სამცხე-ჯავახეთის რესურსული პოტენციალის გამოყენების ეფექტური რეგულირების ზოგიერთი საკითხისთვის
რევაზ სანდროშვილი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მაძიებელი
საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების 3000-წლიანი პერიოდის მანძილზე, ფორმირების ყველა ეტაპზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ თითოეულ რეგიონს, ბუნებრივი პირობების, გეოგრაფიული მდებარეობის, გეოპოლიტიკური გარემოს, მეურნეობრივი განვითარების დონის შესაბამისად განსაზღვრული ფუნქციები გააჩნდა, რაც ეკონომიკური, სოციალური, ყოფითი კულტურის შენარჩუნებისა და აღწარმოების საფუძვლებს ქმნიდა.
ივანე ჯავახიშვილი საქართველოს განიხილავდა, როგორც ერთიან სახელმწიფოს – განსაკუთრებული ნიშნებისა და პირობების გათვალისწინებით, გამოცალკავებული, ურთიერთმჭიდროდ დაკავშირებული რეგიონების შემადგენლობით. იგი მიუთითებდა, რომ “საქართველო ბუნებრივი შეზღუდულობითაც (მთებითა და მდინარეებით არის შემოფარგლული) და თანაც ვითარცა მტკვრისა, რიონისა და ჭოროხის აუზების შემცველი გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ურთიერთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული”.
ცალკეული რეგიონის ბუნებრივი პირობები განსაზღვრავდა გარკვეულ სამეურნეო ჩაკეტილობას, ადგილობრივი რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით მათი დაცვის და გამრავლების პირობებს. თითოეული რეგიონი დამოუკიდებლად აყალიბებდა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის იმ ელემენტების სტრუქტურას, რომელთა შემოტანა სხვა რეგიონიდან იყო აუცილებელი, რაც განაპირობებდა სავაჭრო-გაცვლითი ურთიერთობების ფორმების წარმოშობასა და განვითარებას.
ქართველ მეცნიერთა კვლევებში ჩამოყალიბებული შეხედულებები საქართველოს ეკონომიკური დარაიონების შესახებ არ ყოფილა ერთგვაროვანი. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონულ ნაწილებს შორის ურთიერთეკონომიკური და სოციალური პრინციპის, ოპტიმალური სატრანსპორტო და სხვა პირობების გათვალისწინებით, საქართველო რვა ეკონომიკურ ერთეულად იყოფა, რომელთა შორის საქართველოს სამხრეთის ეკონომიკურ რაიონში მთლიანად არის მოქცეული სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ახალციხის (სამცხეს) და ახალქალაქის (ჯავახეთის) ქვერაიონების სახით.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ახლო წარსულში სამხრეთის ეკონომიკური რაიონი, ბორჯომის რაიონის (ისტორიული თორი) წარმოდგენის გარეშე განიხილებოდა2. ეკონომიკური დარაიონების მიმართ სამხრეთ საქართველოში გამოვლენილი ასეთი მიდგომა ნაკარნახევი იყო იმ პერიოდში სამცხე-ჯავახეთსა და დანარჩენ რეგიონებს შორის ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში არსებული უმკაცრესი სასაზღვრო-სასაშვო სისტემის მოქმედებით, რომელიც მოიშალა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. ასეთი ხელოვნური და ამავე დროს ძნელადგადასალახი ბარიერი მნიშვნელოვანწილად აფერხებდა ბორჯომის რაიონის ინტეგრირებას სამხრეთის ეკონომიკურ სივრცეში.
ქართველი მეცნიერები ვ. ბურკაძე და ო. ქეშელაშვილი თვლიან, რომ რაიონს, როგორც ეკონომიკურ ერთეულს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სამხარეო დაყოფასთან შედარებით, რადგან რაიონის დონეზე მარკეტინგის მართვა გაცილებით ეფექტურია და საამისოდ სამხარეო დაყოფა კი მიუღებელი, მართვის პროცესების გართულების თვალსაზრისით. “როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური გაგებით პრიორიტეტი და გამართლება უნდა მიეცეს კვლავ რაიონს, რომელიც ძირითად და ამოსავალ ტაქსომეტრიულ ერთეულს წარმოადგენს რეგიონულ ეკონომიკაში”3.
თანამედროვე გარდამავალ ეტაპზე სახელმწიფოებრივი განვითარების განსაკუთრებულ თავისებურებას და სახელმწიფოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ცენტრალური სახელმწიფო ხელისუფლების განმტკიცება და თითოეული რეგიონის ინტეგრაციის მიღწევა, რეგიონულ, ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ანალიზით დადასტურდა, რომ ეკონომიკური და სოციალური პროცესების რეგულირების ყველაზე ეფექტური და მისაღები მეთოდია რეგიონის და მასში შემავალი რაიონების სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ყველა ასპექტის შემცველი, მეცნიერულად დასაბუთებული სოციალურ-კონომიკური განვითარების კონცეფციის შემუშავება. მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაში წინა პლანზე წამოიწია ისეთი პრობლემების დაძლევის აუცილებლობამ, როგორიცაა დასაქმების უზრუნველყოფა და სიღარიბის დაძლევა. ამ მეტად სერიოზული პრობლემების გადაწყვტა მოკლე დროში ყოვლად შეუძლებელია. ამისათვის აუცილებელია ქვეყნის და რეგიონის დონეზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, კონცეფციების მეცნიერულ დონეზე დამუშავება და მათი თანმიმდევრული რეალიზაცია.
