ინოვაციური გარემოს ჩამოყალიბების რეგიონული სტრატეგიები
რევაზ სანდროშვილი, ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მაძიებელი
ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს და რეგიონის ინოვაციურ განვითარებას. განვითარების მაგისტრალური გზა არა მხოლოდ ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და არსებული ძირითადი ფონდების ექსპლუატაციაზე, არამედ ინოვაციებზე გადის.
ავტორიტეტული ეკონომიკური ყოველკვირეულის – “The Economist”-ის მონაცემებით, XX საუკუნის 1970-იანი წლების 17 ინოვაციის რენტაბელობის საერთო დონემ საშუალოდ 56% შეადგინა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ინვესტიციების საშუალოდ 16%-იან რენტაბელობასთან შედარებით.
ფინანსური ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, ინვესტიციური რესურსების უკმარისობა, სამართლებრივი ბაზის გაურკვევლობა, კორუფცია, ეკონომიკის კრიმინალიზაციის მაღალი ხარისხი, აგრეთვე მრავალი სხვა ნეგატიური ფაქტორი ართულებს ქვეყანაში ინოვაციის სტიმულირების მსოფლიო პრაქტიკაში არსებული ტრადიციული მეთოდების გამოყენებას. ამიტომ, სახელმწიფომ თავისთავზე უნდა აიღოს “გზისგამკვლევის” რისკი და ფინანსური რესურსები ჩადოს ინოვაციურ პროექტებში. ამით იგი აღუძრავს ბაზრის დანარჩენ მონაწილეებს მსგავსი პროექტებისადმი ნდობას.
ქვეყანაში საბაზრო მექანიზმების შეზღუდვა განსაკუთრებული სიმწვავით გარდამავალ ეკონომიკაში იჩენს თავს. აღნიშნული ვლინდება ცალკეული სუბიექტების მიერ ინოვაციების განვითარებისათვის აუცილებელი სახსრების კონცენტრირების უუნარობაში. ზოგიერთი ინოვაციის ეფექტურობა განისაზღვრება მისი დანერგვის მასშტაბებით, იზოლირებულ ინოვაციურ განვითარებას კი ეკონომიკური სუბიექტებისა და მთლიანად ეკონომიკის დანაკარგამდე მივყავართ, ბევრი ინოვაცია (ფუნდამენტური) კომერციულ საფუძველზე საერთოდ ვერ ხორციელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების, მისი მდგრადი განვითარებისათვის და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისათვის ინოვაციური პროცესების შეხამება ბაზრის “წესებთან” და გარდამავალ საბაზრო მექანიზმების არასრულყოფილ განვითარებასთან, განაპირობებს სახელმწიფო ჩარევის აუცილებლობას. ინოვაციური პროცესების აქტიურობის საშუალებით ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის აღდგენისათვის ინოვაციების განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული აუცილებლობაა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს: ისეთ პირობებში, როცა საერთაშორისო ეკონომიკურ-პოლიტიკურ ურთიერთობაში პარტნიორი სახელმწიფოები ხელს უწყობენ და ასტიმულირებენ ინოვაციურ საქმიანობას, არ შეიძლება განზე დგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო, რომელიც ხელს არ უწყობს ინოვაციებს, მსოფლიო ურთიერთგაცვლის მიღმა დარჩება და ძლიერ სახელმწიფოთა ნედლეულის დანამატად გადაიქცევა.
ინოვაციური განვითარების რეგიონალიზაციის ფაქტორებს წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური და რეგიონების საწარმოო პოტენციალთა თავისებურებანი; საკადრო უზრუნველყოფა; ინოვაციების სოციოლოგიური და ეკოლოგიური პრობლემები; ინოვაციური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება; მცირე ინოვაციური მეწარმეობის უპირატესად რეგიონული ხასიათი; ინოვაციური აქტიურობის რეგულირების სოციალურ-სამართლებრივი საკითხები; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; საგარეო ეკონომიკური კავშირების გავლენა ინოვაციურ აქტიურობაზე; დასაქმებულობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა.
