ახალი სამუშაო ადგილები სოფლად

რედაქციისაგან

პროექტი – “სოფლის მეურნეობის 100 ახალი საწარმო რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმებას და სამეწარმეო საქმანობის განვითარებას ისახავს მიზნად. – ეს ინიციატივა გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს იმ ინვესტორების, იურიდიული პირებისა თუ კერძო მეწარმეებისთვის, ვისაც რეგიონებში საწარმოს შექმნა სურთ.

კერძოდ, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს რეგიონებში საწარმოს აშენება და ამ მიზნით მიწის შესყიდვა აქვთ განზრახული, სახელმწიფო შეღავათს სთავაზობს. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ხელი შევუწყოთ საქართველოში სოფლის მეურნეობის საწარმოების განვითარებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნასა და, შესაბამისად, მათ დასაქმებას, – განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკა შარაშიძემ.
თავდაპირველად ბიზნესმენი მიწის ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ წარმოდგენილი პროექტი წარმატებით განხორციელდება, დანარჩენი 80%-ის გადახდისგან თავისუფლდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე მიწის ნაკვეთების 100 ლოტია უკვე განთავსებული. შესაძენი მიწის ნაკვეთები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებშია განთავსებული. თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს მონაცემები სრული არ არის და განაცხადების შეტანის პარალელურად მათი რაოდენობა გაიზრდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე უნდა შეიტანონ. განაცხადების მიღება გუშინ დაიწყო. ინვესტორები დროში შეზღუდულნი არ არიან. მათ შეუძლიათ, განაცხადი ეკონომიკის სამინისტროში 2008 წლის განმავლობაში წარადგინონ.
ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი პროექტების შერჩევისას უპირატესობა იმ პროექტს მიენიჭება, რომელიც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
– დაინტერესებულ მეწარმე-სუბიექტს საშუალება ეძლევა, შემოგვთავაზოს პროექტი, კონკრეტული მიწის ნაკვეთზე თუ რისი გაკეთება შეუძლია, რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, რეგიონში რამდენ ადამიანს დაასაქმებს. ჩვენ ყველა შემოთავაზებას განვიხილავთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბაკურ კვეზერელმა.