ტურიზმი და კლიმატი
ლიანა ქართველიშვილი, სამეცნიერო დოქტორი ლილი კოჭლამაზაშვილი, აკადემიური დოქტორი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ბიზნესის პროგრამული მიმართულება
სრულყოფილი და საიმედო კლიმატური მონაცემები ეკონომიკის ისეთი დარგების სწორი მენეჯმენტისა და განვითარების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, როგორიცაა: ენერგეტიკა, მშენებლობა, ტურიზმი და კურორტოლოგია, სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსები, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ა, შ. კლიმატის შესწავლა და კვლევა დღეისათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან გასული საუკუნის ბოლო წლებიდან დაწყებულმა; კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ადამიანებს უამრავი სიძნელე და საფრთხე შეუქმნა.
როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, 1990 წლიდან დღემდე მთელი რიგი ბუნებრივი და სტიქიური უბედურებები უშუალოდ ამინდის პირობებთან და კლიმატთან არის დაკავშირებული (ნახ.1). აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კლიმატი არა მხოლოდ ბუნებრივ, არამედ ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორსაც წარმოადგენს, ამიტომ ბუნებრივია ის დიდი ინტერესი, რომელსაც ადამიანი კლიმატის ცვლილების მიმართ იჩენს. ჩვენს ქვეყანაში პრობლემა “ადამიანი და კლიმატი” მეტად მძაფრად დგას, ვინაიდან საქართველო თავისი რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ხასიათდება. საქართველოს მცირე ტერიტორიაზე ვხვდებით კლიმატის თითქმის ყველა ტიპს (გარდა ეკვატორულისა და ტროპიკულისა). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ იგი წარმოადგენს პოლიკლიმატური ქვეყნის კლასიკურ მაგალითს, სადაც კლიმატური ვარიაციები უფრო მტკივნეულად მიმდინარეობს, ვიდრე დიდი ტერიტორიის მქონე ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც მხოლოდ რამოდენიმე კლიმატური ტიპით ხასიათდება.
კლიმატი და ამინდი ადამიანებთან და მის გარემომცველ სამყაროსთან ერთად წარმოადგენს იმ ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის, ან რეგიონის ტურიზმის და კურორტოლოგიის განვითარებისათვის. ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის სექტორია. ტურისტული ბაზრის და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიის საწარმოების ფუნქციონირებას მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათი აქვს, რომელზედაც მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები. ტურისტული ბაზრის ფუნქციონირების პირველად ფაქტორებია ბუნებრივ-კლიმატური, ხოლო მეორადი – ეკონომიკური, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური, ტექნოლოგიური და სხვა.
საერთაშორისო კონფერენციაზე “ტურიზმი და კლიმატის ცვლილება”, რომელიც 2003 წელს ტუნისში ჩატარდა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) და მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (მტო)-ს ეგიდით აღინიშნა, რომ მმო-მ ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები ტურიზმის მიმართულების დასახმარებლად (მხარდასაჭერად). იგი უზრუნველყოფდა მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში შემავალ 187 წევრ ქვეყანას ადრეული გაფრთხილებებით ბუნებრივი კატასტროფების, მყინვარების უკან დახევის, წყლის რესურსების და კლიმატის ცვლილების შესახებ. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძალიან დადებითადაა განწყობილი მმო-ს მიმართ და მჭიდროდ თანამშრომლობს მასთან და აგრეთვე სხვა შესაბამის სააგენტოებთან. კლიმატისა და ექსტრემალური კლიმატური მოვლენების პროგნოზირების ინფორმაციის მნიშვნელობა, რასაც იძლევა ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა დღევანდელ პირობებში, ვინაიდან კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე თავი იჩინა რეგიონალურმა კლიმატურმა ვარიაციებმა.
