სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიულეტენი
რედაქციისაგან
გასული წელი სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პალატის ცენტრალური აპარატის მუშაობის სტილი შეიცვალა, თავის ფუნქციების შესასრულებლად უფრო მოქნილი გახდა და გარკვეულწილად, ამან განაპირობა, რომ 2004 წელმა პალატისთვის, ასე ვთქვათ, საინტერესოდ ჩაიარა.
პალატამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბიზნეს-საზოგადოების გასამთლიანებლად, ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად. 2004 წელს პალატა უფრო აქტიურად მონაწილეობდა ეკონომიკური კანონპროექტების, კანონქვემდებარე და სხვა აქტების შემუშავებაში. რეგულარულად ეთათბირებოდა თავის წევრებს, აკუმულირებას უკეთებდა ბიზნეს-საზოგადოების აზრს და ხელისუფლებას აცნობდა. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს აკვირდებოდა და თავის წევრებს რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციებს სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობაზე, გადასახადებზე, ტარიფებზე, საბაზრო კონიუქტურაზე და სხვა.
პალატის მიერ ჩატარებული ღონისძიებები უფრო მეტად იყო ორიენტირებული ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის და ბიზნეს-გარემოს შექმნაზე, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების საქმიან წრეებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებაზე, სხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
2004 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატების ასოციაციის (EUROCHAMBRES) წევრი გახდა. პალატის წევრთა რიცხვი 112 იურიდიული და ფიზიკური პირით გაიზარდა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. 2004 წლის 26 თებერვალს მოეწყო შეხვედრა “გედი”-ს პროექტის ჯგუფთან, ხოლო 7 ოქტომბერს გაიმართა პალატისა და გადამხდელთა კავშირის წევრთა ერთობლივი სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული საგადასახადო კოდექსის პროექტის თითოეული მუხლი, გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზ. ჟვანიამ, ფინანსთა მინისტრმა ზ. ნოღაიდელმა და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, კ. ბენდუქიძემ.
საგადასახადო კოდექსის პროექტი ასევე განხილულ იქნა რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებში. გამოითქვა 120-ზე მეტი შენიშვნა კოდექსის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, კერძოდ ითქვა, რომ სრული თანასწორუფლებიანობა დამყარდება მაშინ, როდესაც საგადასახადო ადმინისტრაციას არ ექნება შემოწმებული ობიექტის ანგარიშიდან თანხის მოხსნის უფლება, ქონების დაყადაღება და ა.შ. ყველა ეს ქმედება სანქცირებული უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ შემოწმებული არ ეთანხმება შემმოწმებლის დასკვნას.
შეუძლებელია, რომ საგადასახადო კოდექსი, როგორც იურიდიული დოკუმენტი, სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლის ნორმად იქნეს ჩამოყალიბებული და იგი არ მოდიოდეს შესაბამისობაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან, იქ განსაზღვრულ ცნებებთან.
კოდექსი უნდა ზღუდავდეს საგადასახადო სამსახურის მხრიდან ერთი და იგივე ფირმის შემოწმებათა რაოდენობას. იგი არ უნდა ხდებოდეს საგადასახადო მომსახურების თანამშრომელთა შეხედულებისამებრ, ან ე.წ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და სხვა. ბიზნეს-საზოგადოების შენიშვნები პალატის მიერ განზოგადდა და გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს.
2004 წლის 4 მარტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნა კანონპროექტი “ფინანსური ამნისტიის შესახებ”. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგადასახადო სამსახურის უფროსი და პალატის წევრი ფირმებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2004 წლის 4 ნოემბერს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარდა საქართველოს დაზღვევის ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და გადამხდელთა კავშირის ერთობლივი შეხვედრა დევიზით: “ბიზნესის ინიციატივა სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის” და განხილული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი “დაზღვევის შესახებ”. მიღებული იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მოქმედ სადაზღვეო კომპანიების მომსახურების მოცულობის ზრდა აღწევს წლიურად 50 პროცენტს და ამასთან ერთად, მოთხოვნა ჩამორჩება წინადადებას, ზედმეტი შეღავათიანი რეჟიმის დაწესების არავითარი საჭიროება არ არსებობს, თუნდაც ეს იყოს ნაკარნახევი სურვილით, რათა საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ მსოფლიოს მსხვილი სადაზღვევო კომპანიები. არარეზიდენტის სტატუსით საზღვარგარეთული კომპანიების დაშვება საქართველოს ბაზარზე უფრო უარყოფით როლს ითამაშებს, ვიდრე დადებითს. სადაზღვევო ბიზნესში, ისევე, როგორც საბანკო-საკრედიტოში და სხვა, სადაც საქმე ეხება მოსახლეობის თანხებს, უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ რეზიდენტები და ექვემდებარებოდნენ საქართველოს კანონმდებლობას. კომუნიკე გადაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
გარდა ამისა, პალტამ თავისი მოსაზრებები მოამზადა “საბაჟო კოდექსთან”, ასევე კანონებში: “მეწარმეობის შესახებ”, “გაკოტრების შესახებ”, “კერძო არბიტრაჟის შესახებ” ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
პალატასთან იგეგმება მძლავრი ანალიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც საკანონმდებლო და საინვესტიციო პროექტებს ვიმუშავებთ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის ოპერატიულ ანალიზს იტვირთებს და სახელისუფლებო სტრუქტურებს წინადადებებს მიაწოდებს.
