სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება
სოფიო ნემსაძე, სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი
სახელმწიფო და ბიზნესი წარმოუდგენელია ურთიერთკავშირის გარეშე. სახელმწიფოს ფუძემდებლური ფუნქციაა მეწარმეობის, როგორც სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის განვითარებისათვის ხელშეწყობა.
საზოგადოებრივი ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა გულისხმობს გარკვეულ შეზღუდვებს საბაზრო ურთიერთობების ყველა მონაწილისთვის, მათ შორის მეწარმეების ჩათვლით. აღნიშნული შეეხება ურთიერთობებს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს, შრომასა და კაპიტალს შორის, ასევე შიდა ურთიერთობებს ბიზნესგარემოში, კერძოდ, მეწარმეებს შორის, რაც მოიცავს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებსა და დარგებს, მცირე და მსხვილ ბიზნესს.
თავად ტერმინი “შერეული” ან “სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა” გულისხმობს საზოგადოებრივ ძალებს, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის დიალოგსა და კონსენსუსს. ეს, პირველ რიგში, ეხება სახელმწიფოს სოციალური ფუნქციების რეალიზების კონცეფციისა და მექანიზმების შემუშავებას, რაც დაკავშირებულია შემოსავლისა და სიმდიდრის გადანაწილებასთან, რესურსების განაწილების კორექტირებასთან, ეროვნული პროდუქტის სტრუქტურის შეცვლის მიზნით საზოგადოებრივი საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფასთან.
გარკვეულწილად ეს ეხება საბაზრო ურთიერთობების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზით უზრუნველყოფას, კონკურენციის დაცვის სახელმწიფო ფუნქციებს, სტაბილიზაციის, დასაქმებისა და ინფლაციის დონის კონტროლის კუთხით. საბაზრო ეკონომიკაში სამეურნეო საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა გულისხმობს მეწარმეთა არა მარტო უფლებების, არამედ გარკვეული მოვალეობების არსებობასაც, პასუხისმგებლობას როგორც ბიზნეს-პარტნიორებთან, ისე მომხმარებლებთან ურთიერთობებში.
კონკურენციის დაცვა ზღუდავს მონოპოლისტების საქმიანობას მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრეთვე მომხმარებლების სასარგებლოდ. კონტროლი დასაქმებისა და ინფლაციის დონეზე ხორციელდება პირველ რიგში მოსახლეობის დაუცველი ფენების სასარგებლოდ.
რაც შეეხება გარდამავალი პერიოდის სახელმწიფოს ფუნქციებს, ის უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მთლიანად მეწარმეობის განვითარებისა და ფუნქციონირების ზომებს, არამედ სოციალურ ღონისძიებებსაც. მნიშვნელოვანია აგრეთვე შეზღუდვები, რომლებიც განპირობებულია მეწარმეთა ცალკეული კატეგორიების ინტერესთა ბალანსის მიღწევის აუცილებლობით.
სახელმწიფოსა და მეწარმეობის თვისობრივად განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციების მოკლე შეჯერებიდან მკაფიოდ გამომდინარეობს მათი აქტიური ურთიერთქმედების ობიექტური აუცილებლობა (მოთხოვნილება). მაგრამ ის ასევე ობიექტურად მომდინარეობს სხვა მიზეზებიდანაც, რომლებიც განპირობებულია სამეურნეო და პოლიტიკური პროცესების, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების ამა თუ იმ ხარისხის ერთიანობის ან თუნდაც შეთანხმებულობის მიღწევისა და უზრუნველყოფის აუცილებლობით.
მსოფლიოში არ არის და არც ყოფილა ქვეყანა, სადაც არ რეგულირდებოდეს ამგვარი ურთიერთობები. ძალაუფლების ორგანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია ეფექტურად მომუშავე ეკონომიკა. აქ ერთნაირად საჭიროა როგორც შიდა ძალაუფლება, ე.ი. თავად ბიზნესერთეულის ეკონომიკური ძალაუფლება, ისე გარე ძალაუფლება, არაეკონომიკური, ე.ი. სახელმწიფო ძალაუფლება. ეს ნიშნავს, რომ საბაზრო ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება, ერთი მხრივ, შეუძლებელია სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე, მეორე მხრივ კი გულისხმობს ამ ჩარევის გარკვეულ საზღვრებს, რომლებიც უნდა დაწესდეს ძალაუფლების მატარებლის – ბიზნესსტრუქტურების მონაწილეობით.1
ამრიგად, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთქმედება განისაზღვრება ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელების ობიექტური აუცილებლობით. თუ არ არსებობს ამგვარი ურთიერთქმედების ლეგალური მექანიზმი, ის ამა თუ იმ ფორმით ჩაინაცვლება არალეგალური, ჩრდილოვანი, კორუფციული მექანიზმით.
