წარმოების განვითარებაში საინვესტიციო სტრატეგიის როლის შემდგომი ამაღლებისათვის

ლამარა ქოქიაური, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

საწარმოს ყველა სახის საინვესტიციო საქმიანობის დაყვანა მხოლოდ მისი მიმდინარე საინვეტიციო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიზანშეუწონელია (მაგალითად, მწყობრიდან გამოსული აქტივების შეცვლის ან მათი მატების საჭიროება განისაზღვრება სამეურნეო საქმიანობის მოცულობისა და სტრუქტურის ცვლილებათა მიხედვით).

თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მეტი რაოდენობის საწარმო აცნობიერებს საინვესტიციო საქმიანობის შეგნებული პერსპექტიული მართვის აუცილებლობას მისი მიმართულებებისა და ფორმების წინასწარ განჭვრეტის მეცნიერული მეთოდოლოგიის, საწარმოს განვითარების ზოგად მიზნებთან და საინვესტიციო გარემოს ცვალებად პირობებთან ადაპტაციის საფუძველზე.
საინვესტიციო სტრატეგია საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის პერსპექტიული მართვის ეფექტიანი ინსტრუმენტია. მისი მიზანია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, საბაზრო პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების სისტემის, ინვესტიციების ბაზრის არსებითი ცვლილებების საერთო განვითარება და ა.შ.
საინვესტიციო სტრატეგია საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის გრძელვადიანი მიზნების სისტემაა, რომელსაც განსაზღვრავს მისი განვითარების ზოგადი ამოცანები და საინვესტიციო იდეოლოგია, აგრეთვე, მათი მიღწევების ყველაზე უფრო ეფექტიანი გზების არჩევა.
საინვესტიციო სტრატეგია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის სფეროში მოქმედების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ამ საქმიანობის ფორმებისა და მიმართულებების პრიორიტეტებს, საინვესტიციო რესურსების ფორმირების ხასიათსა და საწარმოს საერთო განვითარების უზრუნველმყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნების რეალიზაციის ეტაპების თანმიმდევრობას. საინვესტიციო სტრატეგიაში მიზნების სისტემისა და მათი მიღწევის გზების შეერთება განსაზღვრავს საწარმოს საინვესტიციო აქტივობისა და პერსპერქტიულ პერიოდში მისი საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებებსა და ფორმებზე მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების საზღვრებს. საწარმოს საინვესტიციო საქმიანობა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც იმ ფორმალიზებული კრიტერიუმების სისტემაც, რომელთა მეშვეობითაც იგი აფასებს და ახორციელებს თავის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ახდენს თავისი პერსპექტიული საინვესტიციო პოზიციის მოდელირებას და უზრუნველყოფს მათ მიღწევას. ყოველივეს შეჯამებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინვესტიციო სტრატეგია ისეთი სისტემური კონცეფციაა, რომელიც აკავშირებს და წარმართავს საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას.
საინვესტიციო სისტემის შემუშავება ფართო შემოქმედებითი პროცესია: იგი მოიცავს საინვესტიციო საქმიანობის მიზნების დასახვას, მისი პრიორიტეტული მიმართულებებისა და ფორმების განსაზღვრას; ახდენს ფორმირებული საინვესტიციო რესურსების სტრუქტურისა და მათი განაწილების ოპტიმიზაციას, საინვესტიციო საქმიანობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ასპექტებზე საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას, გარე საინვესტიციო გარემოსთან ურთიერთობათა შენარჩუნებას.
საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების პროცესი საწარმოს საერთო სტრატეგიული სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მთავარი ელემეტებია: მისია (დანიშნულება), განვითარების ზოგადი სტრატეგიული მიზნები, ფუნქციური სტრატეგიების სისტემა საქმიანობის ცალკეული სახეების ჭრილში, რესურსების ფორმირებისა და განაწილების მეთოდები. ამასთან, საინვესტიციო სტრატეგია გარკვეულ თანადაქვემდებარებაშია საწარმოს სტრატეგიული არჩევანის სხვა ელემენტებთან. ამგვარი თანადაქვემდებარების იერარქია ყველაზე უფრო ზოგადი სახით 1 ნახაზზეა წარმოდგენლი.
საწარმოს სტრატეგიული არჩევანის სხვა უმნიშვნელოვანეს ელემენტებთან საინვესტიციო სტრატეგიის ურთიერთკავშირის ახსნა საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანად მოეწყოს მისი შემუშავების პროცესი.
საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების აქტუალობას მთელი რიგი პირობები განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია გარე საინვესტიციო გარემოს ფაქტორების ცვლილებათა ინტენსიურობა. საწარმოს საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მაღალი დინამიკა, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ტემპები, ინვესტიციების ბაზრის კონიუნქტურის ხშირი რყევები. სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის და საინვესტიციო საქმიანობის რეგულირების ფორმების ცვალებადობა მხოლოდ წინათ დაგროვილი გამოცდილებისა და საინვესტიციო მენეჯმენტის ტრადიციული მეთოდების საფუძველზე საწარმოს ინვესტიციების ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას უკარგავს. ასეთ პირობებში გარე საინვესტიციო გარემოს ფაქტორების შესაძლო ცვლილებებთან ადაპტირებული საინვესტიციო სტრატეგიის უქონლობამ შეიძლება გამოიწვიოს საწარმოს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საინვესტიციო გადაწყვეტილებების სხვადასხვა მიმართულება, წინააღმდეგობების გაჩენა და მთლიანობაში დასცემს საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანობას.
საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობაა სასიცოცხლო ციკლის ახალ სტადიაზე მისი მოსალოდნელი გადასვლა. საწარმოს სასიცოცხლო ციკლის ყოველ სტადიას ახასიათებს საინვესტიციო აქტივობის საკუთარი დონე, საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებები და ფორმები, საინვესტიციო რესურსების ფორმირების თავისებურებები. შემუშავებული საინვესტიციო სტრატეგიაა მოამზადოს საწარმო, საინვესტიციო საქმიანობა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობათა მოსალოდნელი კარდინალური ცვლილებებისათვის.
და ბოლოს, საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების აქტუალობის განმსაზღვრელი არსებითი პირობაა საწარმოს ოპერაციული საქმიანობის მიზნების კარდინალური ცვლილებები ახალ კომერციულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ამგვარი მიზნების რეალიზება მოითხოვს საწარმოო ასორტიმენტის შეცვლას, ახალი საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვას, პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრების ათვისებას და ა.შ. ამგვარ პირობებში საწარმოს საინვესტიციო აქტივობის არსებითად მომატებასა და მისი საინვესტიციო საქმიანობის ფორმების დივერსიფიკაციას ისეთი პროგნოზირებადი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რომელიც მკაფიოდ ფორმირებული საინვესტიციო სტრატეგიით იქნება უზრუნველყოფილი.
საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება თანამედროვე ეტაპზე ეყრდნობა მართვის ახალი კონცეფციის – “სტრატეგიული მართვის” – მეთოდოლოგიურ მიდგომებს, რომლებსაც 1970-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად ნერგავდნენ აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის უმრავლესი ქვეყნების კორპორაციებში. სტრატეგიული დაგეგმვის კონცეფცია ასახავს საწარმოს მკაფიო სტრატეგიულ პოზიციონირებას (მისი საინვესტიციო პოზიციის ჩათვლით), რომელიც წარმოდგენლია მისი ფუნქციონირების პრინციპებითა და მიზნებით, მართვის სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთქმედების მექანიზმით, სამეურნეო და ორგანიზაციული სტრუქტურის ელემენტებს შორის ურთიერთქმედების ხასიათით, გარემოს ცვალებად პირობებთან ადაპტაციის ფორმებით.
სტრატეგიული მართვა აღმოცენდა სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის განვითარების საფუძველზე, რაც მის არსობრივ საფუძველს შეადგენს. განვითარების არსებული ტენდენციის ექსტრაპოლაციის კონცეფციაზე დაფუძნებული ჩვეულებრივი გრძელვადიანი დაგეგმვისგან განსხვავებით, სტრატეგიული დაგეგმვა ითვალისწინებს არა მარტო ამ ტენდენციებს, არამედ საწარმოს განვითარების შესაძლებლობებისა და საფრთხეების სისტემას, ისეთი საგანგებო სიტუაციების წარმოქმნას, რომლებსაც შეუძლიათ მომავალ პერიოდში ჩამოყალიბებული ტენდენციების შეცვლა.
მართვის ახალ პარადიგმაზე დაფუძნებული საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების საფუძველია საწარმოში მიღწეული სტრატეგიული საინვესტიციო დონის წინასწარი იდენტიფიკაცია. ამ იდენტიფიკაციის პროცესში მკაფიო წარმოდგენა უნდა შეიქმნას იმ პარამეტრებზე, რომლებიც საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარების შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს ახასიათებს (ნახ. 2).
1. როგორია საწარმოს მესაკუთრეების, მმართველებისა და საინვესტიციო მენეჯერების სტრატეგიული აზროვნების დონე?
2. როგორია საინვესტიციო მენეჯერების ცოდნის (მათი საინფორმაციო განვითარების) დონე საინვესტიციო გარემოს უმნიშვნელოვანესი ელემენტების მდგომარეობასა და მოსალოდნელ დინამიკასთან დაკავშირებით?
3. რა საინვესტიციო რესურსებს ფლობს საწარმო, როგორია მათი ფორმირების შესაძლებლობები პერსპექტივაში, როგორაა უზრუნველყოფილი მათი ინფლაციის საწინააღმდეგო დაცვა დაგროვების პროცესში?
4. შეესაბამება თუ არა საწარმოს მიმდინარე საინვესტიციო აქტივობის დონე მისი განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ მოთხოვნებს, რამდენად სრულად იყენებენ მის საინვესტიციო პოტენციალს?
5. არის თუ არა საწარმოში ერთიანი სტრატეგიული კონცეფცია მისიის, სტრატეგიის, განვითარების სტრატეგიული ნორმატივების სისტემის და ა.შ. სახით? რა ზომითაა ეს სტრატეგიული კონცეფცია სტრუქტუირებული ცალკეული სამეურნეო ქვედანაყოფების ჭრილში?
6. როგორია საწარმოში მოქმედი საინვესტიციო ანალიზის, დაგეგმვისა და კონტროლის სისტემების ეფექტიანობა? რა ზომით არიან ისინი ორიენტირებული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაზე?
7. შეესაბამება თუ არა საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა მისი პერსპექტიული განვითარების ამოცანებს?
8. როგორია საწარმოს საინვესტიციო კულტურის დონე? რამდენად მჭიდროდაა იგი დაკავშირებული მის საერთო ორგანიზაციულ სტრუქტურასთან?
საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების პროცესი დაკავშირებულია საწარმოს სტრატეგიული მართვის ობიექტების წინასწარ გამოყოფასთან. საინვესტიციო მენეჯმენტის პოზიციებიდან, ჩვეულებრივ, გამოყოფენ სტრატეგიული მართვის ობიექტების სამ ძირითად ჯგუფს: საწარმოს საინვესტიციო საქმიანობა მთლიანად; მეურნეობრიობის სტრატეგიული ზონის საინვესტიციო საქმიანობა; სტრატეგიული საინვესტიციო ცენტრის საინვესტიციო საქმიანობა.
საწარმო, როგორც სტრატეგიული საინვესტიციო მართვის ობიექტი ღია კომპლექსური სისტემაა, რომელიც მისი სტრუქტურული სამეურნეო ქვედანაყოფების ყველა მიმართულებასა და ფორმას აერთიანებს.
მეურნეობრიობის სტრატეგიული ზონა საწარმოს (ორგანიზაციის) ფარგლებში არსებული დამოუკიდებელი სამეურნეო სეგმენტია. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს მთელ რიგ ისეთ მომიჯნავე დარგებში, რომელთაც იგივე მოთხოვნა, გამოყენებული ნედლეული ან წარმოების ტექნოლოგია აქვთ. მეურნეობრიობის სტრატეგიული ზონის საინვესტიციო სტრატეგია გვევლინება საწარმოს სტრატეგიული საინვესტიციო მართვის მთლიან სისტემაში არსებულ დამოკიდებულ (შედარებით ავტონომიურ) ბლოკად.
სტრატეგიული საინვესტიციო ცენტრი საწარმოს (ორგანიზაციის) დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულია. იგი დასპეციალებულია საინვესტიციო საქმიანობის იმ ცალკეული ფუნქციების ან მიმართულებების შესრულებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მეურნეობრიობის ცალკეული სტრატეგიული ზონებისა და მთლიანად საწარმოს ეფექტიან სამეურნეო საქმიანობას. ამგვარი ცენტრების საინვესტიციო სტრატეგია შეზღუდულია მათი საქმიანობის ფუნქციონური მიმართულებებით და საწარმოს საერთო სტრატეგიული საინვესტიციო მართვის ამოცანებს ექვემდებარება.
საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება დიდ როლს თამაშობს საწარმოს ეფექტიანად განვითარების უზრუნველყოფაში, რაც შემდეგში მდგომარეობს:
შემუშავებული საინვესტიციო სტრატეგია უზურნველყოფს მთელი საწარმოს და მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების მომავალი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიანი ზოგადი და საინვესტიციო მიზნების რეალიზაციის მექანიზმს;
იგი საშუალებას გვაძლევს რეალურად შევაფასოთ საწარმოს საინვესტიციო შესაძლებლობები, უზრუნველვყოთ მისი შიდა საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და საინვესტიციო რესურსებით აქტიურად მანევრირების შესაძლებლობა;
იგი უზრუნველყოფს იმ ახალი და პერსპექტიული საინვესტიციო შესაძლებლობების სწრაფად რეალიზებას, რომლებიც გარე საინვესტიციო სივრცის ფაქტორების დინამიკური ცვლილებების პროცესში ჩნდება;
საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება ითვალისწინებს საწარმოს მიერ არაკონტროლირებადი გარე საინვესტიციო სივრცის ფაქტორების განვითარების შესაძლო ვარიაციებს და შესაძლებლობას გვიქმნის მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ნეგატიური გავლენა საწარმოს საქმიანობაზე;
იგი ასახავს საინვესტიციო საქმიანობაში საწარმოს შედარებით უპირატესობას მისი კონკურენტების წინაშე;
საინვესტიციო სტრატეგიის არსებობას უზრუნველყოფს საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის სტრატეგიული, მიმდინარე და ოპერატიული მართვის მკაფიო ურთიერთკავშირით;
იგი უზრუნველყოფს საინვესტიციო ქცევის შესაბამისი მენტალიტეტის რეალიზაციას საწარმოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებში;
საინვესტიციო სტრატეგიის სისტემაში ყალიბდება რეალური საინვესტიციო პროექტებისა და ინვესტირების ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევის ძირითადი კრიტერიული შეფასებების მნიშვნელობა;
შემუშავებული საინვესტიციო სტრატეგია საწარმოს მართვის საერთო ორგანიზაციული სტრუქტურისა და ორგანიზაციული კულტურის სტრატეგიულ ცვლილებათა ერთ-ერთი საბაზისო წინაპირობაა.
ზემოთგანხილული პრობლემები აუცილებელს ხდის საინვესტიციო საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებისა და ფორმების დასაბუთებას. საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებათა შემუშავების საფუძველია ამ საქმიანობის მიზნების სისტემა, რის პროცესშიც თანმიმდევრულად წყდება შემდეგი ამოცანები:
1. პერსპექტიული პერიოდის ცალკეულ ეტაპზე ინვესტირების ფორმების თანაფარდობის განსაზღვრა;
2. საინვესტიციო საქმიანობის დარგობრივი მიმართულების განსაზღვრა;
3. საინვესტიციო საქმიანობის რეგიონალური მიმართულების განსაზღვრა.
პერსპექტიული პერიოდის ცალკეულ ეტაპზე ინვესტირების ფორმების თანაფარდობის განსაზღვრა, პირველ რიგში, უკავშირდება ობიექტური გარე და შიდა ფაქტორების ზემოქმედებას. მათგან ძირითადი ფაქტორების სისტემა მოყვანილია 3 ნახაზში.
საწარმოს საქმიანობის ფუნქციური მიმართულება. აღნიშნული ფაქტორი არსებითად ზემოქმედებს რეალური და ფინანსური ინვესტირების ფორმების თანაფარდობაზე. ინსტიტუციური ინვესტორის საწარმოები თავიანთ საინვესტიციო საქმიანობას უპირატესად ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ეწევიან. მაშასადამე, მათი გრძელვადიანი საინვესტიციო საქმიანობის ძირითად ფორმად ვლინდება ინვესტირება აქციებში, ობლიგაციებში, საშემნახველო სერტიფიკატებსა და სხვა საფონდო ინსტრუმენტებში. რეალური ინვესტირების ხვედრითი წილი ასეთ საწარმოებს მხოლოდ იმ ფარგლებში შეიძლება ჰქონდეთ, რაც კანონამდელობითაა ნებადართული ინვესტორთა თითოეული ამ ჯგუფისათვის.
ამავე დროს იმ საწარმოებისთვის, რომლებიც საწარმოო საქმიანობას ახორციელებენ, ინვესტირების უპირატესი ფორმა იქნება რეალური დაბანდებები (კაპიტალური დაბანდებების, პრივატიზაციის ობიექტების შეძენის და ა.შ. ფორმით). სწორედ ინვესტირების ეს ფორმა აძლევს ამ საწარმოებს ყველაზე უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების, პროდუქციის ახალი სახეების ათვისების, ახალი სასაქონლო და რეგიონულ ბაზრებზე შეღწევის შესაძლებლობას.
ასეთი საწარმოების ფინანსური ინვესტიციები, როგორც წესი, უკავშირდება დროებით თავისუფალი სახსრების მოკლევადიან დაბანდებებს ან მათ ცალკეული ფირმების (პარტნიორი თუ კონკურენტი ფირმების და ა.შ.) საქმიანობაზე კონტროლის (გავლენის) მიზნით ხორციელდება.
საწარმოს სასიცოცხლო ციკლის სტადია. ეს ფაქტორი განსაზღვრავს სხვადასხვა ფორმის ინვესტირების განხორციელების მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს. მაგალითად, “ყრმობისა” და “სიყმაწვილის” სტადიებზე საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციების გადამწყვეტ ნაწილს რეალური ხასიათი აქვს; “ადრეული სიმწიფის” სტადიაზე ასევე ეს ფორმა სჭარბობს; საწარმოს მხოლოდ “საბოლოო სიმწიფის” სტადიაზე შეუძლია თავის თავს მისცეს ფინანსური ინვესტიციების ხვედრითი წილის არსებითად გაფართოების უფლება.
საწარმოს ზომები გავლენას ახდენს რეალური და ფინანსური ინვესტირების ფორმების თანაფარდობაზე, საინვესტიციო რესურსების ფორმირების შესაძლო მოცულობის მეშვეობით. მცირე და საშუალო საწარმოებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სასესხო ფინანსურ რესურსებზე და გარკვეული სირთულეები აქვთ იმ “ინვეტიციების კრიტიკული მასის” ფორმირებაში, რომელიც ოპერაციული საქმიანობის რენტაბელურად განვითარებას უზრუნველყოფს. ამის გამო მცირე და საშუალო საწარმოო ორგანიზაციების საინვესტიციო საქმიანობა უპირატესად რეალურ ინვესტირებაზეა კონცენტრირებული, რაკი ფინანსური ინვესტირების განხორციელებისთვის მათი შესაბამისი რესურსები არა აქვთ. ამასთან, მსხვილ საწარმოებს ფინანსური მოქნილობის დონე (დაფინანსების გარე წყაროების ხელმისაწვდომობა) უფრო მაღალი აქვთ, რაც ფინანსური ინვესტირების უფრო ფართო მასშტაბებით განხორციელების საშუალებას აძლევს მათ.
ოპერაციული საქმიანობის სტრატეგიულ ცვლილებათა ხასიათი განსაზღვრავს საინვესტიციო რესურსების ფორმირებისა და გამოყენების განსხვავებულ ციკლურობას, შესაბამისად კი – საინვესტიციო პროცესში მათი ამოქმედების ფორმებსაც. თანამედროვე ლიტერატურაში გამოყოფენ საწარმოს ოპერაციული საქმიანობის სტრატეგიულ ცვლილებათა ორ პრინციპულ მახასიათებელს – გამუდმებულ და წყვეტილ ცვლილებებს. გამუდმებული სტრატეგიული ცვლილებები ხასიათდება ოპერაციული საქმიანობის დინამიკის შიდა ლოგიკით და უკავშირდება მისი მატების შედარებით უმნიშვნელო მოცულობებს სტრატეგიული პერიოდის ცალკეული ინტერვალების ჭრილში. წყვეტილი სტრატეგიული ცვლილებები ხასიათდება ზრდის ტრადიციული ვექტორიდან ოპერაციული საქმიანობის მოცულობათა არსებითი გადახრებით და ნახტომისებურად ხორციელდება.
