ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყანა ეკონომიკის განვითარების ტემპებით ლიდერი ხდება
რედაქციისაგან
პოლონეთი თავისი 38-მილიონიანი მოსახლეობით ევროპაში თავისი ეკონომიკით ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა გახდა. მან ზრდის ტემპებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც გაასწრო. რა მოხდა პოლონეთში ბოლო 4-5 წელიწადში და როგორ მიაღწიეს მათ ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ასეთ ზრდას?
გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას ვარშავიდან:
ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა
პოლონეთის ეკონომიკის მინისტრს პიოტრ გრეგორ ვოზნიაკს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამისა და საერთოდ ეკონომიკის შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– 2008 წლის პოლონეთის ბიუჯეტში არის თუ არა გათვალისწინებული სახსრები ექსპორტის დასახმარებლად?
– ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ შეიძლება 30 მლრდ ზლოტს აღემატებოდეს. ფაქტიურად 2006 წლის ბიუჯეტის დეფიციტი ამ ზღვარზე ნაკლები – 25 მლრდ ზლოტი იყო, 2007 წელს კი – 23-24 მლრდ ზლოტი. 2008 წლის ბიუჯეტის პროექტში გეგმის მიხედვით დეფიციტი 28 მლრდ 200 მლნ-ზე მეტი არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ზლოტი ჩადებულია უშუალოდ საერთაშორისო გამოფენებში პოლონელი ბიზნესმენების დასაფინანსებლად და საექსპერტო პროგრამის სუბსიდირებისათვის. ამის გარდა, ბიუჯეტიდან ექსპორტის დაზღვევისა და სუბდაზღვევის გარანტიებისთვის გამოყოფილი იქნება 2 მლრდ 130 მლნ ზლოტი.
ცენტრალური სტატისტიკური ოფისის მონაცემების მიხედვით, 2007 წლის I მეოთხედში მთლიანი მოხმარების ზრდის ხარჯზე პოლონეთის მშპ 7.4%-ით გაიზარდა. მშპ-ის ზრდაში ასევე წვლილი აქვს ინვესტიციებს, პირველ მეოთხედში წარმოებისა და სამშენებლო სექტორის მაღალი აქტიურობის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება მისი დინამიკა.
ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ მოახდინა. 2007 წლის I მეოთხედი ექსპორტის მაღალი დინამიკით ხასიათდება, თუმცა ის 2006 წლის მაჩვენებელს ჩამოუვარდება, რომელიც იმპორტის სწრაფი დინამიკის თანხლებით ვითარდებოდა და დასაქმებისა და წარმოების ზრდის ფონზე მაღალი შიდა მოთხოვნის შედეგი იყო. არსებულმა მდგომარეობამ ეკონომიკის ზრდის დეფიციტი შეამცირა.
პოლონეთის სტატისტიკის ცენტრალური ოფისის მონაცემებით, 2007 წლის I მეოთხედში მშპ-ის ზრდამ 6.5%-ს მიაღწია. შიდა მოთხოვნის მატებამ ინდივიდუალური მოხმარება 6.4%-მდე გაზარდა. 2006 წლის ინდივიდუალური მოხმარების მაჩვენებელი წლევანდელს ჩამორჩება, მზარდი დინამიკა ნომინალური თავისუფალი ზრდისა და საოჯახო სამომხმარებლო კრედიტის ნიხრის ზრდის შედეგია (ზრდის ყოველწლიურმა მაჩვენებელმა 40%-ს მიაღწია). შრომის ბაზრის გაუმჯობესებამ, ხელფასების ზრდამ, საზოგადოებრივი მომსახურების სექტორის გაუმჯობესებამ, ფულადმა გზავნილებმა, ასევე ფერმერთა ნაწილობრივად დაფინანსებამ სამომხმარებლო დანახარჯების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მის ფონზე გაიზარდა მოხმარების მაჩვენებელი. მოხმარების მატებას ადასტურებს საცალო გაყიდვების გადიდების ტენდენციაც.
მთლიანი ზრდის მაჩვენებელი 24%-ია. მნიშვნელოვანი ზრდა მთლიანი ძირითადი თანხის 26%-ის შედეგია, რაც აქციების დაბალი ფასებით ჩამოყალიბდა. შედეგები ამტკიცებს, რომ გამართლდა საინვესტიციო დანახარჯების ზრდის მოლოდინი, რაც ძირითადად საწარმოების პროდუქციაზე – სამომხმარებლო საქონელსა და სამშენებლო მასალებზე მოდის, ასევე იმ ფირმებზე, რომლებიც საინვესტიციო სამუშაოებს აწარმოებენ. მოსალოდნელია ინვესტიციებზე მაღალი მოთხოვნა.
პოლონეთის ცენტრალური სტატისტიკური ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით, 2007 წლის იანვარ-ივნისის მონაკვეთში დღგ-ის ზრდა (6.9%) საბაზრო მომსახურეობების სტაბილურმა ზრდამ (6.9%) განაპირობა, რომელზეც მთლიანი დღგ-ის 50% მოდის. მრეწველობაში დღგ-ის მაჩვენებელი 7.9%-ია (მტკიცდება გაყიდული სამრეწველო პროდუქციით). აღნიშნულ პერიოდში მშენებლობის სექტორში დღგ უმაღლეს მაჩვენებელს – 22% მიუახლოვდა. ზრდის მასშტაბი მშენებლობის და მისი პროდუქციის წარმოების პირობების გაუმჯობესებამ განაპირობა (ობიექტთა რაოდენობა, სადაც 9-ზე მეტი დასაქმებულია, 30%-ს აჭარბებს). 2007 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, სამშენებლო სექტორმა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, შესანიშნავი ამინდების დამსახურებით, პიკს მიაღწია.
2007 წლის პოლონეთის მშპ-ის სავარაუდო მაჩვენებელია 6.5%. ევროკავშირის ფონდების უკეთესად გამოყენების შედეგად მთლიანი შიდა კაპიტალი დააახლოებით 20% იქნება, მთლიანი მოხმარება კი 6.2%-ით გაიზრდება, რაც 2006 წლის მაჩვენებელს აღემატება.
სამრეწველო პროდუქციის წარმოების დაჩქარებული დინამიკა
2006 წელს ერთ სულ მოსახლეზე სამრეწველო პროდუქციის წარმოება 11.3%-ით გაიზარდა, იმ ობიექტებზე, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 9 ადამიანს აჭარბებდა, 2005 წლის მაჩვენებელს 11.9%-ით აღემატება. გასული წლის IV მეოთხედში ზრდის მაჩვენებელი ყოველწლიურისას ჩამორჩა და 10.8% შეადგინა.
