გლობალური დათბობის ფონზე მევენახეობისა და მეხილეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოს მთიან რეგიონებში
ზაურ გელიაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სსსს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ვაჟა გოგიტიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
მევენახეობა და მეხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი, ტრადიცული და უმნიშვნელოვანესი დარგებია, რომლებსაც ყოველთვის დიდი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის ეკონომიკის ფორმირებაში. ახლო წარსულში ეს დარგები მეჩაიეობასთან ერთად, განსაზღვრავდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის ხასიათს – პროფილს. 15-20 წლის წინ ამ სამი დარგის წილად მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის ღირებულების ნახევარზე მეტი.
გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში განვითარებული არასასურველი პოლიტიკური და სამეურნეო მოვლენების, აგრეთვე სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების შედეგად აღნიშნული დარგები მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი გლობალურ დათბობასაც მიუძღვის.
უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნების გრანდიოზულ საქმიანობაზე დიდი რაოდენობის საწვავი დაიხარჯა, რასაც შედეგად მოჰყვა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის და სხვა სათბურის გაზების კონცენტრაციის გაზრდა, გლობალური დათბობა და ჰაერის დაჭუჭყიანება, რაც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას.
დიდი ბრიტანეთის ჰადლის ცენტრში შემუშავებულია რუკა, რომლის მიხედვითაც ბოლო დროს დედამიწის მთელ რიგ რეგიონებში ჰაერის საშუალო წლიურმა ტემპერატურამ 0.50ჩ-დან 100ჩ-მდე მოიმატა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო ოკეანის დონის 15 სმ-ით აწევა.
საპროგნოზო გათვლებიც ამ მიმართულებით არასასრუველია. თუ გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებები არ განხორციელდა, XXI საუკუნეში ჩვენს პლანეტას ემუქრება 2-30ჩ -ით ტემპერატურის მომატების საფრთხე, რაც გამოიწვევს პოლარული ყინულების ნაწილობრივ გადნობას, მსოფლიო ოკეანისა და ზღვების დონის აწევას 40-50 სმ-ით, საგრძნობ ცვლილებებს მცენარეული საფარის განაწილებაში და სხვა შეუქცევად პროცესებს, რომლებთანაც შეგუება კაცობრიობას გაუჭირდება და მათ უარყოფით შედეგებთან საბრძოლველად კოლოსალური სახსრების გაღება მოუწევს.
ატმოსფეროში ნახშიროჟანგის ზრდის ძირითად მიზეზს საწარმოო პორცესები და ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა წარმოადგენს. მათი შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან ეს კაცობრიობის პროგრესის დამუხრუჭებას გამოიწვევს. ამიტომ მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ის საიმედო ეფექტიანი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს წარმოებისა და ცხოვრების დონის შემდგომ ამაღლებას და ამასთან ბუნებრივი გარემოსადმი, კონკრეტულად ატმოსფეროსადმი რაც შეიძლება ნაკლები (მინიმალური) ზარალის მიყენების გზით მომავალში არ გამოიწვევს ამინდის მოვლენებისა და კლიმატის შეუქცევად ცვლილებებს. აუცილებელია დროზე იქნეს გამოყენებული ყველა საშუალება ეკოლოგიური კატასტროფის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან მის შესასუსტებლად.
კლიმატური რეჟიმის უკვე მომხდარი ცვლილება ის გამაფრთხილებელი სიგნალია, რომელიც ნიშანს აძლევს კაცობრიობას, რომ ძველი აზროვნებით და ტექნოლოგიებით, ეკონომიკის მართვის არსებული პრინციპებით საქმიანობა აღარ შეიძლება. ამავე დროს საჭიროა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა და სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილონ მსოფლიო მასშტაბის იმ ახალ მოვლენებზე, რომლებიც ამჟამად ყალიბდება ეკონომიკის განვითარების ახლებურად გააზრებულ მძლავრ მიმართულებად. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებული სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნო პოლიტიკა სულ უფრო მეტად ეფუძნება გარემოს დამცავ პრინციპებს და, აქედან გამომდინარე, იზრდება ამ საქმით დაკავებული სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის შინაარსობრივი დატვირთვა, უფლებები და პასუხისმგებლობა.
