ხალხის სამსახურში ჩამდგარი სასიკვდილო იარაღი
მომაზადა სოფიკო სიჭინავამ
ტექნიკას ვინც ჩამორჩება, ეკონომიკურადაც ჩამორჩენილია. წარმოუდგენელია, დიდი სახელმწიფო ტექნოლოგიურ შეჯიბრში არ იყოს ერთ-ერთი ლიდერი. ახლანდელი ეკონომიკური კრიზისი რამდენიმე წლის შემდეგ ახალ ინოვაციურ ტალღას გამოიწვევს, ეს გარდაუვალია. მცდარია მოსაზრება, თითქოს კაცობრიობის ინოვაციური გარღვევები, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა თუ კულტურაზე მხოლოდ სამრეწველო რევოლუციამ მოიტანა – ინოვაციები ყველა ეპოქაში ჩნდებოდა, ადამიანები ამას ამჩნევდნენ თუ ვერა. ყველაზე ხშირად, ინოვაციები საომარ ამოცანებთან იყო კავშირში, მაგრამ დროთა განმავლობაში მას მშვიდობიანი და სასარგებლო ელფერი ეძლეოდა.
ზუსტად ამის თქმა შეიძლება კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენაზე – დენთის რეცეპტის საიდუმლოზე, რომელიც თავიდან ალქიმიკოსების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, შემდეგ ეკლესიამ “ეშმაკის ბანგად” მონათლა, დღემდე მილიარდობით ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ შემდეგ იგი შეუცვლელი გახდა სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და სამთო მოპოვებაში.
დენთი – მყარი, ასაფეთქებელი შენარევი, შედგება ბევრი კომპონენტისაგან, რომელსაც უჟანგბადობის პირობებში წვისა და გაზისებრი პროდუქტის გამოყოფის უნარი შესწევს. იმის გამო, რომ დენთის წვა ხორციელდება პარალელური ფენებით, რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს ნივთიერების შიგნით, გაზის წარმოშობის პროცესს დიდ მდგრადობას აძლევს, მათ შორის, მაღალი გარეგანი წნევის პირობებშიც. არსებობს დენთის ორი სახეობა: უკვამლო (ნიტრო ცელულოზური) და შერეული (კვამლიანის ჩათვლით). ნიტროცელულოზური დენთი იყოფა სამ ჯგუფად: პიროქსილური, ბალისტიკური და კორდიტული.
დენთი მოხმარებისთვის უნივერსალურია. პიროკსილური დენთი გამოიყენება სასროლო და საარტილერიო იარაღისთვის. ბალისტიკური გამოიყენება, როგორც რაკეტის ძრავის დასამუხტად, ისე საარტილერიო ხელსაწყოებისთვის და ნაღმსატყორცხნის დასამუხტავად. კვამლიანი დენთი გამოიყენება ცეცხლსადენი ზონრებისთვის, როგორც გამღვივებელი გამნათებელი და ცეცხლისგამჩენი ჭურვებისთვის, ასევე ასაფეთქებელი სამუშაოებისთვის (სანაღმე დენთი). დენთი ლულის კოროზიას იწვევს, განსაკუთრებით მავნეა კვამლიანი დენთი, რომელიც წვის შედეგად გოგირდმჟავას გამოყოფს. XIX საუკუნის ბოლომდე დენთის ამ ტიპს ცეცხლსასროლ იარაღში იყენებდნენ, ახლა მისი გამოყენება მხოლოდ ფოიერვერკით შემოიფარგლება.
დენთის აღმოჩენაზე ლამაზი ლეგენდა არსებობს, რომლის მიხედვითაც იგი ფრანცისკანული ორდენის ბერმა, წარმოშობით ფრეიბურგელმა ბერტოლდ შვარცმა აღმოაჩინა. ალქიმიით გატაცებულმა სრულიად შემთხვევით შექმნა გვარჯილის, ნახშირისა და გოგირდის შენარევი, რომელიც რატომღაც ლითონის როდინში მოათავსა და ზედ ქვა დაადო, კერიიდან გამოტყორცნილმა და როდინში მოხვედრილმა ნაპერწკალმა ალი წარმოშვა და გრუხუნის ხმამ კელია შეაზანზარა. ამ სცენის ამსახველი უძველესი გრავიურაც არსებობს, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის ეს ლეგენდაა თუ რეალური ისტორია.
