გამოთანაბრებითი ტრანსფერის როლი თანამედროვე ეტაპზე

გიგა გველესიანი, თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის ფაკულტეტის დოქტორანტი

გამოთანაბრებითი ტრანსფერის მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდაჭერა რამდენიმე მიზანს ემსახურება: ვერტიკალური გამოთანაბრების უზრუნველყოფას მთავრობის სხვადასხვა დონეებს შორის, ჰორიზონტალური გამოთანაბრების უზრუნველყოფას რეგიონებს შორის, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას იმ სერვისების მიწოდებისას, რომლებიც მხოლოდ მოცემული რეგიონის მოსახლეობაზე არაა გათვლილი, სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას სახელმწიფოში დაწესებული სტანდარტების დონეზე, ისეთი სერვისების შეთავაზების სტიმულირებას, რომლებიც საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურება და სხვ.

ქვეყნების უმეტესობაში ტრანსფერების გამოყენების აუცილებლობა ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯებსა და შემოსავლებს შორის არსებული განსხვავებებითაა გამოწვეული. ვინაიდან ვერტიკალური დისბალანსების არსებობა ცენტრალურ ხელისუფლებას საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აყენებს, აუცილებელი ხდება ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ გარკვეული სერვისების ადეკვატური სახით მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისადმი გამოყოფილი ტრანსფერების მნიშვნელობაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათი მეშვეობით განვითარებად და ტრანზიტულ ქვეყნებში ქვედა დონის ხელისუფლებების დაახლოებით 60 პროცენტი ფინანსდება, ხოლო განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში კი – დაახლოებით მესამედი.
სხვადასხვა ქვეყნებმა რეგიონებს შორის არსებული მდგომარეობის გამოსწორების მცდელობების ფარგლებში შესაძლებელია გამოიყენონ როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან ტრანსფერების გადაცემა, ასევე რეგიონებს შორის მათი გადაცემა.
როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური დისბალანსების გამოთანაბრების მისაღწევად შესაძლებელია განსხვავებული მიდგომების გამოყენება. მაგალითად, თითოეული დისბალანსის ტიპის განცალკევებული ზომებით დაძლევა. ამ შემთხვევაში ვერტიკალური დისბალანსის გამოთანაბრება შეიძლება ხდებოდეს საგადასახადო შემოსავლებიდან გარკვეული წილებითა და ტრანსფერებით, ხოლო ჰორიზონტალურის კი – შედარებით მდიდარი რეგიონებიდან სახსრების უფრო ღარიბებისათვის გადანაწილებით. მსგავსი მიდგომა მეტნაკლები წარმატებით გამოიყენება თანამედროვე გერმანიაში.
განსხვავებულ მიდგომას წარმოადგენს ვერტიკალური და ჰორიზონტალური დისბალანსების გამოთანაბრება ინტეგრირებული ტრანსფერების სისტემის გამოყენებით, როდესაც ორივე აღნიშნული ტიპის პრობლემების გადაჭრა ხორციელდება კომპლექსური მიდგომის პირობებში. ამ შემთხვევაში გამოიყენება გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების ერთობლიობა. აღნიშნული მიდგომა დამახასიათებელია ავსტრალიისა და კანადისათვის. მესამე საკმაოდ საინტერესო მიდგომა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ვერტიკალურ დისბალანსებზე და აბსოლუტურად უგულვებელყოფს ჰორიზონტალურ დონეზე არსებულ განსხვავებებს. ზემოაღნიშნული მიდგომის პირობებში ვერტიკალური დისბალანსების გამოსწორება ისეთივე გზებით ხდება, როგორც პირველი მიდგომის შემთხვევაში. რაც შეეხება ჰორიზონტალურ დისბალანსებს, ამ მხრივ სახელმწიფოს ჩარევა შემოიფარგლება მიზნობრივი გრანტებით გარკვეული ტიპის სერვისების მიწოდებისას, დადგენილი მინიმალური სტანდარტების შესანარჩუნებლად. ეს მიდგომა დამახასიათებელია აშშ-სათვის. ცენტრალური ხელისუფლების მიზნები, რომელთა მიღწევასაც იგი შესაძლებელია ახერხებდეს ტრანსფერების გამოყენებით, შემდეგი სამი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ: ფისკალური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების და მოქალაქეებისათვის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა და რესურსების ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.
აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ეფექტურობის უზრუნველყოფაზე საუბრისას აუცილებელია ისეთი რთული მომენტების გათვალისწინება, როგორებიცაა რესურსების განაწილების დროს შესაძლო გადაფარვები რეგიონებს შორის. აქ თავს იჩენს პრობლემა, კერძოდ, სერვისები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიეწოდება მოსახლეობას შეიძლება განკუთვნილი იყოს იმათთვისაც, ვინც მოცემული რეგიონის ფარგლებში არ ცხოვრობს (და შესაბამისად არც აფინანსებს ამ სერვისებს, ანუ ადგილობრივ ხელისუფლებას). ყველაზე კარგად აღნიშნული პრობლემა წარმოჩინდება ჰაერის ან წყლის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მაგალითზე.
ტრანსფერების განსაზღვრისას აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ მოხდება მათი განაწილება მოქალაქეების რიცხოვნების მიხედვით რეგიონებს შორის, თუ გამოყენებული იქნება რაიმე სხვა განმსაზღვრელი კრიტერიუმი, მაგალითად, ღარიბი მოსახლეობის ხვედრითი წილი. კრიტერიუმების სწორედ განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული ქვეყნის მდგომარეობაზე დეცენტრალიზაციის მოდელის ოპტიმალურად მორგება.
როდესაც ქვეყანაში გამოიყენება გამოთანაბრებითი ტრანსფერების სისტემა, რომლის პირობებშიც აღნიშნული სახსრები დამატებითი პირობების გარეშე გადაეცემა რეგიონებს, აუცილებელია გამოთანაბრების კრიტერიუმების განსაზღვრა. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორები შეიძლება იყოს, როგორც მხოლოდ რეგიონის მიერ მობილიზებადი შემოსავლების ოდენობა, ასევე მათი დამოკიდებულება გასაწევ ხარჯებთან. იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება მხოლოდ შემოსავლებში სხვაობაზე დაყრდნობილი სისტემა, სასურველია, რომ სერვისების გაწევის დროს ადგილი არ ჰქონდეს რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვან განსხვავებებს.
არსებული ორი მიდგომის პირობებში, როდესაც პირველის შემთხვევაში ტრანსფერებს ცენტრი ანაწილებს ყველა რეგიონისათვის, ხოლო მეორეს დროს კი მდიდარი რეგიონები თავად გადასცემენ ტრანსფერებს შედარებით ღარიბ რეგიონებს, უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა ალბათ პირველს უნდა მიენიჭოს. საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ მექანიზმების ეფექტურობაც, რომლებიც განსაზღვრავენ ზოგადად რეგიონებს შორის გამოთანაბრებაზე გამოყოფილ თანხებს. არსებობს ქვეყნები, რომლებშიც ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების მოცულობა ნაკლებია, ვიდრე მიზნობრივი ტრანსფერების ოდენობა (მაგალითად, ავსტრალიაში). ხშირად მიზნობრივი გრანტების მეშვეობით ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს შეავსოს გამოთანაბრებითი ტრანსფერის მეშვეობით მიღებული გარკვეული ეფექტები.
ეფექტური დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, განსასაზღვრავი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ტრანსფერების სისტემის დიზაინის ჩამოყალიბებისა და შემუშავების პროცესში, სხვადასხვა მეცნიერების შეხედულებების მიხედვით შემდეგ ფაქტორებს შეიძლება მოიცავდეს: სტაბილიზაციის უზრუნველმყოფი კომპონენტების გათვალისწინება, ფლექსიბილურობის გარკვეული დონის უზრუნველყოფა, დასახული მიზნების განხორციელების პროცესში მონიტორინგის მექანიზმების უზრუნველყოფა, შესაძლო ალტერნატივების ანალიზი და სხვ.
