რუსეთმა გაზის “ოპეკი” შექმნა!
ნინო არველაძე
რუსეთი ყოველთვის იყენებდა პოლიტიკურ იარაღს ეკონომიკური ინტერესებისდასაკმაყოფილებლად, ასე იყო ჯერ კიდევ მეფის რუსეთის, შემდეგ კომუნისტების დროს და ახლაც. მას სჭირდება ნაზარბაევის მსგავსი ნახევრად ცეკა-ს მდივანი, ნახევრად გადემოკრატებული ლიდერი, რომელიც მუდამ მართვადია, რადგან დასავლეთი მას ხელს კრავს. უფრო მეტიც, დასავლეთი ცდილობს ეს გამოცდილი ადამიანი შეცვალოს ახალგაზრდა დემოკრატით, რომელიც ადვილი სამართავი იქნებოდა და მუდმივად აკეთებს აქცენტს არადემოკრატიულობაზე თუ კორუფციაზე, გეგონება სხვაგან ეს საუკუნებრივი სენი აღარ არსებობს. ამ პირობებში არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შანსი?
დასავლეთსა და რუსეთს შორის ენერგეტიკული ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ ადრე გაზის ომში გერმანია და საფრანგეთი რუსეთის მეკავშირეებიც კი იყვნენ და ჩუმად საერთო ევროპულ დივერსიფიცირებული ენერგომომარაგების იდეას უჭერდნენ მხარს, ახლა ეს ომი უფრო აშკარა გახდა. რუსეთი ცდილობს ევროპაში სხვა მეკავშირეებიც გაიჩინოს და ტრადიციულ გერმანიასა და საფრანგეთს იტალია და სხვა ქვეყნები ემატებიან. ზემოთჩამოთვლილი დიდი ევროპული ქვეყნების შემდგომ პირველს იტალიას, შესთავაზა რუსეთმა სამხრეთის ნაკადი და ეს მილსადენი შემდეგნაირად დაგეგმა – რუსეთი-შავი ზღვა-ბულგარეთი-საბერძნეთი-იტალია, ასევე განშტოებით – უნგრეთი-ევროპა. ამ პროექტით, რომელიც გაცილებით ძვირიანია, ვიდრე ეს საქართველოსა და თურქეთის გავლით შუააზიური გაზის გატარება დაჯდებოდა. რუსეთი ცდილობს დასაჯოს საქართველო და თურქეთი. თურქეთს სჯის იმის გამო, რომ მიუხედავად ცისფერი ნაკადის მილსადენით თანამშრომლობისა, ვერ პატიობს ბაქო-ჯეიჰანში და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენში აქტიურ მონაწილეობას, ხოლო საქართველოს თვლის ურჩ ყოფილ კოლონიად, რომელიც არ ცნობს რუსეთის იმპერიულ ზრახვებს – მართოს ყველაფერი, ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. როგორც ამას აკეთებს ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთსა თუ ბელორუსიაში.
რუსეთისათვის საქართველოს სამაგალითო დასჯა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სხვა რესპუბლიკებმაც არ გაბედონ ურჩობა და აშშ -ის მეკავშირეობა. სომხეთს კი გაზს 110 დოლარად აძლევს და ამასთან მის მთელ ენერგეტიკას და პოლიტიკას აკონტროლებს. უფრო მეტიც, პატრონობს პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებს პენსიაში გასვლის შემდგომ და დიდ თანამდებობას თავაზობს რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებში, (მაგალითად, კოჩარიანს ან შროდერს და ა.შ.).
დასავლეთისა და ევროპისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნაბუქოს პროექტი – ყაზახეთი-კასპის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთი-რუმინეთი-უნგრეთი და სამხრეთ-ევროპა.
