ინვესტორები დუბაის უძრავი ქონების ბაზრიდან გარბიან
რედაქციისაგან
არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი ქალაქი დუბაი დიდი ხნის მანძილზე ინვესტორებისათვის მიმზიდველ ქალაქად ითვლებოდა. ნებისმიერი თავმოყვარე ინვესტორი თავს ვალდებულად თვლიდა დუბაის უძრავი ქონების ბაზარში ჩაედო ინვესტიცია.
მაგრამ ეხლა ამ ბაზრის მიმზიდველობა კლებულობს, უფრო მეტიც, ექსპერტები თვლიან, რომ ბოლო დროს ბევრმა ინვესტორმა თავისი ყურადღება გადაიტანა სხვა ახლოაღმოსავლეთის ქვეყანაზე – საუდის არაბეთზე, რომელიც უცხოელებისათვის უძრავი ქონების ყიდვის შეზღუდვების მოხსნას გეგმავს.
ამჟამად ინვესტორები თანდათან ტოვებენ დუბაის უიძრავი ქონების ბაზარს, სამაგიეროდ საუდის არაბეთი სულ უფრო პოპულარული ხდება. საუდის არაბეთში მრავალრიცხოვანი ახალგაზრდა მოსახლეობაა და შესაბამისად დიდი მოთხოვნაა საცხოვრებელ სახლებზე, მაღაზიისა და საოფისე ფართებზე, თუმცა ამ დრომდე ინვესტორები არ აქცევდნენ ყურადღებას ამ პერსპექტიულ ბაზარს.
აქედან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ დუბაიში ეკონომიკის მამოძრავებელი ძირითადი ძალა საფინანსო სექტორია და უცხოელი მუშახელი, საუდის არაბეთის ეკონომიკის ლოკომოტივი კი ნავთობის რეზერვებია, რომელთა მოცულობა საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანა მსოფლიო კრიზისისგან დაიცვას.
მსოფლიო ბანკის შეფასებებით, საუდის არაბეთის მშპ 2007 წელს 382 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 3-ჯერ მეტია არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაჩვენებელზე. თუმცა ამასთან უძრავი ქონების ფასები ემირატებში უფრო მაღალია, ვიდრე საუდის არაბეთში. 2003-დან 2008 წლამდე საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უძრავი ქონების ფასები 16%-ით გაიზარდა, მაგრამ ფასების დონე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე დუბაისა და აბუ-დაბიში.
უძრავი ქონების ბაზარზე თავის როლს თამაშობს ასევე ის ფაქტიც, რომ საუდის არაბეთი თავის ქვეყანაში უცხოელებს არ აძლევს უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას. სამეფოში საცხოვრებელი ფართების მწვავე დეფიციტია: ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, სამეფოში საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნა 2012 წლისთვის ორჯერ გაიზრდება, მითუმეტეს, რომ ქვეყანა საბინაო რეფორმის ჩატარებასა და მნიშვნელოვანი შეზღუდვების მოხსნას გეგმავს.
ამჟამად საუდის არაბეთი ბიზნესისათვის შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა. სამეფოს მოსახლეობა 25 მლნ ადამიანია. ამასთან მოსახლეობის დაახლოებით 50% 20 წელზე ახალგაზრდაა. საცხოვრებელი ფართების უდიდესი დეფიციტის გამო მათზე ფასები სწრაფად იზრდება და სავარაუდოდ ამ ბაზარზე მალე უცხოელი დეველოპერები გამოჩნდებიან.