მთელი რიგი ქვეყნები ტრანსფერების სისტემის მეშვეობით რეგიონებს შორის არსებული სიტუაციის გამოთანაბრების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ გათვლებში სხვადასხვა ფორმულებს იყენებენ. ქვეყნების მიხედვით გამოყენებული მიდგომები ხშირად საკმაოდ განსხვავებულია და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ბევრ კომპონენტიან ფორმულას ეყრდნობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მიდგომა აუცილებლად ეფექტურ შედეგს არ უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მცირდება ქვეყნები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისათვის განკუთვნილი ტრანსფერების განსაზღვრისას სუბიექტურ ფაქტორებს იყენებენ. ეს გასაგებიცაა, რადგან მაგალითად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იშვიათად შეიძლება აღწევდეს ეფექტურობის იმ დონეს, რომელსაც ობიექტურ და გამჭვირვალე ფაქტორებზე დაფუძნებული მიდგომები უზრუნველყოფს. ასევე აღსანიშნავია, რომ სუბიექტური ფაქტორების გამოყენება თითქმის გამორიცხავს მეტნაკლებად ეფექტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას, რაც კიდევ უფრო ართულებს დეცენტრალიზაციის პროცესებს.
ცნობილი მეცნიერი პაველ სვიანევიჩი ადგილობრივი ხელისუფლებების გამოთანაბრების დროს გამოყენებული ფორმულების მიმართ შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებას ასაბუთებს: ფორმულაში გამოყენებული კრიტერიუმები მნიშვნელოვანი დონით უნდა უკავშირდებოდეს დაფინანსებაზე არსებულ მოთხოვნილებებს; ფორმულაში გამოყენებული ცვლადები მნიშვნელოვან კორელაციურ კავშირში არ უნდა იმყოფებოდეს ერთმანეთთან, ვინაიდან ეს ართულებს სისტემას ყოველგვარი დამატებითი დადებითი ეფექტის გარეშე; ფორმულაში გათვალისწინებული ფაქტორები გაზომვადი უნდა იყოს, ხოლო მათთან დაკავშირებული ინფორმაცია კი სიზუსტით და სანდოობით უნდა ხასიათდებოდეს; ფორმულისათვის გამოყენებული ფაქტორები დაცული უნდა იყოს შესაძლო მანიპულაციებისაგან იმ მხარეებისაგან, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან მეტი ოდენობით ტრანსფერი მიიღონ; გამოყენებული სისტემა ხელს უნდა უწყობდეს ადგილობრივი საგადასახადო შემოსავლების სტიმულირებას და არ უნდა იწვევდეს პასიური მიდგომების გავრცელებას.
საქართველოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გამოთანაბრებითი ტრანსფერის გათვლებისას გამოყენებული ფორმულა დაიხვეწა თვისობრივად ახალი მიდგომების გამოყენებით.
“ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად (ძალაშია 2007 წლის 1 იანვრიდან), გამოთანაბრებითი ტრანსფერი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობაა, რომლის განკარგვაც ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია. ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა თვითმმართველობებს შორის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების გამოთანაბრება. მას ყოველწლიურად გამოჰყოფს ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ტრანსფერის ოდენობა თითოეული თვითმმართველი ერთეულისთვის დაიანგარიშება კანონით დადგენილი წესით და ფორმულით.
