მსოფლიო ახალი ეკონომიკური წესრიგის მოლოდინში
ნინო არველალძე
აგვისტოს ცნობილი მოვლენების გამო “პროკრედიტ ბანკი”-ს ხელმძღვანელობამ წელს რიგით მეორე პრესკონფერენცია ჩაატარა და საზოგადოებას ამცნო, რომ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ბანკი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას აგრძელებს.
მიმდინარე წლის პირველი ათი წლის განმავლობაში “პროკრედიტ ბანკ”-მა საქართველოში თერთმეტი ახალი ფილიალი გახსნა, წლის ბოლომდე კი დამატებით ექვსი ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი, რის შედეგადაც “პროკრედიტ ბანკი” 59 ფილიალით ადგილობრივ საბანკო სექტორში ფილიალების ქსელის მიხედვით მესამე ადგილზე იქნება. აღსანიშნავია, რომ “პროკრედიტ ბანკი” ინვესტიციების განხორციელებას არა მხოლოდ იმ ქალაქებში გეგმავს, სადაც ბანკის ფილიალები უკვე ფუნქციობენ, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც ბანკი ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი. ოქტომბერში ახალი ფილიალი გაიხსნა ზესტაფონში, ბორჯომსა და ახალციხეში იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.
მიმდინარე წელს “პროკრედიტ ბანკ”-მა სამუშაოდ 500-ზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანა, ბანკში დასაქმებულთა საერთო რიცხვი 1 800 ადამიანს აჭარბებს. ყველა მათგანს გავლილი აქვს ძირითადი მოსამზადებელი კურსი, რომელიც თანამშრომლების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას გულისხმობს. ბანკი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაშიც. 2008 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ბანკის 30-ზე მეტმა მენეჯერმა გერმანიასა და მაკედონიაში “პროკრედიტის” მენეჯერთა აკადემიაში გაიარა ტრეინინგები.
2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 326 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის დასაწყისისთვის არსებულ მდგომარეობას 84 მლნ აშშ დოლარით აღემატება. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ბანკის თანამშრომლები ყველა იმ მომხმარებელს შეხვდნენ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალდნენ. “პროკრედიტ ბანკ”-მა, დაზარალებულ კლიენტებს გადახდის გრაფიკი ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე შეუცვალა, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონების მოსახლეობას კრედიტების დროულად გადახდისა და თავისი ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ.
მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის ბანკის მიერ მოზიდულმა კლიენტთა მთლიანმა სახსრებმა 191 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის დასაწყისისთვის არსებულ მონაცემებზე 18 მლნ აშშ დოლარით მეტია. სექტემბერში კლიენტთა მოზიდულმა სახსრებმა 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოში ბანკიდან გატანილი სახსრების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. ოქტომბერში ბანკში თითქმის ყოველდღიურად იხსნება ახალი 1000-ლარიანი ანგარიში, რაც რეკორდულ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. ეს ციფრები გამოხატავს მომხმარებლის ნდობას “პროკრედიტ ბანკი”-ს მიმართ, ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვნად გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ყველა მომხმარებელმა შეუფერხებლად შეძლო ბანკიდან თანხების გატანა.
2008 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, “პროკრედიტ ბანკი”-ს წმინდა მოგებამ 6.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნათელია, რომ საომარ მოქმედებებს ბანკის რენტაბელობაზე მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია.
აგვისტოს ბოლოს “პროკრედიტ ბანკ”-მა დაიწყო პროექტი, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი “პროკრედიტ ბანკ”-ის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 500-მდე ადამიანმა, მათ შორის 370-მა დევნილმა ბავშვმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. ბანკმა აღნიშნული პროექტისათვის 300 000 ლარი გაიღო.
“პროკრედიტ ბანკ”-ის პრიორიტეტად კვლავ ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტება რჩება, რადგან ბანკის ხელმძღვანელობის აზრით, სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბანკის მთავარი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საიმედო საკრედიტო მომსახურება მათთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებით.
ბანკის გენერალური დირექტორი საქართველოში ფილიპ პოტი აცხადებს, რომ “პროკრედიტ ბანკი” საქართველოში დაზოგვის კულტურის განვითარებას მომავალშიც შეუწყობს ხელს. ბანკის მიზანი კლიენტების სახსრების წილის ზრდაა, განსაკუთრებული პრიორიტეტი კი ფიზიკური პირების ანაბრებს ენიჭება.