ეს პროექტი, რომლის დაახლობითი ღირებულება 5.8 მლრდ აშშ დოლარია, 3300კმ-ზეა გადაჭიმული და მშენებლობა დაიწყება წელს და სავარაუდოდ 2012 წელს დამთავრდება. ის ევროპას წელიწადში 30 მლრდ კბმ გაზს მიაწვდის. წინა წელს ვენაში ენერგეტიკულ სამიტზე ამ პროექტს მხარი დაუჭირა ევროპის ძირითადმა მოთამაშეებმა. უფრო მეტიც, შარშან ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის ერთიან ქსელზეც იყო ლაპარაკი და მიუხედავად უნგრეთის კომპანია MOL-ისა და “გაზპრომ-ის მეგობრული ურთიერთობისა, მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელებთან ერთად იმ პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, რომელიც ეწინაღმდეგება რუსეთის და “გაზპრომი-ს ინტერესებს მსოფლიო გაზის მიწოდების ჰეგემონიაზე.
შარშან თეირანში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე – ნავთობი და ბუნებრივი აირის გეოპოლიტიკური პროცესები, ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ მოჰამადრეზა ნემათზადემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა “ნაბუქო-ს მილსადენთან ირანის გაზის მილსადენის შეერთებას საქართველოს ტერიტორიაზე. შარშან წლის ბოლომდე ეს ევროპის ხუთი ქვეყნის მიერ ინიცირებული პროექტი ერთ-ერთ მიმზიდველად ითვლებოდა. ირანი, წელიწადში 27 ტრლნ მ3 გაზის მეორე მომწოდებელი, მხარს უჭერდა პროექტს.
მაგრამ რუსეთი წელიწადში 48 ტრლნ მ3 გაზის მოპოვებით წინ აღუდგა ამ პროექტს და “ნაბუქო-ს არსებობას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. მან ზეწოლა მოახდინა მის ქვეშევრდომებზე – თუქმენეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებზე და დაითანხმა ისინი გაზის ტრანსპორტირების (იხ. “საქ. ეკონ.” #12 – “გაზი – პოლიტიკური ფასი პოლიტიკური გმირობები საქართველოს გაზის ბაზარზე) კონსორციუიმი შეექმნათ.
რუსეთი ყოველთვის იყენებდა პოლიტიკურ იარაღს ეკონომიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ასე იყო ჯერ კიდევ მეფის რუსეთის, შემდეგ კომუნისტების დროს და ახლაც. მას სჭირდება ნაზარბაევის მსგავსი ნახევრად ცეკა-ს მდივანი, ნახევრად გადემოკრატებული ლიდერი, რომელიც მუდამ მართვადია, რადგან დასავლეთი მას ხელს კრავს. უფრო მეტიც, დასავლეთი ცდილობს ეს გამოცდილი ადამიანი შეცვალოს ახალგაზრდა დემოკრატით, რომელიც ადვილი სამართავი იქნებოდა და მუდმივად აკეთებს აქცენტს არადემოკრატიულობაზე თუ კორუფციაზე, გეგონება სხვაგან ეს საუკუნებრივი სენი აღარ არსებობს. ნაზარბაევი თავის არჩევნებამდე, 2007 წლამდე ეთამაშებოდა დასავლეთს, ეხლა კი საქრთველო აღარ სჭირდება და საერთოდ რუსეთისაკენ გადაიხარა. ის საბოლოოდ პუტინისა და კრემლის ნავში ჩაჯდა, ამიტომაც მოუწერა პუტინს დეკემბრის ხელშეკრულებაზე ხელი, რომლის მიხედვითაც ყველა მისი გაზის პროდუქციის ექსპორტირება ევროპაში რუსეთის გავლით მოხდება.
