პირველი ბრიტანული ბანკი ქართულ საბანკო სექტორში

ნინო არველაძე

უკანასკნელ წლებში მსხვილი უცხოური ბანკების ინტერესი საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2006 წელს უცხოური ინვესტიციების წილი კომერციული ბანკების მთლიან კაპიტალში 58%-ს შეადგენდა. 2007 წლის პირველ ნახევარში უცხოელი ინვესტორების 67%-ს საქართველოს საბანკო სექტორისადმი მზარდ ინტერესს ქვეყნის მზარდი ეკონომიკით ხსნიდნენ.საქართველოს რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს საქართველოში დაფუძვნებულ კომერციულ ბანკებში ინვესტიციების განხორციელება თანაბარ პირობებში შეუძლიათ და დღემდე ეს ერთ-ერთი მიმზიდველი და ლიბერალური მიდგომა იყო, მაგრამ, ასევე უნდა აღინიშნოს თვით ბაზრის გაზრდილი რისკის მაჩვენებელი, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. წარმოგიდგენთ საქართველოს საფინანსო სფეროს ახალ წარმომადგენელს.

საქართველო მიმზიდველ საინვესტიციო გარემოდ ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია “მონტე ქრისტო კაპიტალმაც” მიიჩნია. მან “ბანკი თეთრი” შეიძინა და ჩვენს საბანკო სექტორში “პირველი ბრიტანული ბანკიც” (The First British Bank) შემოვიდა. ახალი ბანკის შესახებ საუბრობენ, “პირველი ბრიტანული ბანკის” გენერალური დირექტორი ბატონი ადამ კლერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ფიფია.
– ბატონო ადამ, გთხოვთ გვესაუბროთ ბანკის შესახებ, რომელიც საქართველოში შემოვიდა, რა აქტივებითა და პასივებით გამოჩნდა ის საქართველოს საბანკო ბაზარზე?
– პირველ რიგში, ჩვენ შევისყიდეთ ბანკი, რომლის სახელწოდება იყო “ბანკი თეთრი”. შევიძინეთ მისი საკონტროლო პაკეტი, რის შედეგადაც ბანკი ძირფესვიანად შეიცვალა, მათ შორის, გასწორდა არსებული შიდა კრედიტები. ჩვენ საქართველოსა და მის საბანკო სექტორს ოპტიმისტურად ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ მომავალში ჩვენ გაზრდის პერსპექტივა გვაქვს. ჩვენი სტრატეგიის თანახმად, ვაპირებთ უპირატესობა მივანიჭოთ იმ კორპორაციულ და ისეთ ინდივიდუალურ კლიენტებს, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ. აგრეთვე, ვაპირებთ მომხმარებლებს შევთავაზოთ რჩევები საინვესტიციო ბანკინგის თვალსაზრისით.
– თქვენი აზრით, საქართველოს საბანკო სექტორი კონკურენტუნარიანია? რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად საქართველოს ბაზარზე?
– ის ნამდვილად კონკურენტუნარიანია, მაგრამ საქართველოში ყველაზე მიმზიდველია ეკონომიკა, რომელიც ლიბერალური და მოქნილი გახდა. ეს ყველაფერი ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს და ფინანსური ინსტიტუტებისთვის მრავალი შესაძლებლობა შეიქმნება. მიუხედავად იმისა, რომ საცალო საბანკო სექტორი საქართველოში ძალიან განვითარებულია, ბაზარზე არსებობს სხვა თავისუფალი ნიშებიც, რომელთა განვითარებაც შეიძლება. ბაზარზე ჩვენთვის სასურველ და მართებულ ადგილს ვეძებთ. ჩვენი სტრატეგია დიდი ბანკების მსგავსი არ იქნება, რადგან ისინი ყველაფერს კარგად ასრულებენ. თუმცა, გვაქვს საკმაოდ ამბიციური ახალი გეგმები, ჩვენი ახალი პროდუქტების რეკლამირებას მალე დავიწყებთ და ვიმედოვნებთ, რომ ახალ კლიენტებს სწრაფად მოვიზიდავთ.