სექტემბრიდან ბანკი მომხმარებელს ორ ახალ პროდუქტს სთავაზობს: კიდევ ერთი სწრაფი ფულადი გზავნილი (მანიგრამი) და SMS ბენქინგი, ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილურ ტელეფონზე მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისი ანგარიშების, საბარათე ტრანსაქციების, სავალუტო კურსებისა და სხვა მისთვის საინტერესო ინფორმაციის შესახებ.
“პროკრედიტ ბანკ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ შტეფან ბოვენმა განაცხადა, რომ “პროკრედიტ ბანკი” კვლავაც სწრაფად ვითარდება საქართველოში ბანკის მყარი ფინანსური პოზიციისა და რაც მთავარია, კვალიფიციური თანამშრომლების წყალობით, უახლოეს წლებში ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს. “ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და გეგმიურად გავაგრძელებთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას”, – დასძენს ბოვენი.
შტეფან ბოვენმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისი “პროკრედიტ ბანკ”-ის საქმიანობაზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს, რადგან ოპერაციების ჩატარებისას ბანკი კლიენტთა დეპოზიტებს ეყრდნობა, რაც ბანკის დაფინანსების მთავარი წყაროა. მსოფლიოს მასშტაბით ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს, ამიტომ “პროკრედიტ ბანკი” კაპიტალის ბაზრისგან დამოუკიდებელია. შტეფან ბოვენი ამერიკის საბანკო სისტემაში მიმდინარე კრიზისს დაუფიქრებელი მოქმედებებით ხსნის. “პროკრედიტ ბანკ”-ის მიზანია მცირე ბიზნესის საიმედო პარტნიორი გახდეს. ბანკი ფრთხილად და წინდახედულად მოქმედებს, ის ცდილობს მომხმარებელს ისეთი მოცულობის კრედიტი გამოუყოს, რომელიც მას ნამდვილად სჭირდება, სწორედ ამიტომ ვერ ჩაითრია მსოფლიო საბანკო კრიზისმა “პროკრედიტ ბანკი”, რაც ბანკის მიდგომის სისწორეში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.
კითხვებს პასუხობს “პროკრედიტ ბანკ-ის” გენერალური დირექტორი საქართველოში ფილიპ პოტი.
– რა მოცულობის სესხი გაიცა კონფლიქტის ზონაში და რა ზარალი მიადგა ამ მხრივ თქვენს ბანკს?
– “პროკრედიტ ბანკი” ქალაქ გორში საკმაოდ დიდი ხანია შესულია, იქ ბანკის ორი ფილიალია, საკრედიტო პორტფელი კი 40 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გორი დიდი რეგიონია, ჩვენი მომხმარებელი კონფლიქტის შედეგად არ დაზიანებულა, ისინი კონფლიქტის შემდეგაც განაგრძობენ საქმიანობას და სესხების დაფარვას აგრძელებენ. პრობლემა იყო ბუფერულ ზონებში მცხოვრები კლიენტები, რომლებიც ვერ უბრუნდებოდნენ საკუთარ სახლებს, ამ ზონებში ჩვენი საკრედიტო პორტფელი 1.4 მლნ აშშ მლნ დოლარს შეადგენს, რაც დიდი თანხა არ არის.
– რა საპროცენტო სესხებს სთავაზობს “პროკრედიტ ბანკი” მომხმარებელს?
– დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ საპროცენტო განაკვეთები სესხებსა და დეპოზიტებზე გავზარდეთ. ამ გზით ჩვენ ნაბიჯი ავუწყვეთ ბაზარს. მინიმალური საკრედიტო განაკვეთი დოლარში 19%-ია, მაქსიმალური კი 30%-ს აჭარბებს. დეპოზიტისა და სესხის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა პროდუქტს ენიჭება, რადგან საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებელი პროდუქტის სახეობაზეა დამოკიდებული.
– როგორც მცირე ბიზნესის დამფინანსებლები, თუ ზრუნავთ საქართველოში ამ სფეროს წარმომადგენლებისათვის ტრეინინგების კულტურის ამაღლებაზე?
– ჩვენ ბანკი ვართ და ამიტომ ზედმეტ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.
– თქვენს საკრედიტო პორტფელში რა წილი აქვს საექსპორტო ბიზნესის დაფინანსებას?