ცნობილია ინოვაციების სახელმწიფოებრივი/რეგიონული მხარდაჭერის სხვადასხვა საშუალებები, როგორიცაა: საგადასახადო შეღავათების შემოღება იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ინოვაციურ საქმიანობას ახორციელებენ; შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა; ინოვაციური პროექტების კონკურსის წესით დაფინანსება და სხვა. შეიძლება მათი პირდაპირ და ირიბ ჯგუფებად დაყოფა. ირიბი ღონისძიებები მიმართული იქნება ინოვაციების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისაკენ. მათ შორის შეიძლება გამოიყოს ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმის შემოღება; აქტიური ინფორმაციული პოლიტიკის გატარება მიმართული სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებისკენ. ინტელექტუალური საკუთრებისა და ინვესტიციების სფეროში თამაშის მკაფიო და გარდაუვალი წესები. ინოვაციებისადმი სახელმწიფო მხარდაჭერის პირდაპირი ზომები გულისხმობს ინოვაციური პროცესების რეგულირებას. მათ შეიძლება მივაკუთვნოთ ინოვაციის სფეროში საწარმოთა და პროექტების უშუალო დაფინანსება, ასევე ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა.
ირიბი ზომების (მასტიმულირებელი საგადასახადო პოლიტიკა, საკანონმდებლო ინიციატივები და მრავალი სხვა) გამოყენების საკითხები ფართოდ განიხილებოდა ლიტერატურაში. გარდა ამისა, ეს ზომები უმეტესწილად სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების კომპეტენციაში შედის, რაც რეგიონების დონეზე მათ გამოყენებას მიუწვდომელს ხდის. ამიტომ, მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს ინოვაციების რეგიონული მხარდაჭერის პირდაპირი მეთოდების გამოყენების ძირითად პრინციპებს. ინოვაციური მოღვაწეობის სახელმწიფოებრივი, რეგიონული მხარდაჭერის პირდაპირი მეთოდების გამოყენების დროს მწვავედ დგება ეფექტური ინოვაციური პროექტების შერჩევის საკითხი, რაც არა მარტო დადებით ფინანსურ ეფექტს მოგვცემს, არამედ რეგიონის კონკურენტუნარიანობის საფუძველი გახდება.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია განისაზღვროს, რას ვგულისხმობთ ინოვაციებში და ინოვაციური აქტიურობის სტიმულირებისას რომელი ფაქტორები მიგვაჩნია არსებითად.
ლიტერატურაში ცნობილია ინოვაციისა და ინოვაციური საქმიანობის ასამდე განმარტება. სხვადასხვა ავტორები, ძირითადად უცხოელები (ი. მონჩევი, ი. პერლაკი, ვ. ჰარტმანი, ე. მენსფილდი, რ. ფოსტერი, ბ. ტვისტი, ი. შუმპეტერი, ე. როჯერსი და სხვები) ამ ცნების მნიშვნელობას თავის საკვლევ ობიექტსა და საგანთან დამოკიდებულებაში აშუქებენ. ქვეყნების პრაქტიკაში ხშირად იხმარება განმარტება, რომლის თანახმადაც, ინოვაცია შემოქმედებითი შრომის საბოლოო შედეგია, რომელიც რეალიზაციას ჰპოვებს ეკონომიკურ ბრუნვაში გამოყენებული ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქციის, ან ახალი და დახვეწილი ტექნოლოგიური პროცესის სახით.1
ამრიგად, ინოვაციური საქმიანობა გაგებულია, როგორც ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქციის, ახალი ან დახვეწილი ტექნოლოგიური პროცესის შექმნა, რომელიც სამეცნიერო გამოკვლევათა, საცდელ-კონსტრუქტორულ ნამუშევართა ან სხვა სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევათა ეკონომიკურ ბრუნვაში რეალიზდება.
მაგრამ აღნიშნული განმარტება შეკვეცილად წარმოადგენს ინოვაციებსა და ინოვაციურ პროცესებს. ასე მაგალითად, ინოვაციური თეორიის განვითარების ფუძემდებლად აღიარებული ი. შუმპეტერის კონცეფცია ინოვაციის 5 შემთხვევას მოიცავს:
1) მომხმარებლისთვის უცნობი ახალი საქონლის ან საქონლის ახალი ხარისხის შექმნა;
2) წარმოების ახალი მეთოდის შექმნა, რომლის გამოცდაც მრეწველობის მოცემულ დარგში ჯერ არ ჩატარებულა, რომელიც სრულებით არ არის აუცილებელი დაფუძნებული იყოს ახალ მეცნიერულ აღმოჩენაზე და შეიძლება საქონლის კომერციული ბრუნვის ახალ ფორმაში მდგომარეობდეს;
3) ახალი ბაზრის გახსნა, ე.ი. ბაზრისა, რომელზეც მოცემული ბიზნესი ამ ქვეყანაში ჯერ არ გასულა, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა აღნიშნული ბაზარი ადრე;
4) წარმოების ფაქტორების ახალი წყაროს შექმნა, ისევ იმისგან დამოუკიდებლად, არსებობდა ეს წყარო ადრე თუ მისი თავიდან შექმნა გახდა საჭირო;
5) დარგის ახალი ორგანიზაციის შექმნა, მაგალითად, მონოპოლიის მიღწევა ან მონოპოლიური პოზიციის ლიკვიდაცია.