2007 წლის 28 დეკემბერს ზემოხსენებულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა და გაანგარიშების წესი რადიკალურად შეიცვალა. ცვლილებები ძალაში 2008 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ეჭვს იწვევს 2008 წლისთვის თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერების გაანგარიშების საკითხი აღნიშნული ფორმულისა და წესის გამოყენებით. საქმე ისაა, რომ საბაზისო 2007 წელს არც მუნიციპალიტეტების და არც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით არ განხორციელებულა საბიუჯეტო კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები (იგულისხმება სამინისტროსთვის სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება, ხოლო სამინისტროს მხრიდან გადასაცემი ტრანსფერების მოცულობების შესახებ თვითმმართველობების წინასწარი ინფორმირება). ამასთან, ფორმულის გამოყენებისთვის კანონი ითვალისწინებს გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის არსებობას, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ადგენს.
გამოთანაბრების ძველი ფორმულის (რომლის მიზანიც კანონის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე დაბალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ანალოგიურ მაჩვენებლამდე გამოთანაბრება იყო) გაანგარიშებისას გამოიყენებოდა შემდეგი კრიტერიუმები:
“ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-4 აბზაცში (შეიცვალა 2008 წლის 1 იანვრიდან) მითითებული იყო: “გამოთანაბრებითი ტრანსფერი უზრუნველყოფს ერთ სულ მოსახლეზე დაბალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების გამოთანაბრებას ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ანალოგიურ მაჩვენებლამდე.”
ამავე კანონის მე-19 მუხლი განმარტავდა გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების კრიტერიუმებს:
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების პოტენციური მოცულობა, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე;
საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების საკუთარი შემოსულობების პოტენციური მოცულობა, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე;
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის რიცხოვნობა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით;
საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის რიცხოვნობა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.
გამოყენებული ფორმულა საკმაოდ ბევრ ნაკლოვანებას შეიცავდა. იგი უფრო მეტად თანხების გადანაწილებაზე იყო მიმართული, ვიდრე გამოთანაბრებაზე. მხოლოდ შემოსავლების კუთხით თვითმმართველობების გამოთანაბრება ამ ფორმულის დიდი ნაკლოვანება იყო. ერთ სულ მოსახლეზე თანაბარი შემოსავლები ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობებში სოციალურ-ეკონომიკურ გამოთანაბრებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა თვითმმართველობის ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე ერთნაირი ვერ იქნება. შესაბამისად, თითოეულის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელებას სხვადასხვა მოცულობის დაფინანსება სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ გამოთანაბრების ფორმულაში მთავრობის მიერ შემასწორებელი კოეფიციენტების სიდიდეების განსაზღვრა აშკარად უარყოფითი პრაქტიკაა და ეწინააღმდეგება ამ ფორმულის მეშვეობით მისაღწევ მიზანს. ასეთ პირობებში ცენტრალურ ხელისუფლებას გადასაცემი ტრანსფერებით მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა. ფორმულით ტრანსფერის გაანგარიშებაში თბილისი არ მონაწილეობს, რაც ხელისუფლებას საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ხელოვნურად დაწევის საშუალებას აძლევდა, რათა ნაკლები თანხა გამოეყო ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. მაგალითად, 2007 წლისთვის თბილისის საკუთარი შემოსულობები 5-6-ჯერ აღემატებოდა დანარჩენი თვითმმართველობების ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს.
ახალი ფორმულა ასე გამოიყურება:
თი=(E-ღ)&ლოწასტ;K
სადაც:
თი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერი,
E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯები,
ღ – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასაგეგმი წლის ბიუჯეტის შემოსავლები,
K – მხარდაჭერის კოეფიციენტი.
პირველ ეტაპზე, გაიანგარიშება თვითმმართველი ერთეულის ხარჯები (E), რომლებიც მიიღება სტატისტიკური მაჩვენებლებისა და შესაბამისი გამოთანაბრებითი კოეფიციენტის ნამრავლის ჯამით.
