ბიზნესის თავისუფლების უცნაური მაგალითები

მაკა ღანიაშვილი

2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყველას, განსაკუთრებით კი ბიზნესის წამომადგენლებს, გაუჩნდათ მოლოდინი იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ”ბიზნესს აღარ დაატერორებდა, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა”. 19 თებერვალს ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის რიგით მეორე დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი წარუდგინა, რომელიც, მისი თქმით, მედიატორის როლს შეასრულებს ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ვერავინ მოახერხებს კერძო ბიზნესში ჩარევას.

უნდა ითქვას, რომ შეხვედრაზე დასწრება, რომელზეც 200-მდე ბიზნესმენი იყო მიწვეული, მხოლოდ სპეციალურად შედგენილი სიით იყო შესაძლებელი. დახურულ კარს მიღმა გამართული ორსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან გამართული პირველი შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ გასული წლის 5 ოქტომბერს გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, 19 თებერვლის შეხვედრამ გაცილებით საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

”ვერავინ ვერ გაბედავს კერძო ბიზნესში ჩარევას და აღარ მოხდება არავითარი გადანაწილებები და მთავრობის არც ერთ ჩინოვნიკს არ ექნება უფლება კანონის გარეშე კერძო ბიზნესში ჩარევის. მე მგონია, რომ ძალიან მოკლე დროში კარგად გააცნობიერეს ეს ბიზნესმენებმა. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოში ეკონომიკის აღორძინებას, რადგან გადამწყვეტი როლი ეკონომიკის აღორძინებაში სწორედ რომ ბიზნესმენს ეკუთვნის და იმ ინვესტიციებს, რომლებსაც ბიზნესმენები ახორციელებენ”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ბანკ ”რესპუბლიკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმა მთავარი რამ _ თავისუფლება – მოიპოვა.

მაგრამ შეიძლება ყველაფერი არც ისე იდეალურადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ ბიზნესმენები, რომელთაც ”ხელისუფლების მიმართ სამდურავი არაფერი ჰქონდათ” და ბიზნესმენები, რომლებიც მუდამ ”ჩაგრულთა პოზიციაში” ყოფნას უჩიოდნენ. ასეა ამჯერადაც. ბიზნესმენთა ნაწილი, ბიზნესის შევიწროვებასა და პროტექციონიზმში ახალ ხელუფლებას უკვე სდებს ბრალს.

როგორც კომპანია ”ბარამბოს” წარმომადგენელი, იაგო ჩოჩელი აცხადებს, ხელისუფლებისა და ბიზნესმენების სამი შეხვედრიდან არც ერთზე არ ყოფილა მიწვეული. ”ზედაზენშიც” განმარტავენ, რომ კომპანიები, რომლებიც ჩოჩელების გუნდთანაა დაკავშირებული, შეხვედრაზე არ დაუპატიჟებიათ. ”შეხვედრა სამჯერ გაიმართა, თუმცა არც ერთხელ ჩვენი კომპანიების არც ერთი წარმომადგენელი არ მიუწვევიათ. რაც ჩვენ გადასახადებს ვიხდით, ქვეყნის ბიუჯეტი 9 მილიარდი კი არა, 500 მილიარდი უნდა იყოს”, – აცხადებს ჩოჩელი.

ჩოჩელის თქმით, 19 თებერვლის შეხვედრაზე არც ”ბარამბოს”, არც ”ზედაზენისა” და არც”ბერტას” წარმომადგენლები არ ყოფილან, მიუხედავად იმისა, რომ სამივე მათგანი მსხვილი კომპანიაა. იაგო ჩოჩელი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბიზნესის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებსაც აფასებს, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიზნესისთვის არაფერი შეცვლილა და, პირიქით, ბიზნესის წარმოების პირობები გაუარესდა. ამის მაგალითად ჩოჩელს ის ყადაღა მოჰყავს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ”ბერტას” უმიზეზოდ დაადეს.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელთან ასოცირებული კომპანიების არყოფნას რადიო ”კომერსანტთან” ეხმაურება. ირაკლი მელაშვილი, რომელიც პრემიერის და ბიზნესის შეხვედრას უწევდა ორგანიზებას, აცხადებს, რომ პრემიერის აპარატს ბიზნესმენთა სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, შეტყობინება დაანონსებული შეხვედრის შესახებ საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნეს-ასოციაციას გადაეგზავნა და კონკრეტულ ბიზნესმენთა სია თავად ბიზნეს-გაერთიანებებმა შეადგინეს. მელაშვილის განცხადებითვე, თავდაპირველ სიაშივე არ ფიქსირდებოდნენ ”ზედაზენი” და ”ბარამბო” და რატომ არ არიან ეს კომპანიები არც ერთი ბიზნეს-გაერთიანების წევრები, ან თუ არიან, რატომ არ მოხვდნენ სიაში, ეს მისთვის უცნობია.