ი. შუმპეტერის ეკონომიკური ზრდის მოდელი ვარაუდობს, რომ ფირმები ინოვაციების შესაქმნელად რესურსების ჩადების დროს, ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. ამ ძალისხმევის შედეგები განსაზღვრული არ არის იმ გაგებით, რომ ექსპერიმენტთა ერთმა ნაწილმა შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ სხვები წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი. თავად ინოვაციური შესაძლებლობების გაჩენა გაურკვევლობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. მიმდინარეობს იდეების გაცხრილვის პროცესი: ათასობით იდეა არის საჭირო, რათა მათგან რამდენიმე ასეულმა წერილობითი ფორმა მიიღოს, რომელთაგან მხოლოდ ასამდე იდეა შეიძლება პატარა პროექტად იქცეს.
შუმპეტერის ეკონომიკური ზრდის მოდელში ეკონომიკური ზრდის ტემპები დამოკიდებულია იმ ტემპებზე, რომლებთანაც გენერირებს ინოვაციები მთელს ეკონომიკაში. ამრიგად, გრძელვადიანი ზრდა დადებით დამოკიდებულებაშია ნებისმიერ ფაქტორთან, რომელიც ინოვაციების წარმოქმნის შესაძლებლობას ზრდის, რენტასთან, რომელიც ინოვაციებიდან მიიღება, ან ფაქტორთან, რომელიც ამცირებს ინოვაციების შექმნის ხარჯებს.
განსახილველი მოდელის საზღვრებში შეიძლება გამოვყოთ ინოვაციების მასტიმულირებელი შემდეგი ფაქტორები:
სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების (სკსსს) მაღალი მწარმოებლურობა პროვოცირებას უწევს შემდგომ ძიებას და ამით ზრდის შესაძლო ინოვაციების რიცხვს;
მაღალკვალიფიციური მუშახელის შეთავაზება – მაღალკვალიფიციური მუშაკები ამცირებენ ეკონომიკაში ახალი ინოვაციების დანერგვისა და გავრცელების ხარჯებს;
უფლებრივი გარემო, სადაც ინოვაციაზე საკუთრების უფლებები მკვეთრად განსაზღვრულია;
დაბალი საპროცენტო განაკვეთი – სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (სკსსს) ისევე, როგორც ნებისმიერი საინვესტიციო მოქმედება, მაღალი საპროცენტო განაკვეთის დროს მცირდება;
შრომის მოქნილი ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს დაბალ დანახარჯებს მუშახელზე;
ფირმის, დარგისა და სხვა შიდა კვალიფიციური მუშახელის მაღალი მობილურობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკის ზრდის ტემპები დამოკიდებულია იმ ტემპებზე, რომლებზეც გენერირდება ინოვაციები მთელ ეკონომიკაში. მაგრამ ეკონომიკური განვითარება საკმაო ხარისხითაა დამოკიდებული ინოვაციების განვითარების მიმართულებაზეც. არჩევანის სირთულე რეგიონის განვითარების მომავალზე ინოვაციების შესაძლო ზემოქმედების მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. თავდაპირველი სწორი არჩევანი მომდევნო ინოვაციური მოღვაწეობის მთელ მსვლელობას განსაზღვრავს და განვითარებას შეუქცევადს ხდის.
მოვიყვანოთ მაგალითი მ. პორტერის უკვე ქრესთომატიად ქცეული წიგნიდან “საერთაშორისო კონკურენცია” საათების დარგში ცვლილებების შესახებ. XX საუკუნის 50-60-იან წლებში საათების ბაზარზე შეიქმნა გასაღების ახალი არხები, მასობრივი მარკეტინგი და მასობრივი წარმოება, რამაც საშუალება მისცა ამერიკულ ფირმებს “ტაიმექსსა” და “ბულოვს” გაყიდვების მოცულობით გაესწროთ თავისი შვეიცარიელი კონკურენტების გაყიდვების მოცულობისთვის. შემდეგ ელექტრონული საათების წარმოებასთან დაკავშირებით “გარღვევა” მოხდა, რამაც საშუალება მისცა იაპონურ ფირმებს “სეიკოს”, “სიტიზენს”, ხოლო შემდეგ “კასიოს” წინ გაჭრილიყვნენ. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ “პირველი ბარტყები”, ვინც ტექნოლოგიის ან საქონლის ერთი თაობის ლიდერები გახდნენ, თაობათა ცვლისას სავსებით შესაძლებელია წაგებაში აღმოჩნდენ, ვინაიდან მათ შრომით ჩვევებსა და კაპიტალდაბანდებას სპეციალიზებული ხასიათი აქვს. ჩვენს წინაშე მთელი სიცხადით დგება ფაქტი, რომ საკმარისი არ არის პიონერი იყო, ამასთან ერთად აუცილებელია ტექნოლოგიების განვითარება იწინასწარმეტყველო. ამერიკულმა ფირმებმა (მათ შორის, Fairchild, Texas Instruments) ელექტრონული საათების გამოშვება თითქმის პირველებმა დაიწყეს. მათ გათვლა გააკეთეს ნათებად ინდიკაციურ საათებზე, მაგრამ ეს ტექნოლოგია მოდელების ღირებულებით ვერ აღემატებოდა თხევადკრისტალურ ინდიკატორებს და ტრადიციულ ისრებიან კვარცის მექანიზმიან საათებს უფრო ძვირადღირებულ და პრესტიჟულ მოდელებში. ამრიგად, ამერიკული კომპანიების ინოვაციებს ბაზარზე წარმატება არ ჰქონია, მათ ვერ შესძლეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვება.
ეს მაგალითი ხაზს უსვამს რეგიონში ინოვაციების განვითარების შესაძლო მიმართულებების სტრატეგიული ხედვის მნიშვნელობას, როცა ცვლილებები სპონტანურად მიმდინარეობს. სტრატეგიის შერჩევა ინოვაციური მოღვაწეობის წარმატების საწინდარია. რეგიონი რისკავს, შესაძლოა კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუკი ვერ შესძლებს ვითარების შეცვლის წინასწარ განჭვრეტას და მასზე დროულ რეაგირებას. მოცემულ სიტუაციას შესანიშნავად ახასიათებს პიტერ დრუკერი: “შეუძლებელია შევიმუშავოთ გეგმა მოვლენებისათვის, რომლებსაც წარმოვიდგენთ ან გვინდა ვიწინასწარმეტყველოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი გარემოებებისთვისაც კი. უნდა გვქონდეს ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის გეგმა, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას”.
ამგვარად, ინოვაციური სტრატეგიის არსებობა რეგიონის სტაბილური განვითარების სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა რთულია, რადგან დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა, რადგან საქმე მრავალი ადამიანის ინტერესს ეხება. ამასთან დაკავშირებით უპრიანია მ. პორტერის სიტყვები, რომელიც ჩვენი აზრით, მეტისმეტად ზუსტად ახასიათებს სიტუაციას: “სტრატეგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამოვირჩიოთ ის, რაზედაც უარი უნდა ვთქვათ. კომპრომისების გარეშე არ იქნებოდა შერჩევის აუცილებლობა და, ამრიგად, არც სტრატეგიის აუცილებლობა იქნებოდა”.
ამრიგად, შესაძლოა გამოვყოთ სტრატეგიული მიზანდასახულობის რიგი მახასიათებლები:
ფორმულირების პროცესი დაუყოვნებლივ ქმედებამდე არ დადის. დგინდება რეგიონის განვითარების საერთო მიმართულებები;
სტრატეგიას მივყავართ პერსპექტიული შესაძლებლობების ძიებისაკენ. ძიებაში სტრატეგიის როლი სტრატეგიულ რაიონებზე ყურადღების ფოკუსირებაში და იმ შესაძლებლობების უარყოფაში მდგომარეობს, რომლებიც არ შეესაბამება შერჩეულ სტრატეგიას;
სტრატეგიის ფორმულირებისას შეუძლებელია ყველა მომდევნო შესაძლებლობის გათვალისწინება. მაშასადამე, მისი დამუშავება უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ აგრეგირებულ, არასრულ და განუსაზღვრელ ინფორმაციას. ასეთ პირობებში ეფექტური სტრატეგიის შერჩევაში დახმარება შეუძლია სამეწარმეო ფაქტორს – წინასწარმეტყველებას;
შემდგომში უფრო ზუსტი და სრული ინფორმაციის მიღებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თავდაპირველი არჩევანის სისწორეს, აუცილებელია მისი კორექტირება. ამიტომ სტრატეგიის ეფექტური რეალიზაცია საჭიროებს უკუკავშირს;
ზოგჯერ ვერ ასხვავებენ სტრატეგიისა და მიზნის არსს, ერთს ცვლიან მეორეთი, რაც არასწორია, რადგან მიზნები – ეს შედეგებია, რომელთა მიღწევა აუცილებელია, ხოლო სტრატეგია – ამ შედეგების მიღწევის საშუალებები. სტრატეგია, რომელიც ეფექტურია ერთი მიზნისათვის, შეიძლება არ აღმოჩნდეს ასეთი სხვა მიზნისათვის. მაშასადამე, ნებისმიერი სტრატეგიის შემუშავება უნდა დავიწყოთ მიზნების ანალიზიდან;
და ბოლოს, სტრატეგიის განსაზღვრის შემდეგ რეგიონის ინოვაციური განვითარების პროცესი კი არ მთავრდება, არამედ, პირიქით, – იწყება.
