დამიფინანსეთ START-UP ბიზნესი
მაკა ღანიაშვილი
ჩვენს ქვეყანაში ძალიან მარტივად შეძლება კომპანიის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში, ქვეყანაში 4 157 ბიზნეს-სუბიექტი დარეგისტრირდა; მათ შორის, აბსოლუტური უმრავლესობა (98%) სამეწარმეო სუბიექტია. მართალია, ბიზნესის დაწყება ადვილია საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ რამდენად შეიძლება იმავეს თქმა, მაშინ, როცა საქმე ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისათვის საჭირო თანხების მოზიდვაზე მიდგება? როგორ ვითარდება ქაღალდზე დარეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტი? მიუწვდება თუ არა მას ხელი კრედიტებზე? არსებობს თუ არა სახელმწიფი პროგრამები ქვეყანაში იმ დამწყები ბიზნესმენებისათვის რომელთაც კარგი ბიზნეს-გეგმა აქვთ, მაგრამ საქმის დასაწყებად საჭირო თანხები არ გააჩნიათ? ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. არადა, მსოფლიო ბანკის რეიტინგის, Doing Business-ის 2011 წლის მოხსენების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, საქართველომ ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია ბიზნესის წარმოების გამარტივების თვალსაზრისით და 183 ქვეყანას შორის მე-12 ადგილი დაიკავა.
2006 წელს თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი, “დაიწყე ბიზნესი მერიის დახმარებით” წამოიწყო. 2010 წელს დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 1 000 000 ლარი გამოიყო. მაგრამ როგორ მიოქცნენ ისინი, ვინც თბილისში არ ცხოვრობენ, ან თბილისელთა იმ ნაწილმა, რომელთაც არ გაუმართლად და აღნიშნულ პროექტში ვერ მოხვდნენ? შეიძლება ითქვას, რომ 1-მილიონიანი ბიუჯეტი მსგავსი პროექტებისათვის ზღვაში წვეთია იმ მდგომარეობასთან შედარებით, რომელშიც დღეს საქართველოში დამწყები ბიზნესმენები იმყოფებიან. შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქართული ბიზნესის მთლიან მოცულობაში არ აღემატება 15%-ს. ბრუნვისა და დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების 60%-ზე მეტი მსხვილ საწარმოებზე მოდის, მიუხედვად იმისა, რომ მსხვილი საწარმოების წონა რეგისტრირებულ სუბიეტებში მხოლოდ 7%-ია.
ქვეყანში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია, ფასების ზრდის მოსათოკად, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რამდენჯერმე გაზარდა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა შეცვალა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის მაჩვენებელიც. თუ ადრე ბანკი მის მიერ დეპოზიტის სახით მოზიდული ყოველი 100 დოლარიდან ეროვნულ ბანკში 5 დოლარს არეზერვებდა, ახლა უკვე 15 დოლარი უნდა დაარეზერვოს. სებ-ის ყველა ეს ღონისძიება, საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნების ნაკლებ შანსს ტოვებს. ცნობილია, რომ ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარება მოკლევადიან პერიოდში სამუშაო ადგილების შემცირებას იწვევს. ვინაიდან მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო აღარ ხდება ეკონომიკის რეალური სექტორის აქტიური დაკრედიტება. რა შედეგებს მოიტანს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეკონომიკის რეალური სექტორისათვის? მით უმეტეს, რომ დამწყები ბიზნესებისათვის, ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის დასაწყებად საჭირო სახსრების მოძიება არც აქამდე იყო იოლი.
სხვა ქევყნების მაგალითს რომ შევადაროთ, საშუალო საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში კრედიტებზე დაახლოებით 7%-ია, გერმანიაში – 6%, დიდ ბრიტანეთში – 5.5%, შვეიცარიაში – 3%, რუსეთში – 10%, ყაზახეთში – 12%, უკრაინაში – 15%, საქართველოში კი საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 19%-ია. მაღალი საპროცენტო განკვეთების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლისათვის არც ეს მაღალპროცენტიანი სესხებია ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” რეიტინგის მიხედვით, საქართველო სესხების მიუწვდომლობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 125-ე ადგილზეა.
სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა და 5.3 მლრდ. ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1%-ით (11,6 მლნ. ლარით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0,5%-ით (18,4 მლნ. ლარით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2010 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 553,7 მლნ. ლარის (წინა თვესთან შედარებით 5 მლნ. ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2,5 მლრდ. ლარის (30,6 მლნ. ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80,3% მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46,6% ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3,1%-ით, ანუ 42,5 მლნ. ლარით გაიზარდა და 1,4 მლრდ. ლარს გადააჭარბა. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22,1%-ს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 მარტისათვის 664,4 მლნ. ლარით განისაზღვრა. 11,6% მოდის მშენებლობაზე, რაც 348,1 მლნ. ლარია.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში კრედიტები, ძირითადად, მსესხებელთა ვიწრო წრისთვის არის ხელმისაწვდომი. რომელთა შორისაც არიან მსხვილი იმპორტიორები, სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები, ანუ ის კომპანიები, რომელთაც შედარებით სტაბილური ბიზნესი აქვთ; ფიზიკური პირებიდან მსესხებელთა პრივილეგირებულ ჯგუფში, პირველ რიგში, იმავე კომპანიებისა და ბანკების მესაკუთრეები და თანამშრომლები, სახელმწიფო მოხელეები და ის მოქალაქეები შედიან, რომლებიც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივად არიან დასაქმებულნი ან მნიშვნელოვანი მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ. ექსპერტთა შეფასებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ძალიან მცირეა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სესხების წვდომის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი დაბალია.
მაგრამ მეორე საკითხია, თუ რამდენად სამართლიანად “ადანაშაულებენ” ბანკებს მაღალი საპროცენტო განაკვეთების ხელოვნურ ფორმირებაში. საპროცენტო განაკვეთების ფორმირებას რამდენიმე ფაქტორი გნსაზღვრავს: პირველ რიგში, სკრედიტო რესურსის ფასი, ასევე, საოპერაციო ხარჯები და ყველაზე მნიშვნელოვანი – რისკის პრემია. რა თქმა უნდა, ის სფეროები, რომლებიც რისკის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, ბანკების მიერ უფრო რთულად ფინანსდება და საპროცენტო განაკვეთიც მაღალია. ნაწილობრივ ამ ორი ფაქტორითაც შეიძლება აიხსნას მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჩვენს ქვეყანაში იმავე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, იქ, სადაც ბიზნესის დაფინანსებაც დიდ რისკებთან არ არის დაკავშირებული. გარდა ამისა, იქაური ბანკებისთვის საკრედიტო რესურსები გაცილებით იაფია, ვიდრე ქართული ბანკებისთვის. ვინაიდან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აფასებს თანხის გამსესხებელი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი მსესხებელი ბანკის ქვეყნის რისკს.
საქართველოს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების სფეროში განსაკუთრებით ორი ბანკი “საქართველოს ბანკი” და “პროკრედიტ ბანკი” აქტიურობენ. მათთვის კონკურენციის გაწევას “თიბისი ბანკი” შეეცდება. “თიბისის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ “კონსტანტას” შეძენით სწორედ ამ სეგმენტის ათვისებას იწყებენ და უშუალო კონკურენტები ამ საკითხში მათთვის “სა-ქართველოს ბანკი” და “პროკრედიტ ბანკი” არიან.
ერთი-ერთი საკითხი, რაზეც კონკურენტ ბანკებს ერთი და იგივე პოზიცია აქვთ, ის არის, რომ შტარტ-უპ ბიზნესების დაფინანსება ძალიან სარისკო ნაბიჯია. ბანკები მსგავსი პროექტების დაფინანსებისგან თავს იკავებენ და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ვახტანგ ბუცხრიკიძე, “თიბისი ბანკის” გენერელური დირექტორი: “ვეთანხმები იმ აზრს, რომ ბიზნესის დაწყება ბანკების საშუალებით ძალიან რთულია, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, სხვანაირად შეუძლებელია, ვინაიდან ბიზნესის დაწყების დროს უკვე უნდა არსებობდეს საჭირო კაპიტალი. ანუ ბიზნესის დაწყება უნდა მოხდეს არა საბანკო კრედიტის, არამედ სხვა კაპიტალით. ბანკებიდან სესხების გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ დაწყებულ ბიზნესზე და არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეა, იმიტომ, რომ ეს სეგმენტი საკმაოდ რისკიანია. ბანკების მიერ გაცემული სახსრები, უფრო საინვესტიციო თანხებია და არა საკრედიტო”.
თამარ განუგრავა, “პროკრედიტ ბანკი”, მცირე ბიზნესის კოორდინატორი: “სესხის მიღების პროცედურაში მნიშვნელოვანია, რომ კლიენტს გააჩნდეს სტაბილური სახსრები ხელფასის ან პარალელური ბიზნესის შემოსავლების სახით. კრედიტის მიღების მსურველის განაცხადი ბანკში ინდივიდუალურად განიხილება. განმცხადებლის ფინანსური და სოციალური ანალიზის, ასევე რისკების შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალურად. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია კრედიტის ვადაზე, მოცულობაზე, ბიზნესთან დაკავშირებულ რისკებზე და სხვა. “პროკრედიტ ბანკში” კრედიტის აღება პროცედურულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. უგირავნო სესხის აღებას სჭირდება არაუმეტეს სამი დღისა. რაც შეეხება გირაოთი უზრუნველყოფილ სესხებს, მათი გაცემა დაკავშირებულია უზრუნველყოფის რეგისტრაციასთან, რაც ბანკისგან დამოუკიდებლად, დამატებით დროს მოითხოვს. შესაბამისად, ამ პროცესს სამ დღეზე მეტი სჭირდება. ბიზნეს კრედიტის მიღებისთვის აუცილებელი პირობაა ბიზნეს საქმიანობიდან სტაბილური, მიმდინარე შემოსავლის არსებობა.
