი გადაწყვეტილებების გზით ამერიკულისგან მკვეთრად განსხვავებულ დასავლურ ევროპულ სისტემას დავუახლოვდეთ. განათლების რეფორმაზე და ბოლონიის პროცესზე საუბრისას ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუ რომელ სტრუქტურაზე ვართ ორიენტირებულნი – ევროპულზე თუ ამერიკულზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს სისტემურად უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტების მიხედვით ორიენტაციების თავისებურებები და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ კვალიფიკაციების განსაზღვრის სრულყოფას. 2005 წელს განათლების სამინისტროში შეიქმნა კვალიფიკაციების განმსაზღვრელი ერთიანი დოკუმენტი, რომელიც განხილვისა და კრიტიკის საგანი გახდა. სარეკომენდაციო კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩოს შექმნის მიზნით კი გასულ წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” აღნიშნული პროცესის განხილვას იწყებს და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განხილვის ნაწილში არსებული რამდენიმე ჯგუფიდან პირველ მრგვალ მაგიდას უთმობს ბიზნესის ჯგუფს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ემზარ ჯგერენაია:
– განათლების რეფორმის აუცილებლობას მოწინააღმდეგეები არ ჰყავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კრიტიკის საგანი მეთოდები, სამოქმედო გეგმები და მათი რეალიზაცია ხდება. ბოლონიის პროცესი იმ ქვეყნების გამოძახილია, რომელთაც განათლების სისტემის პრობლემები აწუხებთ. ცხადია, რომ ევროპული განათლების სისტემა ამერიკულს ჩამორჩა, ამიტომ შეიქმნა ურთიერთკოორდინირებული მოქმედების აუცილებლობა. თუ გულახდილები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე რთულად ეს ბიზნეს-განათლების სფეროზე აისახება. ვსაუბრობთ ეპოქის შესახებ, სადაც ბილ გეითსმა მესამე კურსზე ჰარვარდში სწავლა შეწყვიტა და დღეს მსოფლიოს ნომერ პირველი მენეჯერია, მას არა აქვს არც ერთი აკადემიური ხარისხი, აკადემიური ხარისხის გარეშე მიაღწია წარმატებებს აღიარებულმა მენეჯერმა მაიკლ დელიმ, მას კოლეჯიც არ დაუმთავრებია, ჩვენი მეზობელი ქვეყნის მილიარდელი აბრამოვიჩიც არ ფლობს აკადემიურ ხარისხებს, მაგრამ ისინი თანამედროვე ბიზნესის სათავეებში დგანან. იგივე შეიძლება ითქვას 5 მლრდ დოლარის მფლობელ ქართველ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მას ხარისხი შრომის ეკონომიკის შესახებ აქვს დაცული, მაგრამ შრომის ეკონომიკაში უშუალო განათლებას მის ბიზნეს-მენეჯმენტის მაღალ დონეზე გავლენა არ მოუხდენია. ერთი სიტყვით, ბიზნესში ბიზნეს-კვალიფიკაციის დასახელებასა და მენეჯმენტობის ხარისხს შორის უშუალო წყალგამყოფი არ არსებობს. შესაძლებელია განათლება ბიზნესის სფეროში არ გქონდეს, მაგრამ იყო მაღალი დონის მენეჯერი. მსოფლიო დღემდე იკვლევს, მენეჯერობა თანდაყოლილი ნიჭია, ღვთისგან ბოძებული იღბალი, თუ ტვინის გენერაციის დამოუკიდებელი უნარი. ბიზნეს-მიმართულებაში კვალიფიკაციის ჩარჩოები ყველაზე რთულად განსასაზღვრავია.
