საქართველოს ეკონომიკური განვითარების 2008 წლის ტენდენციები და 2009 წლის ძირითადი მიმართულებების პროგნოზი

რედაქციისაგან

ბოლო დროს ძალიან ხშირად გვესმის კრიზისი ჩვენ არ შეგვხებია საქართველოში; მას ჯერ საზღვარი არ გადმოულახავს; ჩვენ არ ვართ საკმარისად ინტეგრირებულნი მსოფლიოში, რომ ამ რეცესიამ ჩვენზე ასეთი ძლიერი ზეგავლენა იქონიოს; ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს და კრიზისი როგორ შეგვეხება. ეს ყველაფერი ირონია და უადგილო იუმორია. ციკლონის წინა პერიოდში აუცილებელია მიმდინარე პროცესებისა და ეკონომიკური ამინდის ჩამოყალიბებაზე მოქმედი, როგორც გარე ისე შიდა ფაქტორების ზუსტი ანალიზი. ციკლონის პიკი მალე დადგება და მაშინ სამწუხაროდ ხუმრობის ხასიათზე ნაკლებად ვიქნებით. მაინც რა ტენდენციებია საქართველოს ეკონომიკაში დღეს და როგორია ახალგაზრდა მკვლევარების თვალით დანახული პერსპექტივები.

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა უცხოური ინვესტიციების ნაკადები (2008 წლის III კვარტლამდე), რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა ქვეყანაში როგორც სავალუტო ბაზარზე, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე. 2007 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,750.25 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის განმავლობაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს (1,170.08 მლნ აშშ დოლარი) 49.5%-ით აღემატება. 2007 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25% მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის წილად მოდიოდა, 20% – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, 18% – ენერგო სექტორზე, მშენებლობის სექტორზე – 8%, ანალოგიური მაჩვენებელი იყო საბანკო სექტორზეც – 8%. აღსანიშნავია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისისა და ქვეყანაში აგვისტოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინებამ მნიშვნელოვნად იკლო, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ნაკადების პროგნოზირების მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში 848 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტისტიცების შემოდინებაა მოსალოდნელი. უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემოდინების შემცირება მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. ამ ზემოქმედების შედეგების გასარკვევად საწყის ეტაპზე აუცილებელია განვსაზღვროთ აღნიშნულ მაჩვენებლებზე ინვესტიციების ნაკადების ზემოქმედების არსებული დონე.
განვლილი პერიოდის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ახდენდა უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას, რაც იწვევდა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარების საშიშროებას, რისი თავიდან აცილების მიზნითაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებდა ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე და ახდენდა დოლარის შესყიდვას. აღნიშნულის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ ნაყიდი აშშ დოლარის ოდენობამ შეადგინა: 2004 წელს 195.092 მლნ. ლარი, 2005 წელს – 91.272 მლნ. ლარი, 2006 წელს – 451.378 მლნ. ლარი, 2007 წელს – 918.176 მლნ. ლარი, ხოლო 2008 წელს – 821.748 მლნ. ლარი. მიწოდებული ლარის გაზრდას რომ არ გამოეწვია ინფლაცია, ამ პროცესების პარალელურად ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოყენებით ახორციელებდა აღნიშნული თანხების მიმოქცევიდან ამოღებას. ამის საფუძველზე მნიშვნელოვნად იზრდებოდა ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერთიფიკატების ემისიის მოცულობა. კერძოდ, 2006 წელს – 380 მლნ. ლარი, 2007 წელს – 4,202 მლნ. ლარი, ხოლო 2008 წელს – 3,761 მლნ. ლარი. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოდან აშშ დოლარზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეამცირა აშშ დოლარის შესყიდვა და იგი ამ პერიოდიდან დოლარის მიწოდების ზრდას ახდენდა. აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის მიწოდებამ 809.723 მლნ. ლარი შეადგინა. ზემოთ აღნიშნული ოპერაციების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები. 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული რეზერვების მოცულობა 1,460 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2009 წლისათვის უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება აშშ დოლარს გამყარებისკენ უბიძგებს, რისი თავიდან აცილებისათვისაც საქართველოს ეროვნულ ბანკს 2009 წლისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სავალუტო რეზერვების გახარჯვა მოუწევს. ამ მხრივ, უცხოური ფინანსური დახმარებების საფუძველზე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდის აუცილებლობა მეტად მნიშვნელოვანია.
