ESM-ში საბაჟო და საგადა-სახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი განიხილეს

რედაქციისაგან

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესსკოლაში საბაჟო და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი განიხილეს. ამ განხილვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველო ახლა იმყოფება ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ერთი არის რუსული აგრესია და ოკუპაცია და მეორე – გლობალური ფინანსური კრიზისი.
მისივე თქმით, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მასშტაბებსაც იღებს დღეს გლობალური ფინანსური კრიზისი, ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, რომლის შედეგების გაანალიზება ახლა ხდება.
გრიგოლ მგალობლიშვილის განცხადებით, გლობალური ფინანსური კრიზისი ყველა ქვეყანასა და ყველა სექტორზე ახდენს გავლენას, მათ შორის – საქართველოზეც; წელს საკმაოდ რთული წელი და რთული ზამთარი ელოდება საქართველოს, მაგრამ ქვეყანამ ამ სირთულეებს აუცილებლად უნდა გაუძლოს და გამოსავალი იპოვოს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ფინანსური კრიზისის შედეგებს საქართველო მომზადებული შეხვდეს. “მთავრობის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს ღია და ლიბერალური. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები. გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანაში შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იყო “, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განცხადებით, დონორების მიერ გამოყოფილი თანხით, რომელიც საქართველომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში უნდა მიიღოს, გარკვეულწილად, ეს თანხები უნდა ჩანაცვლდეს. პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკის მიმზიდველობაზე, ლიბერალიზაციასა და დაბალ გადასახადებზეც ისაუბრა.
“გადასახადების შემცირება გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას. საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ქვეყნის ეკონომიკაში აკუმულირდება დამატებითი 250 მილიონი ლარი. დივიდენდების გადასახადის შემცირება კი ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის ინდმეწარმეების დანაზოგებს და, ზოგადად, გადასახადების შემცირება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება”, – აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.
საგადასახადო და საბაჟო კოდექსში ცვლილებების პროექტი სასწავლებლის სტუდენტებსა და ლექტორებს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა წარუდგინა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო და საგადახადო კოდექსების 500 მუხლიდან 220-ში შევიდა ცვლილება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა ქონების გადასახადის შემცირება, ასევე გადასახადის შემცირება დივიდენდებსა და მოგებაზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება საბაჟო კოდექსაც. მთლიანად, აღნიშნული ცვლილებების ძირითადი მიზანია ლიბერალური საგადასახადო გარემოს შექმნა, საჯარიმო სანქციების შემცირება და კანონის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან აცილება.