ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები
რეცენზენტი: პროფესორი ემზარ ჯგერენაია
მარინა მეტრეველი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საუნივერსიტეტო სწავლების ასოციაციის წევრი,
ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი,
საქართველოს ტურიზმის დამსახურებული მუშაკი
დღეს საქართველოში ტურიზმი ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი საქმიანობის სფეროა. განსაკუთრებით გაიზრდება მისი როლი ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ქვეყნის სტრატეგიული პერსპექტივების თვალსაზრისით საქართველო უნდა გახდეს განვითარებული ტურიზმის ქვეყანა. ტურიზმის როლის ასეთი გააზრება დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს არა მარტო ამ დარგის სპეციალისტებსა და მასში დაკავებულ მუშაკებს, არამედ მთელ საზოგადოებას.
ცხადია, ნებისმიერი ინდუსტრია თანამედროვე მსოფლიოში, მით უფრო ისეთი მრავალმხრივი და მასშტაბურისა, როგორიც ტურიზმია, სერიოზული მეცნიერული საფუძვლების შექმნასა და თეორიული ბაზისის მომზადებას მოითხოვს. სხვაგვარად დარგის რაციონალური, გეგმაზომიერი განვითარება შეუძლებელიც და წარმოუდგენელიც არის.
ამიტომაც სანთლით საძებნია ის ერთეული სპეციალისტები, ვინც ამ სფეროს განვითარებისათვის მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას ჩადებს.
ერთ-ერთი ასეთი იშვიათი პროფესიონალთაგანი, რომელმაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პედაგოგიური წვლილი შეიტანა საქართველოში ტურიზმის პროფესიული დაფუძნების სფეროში, არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი მარინა მეტრეველი. იგი 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნები: “ტურიზმი” (თბ., 2003), “ტურიზმი და გარემოს დაცვა – ეკოტურიზმის საფუძვლები” (თბ., 2004), “ტურიზმის თეორია” – თარგმანი და ადაპტირება მ. ბირჟაკოვის “ტურიზმის შესავალი კურსის” მიხედვით (თბ., 2004), ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართული განმარტებითი ლექსიკონი” (თბ., 2006), “კახეთი – ცნობარი ადგილობრივი მოსახლეობისათვის” (თბ., 2007), ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები” (თბ., 2008).
აღნიშნულ ნაშრომებში ტურისტული ბიზნესის წარმოების, მის ორგანიზაციასა და ეკონომიკასთან დაკავშირებული არაერთი საკითხია პროფესიულ დონეზე წარმოდგენილი და ანალიზის საგნად ქცეული, მათ შორის ისეთი საკითხები, რომლებშიც სწორედ ქართული ტურიზმის სპეციფიკა და პერსპექტივები პოულობს გამოხატულებას.
ქვეყნაში ტურიზმის დარგის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფესორ მარინა მეტრეველის მიერ შედგენილ ტურიზმის ტერმინთა ინგლისურ-ქართულ განმარტებით ლექსიკონს”. ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რა სირთულესთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ დარგის სრული ლექსიკოგრაფიული უზრუნველყოფა. ეს წმინდა რუტინულ სალექსიკონო სამუშაოებთან ერთად (მასალის მოპოვება, გაცხრილვა, კლასიფიკაცია, დეფინიცია-კვალიფიკაცია) გულისხმობს მაღალი ნორმატიული ამოცანების გადაწყვეტასაც – სათანადო ტერმინთა ქართული ეკვივალენტების მოძიება-დადგენას, რაც უმეტესად მთელი კომისიის მუშაობას მოითხოვს. მაგრამ ეს სირთულე კიდევ უფრო იზრდება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ტურიზმის ლექსიკონის შექმნის ამოცანასთან, რომლის აქტუალურობაზე ლაპარაკიც უკვე აღნიშნულ გარემოებათა გამო სრულიად ზედმეტია.