თუმცა, ბევრად ადრე, 1267 წელს ეს ძალა გამოიკვლია და აღწერა სწავლულმა როჯერ ბეკონმა, მაგრამ მას არ მიეკუთვნება აღმოჩენის ის ნაწილი, რომელმაც ომის საკითხებში გადატრიალება მოახდინა და ერების ისტორიაში დიდი გავლენა იქონია.
დენთის აღმოჩენა საუკუნეების წყვდიადში იკარგება. როგორც ამბობენ, ამ ინოვაციას ჩინელებს უნდა ვუმადლოდეთ. მიიჩნევა, რომ ჩინელებისა და ინდუსებისთვის დენთი ქრისტეს დაბადებამდე ათასხუთასი წლით ადრე იყო ცნობილი. გვარჯილა ჩინეთში დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა და სრულიად ბუნებრივია, ჩინელი ალქიმიკოსები მიწის ზედაპირზე (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) განლაგებულ ნივთიერებას გვერდს ისე ვერ აუვლიდნენ, რომ არ შეესწავლათ ის. გვარჯილის გოგირდთან და ხის ნახშირთან მიერთებით აღმოსავლელმა სწავლულებმა უცნაური ნივთიერება მიიღეს, რომელიც წვის პროცესში მსუბუქი სროლის ხმას გამოსცემდა და თან მკვრივ თეთრ კვამლს ტოვებდა. ეს იყო დენთი, რომლის ამფეთქებელი თვისება ცოტა მოგვიანებით აღმოაჩინეს. ჩინელი პიროტექნიკოსები ამ ნარევს გასართობი და სასიგნალო მიზნებისთვის იყენებდნენ, ხოლო შემდეგ უკვე სამხედრო საქმეშიც, როგორც ცეცხლისგამჩენ და სატყორცნ ნივთიერებას. ჩინელებისგან დენთის საიდუმლო არაბებმა ისწავლეს, არაბულ ენაზე გვარჯილა “ჩინურ მარილს”, ან “ჩინურ თოვლს” ნიშნავს. არაბებიდან დენთი ბიზანტიაში მოხვდა, აქედან კი დენთი უკვე მთელს ევროპაში გავრცელდა.
XIV საუკუნის ბოლოს უკვე დენთის ქარხნები წარმოიშვა. აქამდე დენთი კუსტარული წესით მზადდებოდა, მას, ძირითადად, აფთიაქარები ამზადებდნენ. დენთის დამამზადებლები უსაფრთხოების ნორმებს არ იცავდნენ და ხშირი იყო ხანძრის შემთხვევები. 1547 წლის 12 აპრილს, მემატიანის გადმოცემით, დენთის საწყობის აფეთქების გამო მოსკოვში საშინელმა ხანძარმა იფეთქა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ასევე, მიიჩნევა, რომ დენთი სწავლულმა როჯერ ბეკონმა აღმოაჩინა. დიდი ხანის მანძილზე არსებობდა მოსაზრება, რომ სწორედ ბეკონი სწავლობდა დენთს და მისი წვისა და აფეთქების პროცესს, რის შედეგადაც კაცობრიობას ასეთი არაჩვეულებრივი ნივთიერების ფორმულა დაუტოვა. სინამდვილეში კი, როჯერ ბეკონმა ევროპის სამეცნიერო ისტორიაში დენთი პირველად მოიხსენია. ერთი პერიოდი დენთს პირდაპირ ბრძოლის ველზე ამზადებდნენ, რადგან იგი არასასურველ პირობებში მოხვედრისას სწრაფად ნესტიანდებოდა და გამოსაყენებლად უვარგისი ხდებოდა. თანაც, მაშინდელი ტექნოლოგია საშიშროებას შეიცავდა, რომ დენთი ტრანსპორტირებისას აფეთქებულიყო. ფხვ-ნილის დენთის მარცვლოვანით შეცვლამ სასროლი იარაღის განვითარებას შეუწყო ხელი.
რამდენიმე საუკუნის წინ დენთი ძალიან ძვირი ღირდა. XVI საუკუნეში ქვემეხის ერთი გასროლა სამეფო ხაზინას ხუთი ტალერი1 უჯდებოდა. მაგალითად, 5 ტალერს ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცი თვიურ ჯამაგირად იღებდა.
