რობერტ ქრისტიანსენი: საქართველოს ეკონომიკის პროგნოზები (2008 წელი)
რედაქციისაგან
(მასალა ჩაწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე ნოემბერში მისი სტუმრობის დროს)
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი მშენებლობის ისტორიაში განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო საფინანსო ორგანოების, განსაკუთრებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიებისა და პროგრამების დახმარება ასრულებს. ეს იყო ლარის, საკუთარი ვალუტის შემოღებისას, საბიუჯეტო სახაზინო სისტემების და თანამედროვე საბანკო სიტემების შექმნის საქმეში, ზოგად ეკონომიკური სტაბილიზაციის და საკანომდებლო ბაზის მოწესრიგების საქმეში ტექნიკური დახმარებები. გარკვეული კრიტიკაც იყო საქართველოს თავისებურებების გაუთვალისწინებლობის და გარკვეული ბიუროკრატიული გადახრების გამო, მაგრამ საერთოდ უდიდესია მათი წვლილი ეკონომიკის ლანდშაფტის შექმნასა და სრულყოფაში. თითქმის 14-წლიანი მოღვაწეობის შემდგომ ისინი ტოვებენ საქართველოს და აცხადებენ, რომ თქვენ ისედაც რეფორმისტები ხართ და ჩვენი დახმარება არ გჭირდებათო. ყოველ შემთხვევაში ეს არის საქართველოში მისიის დახურვის მათეული ოფიციალური არგუმენტი, მაგრამ თან დასძენენ სერიოზული ინფლაციის საშიშროებაზე, საბიუჯეტო დეფიციტის დარღვეულ ნორმაზე და სახელმწიფო ხარჯების შემცირების აუცუილებლობაზე სავაჭრო დეფიციტის კლებასთან ერთად. მათი აზრით, მიტინგებამდე საქართველომ საექსპორტო სფეროში გარდატეხას მიაღწია იმ თვალსაზრისით, რომ ჯართის ნაცვლად პირველ ხაზზე საექსპორტო კალათაში გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია გავიდა. ეს უკვე დადებითი ტენდენციაა და ინვესტიციების ზრდაც დამაიმედებელი სიგნალი იყო, კარგია არჩევნების ადრე დანიშვნა, რადგან დროზე მორჩება საარჩევნო მოლოდინი და დაიწყება საინვესტიციო, უფრო სწორედ განახლდება საინვესტიციო ზრდა, თუ ინფლაციამ არ შეუშალა ხელი.
აი როგორ შეფასებებს აძლევს, წასვლის წინ სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ბატონი რობერტ ქრისტიანსენი საქართველოს ეკონომიკას:
რობერტ ქრისტიანსენი:
მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვა. ინფლაცია გაიზრდება
მაკროეკონომიკურ ნაწილში საქართველოს უპირველესი პრობლემა ინფლაციაა. ის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპებით გამოირჩევა და ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: საწვავზე და საკვებ პროდუქტებზე მსოფლიოში ფასების ზრდით; მიმოქცევაში ლარის გამოშვების მატებით; ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სწრაფი ზრდით, დეფიციტის მატებით და სავაჭრო ბალანსის მზარდი დეფიციტით.
თითოეული ფაქტორის ანალიზის დროს თვალსაჩინოა, რომ მწარმოებელთა ინდექსსა და სამომხმარებლო ფასების ინდექსს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია – ეს არის 0,92. რა მდგომარეობა იყო მწარმოებელთა ინდექსში შარშან ივნისში, როდესაც ინფლაციის პიკი იყო, იგი ზუსტად ემთხვევა, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებას გასული წლის ივლისისას. დღევანდელი მონაცემით ეს მაჩვენებელია 18.2%. აშკარა კავშირია ამ ორ მონაცემს შორის. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ალბათ ინფლაცია გაიზრდება. რა იწვევს ინფლაციის ზრდას? რა ფაქტორები მოქმედებს მასზე? იმპორტის ზრდა, როდესაც ეროვნული ბანკი ახდენს ემისიას, იმპორტირებული პროდუქტის ფასი, ორი ძირითადი პროდუქტი, რომლის იმპორტიც ხდება საქართველოში, ეს არის ნავთობი და საკვები პროდუქტები. 2004 წლიდან ნავთობის ფასი მსოფლიოში იზრდებოდა სისტემატურად და ეს ხელს უწყობდა ინფლაციას, საკვები პროდუქტები, ძირითადად ხორბლეული გაძვირდა. 2006 წელს ძალიან სწრაფად გაიზარდა ფასი ამ პროდუქტებზე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ავხსნათ ინფლაცია საქართველოში. მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – ეს არის ფულის ემისია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფართო ფული M-2, 60%-ით გაიზარდა. ეს, ჩემი აზრით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იწვევს ინფლაციას. რითი არის გამოწვეული ფულის მიწოდების ასეთი სწრაფი ზრდა? რა ფაქტორებით შეიძლება ამის ახსნა?