რეგიონის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შემუშავების მთავარ მეთოდოლოგიურ წინაპირობას წარმოადგენს მისი, როგორც ღია სისტემის ფუნქციონირების არსის გაგება, რომელიც მჭიდრო ურთიერთქმედებაშია გარემოსთან. სისტემური მიდგომა გულისხმობს, რომ სისტემა ორი შემადგენელი ნაწილისაგან შედგება: პირველი გარე გარემოა, რომელიც მოიცავს სისტემაში შესვლას, გარემოსთან კავშირს, უკუკავშირს; მეორე შინაგანი სტრუქტურაა – ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს მართვის სუბიექტის ობიექტზე ზემოქმედების პროცესს და სისტემის მიზნების მიღწევას. ასეთი განმარტება ხაზს უსვამს უწყვეტი მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობას.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ფუნქციონალური დაყოფის თვალსაზრისით რეგიონის ინოვაციური სტრატეგია მისი განვითარების საერთო სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ინოვაციური პროექტების ძიებისა და შერჩევის პრობლემისადმი სისტემური მიდგომა გულისხმობს სისტემურ ანალიზს, რომელიც ეფუძნება სისტემის თავისებურებათა ყოველმხრივ შესწავლას, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების, შესაძლებლობებისა და წინააღმდეგობების გამოვლენის მიზნით ფუნქციონირებისა და განვითარების სტრატეგიის ფორმირებას.
სისტემური მიდგომის თანახმად, ანალიზის დროს ჩვენ გამოვიყენებთ სისტემის თავისებურებათა სამ ჯგუფს:
1) გარემოსთან სისტემის კავშირის მახასიათებელს;
2) სისტემის მიზანდასახულობის მეთოდოლოგიის მახასიათებელს;
3) ფუნქციონირებისა და განვითარების პარამეტრების მახასიათებელს.
თავისებურებათა პირველ ჯგუფს განეკუთვნება სისტემისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულება, სისტემის ღიაობა და შეთავსებადობა. მეორე ჯგუფი მოიცავს სისტემის მიზანმიმართულობას, მემკვიდრეობითობას, საიმედოობასა და ოპტიმალურობას, სისტემის საინფორმაციო უზრუნველყოფის განუსაზღვრელობას და მის ემერჯენტულობას. მესამე ჯგუფში შედის სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების უწყვეტობა, მისი ფუნქციონირების გზების ალტერნატივობა, სისტემის სინერგულობა, ინერტულობა, ადაპტირება, ორგანიზება, სისტემის სტანდარტიზაციის დონე, განვითარების ინოვაციური ხასიათი.
ამრიგად, ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ წინაპირობები და სისტემური მიდგომის საფუძველზე ინოვაციური მდგენელის მეშვეობით ავაგოთ კონკურენტულ უპირატესობათა ძიებისა და განვითარების სტრატეგიული მოდელი. რეგიონის ინოვაციური სტრატეგია დამოკიდებულია გარემოს შეცვლაზე. რეგიონს თავად შეუძლია ამ ცვლილებების ფორმირება. გარემოში ცვლილებები შეიძლება იყოს უკვე არსებული და მოსალოდნელი. სტრატეგია საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ როგორ შეიძლება დასახული მიზნების მისაღწევად გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი უკვე არსებული და მოსალოდნელი საფრთხისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. სტრატეგია მხოლოდ საერთო მიმართულებას გვაძლევს და ამიტომ შევსებული უნდა იქნას ტაქტიკური ხასიათის ღონისძიებებით. და ბოლოს, სტრატეგიის შემეშავების მიზანია რეგიონის წარმატებული განვითარების მყარი პოტენციალის ჩამოყალიბება კონკურენციის წინაშე მისი უპირატესობების გათვალისწინებით.