ოპერაციული საქმიანობის გამუდმებული სტრატეგიული ცვლილებების დროს საწარმოს მიერ ფორმირებულ საინვესტიციო რესურსებს, როგორც წესი, მოიხმარენ რეალური ინვესტირების საჭიროებებზე სტრატეგიული პერიოდის ყოველი ინტერვალის ფარგლებში. ასეთ პირობებში ფინანსურ ინვესტირებას აქვს დროებით თავისუფალი საინვესტიციო რესურსების გამოყენების მოკლევადიანი ხასიათი და მცირე მოცულობებით ხორციელდება. ოპერციული საქმიანობის წყვეტილი სტრატეგიული ცვლილებების დროს საწარმოს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობით შეუგროვდება დროებით გამოუყენებელი საინვესტიციო რესურსები და მათი გამოყენება შეუძლია როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ფინანსური ინვესტირების პროცესში.
ფინანსურ ბაზარზე პროცენტის საპროგნოზო განაკვეთი წმინდა საინვესტიციო მოგების ნორმის ფორმირების მექანიზმის მეშვეობით მოქმედებს საწარმოს რელური და ფინანსური ინვესტირების ფორმების თანაფარდობაზე. პროცენტის განაკვეთის აწევა რეალურ ინვესტირებაში შესაბამისად ამცირებს წმინდა საინვესტიციო მოგების ნორმას, რადგან სხვა თანაბარ პირობებში ადიდებს მოზიდული საინვესტიციო რესურსების ღირებულებას. ფინანსურ ინვესტირებაში შეინიშნება საპირისპირო ტენდენცია – პროცენტის განაკვეთის მატებასთან ერთად წმინდა საინვესტიციო მოგების ნორმა უმრავლესი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის იზრდება.
ინფლაციის პროგნოზირებადი ტემპი გავლენას ახდენს საწარმოს რეალური და ფინანსური ინვესტირების ფორმების თანაფარდობაზე ინვესტირების ობიექტების (ინსტრუმენტების) ინფლაციისგან დაცულობის სხვადასხვა დონესთან დაკავშირებით. რეალურ ინვესტიციებს ინფლაციისგან დაცვის მაღალი დონე აქვს, რადგან რეალური ინვესტირების ობიექტების ფასები, ჩვეულებრივ, ინფლაციის ტემპის პროპორციულად მატულობს. ამავე დროს, ინვესტირების ფინანსური ინსტრუმენტების უმრავლესობის ინფლაციისგან დაცვის დონე ძალიან სუსტია – ინფლაციის პროცესში უფასურდება არა მარტო მოსალოდნელი საინვესტიციო მოგების სიდიდე, არამედ ინვესტირების თვით იმ ინსტრუმენტების ღირებულებაც, რომლებიც შემდგომში უნდა დაიფაროს. შესაბამისად, ინფლაციის ტემპების საპროგნოზო ზრდა ამაღლებს რეალური ინვესტირების ხვედრით წილს მაშინ, როდესაც მათი კლება გაააქტიურებს საწარმოს ფინანსურ ინვესტირებას.
სტრატეგიული პერიოდის ცალკეულ ეტაპებზე რეალური და ფინანსური ინვესტირების ფორმების სტარტეგიული შერჩევის ალტერნატიულობა შეიძლება განსაზღვროს სოციალურმა, ეკოლოგიურმა, იმიჯთან დაკავშირებულმა და სხვა ინსტიტუციურმა ფაქტორებმა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ინვესტირების სხვადასხვა ფორმების თანაფარდობის დიფერენცირება საჭიროდ მიგვაჩნია განხორციელდეს სტრატეგიული პერიოდის ცალკეული ინტერვალების მიხედვით.
საინვესტიციო საქმიანობის დარგობრივი მიმართულების განსაზღვრა საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების ყველაზე უფრო რთული ამოცანაა. იგი მოითხოვს საინვესტიციო საქმიანობის პროგნოზირებისადმი ეტაპობრივ მიდგომას საწარმოს ეკონომიკური განვითარების საერთო სტრატეგიასთან კავშირში.
პირველ ეტაპზე საჭიროდ მიგვაჩნია გამოკვლეულ იქნას საინვესტიციო საქმიანობის დარგობრივი კონცენტრაცია ან დივერსიფიკაციის მიზანშეწონილობა. საწარმოს საქმიანობის საწყისი ეტაპები, როგორც წესი, უკავშირდება მის კონცენტრაციას იმ რომელიმე ერთ დარგზე, რომელსაც ყველზე უფრო კარგად იცნობენ ინვესტორები. დასავლეთის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაზე უფრო იღბლიანმა ბევრმა ინვესტორმა დიდ კეთილდღეობას მიაღწია კონცენტრაციის სტრატეგიის გამოყენებით, ე.ი. მონოდარგობრივი საქმიანობის ფარგლებიდან გამოუსვლელად. ამის ყველაზე უფრო ნათელ მაგალითებს გვაძლევს ცალკეული სახის მეცნიერებატევადი პროდუქციის (კომპიუტერული პროგრამები და სხვა) ან იმ პროდუქციის წარმოება, რომლებიც მომხმარებელთა ფართო წრის ახალ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიის გამომყენებელ ინვესტორებს შორის გაკოტრების ყველაზე უფრო მეტი შემთხვევა შეინიშნება, რადგან კონცენტრაცია საინვესტიციო რისკების იმაზე უფრო მაღალ დონეს უკავშირდება, ვიდრე ამისი უფლება შეიძლება მისცეს თავის თავს მრავალმა ინვესტორმა.
დარგობრივი კონცენტრაციის სტრატეგიის გამოყენება (თუკი რისკის მაღალი დონის მიუხედავად, მას მაინც აირჩევს ინვესტორი) საწარმოს სასიცოცხლო ციკლი მხოლოდ პირველ სამ სტადიაზე შეიძლება, რადგან ხელსაყრელ პირობებში მან შეიძლება განაპირობოს წარმოების განვითარების ან კაპიტალის მატების ყველაზე მაღალი ტემპები. სასიცოცხლო ციკლის მომდევნო სტადიებზე საქონელზე (მომსახურებაზე) მომხმარებელთა ძირითადი კონტიგენტის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ერთად მას საინვესტიციო საქმიანობის დარგობრვი დივერსიფიკაციის სტრატეგია შეცვლის.