პროფესორი დიმირტი ჯაფარიძე:
სპეციალისტთა ჯგუფის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა საზოგადოებრივ მეცნიერებებს უნდა მიეკუთვნებოდეს, ბიზნესი კი მისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. ძველი, მრავალრიცხოვანი ჩამონათვალის ნაცვლად, რომელთა უმრავლესობა უცნაური და გამოგონილი იყო, ბიზნესის ნაწილში თავმოყრილია რამდენიმე სპეციალობა. მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩამონათვალი მკვეთრად შემცირდა. ცხადია, რომ ეს პროგრესული ნაბიჯი იყო, რადგან აღმოიფხვრა ბოლო 15 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში დამკვიდრებული განუკითხაობა და განისაზღვრა ადამიანის მიერ მიღებული სპეციალობა, რომელიც ევროპულ კვალიფიკაციებთან ახლოს უნდა იყოს და ევროპელი მენეჯერი დიპლომის წაკითხვისას შინაარსს უპრობლემოდ უნდა იგებდეს. რაც მთავარია, ადამიანი უნდა ამაყობდეს მიღებული კვალიფიკაციით და მისი შემოღების სტიმული უნდა ჰქონდეს. დადგა ერთიანი საკვალიფიკაციო ჩამონათვალის გაკეთების აუცილებლობის საკითხი. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო ჩამონათვალის შექმნაზე მუშაობს, რადგან ზუსტად უნდა განისაზღვროს თუ რა უნდა ეწეროს დიპლომში. ჯგუფის მთავარი ამოცანაა საზოგადოებას შევთავაზოთ სპეციალობების ჩამონათვალის სარეკომენდაციო პროექტი.
ემზარ ჯგერენაია: – განათლების სისტემაში კომისიის მუშაობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენს ფაკულტეტზე ბოლო წლებში პროგრესული ცვლილებები მოხდა, მთლიანად შეიცვალა კურიკულუმები. ყოველ წელს ხდება ახალი სილაბუსების წარმოდგენა, იხვეწება საგნების ჩამონათვალი, ასევე კურიკულუმის სტრუქტურა და მოცულობა. სილაბუსები ნელ-ნელა დასავლურ ანალოგებთან ჰარმონიზაციაში მოდის, სერიოზული მიდგომებია მოდულებისა და პროგრამების მიხედვით კურსების ჩამოყალიბებისადმი. კრედიტების რაოდენობისა და ახალი მიდგომების მიხედვით იხვეწება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი. დახვეწილი და რაფინირებული პროგრამების, სილაბუსების, კურიკულუმებისა და მოდულების მიუხედავად, სპეციალობათა ჩამონათვალი მაინც შეზღუდულია. გვაქვს საინტერესო პროგრამები მაგისტრატურაში, საინტერესო კურიკულუმი ბაკალავრიატში, მაგრამ საჭიროა სპეციალობათა უფრო დახვეწილი ჩამონათვალი, რომელიც სტუდენტთა მობილურობის მხრივ მისაღები იქნება, ამასთან ის დამაინტრიგებელი, სტუდენტებისთვის საინტერესო და საბაზრო მოთხოვნების ადექვატური უნდა იყოს. კვალიფიკაციის ჩარჩოს შექმნა ჩვენი ფაკულტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფაკულტეტზე ეს საკითხი ხშირად აქტიური განხილვის საგანი იყო, გაუქმდა ბევრი ფუჭი სპეციალობა. პროექტი სტუდენტს საშუალებას მისცემს აირჩიოს საგნები და თვითონ გააკეთოს კურიკულუმის რუკა, რომლის საფუძველზეც მიიღებს შესაბამის 240 კრედიტს ბაკალავრიატში და 120 კრედიტს – მაგისტრატურაში.
– რა ხდება ამჟამად უმაღლესი ეკონომიკური განათლების სფეროში, თუ იკვეთება ისეთი პრობლემა, რომლის გამოც გარკვეულმა ჯგუფმა ამ სფეროს რეფორმისათვის პროექტის შექმნა გადაწყვიტა?