ს.ე. – თუ გაქვთ პრიორიტეტული სფეროები? რომელ დარგებს აფინანსებთ ძირითადად?
თ.გ. – პროკრედიტ ბანკში კრედიტები გაიცემა ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისათვის, აგრო ბიზნესებისთვის, ასევე უძრავი ქონების შესაძენად და საცხოვრებელი ფართის კეთილმოწყობის დასაფინანსებლად.
ს.ე. – ბანკებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ მხოლოდ ისეთ პროექტებს აფინანსებენ, რომლებიც რისკის მაღალ ფაქტორებს არ შეიცავენ და ამასთანავე, ფინანსურ უკუგებას მალე იძლევიან.
თ.გ. – ბიზნესის დაფინანსებისას მისი რისკების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რისკების სხვადასხვა კატეგორია არსებობს მათი დადგომის განსხვავებული ალბათობებით. თუ ბიზნესი განსაკუთრებულად მაღალ რისკს შეიცავს, ბუნებრივია, რომ ასეთი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობა ნაკლებია. ეს პრაქტიკა დამახასიათებელია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დამკვიდრებულია, როგორც ბიზნესის შეფასების პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ფინანსურ უკუგებას, “პროკრედიტ ბანკისთვის” ფინანსური უკუგების სწრაფი მიღება პრიორიტეტული არ არის. ბანკი გასცემს სესხებს ბიზნესებზე, რომლებსაც გააჩნიათ, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ფინანსური უკუგება.
ს.ე. – სებ-ის ანტიინფლაციური პოლიტიკის გამო მოსალოდნელია თუ არა საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო ზრდა?
თ.გ. – საპროცენტო განაკვეთებზე მხოლოდ ინფლაცია არ ახდენს გავლენას. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას. მაგალითად, რესურსის ფასი და საზედამხედველო მოთხოვნები. გამომდინარე აქედან, ინფლაციასა და კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის პირდაპირ პარალელს ვერ გავავლებთ.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი დამწყები ბიზნესისათვის, რომელსაც ბიზნესის დასაწყებად არც საჭირო კაპიტალი გააჩნია და არც საბანკო კრედიტებზე მიუწვდება ხელი? ბანკების გარდა, არსებობს სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც, მაგალითად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მაღალ რისკიან პროექტებს, მათ შორის, სრულიად დამწყებ ბიზნესებსაც, ბანკებთან შედარებით უფრო ხშირად აფინანსებენ. თუმცა მათი საპროცენტო განაკვეთები საბანკო კრედიტებზე გაცილებით მეტი, ხშირად, 2-ჯერ მაღალია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “B კრედიტის” დირექტორი, გოჩა არსიაშვილი: “ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ე.წ. Start-up ბიზნესების დაფინანსებაა. გასული წლის განმავლობაში ჩვენი დახმარებით 20 ბიზნესი დაიწყო და დასაქმდა დაახლოებით 50 ადამიანი. თუ მსესხებელის სურვილი იქნება, ჩვენი სპეციალისტები აქტიურად ერთვებიან მათი ბიზნესის დაგეგმარებაში. ეხმარებიან ბიზნეს-გეგმის შემუშავებაში და შემდეგ ამ ბიზნესის გამართვაში. გვქონდა ასეთი რამდენიმე შემთხვევეა, როცა დამწყებ ბიზნესმენებს არა მარტო ფინანსური, არამედ ასეთი სახის დახმარებაც შევთა-ვაზეთ და მათ ეს წინადადება მიიღეს. მინდა ვთქვა, რომ დამწყები ბიზნესის მხრიდან, სესხები ჩვენი ტიპის ორგანიზაციებში ძალიან მოთხოვნადია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები გაცილებით მაღალია, ვიდრე ბანკებში. საპროცენტო განაკვეთები ჩვენთან საშუალოდ, 30-36%-ია, გააჩნია მოთხოვნილ თანხას და ბიზნესის რისკიანობას. უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 2 მთავარი ფაქტორი განაპირობებს: მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის საკრედიტო რესურსები გაცილებით ძვირია, ვიდრე ბანკებისათვის. ჩვენ ბანკებისგან განსხვავებით იაფიანი საკრედიტო რესურსების წყაროები არ გვაქვს. მეორე ფაქტორი, თვითონ ჩვენ მიერ დაფინანსებული პროექტების მაღალი რისკიანობაა, მაშინ, როცა ბანკები რისკის მაღალი მაჩვენებლის გამო მსგავს პროექტებს საერთოდ იცილებენ თავიდან და მათ არ აფინანსებენ.