კაცობრიობის მიერ ნახშიროჟანგით და სხვა ე.წ. “სათბურის ეფექტის გამომწვევი გზებით ატმოსფეროს მზარდი დაჭუჭყიანების შესაჩერებლად 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ითვალისწინებს გრანდიოზული პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მხოლოდ უკლებლივ ყველა ამ ღონისძიების განუხრელ გატარებას შეუძლია შეასუსტოს დიდი საფრთხე და გარკვეულად შეამციროს უარყოფითი შედეგები.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ გასული საუკუნის დასასრულს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა მრავალწლიური საშუალო ტემპერატურის მატება 0.80 – 100ჩ-ით, ხოლო ლანშაფტურმა ზონამ აიწია ზღვის დონიდან 100-150 მეტრით, სამი საუკუნის წინანდელ ვახუშტისეულ პერიოდთან შედარებით.
მეცნიერ-სპეციალისტები მიერ შედგენილი რუკების მიხედვით ამ საუკუნის მომავალ ათწლეულებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის საშუალო ტემპერატურის 1-2 0ჩ -ით მომატება, რაც გამოიწვევს კლიმატური პირობების კიდევ მეტად გაუარესებას, შესაბამისად საჭირო გახდება მცენარეთა გავრცელების არეალის – გადაადგილების საზღვრების გადასინჯვა და დაზუსტება.
გლობალური დათბობის შედეგად საქართველოში ჰაერის ტემპერატურის, ატმოსფერული ნალექების, მზის რადიაციისა და კლიმატის სხვა მაჩვენებლების რეჟიმის საგრძნობმა ცვლილებებმა დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, განსაკუთრებით კი ვაზსა და ხეხილს. ტემპერატურის მომატებით გამოწვეული მავნეობა ამ კულტურებზე უფრო შესამჩნევია აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ნალექების გადიდებით – დასავლეთ საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მევენახეობა და მეხილეობა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მაპროფილებელი დარგებია, რომელთა ხვედრითი წილი სოფლის მეურნეობის მთლიან პროდუქციაში არცთუ შორეულ წარსულში (15-20 წლის წინათ) შესაბამისად 18-20 და 14-16 პროცენტს შეადგენდა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა დიდი ზარალია მოსალოდნელი.
კლიმატური რეჟიმის ზემოთ წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოში დღის წესრიგში აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გადაადგილების საკითხის ახლებურად გააზრებას, აგროკლიმატური ფაქტორებისადმი მცენარეთა (ვაზისა და ხეხილის) მოთხოვნილების ზუსტ დადგენას და ამის საფუძველზე, ბაღ-ვენახების გადაადგილების ზონების დაზუსტებასთან ერთად, ხარისხიანი პროდუქციის მომცემი მიკროზონების გამოვლენას.
მაღალი ტემპერატურა და ატმოსფერული ნალექების სიმცირე ხშირად იწვევს დიდ გვალვებს, რის გამოც სავეგეტაციო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება მცენარის მოთხოვნილება წყალზე. წყლის ნაკლებობა ზაფხულობით განსაკუთრებით იგრძნობა მდ. ლიახვის ხეობაში, თბილისისა და რუსთავის საგარეუნო ზონაში არასაკმარისი ტენიანობის გამო ხილის ნაყოფი ნორმალურად ვერ ვითარდება, კულტურისა და ჯიშისათვის დამახასიათებელ სტანდარტულ კონდიციამდე (სიმსხომდე) ვერ აღწევს და დაბალი ხარისხისაა. ამ მიზეზით გამოწვეული მოსავლის დანაკარგები ხშირად 30-40%-ს აჭარბებს.
სითბოს მომატება და ნალექის დაკლება აღინიშნება აგრეთვე კახეთში, რასაც დიდი ზარალი მოაქვს. შავი ქლიავის წარმოებით ცნობილ პანკისის ხეობაში (ახმეტის რაიონი) კლიმატის ასეთი ცვლილებების შედეგად უკვე შეიმჩნევა პროდუქციის ხარისხის გაუარესების ტენდენცია.
