სომხეთის ეკონომიკის მდგომარეობა
მოამზადა ეკა წირღვავამ
24 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის 2009 წლის ბიუჯეტი ტრილიონ დრამს მიუახლოვდა. ბიუჯეტში ჩადებული დოლარის კურსის (ერთი დოლარი 302,4 დრამი) მიხედვით, ბიუჯეტის მოცულობამ 3 მლრდ 306 მლნ 878 ათასი დოლარი შეადგინა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მშპ-ის მოცულობა იქნება 4,1 ტრლნ დრამი (13,7 მლრდ დოლარი), რაც 9,2%-იან ზრდას ნიშნავს. იმპორტი გაიზრდება 20 %-ით და 4,3 მლრდ დოლარი გახდება, ხოლო ექსპორტი 10%-ით იმატებს და 1,3 მლრდ დოლარი იქნება.
ამგვარად, უარყოფითი სალდო იქნება 3 მლრდ დოლარი. სომხეთის სახელმწიფო ვალი იქნება 2,2 მლრდ დოლარი, ანუ მშპ-ის 16,1%, აქედან 13,1% საგარეო ვალია. ბიუჯეტში გათვალისწინებულია 927 მლრდ დრამი (3 მლრდ 65 მლნ დოლარი) შემოსავალი და 967 მლრდ დრამი (3 მლრდ 197 მლნ დოლარი) გასავალი. დეფიციტი იქნება 40 მლრდ დრამი (13,227 მლნ დოლარი), ანუ მშპ-ის დაახლოებით 1%, რაც პრემიერის აზრით, დიდი მიღწევაა სომხეთისათვის.
განათლებისათვის სომხეთში გათვალისწინებულია 126 მლრდ დრამის (416,6 მლნ დოლარი) დახარჯვა. ეს 22,6%-ით მეტია, ვიდრე მიმდინარე წელს. ჯანდაცვისთვის გამოყოფილია 65 მლრდ დრამი (215 მლნ დოლარი) – 21%-ით მეტი, ვიდრე 2008 წელს, სოცუზრუნველყოფისათვის 250 მლრდ დრამი (827 მლნ დოლარი). პედაგოგის საშუალო ხელფასი 2009 წელს იქნება 116 ათასი დრამი (383 დოლარი), ექიმისა – 93 ათასი დრამი (307 დოლარი). გაყინული ანაბრების დასაბრუნებლად გათვალისწინებულია 16 მლრდ დრამი (5,291 მლნ დოლარი).
თუ ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები არ ხდება, ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს საშუალო და მცირე ბიზნესზე გადასახადების ზრდას. როგორც სომხეთის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიტატი ანდრანიკ ტევანიანი ამბობს, 2009 წლის ბიუჯეტში ჩადებული 3,2 მლრდ შემოსავალი არის მეწარმეებისათვის დამატებითი საგადასახადო წნეხი, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისათვის. ორ წელიწადში ბიუჯეტის მოცულობა ფაქტიურად ორჯერ გაიზარდა. სახელმწიფომ მიზნად დაისახა ბიუჯეტის გაზრდა მაშინ, როცა ეს უნდა გამხდარიყო ეკონომიკის განვითარების შედეგი. ბიუჯეტის ხარჯების გაორმაგება იმას ნიშნავს, რომ ან ბიზნეს-სფერო გაიზარდა ორჯერ, ან სახელმწიფო სუბიექტები გაორმაგდა, ან კიდევ უნდა იყოს შესაბამისი მშპ-ის ზრდა, მაგრამ არც ერთი არ მომხდარა. გამოდის, რომ ბიუჯეტის ზრდა საგადასახდო წნეხის ზრდით უნდა მოხდეს.
