საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარი – სიახლეები და საერთაშორისო ტენდენციები
მაკა ღანიაშვილი
თუ XIX საუკუნე ტექნიკური პროგრესის ხანად მოინათლა, XX საუკუნე – პოსტმოდერნისტულად, XXI საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა, როცა მთავარი პროდუქტი და რეალური ვალუტა ინფორმაციაა. დღეს მთელი სამყარო ელექტრონული კავშირების მაღალ ტექნოლოგიებს ემყარება და კომუნიკაციებს ეკონომიკის განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ქვემოთ ჩვენ ინტერნეტის განვითარების საერთაშორისო ტენდენციებსა და საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის სიახლეებზე ვისაუბრებთ.
თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე. საერთაშორისო სტანდარტებით, ინტერნეტი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებაა – ამოქმედებიდან 4 წელში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 50 მილიონამდე გაიზარდა, მაშინ, როცა რადიომ ანალოგიურ მაჩვენებელს – 38 წელში, ხოლო ტელევიზიამ 13 წელში მიაღწია. 1994 წელს, როცა ინტერნეტის 25 წლისთავი აღინიშნა, ის უკვე ასეულ ათასობით ქსელს აერთიანებდა და მილიონობით მომხმარებელი ჰყავდა.
ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს მრავალფუნქციური სერვისია. გარდა იმისა, რომ ის გამოიყენება მონაცემთა გაცვლისათვის და არის მედიუმი კომუნიკაციებისათვის, ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის საწარმოებლად – თითქმის ყველა ბიზნეს-კომპანია ინტერნეტის საშუალებით ცდილობს საკუთარი ბიზნესის გაფართოებას. ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის (E-commerce) სხვადასხვა სახეები არსებობს: როდესაც ეკონომიკა აერთიანებს ბიზნეს ორგანიზაციებს (B2B); ბიზნესსა და მომხმარებელს (B2C); ბიზნესსა და მთავრობას შორის (B2G); მომხმარებლებს (C2C) და მობილურ კომერციას (m-commerce).
ინტერნეტი Online უნივერსიტეტებისა და სასწავლო კურსების მეშვეობით – თანდათან ამკვიდრებს განათლების მიღების განსხვავებულ სახესა და მეთოდებს.
საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია “netcraft”-ის მონაცემებით, 2006 წლის ბოლოსთვის ინტერნეტსაიტების რაოდენობამ ას მილიონს მიაღწია. პროვაიდერების ცნობით, მათგან ნახევარი აქტიურია. 1995 წელს, როდესაც “netcraft”-მა ინტერნეტსივრცის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება დაიწყო, ინტერნეტსაიტების რაოდენობა მხოლოდ 18000 იყო, 2004 წლის მაისში 50 მილიონს მიაღწია, ხოლო ბოლო 2 წელიწადში კი 2-ჯერ გაიზარდა. “netcraft”-ის ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად ინტერნეტსაიტების რაოდენობის ზრდა იგრძნობა აშშ-ში, გერმანიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.