ამასთან ყაზახეთმა შეცვალა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რათა ამით საქართველოს ერთადერთ მტერს მსოფლიოში – რუსეთს ასიამოვნოს. დიახ, ეს რეალობაა! საქართველოს, როგორც ქვეყანას, რუსეთის გარდა არა ჰყავს მოწინააღმდეგე და მტერი. არცერთ მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან არა აქვს საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემები, რუსეთის გარდა. რუსეთს ის არ უნდა, რაც სჭირდება ქართველ ერს და საერთოდ ქვეყანას, რათა ის დამოუკიდებელი, ერთიანი, მდიდარი ქვეყანა იყოს. რუსეთის იმპერიული ზრახვები აშკარაა და ამას ენერგეტიკულ-სატრანსპორტო ბაზარზე კონკურენცია ჰქვია. რუსეთს საკმარისად აქვს წილი მსოფლიოში ენერგეტიკულ ბაზარზე, მაგრამ ეს არ არის მისთვის საკმარისი, მას სრული ჰეგემონია სჭირდება და ამის მისაღწევად ყაზახეთი და თურქმენეთი, აზერბაიჯანთან ერთად, მეკავშირედ სჭირდება და საქართველო – მტრად. შეიძლება ითქვას, რომ აქ ახალი არაფერია, მაგრამ დეკემბრის შემდგომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოზე ზეწოლას სხვა მეზობელი ქვეყნების მეშვეობით
საქართველო და ყაზახეთი
რამდენიმე წლის წინ ყაზახების ბიზნეს-აქტივობა საქართველოში თვალსაჩინო იყო. მათ სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საბანკო-საფინანსო სექტორში, ტურიზმის ინფრასტრუქტურაში და გაზით მომარაგების ბიზნესში. შეიძინეს “თბილგაზი – თბილისის გაზით მომარაგების ბიზნესი იმ პირობით, რომ 200 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდნენ და მთლიანად მოახდენდნენ მოძველებული ქსელის მოდერნიზაციას. მაგრამ უკვე ორი წელი გავიდა და ინვესტიციები არ ჩანს, ანუ პრივატიზაციის, გაყიდვის პირობა დაირღვა. ისინი არც აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას. გაჩნდა საშიშროება, რომ პრივატიზაციის პირობების შეუსრულებლობის გამო მათ გააუქმონ ხელშეკრულება და ამიტომ დაიწყო კულუარული მოლაპარაკება “თბილგაზის სხვაზე კომპანიაზე გადაყიდვაზე. ვინ იქნება “თბილგაზის” ახალი პატრონი, აზერბაიჯანული “სოკარი, თუ ქართულ-შვეიცარული “ვისოლი, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყაზახებმა დაკარგეს ამ ობიექტის მიმართ ინტერესი. გარდა ამისა, მენეჯმენტში ყაზახ ინვესტორებს, რომლებსაც ახლო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ “გაზპრომთან არაფერი ახალი არც მენჯმენტში გაუკეთებია და არც ტექნიკური გადაიარაღების საკითხში, რაც მეტად დამაფიქრებელია.
ყაზახურმა ინვესტიციებმა ვერც ბათუმში პოვა დიდი გასაქანი. იქაც სახეზეა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა როგორც პორტში, ისე ნავთობ-ბიზნესის სფეროში. თითქმის იგივე ითქმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში, სადაც გარკვეული მოძრაობა არის, მაგრამ არცთუ ისე სახარბიელო და მისაღები. ისმის კითხვა, რატომ დაკარგა ყაზახურმა ბიზნესმა ინტერესი საქართველოში და სად გაქრა მათი აგრესიული საინვესტიციო პოლიტიკა? ნუთუ საერთაშორისო ბაზარზე წარმოშობილმა ლიკვიდობის პრობლემამ აიძულა ისინი უარი ეთქვათ ესოდენ ამბიციურ გეგმებზე საქართველოში? შარშან ნაზარბაევის უშუალო მითითებით 4 მლრდ დოლარის დახმარება გამოეყო ბანკებს იპოთეკური კრედიტის კრიზისით გამოწვეული საერთაშორისო სტაგნაციური პროცესებიდან თავის დასაღწევად. ვფიქრობთ, რომ ყაზახეთი ამ შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს და საქართველოს ეკონომიკურად სჯის, რათა არ წახალისდეს მისი დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების პროცესი. ფაქტია, რომ საქართველოს ტელეკომი იქნება, თუ თბილგაზი, ყაზახურ ინვესტიციებს მენეჯმენტის, ბიზნეს-ტრანსფელაბერულობის და ნოუ-ჰაუების დანერგვის პრობლემები აშკარად აქვთ.