“ESM” (მაგისტრთა ეკონომიკური სკოლა). პრორექტორი მარინა ქარჩავა:
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი მხოლოდ ეკონომიკურ განათლებას არ ეხება. უმაღლესი განათლების სისტემაში პრობლემაა ადექვატური კურიკულუმების შექმნა. უნდა განისაზღვროს თუ რა უნდა ასწავლო სტუდენტს და რა მიზნით. ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე გადავდივართ და მისი მოქმედების პრინციპების მიხედვით უნდა შეიქმნას პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა არსებობს და რომელიც გაიყიდება. ყველა სისტემამ ეფექტურად უნდა იმუშაოს საბაზრო ეკონომიკაში და ეს განათლების სფეროსაც ეხება. მან უნდა მოამზადოს პროდუქტი, ამ შემთხვევაში განათლებული სტუდენტი, რომელზეც დამქირავებლის მიერ ბაზარზე მოთხოვნა იქნება. სტუდენტს ისეთი განათლება უნდა მიეცეს, რომელზეც მოთხოვნაა ბაზარზე. სხვაგვარად განათლების სისტემის მუშაობა არაეფექტური იქნება და სტუდენტი მიიღებს ცოდნას, რომელიც არავის სჭირდება.
– შეიძლება ითქვას, რომ ახლა სტუდენტს აძლევენ ცოდნას, რომელიც არავის სჭირდება?
მარინა ქარჩავა: დიახ. როდესაც “ESM” შეიქმნა, მისი მიზანი თავიდანვე იყო გამოეშვა პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა იქნებოდა. საბჭოურ სისტემაში ასეთი პრეცენდენტი არ იყო, ჩვენ განათლების სისტემას კი მისი გადმონაშთი ახასიათებს, საბჭოურ სისტემაში არსებობდა გარკვეული გეგმა, სადაც განსაზღვრული იყო, თუ რამდენი სპეციალისტი უნდა გამოეშვა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელს, მაგრამ არ იყო განსაზღვრული, თუ ვის სჭირდებოდა ამდენი სპეციალისტი. წესით, სპეციალისტების საჭიროების რაოდენობას ბაზარი უნდა განსაზღვრავდეს. ჩვენს განათლების სისტემაში აღნიშნული საკითხი საკმაოდ პრობლემატურია: ერთის მხრივ, არის პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა არ არის, მეორეს მხრივ კი, ბაზარზე უკვე არსებობს მოთხოვნა გარკვეულ პროდუქტზე, რომელსაც ყველა ვერ უშვებს. ამჯერად ძალიან ცოტა უმაღლესი სასწავლებელია, მაგალითად ” ESM” და “კავკასიის ბიზნეს-სკოლა”, რომლებმაც გაათვითცნობიერეს თუ რა სჭირდება ბაზარს და აწოდებენ მას შესაბამისი პროფესიის ხალხს, მაგრამ საქართველოს მასშტაბებისთვის ეს ძალიან ცოტაა. მსგავსი პრობლემები ძირითადად ახალი სპეციალობებისთვისაა დამახასიათებელი, ვგულისხმობ ბიზნესის სფეროს, ეკონომიკის სფერო ახალი დარგი არ არის, მას გარკვეული ინერცია განათლების წინა სისტემიდან გააჩნია და მისი ამოცანა გარდაქმნაა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ უნდა შედგეს ისეთი სასწავლო გეგმა, რომელიც ცოდნისადმი ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი იქნება. იგივე პრობლემა ყველა დანარჩენ დარგს ეხება: ფილოლოგიას, ბიოლოგიას და ა.შ.
ემზარ ჯგერენაია: – როდესაც საბჭოურ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ცხადია, რომ ის არ გამოდგება. საბჭოურ პერიოდში კი ბიზნესის სფეროს სტანდარტები საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ხარისხის მართვის საკითხი ბიზნესის ფაკულტეტზე. რაც შეეხება ფიზიკას, ქიმიასა და კოსმოსა საბჭოთა კავშირის განათლების სტანდარტები აქ საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევის კომპონენტების მიხედვით წამყვან უნივერსიტეტთა რიცხვში შედის. მაგრამ არავითარი დონე არ არსებობდა ბიზნესის სწავლებაში, ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ცუდი მემკვიდრეობაც კი არ გაგვაჩნია, რაც მდგომარეობას ართულებს. ყველაზე შრომატევადი სამუშაოც კვალიფიკაციების ჩარჩოს შექმნისას სწორედ ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში იქმნება. სამწუხაროდ, ხშირად მოდური ევროპული ფრაზების ტყვეობაში ვიმყოფებით და ორ უკიდურესობაში ვვარდებით – ან ყველაფერი მარკეტინგზეა დამოკიდებული, ან ყველაფერს მენეჯმენტი წყვეტს. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო სწორედ ოქროს შუალედის მონახვის მიზანს ემსახურება.