”საქართველოს ფოსტის” ბუნდოვან საქმეებს, ნათელი

ვერც ხელისუფლების ცვლილებამ მოფინა

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ახალ ხელისუფლებას გარკვეული კომპანიების ლობირებაში ადანაშაულებენ გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებიც. „ვაჭრობისა და გადამზიდავთა ასოციაცია” შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ ბრძანებას აპროტესტებს და შემოსავლების სამსახურს ”საქართველოს ფოსტის” ლობირებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება 12 თებერვალს ”ვაჭრობისა და გადამზიდავთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ზაზა ჯიაძემ for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა.

ზაზა ჯიაძის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრამდე ქართული ბიზნესი მონოპოლიზებული იყო და ასეთივე მონოპოლიური სქემა გადაზიდვების სფეროშიც მოქმედებდა ”საქართველოს ფოსტის” სახით. ”საქართველოს ფოსტამ” ფუნქციონირება 2012 წელს დაიწყო და ჯიაძის განცხადებით, ვინაიდან ამ კომპანიის მოქმედება იმთავითვე მონოპოლიური იყო, მის ფუნქციონირებას უამრავი ბიზნესმენი შეეწირა.

ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესს სრულიად ახალი, თავისუფალი მოქმედების სქემა შესთავაზა. გასული წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადამზიდავებთან შეხვედრაც მოეწყო. სამინისტრომ გადამზიდავებს შესთავაზა, თავიანთი საქმიანობა განევითარებინათ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. ამის შემდეგ გავიდა ერთი თვე და ახალი შეხვედრის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა. ”25 იანვარს გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც ჩვენს ბიზნესში მოქმედების წესს განსაზღვრავდა. ამ ბრძანების გაცნობის შემდეგ საკმაოდ გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან მასში რამდენიმე გაურკვეველი და ბუნდოვანი პუნქტია. ჩვენი აზრით, ეს პუნქტები ამ სეგმენტში მოღვაწე საშუალო ბიზნესის გაზრდას, დაცვას და საერთოდაც მათ მოღვაწეობას ზღუდავს”, _ აცხადებს ზაზა ჯიაძე.

მისი თქმით, ეს ბრძანება ეფუძნება წინა ხელისუფლების ფინანსთა მინისტრის მიერ გასული წლის 26 ივლისს მიღებულ 290 ბრძანებას. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ამ ბრძანებით წინა ხელისუფლებამ საგადასახადო და საბაჟო კოდექსის უგულებელყოფით არათანაბარ პირობებში ჩააყენა გადამზიდავები და მონოპოლიური პირობები შეუქმნა ”საქართველოს ფოსტას”. ახალმა ხელისუფლებამ კი მიმდინარე წლის 25 იანვრის ბრძანებით მიიღო დამატებითი ნორმები, რომლებიც ჯიაძის განცხადებით, გადამზიდავების მუშაობას კიდევ უფრო ართულებს და ”საქართველოს ფოსტის” გარდა ყველა კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს. მისი თქმით, პირველი ასეთი ნორმა არის გადამზიდავების დავალდებულება, რომ მათ სპეციალურ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმაში იმუშავონ. მეორეც, ეს არის დავალდებულება, რომ დოკუმენტაცია სულ ელექტრონულ ფორმატში იყოს წარმოებული, რასაც გადამზიდავები მიესალმებიან, მაგრამ აცხადებენ, რომ შემოსავლების სამსახური ხელოვნურად ბლოკავს ამ პროგრამის ამოქმედებას. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მოქმედმა გადამზიდავებმა იმუშავონ ერთ პროგრამაში, რომელიც საქართველოშია შექმნილი და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