– მიმდინარე სესხების რაოდენობა 45 000 ითვლის, ანუ ჩვენი მომსახურებით სარგებლობს თითქმის 40 000 კომპანია, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილიც ექსპორტითაა დაკავებული.
– საქართველოს ბაზრის რა წილს ფლობს “პროკრედიტ ბანკი”?
– აქტივების მხრივ ბანკი 8.5% ფლობს, ჩვენ დიდი მოცულობის დეპოზიტები არ გვაქვს, მაგრამ თუ ფიზიკური პირებისა და ოჯახების დანაზოგებს ვიგულისხმებთ, ჩვენი საბაზრო წილი 14%-ს შეადგენს.
– კრიზისის პირობებში თუ შეიცვალა აქციონერთა მიდგომა საწესდებო კაპიტალის ინვესტირების მხრივ?
– ამის აუცილებლობა არ ყოფილა, მაგრამ თუ საჭირო იქნება ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის.
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესახებ გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია:
– რაც დრო მიდის მსოფლიო ეკონომიკას არსებულზე უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან არსებობს დავალიანების, უმუშევრობისა და ფინანსური პრობლემები, კოტრდებიან ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. 1929-1933 წლების ამერიკის დიდი დეპრესია, რომელიც ყველაზე დიდ კრიზისადაა მიჩნეული, გადაუხდელი ვალების გამო დაიწყო. 1920-იან წლებში ამერიკაში კანონმდებლობა შეიცვალა. ეკონომიკაში კეინსიანულ თეორიამდე არსებობდა მოსაზრება, რომ გადასახადების დაწევა ინვესტიციების მოჭარბებას უწყობდა ხელს, თეორიულად ეს ახლაც ასეა, მაგრამ თეორიული პოსტულატების პრაქტიკაში ცალსახად დანერგვა შეუძლებელია. რა მოხდა ამერიკაში 1920-იანი წლების ბოლოს? სახელმწიფომ შემოიღო საგადასახადო შეღავათი, მაგრამ ამ ფულის ინვესტირება კვლავ ეკონომიკაში არ მოხდა, ამიტომ მეწარმეთა მცირე ნაწილი ძალიან გამდიდრდა, ხოლო ადამიანები, რომლებიც უნდა დასაქმებულიყვნენ, უმუშევარნი დარჩნენ. ჩვეულებრივი ადამიანების შემოსავლის ჯამი არის რეალური ბაზარი. ამერიკაში კი ბაზარი არ განვითარდა, დარჩა ე.წ ჭარბი წარმოება, სინამდვილეში კი პრობლემა მოთხოვნის შემცირებამ შექმნა, რადგან მოსახლეობას შესაბამისი ანაზღაურება არ ჰქონდა. ერთი სიტყვით, გადასახადების შემცირებას არ მოჰყვა საბაზრო მექანიზმისა და საშემოსავლო ნაწილის გაძლიერება. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ეკონომიკურ კრიზისში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა მოინდომა, რასაც მხოლოდ მისი გაღრმავება მოჰყვა. მართალია, ახლა საბაზრო ეკონომიკის ეპოქაა, არსებობს თავისუფალი ბაზარი, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ამ თავისუფალ ბაზარს პრობლემა ექმნება, ის დახმარებას ყოველთვის მთავრობისგან ელის, შემდეგ მთავრობა ამ თავისუფალი ბაზრის რეგულირებას იწყებს. თუ მთავრობა ბაზრის მკაცრ რეგულირებას დაიწყებს, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა – არსებობს კი მსოფლიოში თავისუფალი ბაზარი? თუ ეს ფარული რეგულირება კრიზისის დროს უფრო აშკარა ხდება? მთავრობების უშუალო ჩარევა კრიზისის ფინიშისკენ მიმავალი გზაა? პირადად მე ვიტყვი, რომ არა! 1930-იანი წლების შემდეგ გაჩნდა კეინსიანელების თეორია, საერთაშორისო ინსტიტუტები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა ახალი მსოფლიო ეკონომიკა და გაჩნდა ახალი ეკონომიკური ლიდერი – კონტინენტალურმა ევროპამ (ინგლისმა) ლიდერის პოზიცია აშშ-ს დაუთმო. მას შემდეგ აშშ მსოფლიო ლიდერია. 