ინტელექტუალური საკუთრება და გამომგონებლობა, მათი არსი და ფასი
იური ნიკოლაიშვილი, ვაჟა ჯანელიძე
1999 წლიდან საქართველოში მოქმედებს საქართველოს საპატენტო კანონი, რომელიც თავის პირველივე მუხლში აცხადებს, რომ ეს კანონი აწესრიგებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების – გამოგონებების, სასარგებლო მოდელებისა და სამრეწველო ნიმუშების შექმნასთან, მათ გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ქონებრივ და პირად არაქონებრივ ურთიერთობებს.
ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრება არის: სამართლის დარგი, რომლის ნორმები განსაზღვრავს და იცავს შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს. საკუთრება, რომლის ობიექტებსაც ადამიანის გონებისა და ინტელექტის ქმნილებები წარმოადგენენ, ხოლო გამოგონება არის სამრეწველო საკუთრების ობიექტი, რომელზეც გაიცემა პატენტი.
რაკი, როგორც მოცემული კანონი, ისე [1] იძლევიან ერთიდაიგივე ობიექტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მათ განმარტებებს, ურიგო არ იქნება მოვიშველიოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებული ზოგიერთი ადრინდელი მოსაზრება, ისტორიული წანამძღვარები და მიდგომები [2]. აქ სტატიის ავტორი ხმარობს ტერმინს საპატენტო პირამიდა და განმარტავს, რომ ეს არის თავისებური კაზინო, სადაც ტარდება სახელმწიფო, ხშირად სახელმწიფოთაშორისი, ინოვაციური თამაში სამ პერსონას შორის:
– პირველი პერსონა – გამომგონებელი – პატენტმფლობელი, რომელიც სათამაშო მინდორზე გამოდის ორმაგი ფსონით: პატენტუნარიანი იდეა და საპატენტო გადასახადი. გაცხადებულია კავშირი შემოქმედებასა და ფულს შორის. შემოქმედების თავისუფლება რა თქმა უნდა კარგი რამაა, მაგრამ სამწუხაროდ მას ხშირად თან ახლავს უფულო თავისუფლება, ხოლო გამომგონებელი, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ უფლებას, ისარგებლოს თავისი ნოვაციით, სახელმწიფოს, როგორც ამ უფლების დამცველს, უხდის გადასახადს. სახელმწიფო ამ მოსაკრებელით პროვოცირებას უკეთებს პატენტმფლობელს, გამოგონების დაჩქარებულად და მასშტაბურად დანერგვისათვის.
– მეორე პერსონა – საწარმო, რომელიც იდეის მატერიალიზაციას ახდენს კონკურენტუნარიან საქონელში. ის თავისი ჯიბიდან ეწევა რისკს (განვითარებულ ქვეყნებში ასეთი რისკი სახელისუფლო პრევენციას წარმოადგენს).
– მესამე პერსონა – ხელისუფლება, როგორც ძალაუფლების საშემსრულებლო ორგანო და ბანკირი, თავისი საპატენტო უწყებით ადგენს თამაშის წესებს და ცდილობს მოხსნას ბანკი.
სხვათაშორის ეს ე.წ. თამაშის წესები კარგად არის დაცული საქართველოს საპატენტო კანონშიც: საქპატენტის გენერალურ დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი (მუხლი 10, პუნქტი 2), ხოლო საქპატენტის ბიუჯეტს ამტკიცებს საქპატენტის გენერალური დირექტორი (მუხლი 11, პუნქტი 5), ე.ი. აქ ყველაფერი ცხადია, ანუ თამაშის წესები ცნობილია – თამაშის წესები წესების გარეშე).
[2]-ის ავტორი აქვე ჩვენთვის საინტერესო საკითხის წინა ისტორიასაც ეხება, რომელიც საქართველოსათვის, როგორც 1801 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილისათვის, საინტერესო იქნება:
– 1812 წელს გამოქვეყნდა მანიფესტი გამოგონებების შესახებ, რომელიც აწესრიგებდა გამომგონებლების პრივილეგიებს და ხელს უწყობდა სამრეწველო საკუთრების განვითარებას და გაძლიერებას;
– 1826 წელს შეიქმნა საგამომგონებლო პრივილეგიების ახალი დებულება;
– 1870 წელს მიღებული იქნა ახალი საპატენტო კანონი;
– 1879 წელს ისევ დაისვა საგამომგონებლო კანონის რეფორმირებისა და პატენტმფლობელთა პრივილეგიების საკითხი, ხოლო 1896 წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხის დადებითად დამტკიცების შესახებ;
– 1919 წელს ვ. ლენინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლითაც გააუქმა მეფის რუსეთის საპატენტო კანონმდებლობა და დაადგინა გამოგონებების დაცვის სოციალისტური ფორმა – საავტორო მოწმობა. სახელმწიფო გახდა გამოგონების ერთპიროვნული მფლობელი, გააუქმა საგერბო გამოსაღები და გასახადი განაცხადის შეტანაზე და გაცემულ მოწმობაზე.