დღეს ყველა გადამზიდავი მუშაობს პრორგამა ”ასიკუდაში”, რომელიც შემუშავებულია გაეროს მიერ და ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტებთან. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ ამ პროგრამის ამუშავებაში ძალიან დიდი ფულადი რესურსი დახარჯა და ეს პროგრამა ბრწყინვალედ ართმევს თავს მიმდინარე პრობლემებს. მიუხედავად ამისა, რატომღაც გვაიძულებენ ვიმუშავოთ სხვა ფორმატში, რომელიც საქართველოს საბაჟო და საგადასახადო სივრცესთან ადაპტირებული არ არის”, _ ამბობს ზაზა ჯიაძე.

მისი თქმით, ამ პროგრამაში მუშაობს ”საქართველოს ფოსტა” და სწორედ ამიტომ გადამზიდავებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემოსავლების სამსახურში ვიღაც სპეციალურად მუშაობს იმაზე, რომ დანარჩენი გადამზიდავებიც ამ პროგრამაზე გადაიყვანოს. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ პროგრამა, რომლითაც ”საქართველოს ფოსტა” სარგებლობს პროდუქციის ოთხციფრიან კოდირებას გულისხმობს, მაშინ, როდესაც ”ასიკუდას” 11-ციფრიანი კოდირება აქვს (საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისი), რაც უფრო ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ჯიაძის თქმით, ამ პროგრამით მოქმედ იმპორტიორებს საგადასახადო სამსახურებთანაც ექმნებათ პრობლემები, რადგან საკუთარი პროდუქციის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ.

გადამზიდავები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომელიც მათ ამ სპეციალური პროგრამის შექმნას ავალდებულებს. ამისთვის კი გადამზიდავებს სულ 7 დღე მიეცათ. ვაჭრობისა და გადამზიდავთა ასოციაციაში ამბობენ, რომ შვიდ დღეში ამ პროგრამის შექმნა და, შესაბამისად, მისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მაგრამ მათ ეს მაინც მოახერხეს, რისთვისაც სერიოზული ხარჯი გაიღეს, მაგრამ როდესაც შემოსავლების სამსახურს მიმართეს თხოვნით, რომ ამ პროგრამის ტესტირება მოეხდინა, იქ ამაზე უარი უთხრეს. ზაზა ჯიაძე ამბობს, რომ ეს უარი მხოლოდ კერძო საუბრებში იყო ნათქვამი და იმით ახსნეს, რომ სატესტო პროგრამა ჯერ შექმნილი არ აქვთ, წერილობით კი შემოსავლების სამსახური გადამზიდავებს არანაირ პასუხს არ აძლევს. შესაბამისად, ჯიაძე ამბობს, რომ პროგრამის ამუშავების შემდეგ ყველა გადამზიდავი (გარდა ”საქართველოს ფოსტისა”) შეწყვეტდა მუშაობას, რადგან მათ ტვირთებს ამ პროგრამის არარსებობის გამო საბაჟო არ განაბაჟებს.

გადამზიდავები ამბობენ, რომ ცდილობდნენ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, მაგრამ შემოსავლების სამსახური მათთვის ჩაიკეტა. ამიტომ მათ სასამართლოს მიმართეს სარჩელით და ითხოვენ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაჩერებას. ამასთანავე, გარდა ამ სპეციალური პროგრამის ამოქმედებისა, გადამზიდავების თქმით, ამ ბრძანებაში კიდევ რამდენიმე ისეთი მუხლია, რომელთა მოთხოვნების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, ამ ბრძანების ერთ-ერთი პუნქტი გადამზიდავებს ავალდებულებს, რომ უზრუნველყონ იმ კომპანიების მიერ გადასახადების გადახდა, რომელთაგანაც ისინი პროდუქციას ყიდულობენ.

