“გაზის ტროიკის” ზღაპარი
მოამზადა ეკა წირღვავამ
21 ოქტომბერს რუსეთის მონოპოლიის – “გაზპრომის” მმართველობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და კატარი შეთანხმდნენ გაზის საექსპორტო კონტრაქტების დადების თანამშრომლობაზე. მილერის აზრით, შეიქმნა “დიდი ტროიკა”, ირანის ნავთობის სამინისტროს ხელმძღვანელმა გოლამხოსეინ ნაზარიმ კი ამ გაერთიანებას “გაზის ოპეკი” შეარქვა.
ნაზარის თქმით, მსოფლიოში ასეთი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა დადგა. მან ასევე დასძინა, რომ სამი ქვეყანა შეთანხმდა სპეციალური კომიტეტის შექმნაზე. კომიტეტი განიხილავს ერთობლივი პროექტების რეალიზაციის საკითხებს გეოლოგიური დაზვერვის, მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გაზის გაყიდვის სფეროში.
როგორც ალექსეი მილერმა აღნიშნა, ნავთობის მერყევი ფასები მეტყველებს იმაზე, რომ “იაფფასიანი ნახშირწყალბადების ერა დამთავრდა” და მხარეებიც ამ პრინციპის მიხედვით შეუდგებიან მუშაობას.
სავარაუდოდ “გაზის ოპეკი”, როგორც მას ნაზარიმ შეარქვა, ნავთობის ოპეკის მსგავსად გაზის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ინტერესების დაცვას მსოფლიო ბაზრებზე საწვავის ფასების რეგულირებით შეძლებს. ოპეკს შეუძლია ნავთობის ფასზე გავლენის მოხდენა ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებში ნავთობზე სპეციალური კვოტების შემოღებით. ამგვარად, ოპეკი არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ბალანსს.
ოპეკისგან განსხვავებით, გაზის კარტელისთვის გაზის ფასზე შეთანხმება არც ისე ადვილი იქნება, რადგან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტებია, ხოლო ნავთობზე – მოკლევადიანი, ამიტომ გაზის ფასების კონტროლი ძნელია.
გარდა ამისა, გაზის ბევრი მომხმარებელი, მათ შორის ევროსაბჭო და აშშ, არაერთხელ გამოსულა “გაზის ოპეკის” შექმნის წინააღმდეგ, რასაც ბაზარზე მონოპოლიის გაჩენის საშიშროებით ხსნიდნენ. ჯერ კიდევ 2007 წელს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების პალატამ წერილობით მიმართა სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს ასეთი კარტელის შესაძლო შექმნის შესახებ, რომელშიც “გაზის ოპეკი” მოხსენებული იყო, როგორც “გამომძალველობისა და რეკეტის გლობალური ორგანიზაცია”.
წინაისტორია
“გაზის ოპეკის” შექმნაზე საუბარი ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს დაიწყო, მაშინ ნატო-ს ექსპერტებმა თავიანთ ანგარიშში განაცხადეს, რომ რუსეთი სავარაუდოდ შექმნიდა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელს, სადაც ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებიც – ალჟირი, კატარი, ლივია და ირანიც შევიდოდა. ეს განცხადება მოგვიანებით ექსპერტების სამმართველოს ხელმძღვანელმა არკადი დვორკოვიჩმა უარყო.
რუსეთი გაზის მარაგის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ირანი – მეორეზე, ხოლო კატარი – მესამეზე. ეს ქვეყნები მთლიანობაში მსოფლიო გაზის მარაგების დაახლოებით 60%-ს ფლობენ.
2007 წელს, მას შემდეგ, რაც ირანმა რუსეთს გაზის ოპეკის შექმნა შესთავაზა, ასეთი კარტელის შექმნის შესახებ საუბარი ისევ დაიწყო. რუსეთის რეაგირება ირანის შემოთავაზებაზე ის იყო, რომ გასული წლის აპრილში შეთანხმდნენ გაზის ფასის დამდგენი ჯგუფის ხელმძღვანელობაზე. მაშინ აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციის პრიორიტეტი გაზის ექსპორტიორების ინტერესების დაცვა იქნებოდა.
2008 წლის იანვარში რუსეთმა გამოაცხადა, რომ გეგმავდა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის შექმნას სნგ-ს ფარგლებში, რომელსაც MANNGO დაერქმეოდა. სავარაუდოდ MANNGO გაზის მომპოვებელ და სატრანზიტო ქვეყნებს შორის შემოსავლების სამართლიანი გადანაწილებისათვის პირობებს შექმნიდა. ასოციაციის დებულების განხილვაზე თანხმობა მისცა ყაზახეთმა და ტაჯიკეთმა, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმებოდა ამ ასოციაციის დამფუძვნებელი კრება.
მაგრამ 2008 წლის ივნისში “გაზპრომის” მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა განაცხადა, რომ გაზის ოპეკის შექმნას აზრი არ ჰქონდა. მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის ფარგლებში. მაგრამ ეს ორგანიზაცია არაფორმალურია და არ შეუძლია გაზის მსოფლიო ფასებზე ზეგავლენის მოხდენა. მიმდინარე წლის ოქტომბერში იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლება არ აპირებდა ოპეკის მსგავსი ორგანიზაციის შექმნას, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა.