ანალოგიური მდგომარეობაა მეხილეობის ძირითად ზონაში – შუა ქართლში. კლიმატური პირობების შეცვლამ განსაკუთრებით გააუარესა უნიკალური ცქრიალა ღვინოების დასამზადებლდად გამოსაყენებელი ყურძნის მომცემი ვაზის ძვირფასი ჯიშების: გორული მწვანეს, თავკვერის, შავკაპიტოს და სხვათა პროდუქციის ხარისხი და მკვეთრად შეზღუდა მათი გავრცელების არეალი ამ რეგიონში. ეს განსაკუთრებით საზიანოა მაღალი ღირსების ნედლეულის წარმოებით ცნობილი ატენისა და მეჯვრისხევის მიკროზონებისათვის.
ხილის ხარისხით განთქმულ მესხეთის რეგიონში გასული საუკუნის ბოლოსათვის აღინიშნა როგორც აქტიურ ტემპერტურათა ჯამის, ისე ნალექების შემცირება, რაც აგრეთვე უარყოფითად იმოქმედებს პროდუქციის ხარისხსა და ხილის მოსავალზე.
გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ნალექების მნიშვნელოვანმა მატებამ ხელი შეუწყო მავნებელ-დაავადებათა გამრავლებას.
ჭარბი ნალექები და მათი არათანაბარი განაწილება წლის განმავლობაში (პერიოდების მიხედვით) მეტად უარყოფითად მოქმედებს ვაზისა და ხეხილის ზრდა-განვითარებასა და მათი პროდუქციის ხარისხზე, არასასრუველი შედეგები ძირითადად მცენარის ყვავილობის პერიოდში ვლინდება. ირღვევა ფენოფაზების რიტმი, ადგილი აქვს ჭარბ ყვავილცვენას, მცირდება გამონასკვის პროცენტი ხეხილოვან კულტურებში, იზრდება ნაყოფცვენა და სხვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად კლებულობს მოსავალი.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მაღალი ტემპერატურა და ჭარბი ნალექები ხელს უწყობს დაავადება-მავნებლების თაობათა გაზრდას და გამრავლებას, მათი ახალი სახეობების შემოჭრას საქართველოში და სხვ. ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა ვაზის მავნებლები, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ძნელია და დიდ მატერიალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მაღალი სიცხეებით გამოწვეულ გვალვიან პერიოდში მცენარეებს ზრდა-განვითარებისა და სასიცოცხლო პროცესების ( ფოტოსინთეზის და სხვ.) ნორმალურად წარმართვისათვის დამატებით რამდენიმეჯერ სჭირდება მორწყვა (ხშირად ნორმასთან შედარებით 2-ჯერ მეტად), რაც ბევრგან ყოველთვის ვერ ხერხდება წყლის დეფიციტის გამო.
განსაკუთრებით ძვირი ჯდება დაავადება-მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც განაპირობებს პესტიციდების (შხამ-ქიმიკატების) მაღალი ფასები. მარტო მათი გამოყენების ხარჯები (შეძენა და 5-ჯერ შეწამვლა – ნორმით გათვალისწინებული) 1 ჰექტარ მსხმოიარე ვენახში 500-600 ლარამდე აღწევს. უფრო მეტი თანხები იხარჯება 1ჰა ხეხილის ბაღის შესაწამლად საჭირო პესტიციდების შეძენასა და გამოყენებაზე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ზოგჯერ ცხელი ამინდის გამო საჭირო ხდება 3-4-ით მეტი წამლობის ჩატარება, ვიდრე ეს ნორმით არის რეკომენდებული, ცხადი გახდება, თუ რა დიდი ხარჯებია გასაღები ამ ღონისძიების განსახორციელებლად.