მეწარმის ეკონომიკური ძალაუფლება ვრცელდება საზოგადოებრივი კაპიტალის (რესურსების) მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე, ამის გამო ის ვერ დაუქვემდებარებს თავის საქმიანობას მხოლოდ საკუთარ ერთპიროვნულ ინტერესს. ყოველი მეწარმე აწყდება ეკონომიკური ძალაუფლების იდენტური მატარებლების ინტერესებს, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მისი კერძო ინტერესისგან. აქედან მომდინარეობს ურთიერთობების საზოგადოებრივი სისტემის მოწესრიგების აუცილებლობა. სწორედ ამ ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ისინი ამყარებენ “თამაშის წესებს” საბაზრო გარემოში და უკვე იმთავითვე ასრულებენ “ღამის დარაჯის” ფუნქციებს, ე.ი. წარმოადგენენ მთლიანად საზოგადოებაში მართლწესრიგის გარანტს.
ამრიგად, აქაც ვლინდება ბიზნესის ობიექტური აუცილებლობა და დაინტერესება, ჯერ ერთი, ამგვარი სუბიექტის არსებობაში, მისი შიდა წინააღმდეგობების მოხსნაში და მეორეც, მასთან თანამშრომლობაში არსებული მართლწესრიგის სრულყოფის მიზნით.
სახელმწიფო, როგორც მთელი საზოგადოების ინტერესების მატარებელი, ნორმალურად ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თუ შესაბამისი კოორდინაციის გზით არ დაეყრდნობა რესურსული პოტენციალის მატარებლებს – ბიზნესსუბიექტებს.
პოლიტიკურ ძალაუფლებას, ნებისმიერ პირობებში, ობიექტურად არ შეუძლია საკუთარი თავის რეალიზება ეკონომიკურ ძალაუფლებასთან შესაბამისი ურთიერთქმედების გარეშე. სახელმწიფო ფუნქციების შესრულება – მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რესურსების ეფექტური გადანაწილება, შემოსავლების სამართლიანი განაწილების ხელშეწყობა და ა.შ,2 საბაზრო ურთიერთობების პირობებში ვერ განხორციელდება სრული მოცულობით მხოლოდ სახელმწიფო რესურსების ხარჯზე. იგი მოითხოვს კერძო ბიზნესის შესაბამისი პოტენციალის მოქნილ ჩართვას.
სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის აუცილებლობა ძლიერდება საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების მიხედვით. აღნიშნული ვლინდება ტექნოლოგიური კავშირების გართულებითა და მწარმოებელთა ურთიერთდამოკიდებულებით, ინტეგრაციული პროცესებით ეროვნულ და გლობალურ დონეზე.
ერთი მხრივ, სახელისუფლებო სტრუქტურები ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოების სახით დგებიან რესურსული პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილის ამოქმედების აუცილებლობის წინაშე, სოციალური პოლიტიკის რეალიზებისათვის, ხოლო სახელმწიფო დონეზე – გარკვეული გეოპოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად. მეორე მხრივ, ბიზნესსტრუქტურები პოლიტიკურ ხელისუფლებას (სახელმწიფოს) განიხილავენ არა მხოლოდ როგორც არბიტრსა და მათი საქმიანობის რეგულატორს, არამედ როგორც მძლავრ მეურნე სუბიექტს, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტის 1/3-დან 2/3-მდე. ამის გამო სახელმწიფო უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-პარტნიორია, აგრეთვე პოტენციური შემკვეთია – წარმოებული საქონლისა და მომსახურების მომხმარებლამდე მისაწოდებლად.3
ეკონომიკისა და ხელისუფლების ცენტრალური და მუნიციპალური ორგანოების ურთიერთქმედების არსი მდგომარეობს პოლიტიკური და ეკონომიკური ქმედებების შეთანხმებაში, თავისებურ ინტეგრაციაში მხარეთა ეკონომიკური ინტერესების კონსენსუსის საფუძველზე. ეს აუცილებელია თითოეული მათგანის სპეციფიკური ფუნქციების ეფექტიანი რეალიზებისათვის, მათი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და ტაქტიკური ამოცანების გადასაჭრელად. სწორედ ამის შედეგად უზრუნველყოფილია მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტაბილურობა. ურთიერთქმედების პროცესი გამოიხატება მხარეთა ფუნქციების განვითარების მექანიზმის შემუშავებაში, ურთიერთობების ყველაზე მისაღები ფორმებისა და მეთოდების, მათი რეალიზაციის კონკრეტული ტექნოლოგიების შერჩევაში.