შედეგი
მას შემდეგ, რაც მასობრივი საინფორმაციო სამსახურისაგან ცნობილი გახდა გაზის კარტელის შესაძლო შექმნის შესახებ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა აშშ-სა და ევროსაბჭოს კრიტიკის საგანი გახდება.
რუსეთისთვის კი კარტელის შექმნა მომგებიანია. ერთის მხრივ, “გაზის ოპეკის” ფარგლებში უფრო ადვილია საკუთარი ინტერესების დაცვა, მათ შორის გაზის ფასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, გაზის კარტელის მონაწილეებს ყოველთვის შეუძლიათ გავლენის სფეროების გაყოფა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში გაზის ომი უკრაინასა და ბელორუსიასთან “გაზპრომმა” კი არ აწარმოოს არამედ მთელმა “გაზის ოპეკმა”.
გაზპრომი: ევროპაში გაზის ფასების ვარდნის კომპენსირებას რუსეთის ფედერაციაში მისი ზრდა მოახდენს
სს “გაზპრომი” 2009 წელს ევროპაში გაყიდული გაზის შემოსავლის შემცირებას ელოდება, რაც ნახშირწყალბადების მსოფლიო ფასების ვარდნითაა გამოწვეული, მაგრამ შემოსავლის ეს შემცირება კომპენსირებული იქნება რუსეთის ფედერაციაში გაზის ფასების ზრდით” – განაცხადა “გაზპრომის” მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კრუგლოვმა. მისი თქმით, 2008 წელს “გაზპრომი” სუფთა მოგებითა და ამონაგებით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. “2009 წელს ევროპაში გაყიდული გაზის შემოსავალი ნავთობის ფასების შემცირების გამო სამწუხაროდ კლებას დაიწყებს, მაგრამ ეს ნაწილობრივ რუსეთის შიდა ბაზარზე მოხმარებული გაზის ფასებით იქნება კომპენსირებული, სადაც ჩვენ ვახდენთ ორჯერ მეტი ბუნებრივი აირის რეალიზებას, ვიდრე ევროპის ბაზარზე” – აღნიშნა კრუგლოვმა. ამასთან დაკავშირებით ნავთობის ფასების ვარდნისგან “გაზპრომის” ზარალი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე ნავთობკომპანიებისა” – დასძინა მან.
ა. კრუგლოვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში გაყიდული გაზისგან მიღებული შემოსავლის წილი საერთო ამონაგებში სულ უფრო შემცირდება. მისი შეფასებით,2008 წელს რუსეთის შიდა ბაზარზე გაზის ფასები დაახლოებით 20%-ით გაიზრდება.
გარდა ამისა, ნავთობის ფასების შემცირების “გაზპრომი”-ს მოგებაზე ზეგავლენის შემცირების შესაძლებლობას კომპანიას სნგ-ს ქვეყნებთან საბაზრო ფასებზე გადასვლა, ასევე გაზის ტრანსპორტირების მომსახურეობის ფასების ზრდა მისცემს. ა. კრუგლოვის შეფასებით, მოგების მიღებისათვის დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ასევე ნაციონალური ვალუტის შესუსტებას, რადგან “გაზპრომის” შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტის გზით ფორმირდება. მისი გაანგარიშებით, თუ რუსული რუბლის კურსი ბივალუტურ კალათასთან მიმართებაში 1%-ით შემცირდება ამით “გაზპრომი” 10 მლრდ დოლარს მოიგებს.
ადრე კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ “გაზპრომი” 2008 წელს, 2007 წელთან შედარებით, რუსეთიდან გაზის ექსპორტის საზღვარგარეთ 8,8%-ით 153,3 მლრდ კბმ-დან 166,8 მლრდ კბმ-მდე ზრდას ელოდება. აქედან, დაახლოებით 163 მლრდ კბმ “გაზპრომი”-ს გაზია, დანარჩენი – სხვა მომწოდებლებისა. სულ რუსეთის ფედერაციიდან 2008 წელს სავარაუდოდ 225,3 მლრდ კბმ გაზი იქნება ექსპორტირებული, აქედან 11,1 მლრდ კბმ სხვა მწარმოებლების გაზია. გაზის ჰოლდინგის პროგნოზით, 2008 წლის ექსპორტით მიღებული ამონაგები 64 მლრდ დოლარი იქნება.
2007 წელს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში გაზის მიწოდებამ 150,5 მლრდ კბმ შეადგინა, რაც 0,4%-ით ნაკლებია 2006 წლის მონაცემთან შედარებით. ამასთან, ექსპორტის სავალუტო ამონაგები ამ რეგიონებში 5%-ით გაიზარდა და 39,5 მლრდ დოლარი შეადგინა. წილი ამ ენერგომატარებლის იმპორტში რუსული გაზისთვის ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში გასულ წელს 40%-ითაა შეფასებული.
სულ რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბაჟო სამსახურისა და რუსეთის მრეწველობისა და ენერგეტიკის ოპერატიული მონაცემებით, 2007 წელს რუსეთიდან 191 მლრდ კბმ გაზი იყო ექსპორტირებული, რაც 15,8%-ით ნაკლებია 2006 წლის მაჩვენებელზე. ამასთან შორეულ უცხოეთსა და ბალტიისპირეთში ექსპორტირებულია 153,67 მლრდ კბმ, რაც 15%-ით ნაკლებია, ვიდრე 2006 წელს.