2007 წლის I მეოთხედში აღმასვლა შეინიშნებოდა. გაყიდული პროდუქციის რაოდენობამ 10.7% შეადგინა (2006 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელი 12.3%-ია). უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქციის ზრდის ყოველთვიური ინდექსი მცირე დაღმასვლით ხასიათდება (15.4% იანვარში, 5.6% – ივნისში).
2007 წლის I მეოთხედში მრეწველობის პროდუქციის მაღალი გაყიდვები წარმოების სექტორის სწრაფი ზრდის შედეგია (ის 12.8%-ით გაიზარდა). ზრდის შეზღუდული მასშტაბი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების შემცირებით აიხსნება (5.9%-ით).
ინდუსტრიული დანაყოფები და ტექნოლოგიური პროგრესით გამორჩეული ჯგუფები მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. 2007 წლის იანვარ-ივნისში მათი პროდუქცია 12.6%-ს მიუახლოვდა, რაც ავტომანქანების და სატვირთო მანქანების პროდუქციის წარმოების ზრდის შედეგია.
2007 წლის იანვარ-ივნისში 29 ინდუსტრიული განყოფილებიდან 26-მა, 2006 წელთან შედარებით, პროდუქციის მოხმარების გაუმჯობესებული ინდექსი აჩვენა.
მნიშვნელოვანი მოგებები დაფიქსირდა:
– მინერალური პროდუქტების წარმოებაში – 28,4%-ით;
– მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის წარმოებაში – 24.8%-ით;
– მეტალის პროდუქტების წარმოებაში – 22.9%-ით;
– რეზინისა და პლასტიკატის წარმოება – 19.8%;
– ელექტროდანადგარებისა და აპარატურის წარმოებაში – 19.0%-ით.
2006 წლის I მეოთხედთან შედარებით ტანსაცმლისა და ბეწვეულის წარმოება 2.8%-ით შემცირდა.
2007 წლის იანვარ-ივნისში მადნისა და ქვის მოპოვებაში 0.3%-ით ზრდა დაფიქსირდა. ნახშირისა და მურა ნახშირის მოპოვება კი 6.4%-ით შემცირდა.
2006 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება 5.9%-ით შემცირდა, რაც ძირითადად ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლისა და ცხელი წყლის მიწოდების შემცირებითაა გამოწვეული (6.4%).
გაყიდული პროდუქციის სფეროში ყველაზე დიდი პოზიტიური წვლილი, 2006 წლის მსგავსად, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოებაზე მოდის (ზრდა 5.7%-ით). ამავდროულად, დადებითი ეფექტი განაპირობა ავტომანქანების, სატვირთო მანქანების, ქიმიური პროდუქციის და მეტალის პროდუქციის წარმოების ზრდამ.
2007 წლის იანვარ-ივნისში მრეწველობაში დასაქმებულთა მწარმოებლურობა შარშანდელთან შედარებით (ერთ დასაქმებულზე პროდუქციის რაოდენობით იზომება) 7.0%-ით გაიზარდა, დასაქმებულია 3.4%-ით მეტი ადამიანი.
2007 წელს გაყიდული სამრეწველო პროდუქციის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ის დაახლოებით 12%-ს მიაღწევს.
ინფლაცია საფეხურეობრივად იზრდება
2006 წელს სამომხმარებლო საქონლის ფასისა და მომსახურების ინდექსი 1%-ს უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მესამე მეოთხედში ამ მხრივ წინსვლა აღინიშნა, ინფლაცია ზღვრულ მაჩვენებელს მაინც აჭარბებდა და წლის უკანასკნელ მეოთხედში 1.5% იყო.
2007 წლის იანვარ-ივნისში სამომხმარებლო ფასის ინდექსმა 2.2%-ს მიაღწია. გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ შიდა მოთხოვნა გაზარდა. I მეოთხედში საკვებისა და უალკოჰოლური სასმელების ფასი 3.9%-ით გაიზარდა, ფრინველის ხორცი კი 17.3%-ით გაძვირდა, ბოსტნეულისა კი – 12%-ით. საკვების ყველა ჯგუფზე ფასები გაიზარდა. საცხოვრებელი სახლების გადასახადი 4%-ით გაძვირდა, ბუნებრივი აირის – 8.6%-ით, საწვავის – 1.1%-ით.
საწვავის ფასების მნიშვნელოვნად ზრდის გამო 2007 წლის ივნისში ენერგომატარებლების გარეშე გაანგარიშებულმა ინფლაციამ 2.7%-ს მიაღწია. 2007 წლის I ნახევრის საშუალო ინდექსი 2.2%-ია. ინფლაციამ ივლისში უმაღლეს დონეს მიაღწია – 2.2%, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა საკვებისა და საწვავის ფასების ცვალებადობამ გამოიწვია. 2007 წლის I ნახევარი ძირითადი ინფლაციის მაჩვენებლის ზრდით ხასიათდება.
2006 წლის მონაცემებთან შედარებით, 2007 წლის I ნახევარში გაყიდული სამრეწველო პროდუქციის ფასები 2.7%-ით გაიზარდა, რაც ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. ფასების უმაღლესი ზრდა ქვის გადამუშავებისა და მადნეულის მოპოვების სექტორებში დაფიქსირდა – 5.6%. 2007 წლის I ნახევარში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების ფასებმა 4,4%-ით მოიმატა, წარმოების სექტორში კი – 2.1%-ით. ამ სექტორში შარშან ფასების კლების ტენდენცია აღინიშნებოდა, ზრდა კი 2006 წლის მაისიდან დაიწყო.
2007 წლის I ნახევარში, შარშანდელთან შედარებით, მშენებლობისა და მასალების ფასი 6.8%-ით გაძვირდა. ფასების მატება მოთხოვნის ამაღლებამ და სამშენებლო მასალების დეფიციტმა გამოიწვია.
მეორეს მხრივ, პოლონეთის 2007 წლის ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას მაღალი შიდა მოთხოვნა და ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ახდენს. ხელფასების მატება მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სფეროში შეიქმნება მუშახელის ნაკლებობა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, 2007 წლის ფასების ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2.1%-ია.