მეორე ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია საინვესტიციო საქმიანობის დარგობრივი დივერესიფიკაციის ამა თუ იმ ფორმის შერჩევა დარგების გარკვეული ჯგუფების ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების, კვების მრეწველობის, ტრანსპორტის და ა.შ. დარგები. ამგვარი დარგობრივი დივერსიფიკაცია შესაძლებლობას უქმნის ინვესტორს უფრო ფართოდ გამოიყენოს მარკეტინგის, საწარმოს ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილება და გაზარდოს ინვესტირების ეფექტიანობა. გარდა ამისა, დარგობრივი დივერსიფიკაციის გამოყენება ასეთ შეზღუდულ ფარგლებშიც კი არსებითად ამცირებს საინვესტიციო რისკების დონეს.
საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის დივერსიფიკაცია დარგების გარკვეული ჯგუფის ფარგლებში უკავშირდება “მეურნეობრიობის სტრატეგიული ზონების” ფორმირებას (იგი ხორციელდება კომპანიის ეკონომიკური განვითარების საერთო სტრატეგიის შემუშავების პროცესში). მეურნეობრიობის სტრატეგიული ზონა მთლიანად აგებს პასუხს კონკურენტუნარიანი პროდუქციის ასორტიმენტის შემუშავებაზე, ეფექტიან საგამსაღებლო სტრატეგიაზე და ამის უზრუნველმყოფ საინვესტიციო სტრატეგიაზე.
ამასთან, საინვესტიციო საქმიანობის ამ სტრატეგიასაც აქვს ნაკლოვანებები. მთავარი მათ შორის ისაა, რომ გარკვეულ ჯგუფს სასიცოცხლო ციკლი აქვს, რაც აძლიერებს საინვესტიციო რისკს, განსაკუთრებით, ეკონომიკის ტრადიციულ დარგებში. გარდა ამისა, ასეთი დარგების პროდუქციაზე, ჩვეულებრივ, მოქმედებს დროში ერთგვაროვანი კონიუნქტურული ციკლები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საინვესტიციო რისკს ცალკეულ არახელსაყრელ პერიოდებში. ამიტომ დარგების გარკვეული ჯგუფის ფარგლებში საინვესტიციო საქმიანობის დივერსიფიკაციის სტრატეგიის გამოყენება ეფექტიანია მხოლოდ საქონლის შესაბამისი ბაზრების კონიუნქტურის სწორი პროგნოზის დროს.
მესამე ეტაპზე საჭიროდ მიგვაჩნია შესწავლილ იქნეს საინვესტიციო საქმიანობის დივერსიფიკაციის ამა თუ იმ ფორმით მიზანშეწონილობა ერთმანეთთან კავშირის არმქონე დარგების ჯგუფების ჭრილში. ამგვარი სტრატეგიის გამოყენების საჭიროებას განსაზღვრავს ის, თუ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ეწევა თავის საქმიანობას. ტრადიცულად შერჩეული დარგები (ცალკეულად ან გარკვეული ჯგუფების ფარგლებში) აფერხებენ პერსპექტიული განვითარების ტემპებს, ინვესტიციებიდან მაღალი უკუგების მიღებას, ზოგჯერ კი განაპირობებენ სტრატეგიულ სისუსტეს კონკურენტებთან ბრძოლაში. განვითარების ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ასეთი წარმოებისთვის შესაძლებელია დარგების სხვა ალტერნატიულ ჯგუფებში ინვესტირებისას.
საინვესტიციო საქმიანობის ამგვარი დივერსიფიკაციის განხორციელების პირობად გვევლინება, ე.წ. “მეურნეობრიობის სტრატეგიული ცენტრების” ფორმირება, რომელთა შემადგენლობაშიც მეურნეობრიობის რამდენიმე სტრატეგიული ზონა შეჰყავთ (მეურნეობრიობის ასეთი სტრატეგიული ცენტრების სისტემა პირველად აამოქმედეს ამერიკის ფირმა “ჯენერალ ელექტირკში”, რამაც მას საინვესტიციო და სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობის მნიშვნელოვნად ამაღლების შესაძლებლობა მისცა). მეურნეობრიობის სტრატეგიული ცენტრი მთლიანად აყალიბებს თავის საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიის დამოუკიდებელი შემადგენელი ელემენტია. სასიცოცხლო ციკლის სხვადახვა სტადიისა და პროდუქციაზე კონიუნქტურის დროში განსხვავებული რყევების მქონე დარგების შერჩევის ხარჯზე არსებითად მცირდება საინვესტიციო რისკების დონე.
საინვესტიციო სტრატეგიის დარგობრივი მიმართულების შემუშავების მეორე და მესამე ეტაპების პროცესში განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის დივერსიფიკაცია იძლევა სინერგიზმის ეფექტს, რომლის დროსაც საწარმოს პოლიდარგობრივი საქმიანობის მთლიანი ეფექტი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ცალკეული დარგობრივი ქვედანაყოფების ეფექტი. სინერგიზმის ეფექტის მისაღებად საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის დარგობრივი დივერსიფიკაციის პროცესში შეუძლია გამოიყენოს შემტევი საინვესტიციო სტრატეგია, როცა ინვესტირების ობიექტების მოძიების კრიტერიუმად დარგების კონგლომერატის მომავალ უპირატესობებს იყენებენ, ან დამცავი საინვესტიციო სტრატეგია, როცა ინვესტირების ობიექტების ძიება ცალკეული დარგობრივი წარმოებების სისუსტეების აღმოფხვრისკენაა მიმართული.
ამგვარად, საინვესტიციო საქმიანობის დარგების შერჩევას უკავშირდება ორი პრინციპული საინვესტიციო სტრატეგია – კონკურენტული და პორტფელური. პირველმა უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო მოგების მაქსიმიზება ერთი დარგის ფარგლებში, მეორემ კი – დარგთაშორისი მიმართულების ქვედანაყოფების სწორად შეხამების ხარჯზე (საინვესტიციო რისკის დონის შემცირების პარალელურად).
საინვესტიციო სტრატეგიის დარგობრივ დივერსიფიკაციას ახორციელებენ ცალკეული დარგების (ან მათი ჯგუფების) საპროგნოზო განვითარების წინასწარ შეფასების გათვალისწინებით. ამგვარი შეფასების სანიმუშო ფორმა 1 ცხრილშია მოყვანილი.
შეფასების მოყვანილი ფორმა გამარტივებულია, მაგრამ იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი საწარმოსთვის, რადგან მას ექსპერტების როლში მყოფი საკუთარი ან მოწვეული საინვესტიციო მენეჯერები ახორციელებენ. დარგობრივი დივერსიფიკაციის მიმართულებათა შემუშავებისთვის უფრო საიმედო მონაცემებს იძლევა ცალკეული დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის გაღრმავებულად შეფასება, რაც გულისხმობს მათ ინტეგრალურ დახასიათებას პერსპექტიული განვითარების, შემოსავლიანობის დონისა და ინვესტიციების რისკის პოზიციებიდან.
