ჩვენი პლანეტის მოსახლეობის აღწარმოების რეგიონული თავისებურებანი
ლეო ჩიქავა, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
მწვავე გლობალურ მოვლენებს შორის, რომლებიც თანამედროვე ეტაპზე კაცობრიობას აღელვებს, ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დემოგრაფიულ პროცესებს უჭირავს. თუმცა, ამ პრობლემის შინაარსობრივი დატვირთვა პლანეტის ცალკეული რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. დედამიწის ერთ ნაწილში, მოსახლეობის აღწარმოების მაღალი ტემპები დამატებით საზრუნავს უქმნის არა მარტო იმ რეგიონების ხელისუფალთ, სადაც ასეთი მოვლენები აღინიშნება, არამედ პლანეტის შორეული კონტინენტების ხელისუფლებსაც; მეორე ნაწილში კი, პირიქით, მკვეთრად დაბალი ტემპები ან სულაც დეპოპულაცია (მოსახლეობის რიცოხვნობის ბუნებრივი კლება) საფრთხეს უქმნის თაობათა განახლების პროცესს.
დასმული პრობლემა, ფაქტობრივი მონაცემების მოშველიებით, უნდა განვიხილოთ ისეთი ძირითადი დემოგრაფიული პროცესების მიხედვით, როგორიცაა შობადობა, მოკვდაობა, მოსახლეობის ბუნებრივი მატება, დემოგრაფიული დაბერება და ა.შ.
რეგიონულ ჭრილში მოსახლეობის აღწარმოების განსხვავებული ტიპების არსებობაზე მიგვანიშნებს, უწინარეს ყოვლისა ის, რომ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, მსოფლიოს მოსახლეობის ბიუროს 2000 წლის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში საშუალოდ 22 პრომილეს შეადგენს, მ.შ. განვითარებად რეგიონში 25 პრომილეს, ხოლო განვითარებულში 11 პრომილეს.1 როგორც ჩანს, იგი საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, განვითარებად რეგიონში 13,6%-ით მაღალი, ხოლო განვითარებულში 2-ჯერ დაბალია. აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოშიც თითქმის ასეთივე დაბალია (9%), მიუხედავად იმისა, რომ იგი უკანასკნელ ათწლეულში შექმნილი არაორდინარული ვითარების გამო, განვითარებად რეგიონს განეკუთვნება.
შობადობის დონე დიფერენცირებულია თვით ცალკეული რეგიონების ფარგლებშიც. მაგალითად, აზიაში საშუალოდ 22 პრომილეს შეადგენს, მ.შ. ომანსა და ავღანეთში ყველაზე მაღალს – (43%), ხოლო იაპონიაში – ყველაზე დაბალს – (9%). ასევეა აფრიკაშიც. საშუალო მაჩვენებელია – 38 პრომილე, მ.შ. ლიბერიასა და ჩადში ყველაზე მაღალი (50%) და მავრიტანიაში – ყველაზე დაბალი (17%).
პოსტსაბჭოურ სივრცეში ასეთი ვითარებაა: შობადობის ზოგადი კოეფიციენტი 15-23 პრომილეს ფარგლებშია აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში; 9-14 პრომილეს, საქართველოსთან ერთად, არ აღემატება სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, მოლდოვასა და ლიტვაში. 9 პრომილეზე დაბალია რუსეთში, უკრაინაში, ლატვიასა და ესტონეთში.
შობადობის დონის ესოდენ კონტრასტულობაზე, მოსახლეობის აღწარმოების ტრადიციულიდან თანამედროვე ეტაპზე რეგიონების, კონტინენტების, ქვეყნების არაერთდროულ გადასვლასა და მთელ რიგ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორთან ერთად, საგრძნობ გავლენას ახდენს რელიგიური ფაქტორიც.
მეტად მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მაჩვენებელია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. (შვილთა რაოდენობა თითოეულ ქალზე ფერტილური ასაკის მთელ მანძილზე). იგი გასულ წელს მსოფლიოში საშუალოდ 2,9% შეადგენდა. მისი დაცემის ტენდენცია ცივილიზაციის თანმხლები საერთო კანონზომიერებაა (მსოფლიოში მარტო 1996-2000 წწ. 4 პრომილეთ შემცირდა). მიუხედავად ამისა, რეპროდუქციული ქცევა რეგიონების მიხედვით საკმაოდ კონტრასტულია. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ამჟამად განვითარებულ რეგიონთან შედარებით, განვითარებად რეგიონში ორჯერ და უფრო მეტად მაღალია. იგი ევროპასთან შედარებით მაღალია: ჩრდილოეთ ამერიკაში 1,4-ჯერ, აზიაში 2-ჯერ, ლათინურ ამერიკაში – 2,1-ჯერ, ხოლო აფრიკაში – თითქმის 4-ჯერ. ამ მხრივ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში ასეთი ვითარებაა: მოლდოვაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში 1,5-2,8 პროცენტის ფარგლებშია. რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში კი 1,2 – 1,3 პროცენტს არ აღემატება. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელი ჯგუფის ქვეყნებში ყოველ 100 ქალზე ფერტილური ასაკის მთელ მანძილზე შვილთა რაოდენობა 120-130-ს არ აღემატება, მაშინ, როცა მოსახლეობის თუნდაც მარტივი აღწარმოებისათვის აუცილებელია არანაკლებ 210-215 ბავშვისა.
სოციოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია, რომ განვითარებად ქვეყნებში ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს შვილები გაცილებით მეტი ოდენობით ჰყავს, ვიდრე სურს. მაგალითად, კენიაში რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს სურდათ ჰყოლოდათ საშუალოდ 4-2 ბავშვი, სინამდვილეში ჰყავთ 6-5; ეგვიპტეში ქალების სურვილი იყო – 2-3 ბავშვი, ფაქტობრივად ჰყავთ 4-5. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ ქვეყნებში თითქმის არ ხდება ბავშვთა შობის შიგა ოჯახური რეგულირება და ამ მიზნით კონტრაცეპტივების გამოყენება. იქ, სადაც კონტრაცეპტივები ფართო მასშტაბით გამოიყენება, შობადობა, როგორც წესი, დაბალია. ასე, მაგალითად, იტალიაში გათხოვილი ქალების 91% იყენებს კონტრაცეპტივებს, ამიტომ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი 9 პრომილეს არ აღემატება. შესაბამისი მაჩვენებლები შეადგენს: გერმანიაში 85-9, საფრანგეთში 75-13, რუსეთში 67-8, და ა.შ.
პოსტსაბჭოური სივრცის ცალკეულ ქვეყნებში შვილთა სასურველ და რეალურად მოსალოდნელ რიცხოვნობას შორის თანაფარდობის მხრივ სრულიად საწინააღმდეგო სურათი შეინიშნება, მაგ. საქართველოში, ოჯახში საშულაოდ შვილთა სასურველ ოდენობასთან შედარებით, ფაქტიური რიცხოვნობა 1 ბავშვით ნაკლებია, რომლის ძირითად მიზეზად რესპონდენტები ცხოვრების მძიმე პირობებს ასახელებენ.
მოსახლეობის აღწარმოების მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოკვდაობა, ცივილიზაციის მეოხებით (სამედიცინო მეცნიერების განვითარება და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა, ეპიდემიების დაძლევა, მსოფლიო ომების თავიდან აცილება და ა.შ.). იგი ყველგან როგორც წესი, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, მისი დონე რეგიონების მიხედვით საკმაოდ დიფერენცირებულია: განვითარებულ რეგიონში შეადგენს 10 პრომილეს, ხოლო განვითარებადში – 9 პრომილეს (მ.შ. აფრიკაში – 14, აზიაში – 8, ჩრდილოეთ ამერიკაში – 9, ლათინურ ამერიკაში – 6, ხოლო ევროპაში – 11 პრომილეს).
განვითარებულ ქვეყნებში მისი ძირითადი მიზეზებია დეფორმირებული ასაკობრივი სტრუქტურა, ეკოლოგიური კრიზისი და ნეგატიური სოციალური მოვლენები. (ნარკომანია, პროსტიტუცია, ლოთობა და ა.შ), განვითარებად ქვეყნებში კი – სუსტი სამედიცინო მომსახურება და მატერიალური ცხოვრების დაბალი დონე. გაეროს მონაცემებით მთელ მსოფლიოში სიღატაკეში ცხოვრობს 1 მლრდ. ადამიანი, არასაკმარისად იკვებება დაახლოებით 500 მლნ. ხოლო შიმშილისაგან ყოველწლიურად იხოცება 12,7 მლნ-ზე მეტი ადამიანი.2
პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებიდან მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში 11-15 პრომილეს აღწევს, მოლდოვაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში კი 10 პრომილეზე დაბალია.
უფრო მკვეთრადაა დიფერენცირებული ჩვილთა მოკვდაობის მაჩვენებლები: 2000 წელს ყოველ ათას ცოცხალშობილზე ერთ წლამდე ასაკში გარდაიცვალა განვითარებულ რეგიონში 8 (მ.შ. ევროპაში 9 და ჩრდილოეთ ამერიკაში 7) ხოლო განვითარებად რეგიონში 63 (მ.შ. აფრიკაში 88) ბავშვი.
პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებიდან ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი შეადგენს: ბელორუსში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში 9-11 პრომილეს; რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 12-17 პრომილეს; თურქმენეთში კი 33 პრომილეს, რაც მნიშვნელოვანი რეზერვების არსებობაზე მიგვანიშნებს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მაჩვენებელი არ აღემატება: სინგაპურში – 3,2, შვედეთსა და იაპონიაში – 3,5, გერმანიაში – 4,7, საფრანგეთში – 4,8-ს და ა.შ.