– ბანკის სამომავლო გეგმები საქართველოს რომელიმე სექტორში მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას თუ ითვალისწინებს?
– საქართველოში სხვადასხვა საინტერესო სექტორები არსებობს, მაგრამ ბანკის უშუალო ფუნქცია მიმზიდველი ბიზნესებისათვის კრედიტების გაცემაა. ბაზრის მიზანი უძრავი ქონების ან სამშენებლო კომპანიებად გადაქცევა არ არის. სამშენებლო ბიზნესი კარგი და მიმზიდველი ბიზნესია, მაგრამ ეს არ არის ის საქმე, რომლითაც ბანკი უნდა დაკავდეს. სხვა მიმზიდველი საქმიანობის სფეროებია სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო სექტორი, სამშენებლო მასალები, მაგრამ აღნიშნულ სექტორებთან დაკავშირებით ბანკის შესაძლო საქმიანობა მხოლოდ კრედიტის გაცემა და მათთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაა. შესაძლებელია, სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციები საინვესტიციო ფონდებმა განახორციელონ, მაგრამ ბანკი ბანკია და მან კრედიტები უნდა გასცეს.
– რამდენი ფილიალი აქვს თქვენს ბანკს?
– ეს ბანკის ჰედოფისია და ჯერჯერობით ჩვენი ერთადერთი ფილიალია, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ფილიალების გახსნის სხვადასხვა შესაძლებლობებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სტრატეგია დიდი ქსელი და ბევრი ფილიალი არ არის, რადგან ჩვენ მიერ დასახულ მიზანს ბევრი ფილიალი არ სჭირდება.
– როდის გაიხსნა ბანკი საქართველოში და ახდენს თუ არა რაიმე გავლენას მოახლოებული არჩევნები და პოლიტიკური სიტუაცია თქვენს საქმიანობაზე?
– საქართველოში დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობისა და მოახლოებული არჩევნების გამო ჩვენი გეგმები არ იცვლება. ბანკი საქმიანობას ძველებურად განაგრძობს. გასაგებია, რომ ხალხი არჩევნებს და მის შედეგებს ელის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ უარყოფითი გავლენის რაიმე ნიშანს.
– დაატყობს თუ არა პირველი ბრიტანული ბანკი სერიოზულ კვალს ქართულ საბანკო სექტორს? რომელიმე ბანკს თქვენს მთავარ კონკურენტად თუ მიიჩნევთ?
– არსებობს ერთი მარტივი მიზეზი, ჩვენ ყველანი ბანკები ვართ, ამიტომ ყველა ბანკი ჩვენი კონკურენტია, რადგან თეორიულად შესაძლებელია ყველა ბანკმა ერთი და იგივე პროექტი განახორციელოს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ბაზარი საკმაოდ დიდია და შესაძლებელია ყველა საკუთარი საქმით იყოს დაკავებული. მაღალი კონკურენცია მომხმარებელთა მოზიდვის შანსებს ზრდის, მისი საშუალებით სტიმული ეძლევა ინოვაციებს და მომხმარებელისთვის ახალი პროდუქტების შევთავაზების შესაძლებლობა გვექნება. ხელსაყრელ პირობებს შევთავაზებთ იმ კლიენტებსაც, რომლებზეც მთავარ ორიენტაციას ვიღებთ და მაღალი დონის მომსახურებას გავუწევთ მომხმარებელს. რაც შეეხება მთავარ კონკურენტს, რომელიმე ბანკს ვერ გამოვყოფ.

ნუგზარ ფიფია
– ბატონო ნუგზარ, როგორ გაჩნდა საქართველოში პირველი ბრიტანული ბანკის შემოსვლის იდეა?