მარინა ქარჩავა: – გარკვეულწილად, ეფექტიანობის მიღწევის თვალსაზრისით, ყველა სისტემას სტანდარტიზაცია და საერთო მაჩვენებლების შექმნა ახასიათებს, რომელიც იქნება გასაგები, გაზომვადი და შესაბამისად დამქირავებელს უნდა ესმოდეს, თუ რა ცოდნისა და უნარ-ჩვევების კურსდამთავრებულს ასაქმებს, სტუდენტს უნდა ესმოდეს, თუ რა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს დაეუფლება სწავლის პროცესში. შეიქმნება პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა იქნება. ცოდნის სტანდარტები უნდა ჩამოყალიბდეს, ჩვენთან ძველი სპეციალობებისთვის საბჭოური სტანდარტები არსებობდა, რომელიც ახლა უკვე აღარ გამოდგება. სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის ვინ გამოვა და რა პოზიციაზე უნდა მუშაობდეს სტუდენტი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების კურსს ამთავრებს. განაცხადის წაკითხვისას სტუდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება მიღებული ცოდნის საფუძველზე “მოიზომოს” ესა თუ ის ვაკანსია. გაჩნდა სტანდარტიზაციისა და გლობალიზაციის პროცესების ფონთან თავსებადობის პრობლემა. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ცოდნა მთელს მსოფლიოში არსებული ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრების ცოდნას უნდა შეესაბამებოდეს და იგივე უნდა იყოს, ანუ უნდა მოხდეს სტანდარტების შეთანხმება, მან უნდა იცოდეს ის, რაც იცის ამერიკელმა, გერმანელმა ან ინგლისელმა ბაკალავრმა.
– აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე გადაწყვიტა გარკვეულმა ჯგუფმა პროექტის შემუშავება?
– დიახ, ეს საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მოთხოვნაა. როდესაც მიღებულია ბოლონიის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება, ამ პროცესის ერთ-ერთი ქვაკუთხედია სტუდენტთა მობილობა. მობილობა მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე მოძრაობას არ ნიშნავს, არამედ, როდესაც ერთი ქვეყნის სტუდენტი ჩადის სხვა ქვეყანაში. მის მიერ ამ ქვეყანაში გავლილი სემესტრი, ბლოკი თუ მოდული უნდა ჩაეთვალოს გავლილად თავის უნივერსიტეტში. გამომდინარე აქედან, უნდა გვქონდეს განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ბოლონიის პროცესში ჩართულ სისტემებთან თავსებადი იქნება, ამის მიღწევა კი მხოლოდ სტანდარტიზაციის გზითაა შესაძლებელი. ბოლონიის პროცესის მობილობის გამო აუცილებელია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შექმნაზე ფიქრი. არსებობს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც ბოლონიის პროცესში განსაზღვრულია ევროპული ქვეყნების მონაწილეების მიერ. თუ ბოლონიის პროცესში გინდა შენი ქვეყნის სტუდენტს ისეთივე უფლებები ჰქონდეს, როგორიც ნებისმიერ ევროპელ სტუდენტს აქვს, უნდა გაგვაჩნდეს კვალიფიკაციების ჩარჩო, ისეთივე, როგორიც ევროპულ სისტემას აქვს. როდესაც ესა თუ ის ქართული უმაღლესი სასწავლებელი სპეციალისტს გამოუშვებს, 4 წლის შემდეგ მას არ უნდა ერქვას ისეთი სახელი, რომელიც მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის გაურკვეველი იქნება და საჭირო გახდება ახსნა-განმარტებები ხარისხის მნიშვნელობის ასახსნელად. ამიტომ გახდა აუცილებელი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავება.
– თქვენი ჯგუფი სწორედ ამ საკითხზე მუშაობს?
– განათლების სამინისტროსა და ევრაზიის ფონდის დაფინანსებით შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო უნდა შეიქმნას.
– რამდენი ხანია, რაც პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და როგორ მიდის პროცესი?
– პირადად მე ნახევარი წელია მის შემუშავებაში ვარ ჩართული. პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: თავდაპირველად სპეციალობისა და სფეროს განმარტების გარეშე განისაზღვრა დონეები, რომლებიც პროფესიულ განათლებაში იქნება, იგულისხმება ორწლიანი სპეციალური განათლება, შემდეგ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ხარისხი – ბაკალავრი, მომდევნოა აკადემიური ხარისხი – მაგისტრი და PHD, ან დოქტორი. შესაბამისად, ზოგადადაა განსაზღვრული, თუ რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ბაკალავრს, მაგისტრს და მათ მომდევნო საფეხურებს. საქართველოში არსებულ განათლების სისტემას გააჩნია სწავლების სამი დონე, რომლის ბოლოსაც ადამიანი აკადემიურ ხარისხს იღებს. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა გააჩნდეს გარკვეული სიღმის ცოდნა, ასევე ზოგადი განათლება. უმაღლესდამთავრებულს მხოლოდ მის სპეციალობაში არ უნდა ჰქონდეს ცოდნა მიღებული, არამედ მას უნდა ჰქონდეს განათლებული ადამიანისთვის დამახასიათებელი ზოგადი განათლება. ზოგადი და დარგობრივი ნაწილის პროცენტულობას შეარჩევს უმაღლესი სასწავლებელი, რაც კონკურენციის საკითხია. უმაღლესდამთავრებული ადამიანი საშუალო განათლების მქონე ადამიანისგან უნდა განსხვავდებოდეს. აღნიშნული საკითხები ზოგად ჩარჩოშია მოქცეული.
წესით, ეს უკვე საკმარისი უნდა იყოს, რომ რომელიმე უმაღლესმა სასწავლებელმა, რომელსაც ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამაში ჩადება სურს, ამ ჩარჩოდან გამომდინარე მან სასწავლო პროგრამა ანუ კურიკულუმი უნდა შეადგინოს და განსაზღვროს თუ რა უნდა ასწავლოს სტუდენტს. ჩარჩო იქნება სარეკომენდაციო დოკუმენტი. შემიძლია გითხრათ, როგორ შეადგინა პროგრამა “ESM-მა, იგივე გზა გაიარა “კავკასიის ბიზნეს-სკოლამ”. ჩვენ საზღვარგარეთ მოვძებნეთ პარტნიორები, ინტერნეტის საშუალებით კი მოვძებნეთ პროგრამები, კურიკულუმები და მიდგომები, თუ როგორ იქმნება ის. დღეს რაც კეთდება “ESM-ში 15 წელია დანერგილია, ჩვენი კურიკულუმი მომხმარებელსა და დამქირავებელზეა ორიენტებული.
– როგორ არის ჩართული დამქირავებელი ამ პროცესში?
– კურიკულუმის შედგენისას არსებული აკადემიური საბჭო იკვლევს დამქირავებლის მოთხოვნებს, ჩვენ ბიზნესთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს და ვიცით, თუ როგორ ცოდნას უნდა ფლობდეს სპეციალისტი, რომელიც მას სჭირდება. შესაძლოა სტუდენტმა ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა, მაგრამ ქართულ ფირმაში მუშაობის დაწყებისას აღმოჩნდეს, რომ ის საქართველოსთვის დამახასიათებელ თავისებურებებს არ იცნობს, ამ შემთხვევაში დამქირავებელი გვაძლევს პრობლემის არსს და აკადემიური საბჭო წყვეტს, თუ რა უნდა ვასწავლოთ სტუდენტს.
კურიკულუმი ცოცხალი ორგანიზმია, არ შეიძლება ის ერთხელ შედგეს და 15 წლის განმავლობაში უცვლელი იყოს. საქართველოში საჭიროა შეიქმნას გარკვეული გზამკვლევი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს კურკულუმის შექმნაში დაეხმარება.
– საშუალოდ რამდენ სპეციალისტს უშვებს “ESM” წელიწადში?
