უშველის თუ არა სსფ-ს მაშველი რგოლი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს
მოამზადა სოფო სიჭინავამ
2008 წლის შემოდგომა კრიტიკული აღმოჩნდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოებისთვის, არამედ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარებულ ქვეყნად აღიარებული ისლანდიისთვისაც. რთული დღეები უდგათ მსოფლიოს უდიდეს და უძლიერეს სახელმწიფოებსაც. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულმა ქვეყნებმა დახმარებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართეს. ამ უკანასკნელმა უკრაინასა (16,5 მლრდ დოლარი) და უნგრეთს 15,6 (მლრდ დოლარი) რეკორდული ოდენობის კრედიტები გამოუყო. დასახმარებელთა რიგში სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც არიან. ფული ითხოვა ბელორუსიამ და პაკისტანმაც.
ვინ იქნება შემდეგი? ექსპერტები ამ კითხვას მარტივად პასუხობენ – ბალტიისპირეთის ქვეყნები. მათი თქმით, ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკას ბოლო წლების მანძილზე კოლოსალური სავაჭრო დეფიციტი ჰქონდა, რამაც კრიზისის პირობებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებული ვარდნა გამოიწვია. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს დანარჩენი ქვეყნებისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ მათ არც ისე დიდი სახელმწიფო ვალი აქვთ.
გლობალური საფინანსო კრიზისი ყველაზე მეტად მტკივნეული აღმოჩნდა იმ ქვეყნებისთვის, რომლებთაც არ გააჩნდათ ძლიერი შიდა ბაზარი და გარე კონიუნქტურაზე იყვნენ დამოკიდებულნი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს განცხადება, რომ უკრაინა არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე და მას არაფერი ემუქრება, არ გამართლდა. კრიზისის დასაძლევად უკრაინა ბოლოს მაინც იძულებული გახდა სავალუტო ფონდისთვის მიემართა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წელიწადია ზრდას განიცდის, ის მაინც ვერ აღმოჩნდა საკმარისად მყარი. სავაჭრო ბალანსისა და ბიუჯეტის რეგულარულმა დეფიციტმა, ასევე იმან, რომ ეკონომიკა დამოკიდებულია მხოლოდ რამდენიმე სფეროზე, პირველ რიგში მეტალურგიაზე, განაპირობა ის, რომ მსოფლიო კრიზისმა უკრაინას გვერდი ვერ აუარა.
უკრაინამ შესძლო ფონდთან შეთანხმების მიღწევა, რის შედეგადაც მას 16,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ორწლიანი კრედიტი გამოეყო. ასეთი მასშტაბის დახმარებას სსფ არც თუ ხშირად გასცემს. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინას მოსთხოვენ პირველ რიგში გადახედოს იმ კანონმდებლობას, რომელიც საბანკო სფეროს არეგულირებს. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ პირველივე ტრანშის მიღებისთანავე უკრაინას სხვა მოთხოვნებსაც წაუყენებენ. იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა უკრაინა შევიდეს “სსფ-ს ეკონომიკური დიქტატურის” რეჟიმში, რაც მუდმივი პოლიტიკური გაურკვევლობის მქონე ქვეყნისთვის მეტად სარისკოა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კრედიტის მიღება იყო ერთ-ერთი გზა არც თუ დიდი არჩევანიდან. თუმცა, ფონდის დახმარებას და ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც მას უსათუოდ მოჰყვება, ყოველთვის დადებით შედეგებამდე ვერ მიჰყავს ქვეყანა. ამის ქრესტომათიულ მაგალითად ექსპერტებს არგენტინა მოჰყავთ, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებულმა პოლიტიკამ, ქვეყანა ბანკროტად აქცია.
აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო სერიოზულად დაზარალდა, უნგრეთია. მკვეთრად დაეცა ნაციონალური ვალუტა (ფორინტი), ხოლო ეკონომიკის ზრდა შენელდა 2,5 პროცენტამდე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ფერენც დიურჩანას ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანა იმ კრისიზისიდან ვერ გამოიყვანა, რომელიც აქ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. უნგრეთი ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნად, მაგრამ აქაც იგივე პრობლემები შეიქმნა, რაც უკრაინაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნგრეთის ეკონომიკას 25,1 მილიარდი დოლარის ოდენობით დაეხმარონ. ევროკავშირი მზად არის გაიღოს უნგრეთისთვის 8,1, ხოლო მსოფლიო ბანკი – 1,3 მილიარდი დოლარი. უნგრეთმა ევროკავშირისგან 6,7 მილიარდი დოლარი უკვე მიიღო.