– იდეა გაჩნდა ლონდონში. საინვესტიციო კომპანია “მონტე კრისტო კაპიტალს” გაუჩნდა საქართველოში ბიზნესის წარმოების სურვილი. მიმდინარე წლის მაისში კომპანიის წარმომადგენლები თბილისს ეწვივნენ. გაიმართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ბიზნესმენებთან და საქართველოში მოქმედი ბანკების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. მათ შეისწავლეს საქართველო, ჩავიდნენ ფოთსა და ზუგდიდში. შეხვედრების დროს საქართველოში საქმიანობის ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად საბანკო სექტორი დაასახელეს. მოგვიანებით მოქმედი ბანკის ყიდვა გადაწყდა, რადგან ახალი ბანკის ჩამოყალიბებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. შევისყიდეთ მოქმედი ბანკი “ბანკი თეთრი”, რომელსაც სამი აქციონერი ჰყავდა, მათ შორის ორმა აქციონერმა აქციები გაყიდა, მთავარი აქციონერი კი “თბილავიასერვისი” და მისი გენერალური დირექტორი ბატონი პანტიკო თორდია გახლდათ, რომელიც აქციათა 68%-ს ფლობდა. საინვესტიციო კომპანიამ შეიძინა საკონტროლო პაკეტი და აქციათა 67%-ის მფლობელი გახდა. პანტიკო თორდია დარჩა, როგორც ფიზიკური პირი და ის აქციების 33% ფლობს. “ბანკი თეთრის” ბაზაზე დაფუძვნდა “პირველი ბრიტანული ბანკი”. რაც შეეხება მის სახელს, ეს საქართველოს ბაზარზე შემოსული პირველი ბრიტანული ბანკია, რადგან HBC ბანკი საქართველოში შემოსულია, თუმცა ისინი ჯერ არ მუშაობენ, რადგან ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები გაუხანგრძლივდათ.
– საქართველოში “პირველი ბრიტანული ბანკის” აქტიური სარეკლამო კამპანია დაწყებული არ არის.
– ამისთვის ყველაფერი კეთდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საქმიანობის დასაწყისს ნოემბრის ცნობილი მოვლენები დაემთხვა, ამიტომ სატელევიზიო სარეკლამო კამპანიაც ცოტა ხნით გადაიდო. არის კიდევ ერთი ფაქტორი, ბანკი თეთრი მოცულობით პატარა ბანკი იყო და კაპიტალის მიხედვით 18 ბანკს შორის 17-ე ადგილს იკავებდა. მაგრამ ჩვენ მიმდინარე წლის დეკემბერში ან იანვარში საწესდებო კაპიტალით ემისიის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან პირველ ათეულში მოხვედრას ვგეგმავთ. ამის შემდეგ აქტიური სარეკლამო კამპანიაც დაიწყება.
უნდა ითქვას, რომ ბანკს პრობლემები არ აქვს, კრედიტის გაცემაც შეგვიძლია, რადგან “პირველ ბრიტანულ ბანკს” ეროვნულ ბანკში თავისუფალი ფული აქვს. თვენახევარია, რაც ეროვნული ბანკის ფასიან ქაღალდებს ვყიდულობთ, რაშიც მხოლოდ 5-6%-ს ვიღებთ, ხოლო კრედიტების რეალური ფასი ყველამ კარგად იცის.
– მოცემულ მომენტში ბანკს ყველა საბანკო ოპერაციის წარმოება შეუძლია?
– ჩვენს ბანკში ყველა საბანკო ოპერაციაა, ჯერჯერობით თავი ავარიდეთ კომუნალურ გადასახადებს, რადგან ქსელი არ გვაქვს და მხოლოდ ერთი ფილიალი ყველა მსურველს ვერ დაიტევს.
– ბანკი ფილიალების გახსნას საქართველოს მთელი მასშტაბით აპირებს?
– დიახ, მთელი მასშტაბით ვაპირებთ, პირველ რიგში, ალბათ ფოთში, ბათუმსა და თბილისში გაიხსნება ჩვენი ბანკის ფილიალი.
– მოახლოებული არჩევნები და მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები თუ აისახება თქვენს გეგმებზე?
– ბანკში ინგლისური კაპიტალია ჩადებული, საქართველოში კი ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, დასავლეთში კი ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვერ გეტყვით, რომ პოლიტიკური სიტუაცია ბანკის გეგმებზე უარყოფითად აისახა.