ინვესტიციების მოცულობების ზრდა ფულის მასის ზრდის გამო, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა როგორც ინფლაციურ პროცესებზე, ასევე დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდაზე. ის, თუ რომელ მაჩვენებელზე უფრო მეტად იმოქმედებს ინვესტიციების ნაკადების ზრდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფულადი აგრეგატი უფრო მეტად გაიზრდება. ამის გასაგებად მოვახდინოთ 2008 წლის განმავლობაში ფულადი აგრეგატების ზრდის აბსოლუტური მაჩვენებლების შედარება.
აღნიშნული ცხრილის გამოყენებით შევადაროთ ერთმანეთს ერთი და იმავე პერიოდის ფულადი აგრეგატების ზრდის მაჩვენებლები (აბსოლუტურ გამოხატულებაში). ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია M1-სა და M2-ის და M3-სა და M2-ის შედარება, რადგანაც M2-ის უფრო მეტად ზრდა, ვიდრე M1-სა, ნიშნავს კომერციული ბანკებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მოცულობების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ზრდის საბანკო ფულის შექმნის შესაძლებლობას ანუ საბანკო ფულის მულტიპლიკატორს. ეს პროცესი კი მოთხოვნის ზრდის საფუძველზე იწვევს ინფლაციურ ზეწოლას (ეკონომიკაში გაიზრდება ფულის რაოდენობა, რაც მოკლევადიან პერიოდში ფასებს ზრდისკენ უბიძგებს). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში (სექტემბრის თვიდან) ფასების ზრდის ტემპი შემცირდა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო როგორც მონეტარულ ფაქტორებთან, ასევე მსოფლიოში მიმდინარე რეცესიულ პროცესებთან.
ცხრილიდან კარგად ჩანს, რომ 2008 წლის მარტის (ისევე როგორც აპრილის, ივნისისა და ივლისის) თვეში M2 უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე M1, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მათი ნაზრდების სხვაობის შესაბამისად გაიზარდა კომერციულ ბანკებში ვადიანი ანაბრების მოცულობა, რაც საბანკო ფულის შექმნის განმსაზღვრელია. ამ მხრივ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სექტემბრის თვეში, ანუ აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ, M2 შემცირდა 13,994 მლნ ლარით, ხოლო M3 გაიზარდა 120,229 მლნ ლარით.
რაც შეეხება M3-ისა და M2-ის მაჩვენებლების ნაზრდების შედარებას, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ M3-ის უფრო მეტად გაზრდა M2-თან შედარებით ნიშნავს მოცემული ნაზრდების სხვაობის შესაბამისად საბანკო ანგარიშებზე უცხოური ვალუტით განთავსებული თანხების მოცულობების ზრდას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ უცხოურ ვალუტებში მნიშვნელოვანი ადგილი აშშ დოლარს უჭირავს, ამიტომ შესაბამისად იზრდება დოლარიზაციის მაჩვენებელიც. აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 2009 წლისათვის აშშ დოლარის მიმართ მოსახლეობის მაღალი ნდობის საფუძველზე მოსალოდნელია დოლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდა.
2008 წლის აპრილის, ივლისისა და სექტემბრის თვეებში M3-ის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატებოდა M2-ის ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგვისტოს თვის მონაცემები. ამ პერიოდისათვის M3 შემცირდა 432.345 მლნ. ლარით, ხოლო M2 – 235.352 მლნ. ლარით. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ამ თვეში (საომარი მოქმედებების შედეგად) მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მოახდინა თავისი დანაზოგების ეროვნული ვალუტიდან (მიუხედავად ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთისა) უცხოურ ვალუტაში გადატანა, ზოგმა კი ბანკიდან კუთვნილი ანაბარი მთლიანად გამოიტანა. ამის გამო აგვისტომდე არსებული დეპოზიტების მოცულობებთან შედარებით (მათ შორის უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტებიც) ოქტომბრის თვის მდგომარეობით არსებული დეპოზიტების მოცულობა 215.376 მლნ. ლარით შემცირდა. თუმცა, რეალურად, დეპოზიტები უფრო მეტად შემცირდა. საქმე ისაა, რომ აშშ დოლარში განთავსებული დეპოზიტები აშშ დოლარის გამყარების შემდეგ დაახლოებით 15%-ით გაიზარდა გადაფასების საფუძველზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის განმავლობაში დეპოზიტების ზრდის ობიექტური მიზეზები არ არსებობს, რადგანაც ქვეყანაში დასაქმების კლება მნიშვნელოვნად შეამცირებს მთლიან შემოსავლებს, რაც, თავის მხრივ, დანაზოგების ფორმირებას შეუშლის ხელს.
ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ უცხოური ინვესიტიციების ნაკადების შეწყვეტა 2009 წლისათვის მნიშვნელოვნად შეამცირებს ფულადი მასის ზრდას, ეს კი განაპირობებს ქვეყანაში, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირებას (რაც შეასუსტებს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნების უნარს), ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში შიდა მოთხოვნის შემცირებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შიდა მოთხოვნის ძირითადი ნაწილი იმპორტული პროდუქციით კმაყოფილდებოდა (სამომხმარებლო პროდუქციის 80%-მდე იმპორტზე მოდის), ამიტომ მოთხოვნის შემცირება შეამცირებს იმპორტის მოცულობას. ასეთ შემთხვევაში დაზარალდებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იმპორტის ბიზნესში არიან ჩართულნი.
ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005-2007) საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.8-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდ აშშ. დოლარს გადააჭარბა. ამგვარი დინამიკა კი ძირითადად იმპორტის მკვეთრმა მატებამ განაპირობა. 2008 წლის მდგომარეობით იმპორტის მოცულობამ შეადგინა 6 058104 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტის მოცულობამ – 1 497664 ათასი აშშ დოლარი. იმპორტის ასეთი ზრდის მიზეზი ძირითადად სამომხმარებლო ბუმი იყო, რასაც თავისმხრივ ქვეყანაში სამომხმარებლო სესხების ზრდა უწყობდა ხელს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხებით დავალიანების მოცულობამ 2005 წლის ბოლოსათვის შეადგინა 301.507 მლნ. ლარი, 2006 წლისათვის – 509.031 მლნ. ლარი, 2007 წლისათვის – 1,036.269 მლნ. ლარი, ხოლო 2008 წლის ბოლოსათვის – 6%-ით შემცირდა და 971,882 მლნ. ლარი შეადგინა.
2008 წლის I, II და III კვარტლის ნაერთი მონაცემებით საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეადგენს -2 351 841.1 (ათასი აშშ დოლარი), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე -1 139 615.1 ათასი აშშ დოლარით მეტია, ანუ, ადგილი აქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავების ტენდენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ 2009 წლისათვის, ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირება მნიშვნელოვნად გაზრდის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს. ეკონომიკური კრიზისი მთელ მსოფლიოში უკვე მძვინვარებს, რაც შეამცირებს აღნიშნულ ქვეყნებში დასაქმებას და, შესაბამისად, ამ ქვეყნებში მომუშავე ქართველების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობას. 2005 წლისათვის საქათველოში ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 403.134 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წლისათვის – 553.250 მლნ. აშშ დოლარი, 2007 წლისათვის – 866.156 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო 2008 წლისათვის – 1,002.122 მლნ აშშ დოლარი. აღნიშნული თანხების შემცირება, ბუნებრივია, სერიოზულად დააზარალებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ მოსალოდნელია ექსპორტის მოცულობის კლება, რაც, ძირითადად, მსოფლიოში ნედლეულის ბაზრებზე არსებული პრობლემებით იქნება გამოწვეული. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყნის ექსპორტი მიმდინარე წლისათვის სერიოზული სირთულეების წინაშე დადგება, რადგანაც 2008 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ექსპორტის 20.8% ფეროშენადნობებზე მოდის, 9.5% – ჯართზე, 8.5% – სპილენძის მადნებზე და კონცენტრატებზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორებს შეადგენენ თურქეთი (საერთო ექსპორტის 19,5%), აზერბაიჯანი (13,4%), უკრაინა (7,6%), გერმანია (2,2%), რუსეთი (1,9%). ყველა ამ სახელმწიფოში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია, რაც, შესაბამისად, შეამცირებს მათ მოთხოვნას ნედლეულზე. ყოველივე ეს კი, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ექსპორტზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.
უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია საქართველოს კომერციული ბანკებისათვის გამოყოფილი უცხოური სესხების მოცულობების ზრდა, რომელიც არსებით ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, საქართველოს კომერციული ბანკები დეპოზიტებთან შედარებით უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი უცხოური ფინანსური სახსრების მიღებაზე, გამომდინარე იქედან, რომ უცხოური ფინანსური სახსრები მეტწილად იაფი და გრძელვადიანია. 2008 წლის ბოლოსათვის საქართველოს საბანკო სისტემის ჯამური ნასესხები სახსრები შეადგენდა 2,834.815 მლნ. ლარს, ხოლო ვადიანი არასაბანკო დეპოზიტების ჯამური მაჩვენებელი კი – 1,971.019 მლნ ლარს. ამ ფინანსური რესურსების ზრდა, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნული სახსრებისა (მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო) და არასაბანკო დეპოზიტების (აგვისტოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო) კლების შედეგად, წინა წელთან შედარებით, 22%-ით შემცირდა 2008 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობაც (1,433.170 მლნ ლარი). 2008 წლის მეორე ნახევარში გაცემული სესხები 62%-ით შემცირდა 2008 წლის პირველ ნახევარში გაცემული სესხების ოდენობასთან შედარებით.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტებიდან მნიშვნელოვანია მშენებლობის სფეროში გაცემული სესხების მოცულობა. სამშენებლო კომპანიების დაკრედიტება დიდად უწყობდა ხელს ეკონომიკის ზრდას. 2008 წლის პირველ ნახევარში მშენებლობის სექტორზე გაცემულია 146.201 მლნ. ლარის ოდენობის სესხი, ხოლო წლის მეორე ნახევარში გაიცა 75.670 მლნ. ლარის ოდენობის სესხი, რაც 48%-ით ჩამორჩება 2008 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებელ მაჩვენებელს. ჯამურად, 2008 წლის განმავლობაში მშენებლობის სექტორზე გაცემულია 221.871 მლნ ლარი, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. სამშენებლო კომპანიებს 2009 წლის განმავლობაში დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირება სერიოზულ სირთულეებს შეუქმნით, მით უმეტეს, რომ გაზრდილი საკრედიტო რისკების გამო იპოთეკური სესხების გაცემებიც მკვეთრად შემცირდა.
იპოთეკური სესხების გაცემებმა 2007 წლის განმავლობაში შეადგინა 7,520.102 მლნ. ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2008 წლის განმავლობაში არსებულმა გაცემებმა შეადგინა 14,329.745 მლნ. ლარი და იგი 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 91%-ით არის გაზრდილი. 2008 წლის განმავლობაში გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2007 წლისათვის არსებულ ზრდის ტემპს.
მრეწველობის სექტორზე 2008 წლის განმავლობაში გაიცა 210,445 მლნ. ლარის ოდენობის სესხი, რაც 41%-ით არის შემცირებული წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (359,401 მლნ ლარი) შედარებით. 2008 წლის პირველ ნახევარში მრწველობის სფეროს დასაფინანსებლად გაიცა 141,827 მლნ. ლარის ოდენობის სესხი, ხოლო წლის მეორე ნახევარში აღნიშნული მაჩვენებელი 52%-ით შემცირდა და 68,618 მლნ ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობაზე 2008 წლის განმავლობაში გაიცა მხოლოდ 26,509 მლნ. ლარი, რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. აღნიშნული ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2007 წლისათვის არსებულ ზრდის ტემპს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის პირველ ნახევარში აღნიშნულ სფეროში გაიცა 21,865 მლნ. ლარის სესხი, იმავე წლის მეორე ნახევარში კი – 4,665 მლნ ლარი, რაც 79%-ით ნაკლებია.