სამშენებლო პროდუქციის ზრდის დინამიკა
2006 წელს სამშენებლო მასალების ზრდის ფონზე მატულობდა ინვესტიციების რაოდენობა. მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ზრდის მასშტაბი ერთ სულ მოსახლეზე 12% იყო, ობიექტთა რაოდენობამ, სადაც 9 დასაქმებულზე მეტია, 17.5% შეადგინა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით პროდუქტიულობა 30.2%-ით გაიზარდა. 2007 წლის იანვარ-თებერვალში ცუდი ამინდების გამო ეკონომიკური დაღმასვლა შეინიშნებოდა. თუმცა სექტორმა წლიურად 60%-იანი ზრდა აჩვენა, რაც სარემონტო (34.5%-ით) და საინვესტიციო სამუშაოების (28.6%) შედეგია.
ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდა (31.5%) შენობების მშენებლობისა და სამოქალაქო საინჟინრო-სამუშაოების სფეროებში აღინიშნა.
2006 წლის იანვარ-ივნისში დასრულდა 52.7 ათასი საცხოვრებელი ადგილის მშენებლობა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.7%-ით ჩამორჩება. თუმცა მცირედ გაიზარდა კერძო მშენებლობის წილი და 57.4%-ს მიაღწია, ეს ფინანსური მდგომარეობისა და ბინის კრედიტებზე ხელმისაწვდომობის შედეგია. მნიშვნელოვანი წვლილი საცხოვრებელი ადგილების გაყიდვებსა და დაქირავებაზე მოდის, თუმცა აქაც 1%-იანი კლებაა. კლების ყველაზე დიდი ტენდენცია საზოგადოების საარენდო საგადასახადო ფონდებმა და მუნიციპალიტეტის საცხოვრებელმა ადგილებმა აჩვენა (20.6% და 46.5%), მაგრამ მათი წილი ძირითადად მიჩნეული არ იყო.
2007 წლის იანვარ-ივნისში საცხოვრებელ ადგილებზე გაცემულია 114.4 ათასი ნებართვა. გამონაკლისია სოციალური საარენდო ფონდი, სადაც 26.4%-იანი კლებაა. მშენებლობის სხვა დანარჩენ სახეობებში ახალი ნებართვები საცხოვრებელი სახლების გაქირავებისა და გაყიდვის შესახებ 71.5%-ით გაიზარდა, კერძო მშენებლობებში – 46.3%-ით. დაწყებულია 86.2 ათასი ახალი საცხოვრებელი ადგილის მშენებლობა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.
2007 წელს სამშენებლო სექტორის პროდუქტიულობა 2006 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს და სავარაუდოდ 25% გახდება.
საბანკო სექტორი
ლეშეკ ბალცეროვიჩის პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდგომ საბანკო სექტორს სათავეში ჩაუდგა პროფესიით მშენებელი, ბანკისთვის უცხო ადამიანი, მაგრამ სისტემა სრულიად გამართულია, დასავლეთის საბანკო სისტემის ანალოგია და ამიტომ განსაკუთრებული სიმყარით გამოირჩევა.
ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით პოლონეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან პაველ სამეცკისთან საუბრის დროს.
(ს.ე.) – ვადამდელი არჩევნები იმოქმედებს თუ არა ბიუჯეტზე? თეორიულად არჩევნები არ უნდა მოქმედებდეს ბიუჯეტზე, მაგრამ გვაინტერესებს რეალური სიტუაცია, როცა ინფლაციის დონე გაიზარდა, დაეცა საფონდო ბირჟის ინდექსი, რამ გამოიწვია ყოველივე ეს?
– პოლონეთში მიიღეს რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომლებიც ბანკის საქმიანობას დაარეგულირებს. ამ აქტებით მოწესრიგდება კაპიტალთან დაკავშირებული ევროსაბჭოს დირექტივები. მიმდინარე წლის იანვრიდან მოხდა ამ კანონის ლეგალიზაცია და ეს განაპირობა კაპიტალთან დაკავშირებული ევროკავშირის დირექტივების განხორციელებამ. ეს დირექტივა სრულიად ახალი მეთოდებით არეგულირებს ბანკის ლიკვიდობასთან და საოპერაციო რისკების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბანკებს უნდა გააჩნდეს სავალდებულო რეზერვები, მაგრამ მათი რეგულირება სულ სხვა სქემით მოხდება. აქამდე მოქმედი სქემით ბანკის სავალდებულო რეზერვი მისი დეპოზიტების ტოლი უნდა ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ საბანკო სამართლის კანონი არეგულირებს ბანკის ზოგად საქმიანობას. ამ კანონთან დაკავშირებულ ყველა კონკრეტულ განკარგულებას თუ კონკრეტულ აქტს იღებს საბანკო საზედამხედველო კომისია. ამჟამად კი აუცილებელი იქნება საბანკო რეზერვის გამოთვლის დროს ყველა ბანკმა შეიმუშაოს თავისი შიდა მოდელი და წარუდგინოს დასამტკიცებლად საბანკო საზედამხედველო კომისიას იმის დასადგენად, თუ რა საოპერაციო რისკი არსებობს მოცემულ ბანკში. კომისიას შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ეს მოდელი. საბანკო საზედამხედველო კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და საბანკო კანონის რეგისტრაციაც, რომელიც მიმდინარე წელს იქნა მიღებული, მთავარი კანონი იყო ჩვენთვის. ამჟამად კი მიმდინარეობს მუშაობა ფინანსურ ბაზართან თანამშრომლობისათვის. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ფინანსურმა ბაზრებმა მიაღწიეს განვითარების იმ დონეს, როცა სხვადასხვა კანონპროექტების შემუშავება შეუძლიათ და ეს უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ რა არის საჭირო ამ პროცესის შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომაც ახალი საკანონმდებლო აქტებისა და პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ ამ ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ასევე ფინანსური ზედამხედველობის კომისია და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. ახალ კანონპროექტს საბოლოოდ ფინანსთა მინისტრი დაამტკიცებს, ან ვეცდებით მივაღწიოთ კომპრომისს ფინანსური ბაზრის წარმომადგენლებსა და საზედამხედველო კომისიას შორის. ფინანსთა სამინისტროს კაბინეტმა შეიძლება დაამტკიცოს ეს კანონპროექტი ან დააბრუნოს ხელახალი განხილვისათვის. ამჟამად ჩვენი ამოცანაა შევამოწმოთ, თუ როგორ შეესაბამება მოცემული კანონპროექტი საბანკო საქმიანობას და ამისთვის რამდენიმე თვის მუშაობაა საჭირო. ასევე ჩვენ ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბანკო, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების საქმიანობას შეამოწმებს. პოლონეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ფინანსურ სფეროში ჩვენთვის დახმარების გაწევა ევროსაბჭოს სხვადასხვა ქვეყნებს შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა გახსნან პოლონეთის საბანკო სფეროში თავიანთი წარმომადგენლობა. საფინანსო ბაზრებზე დიდი კონკურენციის გამო საჭიროა გადავხედოთ პოლონეთში არსებულ კანონმდებლობას და რეგულირების საშუალებებს, რათა ქვეყანაში არსებულმა საფინანსო სტრუქტურებმა და ფირმებმა შეძლონ უცხოურ სტრუქტურებთან კონკურენცია.
