მონეტარიზმი გარდაიცვალა, კეინსი აღსდგა, ის ჩვენთანაა!

ემზარ ჯგერენაია

სერიოზული სათაური დავარქვი ამ ყველაფერს, რათა თქვენთვის მეჩვენებინა, რომ ომი კეინსიანელებსა და მონეტარისტებს (მილტონ ფრიდმანი, ჩიკაგოს სკოლა, თანამედროვე ლიბერტანიალების მამები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები) შორის, ამ უკანასკნელების მწარე დამარცხებით დამთავრდა. მონეტარიზმის დედა-პრინციპი – სახელმწიფო ეკონომიკაში ჩაურევლობა და მისი მხოლოდ ფულად-საკრედიტო პოლიტიკით რეგულირება, ისტორიას ჩაბარდა. ეს სახელმწიფო, რაც აქამდე ეკონომიკასა და ბიზნესში არ ჩარეულა, ახლა ერთდროულად ჩაერია. ამასთან, მგონი, ეკონომიკაში ჩარევა და Bაილ ოუტ-ის გამოწერა ყველაზე კარგი ბიზნესი გახდა.

პოლსონმა რომ 350 მილიარდი დოლარი გამოწერა, მას 838 მილიარდი დოლარი ობამამ დაუმატა და მგონი, ეს უკანასკნელი არ არის. ამას ბოლო არ აქვს. კეინსი საფლავში ზეიმობს – ხომ გეუბნებოდითო, დროული ჩარევა და რეგულირებაა საჭირო, ადრე გამისტუმრეთ საიქიოში და არც ნეოკეინსიანეალებს მოუსმინეთო. Aარადა, ჯერ კიდევ 30-იან წლებში ამბობდა საწყალი ჯონ მეინარდ კეინსი ხარჯეთ რაც შეიძლება მეტი ფული რეცესის დროსო. კეინსის ლოგიკა მარტივია: ვთქვათ, რეცესიის დროს ფასები და ხელფასები დაფიქსირებულია (ჩვენთან ეს უკანასკნილი კაი ხანია დაფიქსირებულია), რათა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დავაფიქსიროთ ბალანსი. ეკონომიკაში, როგორც ახლა საქართველოსა, ან მსოფლიოში, ბაზარზე რეცესიის დროს მოთხოვნის დეფიციტი წარმოიშობა, ამ დროს ყველა სვამს კითხვას, თუ რა უნდა მოიმოქმედოს გილაურის მთავრობამ, როგორ გააცოცხლოს ბაზარი და აღადგინოს მოთხოვნა (სხვათა შორის, ზუსტად იგივეს აკეთებს ახლა ობამას კაბინეტი). შეუძლია მას აღადგინოს მოთხოვნა? კეინსს მარტივი პასუხი აქვს – კი! მხოლოდ, კეინსის მიხედვით სახელმწიფო ხარჯების ზრდაა საჭირო. მაგალითად, ხიდებისა და გზების მშენებლობა, ან ახალი საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქების მშენებლობის დაწყება. ამ შემთხვევაში, მშენებელი კომპანიები და სამშენებლო სექტორში დასაქმებული ადამიანები მიიღებენ დამატებით შემოსავლებს. დავუშვათ, ამ შემოსავლებიდან დაქირავებულები ყოველი ლარიდან 80 თეთრს დახარჯავენ და 20-ს დააგროვებენ. მაშინ კეინსის მიხედვით, მშენებლობის ხარჯზე ეკონომიკაში მოთხოვნა 1 ლარით გაიზრდება, პლუს 0.8 ლარით მუშების მიერ დახარჯული ფულით და პლუს 0.8 გამრავლებული 0.8-ზე მათ ხარჯზე, ვინც მუშებს თავის საქონელს მიჰყიდის. მთლიანობაში მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), გაიზრდება 1+0.8 +0.8X0.8+0.8X0.8X0.8…=5 ლარამდე. ამ ეფექტს ეძახიან კეინსურ მულტიპლიკატორს, როცა სახელმწიფო დახარჯავს 1 ლარს და მშპ-ის ზრდის 5 ლარით, ანუ მოკლედ, ჩვენს საბიუჯეტო საქმეებს რომ დავუბრუნდეთ, თუ საქართევლოს მთავრობა დახარჯავს 1 მილიარდ ლარს ხიდების მშენბლობაზე, მთლიანი შიდა პროდუქტი 5 მილიარდი ლარით გაიზრდება.
– ეს იყო სულ? ასე გადავარჩენთ ეკონომიკას?
