ქართველი მომხმარებლის ფუფუნება
ნინო არველაძე
რთულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კანონის მიღება რამდენიმე წლით გადაიდო, რაც საქართველოსთვის პირველი შემთხვევა არ არის. მომხმარებლის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლებაა, რომელსაც განვითარებული ქვეყნების მთავრობები დიდ ყურადღებას აქცევენ.
ქვეყანაში მომხმარებელთა დაცვის საუკეთესო გარანტი ჯანსაღი კონკურენციაა. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების შელახვას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ევროპის კავშირის მოთხოვნით, ჯერ სამეზობლო პოლიტიკის, ახლა კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს, სხვა პრობლემების გადაჭრასთან ერთად, იმ მიზეზების აღმოფხვრა ევალება, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ქართველი მომხმარებლის უფლებების შელახვას იწვევს, – ეს საქართველოს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ რეალურად აქვს სურვილი, ევროპის კავშირის წევრი და ევროპის საერთო ეკონომიკური სფეროს თანამონაწილე ქვეყანა გახდეს.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის ინიციატივით, 25 ნოემბერს გაიმართა ეკონომიკურ-პოლიტიკური ფორუმი “თბილისის ბალკონი””, სადაც მთავარ მომხსენებლად მოწვეული იყო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჰაიკო შტეფენსი. პროფესორი წლების განმავლობაში გერმანიის მომხმარებელთა საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, პარალელურად კი ევროკავშირის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი იყო. მისი აქტიური მხარდაჭერითა და მონაწილეობით განხორციელდა პროგრამა, რომლის საფუძველზეც სლოვაკეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი გახდა. პროფესორმა შტეფენსმა ისაუბრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემაზე “მომხმარებელთა დაცვისა და მომხმარებელთა განათლების მნიშვნელობა ევროკავშირში ინტეგრაციისა და განვითარებისთვის””. საუბრისას პროფესორმა მცირე ისტორიული ექსკურსი გააკეთა და გაიხსენა 1998 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რაც ევროპისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს ანუ ევროპის მიზანია, ძლიერი და სამართლებრივად გამართული სახელმწიფოს პარტნიორობა. ხელშეკრულების კონკრეტული მიზნებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად მყარი საფუძვლის შექმნა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა, ასევე ვაჭრობის გაფართოება, გაწონასწორებული ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა და ეკონომიკის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ხელშეკრულებაში ჩადებულია თანამშრომლობისთვის ეფექტური საფუძვლის შექმნა შემდგომ სფეროებში: კანონმდებლობა, ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, ფინანსები, სამოქალაქო ეკონომიკა. ხელშეკრულების მთავარი მიზნების უკან დგას დიდი იდეა, რომ გლობალური წინააღმდეგობის დროს სხვა ქვეყნების ბედი დიდ გავლენას ახდენს შენს ქვეყანაზე. ამ მხრივ ევროპისთვის აუცილებელია პარტნიორ ქვეყანაში სირთულეების დაძლევა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში არსებობს ჩანაწერი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია საქართველოს არსებული კანონის მიახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ისევე როგორც ეს პოლონეთის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების დროს მოხდა. სამართლებრივი გათანაბრებულობა ქვეყნების გაერთიანების ერთ-ერთი წინაპირობაა. ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანება ჯერჯერობით ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას ევროპის კავშირის საკანონმდებლო ბაზასთან უდიდეს პრობლემებს უქმნის მნიშვნელოვანი კანონების არმიღება და რამდენიმე წლით გადავადება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. თავს იმით ვერ დავიმშვიდებთ, რომ ეს პირველი რიგის და გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი არ არის, რადგან ქვეყანა ჩაბმულია იმ ერთიან ჯაჭვში, რომელმაც ევროპისაკენ უნდა წაიყვანოს. მომხმარებელთა უფლებების დაცვა, როგორც პროფესორი ჰაიკო შტეფენსი აცხადებს, უაღრესად ფაქიზი და საჭირბოროტო საკითხია, რომელშიც აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული სამოქალაქო საზოგადოება.
მსოფლიოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის რვა ძირითადი პრინციპი არსებობს:
უფლება უსაფრთხოებაზე – გულისხმობს შესაძლებლობას, საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენებისას დაცული იყოს მომხმარებლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, გარემოპირობები, ქონება. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მომხმარებლის როგორც ყოველდღიურ, ასევე გრძელვადიან ინტერესებზე. მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, გამორიცხოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში საქონლის და მომსახურების მომხმარებლამდე მიღწევის შესაძლებლობა, ხოლო თუ ასეთი რამ მოხდა, ის ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები და აღკვეთოს ასეთი პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი.
