ეკონომიკური პოლიტიკა
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენანია
ანჟელა მერკელის მთავრობამ ნოემბრის ბოლოს მოსახლეობას 20 მილიარდი ევრო გამოუყო. აქედან ყველა დასაქმებულს 500-500 ევრო შეხვდება საახალწლო საქონლის საყიდლად. ამით გერმანიის მთავრობამ ბაზრის პროვოცირება მოახდინა. დოჰას რაუნდიდან მოყოლოებული განვითარებადი ბაზრის ქვეყნების მთავრობები გააფთრებულ წინააღდეგობას უწევენ განვითარებულ ქვეყნებს. განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის სუბსიდირების გამო.
დაარსების დღიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, უფრო ადრეც GAAT-ის ეპოქიდან, სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკის ნიველირებას და ბასრი კუთხეების დაშოშმინებას ცდილობს. რას ნიშნავს ყველა ეს ზემოთ მოყვანილი ფაქტები? ყველა გვიპასუხებს, რა ტრივიალურ რამეებს გვეკეითხებიაო. არა, ჩემო მკითხველო, ეს ტრივიალური ხშირად ძალიან რთული და ძნელად გასაგებია, განსაკუთრებით საქართველოში და მის ეკონომიკურ სექტორში, სადაც, როცა ქართველი ეკონომისტ-მეცნიერები მუდმივად ცდილობენ მეცნიერულად განჭვრიტონ ესა თუ ის პარადიგმა და კონცეპტუალურად ჩამოაყალიბონ იგივე სიუხვის გადანაწილების, შექმნის თუ მართვის თემები, უზარმაზარ წინააღდეგობას აწყდებიან, რადგან დღემდე ბევრი ფიქრობს თუ ბერლინში, პენსილვანიაში ან ლონდონში ეკონომიკაზე იწერება წიგნები, საქართველოში მისი დაწერა რა საჭიროაო. ყოველი ჩემი კოლეგა ალბათ თავის თავს ეკითხება, სანამ კალამს ხელს მოკიდებს ან კომპიუტერს მიუჯდება. უზარმაზარი შეცდომაა!!!
ყოველი ეკონომიკური პრობლემა ქართული რეალობის წიაღში უნდა იქნეს გააზრებული და იმ რეალობის გათვალისწინებით მოხდეს ადაპტირება, რა მისიასაც ისახავს ქართული ეკონომიკა და სახელმწიფო. საოცარია, მაგრამ ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ეს პრობლემა მეტად მძაფრდება. მეტიც, კრიზისი ეკონომიკური პოლიტიკის და ალგორითმების გადალაგებას და ახალი თამაშის წესების ჩამოყალიბებას გულისხმობს. მგონი ეს ნათელია და ემპირიული ხედვითაც აშკარად ჩანს. მეორე შეცდომა, რასაც ნიჰილისტები უშვებენ ის არის, რომ ფიქრობენ, ახალი თამაშის წესებს საქართველოს გარეშეც შექმნიანო. დიახ, შექმნიან, მაგრამ არა საქართველოსათვის.
ამიტომ არის მისასალმებელი ეკონომიკურ პოლიტიკაში ახალი სახელმძღვანელოს შექმნა. ამჯერად ჩვენი განხილვის საგანი ავტორების: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის რევაზ გველესიანის და ასოცირებული პროფესორის მირიან გოგორიშვილის მიერ გამოშვებული სახელმძღვანელოს პირველი ნაწილია, სადაც კონცენტრირებულია ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის 6 ძირითადი მიმართულება. მიმაჩნია, რომ დღევანდელი სტუდენტებისათვის ეს მეტად აქტუალურია, რადგან თანამედროვე საქართველოში მისი როლი გავაუბრალოეთ და უარი ვთქვით ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართულ ეკონომიკურ კვლევებში ეს გარკვეული ნოვაციაა. ქართველ ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებში კონკურენციის პოლიტიკა მუდმივი დავის საგანია. ოქროს შუალედი ვერ მოინახა. ბოლო წლებში საქართველოს სინამდვილეში საფინანსო პოლიტიკა ხშირად სავალუტო ფონდის თრგეტირებამდეა დაყვანილი, ფულადი პოლიტიკის, როგორც რელურად ეკონომიკის ძირითადი პარამეტრების კატალიზატორისა, არსებობაზე ბევრს ეჭვი ეპარება, განსაკუთრებით ნოემბრის ცნობილი სკანდალური მოვლენების შემდგომ.