მოკლედ, რაც შეეხება საქართველო-ყაზახეთის საინვესტიციო ურთიერთობებს, შეიძლება ითქვას, რომ ის გაცივდა ბოლო ხანებში და დინამიკას აშკარად კლების ტენდენციები ეტყობა. როგორც ჩანს, ისინი მიდიან საქართველოს გაზის ბიზნესიდან და ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ ყაზახეთი უარს ამბობს ნაბუქო-ს პროექტში და შემდეგ კასპია-საქართველო-უკრაინა-პოლონეთი-ევროპა-ახალი ბროდი-გდანსკის პროექტში მონაწილეობაზე.
სახეზეა ყაზახეთისა და რუსეთის გაზის ტრანსპორტირების კარტელის ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ შექმნის მცდელობა, რა თქმა უნდა, თურქმენთის ხელშეწყობით. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთის ქვეყნებს გაზის ოპეკის მსგავსი ორგანიზაციის შექმნა ეკრძალებათ და 2008 წლის ბიუჯეტში 400 მილიონზე მეტი ჩადო ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დასახმარებლად, რაც ძირითადად რუსეთის ზეგავლენის შესასუსტებლად არის მიმართული, რუსეთმა თითქმის შექმნა ასეთი კარტერი და თუ ოპეკი ნავთობის მსოფლიო მოპოვების 30%-მდე აკონტროლებს, რუსეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი უკვე ირანისა და ალჟირის თუ კატარის გარეშე აკონტროლებენ მოპოვების 45%-ს. ამასთან რუსეთი დღითიდღე მდიდრდება და მისი ეკონომიკა იზრდება. ნავთობზე, ოქროზე და სხვა ლითონებზე მსოფლიოში არსებული კონიუქტურის პირობებში, როცა რუსეთს სულ 25 მლრდ აქვს სამხედრო ხარჯები, ხოლო აშშ-ს – 625 მლრდ დოლარი, მას, როგორც იმპერიას (მის შემადგენლობაში დაპყრობილ მდგომარეობაშია 2 ქვეყანა, ჩეჩნეთის ჩათვლით) მეტი შანსი ეძლევა გამოიყენოს ენერგეტიკული პოტენციალი, პირველ რიგში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, შემდეგ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის და ალბათ საბოლოო ჯამში ევროპის წინააღმდეგ. ამის ნათელი დასტურია ის, რომ საქართველოს გაზპრომი გაზს აწვდის 280 დოლარად, ბელორუსიას – 107 დოლარად და სომხეთს – 110 დოლარად, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაზე. გაზი ცივილურ მსოფლიოში ბირჟაზე უნდა იყიდებოდეს და მას მოთხოვნა-მიწოდებით უნდა ედებოდეს ფასი, მაგრამ რუსეთის ფასწარმოქმნა არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფორმულებით ისაზღვრება.
ამასთან, რუსეთის ტაქტიკა მეტად მზაკვრულია, ის ცდილობს ნაბუქო-ს პროექტს ჩამოაცილოს ბულგარეთი. 2008 წელს პუტინმა შესთავაზა სოფიას მის და იტალიელების ერთობლივ პროექტში – სამხრეთის ნაკადი მონაწილეობის ბოლო პირობები. საინტერესოა, რომ მომავალმა რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა და კორპორაციაENI-ს ხელმძღვანელმა პაოლო სკარონიმ ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულში რომში მოაწერეს მილსადენის ერთობლივ ექსპლოატაციას ხელი. მედვედევი წარმოადგენდა გაზპრომს და მილი ტუაფსედან 900 კმ შავი ზღვის გავლით 2000 მ სიღრმეზე მივიდოდა ბულგარეთში, ბურგასში შემდეგ გადავიდოდა საბერძნეთში (იხ. “საქართველოს ეკონომიკა #10, 2007 წ.) ალექსანდრეპოლუსში და იქიდან – იტალიაში. ამ ხაზის მშენებლობა საბერძნეთამდე სავარაუდოდ 10 მილიარდი დოლარის ფარგლებში დაჯდება, მაგრამ იტალიის