– რამდენია საბანკო კაპიტალის მინიმალური დონე?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მომსახურეობას სთავაზობს ბანკი. უნივერსალური ბანკებისთვის კი ეს მინიმუმი 100 მლნ ზლოტია.
– პოლონეთში რა სახის ბანკები არსებობს?
– პოლონეთში არსებობს კოოპერატიული ბანკები, უნივერსალური ბანკები, ბანკები, რომლებიც სთავაზობენ მომსახურებას უცხოელ კლიენტებსა და იპოთეკური ბანკები. პოლონეთში არის ასევე ბანკები, რომლებიც ჩვენ საბანკო ზედამხედველობას არ ექვემდებარებიან.
– რამდენი კომერციული ბანკი და უცხოური ბანკების წარმომადგენლობაა პოლონეთში?
– დაახლოებით 60 კომერციული ბანკია. რაც შეეხება უცხოური ბანკების წარმომადგენლობას, მათ შესახებ მონაცემები პოლონეთის ნაციონალურ ბანკს აქვს. თუ ბანკს ჩვენს ქვეყანაში თავისი განყოფილება აქვს – ჩვენი საბანკო საზედამხედველო სისტემის დაქვემდებარებაშია, ხოლო თუ ბანკს მხოლოდ წარმომადგენლობა აქვს გახსნილი, ჩვენი საბანკო საზედამხედველო სისტემა მას არ აკონტროლებს.
– საქართველოში საბანკო კაპიტალის 60% უცხოურია, პოლონეთის ბანკებში რა წილი აქვს უცხოურ კაპიტალს?
– უცხოური კაპიტალის წილის გამოთვლებისა და შეფასების სხვადასხვა მეთოდები არსებობს. მაგალითად, პოლონეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური კაპიტალის წილი პოლონეთის საბანკო სისტემაში 47%-ს შეადგენს, სხვა მონაცემებით კი – 70%-ს.
– შეუძლია თუ არა ბანკს შექმნას თავისი შვილობილი კომპანიები, მაგალითად, სადაზღვევო კომპანიები?
– ბანკს და სადაზღვევო კომპანიას შეიძლება ჰქონდეს საერთო კაპიტალი, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ფუნქციები, არ შეიძლება დამზღვევი დამოკიდებული იყოს ბანკზე. ბანკს აქვს უფლება დააარსოს სადაზღვევო კომპანია, მაგრამ პოლონეთის კანონმდებლობით სადაზღვევო კომპანიისა და მსგავსი კომპანიების მართვასა და ზედამხედველობაში ბანკის წარმომადგენელს მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს. სადაზღვევო კომპანიები სააქციო საზოგადოების ფორმით ყალიბდება და ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა.
– რა ვითარებაა პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს ობლიგაციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით?
– საერთოდ ფასიანი ქაღალდების ემისია სახელმწიფოს შიდა ვალების დაფარვას ემსახურება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებმა მოიმატა, ჩვენ ფასიანი ქაღალდების ემისიას ნაწილობრივ შევწყვეტთ. ამას პოლონეთის ეროვნული ბანკი და საფინანსო ბირჟა აწარმოებს.
– რა სახის მონაწილეობას იღებს საფინანსო ბირჟა ღია ბაზარზე?
– ღია ბაზარზე ის მხოლოდ რეგულატორის როლს ასრულებს. ბირჟა ბოლო 2 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად განვითარდა. ვარშავის საფინანსო ბირჟაზე ამჟამად 371 კომპანია კოტირებს და კიდევ რამდენიმე ათეული კომპანია ბირჟაზე თავის რიგს ელოდება. ამჟამად ვარშავის ბირჟაზე პოლონეთის კომპანიების კაპიტალიზაცია 540 მლრდ ზლოტია, ხოლო უცხოური კომპანიებისა – 240 მლრდ ზლოტი. ვარშავის ბირჟა კომპანიების რაოდენობისა და კაპიტალის მიხედვით მეორე ადგილზეა ლონდონის ბირჟის შემდეგ. გარდა ამისა, პოლონეთში სწრაფად ვითარდება საინვესტიციო და საპენსიო ფონდები. საინვესტიციო ფონდების კაპიტალიზაცია ბირჟაზე დაახლოებით 150 მლრდ ზლოტს შეადგენს, ხოლო საპენსიო ფონდებისა – 140 მლრდ-ს. რა თქმა უნდა, საინვესტიციო და საპენსიო ფონდებს შეუძლია თავიანთი კაპიტალი უცხოური ბირჟების აქციებში ჩადოს, მაგრამ ჩვენი სურვილია ეს კაპიტალი პოლონეთში დარჩეს და ამით ჩვენმა მეწარმეებმა ისარგებლონ. 90-იან წლებში პოლონეთის საპენსიო სისტემაში გარკვეული რეფორმები გატარდა. რეფორმამდე ყველა პენსიონერს შეჰქონდა თავისი შენატანი და შემდგომ მათ პენსიები ეძლეოდათ. რეფორმის შემდეგ კი შემოვიტანეთ ახალი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების სისტემა. ამჟამად ჩვენი სოციალური დაზღვევა ორი მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, სოციალური დაზღვევის ერთი ნაწილი მიდის სახელმწიფო დაწესებულებებში, სადაც პენსიონერებს მინიმალურ პენსიას უხდიან. რადგან ქყევანაში ძალიან ბევრი პენსიონერია, სახელმწიფოს უწევს დამატებითი თანხების გამოყოფა მათ დასაკმაყოფილებლად. სოციალური დაზღვევის მეორე ნაწილი კი ჩადებულია ჩვენს მიერ შერჩეული საპენსიო ფონდების ინდივიდუალურ ანგარიშებში. ეს კომერციული ორგანიზაციებია, სადაც ზუსტადაა განსაზღვრული თუ შემოსავლების რა ნაწილის ინვესტირება უნდა მოხდეს ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებში და რა ნაწილის – ბირჟებზე. გარდა ამისა, არსებობს ნებაყოფლობითი სოციალური დაზღვევა, რომელსაც ახორციელებს დამსაქმებელი იმ პირთა მიმართ, ვისაც სურს თავისი პენსიის გაზრდა.