”გადამზიდავებმა უნდა განვახორციელოთ საქონლის წინასწარი დეკლარირება და საბაჟო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა სპეციალური ელექტრონული სისტემების გამოყენებით. ამასთანავე, ჩვენ გვავალებენ, იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახადელების და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზებას. ამდენად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ იმ ხალხმა (რომელმაც ჩვენ დაგვიქირავა) დროულად გადაიხადონ გადასახადები, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია”, _ ამბობს ზაზა ჯიაძე.

მისი თქმით, გადამზიდავებს სურვილი ჰქონდათ, ამ ბრძანების თაობაზე ფინანსთა სამინისტროსთან ეწარმოებინათ მოლაპარაკება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამასთანავე, გადამზიდავები ამბობენ, რომ კერძო საუბრებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მათ ეუბნებიან, ტყუილად ნუ წვალობთ, მიდით „საქართველოს ფოსტასთან~ და მასთან იმუშავეთ, თორემ მაინც ვერ იმუშავებთო, რაც გადამზიდავებს მიუღებლად მიაჩნიათ, რადგან მათ უნდა იმუშაონ, მოგება კი „საქართველოს ფოსტამ~ უნდა მიიღოს. ამიტომ გადამზიდავები ითხოვენ, რომ ამ სფეროში მომუშავე კომპანიები ხელისუფლებამ თანაბარ პირობებში ჩააყენოს და მის ბრძანებებში არ იყოს ჩადებული ისეთი მოთხოვნები, რომლებიც პირდაპირ უწყობს ხელს მონოპოლიის განვითარებას.

”საქართველოს ვაჭრობისა და გადამზიდავთა ასოციაციის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი წევრები ”ა” კატეგორიის დაზღვევით მუშაობენ, რაც ტვირთის ყველანაირი შემთხვევებისგან დაზღვევას გულისხმობს, მაგრამ მათი უცხოელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ახალი ხელისუფლების მიერ დაწესებული წესებით, რის გამოც შეიძლება მათთან პარტნიორობა შეუძლებელიც გახდეს. ”არის „კიოტოს~ კონვენცია, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს და რომელსაც ფინანსთა სამინისტროს ეს ახალი ბრძანება სრულად ეწინააღმდეგება”, _ ამბობს ზაზა ჯიაძე.

გადამზიდავები მიიჩნევენ, რომ ფინანსთა მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი და „საქართველოს ფოსტას” შემოსავლების სამსახურის გარკვეული პიროვნებები ლობირებენ. ხოლო ვინაიდან ”საქართველოს ფოსტა” ”ასიკუდას” პროგრამაზე ვერ გადადის, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ზემოთხსენებული ბრძანება, რომ სხვა დანარჩენი გადამზიდავებიც იმ პროგრამაზე გადაიყვანონ, რომლითაც ”საქართველოს ფოსტა” სარგებლობს.


საქართველოსფოსტის ისტორია

”საქართველოს ფოსტას” საკუთრებაში ჰქონდა 87 000 კვ.მ. მიწის ფართი და 100 000 კვ.მ. ფართის შენობა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ის ყოველთვის წარმოადგენდა ჩინოვნიკების დიდი ინტერესის საგანს.

ფოსტაში მიმდინარე საეჭვო მაქინაციები, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 27 ოქტომბერს შ.პ.ს ”საქართველოს ფოსტის” გაყიდვის შესახებ განაცხადა და კერძო კომპანიებს მათთვის ხელსაყრელი პირობები შესთავაზა: თუ პრივატიზების სხვა ცნობილი შემთხვევების დროს, სახელმწიფო ინვესტორებს განსაზღვრულ პირობებს თვითონ უდგენდა, ამ შემთხვევაში კომპანიებს შეეძლოთ თვითონ წარედგინათ გეგმა _ რა პირობით და რა ფასად სურთ ”საქართველოს ფოსტის” შეძენა.

ინტერესთა გამოხატვის ვადა 2010 წლის 20 დეკემბერს ამოიწურა. თუმცა, 2011 წლის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პოტენციური ინვესტორებისთვის განაცხადების შეტანის ვადა გაურკვეველი დროით გადასწია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაშინდელმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ 2011 წლის 7 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს ფოსტის შესყიდვის სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა. პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოდან, შვეიცარიიდან და რუმინეთიდან იყვნენ, სამინისტრო კომპანიის გაყიდვის განსხვავებული კონცეფციების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა, მოვლენები მოულოდნელად სხვა სცენარით განვითარდა.