1944 წელს ბრენტერ ვუდსში მსოფლიოს პოლიტიკური ამინდის შემქმნელების საბჭო შეიკრიბა და შეიქმნა ახალი, “ბრეტენ ვუდსის სავალუტო სისტემა”, რომელსაც მოჰყვა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის, როგორც საერთაშორისო სავალუტო სტაბილურობის გარანტორის ინსტიტუტის შექმნა. ოქტომბერში, როდესაც უნგრეთს გაუჭირდა, სავალუტო ფონდმა მას 26 მლრდ დოლარი გამოუყო, საქართველოს კი – 750 მლნ დოლარი. ორივე შემთხვევას თავისუფლად შეგვიძლია მასშტაბების მიხედვით უპრეცენდენტო ვუწოდოთ. სავალუტო ფონდის ერთადერთი დანიშნულებაა სავალუტო სტაბილურობის შენარჩუნება. აუცილებელია მსოფლიოს ყველა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქვეყანაშიც კი იყოს სავალუტო სტაბილურობა, რათა განვითარდეს მსოფლიო ვაჭრობა, მის გარეშე მსოფლიო ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია. მსოფლიო ვაჭრობა არის ტექნოლოგიების, რესურსების, მზა პროდუქციის, ადამიანური რესურსებისა და ა.შ გაცვლა, მის გარეშე მსოფლიოს განვითარება წარმოუდგენელია. დღეს, ნებისმიერი ქვეყანა ყოველდღიურად დაახლოებით 50 ქვეყნის ნაწარმს იყენებს. გლობალიზაციის ინტეგრაცია გარდაუვალია, ვაჭრობა კი ქვეყნის არსებობის თითქმის ერთადერთი პირობაა, ვაჭრობისათვის კი აუცილებელია მისი გადახდისუნარიანობა, ამიტომ, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანაში სტაბილური ვალუტის არსებობა. 1940-იან წლებს მოჰყვა 1970-იანი წლები, მსოფლიომ დროის ამ მონაკვეთში მრავალი სავალუტო პრობლემა გადალახა. 70-იან წლებში ადგილი ჰქონდა პირველ, ყველაზე დიდ კრიზისს, რომელიც ნავთობის ფასებს და ძირითადად ტექნოლოგიურ საფინანსო სისტემის პრობლემას უკავშირდებოდა – ამ დროს “გარდაიცვალა” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ბრეტენ ვუდსის საფინანსო სისტემა. იამაიკაში ჩატარდა კონფერენცია და დაიბადა ახალი სავალუტო ურთიერთობა, ე.წ “თავისუფალი მცოცავი კურსი”, ანუ 70-იანი წლების სერიოზულ კრიზისს მოჰყვა ახალი სავალუტო სისტემა, ახალი წესრიგი მსოფლიო ბიზნესში, რომელსაც კვლავ ძველი ლიდერი – აშშ ჰყავდა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა ბრძოლა ლიდერობისათვის, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო.
ნაკლები სიძლიერის კრიზისის წლები “რეიგანოეკონომიკის” დაწყებამდე – 1980-იანი წლების დასაწყისით თარიღდება, ანუ ამ კრიზისის შედეგად “რეიგანოეკონომიკა” დაიბადა. 80-იან წლებში ევროპაში მსოფლიო რეგულაციის სხვადასხვა ორგანოები გაჩნდა და ევროპა საფეხურეობრივად უახლოვდებოდა ერთიანი ვალუტის შექმნას და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნას. ამერიკაში ახალი პრეზიდენტი მოვიდა, ევროპაში კი – მარგარიტ ტეტჩერი, რომელმაც მნიშვნელოვანი გადატრიალება მოახდინა 80-იანი წლების კრიზისის შემდგომ და ევროპა მთლიანად შეიცვალა. 10 წლის შემდეგ მსოფლიო კვლავ ახალი კრიზისის წინაშე დადგა და 90-იან წლებში შეიქმნა მასტრიხტის გეგმა ერთიანი ევროპისთვის, სადაც ზუსტად იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ევროპისთვის ერთიანი ვალუტა – ევრო. 90-იან წლებში სიმძიმის ცენტრი აზიაზე გადავიდა, წარმატებულად და სწრაფად ვითარდებოდა აზიის ოთხი ვეფხვი – კორეა, სინგაპური, ინდონეზია და ტაივანი. მომდევნო კრიზისი კი 1997-98 წლებში დაიწყო, რაც ჭარბმა ინვესტიციებმა და დავალიანების ზრდამ გამოიწვია. 1998 წლის კრიზისის ეპიცენტრი კორეა იყო, სადაც იმაზე მეტი კაპიტალი შევიდა, ვიდრე ამას კორეის ბაზარი ითხოვდა. კორპორატიულ ნაწილში, ანუ კერძო ფირმებში გაჩნდა დავალიანება, რომელიც მათ შემოსავალს აღემატებოდა. ეს ფინანსური კრიზისი აზიიდან ევროპაში გავრცელდა და აშშ-საც შეეხო, ამ კრიზისმა სასტიკად დააზიანა განვითარებადი ბაზრებიც ამ დროს რუსეთი სრულმა კოლაფსმა მოიცვა, საქართველოში კი სავალუტო კურსთან და ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიქმნა, ამიტომ მსოფლიოში სერიოზულად დაიწყეს 1998 წლის მოვლენების გამომწვევი მიზეზების შესწავლა. 