რატომ ყიდულობს ეროვნული ბანკი დიდი რაოდენობით დოლარებს?
არის ასეთი მოსაზრება, რომ ლარი თუ კიდევ უფრო გამყარდება, ეს საფრთხეს შეუქმნის ექსპორტს. ამ კუთხით ძალიან დიდი საფრთხე ექსპორტს არ ემუქრება და ამაში დავრწმუნდებით, თუ მისი კალათის წამყვან მუხლებს გადავათვალიერებთ. შეიძლება იაფი დოლარი ხელს უწყობდეს შიდა წარმოების განვითარებას, რადგან წარმოების უმრავლესობა იმპორტულ ნედლეულზე მუშაობს და იაფი დოლარის პირობებში უფრო კონკურენტული ხდება. საქართველოს ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. არის ორი ფაქტორი, როდესაც ფულის ერთეულის გამყარებაზე ვსაუბრობთ, ეს არის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება (იხ. დიაგრამა #1). 2006 წლის დასაწყისიდან ნომინალური გაცვლითი კურსი მიდიოდა ლარის გამყარებით. ამ ფაქტორს უარყოფითი გავლენა დიდად არ მოუხდენია, რადგან იმავდროულად ხდებოდა ინფლაციის კონტროლი და იგი საკმაოდ მისაღებ დონეზე იყო. მეორე არის რეალური გაცვლითი კურსი. ეროვნულმა ბანკმა გაატარა ძალიან კარგი მონეტარული პოლიტიკა და გააკონტროლა იგი. ინფლაცია რეალური გაცვლითი კურსის ზრდის შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მაკროეკონომიკური სტაბილურობის.
მთავრობის დანახარჯები – მთავრობას აქვს საშუალება გავლენა იქონიოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამის მეთოდი არის ფისკალური პოლიტიკა. ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია: იზრდება შემოსავლები და ის 2008 წელს თითქმის 5 მილიარდია, ასევე ძალიან სწრაფად გაიზარდა ხარჯებიც, განსაკუთრებით 2007 წელს. ეს იწყება ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, როდესაც მთავრობამ დაიწყო მუშაობა. 2004 წელს მთავრობას დაახლოებით 2 მილიარდი დანახარჯები ჰქონდა. 2005 წელს ეს დანახარჯები 56%-ით გაიზარდა, 2006 წელს – 39,2-ით, 2007 წელს კიდევ 39%-ით. ასევე პროპორციულად გაიზარდა დეფიციტი – 2004 წელს ძალიან მცირე დეფიციტი იყო, ყოველ წელს დეფიციტის ოდენობა იზრდება (იხ დიაგრამა #2). ეს არის ლარების ინექცია საქართველოს ეკონომიკაში, ყოველი დახარჯული 3 ლარიდან, 1 ლარი მთავრობის დანახარჯია. მე მჯერა, რომ მთავრობას შეუძლია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოს, მაგრამ როდესაც დანახარჯები ასე სწრაფად და პროგრესულად იზრდება, წარმოიქმნება ბუნებრივი შეკითხვა, რამდენად მართებულია ასეთი დანახარჯები? მაგრამ ჩვენი განხილვის ძირითადი ნაწილი არის ამ დეფიციტის განხილვა, რომელიც აქ არის ნაჩვენები (იხ. დიაგრამა #2).
