როგორი ეკონომიკა ხვდება კახა ბენდუქიძეს
სოფიკო სიჭინავა
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი I კვარტლის შედეგებს აქვეყნებს და საზოგადოებას ციფრობრივ მასალას აწვდის, რომელიც გარკვეული ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა. თუ გადავხედავთ გასული წლების მაჩვენებლებს, ბოლო ორ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული გამოცოცხლებაა, 2003 წლის მშპ წინა წლებთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, ხოლო, 2004 წლის I კვარტალში, 9,5%-იანი ზრდა შეინიშნება.
I კვარტალში ბევრ სფეროში ზრდის მაღალი ტემპებია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი ვერ ხვდება სტატისტიკოსების თვალსაწიერში და როგორც ისინი აღნიშნავენ, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი ისევ მაღალია.
ვესაუბრება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თემურ ბერიძე;
როგორია I კვარტალში ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები და აღინიშნება თუ არა წლების მანძილზე მათი გაუმჯობესების ტენდენცია, ანუ, მივდივართ წინ, თუ იმავე ადგილას ვიმყოფებით?
ზოგადად უნდა შეფასდეს, თუ სად ვართ ახლა და რა ვექტორით უნდა განვვითარდეთ მომავალში. დღეს, ალბათ, უპრიანი იქნებოდა საუბარი იმაზე, თუ რას გვიქადის 21-ე საუკუნე, რა ადგილი უნდა მოიპოვოს საქართველომ თანამედროვე მსოფლიოში, როგორც სახელმწიფომ, ქვეყანამ, რომელსაც გააჩნია თავისი დამოუკიდებელი ეკონომიკა, სოციალური, პოლიტიკური მოდელი და ა.შ. ბუნებრივია, ამის გაკეთება შეუძლებელია წარსული ისტორიის შესაბამისი გამოცდილების ანალიზის გარეშე.
საქართველოს ბუნებრივი განვითარება საკმაოდ წყვეტილად მიმდინარეობდა, იმდენად რამდენადაც ამ პროცესში ჩართული იყო სხვა ქვეყნის მიზნები და ამოცანები, ამის გამო საქართველოს არ ჰქონდა საშუალება თავის ბუნებრივი განვითარების გზას დადგომოდა და შესაბამისად, მიეღწია იმ ამოცანებისათვის, რომელიც მის წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, 21-ე საუკუნეში საქართველოს აქვს ამის შანსი, რაც ხელიდან არ უნდა გაუშვას.
რაც შეეხება მთავარ ინდიკატორებს, რომლითაც ეკონომისტები და სტატისტიკოსები უტრირებენ, ეს არის ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც საზოგადოდ გამოხატავენ მაკრო ეკონომიკის განვითარებას, როგორიც არის: მშპ, უმუშევრობის დონე, ინფლაცია და ზოგიერთი დარგის განვითარების შესახებ ინფორმაცია.
ბუნებრივია, რომ, როცა დღეს ჩვენ მდგომარეობას ვაანალიზებთ, მას წინა წლებს და 90-იანი წლების დასაწყისს ვადარებთ, როდესაც მოხდა “რღვევა” საქართველოს ეკონომიკური და სოციალური მოდელისა. აქაც ორი პერიოდია, 1995 წლამდე და მისი შემდგომი. 1995 წლამდე პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე საკმაოდ ძლიერად პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებდნენ. ეს არის პერიოდი, როცა ქვეყანას არ გააჩნდა თავისი ვალუტა და შესაბამისად, დამოუკიდებელი ფულადი პოლიტიკა და ამას დაემატა ომი, რომელმაც საკმაოდ დიდი დაღი დაასვა საქართველოს. 1995 წლის შემდეგ შემოვიდა ეროვნული ვალუტა, ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ამოქმედდა და შესაბამისად, საქართველომ შეიძინა ის მახასიათებლები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკას აქვს.
1995-2000 წლების პერიოდში აუცილებლად უნდა აღინიშნოს 1988 წლის საფინანსო კრიზისი, რომელიც დაიწყო აზიიდან, მიაღწია რუსეთამდე და საქართველოსაც გადმოწვდა. ასევე უნდა აღინიშნოს სირთულეები სოფლის მეურნეობაში 2000 წლის გვალვის სახით, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკის განვითარებაზე.
თუ გადავხედავთ 2001-2003 წლებს, აქ უკვე გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ 2003 წლის მშპ წინა წლებთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2004 წლის პირველ კვარტალს, აქ 9,5%-იანი ზრდა გვაქვს.