ნაშრომი ეფუძნება თანამედროვე ნაშრომებსა და ლექსიკონებს, რომლებიც ბოლო წლებში საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოიცა ტურიზმთან და მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით. ტურიზმის დარგის სწრაფი ევოლუცია იწვევს ტერმინთა მეტი სიზუსტით გააზრების აუცილებლობასა და მათ შესაბამის ცვლილებას, რასაც ავტორი ასევე ითვალისწინებდა მოძიებულ მასალაზე მუშაობისას.
ლექსიკონის შედგენის საფუძვლად აღებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ქართული ტერმინების ავტომატური თარგმანის თავიდან აცილებას ან მათ პირდაპირ გამოყენებას. სწორედ ამიტომაც განმარტებები დროისა და ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით ხშირად განიცდიდა სახეცვლილებას, მაგრამ ავტორი მაინც ცდილობდა ყველა ტერმინის საფუძველი ყოფილიყო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ მიღებული დეფინიციები.
ამ ლექსიკონის სახით ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მომცველი და მასშტაბური დარგობრივი ლექსიკონი, რომელიც უპირველესად ქართული ტურიზმის ძლიერ თეორიულ ბაზისზე, მის საიმედო მომავალზე მეტყველებს. ლექსიკონის მნიშვნელობას ზრდის დანართები, რომლებშიც მოცემულია ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული საცნობარო ინფორმაციები.
ტურიზმის დარგში პროფესიული კადრების აღზრდისათვის არანაკლებ დროული და საჭიროა პროფესორ მარინა მეტრეველის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო – “ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები”. მასში პოპულარული ენით აღწერილია ამ დარგის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, მასზე მოქმედი ფაქტორები და განვითარების ტენდენციები როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენს ქვეყანაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული წიგნი წარმოადგენს ნაშრომს, რომელშიც თავმოყრილია მასალა როგორც მსოფლიოს რეგიონებისა და ქვეყნების, ასევე საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, მის წარსულზე, აწმყოსა და განვითარების პერსპექტივებზე. ყოველივე ეს აუცილებელია არა მარტო ეროვნული ტურიზმის პროფესიული კადრების მომზადებისათვის, არამედ ამავე დროს იგი ქმნის მყარ საფუძველს საქართველოში ტურიზმის მეცნიერების განვითარებისათვის, რასაც ავტორი ბოლო წლების მანძილზე, როგოც ზემოთ აღვნიშნეთ, უდავოდ წარმატებით ახორციელებს.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ წიგნი წარმოადგენს 2003 წელს ავტორის მიერ გამოქვეყნებული სახლმძღვანელოს – “ტურიზმი”, გადამუშავებულ და ახალი მასალებით შევსებულ ნაშრომს. მისი შინაარსი და სტრუქტურა აგებულია ავტორისეული სასწავლო პროგრამის შესაბამისად. იგი საკითხთა მიხედვით შეიცავს საკონტროლო კითხვებსა და ქეისებს, რაც სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალებას აძლევს. მასში მარტივი, მკითხველისათვის გასაგები ენით განმარტებულია თითქმის ყველა სპეციფიკური ტერმინი, რაც აადვილებს წიგნზე მუშაობას და ქმნის საფუძველს ტურიზმის სპეციალური დისციპლინების შესწავლისათვის. აღსანიშნავია ინტერნეტში განთავსებული რესურსების (ვებგვერდების) დიდი რაოდენობა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს კონკრეტულ საკითხებზე არსებულ დამატებით ინფორმაციას. ასეთი დიდი რაოდენობით შემოთავაზებული ინფორმაციული მასალა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურიზმის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესახებ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დიდ ინტერესს გამოიწვევს.
გარემოს ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნება ტექნიკის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისების ფონზე კაცობრიობის არსებობის ერთადერთი პირობაა. გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს.
მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა გარემოსდაცვითი ანუ ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იგი მნიშვნელოვანი რეკრეაციული რესურსია, რომლის გონივრული გამოყენება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის, არამედ რეგიონების ჰარმონიული განვითარების საწინდარია.