რატომ არის ასეთი დეფიციტი? იმიტომ, რომ ძალიან კარგია ხარჯვა. პრობლემაა შემოსავლების მხარე, საიდან მოდის მთავრობის შემოსავლები? გადასახადები რა ფორმით მოდის და საიდან?
პრივატიზება. მთავრობა ყიდის მის აქტივებს, იღებს ამ ფინანსურ შემოსავლებს და ხარჯავს. ეს პროცესი მდგრადი ვერ იქნება. 2 კითხვა წარმოიშვება – რა მოხდება, როდესაც აღარაფერი დარჩება გასაყიდი? მაკროეკონომიკური სტაბილურობის შედეგები რა იქნება? ინფლაცია გაიზრდება, მთავრობას უყვარს ფულის ხარჯვა.
ყოველთვის შეიძლება დააკვირდეთ, თუ როგორ უყვარს მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, რამდენი ცვლილება შევა ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტში. წელს დაახლოებით 3 ცვლილება იყო უკვე და შეიძლემა მეოთხეც იყოს.
ბიუჯეტის პირველი ცვლილება არც ისე ცუდი იყო. მას რომ შევხედეთ, ვიფიქრეთ, რომ 50 მილიონი ლარი პროფიციტი იქნებოდა, რაც ძალიან კარგი და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით მისაღები იქნებოდა, სამწუხაროდ, ამ ბიუჯეტმა დიდხანს ვერ გასტანა. 3 ცვლილება იქნა შეტანილი წლევანდელ ბიუჯეტში და იმ პატარა პროფიციტის ნაცვლად მივიღეთ დეფიციტი. დამატებითი დანახარჯებიდან, რომელიც შეიტანეს ბიუჯეტში, 41% არის უცხოური დანახარჯები, რასაც გავლენა არა აქვს ინფლაციაზე, მაგრამ 16% არის შიდა დანახარჯები, რაც ასევე ხელს უწყობს ინფლაციას. იმიტომ რომ არის დეფიციტი და იზრდება ადგილობრივი დანახარჯები, ე.ი. ინფლაცია იზრდება ადგილობრივ ბაზარზე.
დღეისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით საქართველოში პრობლემაა. ცალკე განხილვის საგანია მზარდი უცხოური ინვესტიციების სტერილიზაცის თემა. უცხოური ინვესტიციების მართვისათვის საჭიროა მთავრობამ გაატაროს პოლიტიკა, ერთი არის მკაცრი ფისკალური პოლიტიკა და უნდა იყოს ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ლარის რეალური გაცვლითი კურსის სტაბილიზაციისაკენ იქნება მიმართული.
გასული წლის განმავლობაში ტენდენცია სტაბილური იყო. ლარი სწრაფი ტემპით მყარდება, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა. დღეისათვის ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი რაოდენობის ლარი შეიძინა წინა წელთან შედარებით, ამიტომ სხვა მხრიდან რომ შევხედოთ ეკონომიკას, საფრთხე მაინც ჰქონდა, ვინაიდან ლარის ოდენობა იზრდებოდა, ამის შედეგია ისევ და ისევ ინფლაცია. უკვე ვხედავთ ინფლაციის გამომჟღავნებას, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 11%-ს უდრიდა (იხ. დიაგრამა #5). დეკემბრის ბოლოსთვის აუცილებლად უფრო მაღალი იქნება და შემდეგი წლისთვის ალბათ კიდევ უფრო მაღალი გახდება. მთავრობა ეძებს დანახარჯების შემცირების გზებს, მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების გამო ძალიან ძნელია შეამცირო სახელმწიფო დანახარჯები. ამიტომ ჩემი აზრით, შემდეგი 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ძნელი იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, კრიზისი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ სირთულეები იქნება.