საკუთარი, ნასესხები, დაქირავებული თუ კონტროლირებადი ეკონომიკური რესურსებით ბიზნესი ახორციელებს მათ ეფექტურ კომბინაციას, პირველ რიგში, მისი ძირითადი ფუნქციის – მოგების მაქსიმიზაციის მიზნით. ამიტომ ის უშუალოდაა დაინტერესებული იმ ეკონომიკური პოტენციალის (ფინანსური, სამეცნიერო-ტექნიკური) ამოქმედებით, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს გააჩნია.
კერძო მიზნების რეალიზებაში საზოგადოებრივი ეკონომიკური რესურსების ჩართვის ეფექტიანი საშუალებები შეიძლება იყოს ბაზარი და კვლავ – კონსტრუქციული დიალოგი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. როგორც ცნობილია, თავისი მიზნების რეალიზაციის დროს მეწარმე ობიექტურად, თავისი ნება-სურვილისაგან დამოუკიდებლად, ასრულებს მთელ რიგ საზოგადოებრივ ფუნქციებს, რომლებიც ასე თუ ისე ემთხვევა სახელმწიფოს ფუნქციებს. ამ თვალსაზრისით ბიზნეს-პოტენციალის გარკვეული ნაწილი უშუალოდ “მუშაობს” არა მხოლოდ მისი კერძო, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესებისათვის (ა. სმითის “უხილავი ხელის თეორია”).4
სახელმწიფოს არცთუ მცირე, მაგრამ შეზღუდული ეკონომიკური რესურსი გააჩნია საკუთარი ინტერესების ეფექტიანი და სრული რეალიზაციისათვის. იგი დაინტერესებულია მათ ზრდაში ბიზნესის ეკონომიკური რესურსების მოზიდვის ხარჯზე – მთლიანი საზოგადოებისათვის მომუშავე რესურსების წილის ზრდით და ოპტიმალური გამოყენებით. ურთიერთქმედების მიზანი სახელმწიფოს მხრიდან არის მეწარმეობის საზოგადოებრივი ფუნქციების გაფართოება. ერთ შემთხვევაში ეს მიიღწევა ირიბი გზით – სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ეფექტური მოტივაციური მექანიზმის აგების მეშვეობით, რაც სტიმულს აძლევს სამეწარმეო საქმიანობას მოცემული მიმართულებით, მეორეში – კანონმდებლობით რეგლამენტირებული საშუალებებით, სახელმწიფოს მიერ სოციალური ფუნქციების რეალიზების მიზნით უპირატესად საბაზრო “დისფუნქციების” შემთხვევაში, რომელთა შესრულებით მეწარმეობა დაინტერესებული არაა.
სახელმწიფოს აღნიშნული ქმედებები კი არ უნდა თრგუნავდეს მეწარმეთა ბიზნესაქტიურობას, არამედ უზრუნველყოფდეს მათ აუცილებელ ეკონომიკურ თავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო “მოჭრის იმ ტოტს”, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი კეთილდღეობა. ამ დროს აქტუალურია, ერთი მხრივ, განისაზღვროს ეკონომიკური თავისუფლების დასაშვები საზღვრები, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ჩაიდოს საბაზრო რეგულირების მექანიზმები – ეს სახელისუფლებო და ბიზნესსტრუქტურების კონსტრუქციული ურთიერთქმედების ძირითადი მიზანია.
ურთიერთქმედების დამახასიათებელ ნიშნებსა და პრინციპებს მისი კანონზომიერად ცვლადი კონკრეტული ფორმებისაგან დამოუკიდებლად წარმოადგენს:
მხარეების ეკონომიკური ინტერესების კონსენსუსის უზრუნველყოფა;
ურთიერთქმედების სუბიექტების ლეგიტიმურობა;
ორმხრივი მორალურ-ეთიკური, გარკვეულ ფარგლებში კი – შესაბამისი კანონმდებლობით რეგლამენტირებული მხარეთა მატერიალური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
ურთიერთქმედების ეფექტურად მოქმედი ორმხრივი მოტივაციური მექანიზმის არსებობა;
ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენება საზოგადოების სოციალური პროგრესის მიზნით;
ეკონომიკური და სოციალური პროცესების განვითარებაზე საბაზრო თვითრეგულირებისა და სახელმწიფო ზემოქმედების მექანიზმების ბალანსის უზრუნველყოფა.