– ახორციელებს თუ არა პოლონეთის ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის პასტერილიზაციას? რა ნაბიჯებს დგამს ის უცხოური ვალუტის პასტერილიზაციისათვის, რათა შეინარჩუნოს ქვეყნის ვალუტის კურსი?
– პოლონეთის ეროვნული ბანკი შეისყიდის იმ უცხოურ ვალუტას, რომელიც ევროსაბჭოს ქვეყნებიდან შემოედინება და განკუთვნილია პოლონეთისთვის. ჩვენ ვაწარმოებთ ოპერაციებს ღია ბაზარზე, ვახორციელებთ ვალუტების პასტერილიზაციას, მაგრამ არა საბაზრო ოპერაციების, არამედ კომერციულ ბანკებთან ჩვეულებრივი ფულადი ოპერაციების გზით.
– რას იტყვით კვების პროდუქტებზე ფასების ზრდის შესახებ?
– ფაქტია, რომ კვების პროდუქტებზე ფასები იზრდება, მაგრამ ეს პროდუქტები სულ უფრო ნაკლებ როლს ასრულებს სამომხმარებლო კალათაზე, ამჟამად მისი წილი სამომხმარებლო კალათაში 26%-ია. საბედნიეროდ, პოლონეთის პოლიტიკური ვითარება უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ბოლო წელიწადნახევარში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები არანაიარად არ ასახულა ქვეყნის საფინანსო ბირჟებზე, ეკონომიკასა და ინფლაციაზე. თუ მონეტარული ხელისუფლება გააგრძელებს ასეთ დაბალანსებულ, გაწონასწორებულ ფულად პოლიტიკას, შევძლებთ ინფლაციის 2,5%-ზე შენარჩუნებას.
– როგორც ვიცით, პოლონეთის ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთი 4,5%-ია, რამაც შეიძლება ქვეყანაში წარმოების შემცირება გამოიწვიოს, როგორ ხდება შრომის ბაზრის რეგულირება და უმუშევრობის დონის შემცირება?
– ბოლომდე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეროვნული ბანკის ასეთი საპროცენტო განაკვეთი უარყოფითად მოქმედებს პოლონეთის ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ამჟამად ამ დარგში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ სლოვაკეთს აქვს ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ჩვენი ქვეყნის მონეტარული ხელისუფლება თვლის, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირება ინფლაციის ზრდას გამოიწვევს და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი იქნება. რაც შეეხება შრომით ბაზარს, მე ვფიქრობ, რომ ის თანდათან ვითარდება. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ მინიმალური ხელფასი 900 ზლოტიდან 1050-მდე გაიზარდა და ეს მინიმალური ხელფასი ქვეყნის ყველა რეგიონში ერთნაირია. ბოლო დროს აგრეთვე მკვეთრად შემცირდა უმუშევრობის დონე. თუ 2006 წლის მეორე ნახევრის დასაწყისში უმუშევრობის დონე 20% იყო, ამ დროისთვის ის 12%-მდე შემცირდა და ეს ქვეყნის შიდა ეკონომიკის დინამიკის ზრდის შედეგია. წარმოების ზრდა იწვევს დასაქმების დონის მატებას და თავისთავად ინფლაციის შემცირებას.
– როგორია პოლონეთის ვალუტის – ზლოტის კურსის დოლართან მიმართებაში ცვალებადობის დინამიკა?
– ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენი ვალუტის კურსის მკვეთრი და სტაბილური ტენდენცია შეინიშნება და ეს ინფლაციასთან ბრძოლაში გვეხმარება.
– სოფლის მეურნეობა
პოლონეთში ერთ-ერთი წარმატებული დარგი სოფლის მეურნეობაა. სულ რამდენიმე წლის წინ, პოლონეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა. რუსეთმა პირველი ეკონომიკური ემბარგო სწორედ პოლონეთს გამოუცხადა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მოხდა სოფლის მეურნეობის სრული რეფორმირება:
1. შეიცვალა წარმოების ტექნოლოგია;
2. შეიცვალა კვების პროდუქტების წარმოების კონტროლი და უსაფრთხოების სისტემა, დაინერგა HAშAP-ის სისტემა;
პოლონეთი მთლიანად ევროპულ სტანდარტებზე გადავიდა და ის დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში. პოლონეთმა სერიოზული გამოცდილება შეიძინა არამარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდაში არამედ სტანდარტების სისტემის რეფორმირებით ექსპორტის გეოგრაფიის შეცვლაშიც. რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის, მით უმეტეს, როცა პოლონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის დაეხმაროს მას ამ საკითხების მოგვარებაში.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ცნობილი სკანდალების შემდგომ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტრო სერიოზულად ემზადება ნოემბერში თბილისში მოწყობილი გამოფენისთვის და მზად არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს დარგის რეფორმირების საკითხში.
პოლონეთის სოფლის მეურნეობა მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ სუბსიდიებს იღებს ევორკავშირიდან, ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი ხდება.
2006-2007 წლებში მთლიანად ევროპაში ძალიან მწირი მოსავალი იყო, მაგრამ ამ კრიტიკულ სიტუაციას პოლონეთი გადაურჩა მხოლოდ რეფორმირების ხარჯზე და ვარდნა არც თუ ისე შესამჩნევი იყო.
პოლონეთის სტატისტიკის ცენტრალური ოფისის მონაცემების მიხედვით, 2006 წელს პოლონეთში მოსავალი 5.5%-ით შემცირდა, თუმცა ცხოველური ნაწარმი 2.5%-ით გაიზარდა. ამის შედეგად სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქცია 1.4%-ით შემცირდა. პურეულისა და შერეული მარცვლეულის მოსავალი 19.1%-ით შემცირდა, კარტოფილის მოსავალი, 2005 წელთან შედარებით, 13.4%-ით ნაკლები იყო, შაქრის ჭარხლის პროდუქცია – 3.7%-ით, ბოსტნეულის მოსავალი კი – 7.9%-ით. მსხვილფეხა საქონლის ხორცის ნაწარმი გაიზარდა 13.8%-ით, ღორის ხორცისა – 9.3%-ით, ფრთოსანის ხორცის კი – 2.1%-ით.
2006 წლის ივლისიდან 2007 წლამდე მთლიანი სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა პროდუქციის მიხედვით დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა (26.8%-ით), 2005-2006 წლებთან შედარებით, ხორბლის მოსავალი 27.0%-ით შემცირდა, ჭვავის კი – 25.6%-ით. პურეულის დაბალმა მიწოდებამ და მაღალმა მოთხოვნამ ფასები მნიშვნელოვნად აწია.
2006 წლის ივნისთან შედარებით, 2007 წელს პურეულის ნაწარმი 38.6%-ით შემცირდა. ხორბალზე ფასები 39%-ით გაიზარდა 2006 წლის მარტთან შედარებით, ჭვავის ფასი 58.8%-ით გადიდდა. გაძვირდა კარტოფილიც (59%-ით), ხოლო ფერმერთა ბაზარზე მათი ფასი 61.3%-ით გაიზარდა.
2007 წლის I მეოთხედში ცხოველური ხორცის წარმოება 7%-იანი ზრდით ხასიათდება. მსხვილფეხა საქონლის ხორცის ნაწარმი 20.2%-ით გაიზარდა, ღორის კი – 10.3%-ით. ფრინველის ხორცის მიწოდება 0.1%-ით შემცირდა. 2006 წელთან შედარებით, 2007 წლის I მეოთხედში გაძვირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმრავლესობა, 10.3%-ით გაიაფდა ღორის ხორცი. ფრინველის ხორცი, 2006 წელთან შედარებით, 26.7%-ით მეტი ღირდა. შარშანდელთან შედარებით გაიზარდა რძის მიწოდება, მაგრამ ის დაახლოებით 5%-ით გაძვირდა.
პოლონეთის სტატისტიკის ცენტრალური ოფისის პროგნოზების მიხედვით, 2007 წელს მარცვლეულის წარმოება 23.2%-ით გაიზრდება, ბოსტნეულის პროდუქციისა – 9.5%-ით, ხილის პროდუქციის – 58.7-51.3%-ით ნაკლები იქნება.
საშინაო ვაჭრობა
2006 წელს პოლონეთის საცალო გაყიდვებმა ერთ სულ მოსახლეზე წინა წლის მაჩვენებელს 8.1%-ით გადააჭარბა, ობიქტთა რაოდენობამ, სადაც 9 დასაქმებულზე მეტია – 11.9%-ს მიაღწია.
2007 წლის იანვარ-ივნისში საცალო გაყიდვებმა წინა წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 15.6% შეადგინა. საცალო გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა თითოეულ კომერციულ საწარმოს ჯგუფში, განსაკუთრებით კი ტექსტილის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორებში, ავტომანქანების, მოტოციკლების და სათადარიგო ნაწილების გაყიდვის სფეროში, გაზეთებისა და წიგნების გაყიდვებში. რადიო-ტელევიზორების, ბინის მოწყობილობისა და ავეჯის გაყიდვების პროცენტულმა მაჩვენებელმა 27.1% შეადგინა (2006 – 16.0%).
დასაქმების ბაზარი
პოლონეთის ეკონომიკის მთავარი პრობლემა უმუშევრობის მაღალი და დასაქმების დაბალი მაჩვენებელია. მხედველობაში უნდა მივიღოთ პოლონეთში დასაქმების ბაზრის მახასიათებელი – უმუშევრობა და მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობა პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. ეკონომიკურად აქტიური პიროვნებების რაოდენობის კლებას მაღალკვალიფიციური მუშახელის მზარდი ემიგრაცია ამწვავებს.
რამდენიმე წლის წინ პოლონეთში უმუშევრობის დონე 25%-ს შეადგენდა. ეს ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი იყო ევროპაში. ბოლო წლების განმავლობაში ამ მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო, გაიხსნა ახალი სამუშაო ადგილები და უმუშევრობის დონემ 12-14%-მდე დაიწია, მაგრამ ადგილზე რეალური ვითარების შესწავლისას დავადგინეთ, რომ რეალური უმუშევრობა პოლონეთში 5-6%-ს აღწევს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ოფიციალურად დაფიქსირებულ უმუშევარს პოლონეთის მთავრობა დიდ დახმარებას უწევს. ამიტომ ბევრ მოქალაქეს ურჩევნია დარეგისტრირდეს უმუშევრად და პარალელურად იმუშაოს – მიიღოს დახმარებაც და ხელფასიც. უფრო მეტიც სამშენებლო სექტორში კვალიფიციური მუშა-ხელის დეფიციტია, რის გამოც ვერ ხდება ახალი სიმძლავრეების ათვისება. კვალიფიციური მუშა-ხელი მიდის ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ.
2003 წლის მეორე მეოთხედიდან პოლონეთის დასაქმების ბაზარზე გაუმჯობესების ნიშნები ჩნდება. დასაქმებულთა უმეტესი წილი მომსახურების სექტორზე მოდის. შარშანდელთან შედარებით, 2007 წლის I მეოთხედში 15 წელზე მეტი ხნით დასაქმებულთა რაოდენობა 741 ათასით გაიზარდა, ეკონომიკურად არააქტიურ ადამიანთა რიცხვმაც – 151 ათასით. 807 ათასი ადამიანით და 4.8%-ით შემცირდა უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის მაჩვენებელი.
პოლონეთის ეკონომიკას ახალგაზრდათა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს.
დასაქმების ბაზრის მთავარი ფაქტორები
მუშათა მწარმოებლურობის მნიშვნელოვანი ზრდა;
დასაქმებულთა ბაზრის შემცირება, რაც სამსახურის დაკარგვასა და პენსიაზე გასულებს უკავშირდება.
სტრუქტურული ფაქტორები
ადამიანური კაპიტალის არადამაკმაყოფილებელი დონე; განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებულ ადამიანთა შორის;
მუშათა ჯერ კიდევ მაღალი ღირებულება, საგადასახადო სისტემი გამო;
დასაქმებულთა ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის შეუსაბამობა;
სამუშაო ძალის შეზღუდული პროფესიული და ტერიტორიული მობილურობა.
