საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო პრობლემები თანამედროვე პირობებში
ჯემალ ქურხული, დოქტორი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი
მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ქმედითუნარიანი, ოპტიმალური, მსოფლიო საგადასახადო პოლიტიკასთან ჰარმონიზებული ფუნქციონირებადი საგადასახადო სისტემის შექმნის მიზნით მეტად მნიშვნელოვანია მისი თანამედროვე მდგომარეობის სტრუქტურული შესწავლა.
2005-2008 წლებში საბიუჯეტო შემოსავლების საგრძნობი ზრდის მიუხედავად, ჩვენი აზრით, საქართველოში საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირება ჯერ კიდევ დაუსრულებელია და საჭიროა მისი შემდგომი დახვეწა. საგადასახადო სისტემაში გატარებულმა ღონისძიებებმა უნდა გააადვილოს ვალდებულებების შესრულება ისეთი გზით, რომელიც ეფექტიანი და მომგებიანი იქნება როგორც გადამხდელისათვის, ისე საგადასახადო ადმინისტრირებისათვის.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურაში საგადასახადო შემოსავლებს (80-90%) განმსაზღვრელი ადგილი უკავია, რომლის მოცულობაც მშპ-ის მიმართ 2006 წელს 15,5%-ს, 2007 წელს 17,1%-ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლისათვის 22-24%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. საგადასახადო შემოსავლების შევსების ძირითადი წყარო არაპირდაპირი გადასახადებია (დღგ – 46% და აქციზი – 13%).
ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპით ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა დღგ-ს სტრუქტურაში ეროვნული ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლები, რაც ძირითადად სოფლის მეურნეობის, მრეწველობის ვაჭრობისა და კავშირგაბმულობის დარგების ხარჯზე იქნა მიღწეული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო დეპარტამენტთან შედარებით (35-40%) იმპორტიდან დღგ-ს დაბეგვრით მიღებული მაღალი შემოსავლები (60-65%) ქვეყანაში დარგების განვითარების დონის არასაკმარისობაზე მიუთითებს.
დამატებული ღირებულების გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში მაღალი ხვედრითი წილის გადასახადია, რომელიც 2008 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით საერთო შემოსავლებში 45,8%-ს იკავებს. ამავე პერიოდისათვის მისი მოცულობა 2,097 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 48,6%-ია და ქვეყნის მშპ-ის 10,7%-ს შეადგენს.
დღგ-ს დღეისათვის მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ და საგულისხმოა, რომ საგადასახადო სისტემაში ამ გადასახადის არსებობა ევროკავშირში სახელმწიფოს შესვლის სავალდებულო პირობად არის მიჩნეული. დღგ-ს ხშირად “ევროპულ გადასახადსაც” უწოდებენ და მისი წევრი ქვეყნები ერთობლივ ფონდში ყოველწლიურად გადარიცხავენ მათ ტერიტორიაზე ამოღებული აღნიშნული გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ერთ პროცენტს. ყველა ქვეყანაში, სადაც შემოღებულია დღგ, როგორც წესი, დადგენილია ამ გადასახადის ორი ან სამი განაკვეთი: სტანდარტული და დაბალი, ან სტანდარტული, დაბალი და მაღალი. დაბალი განაკვეთით იბეგრება პირველადი მოხმარების საქონელი, ხოლო მაღალი განაკვეთით – ფუფუნების საგნები. მთელი რიგი საქონელი და მომსახურეობა (პირველ რიგში, სოციალურად მნიშვნელოვანი, მაგალითად, მომსახურეობა ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროში), აგრეთვე ის ოპერაციები, რომლებიც ეროვნულ სიმდიდრეს არ ზრდიან და მხოლოდ გაანაწილებენ მას ( მაგალითად, ფასიანი ქაღალდების ოპერაციები, სესხების გაცემა) განთავისუფლებულია დღგ-საგან.
ახალი საგადასახადო კოდექსით ამ სახის გადასახადის 20%-დან 18%-მდე დაწევა უდავოდ პროგრესულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (რუსეთის აგრესიისგან დანგრეული რეგიონები და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი), მაინც საკმაოდ მაღალია. მიგვაჩნია, უპრიანი იქნებოდა მისი განაკვეთის დიფერენცირება პროდუქციის სახეობების მიხედვით: პირველადი მოხმარების საქონელზე – არა უმეტეს 5%-სა, ხოლო ფუფუნების საგნებზე, სპირტიან სასმელებზე, თამბაქოსა და სხვა სახეობის პროდუქციაზე – 12-15%-ის ფარგლებში. დღგ-ს დიფერენცირებული განაკვეთები ხელს შეუწყობს აღნიშნული გადასახადის ფისკალური და მასტიმულირებელი ფუნქციის გაძლიერებას, რაც მთლიანობაში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში აისახება.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოდინების მაქსიმალურად აღკვეთისათვის აუცილებელია პროცესების მართვაში ეკონომიკური მეთოდების ფართო გამოყენება. პრაქტიკულ იმპორტიორს არ უნდა დაებადოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ე.წ. “მარცხენა” გზებით ტვირთის შემოტანის აზრი. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად ნავთობპროდუქტების იმპორტზე დღგ-ს 15%-იან განაკვეთამდე დაწევა და აქციზის მნიშვნელოვნად შემცირება ( ყველა სახის ნავთობპროდუქტზე) მიგვაჩნია.
ბიუჯეტში ნავთობპროდუქტების დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 110 მლნ. Lლარს აღემატება, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 14%-ს შეადგენს. ამდენად, ამ პროდუქციის აღრიცხვისა და საგადასახადო არეალში მოქცევის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქციზური საქონლის და, უპირველეს ყოვლისა, ნავთობპროდუქტების დაბეგვრის სრულყოფის გზით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საგადასახადო შემოსავლების სტაბილურობა და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება.
საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებში მნიშვნელოვანი ადგილი აქციზის სახით მიღებულ სახსრებს უჭირავს. 2001-2007 წლებში ქვეყნის ბიუჯეტის მთლიან საგადასახადო შემოსავლებში აქციზით მობილიზებული სახსრების ხვედრითი წილი ყოველწლიურად ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ამჟამად 8-დან 13%-მდე მერყეობს, თუმცა ფაქტიური შედეგებით ამავე პერიოდის პროგნოზულ მაჩვენებელს მაინც სისტემატურად ჩამორჩებოდა. აუცილებელია, მომავალში ყურადღება მიექცეს აქციზის განაკვეთების ოპტიმიზაციას და ამ კუთხით საგადასახადო შემოსავლების დაგეგმვის სრულყოფის საკითხების მოწესრიგებას.
აქციზური გადასახადიდან მიღებული შემოსავლების სახით ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად დაახლოებით 350-380 მლნ. ლარს იღებს. ჩვენი აზრით, ამ გადასახადის განაკვეთების შემცირება გაზრდის ლეგალიზებული პროდუქციის მოცულობას, დაბეგვრის არეალში მოაქცევს გაცილებით მეტ ნაწარმს და შესაბამისად აქციზის სახით მობილიზებული საბიუჯეტო შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთანავე, ადგილობრივი ნაწარმის პროდუქციაზე (მაგალითად, თამბაქოზე) აქციზის განაკვეთები უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე იმპორტულ საქონელზე.
საბაჟო გადასახადი ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 1,6%-ს, ხოლო მთლიანი შემოსავლების 1,2%-ს იკავებს. 2006 წელს ამ გადასახადის სახით ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 132,4 მლნ. ლარი, რაც წინა საბიუჯეტო წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107,3%-ია, ხოლო მშპ-ის ერთ პროცენტს შეადგენს. 2007 წელს ამ გადასახადით ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ 44,5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით 55,0 მლნ. ლარის მიღება არის გათვალისწინებული.
