ევროპის მწარე მოსავალი ნაბუკო – მითო თუ რეალობა
ნინო არველაძე
იანვრის სუსხიან დღეებში ბაქოში ორ საკითხზე მსჯელობდნენ – პირველი, როგორ მოეწყოთ რეფერენდუმი პრეზიდენეტის ვადის არაერთჯერადობაზე, ანუ ალიევის არჩევაზე კიდევ იმდენჯერ, რამდენჯერაც სურს. ეს კი მალე მოხდება. ძნელი არაა ვიწინასწარმეტყველოთ რეფერენდუმის შედეგები (“რატომაც არა”) და ევროპაში ალიევის ვოიაჟი, სადაც ის ჯერ ნაბუკოს კონფერენციაზე გამოვა (რომელიც შეციებულმა და რუსეთისაგან შერისხულმა ევროპელბმა მოიწვიეს) და დავოსში ცნობილ საკითხებზე სასაუბროდ სომხეთის პრეზიდენტს შეხვდება. ორივე საკითხი უშუალოდ ეხება საქართველოს.
აშშ-ის დიდი მცდელობის მიუხედავად, ევროპელებმა უღიმღამო კონფერენცია ჩაატარეს. გაუგებარი დარჩა, რატომ შეიკრიბნენ, რა გააკეთეს ახალი, როგორ გადაწყვიტეს მთავარი პრობლემები – თურქმენეთის ჩართვა პროექტში და რუსეთის ძალისმიერი წინაღმდეგობის დაძლევა, კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანა კასპიის ზღვის სტატუსის გარკვევისა და ირანის (რომელიც ამ საკითხის წინააღმდეგია) პოზიციის დარეგულირების გარეშე. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის პოზიცია ნეიტრალური იყო – თუ გინდათ, ვიფიქრებ ამ საკითხზეო. აზერბაიჯანი გაბრაზებულია ევროპაზე, რომელსაც ყველაფერს უკეთებს, მისგან კი ვერაფერს იღებს. როცა აზერბაიჯანს რუსეთი და სომხეთი ტერიტორიებს ართმევენ (მთიანი ყარაბაღის გარდა მათ დამატებით შვიდი რაიონი მიიტაცეს, სადაც ყოველდღე ისმის სროლები და ჯარისკაცები იღუპებიან), ევროპამ – მოველაპარაკებიო. რაზე? იმაზე, რომ თავისი ტერიტორია დაუბრუნონ აზერბაიჯანს და რუსის ჯარი გაიყვანონ? გასაოცარია?! იმაზე, რომ შუშის რაიონში კურორტი არ უნდა ააშენონ სომხებმა და რუსებმა? არ ვიცი, რას ჰქვია სიბეცე და რას – დიპლომატია. უნგრეთის პრეზიდენტი შარშან ოფიციალურად აცხადებდა, რომ სამხრეთის ნაკადი ოპტიმალური და საჭირო პროექტია. ის აშკარად პუტინის “ნავში” იჯდა, ახლა კი ნაბუკოს ერთადერთი და უალტერნატივო გზის აუცილებლობაზე საუბრობს?! თუ ჩეხეთის პრემიერის განცხადებისა სჯერა ვინმეს – ჩვენ რუსეთის საწინაღმდეგოს არაფერს ვაკეთებთ, არ გაბრაზდე, ბატონო პუტინოო! მძიმე ზამთრის მიუხედავად, ევროპა ჩვეულ ამპლუაშია. მაშინაც, როცა უსახურ კონფერენციას აწყობს ყბადაღებულ ნაბუკოზე (ისიც, აშშ-ის თხოვნით) და მაშინაც, როცა საჩხერეში რუსეთის ტანკებს და გალში სამხედრო ბაზებს ურიგდება.
2009 წლის ნაბუკოს კონფერენცია მეტი დეტალებით:
40 წლის წინ ციმბირიდან, ათასობით მილის გავლით, დასავლეთ ევროპაში, ბაუმგართენში (ვენა), ბუნებრივი აირი მთელი კონტინენტის მოსამარაგებლად გადაიქაჩა. დღესაც ბაუმგართენი ევროპის გაზის უმსხვილესი ცენტრია. ის კვლავ აკავშირებს ერთმანეთთან რესურსებით მდიდარ რუსეთსა და გაზს დახარბებულ ევროპას. მაგრამ ჰაერში ენერგორევოლუციის სუნი დატრიალდა. ევროპელები უკვე დიდი ხანია ხვდებიან, რომ დადგა გაზმომარაგების დივერსიფიკაციის დრო.
გაზპრომმა კრემლთან და დიდ რუსეთთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ მორიგი წლიური დავა წამოიწყო. უკრაინა ევროპის გაზმომარაგებაში ტრანზიტული ქვეყანაა. მისი მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპისაკენ მიმავალ მილებში გაზი შეწყდა.