თუ ავიღებთ ისეთ მაჩვენებელს, როგორიც არის ინფლაცია, წინა წელს იყო დაახლოებით 7%-ის ფარგლებში, წელს I კვარტალში გვაქვს 1%-ის ფარგლებში და თუ რაღაც ფორს-მაჟორულ მოვლენებს არ ექნება ადგილი, 5-6% დარჩება. ეს ციფრები არის სწორედ ის მასალა და კონკრეტული ინფორმაცია, რომელზედაც შეიძლება ანალიზის გაკეთება. უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს საქართველოს წინაშე სულ სხვაგვარი ამოცანები დგას, რომლებიც ერთი მხრივ, წმინდა ეკონომიკურ ფაქტორებზე და იმ პრიორიტეტების ამოქმედებაზეა დამოკიდებული, რომელიც საქართველოს გააჩნია და მეორე მხრივ, არის მთელი წყება ამოცანებისა, რომელიც არაეკონომიკური ხასიათისაა და დაკავშირებულია საქართველოს, როგორც მთლიანი სახელმწიფოს არსებობაზე. რა მაქვს მხედველობაში – ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ მშპს 25-30%-იანი ზრდა გვექნება. მეორე მომენტი – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროგაერთიანებაში შესვლაზე, აქ არის გარკვეული მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება. ეს არის მშპ-ს აბსოლუტურ რაოდენობაში წარმოება, მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე წარმოება, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, გარანტიები და სხვადასხვა მაჩვენებლები.
რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, აქ გარკვეული პოზიტიური დინამიკა არის. მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 850 დოლარამდეა, მაგრამ, ბუნებრივია, თუ შევადარებთ განვითარებული ქვეყნების ამ მაჩვენებელს, ეს ციფრი ძალიან დაბალია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა გახდეს.
როგორც ნებისმიერმა ქვეყანამ, საქართველომაც უნდა გამოიყენოს ის უპირატესობები, რომელიც მას გააჩნია სხვა ქვეყნებთან და უპირველეს ყოვლისა, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის გაღრმავებას, ტურიზმის, მცირე მანქანათმშენებლობის განვითარებას და იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც გამომდინარეობს არსებული მდგომარეობიდან. და რაც მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ვერასოდეს განვითარდება დადებითი ტენდენციებით, თუ არ იქნება ადმინისტრირება, შესაბამისი მმართველობა, მენეჯმენტი და გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დამოკიდებულია იმ გუნდზე, რომელიც დღეს არის ქვეყნის სათავეში.
საინტერესოა, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი ამ ხნის მანძილზე მცირდება თუ არა?
ძალიან კარგია, რომ ახსენეთ ტერმინი დაუკვირვებადი ეკონომიკა და არა ჩრდილოვანი, როგორც მას უწოდებენ ხოლმე. სტატისტიკოსები ამ ფენომენს დაუკვირვებადს უწოდებენ, ვინაიდან იგი სტატისტიკის თვალსაწიერში არ ხვდება. დაუკვირვებადი ეკონომიკა ნებისმიერი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. არც ერთი ქვეყანა თუ საზოგადოება არ არის ამისგან თავისუფალი, მაგრამ გააჩნია, რამდენ პროცენტია იგი მთლიან შიდა პროდუქტში, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს (აშშ-ში 6%-ა, იტალიაში 14-16%, საქართველოში ეს მაჩვენებელი 30-33%-მდე მერყეობს). დღეს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მისი წილი მცირდება ლეგალური ბიზნესის გაფართოების, დაუკვირვებადი ეკონომიკის შემცირების კვალობაზე, მაგრამ 28-30% მაინც მაღალ მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს. თუ ავიღებთ კომერციულ სექტორს, რომელიც მიზნად ისახავს თავისი საქმიანობიდან მოგების მიღებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი იქ უფრო მაღალია და 50-52%-ს აღწევს.
რამხელა შეიძლება იყოს საქართველოში დაუკვირვებადი ეკონომიკის დასაშვები ზღვარი?