წარმოდგენილ საკითხთა სპექტრი მეტად ფართოა და სტუდენტებისათვის მათი მიწოდების სტილი მეტად უშუალო და გასაგებია. თითოეულ მათგანზე შეიძლება ცალკე სახელმძღვანელოს შექმნა და საკითხთა გამა, რომელიც აქ შეიძლება განვიხილოთ, საკმაოდ მრავალფეროვნია. მაგრამ ეტყობა ავტორების ჩანაფიქრი ამ ეტაპზე ბაკალავრთათვის პრინციპების დონეზე სრული და გასაგები მასალის მიწოდებაა და ეს მიზანი სრულად არის მიღწეული. ნაშრომის ერთი ამოსუნთქვით წაკითხვის შემდგომ თქვენ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ჩაიხედეთ ეკონომიკური პოლიტიკის იდუმალებით სავსე სამყაროში. ამასთან, მეტად სერიოზული ეკონომიკური კატეგორიების განსაზღვრის დროსაც, ისინი მუდმივ რეფერს აკეთებენ წამყვან ევროპელ ავტორებზე, ასე მაგალითად, თვით ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას Guy Kirsch-ზე (გვ.11) საგნის ცნების ანალიზისას W Eucken და J Tinbergen-ზე (გვ.13) და ა.შ. შეიძლება ამის ბრალია ის, რომ სახელმძღვანელოს აშკარად აქვს გერმანული გავლენა და ქეისების სახით გამოყენებულია გერმანიის მაგალითები. ასევე ეკონომიკური წესრიგის თავში ისტორიულ და სამართლებირვ ჭრილში განხილულია ეკონომიკური პოლიტიკის შექმნის და მენეჯმენტის ისტორიული და პოლიტიკური სტრუქტურა გერმანიაში.
ამ თავში განხილული ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები დღეს მეტად აქტუალურია საქართველოში და ბევრი პრობლემის გადაწყვეტა სწორედ აქ მოტანილ ფუნდამენტალურ დოქტრინებშია. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია გერმანიის მაგალითის განხილვა, თუმცა უკეთესი იქნებოდა მასალა გაჯერებულიყო ამ სფეროში საქართველოს ეკონომიკაში უხვად დაგროვილი პრობლემებით. ქეისები საქართველოს ეკონომიკიდან უდავოდ გაამდიდრებდა ამ თავს და წიგნს. იგივე ეხება კონკურენციის თავს. რადგან საქართველოში ამ მხრივ საინტერესო სიტუაციაა: ეკონომიკის რეგულირებადი სექტორი, რომელიც მთელს მოცულობაში 70%-მდე აღწევს. კონკურენცია რეგულირდება მარეგულირებელი ორგანოების მხრივ, რომელთაც კანონში ევროპული ნორმები აქვთ ჩადებული, მაგრამ ჩვენ მაინც კანონის არარსებობაზე მეტად ვმსჯელობთ, ვიდრე მის არაეფექტურ გამოყენებასა და აღსრულებაზე. ეკონომიკის დანარჩენი 30% მოხმარებელთა ინტერსები და თუ გნებავთ ბიზნესინტერესები მკაცრ რეგულირებას და დაცვას მოითხოვს, რისთვისაც პოლიტიკური ნებაა საჭირო. ეს თავი აშკარად აჩვენებს სტუდენტებს თუ რა უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ბაზრის განვითარებისათვის ანტიმონოპოლიური რეგულირების სისტემას და იმავდროულად მიანიშნებს ამ საკითხის სიფაქიზეზე.
მთლიანობაში ნაშრომი შესრულებულია მაღალმეცნიერულ დონეზე და ის უდაოდ წაადგება სტუდენტებს ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების დაუფლებაში და საქართველოს სინამდვილეში მისი რეალობისა, თუ აუცილებლობის გააზრებაში.
სასურველობის თვალსაზრისით მინდა შევნიშნო, რომ ნაშრომი უდაოდ მოიგებდა თუ ზოგიერთი დეტალი შემდეგ გამოცემებში შესწორდებოდა.
1. საფინასო პოლიტიკის განხილვისას, გვ.127, მესამე აბზაცი – “საფინანსო გათანაბრება შერეულ სისტემას წარმოადგენს… ძალაშია და ა.შ. შემდეგ მოდის – “ფედერაცია და მხარეები” აქ უნდა დაზუსტდეს ქვეყანა და სისტემა.
2. გვ.154, სახელწიფო ხარჯების განხილვისას მოტანილია ფორმულა და არ წერია, თუ ვის ეკუთვნის იგი. თუ ფორმულა ავტორების არის, უნდა მიეთითოს. ამ ნაწილში სერიოზული ცვლილებებია შესატანი.
3. თანამედროვე ფულადმა ბაზარმა სერიოზული ცვლილებები განიცადა, ამიტომ 193 გვერდზე უნდა ასახულიყო დერევატივების შექმნის ეს ახალი სისტემის ნიუანსები, მით უმეტეს თანამედროვე კრიზისის ფონზე, სადაც სწორედ ამ დერევატივებს მიუძღვით მეტ-ნაკლებად ბრალი.
4 წიგნში ნაკლებად არის მითითებული ქართული წყაროები. იმედს ვიტოვებთ, რომ წიგნის მეორე ნაწილში ეს გამოსწორდება.
მთლიანობაში ნაშრომი მეტად საჭირო და აქტუალურია და ის სტუდენტებს არა მარტო ეკონომიკური პოლიტიკის ანბანს, არამედ მის ევროპულ-გერმანულ სამზარეულოსაც გააცნობს და მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს ასეთი დიდი გამარჯვება და სტუდენტებს ვურჩიო წაიკითხონ ეს შესანიშნავი ნაშრომი.