2004 წელს მსოფლიო ისტორიაში დაფიქსირდა ყველაზე უფრო დამანგრეველი ქარიშხლები და ტაიფუნები, რამაც რამდენიმე ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასევე თითქმის ყველგან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნებოდა ძლიერი ნალექებით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობები და მეწყერები. ასევე მსოფლიო ექსპერტთა გათვლებით აღმოჩნდა, რომ 2006 წელს მიწისპირა ჰაერის ტემპერატურამ მსოფლიო გლობალური ტემპერატურის ნორმას 0,54 გრადუსით გადააჭარბა, რამაც გამოიწვია საოცრად ცხელი ზაფხული მთელ დედამიწაზე, ამიტომ ეს წელი გამოცხადდა, როგორც ყველაზე ცხელი მეექვსე წელი 1861 წლიდან დაწყებული. ექვსი ყველაზე უფრო ცხელი იყო 1861, 1998, 2001, 2002, 2003, 2004 და 2006 წლები.
საქართველოში 2006 წლის 3 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით შექმნილმა აეროსინოპტიკურმა პირობებმა ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის მიმართულებით აფრიკის ჩრდილოეთი რაიონებიდან ცხელი და მშრალი ჰაერის მასების გადადგილებას. შექმნილი მდგომარეობის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ანომალურად ძლიერი გვალვა – ჰაერის მაღალი ტემპერატურული რეჟიმი და ნალექების ანომალური დეფიციტი აღინიშნებოდა. ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მრავალწლიურ ნორმასთან შედარებით 4-5 გრადუსით მაღალი აღმოჩნდა. მრავალწლიური მეტეოროლოგიური დაკვირვების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, თვის ნორმიდან ტემპერატურის ასეთი დიდი გადახრა 1900 წლიდან დღემდე საქართველოში აღნიშნული არ არის.
კლიმატს და ამინდს ორივეს აქვს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ზეგავლენა ტურიზმზე. ტურისტებს ხიბლავს ისეთი სასიამოვნო კლიმატური პირობები, როგორიცაა მზე, თბილი ჰაერი და მცირე ნალექი სანაპიროებზე, კარგი თოვლიანი პირობები ზამთრის სპორტისათვის. ტურიზმის სეგმენტში კლიმატი ძირითადია ტურისტებისათვის. ამიტომ არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს და მათ ცვლილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს ტურისტების ნაკადზე ან ტურისტული საქმიანობის სეზონურ მონაცვლეობაზე. მაგალითად, ევროპაში ჩრდილოელი ტურისტების ჩვეულებრივი ნაკადი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შეიძლება გაიზარდოს ზაფხულის ზედმეტად მაღალი ტემპერატურით, წაახალისოს ტურისტები დაისვენონ მათთვის უფრო ხელსაყრელ პირობებში.
ტურიზმი სეზონური საქმიანობაა და სამომხმარებლო სექტორში ცვლილებებს, რომელიც გამოწვეულია კლიმატური ვარიაციებით, შეიძლება ჰქონდეს დიდი ზეგავლენა ადგილობრივ ტურისტულ საქმიანობაზე, დასაქმებასა და მომარაგებაზე, ასევე ზეგავლენას ახდენს იგი ტურიზმის მონათესავე სექტორებზე და სამსახურებზე (როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი რეწვა და მშენებლობა). ისეთი ექსტრემალური ამინდი და კლიმატური მოვლენები, როგორიცაა ქარიშხლები და ციკლონები პირდაპირ ზემოქმედებს ტურიზმის ინფრასტრუქტურაზე და დაწესებულებაზე, განსაკუთრებით კი ისეთზე, რომლებიც მდებარეობენ კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლად სანაპირო ზოლზე. ტურისტული ბაზრის ფუნქციონირება და მასთან დაკავშირებული ტურისტული ინდუსტრიის საწარმოები ტურისტული პროდუქტის მოთხოვნაზე მკვეთრ სეზონურ რყევას განიცდის. ბუნებრივია, ტურიზმის საწარმოო-მომსახურების პროცესი განიცდის მკვეთრად გამოხატულ დამოკიდებულებას სეზონურ რყევებზე.
ტურიზმის სფეროში სეზონურობის შესწავლა საშუალებას იძლევა განისაზღროს ბუნებრივ-კლიმატური პირობების გავლენის ხარისხი ტურისტული პროდუქტის ფორმირებაზე; დადგინდეს ტურპროდუქტის სეზონურობის ხანგრძლივობა; გამოვლინდეს ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ სეზონურობას ტურიზმში; შემუშავდეს ღონისძიებების სისტემა სეზონურობის არათანაბრობის შესამცირებლად ტურისტების მომსახურების დროს და საბოლოო ჯამში განისაზღვროს სეზონურობის ეკონომიკური გავლენა რეგიონისა და ტურფირმის დონეზე.
