მემკვიდრეობით მიღებული ხასიათი
მოამზადა ნატალია ბიკაშვილმა
გენები განაპირობებს არა მარტო ჩვენი აზრებისა და საქციელის მნიშვნელოვან ნაწილს, არამედ თავად ისტორიის მსვლელობასაც. ასეთ დასკვნამდე მიდიან სულ უფრო მეტად ბიოლოგები.
გენეტიკაში მიღწეულმა შედეგებმა ძალიან ადვილად შეიძლება ადამიანთა მოდგმას მორალური პრობლემა დაუყენოს. დღეისათვის მეცნიერებმა მოახერხეს ზუსტად დაემტკიცებინათ ის, რომ ისეთი თავისებურებები, როგორებიცაა მიდრეკილება კანონის დარღვევისადმი ან სხვა ნებისმიერი მოვლენისადმი (ნარკოტიკები, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები) მემკვიდრეობით არის განპირობებული ისევე, როგორც ჩვენი პიროვნების ხასიათის შემადგენელი ელემენტები და ნაკვთები. ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლება ჩვენს საქციელზე? საქმის ასეთი შემობრუნება ძალაუნებურად გვიბიძგებს ფატალიზმისკენ. უფრო მეტიც, ადამიანთა მოდგმის მთელი ისტორია გარკვეულწილად წინასწარ განსაზღვრული ხასიათისაა: მეცნიერები გენეტიკურ ცვლილებებს უკავშირებენ როგორც მნიშვნელოვან კულტურულ აღმოჩენებს (ხატვის, დამწერლობის გამოგონება, მომთაბარე ცხოვრების შეწყვეტა), ისე ხალხების მენტალიტეტის განსხვავებასაც.
ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული?
თავიდანვე გადავდოთ გვერდზე ახალ ამბებში წარამარა გაჟღერებული ისეთი სისულელეები, როგორიცაა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიისადმი სიყვარულისა, თუ დენ ბრაუნის წიგნებისადმი ლტოლვის გენის აღმოჩენა. მსგავსი აღმოჩენები არ შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულად მხოლოდ იმიტომ, რომ ფსიქიკის ნებისმიერი რთული გადახრები დაკავშირებულია არა ერთ, არამედ მრავალ გენთან, რომლებიც სხვადასხვა მედიატორულ სისტემებს ამუშავებენ. რაც შეეხება იმ ელემენტებს, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ქმნიან, აქ საერთოდ რთულადაა საქმე: მნიშვნელოვანია პირადი გამოცდილება და გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაცია. გენები მართლაც არსებით როლს თამაშობს პიროვნების ძირითადი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის დემონსტრირება შეიძლება სამი მაგალითის მიხედვით: ადამიანებს აქვთ უნარი შეიგრძნონ ბედნიერება, დანაშაულებებისადმი მიდრეკილებასა და სამყაროს ინდივიდუალური სურათის ფორმირების ზოგიერთი მემკვიდრეობითი წინაპირობა.
“ადვილი შესამჩნევია, რომ ზოგიერთი ბავშვი სხვა ბავშვებთან შედარებით უფრო ბედნიერია, მაშინაც კი თუ სიღარიბესა და ცუდ პირობებში ცხოვრობს”, – თქვა ლეგენდარულმა გენეტიკოსმა, დნმ-ის სტრუქტურის პირველაღმომჩენმა ჯეიმს უოტსონმა, – ზოგიერთი კი, პირიქით, ნაღვლიანია გარეშე გამაღიზიანებელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც კი. თუ დაახლოებით ათასამდე იმ ბავშვის გენომს გავაანალიზებთ, რომლებიც პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან, მაშინ შევძლებთ ბედნიერების გენეტიკური ბუნების გაგებას”. ეს თეზისი იმ გამოკვლევით დასტურდება, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს: მისი შედეგებით, ადამიანების მიერ ბედნიერების შეგრძნების მხოლოდ ნახევარი მიზეზების ახსნა შეიძლება ცხოვრების წესით, კარიერითა და ურთიერთობებით, მეორე ნახევარს კი მკაფიო გენეტიკური საფუძველი უდევს. ცხოვრების ხარისხის აღქმადობა შეიძლება, რომ გენს – სეროტონინის (ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის განწყობაზე არიან პასუხისმგებელნი) ტრანსპორტიორს დაუკავშირდეს. ის ადამიანები, რომლებიც ამ გენის “დეპრესიული” ვერსიით არიან მომარაგებულნი, უფრო ხშირად ხდებიან ცუდი განწყობის მსხვერპლნი.