E=” ჩნ&ლოწასტ;Pნ ანუ ჩ1&ლოწასტ;P1+ ჩ2&ლოწასტ;P2+ ჩ3&ლოწასტ;P3+ ჩ4&ლოწასტ;P4+ჩ5&ლოწასტ; P5+ჩ6&ლოწასტ;P6
სადაც:
ჩნ ანუ (ჩ1, ჩ2, ჩ3, ჩ4, ჩ5,ჩ6 .) არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებელი (მოსახლეობის რაოდენობა, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა, ფართობი, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, დედაქალაქის სტატუსი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე),
Pნ ანუ (P1,P2,P3,P4,P5,P6..) არის გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთკავშირს ხარჯის თითოეულ კატეგორიას (ფუნქცია) და ზემოთ ნახსენებ სტატისტიკურ მაჩვენებელს შორის. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობა გაიანგარიშება რეგრესული ანალიზის მეშვეობით და ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის უცვლელია.
მეორე ეტაპზე გაიანგარიშება თვითმმართველი ერთეულის შემოსავალი (ღ), რომელიც მიიღება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით. კანონი ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების სახეობებს. ესენია: ქონების გადასახადი, არასაგადასახადო შემოსავლები და კაპიტალური შემოსავლები.
იმ ადგილობრივ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსულობები აღემატება ამავე ბიუჯეტის ხარჯებს, გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.
ბოლო, მესამე ეტაპზე გამოითვლება თითოეული თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამავე ერთეულის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობის გამრავლებით მხარდაჭერის კოეფიციენტზე (K), მხარდაჭერის კოეფიციენტის ქვედა ზღვარი შეადგენს 60%-ს. კანონი არ განმარტავს თუ ვის მიერ და რა წესით ხდება ყოველი მოცემული საბიუჯეტო წლისათვის აღნიშნული კოეფიციენტის მოცულობის დადგენა.
თავისი მნიშვნელობით ფისკალური დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფის მხრივ გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილება უდავოდ საკვანძო საკითხია. ფორმულას, რომელიც ამ ეტაპზე შეირჩა საქართველოში თვითმმართველ ერთეულებს შორის არსებული განსხვავებების გამოსათანაბრებლად, მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია მის წინამორბედთან შედარებით, თუმცა გამოყენებულ მიდგომას გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს.
საინტერესო ფაქტია, რომ ახალ ფორმულაში სპეციალურად გამახვილდა ყურადღება ისეთ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, რომელთა სიდიდეც არ არის ადვილად მანიპულირებადი ადგილობრივი ორგანოების მიერ. ერთის მხრივ, ასეთი მიდგომა თითქოს გასაგებია, ვინაიდან მეტი ოდენობით თანხის მიღების სურვილმა მუნიციპალიტეტებში შესაძლოა მაჩვენებლებით მანიპულირების წინაპირობა შექმნას; მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და შეიძლება დაისვას ლოგიკური კითხვა – ხომ არ მცირდება ეფექტურობის ხარისხი ამგვარი კრიტერიუმით მისი “გაფილტვრისას”? მაგალითად, ქვეყანაში არსებული რთული სოციალური ფონის პირობებში შესაძლოა აქტუალური ყოფილიყო საცხოვრებელი ფართის არმქონე ან ღარიბი მოსახლეობის ოდენობის გათვალისწინება. მაჩვენებლების შერჩევისას მათი ინფორმატიულობის ხარისხის ნაცვლად ამომავალ კრიტერიუმად მათი გაყალბების შესაძლო რისკის დონის გამოყენება საკმაოდ სადავო და სუბიექტური მიდგომაა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ხარჯების პროგნოზირების პროცესში ხორციელდება არა მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული რეალური საჭიროებების გათვალისწინება, არამედ მათ მიერ ფაქტიურად განხორციელებული ხარჯები. რაღა თქმა უნდა, ეს მიღებულ შედეგებზე საკმაოდ თავისებურ გავლენას ახდენს, ვინაიდან საქართველოში მუნიციპალიტეტების მიერ ფაქტიურად განხორციელებული ხარჯები და რეალური მოთხოვნილებები შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს.