გლობალური დათბობის შედეგად ტემპერატურისა და ნალექების მომატებით, ზოგან კი მათი შემცირებით ვაზსა და ხეხილზე უკვე მომხდარი და მომავალში მოსალოდნელი მავნე მოქმედებების თავიდან ასაცილებლად ან შესასუსტებლად საჭიროა მათი ზრდა-განვითარებისათვის ახალი ხელსაყრელი ადგილების (მიკროზონების) ძიება-შერჩევა და იქ ბაღ-ვენახების გაშენება. პარალელურად უნდა ჩატარდეს საადაპტაციო ღონისძიებები (აღდგეს მწყობრიდან გამოსული სარწყავი ქსელი, აიგოს ახალი არხები, მოხდეს მევენახეთა და მეხილეთა საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფა შხამ-ქიმიკატების შესაძენად და სხვ.), რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. ამჟამად ამის ფინანსური შესაძლებლობა საქართველოს არ გააჩნია. ამ საქმეში მას სხვა ქვეყნები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები უნდა დაეხმარონ.
გლობალური დათბობის უარყოფითი გავლენისაგან ბაღ-ვენახების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საადაპტაციო ღონისძიებას და ამასთან, დასახელებული დარგების განვითარების მნიშვნელოვანი რეზერვია ვაზისა და ხეხილის ნარგავების გაშენების ზღვარის გადაწევა ზემოთ, ვერტიკალური მიმართულებით – ზღვის დონიდან უფრო მაღლა, ვიდრე ამჟამად არის წარმოდგენილი. ამის შესაძლებლობას იძლევა კლიმატური რეჟიმის შეცვლა. ტემპერატურის 10ჩ-ით მომატება 12-14 დღით ახანგრძლივებს მცენარის სავეგეტაციო პერიოდს: დროის ამ პერიოდში დაგროვილი სითბო კი 200-ით და მეტად იზრდება, რაც შესაძლებელს ხდის ბაღ-ვენახების გადაადგილების ზღვარმა ვერტიკალური მიმართულებით 150-200 მეტრით ზემოთ გადაიწიოს.
თუ ამჟამად საქართველოში სასაქონლო დანიშნულების ვენახების გაშენების ზედა ზღვრად 1100 მ სიმაღლის ადგილები ითვლება, სადაც სითბოს მრავალწლიური საშუალო ჯამი 26000-ს შეადგენს, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კლიმატის შეცვლით ეს ზღვარი 1250-1300 მ-მდე და მეტად შეიძლება გაიზარდოს.
ჰაერის საშუალო ტემპერატურის 10ჩ -ით მომატების შემთხვევაში საქართველოში გავრცელებული ვაზის საადრეო ჯიშებისათვის საკმარისი სითბოს ჯამი (26000 ) გროვდება 1100 მ-დან (იმერეთი) -1350 მ-მდე (კახეთი და ქვემო ქართლი) სიმაღლის ფარგლებში მდებარე ფართობებზე.
ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყოველწლიურად ნაყოფის სრულად დამწიფებისათვის საჭირო სითფური რეჟიმით უზრუნველყოფის აუცილებლობაც, რაც აღნიშნული სიმაღლის საზღვრების ნიშნულებს გარკვეულად შეამცირებს.
ამჟამად თესლოვანი ხეხილის (ძირითადად ვაშლის, ნაწილობრივ მსხლის) ბაღების საბაზრე დანიშნულებით გაშენება ხდება ზღვის დონიდან 1400, ხოლო საოჯახო მოხმარების საჭიროებისათვის – 1700 მეტრ სიმაღლემდე. ხარისხიანი საღვინე და სასუფრე ყურძნის მისაღებად ვენახები ძირითადად განლაგებულია 600-700 მეტრზე, ხოლო ნაწილობრივ – 800-1200 მ-მდე, კურკოვანი ხეხილი (ატამი, გარგარი და სხვ.) ნორმალურად ვითარდება იმ ადგილებში, სადაც კარგად ხარობს ვაზის კულტურა.