ანალოგიურად, მიდრეკილება სამართალდარღვევებისადმი შესაძლებელია განპირობებული იყოს მონოოქსიდაზის გენით: ისინი, ვის გენომშიც იგი არსებობს, ნაკლებად სტაბილური ხასიათით გამოირჩევიან და უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დესტრუქტიული პიროვნებები გახდნენ. არსებობს გენების ვარიანტები, რომლებიც ანტისოციალური მოქმედებისკენ განაწყობს ადამიანს. იმ გენების ასეთი ჯგუის მქონე ადამიანის ტვინის სტრუქტურა რამდენადმე განსხვავდება კანონის დამჯერი მოქალაქის ტვინის სტრუქტურისგან: არ მუშაობს დასჯის შედეგების დამახსოვრების მექანიზმი – ძალიან დიდი ჯარიმა და ციხეც კი არ უყალიბებს ასეთ ადამიანს შიშს კანონის ხელახლა დარღვევის წინაშე. გამოდის, რომ დამნაშავეებად, იბადებიან? მთლად ასეც არ არის. ანტისოციალური საქციელისადმი მიდრეკილება სხვადასხვანაირად იჩენს თავს – დაწყებული წესების დარღვევაზე ფიქრით, დამთავრებული თავად ამ დარღვევის ჩადენით. ასეთი გენის მქონე ადამიანების ცხოვრების ისტორიის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ გენეტიკური ჯგუფის მფლობელები უფრო ხშირად ხდებოდნენ დამნაშავეები, თუ მათმა ბავშვობამ არც თუ ისე სასიამოვნო პირობებში ჩაიარა. არსებობს ე.წ. გენის დამცავი ვერსიაც, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს, არ გახდეს დამნაშავე ყველაზე მძიმე პირობებშიც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრეობითობა სავსებით ექვემდებარება კორექციას. ექსპერტი გენეტიკოსების აზრით, პიროვნების ჩამოყალიბების მემკვიდრეობითი წინაპირობების შესახებ ინფორმაციის დაგროვების შესაბამისად აუცილებლად შეიცვლება ეთიკური წარმოდგენებიც. “ის მორალი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცხოვრობთ, რელიგიის გავლენით 2000-2500 წლის წინ ჩამოყალიბდა, – თვლის ჯეიმს უოტსონი. – მაგრამ იმდროინდელ ეპოქაში ადამიანის შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ იყო ცნობილი: წარმოდგენაც კი არავის არ ჰქონდა გენებისა თუ ტვინში მიმდინარე რთული პროცესების შესახებ. ინფორმაციის დაგროვებას ამა თუ იმ საქციელისადმი (მათ შორის დესტრუქციულისადმი) მემკვიდრეობითი მიდრეკილების შესახებ ავტომატურად მივყავართ ეთიკური წარმოდგენების ცვლილებისაკენ”.
დღეისათვის ამ პრობლემით მთელს მსოფლიოში არიან დაკავებულნი: არ არის გამორიცხული, რომ მალე გამოვა პიროვნების ხასიათის ასეთი მომენტების კორექტირებისა და დანაშაულების შესახებ დროულად გაფრთხილების პროგრამები, მაგრამ ხომ არ გამოიწვევს ეს დისკრიმინაციას? მართლაც, არსებობს როგორც მომხრე, ისე საწინააღმდეგო არგუმენტები. მაგალითად, ავსტრალიის მოსახლეობა თავიდან კატორღელებისგან ყალიბდებოდა, რომლებიც უმძიმესი დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ თანამედროვე ავსტრალიური საზოგადოება ამერიკულისა თუ ევროპულისგან კრიმინალის დაბალი დონით გამოირჩევა. გენები განსაზღვრავს არა მარტო ადამიანის ცალკეულ მიდრეკილებებს, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის მსოფლმხედველობაზეც. ტემპერამენტის, კოგნიტური შესაძლებლობების, ინტელექტის დონის 80%-მდე მემკვიდრეობით გადაიცემა, მაგრამ თუ მშობლებისა და ბავშვების სამყაროს სურათი ძლიერ ჰგავს ერთმანეთს, მაშინ შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ადამიანთა დიდ ჯგუფებშიც, რომლებსაც საერთო წინაპრები ჰყავთ (მაგალითად, ეთნოსი, ერი), იგი გარკვეული მსგავსებით გამოირჩევა?