დღეს უდიდესი ღირებულება ინფორმაციის ურთიერთ გაცვლის სისწრაფეს აქვს. ინტერნეტმა შეითავსა მედიასაშუალებების ფუნქციები და მომხმარებელთა ინფორმირება ახლა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რასაც ელექტრონული გაზეთის გაჩენამაც შეუწყო ხელი. ელექტრონული მედია, ისევე როგორც მთლიანად ინტერნეტი, თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება. აშშ-ში პირველი ელექტრონული გაზეთი The Electronic Club ქსელში 1990 წელს განთავსდა, რასაც პერიოდული გამოცემების ელექტრონული ვერსიების ბუმი მოყვა. სტატისტიკის მიხედვით, 1995 წლის დასაწყისში ინტერნეტში მხოლოდ 100 ელექტონული გაზეთი იყო განთავსებული, ერთ წელიწადში მათი რიცხვი 815-ს შეადგენდა, ხოლო წლინახევრის შემდეგ – 1115-ს. 1999 წელს ელექტრონული გაზეთების რაოდენობა 5000 აღწევდა. საქართველოში არსებულმა ქსელსგარე მედიამ ინტერნეტის, კერძოდ კი, ელექტრონული ფოსტის ათვისება 1995 წლიდან დაიწყო. 1997-98 წლებში გაჩნდა გაზეთების, ტელე და რადიო ორგანიზაციების პირველი ელექტრონული ვერსიები, რომელთაც უფრო საცნობარო ხასიათი აქვს. თუ ინტერნეტამდელი მედიის რომელიმე ორგანოს არ ქონდა საკუთარი ელექტრონული მისამართი, ეს სირცხვილად ითვლებოდა, თუმცა ამ მისამართს პრაქტიკულად სარედაქციო საქმიანობისათვის უბრალოდ არ იყენებდნენ. თვით ინტერნეტმა კი ინტერნეტამდელი მედიისაგან დაიწყო ფორმირება და მეთოდების სესხება, თუმცა აკუსტიკური, ვიზუალური და გრაფიკული სახით განთავსებული ინფორმაცია რეალურ ინფორმაციად ნაკლებად იქცეოდა. ამის ძირითადი მიზეზიც მომხმარებლის ტექნიკური სიღარიბე და ინტერნეტის არამასობრიობა იყო. ყველა ეს პრობლემა ქმნიდა იმის საფუძველს, რომ მედიასაშუალებებს ბოროტად ესარგებლათ ქსელით. სწორედ ამ პერიოდში ახასიათებდა პრესას ინტერნეტიდან მოპარული მასალებით გვერდებისა და ეთერის შევსება, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ტენდენციაა. შემდეგ ეტაპზე მსოფლიო საინფორმაციო კომპიუტერულ ქსელში შესაძლებელი გახდა პრესის, რადიოს, ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოების სრული ინტეგრაცია. ამიტომ ინტერნეტამდელი მედიის წინაშე დადგა ახალი მედიის სათავისოდ გამოყენებისა და საკუთარი საქმიანობის გარდაქმნა-დახვეწის აუცილებლობა. ამის გამო საჭირო გახდა პრესის, ტელევიზიისა და რადიოს ორგანოთა მიერ მუდმივად განახლებადი ინტერნეტვერსიების შექმნა, ახალ ინტერნეტგამოცემათა ჩამოყალიბება. მთლიანად გარდაიქმნა რედაქციათა მართვა და ის უფრო მოქნილი და მობილური გახდა. საქართველოშიც პრესის, რადიოს, ტელევიზიის გამოშვებათა მასალებით უზრუნველყოფა ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ხდება. საბოლოოდ მოხდა ინტერნეტისა და ინტერნეტამდელი მედიის რესურსების გაერთიანება, რამაც უმსხვილესი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ჰოლდინგები შექმნა, როგორებიცაა, მაგალითად, CNN-I – აშშ-ში, BBC-I – ინგლისში, DW-I – გერმანიაში და სხვა.
გარდა ამისა, სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს ინტერნეტს მობილური ტელეფონის საშუალებით. 1997 წელს კომპანიები “მოტოროლა”, “ნოკია” და “ერიქსონი” გაერთიანდნენ მობილური ტელეფონის მეშვეობით მონაცემთა მიღება-გადაცემის გლობალური სტანდარტის ჩამოყალიბების მიზნით. დღეს მობილური ტელეფონით მონაცემთა მიღება თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა არსებობს მობილურ-ინტერნეტის ერთი “უხერხულობა” – მობილური აპარატების მცირე ზომის ეკრანი, შეზღუდული მეხსიერება და გადაცემის დაბალი სიჩქარე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულად წარმოჩინდეს სტანდარტული HTML ინტერნეტგვერდი. შესაბამისად, ტელეფონის ეკრანზე მიღებული ინფორმაცია მცირე ზომისაა და ფაქტობრივი მონაცემებისაგან შედგება. მიუხედავად ამისა, მობილურ-ინტერნეტით მომხმარებელთა ინფორმირების საშუალებას აქტიურად იყენებენ მსხვილი საინფორმაციო სამსახურები (მაგალითად BBC). ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მობილურ-ციფრული კომუნიკაციის ბაზრის უსწრაფესი ზრდა განპირობებული იქნება მობილური ტელეფონებით ინტერნეტთან კავშირის გლობალური სტანდარტიზაციით, რაც საშუალებას მისცემს ოპერატორ კომპანიებს ციფრულ-ინფორმაციული სერვისის ფართო სპექტრი შესთავაზონ აბონენტებს.