ადრე ვაშლის, მსხლის და ვაზის ნარგავების ვერტიკალური მიმართულებით აღნიშნულ ზღვრებზე მაღლა გაშენება ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ მთის მკაცრი კლიმატური პირობები (ხანგრძლივი ზამთარი, დიდი ყინვები და სხვ.) არ იძლეოდა მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარების შესაძლებლობებს. მეცნიერ-სპეციალისტთა რეკომენდაციით, საქართველოში ვაშლისა და მსხლის საგვიანო ჯიშების პროდუქციის დასამწიფებლად საჭიროა უყინვო დღეების რაოდენობა 185-მდე მაინც იყოს. მაღალმთიან პირობებში იგი ბევრად ნაკლები იყო და ხანმოკლე სავეგეტაციო პერიოდში ხილი და ყურძენი დამწიფებას ვერ ასწრებდა.
ტემპერატურის მომატების შედეგად მცენარის სავეგეტაციო პერიოდის გახანგრძლივება შესაძლებლობას იძლევა ხეხილის ბაღები გაშენდეს 1600-1700, ხოლო ვენახები 1300-1400 მეტრის სიმაღლემდე და უფრო მაღლა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის 75%-მდე მთებს უკავია, ამ ადგილებში საკმარისად გამოინახება ხეხილისა და ვაზის გასაშენებლად ვარგისი მიწის ფართობები (ტემპერტურის მომატებისა და მცენარის სავეგეტაციო პერიოდის გახანგრძლივების გათვალისწინებით): ახალი ბაღ-ვენახების გაშენებას მთიან რეგიონებში დიდი მნიშნვნელობა აქვს როგორც მევენახეობის და მეხილეობის შემდგომი გავნითარების, ისე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და, მაშასადამე, ხალხის მატერიალური მდგომარეობის და სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამასთან, იგი ხელს შეუწყობს მთაში დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლას – მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და დასაქმებას. ხეხილისა და ვაზის ჯიშების ოპტიმალური განაწილება, მათ შორის თანაფარდობის ზუსტი დაცვა უზრუნველყოს პროდუქციის შემოსავლის (ნაყოფის დამწიფების) პერიოდების გახანგრძლივებას, ხილის ასორტიმენტის გაფართოებას და წლის განმავლობაში მუშახელის თანაბარზომიერ გამოყენებას.
ტემპერატურის მომატება ფართო პერსპექტივებს სახავს ქვეყნის მთაგორიან რეგიონებში ხეხილ-კენკროვანი კულტურების და ვაზის გასაშენებლად. როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიის 34-35% ზღვის დონიდან 1000-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ფართობებს უკავია. ვერტიკალური მიმართულებით ახალი ბაღ-ვენახების გასაშენებლად ძირითადად ამ სარტყელში უნდა შეირჩეს მათთვის ვარგისი მიწის ფართობები.
სამთო მეხილეობის განვითარების პოტენციალით საყურადღებოა შემდეგი ზონები: თრიალეთი (დმანისის, წალკის რაიონები), ჯავახეთი (ახალქალაქის, ნინოწმინდის რაიონები), მესხეთი (ადიგენის, ახალციხის, ასპინძის და ნაწილობრივ ბორჯომის რაიონები), აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთი (ჯავის, ცხინვალის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონები), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ონის, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის რაიონები), მთიანი აჭარა (ქედის, შუახევის და ხულოს რაიონები), კახეთში – საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის (პანკისის ხეობა) რაიონების მაღალმთიანი ადგილები.
აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთის ეკოლოგიურ პირობებს კარგად ეგუება ყინვაგამძლე, საშუალო და ადრეული პერიოდის მწიფობის ვაშლის მრავალი ჯიში. ამჟამად აქ უმეტესად გავრცელებულია ადგილობრივი და რუსული ყინვაგმძლე ჯიშები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევა. საჭიროა მათგან შეირჩეს უკეთესი: ასევე – ახალი, თანამედროვე ჯიშები, რომლებიც კარგად შეეგუებიან ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს და მაღალი ხარისხის ხილის მოცემა შეუძლიათ, მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად.