2007 წლის I ნახევარში აღინიშნება სამუშაო ბაზრის გაუმჯობესება. 2006 წლის მსგავსად, 2007 წლის დასაწყისში საწარმოო სექტორში რეგულარულად იზრდება დასაქმების საშუალო მაჩვენებელი. შარშანდელთან შედარებით, 2007 წლის I ნახევარში წარმოების სექტორში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელი 4.4%-ით გაიზარდა. დასაქმებულთა მაჩვენებელი თითქმის ყველა სექტორში იზრდება: სამშენებლო სექტორში – 9.7%-ით, უძრავი ქონების ბიზნესში – 6.2%-ით, ვაჭრობასა და რემონტზე – 5.9%-ით, სასტუმროებში და რესტორნებში – 5.1%-ით, მრეწველობაში – 3.4%-ით, ტრანსპორტისა და კომუნიკაციებში – 2.7%-ით. დასაქმების მაჩვენებლმა იკლო შემდეგ სექტორებში – მადნის გადამუშავებასა და კარიერებში – 1.7%-ით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდებაში – 0.9%-ით.
2007 წლის ივნისის ბოლოს უმუშევრად აღრიცხულია 1.89 მლნ ადამიანი, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 23.8%-ით ნაკლებია. 2005 წლის იანვრიდან უმუშევრობის მაჩვენებელი საფეხურეობრივად მცირდება.
სამუშაო ბაზრის გაუმჯობესება პროდუქციის ზრდის (განსაკუთრებით მომსახურეობის სექტორში), ასევე ეკონომიკური ზრდის (რომელიც მუშაობის მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს) შედეგია.
2007 წელს მოსალოდნელია დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. მაკროეკონომიკული პროგნოზებისა და მიმდინარე მონაცემების მიხედვით, 2007 წელს მუშახელზე მაღალი მოთხოვნა სამუშაო ბაზრის ინდიკატორების გაუმჯობესებას განაპირობებს.
იზრდება ხელფასები და სოციალური დახმარებები
პოლონეთში ხელფასების ზრდა საბინაო სექტორის შემოსავლების ზრდის ფონზე მიმდინარეობს. 2007 წლის იანვარ-ივნისში მთლიანი ხელფასები 8.4%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით. ყველაზე დიდი ზრდა შემდეგ სექტორებში გამოვლინდა: მშენებლობაში (14.6%), ვაჭრობაში, ხის მრეწველობაში (14.2%), სხვა მინერალური პროდუქციის წარმოებაში (12.9%), საწვავის გადამუშავებაში (12.6%), სხვა სატრანსპორტო აღჭურვილობაში (11.6%), მეტალის პროდუქტების წარმოებაში (11.3%), რეზინისა და პლასტიკატის პროდუქტების წარმოებაში (9.4%). ერთადერთი 1.2%-იანი კლება აღინიშნება რადიო-ტელევიზორისა და საკომუნიკაციო დანადგარების სექტორში.
2006 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2007 წლის იანვარ-ივნისში 4.1%-ით იზრდება სოციალური დახმარებები, ხოლო ინდივიდუალური ფერმერების პენსიები და დახმარებები 2.9%-ით გაიზარდა.
2007 წელს სავარაუდოა გაგრძელდეს ხელფასების ზრდის ტენდენცია ინფლაციის მოსალოდნელი მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაშიც კი.
საზოგადოებრივი ფინანსები
2006 წელს საბიუჯეტო შემოსავლებმა 197 მლრდ ზლოტი შეადგინა, დანახარჯებმა კი – 222.7 მლრდ ზლოტი. დაბალი იყო საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი.
2007 წლის იანვარ-ივნისში მონაკვეთში საბიუჯეტო შემოსავლებმა 115.3 მლრდ ზლოტი შეადგინა და საბიუჯეტო კანონის 50.4% წარმოადგინა. მან შარშანდელ მაჩვენებელს 24.9%-ით გადააჭარბა. დანახარჯებმა კი 119 მლრდ ზლოტი შეადგინა და და დაგეგმილი საბიუჯეტო კანონის 45.9% წარმოადგინა. დანახარჯების ზრდა (8%) შემოსავლისას ჩამორჩება.
არაპირდაპირი გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი საბიუჯეტო შემოსავლის მთავარი პუნქტია. 2007 წლის I ნახევარში მთლიან შემოსავალზე არაპირდაპირი შემოსავლების 62% მოდიოდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს (16.3%) აღემატება. მთლიან შემოსავლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს პირადი და კორპორატიული შემოსავლების გადასახადებს (14.7% და 10.3%). არაპირდაპირი გადასახადებიდან შემოსავლების მატება აქციზის გადასახადების შემოსავლების ზრდის (არაპირდაპირი გადასახადების შემოსავლის 32%) და დღგ-ის შედეგია.
სავალუტო პოლიტიკა
2005-2006 წლებიდან იწყება სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლება. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების, ინდუსტრიული პროდუქციის გაყიდვების დაბალი ფასებისა და მაღალი ხელფასების ფონზე სავალუტო პოლიტიკის საბჭომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 7-ჯერ შეამცირა და მისი მაჩვენებელი 2.5%-ს შეადგენს. საწვავის მზარდ ფასებს ინფლაციის გაზრდის პროვოცირება შეეეძლო, მაგრამ მისი დაბალანსება ზლოტის მაღალი გაცვლითი კურსით მოხდა.
2007 წლის I ნახევარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ორჯერ შეიცვალა. აპრილსა და ივნისში ის 0.25%-ით გაიზარდა.
პოლონეთის ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, 2007 წლის ივნისში ფულის მიწოდება 14.9%-ით გაიზარდა. ბანკების გარეთ ფულის ბრუნვამ 14.4% შეადგინა. მთავარი მახასიათებელია დეპოზიტების ზრდა. შარშანდელთან შედარებით 2007 წლის მარტში კრედიტების ღირებულება 29.1%-ით გაძვირდა. მსგავსი ზრდა საბინაო კრედიტების მაღალმა დინამიკამ გამოიწვია (37.7%). უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის გამო შემცირდა სამომხმარებლო კრედიტებზე მოთხოვნა, თუმცა ამ ფაქტს მთლიან დინამიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. 2007 წლის I ნახევარში საინვესტიციო კრედიტების სტაბილური დინამიკა აღინიშნებოდა. ახალ ინვესტიციებს საწარმოები საკუთარი ფონდიდან აფინანსებენ. მოსალოდნელია საწარმოებისათვის გაცემული კრედიტების მოცულობის ზრდა, რაც მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ბანკების სწორად შერჩეულ საკრედიტო პოლიტიკაზე მეტყველებს. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ინვესტიციების შემდგომი ზრდა.