– მაქსიმუმ სამოცს, რაც ძალიან ცოტაა. პროექტის მიზანია ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს შემუშავება და მისი შემდგომ საკანონმდებლო ძალად გადაქცევა მინიმუმ ოთხი სფეროსთვის. ერთ-ერთ მსხვილ დარგად შეირჩა ბიზნესი, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს, კიდევ გამოყოფილი იყო ფსიქოლოგიური და სოციალური მეცნიერებები, ასევე ფილოლოგია და საბუნებისმეტყველო მსხვილი დარგი. ყველაზე ვიწრო სფერო იყო ბიზნესი, რომელიც კიდევ უფრო შევიწროვდა და ბიზნესის ადმინისტრირებამდე დავიდა, რადგან ზოგადი ჩარჩოს გაწერისას დაწვრილმანება საკმაოდ რთულია.
პროქეტის მიზანია, ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოდან გამომდინარე საშუალება მიეცეს უმაღლეს სასწავლებლებს შექმნან უფრო ეფექტური კურიკულუმი. იგივე დოკუმენტი სასარგებლო იქნება მეორე მომხმარებლისთვის – დამქირავებლისთვის.
– დამქირავებელი რა მონაწილეობას იღებს ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს შექმნაში?
– ბიზნესის ადმინისტრირების ეროვნული კვალიფიკაციის ნაწილში მონაწილეობას იღებდა 3 დაინტერესებული ჯგუფი: უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, დამქირავებლები და კურსდამთავრებულები, რომელიც თავდაპირველად 10 ადამიანისგან შედგებოდა. ერთ-ერთი ბატონი ლადო გურგენიძე იყო, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ის ავტომატურად ამოვარდა ჯგუფიდან. დამქირავებლებში გლობალური სფეროში კომპეტენტური საერთაშორისო დონის დამქირავებლები იგულისხმება. დამქირავებლებს განსაზღვრული აქვთ, თუ რა უნდა იცოდეს კურსდამთავრებულმა და გარკვევით იციან თუ რა მოეთხოვება ადამიანს ამა თუ იმ პოზიციის დასაკავებლად. ისინი საქართველოს კარგად იცნობენ, იციან არსებული პრობლემებიც და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვაწვდიან, მათგან ვიღებთ გლობალურ დონეზე კორპორატიული სამყაროს მოთხოვნების სესახებ ინფორმაციას. ბიზნესი პრაქტიკული და გამოყენებითი დარგია, ამიტომ არ შეიძლება დამქირავებელი ამ პროცესში ჩართული არ იყოს, სხვა შემთხვევაში ისევ მივიღებთ პროდუქტს, რომელზეც მოთხოვნა არ იქნება. პროექტზე მუშაობს “ESM-ის, “კავკასიის ბიზნეს-სკოლის”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვცდილობთ სამუშაო ჯგუფი გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტდეს. აუცილებლად უნდა მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ბიზნეს-განათლების სფეროში დაინტერესებული ჯგუფებისთვის მეტ-ნაკლებად გასაგები იქნება.
იმედი და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროექტი ფურცელზე არ დარჩეს და მიეცეს თუნდაც მინიმალური სტანდარტების სახე, მას უნდა ჰქონდეს რეკომენდაციის სახე. აკრედიტაციის სახელმწიფო სამსახური დაინტერესებულია პროგრამების აკრედიტაციით საქართველოში მათთვისაც კურიკულუმის შეფასებისას ეს ერთგვარი საზომი იქნება.
ემზარ ჯგერენაია: – ჩემი აზრით, უმაღლეს განათლებას საკუთარი თვითმყოფადობა უნდა ჰქონდეს. მართალია, დღეს მნიშვნელოვანწილად ბაზარზე ორიენტებულნი ვართ, მაგრამ ერთმანეთს უნდა გამოვუტყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში თვითონ დამსაქმებელმაც არ იცის დეტალურად რა სჭირდება. თანამედროვე ბიზნესი ძალიან დინამიურია, ამიტომ უმაღლესმა სასწავლებლებმა თავად უნდა შესთავაზონ ისეთი პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა ჯერ არ არის ბაზარზე, მაგრამ აუცილებლად იქნება უახლოეს მომავალში. ჩვენ ისეთი სპეციალისტები უნდა მოვამზადოთ, რომლებიც მსოფლიოს მოწინავე სისტემების შესაბამისი იქნებიან.