გასულ წელს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის არაერთი სავაჭრო, სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირი დამყარდა. 2004 წლის 13-15 იანვარს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთში გერმანული ფირმის “კნორ ბრემზეს” ქარხნის წარმომადგენელი ქალბატონი კატალინ კადარი. მისი ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში სატვირთო ავტომანქანების, ავტობუსების, მათი შემკეთებელი ბაზრის მდგომარეობის შესწავლა. მოეწყო შეხვედრა “თეგეტა მოტორსის”, საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის, “იბერია-სერვისის”, “ქუთაისის ავტოქარხნის” და “ლადა ჯორჯიას” ხელმძღვანელებთან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით, 9 ივნისს, თბილისში ჩამოვიდა ფინეთის 8 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გათბობისა და გაყვანილობების სისტემების მწარმოებელი ფირმების წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი იყო წარმოედგინათ თავიანთი პროდუქცია და დაინტერესების შემთხვევაში დაემყარებინათ კონტაქტები ქართველ ბიზნესმენებთან. 10 ივნისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარდა სემინარ-პრეზენტაცია თემაზე: “კომპლექსური ენერგოეფექტური გადაწყვეტილებანი გათბობის სისტემებისათვის”.
სემინარ-პრეზენტაციაზე თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს ფინურმა ფირმებმა: “Oნნიელ Oგ”, “Pროჯეკტ შალეს”, “Nავალ”, “Pლანორა”, “Oილონ”, “Uპონორ”. 11 ივნისს შედგა შეხვედრა ქალაქის მერიაში თბილისის ვიცე-პრემიერთან და მუნიციპალური სამსახურების უფროსებთან. გაიმართა კონკრეტული საუბარი, თუ რა მასშტაბის მშენებლობები აქვს დაგეგმილი მერიას ქალაქში, აპირებენ თუ არა შენობებში საერთო გათბობის დაყენებას, რა სახის დაფინანსებებია მოსალოდნელი ამ მიმართულებით. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისათვის.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ტაჯიკეთის და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან. ასევე მოამზადა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი გაუგზავნა იტალიის ვაჭრობის, მრეწველობის, ხელოსნობის და სოფლის მეურნეობის პალატების კავშირს.
2004 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატრადა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს შესაქმნელად.
ოქტომბერში, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” შედგა სოხეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი. ფორუმის მსვლელობის პერიოდში მოეწყო სომხური ფირმების ნაწარმთა გამოფენა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები. ხელი მოეწერა სომხეთისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
მეტად მნიშვნელოვანი იყო 27 ოქტომბერს გამართული ქართველი და ებრაელი საქმიანი წრეების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც შედგა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”. შეხვედრაზე საქმიანი საუბარი გაიმართა ებრაელ და ქართველ ბიზნესმენთა შორის შემდგომ თანამშრომლობაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ზ. ნოღაიდელი და კ. ბენდუქიძე.
უნდა აღინიშნოს სასტუმრო “ქორთიარდში” ჩატარებული საქართველო-იტალიის ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც პალატა წარსდგა თავისი მოხსენებით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, თავის არსებობის მანძილზე პირველად მოაწყო საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ფირმების, კომპანიების, ასოციაციების მიერ წარმოებული პროდუქციის პირველი ეროვნული გამოფენა თემაზე “წარმოებულია საქართველოში”. გამოფენა მოეწყო სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” 2004 წლის 22 ნოემბერს. გამოფენაზე თავისი პროდუქცია წარმოადგინა 93 ფირმამ, ორგანიზაციამ და ინდმეწარმემ. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაში თბილისის მეწარმეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საწარმოებმა. წარმოდგენილი იყო მეურნეობის ყველა დარგი, ასევე სამოდელო და საიუველირო ნაწარმი, ხელოვნების ნიმუშები და სხვა.
გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მაღალი შეფასება მიეცა მის, როგორც შინაარსობრივ, ასევე ექსპოზიციურ მხარეს. გადაწყდა, რომ მსგავსი გამოფენები ყოველწლიურად მოეწყობა.
ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა 2004 წლის 15-16 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქ ქ. ვარშავაში, MARRIOTT HOTEL-ში პალატის მიერ მოწყობილმა გამოფენა-პრეზენტაციამ თემაზე: “საქართველო – ღვინის აკვანი”. საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 28 ფირმამ და ორგანიზაციამ. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ქართული ღვინის მწარმოებელი ფირმების პროდუქციაზე. ამასთან ერთად გამოფენილი იყო მინერალური და წყაროს წყლები, ქართული ბრენდი, არაყი, შაქარი, დაფნა, თხილი, ჩაი, ეთერზეთი და სხვა.
გამოფენას ფართოდ გამოეხმაურნენ პოლონეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. გაზეთებსა და ჟურნალებში დაიბეჭდა გამოფენისადმი მიძღვნილი არაერთი მასალა. მოეწყო ქართველი და პოლონელი საქმიანი წრეების წარმომადგენლების შეხვედრები, რომლის დროსაც დაისახა შემდგომი თანამშრომლობა. საქართველოს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა პოლონეთის ეკონომიკის სამინისტროში და სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ს. ზურაბიშვილი, პოლონეთის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლები.
2004 წლის 25-26 ოქტომბერს, ქ. თბილისში, გაიმართა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბიზნეს-საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, რუმინეთის, უკრაინის, რუსეთის, საბერძნეთის, თურქეთის და ბულგარეთის წარმომადგენლებმა. ძირითადი მოხსენებით გამოვიდა გენერალური მდივანი, დოქტორი, კ. მასმანიდისი, შემდგომ მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების თაობაზე და მიიღეს რიგი კონკრეტული გადაწყვეტილება.
2004 წლის 14-18 ივნისს, ქ. პეტერბურგში, გაიმართა მე-8 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. ფორუმის მუშაობაში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 15 ფირმისა და ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
2004 წელს, პალატის ხელშეწყობით, 40 ქართველი ბიზნესმენი მონაწილეობდა ქალაქებში სტამბულსა და კენიაში მოწყობილ გამოფენებში, ხოლო 2004 წლის სექტემბერში პალატამ თავად მოაწყო ქართული ღვინოების პრეზენტაცია ბენელუქსის ქვეყნებში.
პალატის ვებ-გვერდზე რეგულარულად თავსდებოდა პალატის წევრი ორგანიზაციების მონაცემები, საკანონმდებლო აქტები, პალატის მიერ ჩატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვა, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების ბიზნესმენთა საქმიანი წინადადებები, ინფორმაციები ბიზნესის სფეროში არსებულ სიახლეებზე, საერთაშორისო გამოფენების და ფორუმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციები საშუალებას აძლევდა ქართველ მეწარმეებს გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს, დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან
პალატასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ უცხოეთის ქვეყნების საელჩოები და სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები. რეგულარული ხასიათი ჰქონდა ინფორმაციების გაცვლას. ხშირად განიხილებოდა კონკრეტული საკითხები, მნიშვნელოვანი ბიზნეს-პროექტები, საინვესტიციო წინადადებები.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობაში აქტიურად ნერგავს მსოფლიოში დამკვიდრებულ სისტემებს და სტანდარტებს. პალატის საშტატო სტრუქტურის ერთ-ერთი ქვედანაყოფია შტრიხკოდების საერთაშორისო ასოციაციის “EAN INTERNATIONAL”-ის საქართველოს ნაციონალური ორგანიზაცია “ეან საქართველო”. შემუშავებული იქნა “ეან”-ის სტანდარტებზე აგებული ელექტრონული კატალოგის პროექტი. თანახმად პროექტის პირველი ეტაპისა 2004 წელს “ეან საქართველო” ჩაერთო კომპანიათა იდენტიფიკაციის ეან-ის საერთაშორისო გლობალურ რეესტრში (GEPIR) და აქედან გამომდინარე ამუშავდა შესაბამისი ინტერნეტ-საიტი.