რამდენიმე წლის პროგნოზი – საქართველოში ეკონომიკა კარგად რომ განვითარდეს, აუცილებელია ექსპორტის ზრდა. ექსპორტი სტაბილურად მცირდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, (იხ დიაგრამა #4), იმპორტი კი იზრდებოდა. ეს არის საპირისპირო იმისა, თუ რა სურათი გვინდა დავინახოთ. მაგრამ 2007 წლის მეორე და მესამე კვარტალშიც ექსპორტი გაიზარდა. ისმოდა კითხვა – ეს მდგომარეობა მდგრადია თუ არა? ამ კითხვებს რომ პასუხი გავცეთ, უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ რა პროდუქტებია საექსპორტო. თუ ჯართია, ეს კარგის მაჩვენებელი არ არის. 2007 წლის მეორე კვარტალში ჯართის ექსპორტი 50%-ით გაიზარდა. მაგრამ არის საექსპორტო კარგი პროდუქტების მაჩვენებელი – ლითონი, სასუქი, ცემენტი. ინვესტორების წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია კარგ პროდუქტს აწარმოებდეს. მაგრამ ამ პროდუქტის ექსპორტით, მაგალითად ჯართით, არც ისე ბევრი სამუშაო ადგილი წარმოიქმნება.
ჩემი დასკვნა ექსპორტთან და ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით მეტად ოპიტიმისტურია. უკვე ვხედავთ გარკვეულ ნიშნებს, რომ ექსპორტი მდგრადი იქნება – ეხლა ერთ-ერთი უკანასკნელი პრობლემა. მაშინ როდესაც სიტუაცია გაუმჯობესდა, წარმოიშვა ერთი დამატებითი პრობლემა. კერძოდ, ჩვენ ვახსენეთ, რომ ყველა ინვესტიციის შემოდინება დამოკიდებულია ინვესტორების რწმენაზე – საქართველოში ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით. მაკროეკონომიკური არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ინფლაციას. არის მოსაზრება, რომ პოლიტიკური არასტაბილურობაც უარყოფით გავლენას ახდენს. თუ ინვესტორებს ეშინიათ, ხედავენ რისკს, მაშინ ისინი ფულს არ ჩადებენ. წლის დასაწყისისთვის ჩემი პროგნოზით ინვესტიციების მოცულობა იქნებოდა 2,4 მილიარდი დოლარი. ეს ცოტათი შევამცირეთ, რადგან დავინახეთ რომ თვის დასაწყისში ინვესტიციების ოდენობა ცოტათი შემცირდა. ამ მომენტისთვის ჩვენ არც კი ვიცით რას უნდა ველოდოთ შემდგომ. როდესაც არჩევნები 2008 წლის ბოლოსკენ იყო დაგეგმილი, ვთვლიდით, რომ ინვესტიციები შემცირდებოდა. როდესაც არჩევნები წინ გადმოიტანეს, ვთვლით, რომ ეს ინვესტორების თავდაჯერებაზე კარგად იმოქმედებს და რომ 2008 წელსინვესტიციები იქნება 2,5-3 მილიარდი. მაგრამ ეს არის ის გაურკვევლობა, რომლის წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა დგას. წინა კვირას ჩემი კოლეგები ვაშინგტონიდან ჩამოვიდნენ და ჩვენ ვსაუბრობდით, თუ რას უნდა ველოდოთ. შეიძლება ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს 12-13%, დიდი რაოდენობით ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ შეიძლება ამის საპირისპიროც მოხდეს. ინვესტიციების სწრაფი შემცირება და ეკონომიკური ზრდის 5%-მდე დაცემა. მინდა გადმოგცეთ მესიჯი – ეკონომიკას სჭირდება სტაბილურობა. საუბარია მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, რაც ნიშნავს ინფლაციის შემცირებას. ინფლაცია დამანგრეველია ეკონომიკისთვის. ამავდროულად გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, რათა ინვესტიციები გაიზარდოს. 2 მილიარდი დოლარი საკმაოდ დიდი თანხაა და ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეკონომიკური ზრდა მდგრადი იქნება. ექსპორტის ზრდაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია სტაბილურად და კარგად განვითარდეს. მაშინ როდესაც სტაბილურობის მხრივ გვქონდა დადებითი შედეგი, აი მაშინ დაგვეწყო პრობლემები. მაგრამ მე მინდა ვიყო ოპტიმისტი და მჯეროდეს, რომ შემდეგ წელს, ზუსტად ამ დროს ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება.