თურქმენეთმა უკრაინას დარტყმა მიაყენა
რედაქციისაგან
“გაზპრომ”-მა თურქმენეთთან მოლაპარაკებები დაასრულა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული გაზის ფასი 2008 წლის პირველ ნახევარში ათას კუბამეტრზე 130 დოლარი იქნება, ხოლო წლის მეორე ნახევარში კი – 150 დოლარი. მოლაპარაკების შედეგმა შესაძლოა უკრაინის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დარტყმა მოახდინოს, რადგან “გაზპრომი” მას შუა აზიის ბუნებრივ აირს აწვდის, რომელსაც საზღვარზე რუსეთის გაზს უერთებს. უკრაინის მხარეს იმედი ჰქონდა, რომ მომავალ წელს ბუნებრივ აირს 160 დოლარად შეიძენდა, მაგრამ ახლა ენერგომატარებლის ფასი უძვირდება.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციის თანახმად, “გაზპრომ”-მა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში თურქმენეთიდან იმპორტირებული გაზის ფასი 30%-ით გაძვირდება და 130 დოლარი იქნება 1000 კუბამეტრზე, ხოლო მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან მისი ფასი 150 დოლარი გახდება. შეთანხმებას ხელი “გაზპრომ”-ის ხელმძღვანელმა, თურქმენეთში ვიზიტის დროს დელეგაციის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა მოაწერა. ვიზიტისას შედგა შეხვედრები პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვსა და და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე თაჩბერდი თაგიებთან.
“გაზპრომ”-ის თავმჯდომარე ალექსეი მილერი აცხადებს, რომ ფასთა ფორმულა, რომელიც მოქმედებაში 2009 წლიდან შევა, 2008 წლის მიწოდების ხანგრძლივვადიანი კონტრაქტების ფასების განმსაზღვრელი იქნება. მან დასძინა, რომ თურქმენეთის მხარემ მთელი რიგი შეხვედრები ჩაატარა ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საბოლოოდ ჩამოაყალიბეს თეზისი იმის შესახებ, რომ ევროპის გაზის ფასების ფონზე თურქმენეთის ბუნებრივი აირის ფასები მნიშვნელოვნად იაფია.
თურქმენული გაზის გაძვირებამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად დააზარალოს უკრაინის ეკონომიკა, რადგან ის ნაწილობრივ თურქმენული ბუნებრივი აირის მომხმარებელია.