მოგვიანებით, დენთის წარმოებას ევროპის სახელმწიფოები აკონტროლებდნენ, დენთი ევროპისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი წარმოება სამეფო დინასტიებმა აიღეს კონტროლქვეშ. თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი საომარი ობიექტის კონტროლირება მხოლოდ ძლიერ ცენტრალიზებულ ხელისუფლებას შეეძლო, რამაც, საბოლოო ჯამში, გავლენა მოახდინა რიგი ევროპული სახელმწიფოების ფორმირებასა და გამყარებაზე.
საბრძოლო მოქმედებებში დასავლეთ ევროპელებმა დენთი ესპანეთში მავრებთან ბრძოლასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებში ნახეს (1096-1270 წწ). XIII საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში დაიწყეს წარმოების ტექნოლოგიის შექმნა და დენთის გამოყენება, მაგრამ მალე ამ მიმართულებით ყველა სამუშაო აიკრძალა, რადგან ეკლესიამ დენთი “ეშმაკის ბანგად”” მონათლა. დენთის დამზადების საიდუმლოს ცოდნა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანს სიცოცხლე კოცონზე დაესრულებინა.
ლათინური წეს-ჩვეულებების ქრისტიანების დენთთან “ნაცნობობა”” საკმაოდ ზუსტად არის გამოთვლილი და იგი 1225-1249 წლებს უკავშირდება, იმდენად, რამდენადაც ლეიდენის ბიბლიოთეკაში დაცული 1225 წლით დათარიღებულ არაბულ მანუსკრიპტში, რომელშიც აღწერილია ცეცხლის გამჩაღებელი შენარევების რეცეპტები, არ არის მოხსენიებული გვარჯილა, მარკ გრეკის “ცეცხლოვანი წიგნის” ლათინურ თარგმანში კი, რომელიც 1250 წლით თარიღდება, დაწვრილებით არის აღწერილი დენთის მომზადება: “…გვარჯილა ექვსი წილი, გოგირდი ორი წილი და ნახშირი ორი წილი”… 1260 წელს, როცა პირველად გამოქვეყნდა პოლიტექნიკური ენციკლოპედია, როჯერ ბეკონმა აღწერა ბევრი ბუნებრივი მოვლენის ფიზიკა, მათ შორის, დენთის მოქმედების პრინციპი. ამის გამო ბეკონი შავ მაგიაში დაადანაშაულეს.
ევროპაში დენთის დამზადების ფართე გავრცელება ალბერტ დიდის სახელს უკავშირდება – გრაფ ალბერტ ფონ ბოლშტედის (1193-1280წწ), რომელიც დიდად განათლებული ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო და ბევრს მოგზაურობდა.
საომარი მოქმედებებისას დენთის მნიშვნელობა იქიდანაც ჩანს, თუ რამდენად დიდი რაოდენობის დენთი დაიხარჯა ბოლოდროინდელი დიდი ომებისას. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წწ) მეომარმა ქვეყნებმა ერთობლივად მილიარდი მხოლოდ საარტილერიო გასროლა განახორციელეს. უფრო მეტი დაიხარჯა მეორე მსოფლიო ომის დროს, სსრკ-ის მრეწველობამ 1944 წელს 240 მილიონი ჭურვი, ბომბი და ნაღმი დაამზადა. ომის დროს უმსხვილეს სახელმწიფოებში ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებამ კოლოსალურ მაჩვენებელს მიაღწია.
თუმცა, დენთის მოხმარება მხოლოდ საომარი მოქმედებებით არ შემოიფარგლება, მისი მნიშვნელობა უზარმაზარია მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, სადაც დენთი ადამიანს შრომას უმსუბუქებს და სამუშაოების წარმოებას აჩქარებს.
დენთის გარეშე შეუძლებელია ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიც არის კლდოვან ადგილებში გვირაბის გაყვანა, წყალქვეშა კლდეების მოსპობა, ასაფეთქებელი ნივთიერების გარეშე წარმოუდგენელია ქვანახშირის წარმოება და სამთომომპოვებელი მრეწველობა. სოფლის მეურნეობაში ასაფეთქებელ ნივთიერებებს კორძების ამოსაძირკვად და დიდი ლოდების მოსასპობად იყენებენ.