გაზით მომარაგების გეგმა რუსეთმა 2006 წელს წარუდგინა მსოფლიოს და ის თურქეთის გავლით უნდა გასულიყო და ერქვა ცისფერი ნაკადი-2 (შავი ზღვის ქვეშ მილების გატარება ტექნიკურად პირველად განახორციელა ENI-იმ და ის გაზპრომის სრულფასოვანი პარტნიორია), მაგრამ ამჟამად დაისაჯა თურქეთი. ამჯობინეს ეს გზა, რათა “ნაბუქოსათვის” ძირი გამოეთხარათ და ჩაეთრიათ ის მონაწილე ქვეყნები, რომლებიც ლობირებდნენ “ნაბუქოს. დღეისათვის გაზის ალიანსში რუსებმა ჩართო გერმანია, საფრანგეთთან და იტალიასთან ერთად. “სამხრეთის ნაკადით კი ცდილობს ჩაითრიოს უნგრეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და ჰოლანდია. თუ დღეს რუსეთი ევროპის გაზმომარაგების 2/3-ს აკონტროლებს, უახლოეს მომავალში – 2015 წლისათვის, ექსპერტთა გათვლებით, ის ევროპული გაზის ბაზრის 85%-ს გააკონტროლებს. “გაზპრომი, რომლის ნახევარი ფორმალურად სახელმწიფოს ეკუთვნის (რეალურად 100%-ია) და რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 17 იანვრის მდგომარეობით 340 მლრდ დოლარი იყო, რეალურად ხდება რუსეთის ახალი იარაღი მსოფლიო ექსპანსიისათვის და ჯერ-ჯერობით მას ეფექტურად ვერც აშშ-მ და ვერც ევროპამ ვერაფერი დაუპირისპირა. ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი ფაქტორი არის დრო. დღეს “გაზპრომს მსოფლიო მოპოვების 20% აქვს და ის არ იზრდება, ახლო მომავალში შემცირებას დაიწყებს და დროთა განმავლობაში სიმძიმე ირანზე და ალჟირზე გადავა. მაგრამ როდის? 20-30 წელიწადში რეალურად რუსეთი დასავლეთ ევროპას და აღმოსავლეთს მოელაპარაკა, მან გაწირა საქართველო და ბალტიისპირეთი. პოლონეთშიც, სადაც ეფექტურად შეცვალა პრემიერი, ცდილობს მოხსნას სავაჭრო ბარიერი და მოქმედი მილსადენის ექსპლოატაციის პირობები განიხილოს. ერთადერთი, ვინც სერიოზულად ხელს უშლის ევროპაში ენერგოჰეგმონიასა და ექსპანსიაში რუსეთს საქართველოა, მას არ აწყობს კავკასიური მარშრუტის არცერთი ვარიანტი, ანუ რეალური ევროპული დივერსიფიცირებული ენერგომომარაგება! მაშ, რაზე უნდა მოილაპარაკონ საქართველომ და რუსეთმა ამ ეტაპზე? როგორ უნდა დათბეს ამ მიზეზით გამწვავებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში? ვერანაირად! მას ჯერ პერსპექტივა არა აქვს და ის არ გაუმჯობესდება. ეს თამაში შევა ჩიხში. რუსეთს არ ყოფნის უზარმაზარი ბიზნესი საქართველოში – თბილისის დენით მომარაგება – თელასი, წყლით მომარაგება და სამთომოპოვებითი, თუ ქიმიური ბიზნესი და ბანკები! საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა. რკინიგზის მიყიდვა, ჩემი აზრით ურთიერთობების დათბობის ერთ-ერთი მოდელია, მაგრამ უპერსპექტივო, რადგან რუსებს უნდათ, რომ საქართველომ არ გაატაროს ენერგოსაქონელი მილსადენებით თავის ტერიტორიაზე და ამ დიდ ბიზნესში საქართველო იყოს მისი ვასალი, ისე როგორც ყაზახეთი, თურქმენთი, ბელორუსია, თუ უზბეკეთი. არის კიდევ სხვა გზა – ამ ომში საქართველოს გვერდში დაუდგეს ევროპა და აშშ და რუსეთი მიხვდეს ამ ომის უპერსპექტივობას. მაგრამ საფრანგეთი, იტალია და გერმანია რუსეთის ენერგოპარტნიორებიდან ენერგომტრებად გადაიქცევიან, ევროპა სამართლიანობას შესწირავს რუსულ გაზს? ფაქტი ერთია, დღეს რუსეთმა შექმნა გაზის ოპეკი!