ბიზნეს და სახელისუფლებო სტრუქტურების ურთიერთქმედების მექანიზმი დინამიურია. იგი იცვლება და იხვეწება ტექნოლოგიების და საწარმოო ურთიერთობების განვითარების ზემოქმედებით. ინდუსტრიული საზოგადოება წარმოების განზოგადოების მაღალი დონის გამო კანონზომიერად გულისხმობს ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთქმედების სხვა ფორმებსა და ხარისხს, ვიდრე თავისუფალი კონკურენციის ეპოქის კაპიტალიზმი. თავის მხრივ, პოსტინდუსტრიული საზოგადოება, რომელიც ბაზირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, კანონზომიერად მოითხოვს როგორც ეკონომიკური, სოციალური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ეროვნული და ზეეროვნული პროგრამების შემუშავებასა და რეალიზებაში სამეწარმეო სტრუქტურების მონაწილეობის თვისობრივად ახალ ფორმებს, ისე ეკონომიკის სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ზღვრული, შუალედური ზონების მნიშვნელობის გაძლიერებას.
სახელისუფლებო და ბიზნესსტრუქტურების ურთიერთობების დიაპაზონი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. ხორციელდება თავისებურ საზღვრებში, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც ეკონომიკური და სახელისუფლებო სტრუქტურების “ურთიერთქმედების ველი”. ის გულისხმობს ეკონომიკურ, ინსტიტუციონალურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ და სოციალურ სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მეწარმოების ურთიერთქმედება ხელისუფლების ცენტრალური და მუნიციპალური მართვის ორგანოებთან.5
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ქონებრივ, ფისკალურ, შრომით და სხვა ურთიერთობებს არეგულირებს. ურთიერთობების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მდგენელი მოიცავს ბიზნესსტრუქტურების ჩართულობას და მათი ინტერესების გათვალისწინებას ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ფორმირების პროცესში:
მთლიანად ბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობა;
კერძო საკუთრების ურთიერთობათა რეგულირება, ბიზნესკაპიტალისა და შემოსავლების დაბეგრვა, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა, ფასწარმოქმნის მექანიზმი;
ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული სახეების ლიცენზირება.
ურთიერთობები ორგანიზაციულ-სამეურნეო სფეროში ვრცელდება:
სახელმწიფო ფინანსურ, სამრეწველო, სტრუქტურული და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-რეალიზაციაში ბიზნესსტრუქტურების კონსტრუქციულ მონაწილეობაზე;
სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტების ხარჯზე საქონლისა და მომსახურების შესყიდვათა სისტემაზე, ეროვნული ეკონომიკის კერძო სექტორში ზოგადსახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის შესაბამისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით;
ერთობლივ (შერეულ) კერძო-სახელმწიფო მეწარმეობაზე;
კვოტების არსებობაზე ბიზნესსტრუქტურების საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობაში;
ეკონომიკის შუალედური, “მესამე სექტორის” ფუნქციონირებასა და განვითარებაზე;
სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონებისა და სხვა რესურსების იჯარით, რწმუნებით მართვაზე, ურთიერთმომგებიანი პირობებით გამოყენებაზე;
სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული სამეცნიერო კვლევების შედეგების, მონაცემთა ინფორმაციული ბაზის გამოყენების წესზე;
ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაზე;
სამეწარმეო აქტივობის შემაკავებელი “კვანძების გახსნაზე”;
ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობის რეგულირებაზე და კეთილსინდისიერი კონკურენციის მხარდაჭერაზე;
ზოგადეროვნული და რეგიონული საწარმოო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გაფართოებულ კვლავწარმოებაზე.
ურთიერთქმედება სოციალურ სფეროში მოიცავს:
სოციალური პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებას, ფუნქციონირებას და განვითარებას, რაც ითვალისწინებს მოცემული ქვეყნის განვითარების ეროვნულ და ისტორიულ თავისებურებებს;
რაციონალური სოციალური ინფრასტრუქტურის აგებას, რაც უზრუნველყოფს ეფექტური ბიზნესსაქმიანობისათვის შესაბამის პირობებს;
მეწარმეებისა და მენეჯერების მომზადებისა და გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებას და ა.შ.
