მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემების გენეზისი და მათი რეგულირების მიმართულებები
პაატა კოღუაშვილი, ეკ. მეც. დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გიორგი ზიბზიბაძე, ეკ. მეც. კანდიდატი, დოცენტი
საქართველოსათვის ვაზის კულტურა შეუცვლელია არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც ჩვენი ისტორიული კულტურისა და ცნობიერების თვალსაზრისით. მასთან ასოცირდება საქართველო და ქართველი ერი. ვაზი იყო და დარჩება ქართველი კაცის ეროვნული ცნობიერების სიმბოლოდ.
საქართველო ვაზისა და პურის ქვეყანააო – ბრძანებდა დიდი ილია, თუმცა ამასაც დასძენდა: ცოდვაა კახეთის მადლიანი მიწა კაცმა მარცვლისათვის მოაცდინოსო. … ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, – პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს.”
თუ რა გაჭირვებაში გამოატარა ქართველმა კაცმა ვაზი შორეულ საუკუნეებში, ამაზე აქ არ შევუდგებით მოყოლას, უფრო ახლო პერიოდის რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ:
1. XX-ს 70-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაიწყო მოძრაობა ვენახების ფართობის ყოვლად დაუსაბუთებელი გაზრდისათვის, რომლის ძირითადი მიზანი არა ვაზისადმი სიყვარულის გამოხატვა, არამედ საკავშირო გარდამავალი დროშების მიღება იყო. როგორც მოსალოდნელი იყო, მას შესაბამისი ნეგატიური პროცესები მოჰყვა. კერძოდ:
ვენახები გაშენდა ვაზისათვის შეუფერებელ ან ნაკლებად შესაფერის ადგილებში. ძირითადად დამლაშებულ, ბიცობ და ეროზირებულ ნიადაგებზე. დაირღვა ვენახების გაადგილებისა და სპეციალიზაციის ტრადიციული ზონები და მიკროზონები.
ვენახების გაშენების გეგმების შესრულების სავალდებულო ხასიათმა აგროტექნიკით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების მეტად დაბალი ხარისხი განაპირობა, ვაზის გაშენება და მოვლა-პატრონობაში ცალკეული ტექნოლოგიური ოპერაციები საერთოდ გამოირიცხა, რამაც, უარყოფითი გავლენა იქონია ვაზის მოსავლიანობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
ვაზის გაადგილებისა და სპეციალიზაციის ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და ზონალური პრინციპების გაუთვალისწინებლობამ ცალკეული უნიკალური ვაზის ჯიშების გადაგვარებას და გაქრობას შეუწყო ხელი. საყურადღებოა, რომ ამ პერიოდში გაშენებული ათასობით ჰექტარი ვენახიდან დღეისათვის აქა-იქ ერთეული ჰექტრები თუ იქნება შემორჩენილი. ისინი ნაადრევად გამოვიდა ექსპლუატაციიდან და ჩამოიწერა.
2. მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის მევენახეობას XX-ს. 80-იანი წლების შუა პერიოდიდან საკავშირო მასშტაბით წამოწყებულმა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიამ. ამ პერიოდში ყურძნისა და ყურძნისეული პროდუქციის წარმოებას მეორეხარისხოვანი როლი დაეკისრა. ალკოჰოლი გამოცხადდა კომუნისტური საზოგადოების მტრად და დაიწყო მევენახეობის დეგრადაციიის პროცესი, რაც ადგილებზე ვაზის გაჩეხვასა და მისი სხვა კულტურებით ჩანაცვლებაში გამოიხატა. შემდგომში, მართალია გორბაჩოვ-ლიგაჩოვის” ანტიალკოჰოლური პოზიცია შეიცვალა, მაგრამ ვაზისადმი დამოკიდებულებაში პირველი ბზარი უკვე გაჩენილი იყო. ხელისუფლების მიერ სასწრაფო წესით მიღებულ იქნა დადგენილება მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. განისაზღვრა ვენახის გაჩეხვისათვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა. საჭირო იყო უფრო ქმედითი ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება. ამ მიზნით მთავრობამ მიიღო ახალი დადგენილება ვაზის უნიკალური და მაღალხარისხოვანი ჯიშების გაშენების თაობაზე, რომელიც იმავდროულად სტიმულირების სხვადასხვა ღონისძიებებსაც შეიცავდა. დადგენილების მთავარი მიზანი დაბალფასიანი ყურძნის ჯიშების უნიკალური ვაზის ჯიშებით ჩანაცვლება და მაღალხარისხოვანი ღვინოების დამზადება იყო (რომელთა შესატყვისი ფასი მაშინაც მაღალი იყო). ამ მიმართულებით მოძრაობა, მართალია, ინტენსიურად დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა მას წერტილი დაუსვა.
