ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმი
რედაქციისაგან
26 მარტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა ქართულ-ჩინური ბიზნესის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და ჩინეთის სინცზიანის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა.
ამ ფორუმზე წარმოდგენილი იყო 12 ჩინური კომპანია, რომელთა საქმიანობაა: ობიექტების მშენებლობა, საინჟინრო და სამონტაჟო სამუშაოები, ტურიზმი, სასაწყობო და ლოჯისტიკური საქმიანობა, ავტომობილებისა და სამშენებლო სპეცტექნიკის ექსპორტი, სამშენებლო მასალების წარმოება და ვაჭრობა, ფოლადის, ნავთობპროდუქტების, წიაღისეულის ექსპორტ-იმპორტი და სხვა. ქართული მხრიდან ფორუმში მონაწილეობდა 50 კომპანიის წარმომადგენელი.
ფორუმის გახსნამდე გაიმართა შეხვედრა ჯემალ ინაიშვილსა და ჩინეთის ბიზნეს-დელეგაციის ხელმძღვანელ იანგ ის შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ: სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი გიორგი კაკაბაძე, კახეთის გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე, ჩინური მხრიდან: ჩინეთის ელჩი საქართველოში ვან კაივენი და ქალაქ ურუმჩის ვიცე მერი ლი გუანჯუი.
ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმი მოხსენებით გახსნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა. მან ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და მომავალ პერსპექტივებზე.
ჩინეთის მხრიდან ფორუმის მონაწილეებს მიესალმა ჩინეთის ელჩი საქართველოში ვან კაივენი და ჩინეთის ბიზნეს-დელეგაციის ხელმძღვანელი იანგ ი.
საქართველოში ბიზნეს-კლიმატის შესახებ ისაუბრა კახეთის გუბერნატორმა ლევან ბეჟაშვილმა. მისი განცხადებით, ჩინეთის ბაზრის ათვისება ქართველმა მეღვინეებმა უკვე დაიწყეს და ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებით ჩინურ ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის წილი გაიზრდება. ჩინელი ბიზნესმენები 27 მარტს კახეთის რეგიონს მოინახულებენ.
საქართველოში ბიზნესგარემოზე ასევე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წამყვანმა სპეციალისტმა მიხეილ კობალაძემ.
ფორუმზე იურიდიული კომპანიის DLA Piper Gvinadze & Partners LP-ის წარმომადგენელმა ივანე ხოხლოვმა ისაუბრა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის იურიდიულ ასპექტებზე. კომპანია “ელიტ-ინვესტის” დირექტორმა ივერი ქუცნაშვლმა წარმოადგინა კომპანიის საინვესტიციო პროექტი.
ფორუმის დასრულების შემდეგ ქართველ და ჩინელ ბიზნესმენებს შორის გაიმართა შეხვედრები.