შობადობისა და მოკვდაობის მაჩვენებელთა შეჯერება იძლევა წარმოდგენას მოსახლეობის ბუნებრივ მატებაზე. როცა შობადობა აღემატება მოკვდაობას, როგორც წესი, ადგილი აქვს მოსახლეობის გაფართოებულ აღწარმოებას. მათი თანხვედრისას მიიღწევა მარტივი აღწარმოება. მაშინაც კი, როცა მეტი კვდება, ვიდრე იბადება. გარდაუვალია დეპოპულაცია ანუ მოსახლეობის ბუნებრივი, აბსოლუტური კლება. როგორი ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს პლანეტაზე?
2000 წელს მოსახლეობის ბუნებრივი მატება მსოფლიოში საშუალოდ 13 პრომილეს შეადგენდა. მ.შ განვითარებად რეგიონში 16 პრომილეს, (კერძოდ, აფრიკაში 24 პრომილეს), ხოლო განვითარებულ რეგიონში – 11 პრომილეს, (კერძოდ, ევროპაში – მინუს 1 პრომილეს). მოსახლეობის ზრდის ტემპები რეგიონების მიხედვით ასეთ კონკრეტულ სურათს იძლევა (2000 წლის მონაცემებით): აფრიკა – 2,4%, აზია და ლათინური ამერიკა – 1,7%, ჩრდილოეთ ამერიკა 0,6%, ხოლო ევროპა – მინუს 0,1%.
პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებიდან აშკარად გამოხატული დეპოპულაციაა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში. მოსახლეობის ოდნავი ბუნებრივი მატება – ყაზახეთში, სომხეთში, მოლდოვასა და საქართველოში, ხოლო უფრო სოლიდური მატება – უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანში.
აღწარმოების დღევანდელი ტემპების გათვალისწინებით, მოსახლეობის გაორკეცებისათვის მსოფლიოს განვითარებად რეგიონს მხოლოდ 42 წელი დასჭირდება. (მ.შ ცენტრალურ აფრიკას -23 და დასავლეთ აფრიკას – 25 წელი), განვითარებულს კი – 809 წელი (მ.შ. სამხრეთ ევროპას – 2121 წელი). იმ ქვეყნების მოსახლეობას კი, სადაც ქრონიკული ხასიათი აქვს დეპოპულაციას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა ვითარება, შორეულ პერსპექტივაში გადაშენება ემუქრება.
სპეციალისტთა პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა 2000-2025 წწ. 28,7%-ით გაიზრდება და 7,8 მლრდ-ს მიაღწევს, 2050 წლისათვის კი 9 მლრდ-ს გადააჭარბებს. იგი სხვაზე უფრო სწარფი ტემპებით გაიზრდება აფრიკაში, საშუალო ტემპით – ლათინურ ამერიკასა და აზიაში, დაბალი ტემპით – ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში კი შემცირდება 14 მლნ. კაცით 2025 წლისათვის და 70 მლნ. კაცით 2050 წლისათვის. (2000 წელთან შედარებით). ამის შედეგად, ნახევარი საუკუნის მანძილზე აფრიკის მოსახლეობის ხვედრითი წონა 13,2-დან 20%-მდე გაიზრდება, ხოლო ევროპისა – 12-დან – 7,2%-მდე შემცირდება და კიდევ უფრო გაღრმავდება რეგიონების მიხედვით მოსახლეობის ისედაც არათანაბარზომიერი გადაადგილება.
თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი დილემა მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერებაა. 2000 წლისათვის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წონა შეადგენდა: მსოფლიოში საშუალოდ 14%-ს, მ.შ. დასავლეთსა და სამხრეთ ევროპაში – 16%-ს და ჩრდილოეთ ევროპაში – 15%-ს, მაშინ, როდესაც გაეროს ექსპერტთა კლასიფიკაციით, დაბერების ზღვრად 7% ითვლება.3 მსოფლიოში დემოგრაფიულად ყველაზე უფრო დაბერებული ქვეყნებია იტალია, საბერძნეთი, შვედეთი და ბელგია (17%), შემდეგ – საფრანგეთი, საბერძნეთი და ესპანეთი (16%).
პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან დემოგრაფიული დაბერების ზღვარზე (4-6%) იმყოფებიან აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი; სიბერის საწყის სტადიაზე (7-9%) არიან ყაზახეთი, სომხეთი და მოლდოვა (7-9%); ხოლო სიბერის შედარებით მაღალი დონით (11-14%) გამოირჩევიან საქართველო, რუსეთი, მაგალითად: ბელორუსია, უკრაინა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.
მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებია: დაბალი შობადობა, (“დაბერება ქვემოდან”) და სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა (“დაბერება ზემოდან”). განვითარებულ რეგიონში შობადობის დაბალ მაჩვენებელზე უკვე აღვნიშნეთ, რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, იგი ამ რეგიონში 75 წელს შეადგენს. მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იაპონიას (81 წელი), (მ.შ. ქალებისა – 84 წელი), მომდევნო ადგილებზე არიან: შვედეთი, კანადა, ავსტრალია (79 წელი); საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ავსტრია, ნორვეგია, ბელგია (78 წელი). რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა მსოფლიოს განვითარებად რეგიონში, სადაც ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 80,5%. იგი დემოგრაფიულად ახალგაზრდაა (5%). კერძოდ, აფრიკაში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წონა 3%-ს არ აღემატება. არიან ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული ქვეყნები. მაგალითად, კუვეიტში “დემოგრაფიული სიბერის” მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ს შეადგენს, ანუ სრულიად ახალგაზრდაა.
ეს, მაღალ შობადობასთან ერთად, მნიშვნელოვანწილად სიცოცხლის შედარებით ხანმოკლეობით აიხსნება. იგი შეადგენს აღმოსავლეთ აფრიკაში 46 წელს, ცენტრალურ აფრიკაში – 49, დასავლეთ აფრიკაში – 50, სამხრეთ აფრიკაში – 54 წელს. არიან ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული ქვეყნები. მაგალითად, სიერრა-ლეონში ეს მაჩვენებელი 35 წელს არ აღემატება.
პროგნოზული მონაცემებით დადგენილია, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა იქნება დემოგრაფიულად დაბერებული, მაგრამ მდიდარი (მაღალი პენსია, ცხოვრების კომფორტული პირობები, და ა.შ), განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა კი – დემოგრაფიულად ახალგაზრდა, მაგრამ ღარიბი. დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა დემოგრაფიულად შედარებით ახალგაზრდა და მდიდარი. მაგალითად, სინგაპურში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წონა არ აღემატება 7%-ს და ამავე დროს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით 30 ათასზე მეტი დოლარის მთლიანი ეროვნული პროდუქტი იწარმოება.
პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნების უმრავლესობა ვარდება ამ კონტექსტიდან, რამდენადაც ისინი უკვე არიან დემოგრაფიული სიბერის სტადიაში და ჯერ კიდევ საკმაოდ დიდხანს დარჩებიან ღარიბებად.
დემოგრაფიული დაბერების ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს შორის აღსანიშნავია:
– დემოსტრუქტურის დეფორმაცია და თაობათა განახლების პროცესის დარღვევა, რომელსაც თან სდევს დეპოპულაცია, ერების გადაშენების საშიშროება, შრომითი რესურსების ბალანსის დაძაბვა;
– შრომისუნარიანთა (განსაკუთრებით ფაქტიურად მომუშავეთა) სოციალურ-დემოგრაფიული დატვირთვის ამაღლება, რაც ძაბავს თაობათა შორის ურთიერთობას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს მათ შორის დაპირისპირებისათვის;
ცნობილი სპეციალისტის ე. როსეტის მიერ შემოთავაზებული შკალით თუ შევაფასებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამჟამად შრომისუნარიანთა “საშუალო სოციალურ-დემოგრაფიული დატვირთვის” ქვედა ზღვარზე იმყოფება, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულთა დატვირთვა ბევრად აღემატება “ძლიერ დიდი დატვირთვის” ქვედა ზღვარს. თანაც შეინიშნება შრომისუნარიანთა სოციალურ-დემოგრაფიულ დატვირთვაში 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ხვედრითი წონის თანდათანობით შემცირებისა და საპენსიო ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წონის გადიდების ნეგატიური ტენდენცია;
– დასაქმებულთა ეკონომიკური დატვირთვის დონის ამაღლება, მომუშავეთა ეკონომიკური დატვირთვის მაღალი ტემპებით ზრდას განსაზღვრავს არა მარტო ის, რომ სისტემატურად მატულობს პენსიონერთა რიცხოვნობა და ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში, არამედ ისიც, რომ ასევე განუხრელად იზრდება მათი მოთხოვნილება (თანაც სპეციფიკური), გამოხატული როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ პარამეტრებში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 75 წლის ხანდაზმულის სამედიცინო მომსახურება 10-ჯერ მეტი ჯდება, ვიდრე 40 წლის ასაკის პაციენტისა. აი, რატომ თვლიან სიბერეს ძვირად ღირებულ ფენომენად.
დედამიწის მოსახლეობის აღწარმოების ზემოაღნიშნული რეგიონული თავისებურებანი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არა მარტო მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიცაა დიფერენცირებული სახელმწიფო დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის გატარება.