გაცვლითი კურსი
2005 წელთან შედარებით, 2006 წელს ზლოტის კურსი ევროსა და დოლართან მიმართებაში ამაღლდა. 2006 წლის I მეოთხედში დაფიქსირდა ზლოტს კურსის უმნიშვნელოდ ვარდნა დოლართან მიმართებაში.
მიმდინარე წლის I მეოთხედში შეიმჩნეოდა ზლოტის კურსის გამყარება დოლართან მიმართებაში და შესუსტება კი – ევროსთან მიმართებაში. თუმცა 2007 წლის მეორე მეოთხედში ზლოტი ორივე ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა. პოლონური ვალუტის გამყარება ეკონომიკის ზრდის და სახელფასო ტარიფების სწორი მართვის შედეგია. ნაწილობრივ, მასზე ახალ ბაზრებზე არსებულმა ვალუტებმაც იმოქმედეს.
მნიშვნელოვანია გარე ფაქტორებიც, ასევე აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის მაკროეკონომიკური მონაცემები. აშშ-ის ეკონომიკა ზრდის დაბალი ტემპით გამოირჩევა, თუმცა უკანასკნელი მეოთხედი მნიშვნელოვნად ეფექტიანი იყო (2007 წლის მეორე მეოთხედში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 3.4% შეადგინა, I მეოთხედში კი – 0.6%), ევროკავშირში (ევროზონა 3.1% 2007 წლის I მეოთხედში). თუმცა აშშ-ის სამუშაო ბაზრის მდგომარეობა ევროკავშირისაზე უკეთესია. ივნისში აშშ-ის უმუშევრობის მაჩვენებელი 4.5% იყო, ევროკავშირში კი – 6.9%, მაგრამ აშშ-ის ინფლაციის მაჩვენებელი ევროკავშირისას აღემატება.
მაკროეკონომიკური მონაცემები – ეკონომიკის ზრდის დაჩქარება ზლოტის გაცვლით კურსზე მოქმედებს. სხვა ისეთი კომპონენტებიც, როგორიცაა წარმოების მაღალი დინამიკა, მზარდი ინვესტიციები, მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდა და სამუშაო ბაზრის გაუმჯობესება, დადებით გავლენას ახდენს პოლონეთის ეროვნულ ვალუტაზე.
იზრდება საგარეო ვაჭრობის ტვირთბრუნვა
სტატისტიკის ცენტრალური ოფისის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2006 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2007 წლის იანვარ-ივნისში ევროში გადაყვანილი ექსპორტის ღირებულება 14.0%-ით გაიზარდა და 38.9 მლრდ-ს მიაღწია, იმპორტის ღირებულება კი 14.5%-ით გაიზარდა და 45.1 მლრდ-ს მიაღწია. საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი 6.1 მლრდ ევროა. დეფიციტის ზრდა განვითარებულ ქვეყნებთან ტვირთბრუნვის ნამატის კლების შედეგია, რაც განვითარებად ქვეყნებთან ტვირთბრუნვის მცირე დეფიციტის ფონზე ვითარდებოდა. მნიშვნელოვნად შემცირდაცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის დეფიციტი, რადგან ამ ქვეყნებში პოლონეთის ექსპორტი გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ტვირთბრუნვის მატება დაფიქსირდა (1.5 მლრდ ევრო), ევროზონის ქვეყნებთან კი – დეფიციტი.
ხუთთვიან მონაკვეთში, გასული წლების მსგავსად, პოლონეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გერმანია იყო (26.4% ექსპორტი და 24.1% იმპორტი). 2006 წელთან შედარებით ვაჭრობაში გერმანიასთან ექსპორტი 7.1%-ით გაიზარდა, იმპორტი კი – 14.8%-ით. მთავარი პარტნიორების გარდა იზრდება პოლონეთის ვაჭრობა რუსეთთან (ექსპორტი 33.2%-ით და იმპორტი 3.8%-ით 2006 წელთან შედარებით). ექსპორტის მთლიანი წილი 0,7%-ით გაიზარდა და 4.5%-ს მიაღწია, იმპორტი 1.0%-ით შემცირდა და 8.7% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ იზრდება ჩინეთის იმპორტის წილი (1.2%-ით 6.8%-მდე), რადგან იზრდება ჩინეთიდან იმპორტირებული სახლის მოწყობილობა, ავეჯი და ფეხსაცმელი. მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოში პოლონეთიდან ექსპორტირებული ელექტროდანადგარებისა და ლითონის რაოდენობა.
პოლონეთის ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2007 წლის იანვარ-მაისში ექსპორტის ღირებულებამ 41.8 მლრდ ევრო შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 14.2%-ით აღემატება, იმპორტის ღირებულებამ კი 44.5 მლრდ ევრო შეადგინა და გასული წლის მონაცემებს 18.7%-ით გადააჭარბა. ამის შედეგად სავაჭრო ბალანსი უარყოფით სალდოს გვიჩვენებს – 2.7 მლრდ ევროს, 2006 წლის იგივე მონაცემი 0.9 მლრდ ევრო იყო.
2007 წლის საექსპორტო შემოსავლები ევროებში (ფულად გზავნილებზე დამყარებული საგადასახადო ბალანსის პირობებში) სავარაუდოდ 14.5%-ით გაიზრდება და 106.7 მლრდ ევროს შეადგენს, იმპორტის დანახარჯები 16%-ით გაიზრდება და 112.7 მლრდ ევრო იქნება. სავაჭრო დეფიციტი 5.9 მლრდ ევროა, ექსპორტის კი – 101.1 მლრდ ევრო.
საგადასახადო ბალანსის გაუარესება
წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2006 წელთან შედარებით, 2007 წლის იანვარ-მაისში საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ანგარიშზე აღინიშნება დეფიციტის ზრდა – 3.86 მლრდ ევრო, 2006 წელს ეს მონაცემი 2.38 მლრდ ევრო იყო. ეს სასაქონლო ვაჭრობის დეფიციტითაა გამოწვეული (-2,683 ევრო, 2006 წელს კი – 900 მლნ ევრო), აგრეთვე გაუარესდა უარყოფითი შემოსავლის ბალანსი (1.205 მლნ ევროთი). პოზიტიური ბალანსია მომსახურების ანგარიშზე, ამიტომ მცირედ შეიზღუდა დეფიციტის მასშტაბი. წინა წლებთან შედარებით კაპიტალურ და ფინანსურ ანგარიშებზე ნამატია. უცხოური ინვესტიციებიდან პოლონეთის ეკონომიკას 873 მლნ ევრო დაემატა (2006 წელს კი 2.4 მლრდ ევრო).