ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები
ირინა გოგორიშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უკავია. განვითარებული ტურიზმის მქონე ქვეყნებში ეკონომიკის ამ დარგის მეშვეობით მნიშვნელოვნად ვითარდება ვაჭრობისა და მომსახურების სფერო, რაც იწვევს სავალუტო შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას, ეროვნული ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის შენერჩუნებასა და განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ფინანსურ უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გარდამავალ პერიოდში ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს შორისაა.
მართალია, დღეს ქართული ტურიზმი რიგ სიძნელეებს განიცდის, მაგრამ მისი აღიარება და განვითარების აუცილებლობა უკვე თვალსაჩინოა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მისი აღორძინება მხოლოდ დროის ფაქტორთან არ არის დაკავშირებული. თანამედროვე ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა ენერგიული, შემოქმედებითად აქტიური, ძლიერი პიროვნებების მოზიდვა და სპეციალისტების აღზრდა, მათი სათანადო ცოდნით აღჭურვა.
უნდა ვაღიაროთ, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესში ნაკლებად მოიძებნება უმაღლესი სკოლის ის სპეციალობები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც არიან უზრუნველყოფილნი ქართულ ენაზე შექმნილი თანამედროვე სახელმძღვანელოებით. ამ მიმართულებით გამონაკლისს არც ტურიზმი წარმოადგენს, რომელმაც ცალკე, დამოუკიდებელი სპეციალობის სტატუსი ბოლო ათწლეულში მიიღო. უცხოური სპეციალური ლიტერატურა კი საერთოდ მოკლებულია ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინებისა და განვითარების თავისებურებების შესწავლა-დახასიათებას.
ტურიზმის დარგში პროფესიული კადრების აღზრდისათვის მეტად დროულია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის მ. მეტრეველის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო – “ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები”. მასში პოპულარული ენით აღწერილია ამ დარგში არსებული მდგომარეობა, მასზე მოქმედი ფაქტორები და განვითარების ტენდენციები როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული წიგნი წამოადგენს ნაშრომს, რომელშიც თავმოყრილია მასალა როგორც მსოფლიოს რეგიონებისა და ქვეყნების, ასევე საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, მის წარსულზე, აწმყოსა და განვითარების პერსპექტივებზე. ყოველივე ეს აუცილებელია არა მარტო ტურიზმის ეროვნული პროფესიული კადრების მომზადებისათვის, არამედ ამავე დროს იგი ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში ტურიზმის მეცნიერების განვითარებისათვის, რასაც ავტორი ბოლო წლების მანძილზე უდავოდ წარმატებით ახორციელებს.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ წიგნის შინაარსი და სტრუქტურა აგებულია ავტორისეული სასწავლო პროგრამის შესაბამისად. იგი საკითხთა მიხედვით შეიცავს საკონტროლო კითხვებსა და ქეისებს, რაც სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალებას აძლევს. მასში მარტივი, მკითხველისათვის გასაგები ენით განმარტებულია თითქმის ყველა სპეციფიკური ტერმინი, რაც აადვილებს წიგნზე მუშაობას და ქმნის საფუძველს ტურიზმის სპეციალური დისციპლინების შესწავლისათვის. აღსანიშნავია ინტერნეტში განთავსებული რესურსების (ვებგვერდების) დიდი რაოდენობა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს კონკრეტულ საკითხებზე არსებულ დამატებით ინფორმაციას. ასეთი დიდი რაოდენობით შემოთავაზებული ინფორმაციული მასალა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურიზმის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესახებ, უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტების დიდ ინტერესს გამოიწვევს. წიგნი ტურიზმთან დაკავშირებული პრაქტიკული საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებით განხოციელებაში დაეხმარება ყველას, ვისაც სურს ამ სფეროში დასაქმება.