1998 წლის კრიზისი დღევანდელ საფინანსო ბაზარზე განვითარებულ კრიზისთან შედარებით ბევრად სუსტი იყო. არსებობს მოთხოვნა-მიწოდების კანონი, მაგრამ XXI საუკუნეში შეიცვალა ბიზნესის კონცეფცია, თუ XXI საუკუნემდე ბიზნესი დეფიციტური იყო და პროდუქცია გაუყიდავი არ რჩებოდა, ახლა პროდუქციის დეფიციტის ცნება აღარ არსებობს, ანუ დღეს მთავარი პრობლემა მოხმარების ბაზარი გახდა. მსოფლიო ბაზრის ცვლილების მეორე მიზეზია პერმანენტული მოთხოვნა ეკონომიკის ზრდაზე. ჩინეთის ეკონომიკა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. მსოფლიო ბიზნესმენებმა შექმნეს “ხელოვნური მოთხოვნა”, ეს ერთხელ უკვე მოხდა კორეაში და ამ პატარა ქვეყანამ ეს პრეცენდენტი ვერ გადაიტანა. ადგილი ჰქონდა ბაზრის ზრდის ხელოვნურ პროვოცირებას, როდესაც იზრდება ფირმის აქციების ღირებულება ბირჟებზე, მაშინ ფირმა უფრო დიდ შემოსავალს იღებს, ამიტომ შეიქმნა “არარსებული ღირებულება”, ანუ სუბპრაიმის ფენომენი – ბანკები გასცემენ სესხებს, იღებენ გირაოს, რომელსაც რეალური ღირებულება აქვს, ბანკებმა კი მოიგონეს მომავლის ღირებულება. ბირჟაზე დილინგის დროს ყოველთვის არსებობდა მომავლის ღირებულება, მაგრამ მოხდა მომავლის ღირებულების დაკონკრეტება, ანუ თუ რამდენად გაძვირდება ესა თუ ის ქონება ფასების ზრდის ტემპების მიხედვით 10-20 წლის შემდეგ. ბანკებმა დაიწყეს მომავლის ღირებულების შესაბამისი სესხების გაცემა, რაც ფაქტიურად ფულის ემისიაა, ამიტომ მსოფლიოში მწვავედ დადგა ინფლაციის პრობლემა. არარსებული ღირებულების შესაბამისად გაცემულმა სესხებმა ბაზრის გადახურება გამოიწვია, დაირღვა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი, ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნის შედეგად გამოუშვეს სახელმწიფო ობლიგაციები, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების მთავრობებმა შეიძინეს და მთელი მსოფლიო “ავანტიურაში” ჩაება, რადგან უძრავი ქონების ხელოვნური ღირებულება იოლი ფულის წყარო გახდა. ბაზრის ხელოვნური ზრდა სადაზღვევო ფირმებსა და ბანკებს გადაედო, რომლებმაც რისკ-მენეჯმენტის ყველა მოთხოვნა დაარღვიეს, ასევე გადაედო მთავრობებს, რომლებმაც ფული აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ობლიგაციებში ჩადეს, ეს ბანკი კი გაკოტრდა. ზედა ზღვარის მიღწევისთანავე თავი იჩინა ლიკვიდურობის პრობლემამ. შექმნილმა რეალობამ ფასების ზრდის შეწყვეტა გამოიწვია, შეწყდა უძრავი ქონებით ვაჭრობა, რადგან ეს საქმიანობა მომგებიანი ვერ იქნება ფასების ზრდის გარეშე. შესაბამისად ბაზარმა ფრთხილი მოქმედება დაიწყო, რის გამოც უძრავ ქონებაზე ფასები დაეცა. მსოფლიოში პანიკა დაიწყო, გაკოტრდნენ უდიდესი ისტორიის მქონე ბანკები და კომპანიები, მსოფლიო ახალი კრიზისისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. მარტივ გამოსავალ გზად კერძო ბიზნესის ნაციონალიზაცია მიიჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და აშშ-ის კომპანიებს უჭირთ, სახელმწიფო ინტერესებშია მათი გაკოტრება, ამასთან მათი შეძენა ჩინელებს ან არაბებს არ შეუძლიათ. არსებობს თავისუფალი ბიზნესის ცნება, მაგრამ ის მაინც ნაციონალურ ჩარჩოებში რჩება. საქართველოში უცხოური კაპიტალისთვის კარები ფართოდ არის გაღებული, განვითარებულ ქვეყნებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დღეს მსოფლიოში ახალი ეკონომიკა იბადება! თუ ამერიკა ვერ შეძლებს ვალუტისა და ეკონომიკის გადარჩენას, მაშინ მას მსოფლიო ლიდერის პოზიციის დათმობა მოუწევს.