– კიდევ არის ერთი რამ: რეცესიის დროს უნდა შევამციროთ გადასახადები და რადგანაც დასაქმება ყველაზე აქტუალურია, 2009 წელს შევამციროთ შრომაზე გადასახადი.
– ესეც კეინსმა თქვა?
– არა, ეს თავის ბოლო ნაშრომში ამერიკელმა ეკონომისტმა მარკ ბილსმა და პიტ კლენოუმ თქვეს, რომ შრომაზე გადასახადების 5-6%-ით შემცირება იწვევს დასაქმების 4.2%-ით ზრდას.
– მერე რა ქნა მთავრობამ?
– რა და, 25%-დან საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე შეამცირა, ანუ ეს პირობა შეასრულა. ამიტომ უმუშევართა რაოდენობა 2.8%-ით შემცირდება.
– აბსოლუტურად სწორია! რაღა ჩვენ და რაღა ობამას გუნდი.
ვინაა ობამას გუნდი? – იკითხავთ თქვენ – ლარი სამერსი, კრისტინ როემრი, პოლ ვოლკერი, ოლსტა ნუგულსბი.
– ვინაა გილაურის გუნდი?
– იგივე!
აა, ასე მარტივად ყოფილა ყველაფერი. იდიდოს კეინსის სახელმა. ძირს ფრიდმანი და მონეტარიზმი! დადგა სანატრელი ნეო-ნეოკეინსიანიზმის ჟამი და დღეს მთელი მსოფლიო ნეო-ნეოკეინსიალიზმითაა შეპყრობილი (ვიცოდი ეს მე და იმიტომ მიკიდია კეინსის პორტრეტი ოფისში, ჩემს კაბინეტში არა, არველაძის კაბინეტში, რა იცი რა ხდება).
რა, არაა ასე? ნუ დამჩხავიხარ ყვავივით! აბა როგორაა? კეინსის მუტიპლიკატორი არაა 5? აბა რამდენია, 0.8? ვინ თქვა? ექსპერტებმა? ვინ კითხავს ამ ჭკუათხელ ექსპერტებს! გვინდა და იქნება! როგორ, აწგანსვენებულმა კეინსმა არ იცის და ამ ქართველმა ექსპერტებმა იციან? დავხარჯავთ 1 მილიარდს ხიდებზე ჩვენ და ობამა და 5 მილიარდით გავზრდით მთლიან შიდა პროდუქტს, გავზრდით ეკონომიკას, ასევე ბაზარსაც. უფრო მეტიც, მშენებლობასაც დავეხმარებით და მოთხოვნასაც ავწევთ. არა ბიჭო, კეინსს არ დავუჯერებ და ამ ცინგლიანი ექსპერტების ფორქასთებს (forecast – (ინგლ) პროგნოზი) მოვისმენ?! საერთოდ, როგორც გალაქტიონის შემდგომ არ უნდა დაწერილიყო არც ერთი ლექსი, რადგან მან ამოწურა პოეზია, ისე კეინსის მერე არ უნდა გაგვეჭაჭანებინა არც ერთი ექსპერტი. კეინსი მკვდარი უნდა იყოს და ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი ცოცხალი?! აფსუს, რას იტანს ტელევიზიის ეკრანი, სადააა სამართალი?! მათხოვრები, მუქთახორები, მულტიპლიკატორი ენანებათ! დაგვიტოვა კაცმა – 5-იაო. არიქა, არისო! – დაიჩემებენ ეს ბეცები. არ გჯერა?
აი, შარშან ხომ გახსოვთ შვეიცარიაში, დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ვინ იყო მთავარი მომხსენებელი (წელს ეკონომისტებში ისე გაუჭირდათ, რომ მთავარი მომხსენებელი პუტინი იყო, ან ალბათ იმიტომ, რომ იქნებ შარშანდელი მთავარი მომხსენებლის ბედი გაიზიაროს) ლიჰმან ბრაზერსის (Lehman Brothers) 160 წლის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი. მახსოვს, როგორ შესციცინებდა ყველა ეკონომისტი და ბიზნესმენი, როგორ იწერდნენ მის “ფორქასთებსა” და 2008 წლის მსოფლიო ბიზნესის განვითარების წარმატებებზე. 9 თვის შემდეგ კი, 2008 წლის სექტებმბერში როგორ ლანძღავდნენ, როგორც თაღლითსა და უვიცს! ესაა სულ შენი ექსპერტები! ძირს მონეტარიზმი! გაუმარჯოს კენსს! … და ჩვენ ვიპოვნეთ კრიზისიდან გამოსავალი გზა – ის ხიდზე გადის!