ამასთანავე, ჩვენთან სესხის აღების პროცედურები უფრო გამარტივებულია და იმდენი საფეხურის გავლა არ არის საჭირო, რაც ბანკებში. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ ჩვენთან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. Start-up-ების დაფინანსებისას ასევე ვითვალისწინებთ საშეღავათო პერიოდებს. ანუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 6-12 თვე, სანამ ბიზნესი ფეხზე დადგება, მსესხებელს ვახდევინებთ მხოლოდ პროცენტს, ძირის დაფარვას კი ამ პერიოდის შემდეგ იწყება.
ს.ე. – სებ-ის ანტიინფლაციური პოლიტიკა თუ ასახება თქვენს საპროცენტო განაკვეთებზე?
გ.ა. – სებ-ის ანტიინფლაციური პოლიტიკა არ აისახება ჩვენს საპროცენტო განაკვეთებზე. ჩვენ შევინარჩუნებთ იმ საპროცენტო განაკვეთებს, რაც ახლა არის. ეს იქნება მაქსისმუმ 36%. 2 წელია რაც ბაზარზე ვართ და, თავდაპირველად, ჩვენი სესხების საპროცენტო განაკვეთი 48% იყო. ახლა კი მკვეთრად შემცირებულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ დღეს უფრო მეტად ხელგვეწიფება შედარებით იაფი საკრედიტო რესურსები მოვიზიდოთ. გარდა ამისა, გაიზარდა კონკურენციაც ჩვენს ბაზარზე. გაზრდილმა კონკურენციამ კი, საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყო ხელი.
ს.ე. – რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ადმიანი იმისათვის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცისგან მიიღოს სესხი?
გ.ა. – კლიენტს ჩვენთან სესხის ასაღებად სჭირდება ქონებრივი უზრუნველყოფა. არაუზრუნველყოფილი სესხები ჩვენ არ გვაქვს. უძრავი ქონება არის ერთადერთი, რითაც ჩვენ სესხებს ვაზღვევთ. შეიძლება ეს იყოს ავტომობილიც. თანხას გააჩნია. ასევე ყურადღება ექცევა ბიზნეს იდეის სიცოხლისუნაიანობას.
ს.ე. – ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში კრედიტები დამწყები ბიზნესმენებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი არ არის?
გ.ა. – ამ მოსაზრებას ვეთანხმები. თუმცა ბანკების პოზიცია ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია. რადგან ჩვენთან ბიზნეს გარემო ძალიან არაპროგნოზირებადია. დღეს არ შეიძლება განსაზღვრო, 1-2 წლის შემდეგ ესა თუ ის დარგი როგორ იმუშავებს. გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ჩემი აზრით, იქნება დაზღვევის აქტიური ჩართვა ბიზნესის დაფინანსებაში. იგივე, სოფლის მეურნეობის სფეროს დაფინანსებაში, რომელიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული. სადაზღვევო სფეროს განვითარების გარეშე ეს ვერ მოხერხდება. დაზღვევის მექანიზმი აქტიურად უნდა ჩაებას იმავე ვაჭრობის, ექსპორტ-იმპორტის და ნებისმიერ სფეროებში. სადაზღვევო მექანიზმის არსებობის შემთხვევაში, გამსესხებელს ხელ-ფეხი უფრო გაეხსნება.
საქართველოს მთავარობას აგრარული სექტორის დაზღვევის სუბსიდირებას უცხოელი ექსპერტებიც ურჩევენ. “დაზღვევა საქართველოში სუსტად არის განვითარებული – აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია “დელოიტ კონსალტინგის” ექსპერტი. ედგარ ბალდინი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიებს უზარმაზარი დანაკარგები აქვთ, რადგან სათანადო რისკების დაზღვევას ვერ ახდენენ. მისივე თქმით, პრობლემაა ფერმერების მხრიდან მოთხოვნის არარსებობა, ინფორმაციის ნაკლებობა და ტექნიკური და ფინანსური საშუალებების სიმცირე, რაც, საბოლოო ჯამში, დაზღვევას აძვირებს. ის ფაქტი კი, რომ დღეს დამწყებ ბიზნესმენთა თუ უკვე ჩამოყალიბებული ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი, სწორედ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიში მიდის და არა ბანკებში, სადაც საპროცენტო განაკვეთები გაცილებით დაბალია და ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქვეყანაში თვიდან თვემდე მრავლდებიან (შარშან მხოლოდ მესამე კვარტალში დაახლოებით 50 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეიქმნა) ნამდვილად მეტყვლებს იმაზე, რომ საბანკო კრედიტები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ადვილად ხელმისაწვდომი არ არის.