ქობალიას განცხადებიდან 10 დღის შემდეგ, 17 ივნისს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა და „საქართველოს ფოსტის~ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

ბაინდურაშვილის კვალდაკვალ ”საქართველოს ფოსტის” ტოპ-მენეჯმენტში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩინოვნიკი წავიდა. ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან სანაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

2011 წლის 24 ივნისს კი ეკონომიკის სამინისტრომ ”საქართველოს ფოსტა” საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღო. ამის მიზეზად ბაინდურაშვილმა დაასახელა ის, რომ პოტენციური მყიდველების საინვესტიციო წინადადებები „ლოგიკასთან ახლოსაც არ იდგა”. „ფოსტას მხოლოდ ფართის კუთხით უყურებენ და არა როგორც აწყობილ ბიზნესს. ეს კი მის გასაყიდ ღირებულებას ამცირებს”, _ განმარტა ბაინდურაშვილმა.

”საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, გაკოტრებული კომპანია ჩაიბარა. მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ წლების განმავლობაში ვერც რეალური რებრენდინგი და ვერც მოგებაზე მუშაობა შეძლო, იყო მწირი ბიუჯეტი, ცუდი მენეჯმენტი და უზარმაზარი ქონება, რომელიც ბოლო პერიოდში ფოსტისთვის წინაღობად უფრო იქცა, ვიდრე განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად.

”საქართველოს ფოსტის” მოდერნიზაცია კი უცნაური გარიგებით დაიწყო. 2011 წლის 9 აგვისტოს ”საქართველოს ლატარიის კომპანიის” 100%-იანი წილის მფლობელმა, ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ ”ლექსორ კაპიტალ კორპმა” ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ”უსასყიდლოდ და უპირობოდ” ეკონომიკის სამინისტროს აჩუქა (ხელშეკრულება უვადოა და ”ლექსორ კაპიტალს” წილის უკან გამოთხოვა ეკრძალება). 2 დღის შემდეგ ”საქართველოს ლატარიის კომპანიის” 70%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტრომ 5-წლიანი მართვის უფლებით”საქართველოს ფოსტას” გადასცა.

ეფექტიანი მენეჯმენტისთვის სახელმწიფომ კომპანიას კიდევ ერთი შეღავათი მისცა _ ”ლატარიის კომპანია” დამატებული ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლეს. ”საქართველოს ფოსტის” რებრენდინგის პირველი საგრძნობი შედეგი ტარიფების გაზრდა იყო. შიდა რესპუბლიკური საფოსტო გზავნილების ტარიფმა 115%-ით მოიმატა, 5 კილოგრამამდე ამანათების გაგზავნა კი 472%-ით გაძვირდა. ტარიფების ზრდა მაშინ ხარისხის გაუმჯობესებით ახსნეს, თუმცა საქართველოს ფოსტას დღემდე უამრავი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს, გარდა ტარიფების სიდიდისა და სრულიად გაუგებარი ორმაგი გადასახადებისა, მომხმარებელი ჩივის, რომ საქართველოში ჩამოსული ამანათები საბაჟოზე ძალიან ხშირად იკარგება, წერილები კი ხელშეუხებლად ვერ აღწევს ადრესატამდე.

საეჭვო გარიგებით, რომლის წყალობითაც ”საქართველოს ფოსტა” და ”საქართველოს ლატარიის კომპანია” ერთმანეთს დაუკავშირდა, მომავალში, ალბათ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მით უფრო, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ (ID 1458139). შ.პ.ს. ”ლექსორ კაპიტალ კორპის” უკან თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვის ინტერესები იკვეთება.

როგორც ვხედავთ, ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლიდან თითქმის 6 თვის თავზე, დიდად არაფერი შეცვლილა. კვლავ არიან ბიზნესმენები, რომლებიც მთავრობის მუშაობით კმაყოფილი არიან და ბიზნესმენები, რომლებიც მთავრობას პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებასა და მათ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია ჟურნალ „ლიბერალის“ მასალები