მესხეთში ვაშლის 35-მდე ჯიშია გავრცელებული. მაღალ ადგილებში ხეხილოვანი კულტურების გავრცელებას ზღუდავს მკაცრი კლიმატი. უყინვო პერიოდი 179 დღით შემოიფარგლება. ტემპერატურის მომატება (განსაკუთრებით ზამთარში) შესაძლებელს გახდის მესხეთში სასაქონლო დანიშნულების ხილის (ძირითადად ვაშლის) წარმოების ზღვარმა ვერტიკალური მიმართულებით მნიშვნელოვნად ზემოთ გადაიწიოს.
რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთში ამჟამად საბაზრო დანიშნულების ვაშლის კულტურა ძირითადად გავრცელებულია 600-1200, ხოლო ადგილზე მოსახმარად 1300-1600 მეტრი სიმაღლის ფარგლებში. სითბოს მომატება შესაძლებელს ხდის, რომ სასაქონლო მიზნით ბაღების გაშენების ზღვარმა 1400-1600 მეტრამდე აიწიოს.
მთიანი აჭარა მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობით ხასიათდება. საკმაოდ კარგი ხარისხის ხილი მიიღება ხულოს რაიონში. აჭარაში 40-მდე ადგილობრივი და შემოტანილი ვაშლის ჯიშია გავრცელებული. აქედან შეიძლება შეირჩეს რამდენიმე პერსპექტიული ჯიში და მათ დაემატოს რამდენიმე ახალი, თანამედროვე ჯიშები, რომლებიც კარგად შეეგუებიან მთის პირობებს.
ყველა ზემოთ დასახელებული რეგიონის მაღალმთიან ტერიტორიებზე უნდა შეირჩეს ქარებისაგან დაცული ფართობები და გაშენდეს ყინვაგმძლე და მოკლე სავეგეტაციო პერიოდის საშუალო და ადრეული მწიფობის ხარისხიანი პროდუქციის მომცემი თესლოვნების (ძირითადად ვაშლის, ნაწილობრივ მსხლის) და კურკოვნების: ქლიავის და ტყემლის ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშები.
მთიან ადგილებში ვაშლისა და მსხლის კულტურების ფართობების გაზრდა, სუფთა ნარგაობასთან ერთად, შესაძლებელია ტყე-ბაღების გაშენების სახითაც, სადაც ფართობების 35-40% დაეთმობა თესლოვან ხეხილს, ხოლო დანარჩენი ძირითადად თაფლოვან მცენარეებს და თუთის ნარგავებს, რაც ხელს შეუწყობს ამ ადგილებში მეფუტკრეობისა და მეაბრეშუმეობის განვითარებას.
მომავალში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი ტრადიციული კულტურების გაფართოებას, როგორიცაა: ლეღვი, ბროწეული, ხურმა, თხილი, კაკალი, ნუში, ჟოლო, მაყვალი და სხვ: ასევე ნაკლებად გავრცელებული კულტურების: ზეთისხილის, მოცხარის, ქაცვის, აქტინიდიას და სხვათა პროდუქციის წარმოების გადიდებას მათთვის ხელსაყრელ ადგილებში.
მთაგორიან ფართობებზე (1250-1300 მ სიმაღლის ფარგლებში) ვენახების გაშენების ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვთ: ქვემო ქართლს, გარე კახეთს, შიგა კახეთში – პანკისის ხეობას. ამ რეგიონების ზედა ქვეზონებში შეიძლება გაშენდეს სუფრის ღვინოების საწარმოებლად საჭირო ნედლეულის მომცემი ვენახები 1300 მეტრ სიმაღლეზე ზევით.
სუფრისა და ცქრიალა ღვინის დასამზადებლად ვარგისი ყურძნის წარმოებისათვის, სასაქონლო დანიშნულების მევენახეობის განვითარების თვალსაზრისით მთიანი რეგიონებიდან საყურადღებოა: დასავლეთ საქართვლოს აღმოსავლეთი ნაწილი (ზემო იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი): აღმოსავლეთ საქართველოში – შუა ქართლის დასავლეთ ნაწილი სამაჩაბლოს ჩათვლით, სადაც შესაძლებელია საბაზრო დანიშნულების ვენახები გაშენდეს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლემდე. მთის პირობებში ამავე საჭიროებისათვის ვენახების გაშენება შეიძლება აჭარაში – შუახევისა და ხულოს რაიონებში, ძირითადად ზღვის დონიდან 1200 მ-მდე, ხოლო ნაწილობრივ – 1350 მ-მდე განლაგებულ ფართობებზე.