ეკონომიკის ცალკეული დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის კვლევას ამჟამად მეტად იშვიათად ახდენენ და მისი განხორციელების ერთიანი მეთოდური პრინციპები ჯერ შემუშავებული არაა. ამიტომ ქვემოთ მოგვყავს ასეთი შეფასების ავტორისეული კონცეფცია. იგი ეყრდნობა ეკონომიკის ცალკეული დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის იმ კვლევათა ჩატარებას, რომლებიც მთელი რიგი საინვესტიციო კომპანიების შეკვეთით იყო შესრულებული.
ეკონომიკის ცალკეული დარგების (ქვედარგების) საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება შემდეგი ძირითადი ელემენტების მიხედვით ხორციელდება (ნახ. 4.).
თითოეული ჩამოთვლილი ელემენტი, რომლებსაც შეფასების ჩატარების სინთეზურ (აგრეგირებულ) შედეგებად განიხილავენ, კონკრეტულ ანალიტიკურ შეფასებით მონაცემებსა და ექსპერტულ შეფასებებს ეყრდნობა.
დარგის განვითარების პერსპექტიულობის დონეს შემდეგი ძირითადი მაჩვენებლებისა და მახასიათებლების საფუძველზე აფასებენ;
დარგის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში. ამ მაჩვენებლის რაოდენობრივ შეფასებას შეადგენს დარგის პროდუქციის ფაქტიური და საპროგნოზო ხვედრითი წილები ქვეყნის მშპ-ში ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის გათვალისწინებით;
დარგის მდგრადობა ეკონომიკური ვარდნის მიმართ. ამ მდგრადობის დონეს განსაზღვრავენ პროდუქციის დარგობრივი წარმოების დინამიკისა და ქვეყნის მშპ-ის დინამიკის თანაფარდობის ანალიზის საფუძველზე;
დარგის სოციალური მნიშვნელობა. მას ახასიათებენ დარგში დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობითა და მათი ხვედრითი წილით ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში;
საკუთარი ფინანსური რესურსებით დარგის განვითარების უზრუნველყოფა. ასეთი შეფასებისათვის იყენებენ იმ კაპიტალურ დაბანადებათა მოცულობისა და ხვედრითი წილის მონაცემებს, რომლებსაც დარგის საწარმოთა საკუთარი ფინანსური რესურსების ხარჯზე ახორციელებენ; საკუთარი კაპიტალის ხვედრით წილს დარგის საწარმოების მიერ გამოყენებული კაპიტალის მთელ მოცულობაში და სხვა;
დარგის განვითარების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის დონე. ამ მაჩვენებლის რაოდენობრივ შეფასებას შეადგენს მონაცემები დარგში სახელმწიფოს კაპიტალური დაბანდებების მოცულობის შესახებ; დარგის საწარმოთა შეღავათიანი სახელმწიფო დაკრედიტების მოცულობის შესახებ; დარგის საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების სისტემის შესახებ და ა.შ.
დარგის სასიცოცხლო ციკლის სტადია. ასეთ შეფასებას ახორციელებენ ეკონომიკის მხოლოდ იმ დარგებისთვის (ქვედარგებისთვის), რომელთა განვითარება სასიცოცხლო ციკლის ცალკეული სტადიების მიხედვით ხდება (ცალკეულ დარგებსა და ქვედარგებს, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებას არა აქვს ციკლური განვითარების ხასიათი). დარგის სიცოცხლის ციკლის კონცეფციის შესაბამისად იგი შემდეგი ხუთი სტადიისაგან შედგება: დაბანდება, ზრდა, გაფართოება, სიმწიფე, დაბერება.
დარგის საწარმოების საქმიანობის საშუალოდარგობრივი რენტაბელობის დონეს აფასებენ შემდეგი კოეფიციენტების საფუძველზე:
აქტივების რენტაბელობის კოეფიციენტი, მისი მეშვეობით მსჯელობენ საწარმოს აქტივების მიერ მოგების გენერირების შესახებ მათი საქმიანობის დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით;
საკუთარი კაპიტალის რენტაბელობის კოეფიციენტი. იგი პრიორიტეტულია ამ ჯგუფის მაჩვენებლთა განხილულ სისტემაში, რადგან საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ინვესტიციების მომგებიანობის საშუალოდარგობრივი დონის შესახებ.
პროდუქციის რეალიზაციის რენტაბელობის კოეფიციენტი. ეს მაჩვენებელი წარმოდგენას გვიქმნის დარგის მოგების ნორმაზე მისი პროდუქციის საშუალო ფასების შემადგენლობაში;
მიმდინარე ხარჯების რენტაბელობის კოეფიციენტი. ამ მაჩვენებლის გამოყენება წარმოდგენას გვაძლევს პროდუქციის ფასების დიაპაზონის ფორმირების პოტენციურ შესაძლებლობებზე მისი წარმოებისა და რეალიზაციის ხარჯების ჩამოყალიბებული დონის პოზიციებიდან.
დინამიკაში ამ მაჩვენებლების მნიშვნელობათა დიდი ვარიაციულობის გათვალისწინებით, რაც თანამედროვე ეტაპზე საწარმოთა განვითარების ეკონომიკური პირობების არასტაბილურობითაა გამოწვეული, ამ მაჩვენებლებს მთელი რიგი წლების მანძილზე ანგარიშობენ და სწავლობენ.
დარგობრივი საინვესტიციო რისკების დონეს შემდეგი მაჩვენებლების საფუძველზე ანგარიშობენ:
საკუთარი კაპიტალის რენტაბელობის საშუალო დარგობრივი მაჩვენებლის ვარიაციის კოეფიციენტი საანალიზო პერიოდის ცალკეული წლების მიხედვით. ეს მაჩვენებელი დინამიკაში საინვესტიციო რისკის დონის ტრადიციული საზომია;
რენტაბელობის მაჩვენებლების ვარიაციის კოეფიციენტი დარგის ცალკეული საწარმოს ჭრილში. იგი ახასიათებს საფინანსო (საინვესტიციო) რისკების დონის რყევების შიდადარგობრივ დიაპაზონს;
დარგში არსებული კონკურენციის დონე. ამ მაჩვენებელს რაოდენობრივად ახასიათებს იმ საწარმოების რიცხვი, რომლებიც მოცემულ დარგში ფუნქციონირებენ (სხვა დარგებთან შედარებით), აგრეთვე, იმ საწარმოების რაოდენობა, რომლებსაც მონოპოლური მდგომარეობა უკავია ბაზარზე (პროდუქციის რეალიზაციის ხვედრითი წილის კრიტერიუმით);
დარგის პროდუქციის ფასების საინფლაციო მდგრადობის დონე. ასეთი შეფასება შეგვიძლია მივიღოთ, თუკი დარგის პროდუქციის ფასების დონის დინამიკის მაჩვენებლებს შევუდარებთ მთლიანად ქვეყანაში საბითუმო ფასების ინდექსის ან ინფლაციის ინდექსის დინამიკასთან;
დარგში სოციალური დაძაბულობის დონე. ამაზე მსჯელობის შესაძლებლობას გარკვეულწილად გვიქმნის დარგის მუშაკთა ხელფასის საშუალო დონის მაჩვენებლის შედარება ქვეყანაში საარსებო მინიმუმის რეალურ დონესთან.
