საფინანსო-საბანკო გვერდი
რედაქციისაგან
სექტემბრის თვის ბოლო დეკადაში საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ წარდგენილი კომპანიების აქციებიდან გარიგება დაიდო “საქართველოს ბანკის”, “თბილელექტროაპარატის”, “თბილღვინოს”, “ტრანსმშენის” და “გაერთიანებული ქართული ბანკის” აქციებზე. გარიგების საერთო ღირებულებამ 560332 ლარი შეადგინა.
ოქტომბრის თვეში საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ წარდგენილი კომპანიების აქციებიდან გარიგება დაიდო ასევე “საქართველოს ბანკის”, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე “ბიზნეს-ცენტრის”, “საქქალაქმშენპროექტის”, “საქტრანსპროექტი-მწვანე ოფისის”, “თბილელექტროაპარატის” და “ტრაქტების” აქციებზე საერთო ღირებულებით 89,743 ლარი. 41,226 ლარი შეადგინა “საქართველოს ბანკის”, “თბილელექტროაპარატის” და უნივერმაღ “თბილისის” აქციების საერთო ღირებულებამ. ამავე პერიოდში დაიდო გარიგება “ჩარხმშენებლის”, “მასპინძელის” და “საქართველოს ბანკის” აქციებზე. გარიგების საერთო ღირებულებამ 32760 ლარი შეადგინა.
სულ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ოქტომბრის თვეში გარიგებათა საერთო მოცულობამ შეადგინა 23457000 ლარი.
საბანკო სექტორი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სარეზერვო ფულის ყველაზე დიდი კომპონენტის – მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის პროცენტული ცვლილება მიმდინარე წლის დასაწყისიდან 9,4% შეადგენს, ხოლო მისი მოცულობა 739,5 მლნ. ლარამდეა გაზრდილი.
სამომავლოდ მოსალოდნელია საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის 15 მილიონიდან 40 მილიონ ლარამდე ზრდა, რაც საერთაშორისო ვალდებულებებითაა გათვალისწინებული. კერძოდ, ბანკის რეგულირების ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციით, ცენტრალური ბანკის საწესდებო კაპიტალი მთლიანი აქტივების 8-10%-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მთლიანი აქტივები 1 მილიარდი ლარია, ხოლო საწესდებო კაპიტალი ამჟამად 15 მილიონ ლარს არ აღემატება, რაც კაპიტალის 1%-ზე ნაკლებია. მსგავსი ანალოგი არ არსებობს ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მათ შორის ისეთ პატარა ქვეყნებშიც კი, როგორიცაა სომხეთი და მოლდოვა.
ზემოთ აღნიშნულ 40 მილიონ ლარამდე სებ-ის საწესდებო კაპიტალის ზრდას ითვალისწინებს “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი ნოემბრის პირველ სასესიო კვირას განიხილავს.