3. მევენახეობაში არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავება (XX ს. 90-იანი წლები) ქვეყანაში შექმნილ უაღრესად არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას უკავშირდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ღვინის სამომხმარებლო ტრადიციული ბაზრების დაკარგვამ, არათანმიმდევრული სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებამ, კრიმინოგენული ვითარების გამწვავებამ და სხვა არასასურველმა სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მევენახეობა-მეღვინეობის დარგებსაც.
უკანასკნელ წლებში, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად (რომელიც ძირითადად ღვინის საწარმოთა მონოპოლურ მდგომარეობას უკავშირდება), მევენახეობაში ერთგვარად დასტაბილურდა მდგომარეობა, გამოიკვეთა ვაზის ჯიშობრივი სპეციალიზაციისა და ასაკობრივი სტრუქტურის გაუმჯობესების პერსპექტივა, აქცენტი სწორად იქნა აღებული ვენახის საერთო ფართობში წითელი და ვარდისფერი საღვინე ვაზის ჯიშების ხვედრითი წილის გადიდებაზე, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკს არ ეძინაო”. ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის ტრადიციული ბაზარი, რომელზეც მოდიოდა ღვინის ექსპორტის 85-90 პროცენტი, დახურული აღმოჩნდა ქართული ღვინისათვის. ამდენად, დღის წესრიგში კვლავ დადგა ვაზის გადარჩენის პრობლემა.
ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობის აღდგენამდე ვაზისა და ღვინისათვის არავის ეცალა. მხოლოდ 1998 წლის ზაფხულში მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ”, რომელსაც საფუძველად ფრანგული ღვინის კანონმდებლობა დაედო (იმ დროს არავინ დაფიქრებულა, ვიყავით თუ არა მზად ასეთი მკაცრი კანონის ცხოვრებაში რეალიზაციისათვის). გაჩნდა იმედი, რომ კანონის მოთხოვნების აღსრულების შემთხვევაში, როგორც მევენახეობა, ასევე მეღვინეობა ახალ სიმაღლეებზე ავიდოდა, ქართული ღვინო ევროპის ბაზრისაკენ გზას გაიკვლევდა და ღვინის მსოფლიო ბაზარზე კუთვნილ ადგილსაც დაიმკვიდრებდა (ამის რეალურ საფუძველს იძლევა ის უნიკალური პირობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია მაღალხარისხოვანი ანუ კონკურენტუნარიანი ღვინოების წარმოების თვალსაზრისით).
ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის ძალაში შესვლიდან 8 წელი გავიდა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ვერ შეასრულა ვერცერთი მთავარი ამოცანა. ვერ უზრუნველყო მევენახეობა-მეღვინეობის დარგების პროგრესი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და სამომხმარებლო ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ კანონის მოთხოვნები და ნორმები არ გახდა შესასრულებლად აუცილებელი მევენახისა და მეღვინესათვის. ეს კანონი თითქოს არც არსებობდა შესაბამისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო სამსახურებისათვის. განუკითხავად ირღვეოდა კანონით გათვალისწინებული დებულებები ვაზის სარგავი მასალის წარმოების და ახალი ვენახების გაშენების, აგრეთვე ვაზის ჯიშობრივი სიწმინდის დაცვის შესახებ. არ სრულდებოდა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებისა და რეგისტრაციის, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიცირების, ექსპორტისა და იმპორტის ელემენტარული პირობები. ყოველივე ეს კი ხელს უწყობდა მევენახეობა-მეღვინეობის დარგებში არსებული მდგომარეობის სტატუს ქვოს” შენარჩუნებას, საბაზრო პირობებისათვის შეუსაბამო მამა-პაპური” წესით მუშაობის გაგრძელებას. შედეგმაც არ დააყოვნა. არნახულ მასშტაბს მიაღწია არა მარტო ღვინის, არამედ ღვინის პროდუქციის ფალსიფიკაციამ (საეჭვო წარმოშობის სპირტებზე არყის, ლიქიორის და სხვა შემაგრებული სასმელების წარმოება). რასაც სახელმწიფო მანქანა არა თუ ხელს უშლიდა, არამედ თავისი პასიური პოზიციითა და ერთგვარი წაყრუებით ხელსაც კი უწყობდა. მაგალითისათვის მხოლოდ ერთ ფაქტს გავაანალიზებთ. ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 334-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების იმპორტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას და განკუთვნილია უშუალოდ მოხმარებისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანაში აკრძალულია ღვინო-მასალების, ღვინის კონცენტრატების, სპირტის ნაყენების, ყურძნის წვენის, ღვინის სპირტის და სხვა პროდუქტების იმპორტი, თუ ის საბოლოო მომხმარებელთან მიტანამდე კიდევ საჭიროებს დამატებით ტექნოლოგიურ და სხვა სახის გადამუშავებას.