ამ სტრუქტურების ურთიერთქმედების ველის სიდიდე, სიმკვრივე და პოლარულობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ურთიერთქმედების მეთოდების, ფორმებისა და ტექნოლოგიების სპეციფიკა, მისი სივრცითი მახასიათებლები ლოგიკურად განაპირობებს ამ ურთიერთობების სუბიექტების რაოდენობრივ და ხარისხობრივ განსაზღვრულობას. სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან ასეთი სახით მათთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებით შეიძლება გამოვიდეს როგორც ფედერალური, ისე ადგილობრივი დონის ხელისუფლებისა და მმართველობის პრაქტიკულად ყველა ორგანო.
ეკონომიკური და სახელისუფლებო სტრუქტურების ურთიერთქმედების მექანიზმი გამოდის როგორც პრინციპებისა და მეთოდების, ეკონომიკური და სამართლებრივი ფორმებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობით აიგება ურთიერთობები ხელისუფლებასა და ეკონომიკას შორის. ეს მექანიზმი წარმოადგენს ურთიერთობათა კონკრეტულ ფორმებს, რომლებიც ყალიბდებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის მისი განხორციელების ყველა დონეზე (ცენტრალურ, რეგიონულ, მუნიციპალურ) და ბიზნესს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას შორის ეროვნული ეკონომიკის ფუნქცირებისა და განვითარების პროცესში.
სახელმწიფოსთან ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტთა ურთიერთობების ყველა ფორმა და მეთოდი ასე თუ ისე გულისხმობს ურთიერთქმედების სუბიექტებში ეკონომიკური ძალაუფლების საჭირო პოტენციალის არსებობას. სწორედ ამ მიზეზების გამო სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთქმედების მთავარ სუბიექტებად საბაზრო ეკონომიკის პირობებში გამოდიან მსხვილი სამეურნეო სტრუქტურები და სხვადასხვა ასოციაციები. ინდუსტრიულ ქვეყნებში ყველა ღონისძიება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის განვითარებისაკენ, როგორც წესი, არ ხორციელდება ცალმხრივი, შესასრულებლად აუცილებელი, სამთავრობო დირექტივების საფუძველზე.
გადაწყვეტილებები ეკონომიკური პოლიტიკის დარგში მიიღება აზრთა ფართო გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე სამრეწველო წრეების, პროფკავშირების, სამომხმარებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მეცნიერ-ექსპერტების და სხვათა მონაწილეობით. პოლიტიკის რეალიზება ხდება შესაბამის დარგებში მრეწველებთან თანამშრომლობის სისტემის მეშვეობით, მათი სტიმულირების გზით ამა თუ იმ ღონისძიებების ჩასატარებლად.
სახელმწიფოსა და ბიზნესის, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მჭიდრო ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფენომენში, რომლისთვისაც სახელმწიფო გამოდის ერთ-ერთ მსხვილ ან სულაც ერთადერთ მყიდველად და მომხმარებლად. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ფირმები და კორპორაციები მთლიანად აგებულია სახელმწიფო შეკვეთებზე. სახელმწიფო ბიუჯეტის საგრძნობ წილს შთანთქავს სამხედრო პროდუქცია. წარმოუდგენელია სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე აეროკოსმოსური მრეწველობის არსებობა და კოსმოსის ათვისება.
სწორედ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სფეროში ბიზნესის ხელმძღვანელობა და სახელმწიფო ბიუროკრატია მხარს უჭერს, ავსებს და აძლიერებს ერთმანეთს. შეიძლება ვისაუბროთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სფეროში თავისებური სიმბიოზის არსებობის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუროკრატია და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი კორპორაციების ხელმძღვანელობა.
მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს გარკვეული მიმართულების ხელმძღვანელობა ხშირად კონკრეტული სამხედრო-სამრეწველო კორპორაციის დახმარებით განსაზღვრავს თავის მოთხოვნილებას ამა თუ იმ სახის სამხედრო ტექნიკაზე, რის შემდეგაც იგივე კორპორაცია იწყებს მის შემუშავებასა და წარმოებას. ბუნებრივია, მოგებული რჩება ორივე მხარე.