ოსტაპ ბენდერის გენები
კაცობრიობის ისტორია – ეს არის მოგზაურობის ისტორია: მას შემდეგადაც კი, რაც ადამიანები გადანაწილდნენ კონტინენტების მიხედვით, მიგრაცია გრძელდებოდა. თანამედროვე გენეტიკა საშუალებას იძლევა, რომ დაზუსტდეს აღრევის სურათი მემკვიდრეობითი დაავადებების მიხედვით. აქ მუშაობს ე.წ. დამფუძნებლის ეფექტი: მცირე ჯგუფი, რომელიც ახალ ადგილზე გადასახლდა, თავის გენომს შთამომავლობას გადასცემს. საბოლოო ჯამში კი, მთელ ერს შეიძლება გარკვეული დაავადებების მიმართ ჰქონდეს მიდრეკილება, რომელიც არაა დამახასიათებელი სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის. იაპონელებს ახასიათებთ მუტაციასთან დაკავშირებული თანდაყოლილი სიყრუის სახეობა, რაც მსოფლიოს სხვა რეგიონებში არ გვხვდება; ისლანდიელებს აქვთ გენი, რომელიც ზრდის კიბოს განვითარების რისკს და ა.შ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის განსახლება ჯგუფურად მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მსგავსი გენების მატარებლებიც იყვნენ, სრულიად შესაძლებელია, რომ ხასიათიც უნიკალური იყოს თითოეული ერისთვის, მით უმეტეს, რომ მრავალი მემკვიდრეობით გადასული ავადმყოფობა გამოწვეულია გენების ჯგუფით, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის სტრუქტურაზეც. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ გენი, რომელიც მიოპიისადმი (ახლომხედველობა) იწვევს მიდრეკილებას, ასევე განაპირობებს მაღალ IQ-ს. თურმე მაღალშუბლიანი “აჩკარიკის” ტიპაჟი არ არის ტყუილუბრალოდ გავრცელებული სტრეოტიპი. ისლანდილებიც, რომლებშიც ხშირია მიოპიის შემთხვევები, IQ-ს ტესტებზე საკმაოდ მაღალ ქულებს იღებენ.
შეიძლება თუ არა მენტალიტეტს არა მარტო კულტურული, არამედ მემკვიდრეობითი საფუძველიც ჰქონდეს? გამოვლინდა ავანტიურიზმის ან ახალი შთაბეჭდილებების გენი, რომელიც მნიშვნელოვანი ნივთიერების – დოფამინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამ ნივთიერების სინთეზი ორგანიზმში მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, თუ ადამიანის საკვებით, სასმელით და სექსის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დოფამინი თითქოს ტვინს უსიგნალებს, რომ “ყველაფერი რიგზეა”. მაგრამ ვიღაცას არ გაუმართლებს და მას ისეთი გენი შეხვდება, რომელსაც ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორები სჭირდება. ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის ელემენტარული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით შემოფარგვლა – საჭიროა მძაფრი შეგრძნებები: ახალი შთაბეჭდილებები, თავგადასავლები, რისკი. ითვლება, რომ სანამ კაცობრიობის აკვნიდან – აფრიკიდან ადამიანებმა ამერიკას მიაღწიეს, სწორედ ამ გენის მიხედვით მოხდა შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილმდებარეობის შეცვლის სურვილს. გენის “ავანტიურული” ვარიანტი ყველაზე ხშირად ამერიკელ ინდიელებში გვხვდება (48%), ხოლო ყველაზე იშვიათად კი – სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის მცხოვრებლებში (2%-ზე ნაკლები). ევრაზიაში ამ მაჩვენებლის ყველაზე მაღალი პროცენტი ირლანდიაზე მოდის – 5-10%. არცაა გასაკვირი: ირლანდია ყველაზე ჩრდილოეთი ქვეყანაა, სადაც ევროპაში დასახლებულმა კელტებმა მიაღწიეს. ირლანდილებმა ახალ დროშიც დაამტკიცეს თავიანთი სიყვარული მოგზაურობისადმი: ისინი ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ ამერიკაში.
იმავე დოფამინს უკავშირებენ ადამიანის მიერ წარმატების მიღწევის სურვილის უქონლობას: გამოკვლევების თანახმად, ჩრდილოეთ ევროპის ხალხებში (კერძოდ, ისლანდიელებს) დოფამინის დამბლოკავი გენი განაპირობებს სრულ გულგრილობას სოციალური მხარდაჭერისადმი. სწორედ ამიტომ სკანდინავიის ხალხი არ გამოირჩევა მიზანსწრაფულობით.
ევოლუციას არ აქვს დასასრული
მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმების თანახმად, ადამიანის გონების განვითარება შეწყდა მაშინვე, როგორც კი მანHomo sapiens-ის სტადიას მიაღწია. მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ეს იდეოლოგია ნასესხებია ადამიანზე, როგორც შემოქმედების გვირგვინზე, შექმნილი რელიგიური წარმოდგენიდან. თანამედროვე გენეტიკოსები სულ უფრო ხშირად აღიარებენ, რომ განვითარება ჩვენს დღეებშიც გრძელდება: ცალკეულმა პოპულაციებმა ისტორიული პირობების შესაბამისად შეიძლება უფრო სწრაფად განიცადოს ევოლუციის პროცესი ან, პირიქით, დეგრადაცია. არსებობს მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევიან, რომ ერთმანეთთან იქნას დაკავშირებული (თუნდაც ჰიპოთეტიკურად) ჩვენი ცივილიზაციის ისტორიის საბედისწერო მომენტები ტვინის განვითარებასთან. მაგალითად, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ბრიუს ლანმა გამოიკვლია ორი გენი – ASPMდა მიკროცეფალინი, რომელიც ტვინის ზომას განსაზღვრავს და ცდილობდა აეხსნა, გრძელდება თუ არა ევოლუცია თანამედროვე ადამიანებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ უკანასკნელი ათასწლეულების განმავლობაში ევოლუცია არ შეწყვეტილა.
ბატონმა ლანმა აჩვენა, რომ კაცობრიობის ზოგიერთ პოპულაციაში ადგილი ჰქონდა ორიდან თითოეული გენის მუტაციას, რომლებიც სავარაუდოდ დაკავშირებული იყვნენ ინტელექტსა და აბსტრაქტული აზროვნების უნართან. ერთ-ერთი მუტაცია, რომელიც 40 000 წლის წინ აღმოცენდა, დროში დაემთხვა გამოქვაბულებში აღმოჩენილი პირველი ნახატების შექმნის თარიღს. მეორე მუტაციის ასაკი, რომელიც ყველაზე ხშირად ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გვხვდება, დაახლოებით 5.8 ათას წელს შეადგენს, რაც დროში შეესაბამება ქალაქებისა და დამწერლობის წარმოქმნას. თუ ეს ჰიპოთეზა ჭეშმარიტია, მაშინ გამოდის, რომ კულტურის განვითარება წინ მიმავალი მიმართულებით ამოძრავებს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების პოპულაციას, ხოლო ყველა დანარჩენი კი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ აღმოჩენებს, ასე ვთქვათ, საჩუქრად იღებს. გამოდის, რომ ისტორიის მსვლელობის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები, ვერ შეიქმნებოდა სხვა ადამიანების მიერ და სხვა დროში. მაგრამ, შეიმჩნევა პირიქით გავლენაც – კულტურისა – გენეტიკაზე. დღეს ბევრს ლაპარაკობენ ჩინეთის, როგორც იმპერიის პოტენციალზე, მაგრამ ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, რომ ჩინელები – ესაა ხალხი, რომელთა გარემოცვაშიც გამორჩეული ინდივიდუალიზმის მქონე პირები ათასწლეულების მანძილზე იხშობოდნენ. ამის შედეგად კი ადამიანებს გაუჩნდათ დიასპორისგან გამოყოფის თანდაყოლილი შიში. ამაშია მათი სიძლიერე, მაგრამ იმავდროულად სისუსტეც.