დასაშვები ზღვარი ძალიან პირობითი მცნებაა და ძალიან ძნელია კონკრეტული ციფრის დასახელება, მაგრამ, როცა დაუკვირვებადი ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს სცილდება, იმ სექტორებმა და ინსტიტუციონალურმა ერთეულებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პრობლემის გადაწყვეტაზე, განგაში უნდა ატეხონ. რა ამოცანა დგას ამ თვალსაზრისით სტატისტიკის სამსახურის წინაშე? აქაც ერთი მხრივ, არის, როგორც რთული, ასევე მარტივი ამოცანა. რთულია იმდენად, რამდენადაც დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევა თავისთავად ძალზე რთულია, ამას სჭირდება სპეციალური ინსტრუმენტალის შედგენა, შესაბამისი ინფორმაციის და რესურსების მოძიება და ა.შ. მარტივია იმდენად, რამდენადაც ჩვენი სამსახური არ არის პასუხისმგებელი ამ პრობლემის გადაწყვეტაზე, ეს ამოცანა სხვა სამსახურების წინაშე დგას, მაგრამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულად მივუთითოთ ხელისუფლებას, სად როგორ იწარმოება პროდუქცია და სად არის დაუკვირვებადი ეკონომიკა.
თბილისი ეკონომიკურად, ალბათ, ისევ ყველაზე აქტიურ რეგიონად რჩება. სხვაგან თუ შეინიშნება სადმე აქტიურობის ზრდა?
თბილისი ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე აქტიურ რეგიონი იქნება, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი თბილისში ცხოვრობს. ასევე ეკონომიკური პოტენციალის ერთი მესამედი დედაქალაქშია განთავსებული, შესაბამისად, დაუკვირვებადი ეკონომიკის და ნებისმიერი ეკონომიკის წილი თბილისზე მოდის, ამიტომაც ამ პრობლემის გადაწყვეტაც თბილისის მაგალითზე უნდა მოხდეს. ჩვენ ასეც ვაკეთებთ, ჩვენს სისტემაში, მოგეხსენებათ, არსებობს თბილისის სტატისტიკური სამსახური, რომელმაც ეკონომიკურ საქმიანობაზე რიგი საინტერესო გამოკვლევები ჩაატარა. გამოკვლევა ჩატარდა თბილისის ერთ-ერთ უმსხვილეს რაიონში რამაც საკმაოდ კარგად დაგვანახა, თუ რა ხდება თბილისის და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაში. მართალია, პირდაპირი ანალოგიების გავლება არ არის სასარგებლო, მაგრამ მიდგომებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება მომავალი საქმიანობისათვის სტატისტიკის სამსახურის წინაშე საკმაოდ ნათელია.
I კვარტალში ზრდის მაღალი ტემპებია მრეწველობის, მშენებლობის, კავშირგაბმულობისა და პერსონალური მომსახურების სფეროში. უამინდობამ 2004 წლის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოსალოდნელი მოცულობა სამთო-მომპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე ელექტროენერგიის, აირისა და წყალმომარაგების სფეროში გარკვეულწილად შეამცირა. 2004 წლის I კვარტალში საგრძნობლად გაიზარდა პროდუქციის გამოშვების საერთო მოცულობა. საქმიანობის ამ სფეროში მიღწეული მაღალი ზრდა სამეწარმეო კონიუნქტურის გაუმჯობესებით შეიძლება აიხსნას, მით უმეტეს, რომ ეს ზრდა 2003 წელს მნიშვნელოვანი მატების ფონზე განხორციელდა, ბოლო წლების განმავლობაში მშენებლობაში ზრდის მაღალი ტემპი ჩამოყალიბდა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მილსადენების, საავტომობილო გზების მშენებლობის, მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. ამასთანავე იზრდება სამოქალაქო და დანარჩენი მშენებლობის მოცულობაც. ამავე დროს ამ სფეროში, ტრადიციულად, მაღალია არაფორმალური სექტორის აქტივობა.
ვაჭრობის რეალური ზრდა ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ ახლოსაა მთლიან ეკონომიკურ ზრდასთან. ამ დარგში მაღალია არაფორმალური სექტორის წილი, რაც ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა მომსახურების ახალი სახეების მიწოდებისა და საქმიანობის მოცულობის დაჩქარებული განვითარებისათვის.
საშუალო ეროვნულზე წინმსწრებად იზრდება კავშირგაბმულობის სფეროს მომსახურების მოცულობაც, სადაც 2004 წლის I კვარტალში რეალურმა ზრდამ 36%-ს გადააჭარბა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ამ დარგის სტრუქტურული თავისებურებით არის განპირობებული. ამ სფეროში მეტად დაბალია არაფორმალური სექტორის წილი. თანამედროვე ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციები კი მომხმარებლისათვის მომსახურების ფართო არჩევანის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.