მეწარმეობის მხრიდან სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთქმედების სუბიექტებად გამოდიან:
სამეწარმეო საქმიანობის ცალკეული სუბიექტები;
მსხვილი კორპორაციული სტრუქტურები;
მეწარმეთა გაერთიანებები, რომლებიც ორგანიზებულია დარგობრივ, რეგიონულ, ხშირად (რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია თანამედროვე რუსეთისათვის) პოლიტიკურ, აგრეთვე ეთნიკურ საფუძველზე.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ურთიერთქმედების თითოეული ზემოაღნიშნული პრინციპი გულისხმობს ამ ურთიერთობების დომინანტი სუბიექტის არსებობას. აქ ამოქმედდება ლობირების ინსტიტუტი. ბუნებრივია, რომ ლობირების სუბიექტი ზოგადსახელმწიფო დონეზე ვერ იქნება ცალკეული წვრილი ან საშუალო მეწარმე. ლობირების მთავარი სუბიექტები შეიძლება იყოს სტრუქტურები, რომლებსაც გააჩნია ბიზნეს ძალაუფლების საკმაო პოტენციალი. სწორედ ამ მიზეზის გამო მსხვილ ბიზნესსტრუქტურებს გაცილებით ნაკლებად სჭირდება სამეწარმეო ასოციაციების მომსახურება. მათ ურჩევნიათ ზემოქმედება მოახდინონ მათთვის საჭირო გადაწყვეტილებათა მიღებაზე პერსონალური კონტაქტების დამყარების გზით სახელმწიფო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებთან.
მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ლობირების ერთადერთი არხია მეწარმეთა დარგობრივი და რეგიონული კავშირები და საერთო-ეროვნული გაერთიანებები. სწორედ მათ შეუძლიათ გამოხატონ მრავალრიცხოვანი მცირე ეკონომიკური აგენტების კონსოლიდირებული ინტერესი და გამოვიდნენ სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთიერთობების მთავარ სუბიექტად.
სამეწარმეო კავშირები და მსხვილი ბიზნესსტრუქტურები მონაწილეობენ ნახევრადსამთავრობო კომიტეტების, კომისიების, სამუშაო ჯგუფების და სხვა ამგვარი საკონსულტაციო-საექსპერტო ორგანიზაციების საქმიანობაში. აქ ასევე ძალაუფლება წარმოადგენს სუბიექტურობის აუცილებელ პირობას სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთქმედებაში.
რაც შეეხება ურთიერთმომგებიან ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება შერეული კერძო-სახელმწიფო მეწარმეობის, სახელმწიფო ქონების ფლობისა და სარგებლობის, სახელმწიფო და ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების რეალიზებაში დაინტერესებული მონაწილეობის, სახელმწიფო საჭიროებისათვის საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და მიწოდების ფარგლებში, აქ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთქმედების მთავარ სუბიექტებად გამოდის მსხვილი ბიზნესსტრუქტურები და სხვადასხვა ასოციაციები.
ასე მაგალითად, აშშ საგარეო-ეკონომიკური კურსის ფორმირებაში სახელმწიფო სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მრავალი ნახევრადსახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის ყველა დარგისა და რეგიონის მეწარმეთა გაერთიანებების ინტერესებს. აშშ მთავრობას ამ სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს აუცილებლად მიაჩნია მოიპოვოს საქმიანი წრეების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ისეთების, როგორიცაა სავაჭრო პალატა, მეწარმეთა ეროვნული ასოციაცია და ა.შ.
ეს მსხვილი საერთო-ეროვნული ბიზნესორგანიზაციები ათობით ათასი, სავაჭრო პალატაში კი – ასობით ათასი წევრით, წარმოადგენენ მეწარმეთა ყველა ფენის შეთანხმებულ ინტერესებს. სავაჭრო პალატის წევრთა 90%-ს შეადგენს მცირე ფირმები, რისთვისაც უდაოდ უწევს ანგარიშის გაწევა მსხვილ ბიზნესს მთავრობისათვის აქტუალურ პრობლემებზე ზოგადი რეკომენდაციების მომზადების დროს. პერიოდული გამოცემების, მოხსენებების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით სავაჭრო პალატა ზეწოლას ახდენს მთავრობაზე და აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს საჭირო მიმართულებით.
მაშასადამე, სახელმწიფო ხელისუფლებას და ბიზნესსტრუქტურებს შორის ურთიერთობები ქმნის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემას, რომელიც აწესრიგებს საკუთარი სპეციფიკური ინტერესების შესაბამისად, ეკონომიკური რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას.