არასატარიფი ბარიერის პრობლემა ექსპორტისთვის
მაკა ღანიაშვილი
ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთი გვერდი და პუბლიკაცია დასთმობია მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საკითხების გაშუქებას. მრავალჯერ აღგვინიშნავს, რომ ამ ორი სფეროს გაუმართაობა (უფრო სწორად, არარსებობა) ქვეყნისათვის დიდი პრობლემა და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის სერიოზული მუხრუჭია. ის არასატარიფო ბარიერები, რომელიც ასე ყბადადებული თემაა დღეს საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას და ქართული პროდუქტისათვის ევროპის ბაზრის გახსნას ეხება, პირდაპირ კავშირშია მეტროლოგია-სტანდარტიზაციის საკითხთან. რა ხდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში დღეს? რის გაკეთება იგეგმება სამომავლოდ?
თუმცა, სანამ სფეროში არსებულ სიახლეს შევეხებით, მოკლე ისტორიული შესავლით დავიწყოთ: ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო სტანდარტიზაცია ცნობილმა რუსმა მეცნიერმა მენდელეევმა დანერგა. მან 1906 წელს ჩვენში ზომა-წონის პალატა დაარსა.Eეს ამ დარგში საქართველოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო დაწესებულება იყო. რასაკვირველია, იმ პერიოდში ამ მხრივ ქვეყანაში ცოტა რამ კეთდებოდა, თუმცა კომუნისტების ხანაში, ჯერ ამიერკავკასიასა და შემდეგ საქართველოშიც, საქმე წინ წავიდა და 1926 წელს მეტროლოგია-სტანდარტიზაციას ჩაეყარა საფუძველი. მეტროლოგია არის გაზომვის ერთიანობის უზრუნველყოფა, გაზომვაში იგულისხმება ყველაფრის: წყლის, საკვების, ნავთობპროდუქტების, ელექტროენერგიის, ქიმიური შემადგენლობისა თუ დროის გაზომვა. სხვათა შორის, პირველი სერტიფიკაციაც მეტროლოგიის ნიადაგზე ჩამოყალიბდა და დღესაც სერტიფიკაციის ძირითად ნაწილს საზღვარგარეთ მეტროლოგია, ანუ მეტროლოგიური საშუალებები წარმოადგენს.
70-იანი წლებიდან საქართველო სრულიად “გოსტის სისტემით მუშაობდა, ხოლო 90-იანი წლების შემდგომ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ცდილობდა ამ სისტემაში რეფორმის გატარებას. იქმნება საკანონმდებლო ბაზა, 1995-96 წლებში ჩამოყალიბდა “სახსტანდარტის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. გავწევრიანდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოებში, მაგრამ რეალურად, საქართველო “გოსტს და მის სისტემას თავს ვერ აღწევდა, რაც გასაკვირი არაა. უფრო მეტიც, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე, სანამ რუსეთ-საქართველოს საზღვრები ჩაიკეტებოდა, მეტროლოგიის საზომი ერეთეულები და ხელსაწყოები საქართველოდან პეტერბურგში დაჰქონდათ ეტალონთან შესადარებლად, რადგან ყოფილ საბჭოთა კავშირში შესაბამისი ინსტიტუტები მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში არსებობდა. ახალი ტექნიკური პირობებისა და ეტალონთა ინსტიტუტის შესაქმნელად კი ათეულობით მილიონი დოლარი და პოლიტიკური ნებაა საჭირო.