ეკოლოგია მჭიდრო კავშირშია ეკონომიკის ყველა დარგთან. ამ მხრივ გამონაკლისს არც ტურიზმი წარმოადგენს. ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულების – “ეკოტურიზმის” განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტული საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი გარემოს მიმართ სათუთი დამოკიდებულებაა, ანუ იგი ქმნის გარემოს დაცვის ეკონომიკურ სტიმულებს. ცნება “ეკოტურიზმი” მოიცავს მოგზაურობის ფართო სპექტრს – მოსწავლეთა შემეცნებითი ტურებიდან რეგულარულ მოგზაურობამდე ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზით, XXI საუკუნეში ეკოტურიზმის განვითარება დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებს, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების, პირველ რიგში, მთიანი რეგიონების ეკონომიკურ წინსვლას.
ნაშრომის მიზანია ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტებს, ამ დარგში მომუშავე პრაქტიკოსებსა და ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს გააცნოს, თუ რას ნიშნავს ეკოლოგიურად მდგრადი გარემო ტურიზმის განვითარებისათვის; რა როლს ასრულებს ამ საქმეში ეკოტურიზმი, როგორც ტურიზმის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი; როგორია ტურიზმის ზეგავლენა გარემოზე და მისი შედეგები; ადგილობრივი მოსახლეობის, ხელისუფლებისა და კერძო სტრუქტურების როლი რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებაში; როგორ ხდება ეკოტურის დაპროექტება, მოგზაურობის დროს ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა და ტურისტული მომსახურების მენეჯმენტი. ნაშრომის დანართში მოცემულია ინფორმაცია სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო ორგანიზაციათა და ინვესტორთა საქმიანობის და მათ მიერ წარმოებული ეკოტურისტული პროდუქტის შესახებ. დასასრულ კი წარმოდგენილია ტურისტულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.
წინამდებარე ცნობარში განხილულია ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.
დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს ბუნებისა და ადამიანის ერთიანობის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების აღორძინებას, ყოფითი წეს-ჩვეულებების შენარჩუნებასა და ამ ულამაზეს კუთხეში ტურიზმის განვითარებას.
ცნობარში აღწერილი ტრადიციული რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა დაეხმარება აღმოსავლეთ საქართველოში და კერძოდ, კახეთში ჩამოსულ ტურისტებს იოლად დაამყარონ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაუადვილდეთ ადაპტაცია უცხო კულტურულ გარემოში და ნაწილობრივ მაინც მოეხსნათ მოსალოდნელი ინფორმაციული დეფიციტი.
წინამდებარე ცნობარში აღწერილი ზოგიერთი ტრადიცია წარსულს ჩაბარდა, ზოგიერთი კი გაფერმკრთალებულია და დავიწყებას ეძლევა. უმეტესობა ჯერ კიდევ შემორჩენილია ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებასა და ჩვევებში. მათი ერთიანობაში განხილვა მოგზაურს დაეხმარება კახეთის, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონის, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის ტრადიციული კულტურის ზოგადი კონტურების დანახვასა და ტრანსფორმირებულ სივრცეში მომხდარ ცვლილებებზე დაკვირვებაში.
გლობალური ეპოქის მასშტაბურმა, დინამიურმა და სწრაფად განვითარებადმა დარგმა საქართველოში ამ წიგნების სახით მოიპოვა მძლავრი სამეცნიერო-თეორიული მხარდაჭერა; შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, როდესაც მაღალი დონის თეორია წინ უსწრებს პრაქტიკას. ახლა ჯერი დარგის სახელმწიფო-ინსტიტუციურ უზრუნველყოფაზეა და ქვეყნის განვითარების ინტერესები მოითხოვს დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაბიჯები სწავლულთა გამოწვევის ადეკვატური იყოს!
პროფესორ მარინა მეტრეველის წიგნები დიდ სამსახურს გაუწევს ტურიზმის სფეროში როგორც პროფესიონალებს, ისე არაპროფესიონალებს, მათი გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც ტურიზმი და მოგზაურობა აინტერესებს.
რეცენზენტი: პროფესორი ემზარ ჯგერენაია