ჩამოთვლილი სამი ელემენტის (სინთეზური შეფასებითი მახასიათებლის) და საინვესტიციო მიმზიდველობის საერთო მახასიათებელში, მათი რანგობრივი მნიშვნელობის საფუძველზე, ანგარიშობენ ეკონომიკის ცალკეული დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის დონის ინტეგრალურ მაჩვენებლებს.
პირველ ეტაპზე ანგარიშობენ დარგების რანგობრივ მნიშვნელობას მათი შეფასების ყოველი ელემენტის მიხედვით. ასეთი შეფასების პროცესში დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის ცალკეული ელემენტების დასახასიათებლად გამოყენებულ ყველა ანალიტიკურ მაჩვენებელს თანაბარი მნიშვნელობის მქონედ განიხილავენ (საჭიროების შემთხვევაში თითოეული ამ ანალიტიკური მაჩვენებლის მნიშვნელობა შეიძლება დიფერენცირებული იყოს საექსპერტო შეფასების საფუძველზე). შეფასების ყოველი ელემენტის მიხედვით, დარგის რანგობრივ მნიშვნელობას ანგარიშობენ, როგორც მის საშუალო რანგობრივ მნიშვნელობას ამ ელემენტში შემავალი ყველა ანალიტიკური მაჩვენებლის მიხედვით.
მეორე ეტაპზე, თითოეული ელემენტის მიხედვით დარგის რანგობრივი მნიშვნელობის საფუძველზე ანგარიშობენ მათი საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ინტეგრალურ რანგობრივ მაჩვენებელს.
იმის გათვალისწინებით, რომ შეფასების ცალკეული ელემენტები სხვადასხვა როლს თამაშობს საინვესტიციო გადაწყვეტილებათა მიღებაში, ახდენენ მათი მნიშვნელობის დიფერნცირებას საექსპერტო გზით. ამ გზით (მთელი რიგი საინვესტიციო კომპანიების საინვესტიციო მენეჯერების გამოკითხვის საფუძველზე) ეკონომიკის ცალკეული დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის ეკონომისტების მიერ ჩატარებული შეფასების პროცესში ინტეგრალური რანგობრივი მაჩვენებლის ანგარიშის დროს დადგინდა ცალკეული ელემენტების შემდეგი მნიშვნელობა:
დარგის განვითარების პერსპექტიულობის დონე – 20%;
დარგის საწარმოთა საქმიანობის საშუალო დარგობრივი რენტაბლობის დონე -65%;
დარგობრივი საინვესტიციო რისკების დონე – 15%;
ბუნებრივია, რომ შეფასების ცალკეული ელემენტების მოყვანილ მნიშვნელობას გარკვულწილად სუბიექტური ხასიათი აქვს, რადგან იგი დამოკიდებულია ექსპერტების შემადგენლობასა და კვალიფიკაციაზე. ამიტომ ცვალებად ეკონომიკურ პირობებში ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების დროს ცალკეული ელემეტების მოყვანილი მნიშვნელობები დასაზუსტებელია.
ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების რანგობრივი მაჩვენებლის გაანგარიშებას ახდენენ ფორმულით:
, სადაც

IRSia – ეკონომიკის დარგის საინვესტიციო მიმზიდველობის ინტეგრალური რანგობრივი მაჩვენებელია (Integral range showing of investment attractiveness of the economical field);
MRSde – საშულო რანგობრივი მაჩვენებელი, დარგის შეფასების განსახილველი ელემენტის მიხედვით (Middle range showing according to the discussed element of field estimation);
AEf შესაბამისი ელემენტის მნიშვნელობა დარგის მთლიან შეფასებაში, რომელიც ათწილადითაა გამოსახული (Meaning of appropriate element in total estimation of a field expressed in decimal).
მესამე ეტაპზე ცალკეული დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების უკვე გაანგარიშებული ინტეგრალური რანგობრივი მაჩვენებლების საფუძველზე ხდება მათი სათანადო დაჯგუფება. ამ დაჯგუფების პროცესში ადგენენ:
საინვესტიციო მიმზიდველობის დონის მიხედვით პრიორიტეტულ დარგებს;
საინვესტიციო მიმზიდველობის საშუალო დონის მქონე დარგებს;
საინვესტიციო მიმზიდველობის დაბალი დონის მქონე დარგებს;
საწარმოს საინვესტიციო პორტფელის დარგობრივი დივერსიფიკაციის მიზნით ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის დონის შეფასების შედეგების გამოყენების დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ შეფასების მთელ რიგ მაჩვენებლებს დინამიკის მაღალი დონე აქვს. ამიტომ ცალკეული დარგების საწარმოთა საქმიანობის ეკონომიკური პირობების ცვლილებასთან ერთად უნდა გადაისინჯოს ეს შეფასება (გადასინჯვის პერიოდულობა, ჩვეულებრივ, ორი წელია).
საინვესტიციო საქმიანობის რეგიონული მიმართულების განსაზღვრა საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების დროს ორ ძირითად პირობას უკავშირდება.
პირველი პირობაა საწარმოს ზომა. მცირე ფირმების უდიდესი უმრავლესობა და საშუალო საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ იმ ერთი რეგიონის ფარგლებში, სადაც ინვესტორი ცხოვრობს. საინვესტიციო დივერსიფიკაციის საქმიანობის რეგიონული შესაძლებლობები (განსაკუთრებით – რეალური ინვესტიციების ნაწილში) ასეთი ფირმებისთვის საინვესტიციო რესურსების მოცულობის უკმარისობისა და საინვესტიციო და სამეურნეო საქმიანობის მართვის არსებითად გართულების გამო არის შეზღუდული. რეგიონული დივერსიფიკაცია პრინციპულად შესაძლებელია მხოლოდ ფინანსური ინვეტიციების დროს, მაგრამ ამ საწარმოებს მათი მოცულობა მცირე აქვს. ამიტომ საინვესტიციო გადაწყვეტილებათა მიღება შესაძლებელია არა შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში, არამედ საინვესტიციო პორტფელის ფორმირების დროს (ე.ი. საინვესტიციო საქმიანობის ტაქტიკური მართვის სტადიაზე).
შემუშავების აუცილებლობის განმსაზღვრელი მეორე პირობაა საწარმოს ფუნქციონირების ხანგრძლივობა. მისი სიცოცხლის ციკლის პირველ სტადიებზე სამეურნეო და საინვესტიციო საქმიანობა, როგორც წესი, თავმოყრილია ერთი რეგიონის ფარგლებში და მხოლოდ საწარმოს შემდგომი განვითარების კვალობაზე ჩნდება საინვესტიციო საქმიანობის რეგიონული დივერსიფიკაციის საჭიროება.
