ღვინის ბიზნესის პრობლემები საქართველოში
სოფო გოგოლაძე
2005 წ. 16 თებერვალს ქართული ღვინისა და ალკოჰოლურ კომპანიას – GWS-ს ოფიციალურად გადაეცა ხარისხის მენეჯმენტის (ISO 9001:2000) და კვების პროდუქტების უსაფრთხოების (HACCP) სისტემების საერთაშორისო სერტიფიკატები.
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური კომპანია GWS-ი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საკვები პროდუქტების უსაფრთხოების HACCP სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი და კვების მრეწველობის პირველი კომპანია, რომელმაც მიიღო ISO 9001:2000 სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი.
სერტიფიკატის გადასაცემად გერმანიიდან ჩამოვიდა “TUV NORD International GmbH & Co.KG”-ს ვიცე პრეზიდენტი ჰელმუტ ჰიოშელი და დსთ-ს ქვეყნებში TUV CERT-ის ხარისხის სისტემების სერტიფიცირების კოორდინატორი ტატიანა ვესკე. კომპანიაში მენეჯმენტის სისტემის სრულყოფისთვის გაანალიზებული იქნა აღიარებული საერთაშორისო მიღწევების გამოცდილება და გადაწყდა მართვის სისტემა ჩამოყალიბებულიყოISO 9001:2000 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. სტანდარტის მიზანია მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდება. ამიტომ დაინერგა მეორე კვების უსაფრთხოების სტანდარტი, HACCP (რისკის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები).
ISO 9001:2000 უსაფრთხოების სისტემის დანერგვა ხდება ეტაპობრივად. 1 ეტაპია ტექნიკური პროცესების შესწავლა, შემდეგ ეტაპებზე სისტემის სრულყოფა ხდება მუდმივად. ხარისხის მენეჯმენტის და უსაფრთხოების სისტემა აყალიბებს მენეჯმენტის მიდგომას წარმოების პროცესთან და მომხმარებლის ინტერესებთან. ამიტომ ეს ორი სისტემა უნდა მუშაობდეს ინტეგრირებულად. გერმანული კომპანია “TUV NORD International GmbH & Co.KG” წარმოადგენს დამოუკიდებელ საინჟინრო ასოციაციას და უკვე 138 წელია, რაც არსებობს, იგი არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, ან რომელიმე პარტიაზე. კომპანია და მისი ექსპერტები შეისწავლიან პროდუქტების ხარისხსა და პარამეტრებს და გასცემენ სერტიფიკატებს მსოფლიოს დაახლოებით 60 ქვეყანაში.
ქართულ მეღვინეობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გასვლას.
საქართველო ოდითგანვე იყო ვაზის და კულტურული მეღვინეობის ერთ-ერთი სამშობლო, რაზეც მეტყველებს ბრინჯაოს ეპოქის სამარხები. საქართველოში გვაქვს ვაზის მრავალი ძვირფასი აბორიგენული ჯიში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო არის ველური და კულტურული Yყურძნის წარმოქმნის კერა; შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მეღვინეობის კულტურის მქონე ყველაზე ძველი ქვეყანაა, და ძალზე სამწუხაროა, რომ როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ გასული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფალსიფიცირებულია. ეს ეხება არა მარტო კონტრაბანდულ პროდუქციას, არამედ ლიცენზირებულ პროდუქციასაც ქართული აქციზით (სწორედ ამიტომ გაათავისუფლა სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა სამტრესტის ყველა ყოფილი თანამშრომელი). წარმოებული და ბაზარზე გამოსული ღვინის პროდუქცია რამდენიმეჯერ აჭარბებს ყურძნის მოსავალს. ავიღოთ “ხვანჭკარის” მაგალითი: იგი მხოლოდ რაჭის ერთ რაიონში მოდის და მისი მოსავალი მერყეობს 400-დან 1000 ტონამდე, მაშინ, როდესაც ისხმება დაახლოებით 10 მლნ ბოთლი. ასეთივე მდგომარეობაა სხვა ჯიშებზეც. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, თანამედროვე ტენდენციები ქართულ მეღვინეობაში და ღვინის ხარისხის გაუმჯობესება საკმაოდ დამაიმედებელია. დღესდღეობით, შეიძლება დასახელდეს რამდენიმე საწარმო-ლიდერი, რომლებიც განსაზღვრავენ ქართული ხარისხიანი ღვინის ეტალონს. “თელავის ღვინის მარანი”არის ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი საწარმო მთელს საქართველოში. მეღვინეობის დარგში წამყვან ქვეყნებში შესყიდული ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა დამზადებული იქნეს მხოლოდ ხარისხიანი ღვინო. ქართული ღვინო კვლავ გადის მსოფლიო ბაზარზე, მის მიმართ ინტერესს იჩენენ ისეთი ქვეყნების სავაჭრო ფირმები როგორიცაა აშშ, ინგლისი, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები. წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი ხარისხიანი ქართული ღვინის მიმართ რუსეთში (აქვე უნდაAაღინიშნოს, რომ რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე იკვრება მხოლოდ ერთი სააქციზო მარკა, მაშინ როცა ადგილობრივი მწარმოებლები 2004 წლის ბოლომდე ორ აქციზს აკრავდნენ-ფედერალურ სააქციზო მარკას და რეგიონალურ სააქციზო მარკას. პირველს აკრავდა მწარმოებელი ქარხანა, ხოლო მეორეს-რეგიონალური სააქციზო საწყობი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამამულო მწარმოებელთან შედარებით იმპორტიორები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ. ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგი ვარიანტი: მოხსნილიყო ადგილობრივი რუსული ღვინოების მარკირება რეგიონალური სპეციალური აქციზებით, ხოლო 100%-იანი აქციზის გადახდა დაკისრებოდა მწარმოებელს (გასული წლის ბოლომდე ღვინის ქარხნები იხდიდნენ აქციზის მხოლოდ 35%-ს, დანარჩენ 65%-ს კი იხდიდა სააქციზო საწყობი). შესაბამის შესწორებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ჯერ კიდევ 2004 წლის ზაფხულში, მაგრამ, მათი მიღება ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან ღვინის და საერთოდ ალკოჰოლური ნაწარმის ბრუნვა რეგულირდება კანონით “ეთილის სპირტის და ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების და ბრუნვის სახელმწიფო რეგულირების შესახებ”, რომელიც მოითხოვს ღვინის ორმაგ მარკირებას. გამოვიდა, რომ ერთი კანონით სამამულო წარმოების ღვინოზე ერთი აქციზი იკვრება, მეორე კანონით კი – ორი).
რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის დაახლოებით 75%. ამასთან იზრდება ბოთლებში დაფასოებული ღვინის ექსპორტი ჩამოსასხმელთან შედარებით. მაგალითად, 2003წ.-ს ექსპორტი გაიზარდა 13%-ით 1,41 მლნ დეკალიტრამდე, ხოლო ბოთლის ღვინის ექსპორტი გაიზარდა 19%-ით – 16,78 მლნ ბოთლამდე (1,25 მლნ დალი), ამავე დროს 32%-ით შემცირდა ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი – 99 750 დალ-მდე. ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის შემცირება მოხდა ქართული კომპანიების მიერ საკუთარი პროდუქციის ფალსიფიცირებისგან დაცვის მიზნით.
იმისათვის, რომ თვალნათლივ დავინახოთ ღვინის და სხვა სასმელების წარმოების მოცულობის ზრდა გასული წლის განმავლობაში, მოვიყვანთ შემდეგ სტასტისტიკურ ცხრილს:
თუმცა, არის საწარმოები, რომლებიც განიცდიან ღვინის დამზადების ფინანსირებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს, ზოგიერთი საწარმო გაჩერებულია კაპიტალური რემონტისთვის აუცილებელი სახსრების არქონის გამო. ზოგიერთი ვენახი საჭიროებს აღდგენასა და მოვლას, ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში ღვინის ბიზნესის განვითარება და ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანები თვლიან, რომ უცხოელი ინვესტორების ინტერესი აუცილებლად შეუწყობს ხელს ქართული მეღვინეობის პრინციპულად ახალ ხარისხობრივ დონეზე ასვლას.