1917-1921 წლები (მეფის დამხობა, რუსეთის იმპერიის გაუქმება და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ახალი ანექსია) საქართველოს ისტორიაში საგამომგონებლო საქმიანობით ალბათ დიდად ვერ დაიკვეხნის.
შემდეგი წლები ცნობილია ე.წ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკით. 1924 წელს მიღებულ იქნა დადგენილება პატენტებზე გამოგონებათა შესახებ. პატენტმფლობელს მიენიჭა უფლება თვითონ გამოეყენებინა და განეკარგა გამოგონება ნებისმიერი სხვა პერსონისაგან დამოუკიდებლად. გამომგონებელი ხელშეკრულებით ამყარებდა ურთიერთობას საწარმოსთან და ჯილდოს სახით ღებულობდა იმ ეკონომიური ნამატის (შემოსავლის) 15-30% -ს, რომელიც იქმნებოდა გამოგონების გამოყენებით დამზადებული ნაკეთობის გაყიდვის შედეგად. გამოგონების გამოყენების შედეგად მიღებული მოგების ჯამი იყოფოდა სამ თანაბარ ნაწილად საპატენტო თამაშით დაინტერესებულ მონაწილეთა – სახელმწიფოს, საწარმოს და გამომგონებელს – შორის, ხოლო გადასახადი იკრიბებოდა გამოგონების სამრეწველო გამოყენების შემდეგ. ინტელექტუალური საკუთრების (შემოქმედების) ასეთი წახალისება დაჯილდოების და საგადასახადო შეღავათების სახით, [2] – ის ავტორის აზრით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა. რაც შეეხება თავად სსრკ-ს, მაშინდელი საგამომგონებლო კანონმდებლობის მიხედვით, გამოგონებაზე განაცხადის შეტანა უფასოდ ხდებოდა, განაცხადის პირველადი განხილვა და საპასუხო შეტყობინება მოსკოვიდან 6 თვეში უნდა მომხდარიყო, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი მოწმობის გაცემას თან ახლდა 200 მანეთი ჯილდოს სახით. თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისიდან მოსკოვამდე თვითმფრინავის ბილეთის ფასი იყო 37,5 მანეთი, ძნელი არ იქნება მაშინდელი 200 მანეთის თვითღირებულების გადაანგარიშება.
1991 წელს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და საგამომგონებლო ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო. 1992 წელს შეიქმნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი. მიღებულ იქნა პირველი სახელმძღვანელო დოკუმენტები – გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე და სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის #302 და #303 დადგენილებები. 1999 წელს კი, როგორც ადრე იყო ნათქვამი, შეიქმნა საქართველოს საპატენტო კანონი, რომელიც დღესაც ძალაშია.
ნახაზზე ნაჩვენებია 1992-2007 წლებში გამოგონებებზე შემოტანილი განაცხადების და რეესტრში შეტანილი პატენტების დინამიკა. განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა 1992-1994 წლებზე მოდის, შემდეგ იგი მცირდება და თითქმის ერთ დონეზე რჩება. ნაწილობრივ შეიძლება ეს იმითაც აიხსნას, რომ გამომგონებლებზე ჯერ კიდევ ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მათთვის სასარგებლო მიდგომა, როცა ინტელექტუალური პროდუქცია ასე თუ ისე ფასდებოდა. დაახლოებით იგივე სურათია პატენტების შემთხვევაშიც. აქ ალბათ საინტერესოა ინფორმაცია პრაქტიკაში დანერგილი და გამოყენებული პატენტების თაობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, არ მოგვეპოვება.