2006 წლის პირველი სექტემბრიდან საგადასახადო კოდექსში “საბაჟო ტარიფების შესახებ” ცვლილების საფუძველზე ადრე არსებული 16 სახის საბაჟო გადასახადის მნიშვნელოვნად გამარტივებამ და დასაბეგრ საქონელზე დადგენილმა საბაჟო ღირებულების ნულოვანი, ხუთი და თორმეტ პროცენტიანი განაკვეთის დადგენამ მომდევნო პერიოდში დასაბეგრი ბაზის და, შესაბამისად, ბიუჯეტში საბაჟო შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ცვლილებამ ქვეყანაში იმპორტული საქონლის შემოდინების ზრდა და დღგ-ს მოცულობის მნიშვნელოვანი მატება განაპირობა, შეიძლება ითქვას, რომ რეფორმა წარმატებული გამოდგა და ფისკალური ეფექტიც სახეზეა.
აშშ-თან და ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთ სავაჭრო რეჟიმის გამარტივებას საქართველოსთვის, მსოფლიო ბაზრების ათვისების თვალსაზრისით, ფრიად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის, ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის, ადგილობრივი მეწარმეებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს და სამამულო პროდუქციის ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის აღნიშნულ გადასახადებთან ერთად აუცილებლად მიგვაჩნია საბაჟო გადასახადის განაკვეთების შემდგომი შემცირება.
აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდგომ რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტამ ქვეყნის წინაშე აქტუალური გახადა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება, რაც აღნიშნულ ქვეყნებთან საბაჟო ტარიფების (შემცირების ან რიგ შემთხვევაში ნულოვანი განაკვეთის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლა) გადახედვას მოითხოვს.
მიმდინარე წლიდან ბიუჯეტის საშემოსავლო და სოციალური გადასახადების სტრუქტურაში განხორციელებულმა ცვლილებებმა (ადრე არსებული 20%-იანი სოციალური და 12%-იანი საშემოსავლო გადასახადების ნაცვლად ახალი საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული ერთიანი 25%-იანი საშემოსავლო გადასახადის შემოღებამ) საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაციაში საშემოსავლო გადასახადის როლი მნიშვნელოვნად აამაღლა. ამ მაჩვენებლების გაერთიანების დროს საბიუჯეტო პერიოდის საპროექტო მონაცემებით, საშემოსავლო გადასახადი 1,249,0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ფაქტიურ შესაბამის მაჩვენებელს 33,6 მლნ. ლარით (2,8%) აღემატება, ხოლო 2006 წლისას კი – 360,2 მლნ. ლარით, ანუ 40,5%-ით (შედარებისთვის 2006-2007 წლებში გამოყენებულია სოციალური და საშემოსავლო გადასახადების ჯამური სიდიდეები). გაიზარდა ასევე საშემოსავლო გადასახადის ხვედრითი წილი მშპ-ის მიმართაც. ფაქტიური შედეგების მიხედვით 2006 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 15,5% შეადგინა, 2007 წელს – 17,1%, ხოლო მიმდინარე წლისათვის მოსალოდნელია 22-24%-მდე ზრდა, თუმცა საქართველო ამ მონაცემებით განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება, კერძოდ, იქ ეს მაჩვენებელია 27 პროცენტს აღემატება.
გატარებულ ღონისძიებათა შორის გადაუდებლად მიგვაჩნია საშემოსავლო გადასახადის 15%-იან განაკვეთამდე დაწევა, რაც ჩვენი აზრით, ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესების (10-11%) გათვალისწინებით არაუგვიანეს სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენდენტი ქვეყნისათვის, აუცილებელია პენსიონერებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდის დაჩქარებაც, ასევე ლტოლვილების, უმწეოებისა და სიღარიბის ზღვარზე მყოფთათვის სოციალური პროგრამების გაფართოვება. ყველა სახის გადასახადის საბოლოო გადამხდელი არის პროდუქციის (მომსახურეობის) მომხმარებელი მთელი მოსახლეობა, ამდენად მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების დაწევას, ინფლაციური პროცესების შენელებას, ხელფასების ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და მთლიანად მთავრობის მიერ შემოთავაზებული 50-თვიანი სოციალური პროგრამის – “საქართველო სიღარიბის გარეშე” ცხოვრებაში რეალურად გატარებას.