კრიზისი გაღრმავდა ისლანდიაშიც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარებულ ქვეყნად იყო აღიარებული, მას 1976 წლის შემდეგ ფინანსური დახმარება არ უთხოვია. აქედან გამომდინარე, ისლანდიაში მიმდინარე მოვლენები ფაქტობრივად ეპოქალურად იქცა.
ისლანდიის ფინანსურმა სექტორმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, 2008 წლის შემოდგომაზე გლობალური საკრედიტო კრიზისის გამო კრახი განიცადა. საფინანსო სისტემამ თითქმის შეაჩერა არსებობა. კრედიტების გაცემა შეწყდა, მოხდა ქვეყნის იმ უმსხვილესი ბანკების ნაციონალიზაცია, რომლებიც ექსპერტების თვალსაზრისით, ევროპის ბაზარზე მსხვილ მოთამაშეებად ითვლებოდნენ. ვალუტამ მკვეთრი დევალვაცია განიცადა.
ისლანდიამ სსფ-სთან მოახერხა მოლაპარაკება ჯერ 2,1 მილიარდი დოლარის კრედიტზე, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გეირ ხორდეს განცხადებით, ისლანდიას დამატებით მინიმუმ 4 მილიარდი დოლარი სჭირდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისლანდიამ ამავე რაოდენობის კრედიტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასაც მიმართა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.
პაკისტანი ისლანდიისგან რადიკალურად განსხვავებული ქვეყანაა. სამხრეთ აზიის ეს ქვეყანა კონტინენტზე ერთ-ერთი უღარიბესია. თუ ისლანდიასა და პაკისტანს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მათი სირთულეები გამომწვევი მიზეზებით თუ არა, მასშტაბებით მაინც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პაკისტანს სასწრაფოთ სჭირდება 15 მილიარდი დოლარი, რადგან უკვე თებერვალში მან კრედიტორებს 500 მლნ დოლარზე მეტი უნდა დაუბრუნოს. მაგრამ საეჭვოა, რომ სსფ-მ ასეთი ოდენობის კრედიტი პაკისტანს გამოუყოს, დახმარება ალბათ 4-5 მილიარდს არ გადააჭარბებს. დანარჩენი თანხა მან შესაძლოა სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მოიძიოს. მსგავს მოლაპარაკებებს პაკისტანი სავარაუდოდ გამართავს მეგობარ ქვეყნებთან, რომლებშიც შედიან აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და საუდის არაბეთი.
ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ პაკისტანის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამას თან დაერთო საფინანსო კრიზისი. 2008 წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვები 67 პროცენტით შემცირდა, პაკისტანური რუპია დაეცა 27 პროცენტით, ხოლო ახლო მომავალში უცხოური ინვესტიციების უფრო სტაბილურ ბაზრებზე გადინებით პაკისტანს შესაძლოა დეფოლტიც დაემუქროს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2 მილიარდი დოლარის სარეზერვო კრედიტის გამოყოფის თაობაზე ბელორუსიის მთავრობამაც მიმართა. ბელორუსიაში მიაჩნიათ, რომ ჯერ-ჯერობით ქვეყანა მყარად დგას ფეხზე და ეს სახსრები მოსალოდნელი რყევებისგან თავდასაცავად არის საჭირო. ბელორუსიამ ანალოგიური თხოვნით მიმართა რუსეთის ფედერაციასაც. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე კუდრინის განცხადებით, რუსეთი მზად არის გაიღოს ეს თანხა: მილიარდ დოლარს ბელორუსია 2008 წელს, ხოლო მეორე მილიარდს 2009 წელს მიიღებს.
მსოფლიო საფინანსო კრიზისის გამო გაურკვეველ სიტუაციაში არიან აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა და აზიისა და ლათინური ამიერიკის რამდენიმე ქვეყანა. ექსპერტების გათვლებით, მაშველი რგოლი მათთვისაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი გახდება, რადგან ისეთ დიდ და ძლიერ ქვეყნებს, როგორიც აშშ-ი და ჩინეთია, თავიანთი პრობლემებიც ჰყოფნით.