ცნობილი ქართველი მეცნიერების: ნოდარ ჭითანავას, ევგენი ბარათაშვილის, იაკობ მესხიას, ვლადიმერ პაპავას, ავთანდილ სილაგაძის, დომენტი მოურავიძის და სხვათა შრომებში ჩამოყალიბებულია რეგიონული ეკონომიკის განვითარების და მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდებისა და მოდელირების პრობლემები.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მაკროეკონომიკურ სივრცეში სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მართვა, ადგილობრივი, ბუნებრივი, მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსული პოტენციალის ეფექტური გამოყენება შეუძლებელია ინდიკატური კონცეფციების წარმოდგენის მეთოდით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირების გარეშე.
პროგნოზირება გარკვეული განუსაზღვრელობის ფარგლების დადგენის საშუალებას იძლევა. მიზნების მისაღწევად აუცილებელი ფაქტორების და პირობების გამოვლენით და შესწავლით, კონკრეტული ეკონომიკური მოვლენების მაკროეკონომიკური მოდელირება ამოსავალი რგოლია რეგიონის რესურსული პოტენციალის გამოყენების ეფექტური რეგულირებისათვის.
რეგიონებთან მიმართებაში გატარებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონის როლის, ამოცანების გადაწყვეტისა და მომავლის პერსპექტივების განსაზღვრის მიმართულებებით აქტუალურია სამცხე-ჯავახეთისათვის.
თანამედროვე პირობებში პროცესების რეგულირების ამოცანაა სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური სტრუქტურების ეფექტური ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება და მრავალი სხვა მიმართულების საკითხების გადაწყვეტა.
საქართველოს ისტორიული განვითარების მთელ მანძილზე, ერთგვარი უნიტარიზმის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პარალელურად ფორმირდებოდა და საკუთარ ადგილს იმკვიდრებდა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსით სარგებლობდა.
სახელმწიფოს რეგიონულ პოლიტიკაში გამოკვეთილად უნდა აისახოს ერთის მხრივ, ცენტრალური ხელისუფლების, მეორეს მხრივ კი რეგიონის ინტერესები დაბალანსებული სახით. ამის გარეშე შეუძლებელია შიდა ბაზარზე არასასურველი მოვლენების გამოვლინების თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპროექტო აზროვნება, როგორც ტოტალურ-ცენტრალიზებულად მართვადი ეკონომიკის მემკვიდრეობა, შეიცვალოს კონცეპტუალური აზროვნებით, რაც კარგად არის აპრობირებული და გამოყენებული საერთაშორისო პრაქტიკაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ისევე როგორც ქვეყანაში, სამცხე-ჯავახეთის სინამდვილეში არ არსებობს და არ ხდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციის და შესაბამისი პროგრამების დამუშავება. ასეთი კონცეფციების შემუშავების აუცელებლობა ზემოთთქმულის გარდა, განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
– რეფორმების განხორციელების პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში გლობალური და უალტერნატივო საერთაშორისო ტენდენციების გაუთვალისწინებლობა, რომელთა მიმართაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განვითარების პერსპექტივა მხოლოდ კომპლექსური პროგრამული სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი;
– ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეული ტერიტორიული ერთეულების (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, სოფელი, თემი) სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამების დამუშავების დროს, ადგილობრივი თავისებურებების, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უგულებელყოფა, რაც შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პროვინციული სეპარატიზმის ცალკეული შემთხვევების გამოვლინების საფუძველი. ასეთი მიდგომა ძირშივე მცდარია როგორც მეთოდოლოგიური, ისე მიზნის მიღწევის თვალსაზრისით;
– ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესის შემდგომი ფორსირების აუცილებლობა იმ მოტივაციური სტიმულების შენარჩუნების თვალსაზრისით, რომლითაც განპირობებულია რეფორმების საზოგადოებრივი მხარდაჭერა;
– რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე პრობლემების გადაწყვეტაში რეგიონის უმაღლესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებების, თანამედროვე ცოდნით აღჭუვილი, მაღალკვალიფიციური და პრაქტიკოსი პროფესიონალების ჩაურთველობა, სტატისტიკური ინფორმაციის სიმწირე რეგიონულ და რაიონულ ჭრილში, რომელიც წინააღმდეგობრივ ფაქტორად უნდა იქნეს განხილული რეგიონში სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემების დაძლევისათვის მოკლევადიან და საშუალოვადიან პროგნოზირებაში.
ცხადია, აღნიშნული ფაქტორების სისრულეზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სტრატეგიული პროგნოზების დამუშავების დროს.