მიუხედავად კანონმდებლობით აბსოლუტურად ნათლად და ცალსახად განსაზღვრული ამ მოთხოვნისა, გასულ 2005 წელს ქვეყანაში უხეში გათვლებით იმპორტირებულია მსოფლიოს ქვეყნებიდან (გერმანია, რუსეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, ტაილანდი და ა.შ.) სხვადასხვა დასახელების ყურძნისეული წარმოშობის პროდუქცია (ყურძნის წვენები, ღვინო-მასალები და ა.შ) 28-30 ათ. ტონა ყურძნის ეკვივალენტური რაოდენობით (ანუ ყურძენზე გადაანგარიშებით). შედარებისათვის შევნიშნავთ, რომ 2005 წელს ქვეყანაში სულ წარმოებული 250 ათ. ტონა ყურძნიდან, სამრეწველო გადამუშავების მიზნით შესყიდული იყო 78 ათ. ტონა. ეს მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, რომ არა კანონის დარღვევით განხორციელებული ყურძნისეული პროდუქტების იმპორტი, რითაც არა მარტო იმერელი თუ კახელი ყურძნის მწარმოებელი, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიც გვარიანად ისარგებლებდა, ღვინის ქარხნებიდან ამოღებული პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადების სახით.
სხვათა შორის, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ზემოაღნიშნული პრაქტიკა წარმატებით გრძელდება დღესაც. კანონის დარღვევა წესადაა ქცეული. ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში 334-ე ქვეპუნქტს მხოლოდ ერთი ძირითადი დატვირთვა აქვს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მინიმუმამდე დაიყვანოს ღვინისა და ღვინის პროდუქციის ფალსიფიკაცია ქვეყანაში. ამ ფონზე ძნელია კვალიფიკაცია მოუძებნო მსგავს კანონდარღვევებს და შეაფასო ის. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციის შედეგი, ქართული გულარხეინობა, კანონის უპატივცემულობა, თუ საბოტაჟი მევენახეობის წინააღმდეგ. ისმის სავსებით კანონზომიერი კითხვა, ვის აწყობს კანონის დარღვევა? ერთი უდავოდ ცხადია, რომ ბოლო პერიოდში ყურძენი, როგორც ნედლეული, აღარაა მიმზიდველი მეღვინისათვის. მისგან დამზადებულ ღვინოს მეტი შრომა და ფულად-მატერიალური დანახარჯები ესაჭიროება. გაცილებით ადვილია უფრო ნაკლები დროისა და სახსრების დანახარჯებით ფალსიფიცირებული პროდუქციის გაკეთება. ამ ვარაუდს შესაბამისი მონაცემებიც ადასტურებენ. ფაქტია, რომ სამრეწველო გადამუშავების მიზნით ყურძნის შესყიდვის მოცულობა ქვეყანაში წლიდან წლამდე მცირდებოდა, ხოლო ღვინისა და ღვინის პროდუქციის იმპორტი კი თანდათან იზრდებოდა.
ვერ უზრუნველყო დაკისრებული ფუნქციების შესრულება სამტრესტმაც”, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის დარგების მარეგულირებელმა სახელმწიფო სამსახურმა. დავიწყოთ იმით, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის 12-30 ბრძანებით აღნიშნულ სამსახურს გადაარქვეს სახელი და მევენახეობა-მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის ნაცვლად ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის” სახელით მონათლეს. შესაბამისად შეუცვალეს ფუნქციები, მიზნები და ამოცანები. კერძოდ, ხსენებული ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი” უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი დარგში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვაზე და მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე შესაბამისი სახდელის გამოყენების თაობაზე”. ამგვარი უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ არადამაჯერებლად და შეუთავსებლად ჟღერს ამავე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შინაარსი, რომლითაც სამტრესტის” საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს “საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და შესაბამისი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება”. ამ ქვეპუნქტში სიტყვა რეგულირება”, ჩვენი აზრით, უფრო სინდისის დასამშვიდებლადაა” ნახსენები, რადგან სამტრესტის” ფუნქციებში დარგის რეგულირების რაიმე არსებითი ბერკეტი ან მექანიზმი (ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ირიბი და ა.შ.) ნაჩვენები არ არის. ასე გადაიქცა დარგის მარეგულირებელი ორგანო საზედამხედველო და მაკონტროლებელ სამსახურად, რომლისთვის დაკისრებული 27 ფუნქციიდან ნახევარზე მეტი შინაარსობრივად მხოლოდ დარგის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მათ შორისაა …დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა”, …ყალბი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების, აგრეთვე სასაქონლო და სავაჭრო ნიშნების გამოყენების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა”, …ტექნიკურ-ტექნოლოგიური და სხვა პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა” და კიდევ მრავალი სხვა ფუნქცია, რომელიც კანონდარღვევათა არა პრევენციას ან აღკვეთას (მაგალითად, ღვინის ფალსიფიკაციის, სასაქონლო და სავაჭრო ნიშნების, არასერტიფიცირებული ვაზის ნერგის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა), არამედ მხოლოდ მათ აღმკვეთ ღონისძიებათა ხელშეწყობას” ითვალისწინებს.
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნებისმიერი უწყების, მათ შორის სამტრესტის” უფლება-მოვალეობათა რეალიზაცია შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს, რომლის გარეშე მინიჭებული უფლების თუ დაკისრებული ფუნქციის შესრულება, დიდი სურვილის მიუხედავად, უბრალოდ, ვერ ხერხდება. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში სამტრესტის” მჭლე ბიუჯეტს, გასაკვირი აღარ დარჩება, თუ რატომ შეიძინა მისმა ბევრმა პირდაპირმა ფუნქციამ მხოლოდ ხელშეწყობის” დატვირთვა, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივ მაჩვენებლებში გამოხატვა პრაქტიკულად გამორიცხულია. სამაგიეროდ, კარგად იზომება ის სოციალური თუ ეკონომიკური ზარალი, რომელიც ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა ნორმატიულ-სამართლებრივი ხასიათის აქტების მოთხოვნების უგულებელყოფით, საკანონმდებლო ნორმების და წესების დარღვევით ადგება სოფლად საქონელმწარმოებელს, რიგით მომხმარებელს და სახელმწიფო ბიუჯეტს. აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს პროდუქციაზე რუსეთის მიერ დაწესებული ე.წ. ემბარგო, რომელსაც, მართალია, პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად, მაგრამ ამ საქმეში არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი გულარხეინობაც, კანონის მოთხოვნებთან არაკანონიერი” დამოკიდებულება, წაყრუების” პოლიტიკა და სხვ., რომლითაც გარკვეული სამართლებრივი საფუძველი მოვუმზადეთ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე აკრძალვას. მხედველობაში გვაქვს ქვეყანაში გამოცხადებული და რეალურად დაწყებული (მართალია, დაგვიანებით) ბრძოლა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ.
დღეს სახელისუფლებო წრეების საკმაოდ მაღალი რანგისა და წონის წარმომადგენლები თვლიან, რომ ღვინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთში ქვეყნის შიდა პროდუქტს მხოლოდ 1-2 პროცენტით თუ შეამცირებს და ამიტომ აქ საგანგაშოც არაფერიაო. ასეთი მიდგომა ფრიად არასერიოზული და ძირშივე არასწორია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტო ღვინის პრობლემა ქვეყანაში 150 ათასზე მეტ ოჯახს ეხება, ხოლო თუ ღვინოს, ხილს, ციტრუსს, ბოსტნეულს და სხვა პროდუქციას დავუმატებთ, მაშინ თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ ემბარგო მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეეხება საქართველოში.