21-ე საუკუნის დასაწყისიდან ევროპელი ექსპერტები ბევრს საუბრობენ ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ რესურსებით მდიდარი რუსეთი ენერგომატარებლებს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა და შანტაჟის საშუალებით თავისი დერჟავული ამბიციების დაკმაყოფილებას შეეცდებოდა. რუსეთ-უკრაინის უკანასკნელი “გაზის ომი” მხოლოდ კომერციულ ხასიათს რომ არ ატარებს, ამაში ეჭვი უკვე არავის ეპარება. საბჭოური წყობის დროს უკრაინა გაზის ინფრასტრუქტურული ცენტრი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში გაზის უმსხვილესი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა, მაგრამ რუსეთი გაზის ექსპორტის 80%-ს უკრაინის გავლით აწარმოებს. ევროპის გაზმომარაგება კი ახლა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. რუსეთს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ გაერთანებაში გაწევრიანების სურვილი არ მოსწონს და სურს, ქვეყანას 1000მ3 გაზი 175 დოლარის ნაცვლად 450 დოლარად მიჰყიდოს. მართებული იქნება თუ არა საკითხის შემდეგნაირად დასმა – რუსეთ-უკრაინის გაზის ომი. იქნებ არსებულ სიტუაციას რუსეთ-ევროპის გაზის ომი უფრო შეესაბამება? ნუთუ პუტინმა წინასწარ არ დაუშვა (არ გათვალა) უკრაინის გადაწყვეტილება? რუსეთმა ევროპა გაწირა! ცხადია, რომ ევროპა განიცდის რუსეთზე დამოკიდებულებას გაზმომარაგების საკითხში, მაგრამ მთავარია, თუ რას აკეთებს ის რეალურად ალტერნატიული გზების მოსაძიებლად. ევროპელები რუსეთს არასაიმედო მიმწოდებლად მოიხსენიებენ, მაგრამ აქვე არ ავიწყდებათ, რომ მათ სხვა მომწოდებელი ჯერ არ ჰყავთ. 2009 წლის ევროპის (განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის) გაზმომარაგების კრიზისმა ევროპელებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მოხმარების სტაბილურობის გარანტიაა. ევროპა რუსეთიდან წლიურად 140 მლრდ მ3 ბუნებრივ აირს იღებს. რუსეთის აზრით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური იდეა ნაბუკოს მილსადენის მშენებლობაა, რომელიც 31 მილიარდ მ3 ბუნებრივ აირს კასპიის ზღვიდან თურქეთისა და ბალკანეთის გავლით ავსტრიაში გადაქაჩავს. ნაბუკოს იდეა 2002 წელს გაჩნდა და პერიოდულად ხდება აქტუალური რუსეთის იმპერიალისტური და აგრესიული ნაბიჯების საპასუხოდ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისა და რუსეთ-უკრაინის გართულებული დავის შემდეგ ევროპელები გეგმის დაჩქარებას შეუდგნენ. საქართველოს ნაბუკოს პროექტში ტრანზიტული ქვეყნის როლი აქვს. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს ევროპას არ დავიწყებია რუსეთის გაზის მარაგი, მაგრამ დაავიწყდა ერთი რამ – თუ ის იმპერიალისტურ რუსეთს ხელიდან არ გამოჰგლეჯს მცირე და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, თუ აქტიურად არ ჩაერევა რუსეთის მიერ გაღვივებულ კონფლიქტების მოგვარების საკითხში, მაშინ ის ვერასოდეს მიაღწევს ენერგოდამოუკიდებლობის საჭირო ხარისხს. ენერგოდამოუკიდებლობა კი თავისთავად ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს. ანუ, რეალურად, ევროპა რუსეთის ძლიერ თათებშია მომწყვდეული. მაშასადამე, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დასამყარებლად მან თავდაუზოგავად უნდა იბრძოლოს და ნაბუკოს მილსადენის პროექტის განსახორციელებლად ძალები ნამდვილად არ უნდა დაიშუროს.
სკეპტიკოსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნაბუკოსთან დაკავშირებით ჩნდება უზარმაზარი პრობლემა. პროექტის მოწინააღმდეგენი ჩივიან, რომ ევროპის კავშირის ოფიციალური პირები პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესისა და ენერგეტიკის საფუძვლებს ერთმანეთში ურევენ და ნაბუკოს პროექტი მილსადენების საერთო განვითარების თვალსაზრისით არასწორი ნაბიჯია. “ჩვეულერებრივ, ჯერ უნდა გამოინახოს რესურსი და შემდეგ უნდა აშენდეს მილსადენი, ნაბუკოს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა”, – აცხადებენ ისინი. ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში პიერ ნოელი აცხადებს, რომ ეს პროექტი მხოლოდ ბრიუსელის ბიუროკრატთა ტვინებში არსებობს და ნაბუკოს მშენებლობა მარტივი საქმე არ არის. მას თურქეთის აღმოსავლეთ საზღვრიდან ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის გავლით ბაუმგართენამდე, ავსტრია-სლოვაკეთის საზღვრამდე მილის გასაყვანად 2 მლნ ტონა ფოლადი სჭირდება, მისი ღირებულება დაახლოებით 8 მლრდ ევროა. ეს საკმაოდ სუსტი არგუმენტია, რადგან წესით, ევროპელებს უნდა უღირდეთ 8 მილიარდი ევრო ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, მით უმეტეს, როდესაც ფოლადის ფასი მთელ მსოფლიოში მცირდება.
27 იანვარს ნაბუკოს პროექტით დაინტერესებული ქვეყნების მმართველები ბუდაპეშტში სამიტზე შეიკრიბნენ. ყველა ქვეყნის წარმომადგენელი თანახმაა პროექტში მონაწილეობაზე. ბულგარეთმა გაზპრომისაგან 250 მილიონი ევრო მოითხოვა, რადგან ის რუსეთ-უკრაინის დავის გამო ერთ-ერთი დაზარალებული ქვეყანაა.
ევროპის საბჭო ნაბუკოს მილსადენის პროექტში 250 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს, რაც პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის 3%-ია. ეს ევროპის კავშირის პირველი ნიშანი და რეალური ნაბიჯია ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისაკენ. ევროპის საინვესტიციო ბანკი აცხადებს, რომ მზადაა ნაბუკოს პროექტის ღირებულების 25% დაფაროს, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ევროა. პროექტის მონაწილეებმა სამიტზე ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მათ მკაცრ ვალდებულებებს აკისრებს. 2009 წლის 7 მაისს თურქმენეთსა და ბულგარეთში ევროპის კავშირის ჩეხი პრეზიტენტის ორგანიზებით ჩატარდება “სამხრეთული კორიდორის სამიტი”. 2009 წლის პირველ ნახევარში შედგება სამთავრობოთაშორისო შეთანხმების ხელმოწერა. ნაბუკოს მილსადენის პროექტი მხოლოდ სტრატეგიულ მნიშვნელობას არ ატარებს ევროპის კავშირისათვის, ის კონტინენტზე მშვიდობის გარანტიაა. 3 300 კმ სიგრძის ნაბუკოს მილსადენის მშენებლობა 2011 წელს დაიწყება,
ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი კი 2014 წელს გავა.
იანვარში ლავროვი აცხადებს, რომ პრობლემურია ნაბუკოსათვის საკმარისი გაზის მიწოდების საკითხიც. მის მთავარ წყაროდ აზერბაიჯანის კასპიის ზღვის საბადო შაჰ-დენიზ II მოიაზრება, საიდანაც გაზს 2013 წლისათვის ელიან, ნაბუკოს ასამუშავებლად კი, სულ მცირე, 8 მლრდ მ3 ბუნებრივი აირია საჭირო, ანუ მილსადენის გადაქაჩვისუნარიანობის მეოთხედი მაინც. ამასობაში კი რუსეთი აზერბაიჯანთან მიმართებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით მანიპულირებს.