მეტნაკლებად მყარად დგას ჩინეთის ეკონომიკა, მაგრამ ნავთობპროდუქტების გაძვირება სატრანსპორტო ხარჯებს აძვირებს, ჩინეთში იზრდება ხელფასებიც, ამიტომ ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება ევროპისათვის ძველებურად მომგებიანი აღარ არის. აზიური ვექტორის შემცირება, მოთხოვნა-მიწოდების ვექტორის დარღვევა და ხელოვნური ბაზრის შექმნა, მსოფლიოში ახალი ლიდერის ძებნა გვაიძულებს შემდეგი პროგნოზი გავაკეთოთ – 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება, რაც შეიძლება ნაკლებრესურსიანი და ცუდი მენეჯმენტის მქონე ქვეყნებისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს. მსოფლიოში მწვავე ინტერესთა კონფლიქტი ბობოქრობს.
საქართველოს 2009 წელს პრობლემები სამ სფეროში შეექმნება – საბანკო საფინანსო-სფეროში, მშენებლობაში, რომელზეც მშპ-ის თითქმის 27% მოდის და ინფრასტრუქტურაში. საქართველოში ბანკებმა სესხებზე პროცენტები გაზარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესისათვის ბანკის სესხი მომგებიანი ვეღარ იქნება, ამიტომ პრობლემა შეექმნება წარმოებას, რაც გამოიწვევს უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდას, კლების ტენდენცია იქნება საექსპორტო შემოსავალზე. სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს ის კონკრეტული ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ახალ მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
– განვითარებულმა ქვეყნებმა უცხოური კაპიტალისთვის კარები ჩაკეტეს და ხდება ბიზნესის ნაციონალიზაცია, რა ლოგიკით მოქმედებს საქართველოს მთავრობა ამ კუთხით?
– საქართველოში არ არის რესურსი ბიზნესის ნაციონალიზაციისათვის. ეროვნული ბანკი პირველ რიგში კომერციულ ბანკებს დაეხმარა, ამიტომ აგვისტოს მოვლენების დროს ქართულმა ბანკებმა შედარებით იოლად გადაიტანეს 400 მლნ დოლარის ანაბრების გადინება. მეტი ინექცია ქართულ ბიზნესში არ მომხდარა, სიმართლე რომ გითხრათ, ამის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. სახელმწიფოს უშუალო ჩარევა კერძო ბიზნესში კარგ შედეგს არ მოიტანს და ამის ნათელ მაგალითად აშშ-ი გამოგვადგება. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო ქართული ბიზნესი დიდი პრობლემების წინაშე დგება, შეწყდა ინვესტიციების შემოდინება, რაც საგადამხდელო ბალანსის დიდი პრობლემაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ეს საკმარისია.
– ქართველი ექსპერტები თუ სთავაზობთ მთავრობას კონკრეტულ ეკონომიკურ პროგრამას?
– საქართველოში ბევრ კომპეტენტურ ექსპერტს აქვს კონკრეტული მოსაზრებები საფინანსო ნაწილში, მაგრამ რამდენად პოლიტიკურად პოპულარულია მათი ხედვები? პოლიტიკურად პოპულარულია უფასო განათლება და მაღალი ხელფასები. ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს ეკონომიკაში და მათ ნახევრად გატარებული რეფორმებით ვერ მოვაგვარებთ.