ტრანსპორტის სფეროში ბოლო 6 წელიწადში თითქმის სამჯერადი ზრდა მოხდა. საერთაშორისო პროექტების განხორციელება ამ სფეროს საქმიანობის გაფართოების მძლავრ იმპულსს იძლევა.
რეალური ზრდა ფინანსური შუამავლების სფეროში ბოლო 7 წელიწადში პირველად 2004 წლის I კვარტალში შეფერხდა. ამავე დროს, როგორც ამას სტატისტიკური გამოკვლევები და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ანალიზი ცხადყოფს, ამ სფეროში ზრდის დიდი რეზერვი აქვს. ეკონომიკური ოპერაციების დიდი ნაწილი, ქვეყანაში საბანკო სისტემის მომსახურების გარეშე ხორციელდება, დაბალია საბანკო სისტემაში მოსახლეობის დანაზოგების აკუმულირების დონე. მსგავსი მდგომარეობაა დაზღვევის სფეროშიც. ამდენად, საქმიანობის ამ სახეობას განვითარების დიდი რეზერვი აქვს და ეს შეფერხება ამ სექტორის დროებითი კონიუნქტურული პრობლემებით შეიძლება აიხსნას.
საბიუჯეტო სექტორში ბოლო პერიოდში გაზრდილი აქტივობის შედეგად, I კვარტალში მომსახურების მოცულობა გაიზარდა, თუმცა, მისი ტემპი საშუალო ეროვნულზე დაბალი რჩება. მართალია, 2004 წლის I კვარტალში ბიუჯეტის შევსება სხვადასხვა წყაროებიდან არსებითად გაიზარდა, მაგრამ პროდუქციაზე გადასახადების დღგ-ის, აქციზის, საბაჟო გადასახადის აკრეფა, ფასების ინდექსის გათვალისწინებით, დაახლოებით, წინა წლის დონეზე დარჩა.
2004 წლის პირველ სამ თვეში სამომხმარებლო ფასები 1,0%-ით გაიზარდა, ანუ, ინფლაციამ თვეში 0, 32% შეადგინა, რაც 2003 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1,7-ჯერ ნაკლებია. 2004 წლის I კვარტალში რეგისტრირებულმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ 427,3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 2003 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 42,7%-ით მეტი შეადგინა. აქედან ექსპორტი 98,7 მლნ დოლარი იყო (შესაბამისად, 34,0%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 328,6 მლნ დოლარი, (45,6%-ით მეტი). უარყოფითი სავაჭრო სალდო 229,9 მლნ აშშ დოლარის ტოლი იყო.
2004 წლის I კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ რუსეთი (მთელი სავაჭრო ბრუნვის 16,9%), თურქეთი (12,6%), გაერთიანებული სამეფო (8,1%), აზერბაიჯანი (06,2%). სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტში პირველ ადგილზე იყო შავი ლითონების ჯართი – მის წილად 2004 წლის I კვარტალში ექსპორტის 18,6% მოდიოდა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2004 წლის I კვარტალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის წილმა 8,6% შეადგინა.
2004 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნის მრეწველობის საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) მოცულობამ ძირითადი საქმიანობის მიხედვით, მოქმედ ფასებში 519,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23,0 %-ით მეტია, ვიდრე 2003 წლის იანვარ-აპრილში.
სტატისტიკის დეპარტამენტის ექსპერტული შეფასებით, ფარული და აღურიცხავი წარმოების გათვალისწინებით, 2004 წლის იანვარ-აპრილში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის რეალურმა საერთო მოცულობამ მოქმედ ფასებში 832 მლნ ლარი შეადგინა (15%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).
სამშენებლო საქმიანობის სფეროში 2004 წლის იანვარ-აპრილში შესრულებულია 106 მლნ ლარის სამუშაოები, აქედან ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და შაჰ-დენიზის მშენებლობაზე – 53 მლნ ლარის.
2004 წლის იანვარ-აპრილში ყველა სახის საერთო სარგებლობის ტრანსპორტით გადატანილია 11,8 მლნ ტონა ტვირთი და შესრულებულია 1782,6 მლნ ტონა-კილომეტრი ტვირთბრუნვა. 2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გადატანილი ტვირთის მოცულობა 6,8 %-ით, ხოლო ტვირთბრუნვა 2,7 %-ით გაიზარდა.
2004 წლის აპრილში 2003 წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0,8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, პირველად ამ წლის განმავლობაში 0,2%-ით შემცირდა. 2004 წლის პირველ ოთხ თვეში ინფლაციის საშუალო დონე თვეში 0,19% იყო. თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში (2004 წლის აპრილი 2003 წლის აპრილთან შედარებით) ფასების საერთო დონე გაიზარდა 5,6%-ით, მათ შორის სურსათის – 7,7%-ით, არასასურსათო საქონლის – 4,5%-ით, ხოლო მომსახურების – 1,3 %-ით.
2004 წლის იანვარ-აპრილში საცალო ვაჭრობაში რეალიზებულ იქნა 1,1 მლრდ ლარის სამომხმარებლო საქონელი, შესადარ ფასებში 5,3%-ით მეტი 2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2004 წლის აპრილში საქართველოს ქალაქების გასაშუალოებული ფასების მიხედვით, გაანგარიშებულმა საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 135 ლარი შეადგინა, საშუალო მომხმარებლისთვის – 119 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახისთვის – 236. საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. საარსებო მინიმუმის თბილისის მაჩვენებელი საშუალო ეროვნულზე 3,2%-ით მეტია.
ნორმატიულმა მინიმალურმა ხელფასმა, ანუ ისეთმა ხელფასმა, რომელიც ბოლო პერიოდში არსებული სტრუქტურით ყველა სხვა შემოსავალთან ერთად უზრუნველყოფდა საარსებო მინიმუმის დონეზე ოთხსულიანი ოჯახის ბიუჯეტის არადეფიციტურობას, ასეთი ოჯახის ერთი დასაქმებულისათვის აპრილში 54 ლარი შეადგინა. მინიმალური ხელფასი (20 ლარი) ნორმატიული მინიმალური ხელფასის 37%-ა.
2004 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 642,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 162,8 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი – 479,6 მლნ დოლარი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 316,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს უმსხვილესი საგარეო სავაჭრო პარტნიორი კვლავ რუსეთია: იანვარ-აპრილში მის წილად მთელი ბრუნვის 15,2% (ექსპორტის 16,5 და იმპორტის 14,8%) მოდის.
სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტში პირველ ადგილზეა შავი ლითონების ჯართი (მთელი ექსპორტის 17,1%), ხოლო იმპორტში – ნავთობი და ნავთობპროდუქტები (მთელი იმპორტის 8,4%).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 2004 წლის იანვარ-თებერვალში 220,2 მლნ ლარის ტოლია, აქედან, 88,0% – საგადასახადო, 8,9% – არასაგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 3,1% – უცხოეთიდან მიღებულ გრანტებზე მოდის. 2004 წლის თებერვალში სახელმწიფო ვალის მომსახურების ჩაუთვლელი ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები 213,0 მლნ ლარი ოყო. ამ მაჩვენებლის მიხედვით, შემოსავლებმა მიმდინარე ხარჯებს 7,2 მლნ ლარით გადაამეტა. ვალის მომსახურების ჩათვლით ნაერთი ბიუჯეტის მთელი ხარჯები 235,5 მლნ ლარს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით, ხარჯებმა მიმდინარე შემოსავლებს 15,3 მლნ ლარით გადაამეტა.
2003 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის ნომინალური შემოსავლები გრანტების ჩათვლით 37,4%-ით გაიზარდა, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები – 25,2%-ით, არასაგადასახადო შემოსავლები კი – 5,1-ჯერ.
2004 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავლების მატება (37,4%-ით) ხარჯების მატებასთან (27,2%) შედარებით მაღალი იყო. ხარჯების დეფიციტურობა (დეფიციტის შეფარდება ხარჯებთან) წინა წლის შესაბამისი პერიოდის 13,5-დან მიმდინარე წელს 6,5%-მდე, ანუ 2,1-ჯერ შემცირდა.
2004 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალი 4 555,6 მლნ ლარი იყო, მათ შორის საგარეო ვალი – 2 985,4 მლნ ლარი. საგარეო ვალის მოცულობა ერთი წლის განმავლობაში ნომინალური სიდიდით 13,9%-ით შემცირდა. აშშ დოლარებში გადაყვანილი სიდიდით სახელმწიფო საგარეო დავალიანება 7,7%-ით შემცირდა.
საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები 100,7 მლნ ლარი იყო, რაც 26,5%-ით მეტია 2003 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით. მთელი შემოსავლების 77,7% საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, 15,9% – არასაგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 6,4% – უცხოეთიდან მიღებულ გრანტებზე.