პროექტის მოწინააღმდეგეებს ავიწყდებათ, რომ უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოში გაზის უმსხვილეს მარაგს ფლობს, ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნაბუკოს მილების შევსება არ უნდა გაჭირდეს. ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნაბუკოს პროექტი ბაზრის ლიკვიდობასა და ევროპაში ენერგო-ბაზრის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
ბოლო ხანს ჩატარებულმა აუდიტმა, თურქმენეთის გაზის მარაგების შესახებ, ბრიუსელის ოფიციალური პირები გაახალისა, რადგან მათ წინაშე თურქმენეთი თითქმის გაორმაგებული მონაცემებით წარსდგა. სკეპტიკოსები კვლავ მიიჩნევენ, რომ ევროპისთვის გაზპრომის კონტროლის გვერდის ავლით თურქმენეთიდან გაზის მიწოდებას 20 წელი დასჭირდება. გერმანიის უმსხვილესი ელექტროენერგიისა და გაზის კომპანიის RWE AG-ის ხელმძღვანელი თურქმენეთის პერსპექტიულ ბაზარს მიესალმება და მზაობას გამოთქვამს ენერგო სექტორში კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის. 7 იანვარს აშხაბადში ვიზიტის დროს იარგენ გროსმენმა განაცხადა, რომ მათ თურქმენეთის მიმართ დიდი ინტერესები აქვთ. გროსმენის თურქმენეთში ვიზიტს წინ უძღოდა 2008 წლის დეკემბერში გაკეთებული განცხადება გერმანიის RWE -ისა და ავსტრიის ენერგო კონცერნ OMV-ის ერთობლივი გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბონ შპს კასპიის ენერგო კომპანია (Caspean Energy Company Ltd). ის მოიძიებს ყველა იმ ინფრანსტრუქტურულ გადაწყვეტილებას, რომელიც კასპიის რეგიონის რესურსებს ევროპას დაუკავშირებს. ევროპელი ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ თურქმენული გაზი თურქეთიდან სამხრეთული გაზის კორიდორით ახალი საექსპორტო მარშრუტით ევროპის კავშირის ქვეყნებს მიეწოდებათ. ევროპული მედია აცხადებს, რომ თურქმენეთი თანახმაა ნაბუკოს პროექტში მონაწილეობა მიიღოს და მზად არის, წლიურად 10 მლრდ მ3 გაზი მიაწოდოს ევროპას. თუმცა, ოფიციალურ თუქმენეთს ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როგორც ევროპა ცდილობს გაზის იმპორტის დივერსიფიკაციის მოხდენას, ასევე გაზის მწარმოებელი ქვეყნები ცდილობენ გაზის ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციას. პესიმისტური გათვლები ვრცელდება ნაბუკოს მილსადენის ერაყიდან და ირანიდან შევსების თვალსაზრისით. პრობლემაა თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებიც, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის 19 იანვარს ბრიუსელში ვიზიტის დროს. თურქეთი ცდილობს მილსადენი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, მას კვიპროსის მოუგვარებელი პრობლემები აწუხებს და ევროპის კავშირის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ასევე ცდილობს მოლაპარაკებების საშუალებით თურქეთი მთავარ ტრანზიტულ ქვეყნად აქციოს. თურქები დაჟინებით ითხოვენ გაზზე 15%-იან ფასდაკლებას, ამ მოთხოვნამ კი შესაძლებელია, ნაბუკოს ფინანსური მარცხი გამოიწვიოს – აცხადებენ ბრიუსელში.
ირანის ნავთობის მინისტრმა გულამ-ჰუსეინ ნოზარიმ 2008 წლის სექტემბერში ავსტრიის ენერგო გიგანტ OMV-ს გაფრთხილება მისცა, რომ თუ მოკლე დროში იგი არ დადებდა ხელშეკრულებას ირანთან, თეირანი სხვა პარტნიორის ძებნას დაიწყებდა. ირანელი მინისტრი აცხადებს, რომ წინასწარი მოლაპარაკებების დრო დასრულებულია და ახლა აქტიური ქმედებების დროა, “ირანი სამუდამოდ ვერ დაელოდება ნაბუკოს” – აცხადებს მინისტრი. OMV რთულად განვითარებად ნაბუკოს პროექტში ექვსი მონაწილიდან ერთ-ერთია. პროექტში ასევე მონაწილეობენ: MOL უნგრეთი,Transgaz – რუმინეთი, Bulgargaz – ბულგარეთი, Botas – თურქეთი, RWE – გერმანია. 2008 წლის იანვრიდან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეირანი ნაბუკოს მილსადენის მომარაგებისათვის ემზადება, ნავთობის მინისტრი კი პროექტის მომავალს ოპტიმისტურად განიხილავს და აცხადებს, რომ ევროპას ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ირანული ბუნებრივი აირი სჭირდება.
ნაბუკოს მილსადენის პროექტის შესახებ მოლაპარაკებები იოლად არ მიმდინარეობს. ევროპას დათმობებზე წასვლა არ უნდა, ამასობაში კი რუსეთი მსოფლიოში ძალის დემონსტრირებას ახდენს. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური რეცესიის შედეგად ექსპერტები ახალ ეკონომიკურ წესრიგს ელიან. საიდან უნდა ველოდოთ ახალი მსოფლიო მმართველის გამოჩენას? ევროპა პირველობისთვის იბრძვის და ამ საკითხში მას ძლიერი რუსეთი აშშ-სთვის პირველობის წასართმევად სჭირდება. იქნებ ამით უნდა აიხსნას საქართველოს ვეტო ნატოში გაწევრიანების საკითხში. ამასობაში რუსეთი სხვა ქვეყნებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას უკრძალავს, გაეროს მისიას “აფხაზეთში” ითხოვს, ევროპა კი თვალს ხუჭავს. ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ევროპა მსოფლიო პირველობის მოპოვებას, მაგრამ ცხადია, რომ 2009 წლის იანვარში მან თავისივე გათამამებული რუსეთის გამო უკვე მწარე მოსავალი მოიმკა, ეს კი ჯერ მხოლოდ 2009 წლის დასაწყისია!