დღეს საქართველო გაწევრიანებულია 1993 წელს შექმნილი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო). ამის გამო ის ვალდებულია ისევე დაიცვას გაერო-ს მიერ დამტკიცებული ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მოთხოვნები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, როგორც იცავს მოთხოვნებს სამრეწველო საკუთრების შემთხვევაში, რომელიც ჯერ კიდევ 1883 წელს იყო მიღებული სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონფერენციაზე (ე.წ. პარიზის კონვენცია). ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვმო-ს დამფუძნებელი შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანართი გახდა ხელშეკრულება ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანმხვედრი უფლებების შესახებ. აქვე ნათქვამია, რომ …ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებათა დაცვა და განხორციელება ხელს უნდა უწყობდეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და მათ გადაცემას და გავრცელებას…
ახლა ვნახოთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქართული ვარიანტი. 1999 წლის საპატენტო კანონი, მცირეოდენი დამატებებით და ცვლილებებით, საგამომგონებლო საქმეში თითქმის არაფერს არ ცვლის, არც გამოყენების და არც სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით. ზოგადი ფრაზა – გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა (მუხლი 6) – გამომგონებელს დიდ შეღავათს ვერ აძლევს, რადგან გამომგონებელმა გამოგონება აკეთოს თავისი ფორმულით, თუ რაღაც სამართლებრივი დაცვის ფარგლები არკვიოს. გამოდის, რომ 1800 წლიდან მოყოლებული 1999 წლამდე ანუ მთელი ორი საუკუნის მანძილზე ასე თუ ისე მოქმედებდა გამომგონებლობის ხელის შეწყობის თუ წახალისების რაღაც მექანიზმი. დღეს რა გვჭირს? ისევ ლენინის დეკრეტზე ვიფიქროთ, თუ ავაღორძინოთ? დღევანდელი საპატენტო კანონი კი მკვეთრად განსხვავდება ჯერ კიდევ 1991 წელს მიწოდებული მოსაზრებებისა და იდეებისაგან.
ჩვენ ხშირად ვხმარობთ ტერმინებს – ინტელექტუალური საკუთრება და სამრეწველო საკუთრება. პირველი ტერმინი განმარტებულია [1]-ში. იქვეა მეორე ტერმინიც – სამრეწველო საკუთრება წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ სფეროს. მის ობიექტებს მიეკუთვნება ადამიანის გონებრივი შრომის ნაყოფი. დღეს ჩვენთან სწორედ ადამიანის გონებრივი შრომის ნაყოფი ანუ ინტელექტუალური შრომის ნაყოფია იგნორირებული – გამომგონებელი შრომობს, ქმნის ინტელექტუალურ პროდუქტს და პასუხად თავის ნაშრომში ფულს იხდის. თუ ფული არ გადაიხადა, პატენტს ვერ მიიღებს. ამის შემდეგ კი ყოველწლიურად თავისი პატენტის ავტორობის შენარჩუნებისათვის ისევ ფული უნდა იხადოს, თორემ პატენტი ანუ შრომის ნაყოფი გაუქმდება. პატენტი ფორმალურად გამომგონებლის საკუთრებაა, მაგრამ რეალურად გამოგონება ე.წ. პატენტმფლობელის კი არა, საქპატენტის ანუ სახელმწიფოს საკუთრებაა, ე.ი. გამოდის, რომ ინტელექტუალური საკუთრება იბეგრება. ასეთ პირობებში შეიძლება ნოუ-ჰაუც დაიბეგროს. ისიც ხომ საკუთრებაა! თუ ფულს გამომგონებელი იხდის, ე.ი. უკვე მისი საკუთრებაა და ამ საკუთრების განკარგვის უფლებაც გამომგონებელს უნდა ჰქონდეს და არა ისე, როგორც ეს საპატენტო კანონშია მოცემული (მუხლი 20), სადაც თავისუფალი, დამოუკიდებელი გამომგონებელი საერთოდ არ არის ნახსენები. სწორედ ესეცაა ალბათ იმის მიზეზი, რომ ნახაზზე ნაჩვენები დინამიკის მიხედვით საქართველოში გაცემული პატენტების რაოდენობა კი არ იზრდება, პირიქით – მცირდება. იმისათვის, რომ დინამიკა აღმავლობითი გზით წავიდეს, ჩვენი აზრით, პირველ რიგში კანონი უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ ის გახდეს ადამიანთა ფართო წრის შემოქმედებითი საქმიანობის მასტიმულირებელი საშუალება.
კანონი უნდა ითვალისწინებდეს ინტელექტუალური პროდუქციის საწყისი ფორმის, საგამომგონებლო იდეის თუ წინადადებების წახალისებასაც კი, მისი პრაქტიკაში გამოყენებამდე, როგორც ამას თავის დროს იაპონელები აკეთებდნენ და რომელიც დღესაც ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. საგამომგონებლო იდეა ხომ ჭეშმარიტებათა გონებრივი გაერთმთლიანებაა, რომელიც მზადაა პრაქტიკული ხორცშესხმისათვის. თუ იდეა-გამოგონებამ პატენტის ფორმა მიიღო, მაშინ უკვე კანონიც და შესაბამისი დებულებაც გამოგონების დანერგვის შედეგად მიღებულ სარგებელს და მის განაწილებასაც უნდა აწესრიგებდეს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 27 პირდაპირ გვეუბნება – ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები.
რაც შეეხება საქართველოს საპატენტო კანონს, ის მიმართული უნდა იყოს არა ე.წ. საბაზრო ეკონომიკის, არამედ ეროვნული ეკონომიკის განვითარებისაკენ, როგორც ამას გვეუბნებოდა იაპონური ეკონომიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამერიკელი მეცნიერი ედვარდ დემინგი.