ყველაზე მეტი დაკრედიტება (სფეროების მიხედვით) ხორციელდებოდა ვაჭრობის სფეროში. 2008 წლის განმავლობაში ამ კუთხით გაიცა 792,590 მლნ. ლარის ოდენობის სესხი, რაც 11%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2008 წლის პირველ ნახევარში ვაჭრობაზე ჯამურად გაცემულია 597,476 მლნ. ლარის მოცულობის სესხი, ხოლო წლის მეორე ნახევარში – 67%-ით ნაკლები (195,114 მლნ ლარი). აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ვაჭრობის სექტორზე გაცემული სესხების ოდენობა 333,745 მლნ. ლარით აღემატებოდა მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებზე გაცემული სესხების ჯამურ ოდენობას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მიმოქცევის სფეროს უფრო მეტი ოდენობით დაკრედიტება (ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტებასთან შედარებით) ქვეყნის ეკონომიკისათვის არცთუ ისე ხელსაყრელია, რადგანაც ვაჭრობაში იმპორტული პროდუქცია ჭარბობს და, შესაბამისად, ვაჭრობის სფეროს დაფინანსება მთლიანობაში ნიშნავს იმპორტის ზრდის ხელშეწყობას, რაც აისახა კიდეც ჩვენი ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე. ბუნებრივია, რომ 2009 წლისათვის ვაჭრობის სფეროს დაფინანსების შემცირება სერიოზულად დააზარალებს იმ პირების შემოსავლებს, რომლებიც ვაჭრობის სფეროში არიან ჩართულნი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური ფინანსური სახსრების ნაკადების შემცირება 2009 წლის განმავლობაში შეამცირებს როგორც მშენებლობის, ისე ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში დამატებული ღირებულების შექმნას.
აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ქართული კომერციული ბანკები, მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე, დადგნენ ვადაგადაცილებული სესხების ზრდის საფრთხის წინაშე, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვები. 2008 წლის ივლისის მდგომარეობით სშდრ მთლიანი სესხების 4%-ს შეადგენდა, ხოლო წლის ბოლოსათვის აღნიშნული მაჩვენებელი 9%-მდე გაიზარდა. ეს პროცესი გაართულა აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გამყარების ფაქტორმაც. საქართველოს კომერციული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელის 73% უცხოური ვალუტით არის გაცემული, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში შეადგენს 4,213.939 მლნ. ლარს, აშშ დოლარის გამყარების შედეგად, მართალია, კომერციულ ბანკებს აქტივები გაეზარდათ გადაფასების საფუძველზე, მაგრამ მსესხებლებს მოუწევთ უფრო მეტის გადახდა სესხის დასაფარად, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ გადახდისუნარიანობას 2009 წლისათვის.
უცხოური ინვესტიციების ზრდის პარალელურად, 2003 წლიდან მნიშვნელოვნად იზრდება საგადასახადო შემოსავლების მოცულობა, რისი ხელშემწყობი ფაქტორებიც არის როგორც ეკონომიკური ზრდა და გადასახადების ლიბერალიზაციის გამო ჩრდილოვანი სექტორის შემცირება, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება, იმპორტულ პროდუქციაზე ფასების ზრდა და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება (ბოლო დროისთვის).
მოცემულ პერიოდში საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საფუძველზე საგადასახადო შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. რაც შეეხება გადასახადების განაკვეთებს, მოხდა მათი მნიშვნელოვანი შემცირება. კერძოდ: სოციალური გადასახადის განაკვეთი 2005 წელს შეადგედა 31%-ს, 2006-2007 წლებში – 20%-ს, ხოლო 2008 წლის I იანვრიდან იგი საერთოდ გაუქმდა. დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი 2005 წელს შეადგენდა 20%-ს, ხოლო 2006 წლიდან დღემდე იგი შეადგენს 18%-ს. მოგების გადასახადის განაკვეთი 2005-2007 წლებში შეადგენდა 20%-ს, ხოლო 2008 წლის I იანვრიდან ის შეადგენს 15%-ს. გარკვეული თავისებურებით ხასიათდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, რომელიც 2005 წელს შეადგენდა 20%-ს, ხოლო 2006-2007 წლებში იგი შემცირდა 12%-მდე, 2008 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა (სოციალური გადასახადის გაუქმების ფონზე) 25%-მდე, ხოლო 2009 წლის I იანვრიდან აღნიშნული განაკვეთი შეადგენს 20%-ს. ბუნებრივია, რომ სოციალური გადასახადის გაუქმება დიდი შეღავათია დამსაქმებლებისათვის და, შესაბამისად, მსხვილი კომპანიებისათვის, თუმცა, საშემოსავლო გადასახადის გაზრდა მნიშვნელოვნად შეამცირებს ფიზიკური პირების წმინდა შემოსავლებს. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი შემცირება მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე სულ უფრო მატულობს.