მიუხედავად ინტერნეტის ასეთი მზარდი მნიშვნელობისა, დღეისათვის მისი მომხმარებელი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია. ინტერნეტი არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებთათვის. ექსპერტების შეფასებით განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტის ნაკლებ პოპულარობას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს:
1. ლოკალური ინფორმაციული ბარიერი;
2. “წიგნიერების” ბარიერი;
3. ენის ბარიერი;
4. კულტურული მრავალფეროვნება და განსხვავება.
ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერების მუშაობას ძირითადად კომერციული ინტერესები განსაზღვრავს, ვებ-გვერდები ხშირად მხოლოდ მოგებაზეა გათვლილი, რაც განაპირობებს ინტერნეტმომხმარებლთა ფართო მასების ინტერესის უგულებელყოფას – უბრალო მუშა ან მშენებელი ნაკლებად პოულობს მისთვის საინტერესო ინფორმაციას ინტერნეტში, რადგან მათთვის საჭირო ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება შეიძლება კომერციულად ნაკლებად მომგებიანი იყოს, ვიდრე თუნდაც ფილმები და მუსიკალური კლიპებია, რომელთაც დიდი კომერციული მოგება მოაქვს. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა არამომგებიანი ინიციატივები უნდა გახდეს – არა მოგებაზე, არამედ მომხმარებელთა ფართო მასების საჭიროებასა და ინტერესზე გათვლილი ვებგვერდების შექმნით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტს მოსახლეობისათვის ნაკლებ მიმზიდველსა და კომფორტულს ხდის არის წიგნი. განსაკუთრებით ძველი თაობის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ წიგნი მათთვის შეუცვლელია და კომპიუტერი მხოლოდ ინტელექტის დაქვეითებას უწყობს ხელს, რადგან ის ართმევს ახალგაზრდებს იმ დროს, რომელსაც ისინი წიგნის კითხვაში უნდა ატარებდნენ. თუმცა არის ალტერნატივა, რომელმაც ნაწილობრივ მაინც უნდა შეუწყოს ხელი ამ შეხედულების შეცვლას – ეს არის ელექტრონული წიგნი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც სულ უფრო იკიდებს ფეხს.
უმნიშვნელოვანესია ენის ბარიერის საკითხიც. მსოფლიო მასშტაბით ვებგვერდების დაახლოებით 70% ინგლისურენოვანია. როდესაც ინტერნეტ- კომერციაზე ვსაუბრობთ, ინგლისურენოვანი გვერდების პროცენტული წილი კიდევ უფრო იზრდება, შესაბამისად არაინგლისურენოვან მომხმარებელთათვის რჩება ცოტა ვებ-გვერდი, რომელთა საშუალებითაც მათ ინფორმაციის მიღება თავისუფლად შეუძლიათ.
საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდ გავლენაზე საუბრისას ექსპერტები კიდევ რამდენიმე ტენდენციას გამოყოფენ:
ადამიანური რესურსების “დაკარგვა” (ძველი თაობის წარმომადგენელთა ნაკლები კომპეტენტურობა კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობაში);
უმუშევრობა, რაც განპირობებულია ტექნიკური საკითხების მცოდნე კვალიფიციური კადრების არარსებობით (რაც დროებითი, მაგრამ სერიოზული პრობლემაა);
შემოსავლების ზრდას შორის შეუსაბამობა, რაც ასევე დროებითია, მანამ სანამ ახალი სამუშაო რესურსები შეიძენენ ახალ უნარებს;
გლობალიზაციის ზეგავლენა ადგილობრივ, ლოკალურ ინდუსტრიულ მოდელებზე;
განათლების ახალი სტანდარტები;
ინფრასტრუქტურის განახლება;
ცვლილებები წესებსა და რეგულაციებში (ინტელექტუალური საკუთრება, ანტიმონოპოლია და სხვა).
ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარება დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში გატარებულ პოლიტიკასა და ღონისძიებებზე. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ინტერნეტის განვითარებასა და პოპულარიზაციას ქვეყანაში. ამისათვის კი ერთ-ერთი წინაპირობა ჯანსაღი კონკურენცია და მრავალფეროვანი ბაზარია, რაც ფასების რეგულირებას განაპირობებს, ამასთან უნდა არსებობდეს ინტერნეტის მიღების ალტერნატიული გზები – ტელეფონით, კაბელით თუ უკაბელოდ. დიდია კერძო სექტორის როლიც, მაგალითად, ინტერნეტკაფეების საშუალებით ინტერნეტი სულ უფრო მეტი მომხმარებლისთვის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.
ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებს საკომუნიკაციო სისტემების განვითარების ხელშესაწყობად. საქართველო სხვადასხვა დროს ჩაბმული იყო მსოფლიო ბანკის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროპის საბჭოს (COE) მიერ ორგანიზებულ საკონსულტაციო, თუ დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს მესამე სამყაროს ქვეყნებში ინტერნეტის განვითარებას. პროგრამა მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიურ სერვისს (UNITES), ქსელის განვითარების პროგრამას (SDNP) და სასწავლო კურსებს, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრის მოსამზადებლად განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც უკეთ შეძლებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვასა და გამოყენებას.
მსოფლიო ბანკის გლობალური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი (GICT) ცდილობს დააჩქაროს წევრი-ქვეყნების ინტეგრაცია გლობალურ საინფორმაციო ეკონომიკაში, რათა ამაღლდეს კერძო სექტორების ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში, რაც შეამცირებს სიღარიბესა და გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრების დონეს. მსოფლიო ბანკი დიდ მნიშვნელოაბას ანიჭებს და სერიოზულ დახმარებას უწევს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროში. შემუშავდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით მოხდა დარგის ნორმატიული და ტექნიკური ბაზის განვითარება და მისი ჰარმონიზაცია მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკასთან, კონკრეტული მიმართულებების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება.
მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. პირველ რიგში კი, უნდა გაუმჯობესდეს ინტერნეტის ხარისხი. საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე ინტერნეტი მართლაც რომ ცუდი ხარისხისაა, ამაზე არავინ დაობს. ამის მიზეზი თანაბრად შეიძლება იყოს, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ ქვეყანაში დაბალხარისხიანი ინტერნეტის შემოტანა, ასევე “გაერთიანებული ტელეკომის” მიერ პროვაიდერებისათვის მიქირავებული კაბელიც. თუმცა “გართიანებული ტელეკომის” პრივატიზაციისა და კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ყაზახურ-ქართულ ინვესტორთა ჯგუფმა პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის გადახალისება დაისახა. ახალი ინვესტორის შემოსვლის შემდეგ საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე ვითარება დაიძაბა. “გაერთიანებულმა ტელეკომმა” ინტერნეტ-პროვაიდერებისათვის ტარიფის გაძვირება 3.5 ლარიდან 15 ლარამდე გადაწყვიტა. როგორც “გაერთიანებულ ტელეკომში” აცხადებდნენ, ტარიფის გაძვირებას არ შეეწინააღმდეგნენ მცირე ინტერნეტ-პროვაიდერები, მაგრამ 15 ლარამდე გაზრდილი ტარიფი უსაფუძვლოდ მიიჩნია ყველაზე დიდმა ინტერნეტ-პროვაიდერმა “კავკასუს ონლაინმა”. მაგრამ როცა თითოეული აბონენტი 50 ლარს იხდის, ინტერნეტ-პროვაიდერის მოგების მარჟა კი დაახლოებით 30 ლარია, “გაერთიანებული ტელეკომი” საფუძვლიანად მიიჩნევდა ტარიფის 15 ლარამდე გაზრდას. დავაში მარეგულირებელი კომისია ჩაერთო, რომელმაც დაადგინა ზღვრული ტარიფი ყველა ინტერნეტ-პროვაიდერისათვის – 11.68 ლარი. მართალია, “კავკასუს ონლაინისათვის” ტარიფმა მოიმატა, მაგრამ როგორც კომპანიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, ამ ფაქტს მომხმარებელის მომსახურების ტარიფზე არ უმოქმედია და მათთვის ძველი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება.