ამდენად, ჩვენი გულარხეინობის შედეგი ქვეყნის ერთობლივ შიდა პროდუქტში მარტო პროცენტების შემცირებით არ გამოიხატება. მას გაცილებით მეტი ნეგატიური შედეგი ახლავს თან. იგი ქვეყნის ყველა მოსახლეზე პირდაპირ თუ ირიბად აისახება და დღევანდელი სტატუს ქვოს” შენარჩუნების შემთხვევაში ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია შესაძლოა სერიოზული გადახედვის საგანიც კი გახდეს. აღნიშნულის თქმის საბაბს იძლევა ღვინის მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარება, სადაც ყოველწლიურად 1-1.5 მლნ. ტონა ღვინო ეძებს მომხმარებელს. 2-3 წელი, რომელშიც ხელისუფლება გვპირდება ღვინისათვის ალტერნატიული ბაზრის მოძიებას, სრულიად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს იმისათვის, რომ მევენახეობა ქვეყანაში, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის აუცილებელი პროდუქციის მწარმოებელ დარგად გადაიქცეს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ შიდა მოხმარების ღვინოებში უმეტესი წილი თეთრი ყურძნის ჯიშებისაგან წარმოებულ ღვინოებს უკავია, მაშინ შესაძლოა უპირატესად შავი და ვარდისფერი ყურძნის მომცემი ჯიშები გაიჩეხოს, რითაც ხარისხობრივ მევენახეობაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მომავალში რამდენიმე თაობის დიდი ძალისხმევა დასჭირდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელი და უპირველესი საზრუნავი ვაზის გადარჩენის პრობლემის მოგვარება უნდა გახდეს.
სტატიაში შევეცადეთ წარმოგვეჩინა პრობლემის გენეზისი, რომელსაც არსებითი ობიექტური მიზეზები არ გააჩნია. ის მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებითაა განპირობებული. უნდა ვაღიაროთ, რომ რაც მოგვივიდა, ყველაფერი ჩვენი თავით მოგვივიდა და პრობლემის სხვაზე გადაბრალება ამჯერად აღარ გამოვა.
რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სამრეწველო მევენახეობის და კონკურენტუნარიანი მეღვინეობის დარგების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის?
ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მსოფლიოში არ არის ღვინის მწარმოებელი, მეტ-ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, სადაც ღვინის წარმოების რეგულირების, კონტროლისა და განვითარების საქმეში სახელმწიფო ძირითად როლს არ ასრულებდეს. ამ საქმეში სახელმწიფოს როლის გააქტიურება უნდა გამოიხატოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში, რადგან სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, ღვინის მსოფლიო ბაზარზე გატანა და უდიდესი ავტორიტეტის მქონე ფირმებთან კონკურენტულ ბრძოლაში ადგილის მოპოვება პრაქტიკულად გამორიცხულია.
ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო სივრცე (ტერიტორია) არც თუ ისე დიდია, მაგრამ მისი ბუნების მრავალი უნიკალური კომპონენტი, ნაირგვაროვანი ბუნებრივ-კლიმატური პირობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ფართო სპექტრი და ა.შ. იძლევა მცირემიწიანობის ეფექტური კომპენსირების საშუალებას, თუ აღნიშნული რესურსები მიზნობრივად მაღალხარისხოვანი, ეკოლოგიურად სუფთა (ანუ შედარებით მაღალი ღირებულების მქონე) პროდუქციის წარმოებისათვის იქნება გამოყენებული. ეს აქსიომატური დებულება ვაზის მიმართაც უნდა იქნას გამოყენებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს აღებული კურსი ვაზის ჯიშობრივი და ასაკობრივი სტრუქტურის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, მსოფლიო ბაზარზე მაღალი მოთხოვნისა და ღირსების მქონე ღვინოების წარმოების გადიდებისათვის, რისთვისაც გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი სტიმულების მექანიზმი (უნიკალური ვაზის ჯიშების გაშენების, მოვლა-პატრონობის და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გასატარებლად).
უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, ღვინის სარეალიზაციო ბაზრების მონახვამდე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წვრილ-გლეხურ მეურნეობებში წარმოებული ყურძნის (40-50%) წინასწარ დადგენილი ფასებით შესყიდვა, ღვინის ქარხნებში საკონიაკე სპირტების, აგრეთვე ყურძნისგან სხვადასხვა ნატურალური პროდუქტის (წვენების, კონცენტრატების, ბადაგის და ა.შ.) წარმოებისათვის ხელშეწყობა. წარმოებული არაალკოჰოლური პროდუქციის შესყიდვა და რეალიზაცია საზოგადოებრივი კვების, სკოლების, საავადმყოფოების და სხვა საჯარო ტიპის დაწესებულებებში.
მსოფლიო ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით უნდა დამუშავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მევენახეობა-მეღვინეობის დარგების მართვის სისტემა.
უნდა დაჩქარდეს ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა, რათა ექსპორტზე დაიშვას მხოლოდ ის ღვინოები, რომლებიც პასუხობენ საერთაშორისო მოთხოვნებს. დარგის განვითარების სტრატეგია მაღალხარისხოვანი და უნიკალური ღვინოების წარმოებას უნდა დაეფუძნოს, რათა ქართულ ღვინოებს ხარისხის ხარჯზე შეეძლოს ყველა ზღუდის გადალახვა.
– აიკრძალოს ქართული ღვინოების ქვეყნიდან გატანა და ადგილობრივ ბაზრებზე რეალიზება შესაბამისობის სერტიფიკატის და საქპატენტში რეგისტრირებული ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე.
– ყალბი სასაქონლო ნიშნების გამოყენებისა და ქართული პროდუქციის ფალსიფიცირების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია, დაზუსტდეს გეოგრაფიული დასახელების და მათ გამოყენებაზე კანონიერად მოსარგებლე ფირმების ჩამონათვალი და გადაეცეს დსთ-ს ქვეყნების მაკონტროლებელ ორგანოებს.
– “ღვინისა და ყურძნის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კონტროლირებადი დასახელების ღვინოების წარმოშობისა და რეალიზაციის სფეროში ფალსიფიცირებისა და სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების პრაქტიკის აღსაკვეთად, დაჩქარდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ამოქმედება, მათ შორის:
1. კონტროლირებადი დასახელების ღვინოების ატესტაციის, წარმოებისა და ხარისხის კონტროლის წესების მიღება და ამოქმედება;
2. შეიქმნას ქართული ღვინოების სერტიფიცირების წარმომადგენლობითი ორგანო (სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეწარმეთა, შესაბამისი პროფილის სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით). დამტკიცდეს მისი წესდება და პროცედურის წესები.
– აუცილებელია სერტიფიცირების წესებისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სასერტიფიკაციო ორგანოების აკრედიტაციის სისტემის რაციონალიზაცია, სავალდებულო და ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის მკვეთრად გამიჯვნა, ხარისხის კონტროლის დამოუკიდებელი (შიდასაწარმოო კონტროლი) სისტემების განვითარება, სერტიფიცირების ნებაყოფლობით სისტემაზე თანდათანობით გადასვლა და სხვ.
– ფალსიფიკაციასთან ბრძოლის გააქტიურების მიზნით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ინტელექტუალური საკუთრების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სასაქონლო და სავაჭრო ნიშნების განსახელმწიფოებრიობა, რაც სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის ღვინის ფალსიფიკატორებთან ბრძოლას.
– საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ხელშეკრულება “თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ” ითვალისწინებს კანონმდებლობათა დაახლოებასა და ჰარმონიზაციას. საჭიროდ მიგვაჩნია, დროულად გადაიხედოს საქართველოს კანონი “ვაზისა და ღვინის შესახებ” ევროკავშირის ღვინის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თავალსაზრისით. ამასთან ერთად, საჭიროა გამკაცრდეს საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქციები “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევათა მიმართ.
– საჭიროა გადაიხედოს “ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის” დებულება, მასში დარგის სახელმწიფო რეგულირების რეალური მექანიზმების გათვალისწინებით. რადგან მხოლოდ ქმედითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით არის შესაძლებელი კონკურენტუნარიანი, მაღალხარისხოვანი ღვინის და ყურძნისეული პროდუქციის წარმოება, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა, მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განვითარება.
უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა და მისადმი მორჩილება, როგორ ცუდიც არ უნდა იყოს ის. ცხადია, რომ ვაზისა და ღვინის პრობლემა ასეთი სიმწვავით არ დადგებოდა შესაბამისი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების მოთხოვნების სრულად დაცვის პირობებში. ტყუილად არ ამბობენ: ყოველი ერი ისე უნდა იცავდეს კანონს, როგორც მის მფარველ ციხე-გალავანსო”.