ტურიზმი – მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ძირითადი პრიორიტეტი

კობა არაბული, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი

XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში განვითარებულმა გლობალურმა თუ რეგიონალურმა (მათ შორის ლოკალურმა) მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა დედამიწაზე. ცვლილებებმა მოიცვა გეოპოლიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულება დიდსა თუ შედარებით პატარა ქვეყანაში.

აღნიშნულ პროცესებს ვერ ასცდა საქართველოც, რომელსაც ბედმა თუ უბედობამ ის გეოგრაფიული არეალი მიაკუთვნა, რომელსაც დღეს ძალზე ხშირად კავკასიისა და ცენტრალური აზიისაკენ მიმავალი უმოკლესი გზის გასაღებს უწოდებენ ევროპისა და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსათვის. როგორია იმ ქვეყნის რეალობა და შესაძლო განვითარების პერსპექტივები, რომელსაც საკმაოდ სერიოზული რესურსები გააჩნია (ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, ინტელექტუალური, წიაღისეული და ა.შ.), თუმცა მათი სწორად გამოყენება, სრულფასოვანი ათვისება ჯერ კიდევ მხოლოდ მომავლის, ანუ იმედის საქმეა?
ორიგინალურები არ ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ სიტუაცია ძალზე არაერთგვაროვანია: შედარებითი სტაბილურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი; ფასადური კეთილგანწყობის მიუხედავად, მეტად ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი უახლოეს მეზობლებთან (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი); საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამოცოცხლების მიუხედავად ძალზე მაღალია ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის, კორუფციის ხვედრითი წილი; მიმდინარეობს მოსახლეობის მკვეთრი დიფერენციაცია, რაც რიგ შემთხვევაში სოციალური კატაკლიზმების ზღვარზე ხდება; იზრდება შიდა და გარე მიგრაციის მაჩვენებლები და ა.შ.
უკანასკნელი 12-15 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა კარდინალურმა ცვლილებებმა და ამ ცვლილებების რეალიზაციის ფორმებმა, რომლებიც ხშირად არ გამოირჩეოდნენ დახვეწილობითა და საქმის ცოდნით, დღეისათვის შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი რიგი დარგების განვითარება, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც ტრადიციულად მიგვაჩნია, პრაქტიკულად ნულიდან არის დასაწყები, ახლებურად არის ჩამოსაყალიბებელ-გასავითარებელი, რამდენადაც ძველი აღარც ბაზაა შენარჩუნებული (თუ მაინც არის, არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნილებებს) და აღარც ფორმები და მეთოდებია გამოსადეგი.
ერთ-ერთი ასეთი სფერო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკისათვის იყო და მომავალშიც აუცილებლად უნდა იყოს სერიოზული კვლევისა და პრაგმატული ინტერესის საგანი, არის მისი უძველესი ისტორია, უნიკალური ბუნებრივი პირობები და ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება, რაზეც ახლიდან უნდა აღმოცენდეს ტურიზმის განვითარების კონცეფცია და მისი ცალკეული მიმართულებები.
უშუალოდ განსახილველი თემიდან გამომდინარე საკითხების განხილვამდე რამოდენიმე სიტყვით შევეხებით თვით თანამედროვე ტურიზმს; ტურიზმის – ტურისტისა და მიმღების თანამედროვე ურთიერთობებს, პოზიტიურ და ნეგატიურ ტენდენციებს.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (WTO) უკანასკნელი წლების ინფორმაციის ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ტურიზმი დღეს მსოფლიო ინდუსტრიას წარმოადგენს, რომლის ზრდის ტემპი მყარად ინარჩუნებს ლიდერობას და არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ XXI საუკუნეში ეს ტემპები შენელდეს (მიუხედავად გახშირებული კატასტროფებისა, სამხედრო-პოლიტიკური და ტერორისტული აქტებისა).