არის სხვა სიახლეებიც, რომელთაც “კავკასუს ონლაინი” მომხმარებელს სთავაზობს. მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, კავკასუს ონლაინმა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში წამყვანმა ამერიკულმა კომპანიამTyco თელეცომმუნიცატიონს-მა მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, Tyco თელეცომმუნიცატიონს-ი იღებს ვალდებულებას ზუსტად ერთ წელიწადში შავ ზღვაში – ფოთსა და ვარნას შორის დაამონტაჟოს წყალქვეშა ოპტიკური სისტემა, რომელიც გზას უხსნის “ევროპულ ინტერნეტს” საქართველოში. Tyco Telecommunications-ი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან კომპანიას წყალქვეშა მაღალტექნოლოგიური კომუნიკაციური სისტემების დანერგვის სფეროში. ძლიერი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა და ინდუსტრიული მიღწევების აქტიური გამოყენება კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას, დაამუშავოს და მიაწოდოს დაინტერესებულ მომხმარებელს თანამედროვე წყალქვეშა მაღალტექნოლოგიური კომუნიკაციური სისტემები. დღეისათვის კომპანიას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს შექმნილი და დამონტაჟებული 80 სახეობის წყალქვეშა მაღალტექნოლოგიური ოპტიკური ბოჭკოვანი სისტემა.
საქართველოში განსახორციელებელი პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა დასრულდება და სისტემა გაიმართება 2008 წლის სექტემბერში. 1400-კილომეტრიანი უნიკალური მახასიათებლების მქონე ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის გამტარობა 1,3 ტერაბიტი იქნება. კაბელი, რომელიც სპეციალური დამცავი საშუალებებით იქნება აღჭურვილი, აშშ-სა და ინგლისს შორის არსებული მთავარი ინტერნეტ- მაგისტრალის გამტარობაზე მაღალი მოცულობითა და სიჩქარით გამოირჩევა და მესამე თაობის კომუნიკაციების მომსახურებასაც შეძლებს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხე, ქალაქი და რაიონი მოიცვას, არამედ ევროპული ინტერნეტი მთელს კავკასიასა და კასპიის ქვეყნებს მიაწოდოს. ინტერნეტის ქართველი მომხმარებელი მაღალი ხარისხის ევროპულ ინტერნეტ-მომსახურებას ევროპიდან ერთი წლის შემდეგ დასავლეთ ევროპიდან მიიღებს, რუსეთისა და თურქეთის გვერდის ავლით.
“კავკასუს ონლაინის” კიდევ ერთი სიახლე ახალი პროდუქტის “ჯელინკის” დანერგვას ითვალისწინებს. ეს იდეაც მომხმარებლის მხრიდან სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტზე მოთხოვნამ წარმოშვა. ახალი პროდუქტის ძირითადი მახასიათებელია ინტერნეტის მიღების მაღალი სისწრაფე და ხარისხი. აქამდე არსებულ DSL-თან შედარებით მისი უპირატესობა სტაბილურობაა. DSL-ის გადაცემისა და მიღების სიჩქარე 8 მეგაბიტს აღწევს, მაშინ როცა “ჯელინკის” იგივე მაჩვენებელი წამში 10 მეგაბიტია. “ჯელინკისათვის” დამახასიათებელი მიღების და გადაცემის სიჩქარე სიმეტრიულია, ამიტომ მომხმარებელი სრულფასოვან და უხარვეზო ინტერნეტს იღებს. მაღალი სიჩქარეების გადაცემისას კი შესაძლებელი ხდება ისეთი სერვისების გამოყენება, როგორიცაა ვიდეო-კონფერენციების ჩართვა.
მიუხედევად უფრო მაღალი სიჩქარისა, “ჯელინკის” ტარიფები უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის.DSL-ის საშუალო პაკეტი 50 ლარი ღირს, ახალი პროდუქტით (10 მეგაბიტი წამში) სარგებლობისას კი თვიური გადასახადი 40 ლარია. “ჯელინკის” დანერგვა კომპანიამ ახლახან დაიწყო. რთული ტექნიკური სამუშაოების გამო, რაც ითვალისწინებს თითოეულ კორპუსში ბოჭკოვანი კაბელის შეყვანას და შემდეგ კორპუსში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განაწილებას, თბილისის ერთიანად დაფარვა მომსახურების ახალი სისტემით ვერ ხერხდება, ამიტომ ეს ეტაპობრივად განხორციელდება.