მთიან ტერიტორიაზე ვენახების გაშენების რეზერვები აქვს აგრეთვე მესხეთს, სადაც ვაზის მოვლა-მოყვანის უძველესი ტრადიციები არსებობს. მესხეთის ზედა ქვეზონაში (სულ 3 ქვეზონაა: ქვედა, შუა და ზედა) ტემპერატურის მომატების შემთხვევაში 1200 მეტრზე და უფრო მაღლა შეიძლება გაშენდეს სასუფრე ყურძნის მიმართულების ვენახები.
გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური რეჟიმის შეცვლის შედეგად მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდის 12-14 დღით გახანგრძლივების და ვაზის და ხეხილის ვერტიკალური მიმართულებით გავრცელების ზღვარის 150-200 მეტრით მაღლა გადაწევის შესაძლებლობის გათვალისწინებით, საქართველოს მთიან რეგიონებში ხეხილის გასაშენებლად შესაძლებელია არანაკლებ 10-12 ათასი ჰექტარი ფართობის ათვისება (8-9 ათასი ჰა თესლოვანი და 2-3ჰა კურკოვანი კულტურებისათვის), ვენახების გასაშენებლად – 7-8 ათასი ჰა.
ბაღ-ვენახების მოსავლელად მეცნიერების უახლესი მიღწევების დანერგვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების და აგროტექნოლოგიური სამუშაობის დროულად და ხარისხიანად განხორციელების შემთხვევაში, ნარგავების მსხმოიარე ასაკში შესვლის შემდეგ, თესლოვანი ხეხილის საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 180-200, კურკოვნებისა – 100-120, ყურძნისა – 80-90 ცენტნერს შეადგენს.
საქართველოს მთიან რეგიონებში ახალი ბაღ-ვენახების გასაშენებლად ჩვენს მიერ ნავარაუდევი სიდიდის ფართობებიდან, ნარგავების სრულმოსავლიან ასაკში შესვლის შემდეგ, არახელსაყრელი მოვლენებით (გვალვები, ყინვები, გაზაფხულის წაყინა, წყალდიდობა და სხვ.) გამოწვეული მოსავლის დანაკარგების (15-20%) გათვალისწინებით, ყოველწლიურად მიიღება დაახლოებით 130 ათასი ტონა თესლოვანი, 20 ათასი ტონა კურკოვანი ხილი, 50 ათასი ტონა ყურძენი და მნიშვნელოვანი რაოდენობის კენკროვანთა და კაკლოვანთა ნაყოფი. მათი რეალიზაციიდან შემოსული ფულადი ამონაგები შესაბამისად შეადგენს: 95 მლნ, 15 მლნ, 40 მლნ და 10 მლნ ლარს: სულ -160 მლნ. ლარს.
თუ გავითვალისწინებით იმას, რომ წარმოებული ხილისა და ყურძნის ჩვენს მიერ ნავარაუდევი მთლიანი რაოდენობიდან ადგილობრივი – საოჯახო საჭირობისათვის მხოლოდ 20-25% მოიხმარება, 30-40% ბაზარზე გაიყიდება ნედლი ხილის სახით, ხოლო დანარჩენი, როგორც ნედლეული, გადამუშავდება სხვადასხვა ტიპის ხარისხიანი ღვინოებისა და ხილის კონსერვების დასამზადებლად, რომელთა საბაზრო ფასები არანაკლებ 2-3-ჯერ აღემატება ხილისა და ყურძნის გასაყიდ ფასებს, ნათელი გახდება, რომ გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური პირობების შეცვლის შედეგად საქართველოს მთიან რეგიონებში გასაშენებელი ბაღ-ვბენახებიდან ბევრად მეტი ფულადი შემოსავალი მიიღება, ვიდრე ეს ზემოთ მოცემული ციფრებით არის წარმოდგენილი.