საერთაშორისო ტურიზმი, უზარმაზარ ეკონომიკურ მნიშვნელობასთან ერთად, ძალზე დიდ როლს თამაშობს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ურიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებაში; იგი აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა კულტურის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს და მოწოდებულია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობების განვითარებას.
დღევანდელმა ტურიზმმა, რომელიც კომპიუტერული ტექნიკისა და ავტომატიზაციის ფართოდ დანერგვის საფუძველზე საერთაშორისო ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროცესების სფეროდ გადაიქცა, ულტრათანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებითა და მომსახურებით სულ სხვაგვარი წარმოდგენები შექმნა დროსა და სივრცეზე, ძალზე ფაქიზად რეაგირებს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე. შესაბამისად ჩნდება ახალი ტენდენციები, მოძრაობები, მიმართულებები. სწორედ აქედან გამომდინარე, “ტურიზმის გლობალური ეთიკური კოდექსი” (მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, სანტიაგო, ჩილი, 1999 წლის 1 ოქტომბერი) ტურიზმს განიხილავს, როგორც:
ინდივიდუალური და კოლექტიური სრულყოფის ფაქტორს;
მდგრადი განვითარების ფაქტორს;
სფეროს, რომელიც იყენებს კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას და შეაქვს თავისი წვლილი მის გამდიდრებაში;
საქმიანობას, რომელიც ერთნაირად სასარგებლო და მომგებიანია მასში მონაწილე ქვეყნებისა და ხალხებისათვის.
აღნიშნული ზოგადი შეფასებებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, ტურიზმის, როგორც დარგის პრაგმატული, გამოყენებითი მხარის ანალიზის მიხედვით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მისი განვითარება სახელმწიფოს (ქვეყანას), კონკრეტულ რეგიონს, როგორც დაინტერესებულ (მონაწილე) მხარეს, უქმნის შესაბამისი სტიმულების ნაირსახეობას, კერძოდ ესენია:
ახალი სამუშაო ადგილები და საწარმოები;
დამატებითი შემოსავლები;
ახალი გასაღების ბაზრები ადგილობრივი პროდუქციისათვის;
ინფრასტრუქტურის, ასევე კომუნალური მომსახურების ობიექტებისა და სამსახურების მოდერნიზაცია;
ახალი პროფესიები და ტექნოლოგიები;
საზოგადოების მიერ გარე სამყაროსა და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებისა და მათი დაცვის აუცილებლობის საფუძვლიანი გაგება;
ახალი მიდგომები მიწათსარგებლობაში.
ეს ჩამონათვალი შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელოთ, მაგრამ ვფიქრობთ ამის აუცილებლობა დღეს არ არის. დარგის განვითარების საერთო დონე მოწინავე ქვეყნებში გვიჩვენებს, რომ ეს ტენდენციები და კიდევ მრავალი სხვა სიკეთე სწორად და, რაც ყველაზე მთავარია, მდგრადად ვითარდება.
ასევე რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას მთაზე, მთიანი რეგიონებისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებასა და პოზიციაზე, რათა შემდგომ შესაძლებელი გახდეს ლოგიკურად დავაკავშიროთ ერთმანეთთან მთა და თანამედროვე ტურიზმი.
ბოლო ათწლეულებში მთიანეთის პრობლემატიკა სულ უფრო აქტიურად მუშავდება უცხოეთის როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ნიშანდობლივია, რომ ამ მხრივ წინა პლანზე იწევს მთის არა მარტო ეკოლოგიური თუ რეკრეაციული ასპექტები, არამედ მთაში მობინადრე ადამიანის განზომილება – მეურნეობის გაძღოლის, ცხოვრების წესი, დეპოპულაციის შეჩერება და ა.შ., ანუ საკუთრივ მთიანეთის, როგორც უნიკალური ფუნქციურ-ტერიტორიული წარმონაქმნის, მრავალფეროვანი პრობლემატიკა.
მთიანეთის გადარჩენისა და განვითარების ამოცანა გლობალურად პირველად დაისვა 1992 წელს, დედამიწის სამიტზე რიო დე ჟანეიროში, როდესაც საფუძველი ჩაეყარა მთის რეგიონების მდგრადი განვითარების ფილოსოფიას. სამიტზე მიღებული, დღეს საყოველთაოდ ცნობილი დოკუმენტის – დღის წესრიგი 21 საუკუნისათვის – მეცამეტე თავი მთიანეთის მრავალფეროვან პრობლემატიკას მიეძღვნა.
მას შემდეგ, საერთაშორისო მასშტაბით ამ თემას ყურადღება არ მოჰკლებია – საზოგადოებრიობის გათვითცნობიერების, კანონმდებლობის შემუშავების, სექტორული განვითარების, ნაციონალური პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით. ამ მხრივ, მსოფლიო რანგის ღონისძიებებს შორის გამოირჩეოდა კონფერენცია – “საერთაშორისო თანამშრომლობა მთიან რეგიონებში მდგრადი განვითარებისათვის”, რომლის მოსამზადებელი შეხვედრა შედგა კუნძულ ბალიზე (ინდონეზია) და რომელიც ამოქმედდა იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტის (2002 წ.) შემდეგ. მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ქ. ბიშკეკში ჩატარებული მთიანეთის მსიოფლიო სამიტი (2002 წ).
სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოების მთავრობები სულ უფრო ერთსულოვნად იზიარებენ იმ აზრს, რომ მთიანეთი თამაშობს საკვანძო როლს კაცობრიობის მდგრადი განვითარების პროცესში და მომავალში ამ როლის მნიშვნელობა გაიზრდება. ბარის ურბანიზებული ზონების წყალმომარაგება და სანიტარია, საირიგაციო და სამელიორაციო სისტემები, სასურსათო უსაფრთხოება და სიღარიბის დაძლევა, ტრანსსასაზღვრო ურთიერთობები და, საბოლოოდ, სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნებსა და რეგიონებში, დიდწილად დამოკიდებულია მთიანეთში მიმდინარე პროცესებზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მთიანეთი დღემდე წარმოადგენს კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს – იქნება ეს არქიტექტურის ძეგლები თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მოდელები, ხალხური რეწვა თუ ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები. ამიტომაა, რომ ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში სწორედ მთიანეთი გვევლინება შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების უშრეტ წყაროდ.
ყოველივე ამასთან ერთად მთიანეთი თანამედროვე საზოგადოებისგან და სახელმწიფოებისგან მოითხოვს დღენიადაგ ზრუნვას, შესაფერისი პოლიტიკის შემუშავებას და გატარებას.
საზოგადოდ აღიარებულია, რომ ამგვარი პოლიტიკა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
– მთელი ქვეყნის მასშტაბით მთიანეთის თანაბარ პარტნიორად აღიარებას;
– მთიანეთის განვითარების თავისებურების აღიარებას;
– ქვეყნის სექტორული პოლიტიკების მისადაგებას მთიანეთის თავისებურებებზე.
განსაკუთრებით არსებითია მთიანეთის განხილვა არა მარტო გეოგრაფიულ არეალად, არამედ იქ მობინადრე ადამიანების სასიცოცხლო სამეურნეო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ გარემოდ, ერთიანი საზოგადოებრივი ცხოველქმედობის მნიშვნელოვან ნაწილად.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თანამედროვე ტურიზმის განვითარების მრავალფეროვნების შესაძლებლობების შესახებ საუბრამდე, ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება გარკვეული საერთაშორისო მასალების გაცნობა. ჯერ ერთი, ყოველთვის არ არის საჭირო ე.წ. “ეროვნული ველოსიპედის” გამოგონება, და მეორეც, სხვის გამოცდილებასა და შეცდომებზე ჭკვიანი სწავლობს მხოლოდ.
საერთაშორისო გამოკითხვის მონაცემების თანახმად (მაგალითად, ტულუზის საერთაშორისო კონფერენციის მასალები. 1997 წ.), რომელშიც ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამოვლინდა, რომ (პროცენტულად გამოკითხულთა რაოდენობიდან):
ა) მთიან რეგიონებში უპირველესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს
– ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას – 60.4%;
– ფლორა-ფაუნის გადარჩენას – 40.0%;
– კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას – 38.4%.
ბ) სასაზღვრო მდებარეობიდან გამომდინარე:
– რეგიონების განვითარებისათვის აუცილებელია რეგიონთაშორისი და ეროვნებათშორისი კოოპერაცია – 70.6%;
– არასაკმარისი სასაზღვრო კოოპერაცია ართულებს გარემოს დაცვის საკითხებს – 46.2%;
– სასაზღვრო ურთიერთობები ყოველთვის არსებობდა ადგილებზე – 40.5%;
გ) მსგავს რეგიონებში თანამედროვე მეურნეობის საფუძვლად რესპონდენტები მიიჩნევენ შემდეგ დარგებს:
– ტურიზმი, კურორტები – 47.6% ძირითადი; 37.6% – მთავარი;
– მეცხოველეობა – 39.1% ძირითადი; 42.2% – მთავარი;
– ტყის დამუშავება – 29.5% ძირითადი; 46.8% – მთავარი;
დ) საყურადღებოა, რომ რესპონდენტების აზრით ტურიზმი არის:
– განვითარების ერთ-ერთი მიმართულება – 47.6%;
– განვითარების ძირითადი მიმართულება – 40.5%.
რომელიც ხელს უწყობს:
– ლანდშაფტებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას – 40.7%;
ამასთან ერთად, არასწორი ორიენტაციის შემთხვევაში:
– იწვევს გარემოს დეგრადაციას – 44.4%.
ე) აღნიშნულიდან გამომდინარე, შერჩეულია განვითარების ძირითადი მიმართულებები:
– ეკოტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა – 62.3%;
– ადგილობრივი ყოფისა და კულტურის გაცნობითი ხასიათის – 44.7%;
– ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მიღების სისტემა – 37.9%.
თითოეული განმარტებისა და ციფრის გარშემო შესაძლებელია ხანგრძლივი და პროფესიული დისკუსიების გაშლა, თუმცა ერთი რამ ცალსახად გასაგებია – ტურიზმი მთიანი ქვეყნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, მაგრამ აუცილებელია იმ შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების წინასწარი გათვალისწინება, რაც თან ახლავს ამ პროცესს.
ავსტრიელი ექსპერტები თვლიან, რომ “ტურისტული სიმძლავრეების გაფართოება დასაშვებია მხოლოდ იქ, სადაც სავალდებულო ძალა აქვს რეგიონულ (რაიონულ) დაგეგმარებას და სადაც ნებისმიერი პროექტი ერთვება ეკონომიკური განვითარების საერთო გეგმაში”. ამგვარი მიდგომა ნიშნავს საპროექტო აზროვნების შეცვლას კონცეფტუალური აზროვნებით. იმისათვის, რომ ტურიზმმა ეკონომიკური მოგება მოუტანოს ამა თუ იმ რაიონს, მისი განვითარება უნდა ატარებდეს მდგრად ხასიათს და ამავე დროს თავისი ბუნებით უნდა იყოს მზოგავი&ლოწასტ;.
საქართველოში ტურიზმის განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) VI სესიაზე მიღებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს ტურიზმის იდეოლოგიის მიღწეულ დონეს, რაც ხასიათდება ტურიზმის ჰარმონიული, გაწონასწორებული და მდგრადი განვითარებით. უნდა აღინიშნოს ამავე სესიაზე მიღებული “ტურიზმის ქარტია” და “ტურისტის კოდექსი,&ლოწასტ;&ლოწასტ;&ლოწასტ;
აღნიშნულ დოკუმენტს საქართველო მიუერთდა ქვეყნის პარლამენტის 1994 წლის 25 იანვრის დადგენილების საფუძველზე, რომელთა მიზანია ადგილობრივი თემების, კულტურისა და ბუნებრივი გარემოსათვის კორექტული მოპყრობის მოთხოვნის ჩამოყალიბება და რომლებიც განსაზღვრავენ ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრის (ამ შემთხვევაში ტურისტის) ვალდებულებებსა და უფლებებს.
ტურიზმი ადგილობრივ დონეზე უნდა განვითარდეს რეგიონული, ნაციონალური და საერთაშორისო ტურიზმის მდგომარეობისა და ტენდეციების გათვალისწინებით. რეგიონულ და ნაციონალურ დონეზე პოლიტიკა, განვითარების გეგმები და პრობლემები, კანონები და წესები, აგრეთვე მარკეტინგის სტრატეგია – ყველა ეს ფაქტორი ზემოქმედებას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე. ტურიზმის განვითარების დაგეგმვის თვალთახედვით, პოტენციური შესაძლებლობების შეფასების დროს აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვას – რა საჭირო კომპონენტები უნდა არსებობდეს ტურიზმის განვითარებისათვის? ეს კომპონენტებია:
1. ღირშესანიშნაობები და თავისუფალი დროის გატარების ფორმები – სანახავი ადგილები და ის, რითაც შეიძლება ტურისტი გაერთოს ადგილზე ყოფნის დროს;
2. მიღებისა და მომსახურების ინფრასტრუქტურა – დაბინავებისა და კვების ადგილები;
3. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება – საბაზო ადგილამდე ჩასვლისა და შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება;
4. ადგილობრივი საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა – წყალმომარაგება, ელექტროგაყვანილობა, კომუნიკაცია, კანალიზაცია და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა;
5. მოგზაურობების ორგანიზება – ტუროპერატორები, ტურაგენტები და გიდები;
6. ტურისტული პროდუქციის წინ წამოწევა და ტურისტული ინფორმაციის სამსახურის არსებობა – ინფორმაცია ტურისტებისათვის იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ ნახონ და აკეთონ მათ ადგილზე ყოფნის დროს.
ტურიზმის, როგორც პრიორიტეტის განსაზღვრისათვის, საჭიროა განიხილებოდეს შემდეგი საკითხები:
– არსებობს თუ არა ამა თუ იმ რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო რესურსები;
– არსებობს თუ არა შესაბამისი ტურისტული ბაზარი, რომელზეც შეიძლება გასვლა;
– ეკონომიკური განვითარების მიზნების მისაღწევად სჭირდება თუ არა რეგიონს ტურიზმის განვითარება;
– არის თუ არა საჭირო შრომითი რესურსები ტურიზმის განვითარებისათვის, დამატებითი შრომითი რესურსების შემოყვანის გარეშე;
– გამართლებულია თუ არა დანახარჯები სატრანსპორტო ინფარასტრუქტურის განვითარებისათვის;
– შესაძლებელია თუ არა კონკურენტების გამოჩენა არსებული ან შესაძლო ტურისტული პროექტებიდან მეზობელ რეგიონებში.
როდესაც საუბარია ტურიზმის მდგრად განვითარებაზე, უნდა ვიცოდეთ მისი არსი და მხედველობაში იქნეს მიღებული მისი ძირითადი პრინციპები და მიზნები, აგრეთვე გათვალისწინებულ უნდა იყოს ის გარემოება, თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ტურიზმის მდგრად განვითარებას.
მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს ეკოლოგიური, სოციოკულტურული და ეკონომიკური მდგრადობა. ადამიანის უუნარობას – ჰარმონიულად შეუთავსოს თავისი საქმიანობა ჩვენს გარემომცველ სამყაროს – შეაქვს საფუძვლიანი ცვლილებები პლანეტარულ სისტემაში. მრავალი მათგანი უშუალოდ ემუქრება თვით სიცოცხლეს დედამიწაზე. აუცილებელია ამ ახალი რეალობის აღიარება, რომელსაც ვერ გაიქცევი და მისი მართვის სწავლა (“ჩვენი საერთო მომავალი” – გაერო).
მდგრადი ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელს ეწოდება, რომლის მიზანია:
– ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;
– ჩამომსვლელთა სასიამოვნო გარემოთი უზრუნველყოფა;
– გარემომცველი სამყაროს ხარისხის შენარჩუნება, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს როგორც ჩამომსვლელებზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზე.
მდგრადი ტურიზმი:
– ხელს უწყობს ტურიზმის ზემოქმედების გზების გაგებას ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ სფეროებზე;
– ხელს უწყობს შემოსავლებისა და ხარჯების სამართლიან განაწილებას. იგი ქმნის სამუშაო ადგილებს უშუალოდ ადგილობრივი ტურიზმისა და მის მონათესავე სფეროებში;
– ხელს უწყობს მომგებიანი ადგილობრივი დარგების განვითარებას – სასტუმროები და სხვა სარეკრეაციო ობიექტები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები, სატრანსპორტო სისტემები, ხალხური რეწვა და საექსკურსიო-საინფორმაციო საქმე;
– ხელს უწყობს რეგიონში უცხოური ვალუტის შემოსვლას და ადგილობრივ ეკონომიკაში კაპიტალის დაბანდებას. ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით სასოფლო რაიონებში, სადაც დასაქმებას შეიძლება ჰქონდეს სეზონური ან შემთხვევითი ხასიათი;
– მოითხოვს სივრცით გეგმარებასა და ზონირებას, რომელიც შეესაბამება ადგილობრივი ეკოსისტემის გამტარუნარიანობას; გადაწყვეტილების მიღების პროცესში რთავს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს;
– ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას;
– ქმნის რეკრეაციულ ობიექტებს, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს;
– ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმი ნათლად გვიჩვენებს ბუნებრივი და კულტურული რესურსების დიდ მნიშვნელობას სოციალ-ეკონომიკური განვითარების საქმეში და ხელს უწყობს მის დაცვას.
ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპები (ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიხედვით)
– რესურსების მდგრადი მოხმარება (ბუნებრივი, სოციალური და კულტურული რესურსების დაცვა და მდგრადი მოხმარება ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის საწინდარია);
– ტურისტულ ტერიტორიებზე დატვირთვისა და ნარჩენების შემცირება (რესურსების მოხმარების რეგულირება და ნარჩენების შემცირება ხელს უწყობს ტურისტული პროდუქტის ხარისხის ზრდას და ამასთან ერთად ამცირებს ბუნების კონსერვაციის ხარჯებს);
– ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება (ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება ტურისტული საქმიანობის წარმატებისა და მიმზიდველობის განმსაზღვრელი ფაქტორია);
– ტურიზმის ინტეგრირება დაგეგმვის პროცესში (ტურიზმის განვითარების ინტეგრირება გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხების დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფს ტურისტული საქმიანობის წარმატებას);
– ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერა (ეკოტურიზმი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ითვალისწინებს გარემოზე მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსაციას, თავის მხრივ იცავს და ამცირებს ველურ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას);
– ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობა (ადგილობრივი თემის თანამონაწილეობას არა მარტო ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, არამედ გაცილებით უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის ტურისტულ პროდუქტს);
– კონსულტაციები და თანამშრომლობა (ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილების უზრუნველყოფა);
– პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, და ა.შ.
წინამდებარე სტატია მიზნად არ ისახავს მთიანი რეგიონების, ან ტურიზმის, როგორც დარგის, შესაძლო განვითარებისა და ურთიერთკავშირის შესახებ ყოველმხრივი და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებას, ან უფრო მეტი – მზა რეცეპტების შემოთავაზებას. მსგავსი პრეტენზია არა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პრობლემები უაღრესად სერიოზულია და მოითხოვს ადგილობრივი სპეციალისტებისა და მკვლევარების შეუდარებლად მეტ ყურადღებას.