თუმცა, მის გარეშე ქვეყანა და მის ეკონომიკა წინ რომ ვერ წავა ნათელია. ქართულ ბიზნესს ტექნიკური რეგულირებისა და სტანდარტიზაციის არასრულყოფილი სისტემის გამო უკვე სერიოზული ზიანი მიადგა. ბაზარზე გაჩნდა უხარისხო და შეუმოწმებელი პროდუქცია, რომლის გამოც იმპორტ-ექსპორტი სერიოზულად დაზარალდა. მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხელშეკრულებით, რომელიც დსთ-ის მასშტაბით მოქმედებდა, სტანდარტების ურთიერთაღიარება დსთ-ის ქვეყნებს შორის ხდებოდა. შესაბამისად, ბოლო წლებამდე ჩვენი ექსპორტ-იპმორტის ძირითადი ნაწილი დსთ-ის ბაზარზე იყო ორიენტებული. დასავლეთთან ურთიერთობაში კი საერთაშორისო სტანდარტები მოქმედებენ. მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველომ უკვე მყარად აიღო კურსი დასავლეთისაკენ და მის სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. რეალურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართული პროდუქციისათვის ევროპის ბაზარიც კი საოცნებოდ რჩება. მართალია, უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვესმის, რომ ევროპა საქართველოს სატარიფო ბარიერებს უმარტივებს, ან საერთოდ აუქმებს, რომ ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას GSP+ რეჟიმი გაუგრძელა, რომ მალე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროპასთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყება. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სატარიფო ბარიერებს ეხება, არასატარიფო ბარიერები კი, რომელიც ამა თუ იმ ცივილიზებულ ბაზარზე, მათ შორის, ევროკავშირში შესასვლელადაც მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს, არავითარ შემთხვევაში არ გამარტივდება და აუცილებელია მათ მოგვარებაზე ქვეყნის შიგნით ვიზრუნოთ. მსჯელობამ კვლავ მეტროლოგია-სტანდარტიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხთან მოგვიყვანა. რა კეთდება საქართველოში და თუ იდგმება ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით? საქართველო WTO-ის წევრობით, ევროპასთან, თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ვალდებულია ამ სფეროში ცივილიზებული ფორმის საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუტები ჰქონდეს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. 2009 წლის ბოლომდე ქართულ ბაზარზე მოსალოდნელია საერთაშორისო სტანდარტის ISO 17020-ის დანერგვა. ამ მიზნით, 21-22 იანვარს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სემინარი გაიმართა. სემინარი მიეძღვნა საინსპექციო ორგანოების აკრედიტაციის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისა და მასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის საკითხებს.
ISO არის მსოფლიო სტანდარტების ორგანიზაცია, რომლის წევრიც საქართველო 1998 წელს გახდა. იგი, როგორც არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაცია 1947 წლის 23 თებერვალს დაარსდა. სათაო ოფისი განლაგებულია შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში. იგი, ამჟამად თავის რიგებში აერთიანებს 157 წევრ სახელმწიფოს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.
“ჩვენი ექსპორტის გაზრდის შესახებ საუბრისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა პროდუქციასა თუ კომპანიაზე. ევროპის ბაზარზე გასასვლელად აუცილებელია, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამ კუთხით, კომპანიებისთვის სერტიფიკატის მისანიჭებლად და ამ სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოქნილი და სწრაფი მექანიზმები გვჭირდება. კვალიფიკაციის ამაღლებაში კი ევროგაერთიანება გვეხმარება და ამ მიმართულებით პროექტები კვლავ გაგრძელდება – აღნიშნავს ლაშა ჟვანია.
კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა ეს არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რომლებიც შესაბამისობის შეფასების სფეროში აკრედიტაციის გასაცემად აუცილებელია. საინსპექციო ოგანოების აღიარებისთვის კი მათი აკრედიტაციაა აუცილებელი. ინსპექტირების ნაწილი ტესტირებაა. ეს უკანასკნელი ორი კატეგორიისაა – ფუნქციონალური და ანალიტიკური. ფუნქციონალური ტესტირება განსაზღვრავს ნივთის ფუნქციას, ხოლო ანალიტიკური ტესტირების შემთხვევაში მიმართავენ გაზომვის მეთოდს. ანალიტიკური ტესტირება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს ISO 17020.
პროდუქტის (მომსახურების პროცესების) დაპროექტებიდან მის გამოშვებამდე, ასევე, მისი გამოყენების დროს გამოიყენება ინსპექტირება. შეიძლება ჩატარდეს პერსონალის ინსპექტირებაც. სერტიფიკატსა და ინსპექტირებას შორის ის განსხვავებაა, რომ ინსპექტირება პროფესიულ შეფასებაზეა დამყარებული და შესაძლოა მოიცავდეს პროექტის, პროდუქტის პროცესებისა და პერსონალის შესაბამისობის შეფასებას, ხოლო სერტიფიცირება მხოლოდ სტანდარტების შესაბამისად ტარდება და მასში პროფესიული შეფასებები მოქმედებს. სერტიფიცირება პროდუქტს ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს, ინსპექტირება კი განსაზღვრავს პროდუქტი ინარჩუნებს თუ არა თავის სამომხმარებლო პირობებს ექსპლოატაციის დროს. ინსპექტირების ორგანოების შემთხვევაში არ გვაქვს ზედამხედველობა. ექსპლოატაციაში მყოფი პროდუქცია არ ექვემდებარება სერტიფიცირებას.
აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის პაატა გოგოლაძის თქმით, სემინარის მიზანია, შესაბამისობის შეფასების განხორციელება ინსპექტირების გზით გახდეს შესაძლებელი, ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტის IშO-ს დამკვიდრება და საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. როგორც გოგოლიძემ აღნიშნა, წლის ბოლომდე ქართულ ბაზარზე მოსალოდნელია IშO-ს სტანდარტის სამოქმედოდ შემოღება, მაგრამ ამ სტანდარტის დანერგვამდე მის უკეთ გასაგებად და ცოდნის გასაღრმავებლად სემინარების მეშვეობით განხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის პერსონალის მომზადება.
“- ამ სტანდარტის დანერგვა საკანონმდებლო ბაზის დახვეწას მოითხოვს, ამიტომ მის დახვეწასთან ერთად დავიწყებთ ქართული ბაზრისთვის ISO-ს სტანდარტის შეთავაზებას და წლის ბოლომდე მოსალოდნელია მისი დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. ISO-ს სტანდარტის გამოყენება შეიძლება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტექნიკური საფრთხის შემცველი (ლიფტები, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, ამწე-დანადგარები) ობიექტების ინსპექტირება. ასევე, სურსათის ჰიგიენის (სანიტარიის) სფეროს ინსპექტირება. ჩვენ ვემსახურებით შესაბამისობის შეფასების სფეროს, სადაც სამი წლის განმავლობაში დავნერგეთ და განვახორციელეთ საერთაშორისო სტანდარტები აკრედიტაციაში ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა პროდუქციისა და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები, ტესტირების ლაბორატორიები და დაკალიბრების დამამოწმებელი ლაბორატორიები.
არსებობს ახალი მიმართულებებიც, რომელიც საინტერესო იქნება ქართული ბაზრისთვის, ესენია: სამედიცინო (კლინიკური) ლაბორატორიებისა და საინსპექციო ორგანოების აკრედიტაცია. საქართველოში დღემდე არ არსებობს საინსპექციო ორგანოების აკრედიტაცია. აკრედიტაციას სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ. საერთაშორისო პრაქტიკაში ასევე შესაძლებელია ზოგიერთ სფეროში ინსპექტირება კერძო აკრედიტებულმა ორგანოებმა განახორციელონ. აკრედიტაციის გზით დასტურდება აკრედიტირებული პირის კომპეტენტურობა შეასრულოს პროდუქციის, პერსონალის პროცესების, სისტემების შესაბამისობის შეფასება – განაცხადა გოგოლიძემ.
მართალია, მეტროლოგია-სტანდარტიზაციის სფეროს სრულყოფისათვის ეს ჯერ მხოლოდ ზღვაში წვეთი – და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ კედელი აგურის აგურზე დადებით შენდება. მითუმეტეს, თუ ამ მიმარულებით ცვლილებები და რეფორმები მომავალში რეალურად გაგრძელდება. მსგავს დაპირებას კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უკვე იძლევა – როგორც აღნიშნავენ, ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში სემინარები პერმანენტულად გაიმართება, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიებისა და ლაბორატორიათა შორის შედარებითი გამოცდების ორგანიზების სფეროების აკრედიტაციის საკითხებს მიეძღვნება. სამინისტროში დაგეგმილი უახლოესი სემინარი სერტიფიკაციის ორგანოებში აკრედიტაციის ხარისხის ამაღლებას მიეძღვნება.