კლიმატის ცვლილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ტურისტულ საქმიანობაზე მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსის – ბუნებრივი გარემოს შეცვლით. მაგალითად, ნალექების ცვლილებას შეუძლია გამოიწვიოს წყალდიდობა, ან გვალვა (რაც გამოიწვევს გაუდაბნოებას, ან წყლის ნაკლებობას); ზღვის წყლის ტემპერატურის გაზრდამ შეიძლება დააზიანოს მარჯნის ეკოსისტემა; შტორმულმა ტალღებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაპირის ეროზია და ზედმეტმა მარილიანობამ შეიძლება გავლენა იქონიოს სანაპირო ეკოსისტემებზე. ტურიზმი ისეთი რესურსების აქტიური მომხმარებელია, როგორიცაა წყალი, ენერგია, საჭმელი, მდიდარი ბიომრავალფეროვნება და პირველყოფილი ბუნებრივი არეალი. მთიან რეგიონებში ტურიზმზე ზეგავლენას ახდენს თოვლიანობის პირობების ცვლილება და ტურისტული ადგილები წყალდიდობიან და გვალვიან არეებში დაცულნი არ არიან გარემო ზემოქმედებისგან. კლიმატის ცვლილება ასევე გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ტურისტების და ადგილობრივი გაერთიანებების უსაფრთხოებაზე.
ტურიზმის საქმიანობისათვის ამინდის და კლიმატის შესახებ ინფორმაციას და კლიმატის ექსტრემალური მოვლენების პროგნოზირებას, რომელსაც იძლევა ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურები, სულ უფრო მზარდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს განპირობებულია იმით, რომ ტურისტული საქმიანობის დაგეგმვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კლიმატზე და სადაზღვევო პრაქტიკა ტურიზმში დიდ ზეგავლენას განიცდის ბუნებრივი კატასტროფების გამო. კლიმატის ცვლილება ზრდის რისკს ტურისტული ადგილების ფუნქციონირებაში. ამიტომ მთავრობამ და კერძო სექტორმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს კლიმატური ინფორმაციის მართვას და გამოყენებას, კლიმატური ფაქტორების ჩართვას ტურიზმის პოლიტიკაში, ტურიზმის მენეჯმენტისა და განვითარების გეგმებს. ამისათვის საჭიროა ეფექტური კოორდინაცია გარემოსდაცვით და ტურისტულ ორგანიზაციებს შორის, კერძოდ კი, მმო-სა და მტო-ს შორის, ასევე გადამწყვეტია ტურიზმის სექტორში კვლევების ჩატარება ტურისტთა უსაფრთხოების შესამცირებელი ღონისძიებების გასატარებლად.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის თანამშრომლობა განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის აქტიურ განვითარებას, რაც თავის მხრივ პოზიტიურად მოქმედებს წარმოების გაზრდაზე და ტურპროდუქტის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაზე, განაპირობებს სამუშაო ადგილების და ხელფასის გაზრდას.
ტურიზმი აღიარებულია გასული საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს ეკონომიკურ და სოციალურ ფენომენად. საერთაშორისო ტურისტული ნაკადი 1950 წლიდან დღემდე 25 მილიონიდან 840 მილიონამდე გაიზარდა. როგორც მტო-ს გამოკვლევები გვიჩვენებს, წლიურად იგი იზრდება 4 %-ით და 2020 წლისთვის მიაღწევს 1.6 მილიარდს (ნახ.2).
მსოფლიო ექსპორტის 7.5% ეკუთვნის ტურიზმის სექტორს, ავტომობილის და გაზის მრეწველობის შემდეგ. ტურიზმი საერთაშორისო ვაჭრობის და მომსახურების ერთ-ერთი მზარდი სექტორია, რომლის განვითარებაც ხასიათდება მისი გეოგრაფიის გაფართოებით, დივერსიფიკაციითა და ინტეგრაციით. ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია მარკეტინგის სეგმენტის გაფართოება, ტურიზმის ახალი ფორმების ჩამოყალიბება, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც დაკავშირებულია ველურ ბუნებასთან (ეკოლოგიური და ეგზოტიკური ტურიზმი), სოფლის მეურნეობასთან (აგრარული ტურიზმი) და კულტურასთან.