ინფორმირებულობის უფლება – არჩევანის გასაკეთებლად და გადაწყვეტილების მისაღებად მომხმარებელს გასაგები ფორმით და აუცილებლად მისთვის გასაგებ ენაზე უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქციის, მომსახურების, სამუშაოს შესახებ;
არჩევანის უფლება – მომხმარებლის უფლებაა, მოწოდებული საქონლიდან და გასაწევი მომსახურებიდან აირჩიოს თავისთვის სასურველი;
ანაზღაურების უფლება – დასაბუთებული პრეტენზიის დაკმაყოფილება ანუ კომპენსაციის მიღების უფლება;
სამომხმარებლო განათლების უფლება – ისეთი ცოდნის მიღება, რომლითაც შეძლებს საკუთარი სამომხმარებლო უფლებების დაცვას;
საღი გარემოს არსებობის უფლება – ჯანსაღი, ეკოლოგიური გარემოს არსებობა, სადაც გარანტირებულია მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
უფლება მოუსმინონ – სახელმწიფო ორგანოების ვალდებულება, მოუსმინონ მომხმარებელს და კომპეტენციის ფარგლებში და კანონის შესაბამისად უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა;
ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების უფლება – გულისხმობს მომხმარებლის გადარჩენის უზრუნველსაყოფად სასიცოცხლო მნიშვნელობის სურსათითა და მომსახურებით (კვება, სამოსი, თავშესაფარი, სანიტარიული პირობები, ჯანდაცვა, განათლება) დაკმაყოფილების უფლებას.
ქვეყნის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა განათლების და ინფორმაციის მიღების დონეს. აუცილებელია ამ სფეროში მომხმარებელმა სრულად იცოდეს, თუ რა უფლებებით სარგებლობს. ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის თანადირექტორმა, პროფესორმა, დოქტორმა ვოლფგანგ ვენგმა მომხმარებელთა დაცვისა და მომხმარებელთა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროპა წარმოადგენს “ნაყოფიერი, სამართლიანი, დამოუკიდებელი პირობების შექმნის ადგილს”, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
ევროპის კავშირი საქართველოს სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობას სთავაზობს, მაგრამ მიდგომა მხოლოდ ერთია, ქვეყანამ უნდა გაითავისოს, თუ რა არის მისი ეკონომიკური მიღწევების გასაღები და რის საფუძველზე უნდა გახდეს ის ევროპის სრულყოფილი პარტნიორი.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზი, პირველ რიგში, ქვეყნის შიდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩარჩო პირობებში მდგომარეობს, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა უშუალო კავშირშია ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის და მისგან გამომდინარე, მიმდინარე პოლიტიკისა და სტრუქტურული პოლიტიკის ფუნქციონირებასთან. ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის მიზანია, დაადგინოს ჩარჩო პირობები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ეკონომიკური აქტივობისთვის და მიაღწიოს შესაბამისობას ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემასთან და ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო პირობების ფორმირებას შორის. სწორედ ამის გამო ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკას დასავლელი მეცნიერები ხშირად მოიხსენებენ თვისობრივ პოლიტიკად. მისგან წარმოებული მიმდინარე პოლიტიკის მიზანია, არსებული ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ფარგლებში ეკონომიკაში სახელმწიფოს მოკლევადიანი ჩარევით, მიზანმიმართული ზემოქმედება მოახდინოს საბაზრო პროცესებზე, აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორი რევაზ გველესიანი.
სამომხმარებლო განათლება სოციალური ტენდეციის ანარეკლს წარმოადგენს და იგი ჩვენს დროში, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური და მორალური განათლებაა. ასევე იმის მაჩვენებელია, რომ არსებობს ადამიანური კაპიტალის ხარისხი, რომელიც განათლების ხარისხით განისაზღვრება.
ეკონომიკისა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავს საფრთხეში უნდა იგდებდეს მავნე პროდუქციის გამოყენებით. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც ადგილი უნდა ჰქონდეს გაყიდვაში არსებული საქონლის უსაფრთხოების პრეზუმფციას და საქონლის რეალიზების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული, გამართული სტანდარტების შემუშავება, მათი დანერგვა და დაცვა უნდა მიიჩნეოდეს.