გაუგებარია, თუ რატომ არის გაუთვალისწინებელი გამოთანაბრებითი ფორმულის მოცემულ მოდელში მუნიციპალიტეტების წახალისება მათ მიერ მობილიზებული შემოსავლების გაზრდაზე. ადვილად შესაძლებელია, რომ სიტუაციაში, როდესაც საკუთარი შემოსავლების ზრდა მუნიციპალიტეტისათვის გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით მისაღები სახსრების შემცირებას ნიშნავს, მსგავსი მიდგომის გამოყენებამ უარყოფითი მოტივაცია შექმნას საკუთარი შემოსავლების მეტი ოდენობით მოზიდვის კუთხით. აღნიშნულ რისკს საკმაოდ ხშირად განიხილავენ ფისკალური დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფის პირობებში გამოყენებული მიდგომების ანალიზის დროს და გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მისი იგნორირება ქართულ რეალობაში. გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, თუ ქვეყანაში ფისკალური დეცენტრალიზაციის განვითარების მცდელობების პარალელურად მოხდებოდა მუნიციპალიტეტების მიერ შემოსავლების მოზიდვის წახალისება, რაც მომავალში მათი დამოუკიდებლობის ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.
შემოსავლების პროგნოზირების მეთოდით ტენდენციის დადგენისას ითვალისწინებენ კაპიტალურ შემოსავლებს. ეს ფრიად ყურადსაღები გარემოებაა, ვინაიდან მუნიციპალიტეტების ხელთარსებული საპრივატიზაციო ქონების რაოდენობა შეზღუდულია და ამოწურვადი. მათი შემოსავლების მსგავსი გზით პროგნოზირება ადვილად შესაძლებელია ნაკლებად სანდო აღმოჩნდეს, თუნდაც უკვე 2009-2010 წლებისთვის.
ახალი ფორმულის შემთხვევაში ერთ-ერთი თვალშისაცემი ნაკლოვანებაა მხარდაჭერის კოეფიციენტის 60%-ანი ქვედა ზღვარი. მისი ასეთ დაბალ ნიშნულზე დაფიქსირება ფაქტიურად ცენტრალურ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემი სახსრების დაზოგვის საშუალებას აძლევს. როდესაც გამოთანაბრებითი ტრანსფერის მიზანი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობის გამოთანაბრება და მათი ადექვატურ დონეზე მოქცევაა, ამ მდგომარეობაში მსგავსი მიდგომა უდავო ნაკლოვანებად უნდა შეფასდეს.
არსებობს მოსაზრება, რომ თბილისის მონაწილეობა ახალი ფორმულით გამოთანაბრებითი ტრანსფერის ობიექტურად გაანგარიშებაში წინ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისად, დადებითი მოვლენაა, რადგან თითოეული თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა გაიზრდება. ეს მართლაც მოხდებოდა ძველი ფორმულის გამოყენების შემთხვევაში როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტების დეფიციტის დადგენა და გამოთანაბრება ხდებოდა ერთ სულ მოსახლეზე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გამოთანაბრებით ქვეყანაში არსებულ ანალოგიურ საშუალო მაჩვენებლამდე. ასეთ შემთხვევაში, თბილისი, რომელსაც საკუთარი შემოსულობების სახით (კაპიტალური შემოსავლები, ქონების გადასახადი), საკმაოდ დიდი საშემოსავლო ბაზა გააჩნია დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებთან შედარებით, ბუნებრივია დადებით როლს ითამაშებდა ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ჯამური ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავლების საშუალო მაჩვენებლის გაზრდაში. ახალი ფორმულით ადგილობრივი ბიუჯეტების დეფიციტი სხვა პრინციპით დაიანგარიშება, კერძოდ, ყოველი კონკრეტული ერთეულისთვის პოტენციურ შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის სხვაობით. შესაბამისად, თბილისის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს ახალი ფორმულით გამოთანაბრებითი ტრანსფერების გაანგარიშებასთან კავშირი საერთოდ ვერ ექნება.