ნახ. 2. საერთაშორისო ტურისტული ნაკადების დინამიკა 1950-2020წწ. (მილიონი წელიწადში)
საქართველო სულ რაღაც ოციოდე წლის წინათ ყოფილ საბჭოეთში, რუსეთისა და უკრაინის შემდეგ ტურიზმის ლიდერ ქვეყანად ითვლებოდა. ამ პერიოდში საქართველოს როგორც შიდა, ისე გარე საზღვრებს 4-5 მლნ ტურისტი კვეთდა. საქართველოზე გადიოდა 120-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ტურისტული მარშრუტი. 90-იან წლებში ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა ტურიზმის ინფრასტრუქტურის სრული პარალიზება, რამაც გამოიწვია ტურისტული ნაკადების მიმოსვლის შეწყვეტა. ამ პერიოდისათვის ტურიზმმა ორმაგი დარტყმა განიცადა. ჯერერთი, რომ მოიშალა ინფრასტრუქტურა, მეორეც, დაიკარგა ისეთი კადრები, რომელთაც ტურიზმის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ.
1993 წლიდან საქართველო გაერთიანდა მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში, ტურიზმმა კვლავ აღმასვლა დაიწყო. თანდათანობით გაიზარდა როგორც ტურისტთა მიმწოდებელი ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ტურისტთა ნაკადებიც. საქართველოს სტუმრობენ მსოფლიოს ექვსივე ტურისტული რეგიონიდან, ყველაზე დიდი ხვედრითი წონა ტურისტთა საერთო რიცხოვნებაში უკავია ევროპიდან, კერძოდ დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულებს. როგორც ცხრილიდა ჩანს, საქართველოში შემოსულ ტურისტთა და ვიზიტიორთა ნაკადები გაიზარდა თითქმის 12-ჯერ. მართალია, 2007 წელს ტურისტთა და ვიზიტიორთა ნაკადის ზრდის ტემპი წინა ორ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ქვეყანაში შემოსულ სტუმართა რიცხოვნობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც განაპირობებს ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტურიზმის სახეების დივერსიფიცირება და ტრანსნაციონალური კორპორაციების ქვეყანაში შემოსვლა.
ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა 1998 წლიდან დაიწყო. 1998-2003 წლებში შემოსავლების მოცულობა მერყეობდა 646-826 მლნ-ის ფარგლებში. BCG Research-ის მიერ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით 2007 წლის მაისში ჩატარებული მარკეტინგული კვლევის საფუძველზე, რომლის დროსაც გამოიკითხა თბილისის აეროპორტიდან მიმავალი 500 უცხოელი ტურისტი, სხვა მრავალ საკითხთან ერთად შესწავლილ იქნა მათ მიერ მოგზაურობის დროს გაწეული დანახარჯები მომსახურების ცალკეული სახეების მიხედვით (სასტუმროში ცხოვრება, კვება, გართობა, ქვეყნის შიგნით მგზავრობა, სუვენირების შეძენა), მგზავრობის თანხის გარდა.
თუ შევადარებთ 1998-2003 წლებში ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების დანახარჯებს ერთ ტურისტზე გაანგარიშებით, დავინახავთ, რომ ამ წლებში თითოეული ტურისტი ქვეყანაში ტოვებდა საშუალოდ 208-239 ლარს, ხოლო ზემოთ ნახსენებმა მარკეტინგულმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ აღნიშნული საშუალო დანახარჯებმა ქვეყანაში ყოფნის პერიოდში შეადგინა 1164 აშშ დოლარი (1862 ლარი), ხოლო მთელი წლის განმავლობაში – 1051 მლნ. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში შემოტანილი იქნა 1,2 მლრდ. აშშ დოლარი (1,9 მლრდ ლარი).
უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული კვლევა ამ მხრივ საკმაოდ კარგ მაჩვენებელს იძლევა, მაგრამ მაინც დასაზუსტებელია, ვინაიდან აღნიშნულის გაანგარიშება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეროგატივაა და აუცილებლად საჭიროა ეს მაჩვენებელი მან გაიანგარიშოს.
ტურიზმიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად თითოეული სახელმწიფო ამუშავებს ტურისტულ პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სახეა. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001 წელს შემუშავებული კონცეფციის თანახმად, ტურიზმის შემდგომი განვითარებისათვის უნდა შეიქმნას ისეთი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. საზღვარგარეთული და შიდა ტურიზმის განვითარებისათვის უნდა მოხდეს სტიმულირების ეკონომიკური მექანიზმების სრულყოფა, გადასახადების შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა. ტურიზმი მსოფლიოს უმსხვილესი ინდუსტრიაა და სამუშაოს უმსხვილესი მომცემია, ამიტომ სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია ტურიზმის ეკონომიკის განსამტკიცებლად და ეროვნული მეურნეობის ამ კომპლექსის ეკონომიკური ეფექტიანობის ასამაღლებლად. როცა ვამბობთ, რომ ტურიზმი გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს ისეთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტი, ქვეყნის ექსპორტი და იმპორტი, საგადასახადო ბალანსი, მოსახლეობის დასაქმება, ეკოლოგია, სოციალური და კულტურული სფეროები.
ტურიზმის ზემოქმედება გარემო ბუნებაზე ტურისტული საქმიანობის პროცესში გარდაუვალია. ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს პირდაპირი, ირიბი, დადებითი, ან უარყოფითი. ტურიზმი ვერ განვითარდება ბუნებასთან ურთიერთმოქმედების გარეშე, მაგრამ მისი განვითარების სწორი მართვისა და ზუსტი დაგეგმვით შეიძლება შემცირდეს მისი ნეგატიური ზემოქმედება და განვითარდეს დადებითად.
ტურიზმის დადებითი ზემოქმედება მოიცავს: ისტორიული ძეგლების დაცვასა და რესტავრაციას, ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების შექმნას, ნაპირებისა და რიფების დაცვას, ტყეების დაცვას და სხვა. სამწუხაროდ, ბევრ განვითარებად ქვეყანაში, ფინანსური რესურსების უქონლობის გამო, ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისათვის არავითარი ღონისძიებები არ ტარდება, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გადაიტანება სხვა უფრო მომგებიან პრიორიტეტულ სფეროებში. ის, რაც ითვლება ტურისტებისათვის დადებითად, შეიძლება ნეგატიური აღმოჩნდეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მაგალითად, პარკების გაშენება შეიძლება გახდეს საქონლისათვის საძოვრების შემცირების მიზეზი და აქედან გამომდინარე, კვების მრეწველობის დაცემის მიზეზი.
ტურიზმის ნეგატიური ზემოქმედება ზოგიერთ შემთხვევაში აჭარბებს მის დადებით მხარეს. ასეთი ზემოქმედების მაგალითებია მდინარეების, ზღვების, ტბების წყლის ხარისხის გაუარესება, შიდა წვის ძრავებში სათბობად ზეთოვანი სათბობის გამოყენება; სხვადასხვა გასართობი დაწესებულებების საქმიანობიდან გამოწვეული ხმაური; ტურისტების მიერ კოცონების გაჩაღების შედეგად ადგილობრივი ველური ბუნების განადგურება; ისტორიული ძეგლების გაფუჭება მათზე წარწერების გაკეთებით. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვის სანაპიროების გასწვრივ ახალი სასტუმრო კომპლექსებისა და ინფრასტრუქტურის აშენებამ უარყოფითად იმოქმედა გარემო ბუნებაზე. ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში აიკრძალა შენობების აგება ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ. ტურიზმში გამოიყენება ბევრი სხვადასხვა დარგის პროდუქცია, ამიტომ მათი გარემო ბუნებაზე ზემოქმედებაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.
ქვეყნისათვის გარემო ბუნების დაცვის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს გრძელვადიანი პერიოდისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ტურიზმის მდგრადი განვითარება, რასაც ბევრი, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყანა იგნონირებას უკეთებს ფინანსური მოგების მიზნით. ზოგიერთ ტურისტულ ადგილებში პრაქტიკულად არა აქვთ ბუნების დაცვის სამსახურები და ნორმატიული აქტებიც სუსტად მოქმედებს. ტურიზმის მდგრადი განვითარეისთვის კი საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება და მოცემული რეგიონის კლიმატური პირობების სწორი გათვალისწინება.