ახალი ბიუჯეტი ფინანსურ კრიზისთან ერთად სომხეთის ეკონომიკისთვის ახალი გამოწვევა იქნება. ა. ტევანიანის აზრით, სტაგნაციური პროცესები ქვეყანაში უკვე 2009 წლის I კვარტალში დაიწყება. ბიუჯეტში ჩადებული ინფლაციის ტემპების პროგნოზის – 4 +/-1,5% კომენტირების დროს ა. ტევანიანმა აღნიშნა, რომ 2008 წლის პირველ 8 თვეში მიუხედავად ანალოგიური პროგნოზისა, ინფლაციამ 9%-ს მიაღწია. სომხეთის ხელისუფლებამ ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აიღო ვალდებულება არ აუშვას ინფლაცია 4 +/-1,5% მაჩვენებელზე მაღლა, რაც მიმდინარე წელს ვერ მოხერხდა.
ა. ტევანიანის აზრით, 2009 წელს დაგეგმილი მაჩვენებლები ისევ არ შესრულდება. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ანტიინფლაციური პოლიტიკის შედეგად დაზარალდნენ ექსპორტიორები, რადგან დრამის მზარდმა კურსმა ძლიერი დარტყმა ექსპორტს მიაყენა. საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ის 1%-მდე შემცირების საკითხთან დაკავშირებით ექსპერტმა აღნიშნა, რომ დრო გვიჩვენებს ეს დიდი მიღწევაა, თუ არა. “მე არ მინდოდა ეკონომიკაზე მსჯელობა ამგვარი ინდიკატორების საფუძველზე – მთავარია ვინ იღებს თავის თავზე საბიუჯეტო სახსრების თავმოყრის ტვირთს, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ეს წნეხი აწვება საშუალო და მცირე ბიზნესს” – აცხადებს ა. ტევანიანი.
სომხური დრამი გადაფასდა, რაც ქვეყნის სტრატეგიაა. 2003 წლიდან 2006 წლამდე აშშ დოლარი სომხეთში გაუფასურდა 28,12%-ით. 2003 წელს დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი იყო 578,77 დრამი 1 დოლარზე, 2004 წელს – 533,45 დრამი 1 დოლარზე, 2005 წელს – 457 დრამი 1 დოლარზე, ხოლო 2006 წელს – 416,04 დრამი 1 დოლარზე. 2007 წლის ბოლოს დრამი გამყარდა – 304,22 დრამი 1 დოლარამდე. ძლიერი ვალუტა იმას ნიშნავს, რომ სომხეთიდან ექსპორტი მომგებიანი არ არის, რის შედეგადაც ქვეყნის მთელი რიგი დარგები გაკოტრდა. კერძოდ, სომხეთი შეიძლებოდა ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ყოფილიყო ალმასის დამუშავებასა და ბრილიანტისა და საიუველირო ნაკეთობების წარმოებაში.
სომხეთში მსოფლიო ბიზნესის გრანდები შემოვიდნენ, მათ შორის ლევ ლევაევი, რომელმაც რესპუბლიკაში ააშენა შესანიშნავი ქარხანა. საწარმოები აშენდა ასევე უმსხვილესი ჰოლანდიური და ინდური ფირმების მიერ. მაგრამ როცა დრამმა გამყარება დაიწყო, ალმასის გადამუშავებისაგან მოგება აღარ რჩებოდა, წარმოება წამგებიანი გახდა. ლევაევმა მიატოვა ქარხანა თავისი მოწყობილობებით და ბრილიანტის მინი-ბირჟით, თავისი ბიზნესი შანხაიში გადაიტანა, სადაც ვალუტა სუსტია და მისი საქმიანობა ეკონომიკურად მომგებიანი გახდა.
მეორეს მხრივ, ძლიერი დრამი მომგებიანია იმპორტიორებისათვის. სომხეთში წამგებიანი გახდა იმპორტის ჩანაცვლება და ადგილობრივი წარმოების განვითარება, მაგრამ საკუთარი წარმოების განვითარების გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი. ამიტომ მოვლენების შემდგომი განვითარება მთლიანად სომხეთის ცენტრალურ ბანკზეა დამოკიდებული. მთავარია დრამი მეტად არ გამყარდეს.