საინვესტიციო საქმიანობის რეგიონული მიმართულების შემუშავების საფუძველია ქვეყნის ცალკეული რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება. განვითარების მრავალი რეგიონული ფაქტორის მდგრადობის გამო რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების შედეგები მკვეთრ ცვლილებებს არ განიცდის და მათი გამოყენება შესაძლებელია საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების დროს.
ავტორის კონცეფციის შესაბამისად, რომელიც მთელ რიგ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების მუშაობის ანალიზის პროცესშია აპრობირებული, ქვეყნის რეგიონების საინვესტიციო მიზიდულობის შეფასებას შემდეგი ძირითადი ელემენტების მიხედვით ახდენენ (ნახ. 5.).
ისევე როგორც მეთოდიკის წინა ვარიანტში, თითოეული ჩამოთვლილი ელემენტი (მათ შეფასების სინთეზურ შედეგად განიხილავენ) კონკრეტული ანალიტიკური მაჩვენებლების გაანგარიშებასა და შესწავლას ეყრდნობა.
1. რეგიონის საერთო ეკონომიკური განვითარების დონეს შემდეგი ანალიტიკური მაჩვენებლების საფუძველზე აფასებენ:
რეგიონის ხვედრითი წილი ქვეყნის მშპ-სა და ეროვნულ შემოსავალში;
რეგიონში წარმოებული სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით;
მოსახლეობის შემოსავლების საშუალო დონე;
რეგიონში ბოლო წლებში განხორციელებული კაპიტალური დაბანდებების საშუალო წლიური მოცულობა და სხვა.
2. რეგიონში საინვესტიციო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე. ამ ელემენტის დასახასიათებლად იყენებენ შემდეგ ძირითად მაჩვენებლებს:
საიჯარო სამშენებლო საწარმოთა რაოდენობა რეგიონში;
ძირითადი სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოების მოცულობა;
ენერგეტიკული რესურსების წარმოების მოცულობა რეგიონში (ელექტროენერგიაზე გადაანგარიშებით);
სარკინგზო და მაგარი საფარის მქონე საავტომობილო გზების სიმჭიდროვე 100 კმ2 ტერიტორიაზე;
საქონლისა და საფონდო ბირჟების არსებობა რეგიონში;
იმ საბროკერო კანტორების რაოდენობა, რომლებიც ოპერაციებს ახორციელებენ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და ა.შ.
3. რეგიონის დემოგრაფიულ მახასიათებელს შემდეგი ძირითადი მაჩვენებლების საფუძველზე აფასებენ:
რეგიონის მოსახლეობის ხვედრითი წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში;
რეგიონის ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის თანაფარდობა;
მომუშავე მოსახლეობის ხვედრითი წილი (ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის ჩათვლით);
შრომისუნარიანი მოსახლეობის კვალიფიკაციის დონე და სხვა.
4. რეგიონში საბაზრო ურთიერთობების და კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარების დონე შეიძლება შემდეგი ძირითადი მაჩვენებებით დავახასიათოთ:
საკუთრების არასახელმწიფო ფორმების საწარმოთა ხვედრითი წილი რეგიონის საწარმოთა მთლიან რაოდენობაში;
მათი პროდუქციის ხვედრითი წილი რეგიონის სამრეწველო და სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მთლიან მოცულობაში;
რეგიონში უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივად მომუშავე საწარმოების რიცხოვნობა;
საბანკო დაწესებულებათა რაოდენობა რეგიონში ფილიალების ჩათვლით;
სადაზღვევო კომპანიების რიცხოვნობა რეგიონის ტერიტორიაზე მათი წამომადგენლობების ჩათვლით და ა.შ.
5. რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის უსაფრთხოების დონეს ასეთი მაჩვენებლების მეშვეობით აფასებენ:
ეკონომიკურ დაძაბულობათა დონე რეგიონის 100 ათას მცხოვრებზე გაანგარიშებით;
დაუმთავრებელი მშენებლობის მქონე ობიექტების ხვედრითი წილი ბოლო სამ წელიწადში დაწყებულ მშენებლობათა მთლიან რაოდენობაში;
ისეთი მავნე გამონატყორცნების მქონე საწარმოების ხვედრითი წილი რეგიონების საწარმოების მაღალ რაოდენობაში, რომლებიც აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს;
საშუალო რადიაციული ფონი რეგიონის ქალაქებში და ა.შ.
რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის ინტეგრალური მაჩვენებლის გაანგარიშების მეთოდიკა და თანმიმდევრობა ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ანალოგიურია. ინტეგრალური შეფასების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკეული ელემენტების ის შემდეგი მნიშვნელობანი, რომლებიც ექსპერტული წესითაა დადგენილი:
რეგიონის საერთო ეკონიმიკური განვითარების დონე – 35%;
რეგიონში საინვესტიციო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე – 15%;
რეგიონში საბაზრო ურთიერთობათა და კომერციული ინფრასტურქტურის განვითარების დონე – 25%;
რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის უსაფრთხოების დონე – 1%.
ქვეყნის რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ინტეგრალურ რანგობრივ მაჩვენებელს შემდეგი ფორმულით ანგარიშობენ:
სადაც
IRia – ქვეყნის რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის ინტეგრალური რანგობრივი მაჩვენებელია;
MRre – საშუალო რანგობრივი მაჩვენებელი რეგიონის შეფასების განსახილველი ელემენტის მიხედვით;
AEte – შესაბამისი ელემენტის მნიშვნელობა რეგიონის მთლიან შეფასებაში, რომლებიც ათწილადითაა გამოსახული.
ინტეგრალური რანგობრივი მაჩვენებლის გაანგარიშების შედეგების მიხედვით აფასებენ ქვეყნის ცალკეული რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის დონეს. ამ შეფასების დროს ადგენენ:
საინვესტიციო მიმზიდველობის პრიორიტეტული დონის რეგიონებს;
საინვესტიციო მიმზიდველობის მაღალი დონის რეგიონებს;
საინვესტიციო მიმზიდველობის საშუალო დონის რეგიონებს;
საინვესტიციო მიმზიდველობის დაბალი დონის რეგიონებს;
რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების განმსაზღვრელ მაჩვენებლებს უპირატესად სტაბილური ხასიათი აქვს, რის გამოც ამ შეფასების პერიოდულობა 3-4 წელი შეიძლება იყოს.
ეკონომიკის დარგების და ქვეყნის რეგიონების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდები გაზრდის საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიის დარგობრივი და რეგიონული დივერსიფიკაციის საკითხებში მმართველურ გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობას, კარგ პირობებს შეუქმნის მათი საინვესტიციო საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებას.
საინვესტიციო საქმიანობის შემუშავებული სტრატეგიული მიმართულებების დიფერენცირებას შემდგომში მათი რეალიზაციის გარკვეული პერიოდების მიხედვით ახდენენ.