საგადასახადო შემოსავლების მხრივ მეტად მნიშვნელოვანია დამატებული ღირებულების გადასახადის როლი. დღგ-დან მიღებული საგადასახადო შემოსავლის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორებიდან აუცილებელია აღვნიშნოთ იმპორტის მოცულობის ზრდა, ვალუტის გაცვლითი კურსი და ინფლაციური პროცესები. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 78.9% იმპორტზე მოდის, ამიტომ, ბუნებრივია, დღგ-დან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმპორტის გაძვირება-გაიაფებაზე. ეს ნიშნავს, რომ იმპორტზე ფასების ზრდის დროს შესაბამისად მეტი თანხები შედიოდა ბიუჯეტში დღგ-დან და გაიაფების შემთხვევაში, შესაბამისად, – ნაკლები. რაც შეეხება ვალუტის გაცვლით კურსს, ლარის გაცვლითი კურსის დაცემის შემთხვევაში იმპორტი, შესაბამისად, ძვირდება და მოთხოვნის უცვლელობის პირობებში, შესაბამისად, მეტი თანხები შედის ბიუჯეტში დღგ-დან, საბაჟო შემოსავლების ზრდასთან ერთად. მაგრამ, ორივე შემთხვევაში, საგადასახადო შემოსავლების ზრდა ხორციელდება ფასების ზრდის ხარჯზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელი დაბალი ფასების ფონზე, 2009 წლის საგადასახადო შემოსავლების შემცირების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დღგ-ს განაკვეთის გაზრდა.
საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის განაკვეთების ცვლილებები მეტად მნიშვნელოვანია ეფექტურობის მხრივ. 2008 წლის პირველი იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 12%-დან 25%-მდე გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება ფიზიკური პირების წმინდა შემოსავლებზე. საგადასახადო განაკვეთების ნებისმიერი ცვლილება უნდა შეფასდეს თანამდევი პროცესების შესწავლის მეშვეობით. აღნიშნულ შემთხვევაში, ფიზიკური პირების შემცირებული წმინდა შემოსავალი ნიშნავს მათი ცხოვრების დონის გაუარესებას და, შესაბამისად ერთობლიობაში სოციალური პრობლემების წარმოშობას, რაც გრძელვადიან პერიოდში დამატებით საბიუჯეტო დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფასების ზრდასთან ერთად, წმინდა შემოსავლების შემცირება აფერხებს დანაზოგების შექმნას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შიდა ინვესტიციების განხორციელებისათვის.
რაც შეეხება მოგების გადასახადს, 2008 წლის I იანვრიდან აღნიშნული გადასახადის განაკვეთი შემცირდა 15%-მდე. ბუნებრივია, რომ მოგების გადასახადის განაკვეთის სიმცირე დადებითი ზეგავლენის მომხდენია ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგანაც ქართულ კომპანიებს ექნებათ შემცირებული განაკვეთის შესაბამისი თანხების ბიზნესში რეფინანსირების შესაძლებლობა, რაც მათი აქტივების რენტაბელობის კოეფიციენტის გათვალისწინებით დამატებითი შემოსავლების მომტანია. გადასახადის გაზრდის შემთხვევაში კი აღნიშნული თანხები დაკარგულად ჩაითვლება. ამიტომ, 2009 წლისათვის კონკრეტული დარგის სტიმულირებისა და საერთო ეკონომიკური ეფექტურობისათვის, მისაღები იქნება მოგების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთების დაწესება დარგების მიხედვით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში წარმოების მოცულობისა და შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი კლების შედეგად შემცირდება საწარმოთა მომგებიანობა, რაც თავის მხრივ, შეამცირებს მოგების გადასახადიდან მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს. ასევე, უმუშევრობის დონის მოსალოდნელი გაზრდის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად მოიკლებს საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების მოცულობაც. რაც შეეხება დღგ-დან მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს, რეცესიული პროცესებით გამოწვეული მსოფლიო ფასების ვარდნის და ქვეყანაში შიდა მოთხოვნის კლების შედეგად შემცირდება აღნიშნული საგადასახადო შემოსავლებიც, თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის დაცემის ტენდენციამ შეიძლება გაანეიტრალოს აღნიშნული პროცესი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ 2009 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი პროგნოზები:
უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება, ფულადი გზავნილების კლებასთან ერთად, გააღრმავებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს, რისთვისაც, ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის მიზნით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება;
აღნიშნულის გამო მნიშვნელოვნად გაიზრდება ლარის გაცვლითი კურსის დაცემის შესაძლებლობა, რისთვისაც მეტად მნიშვნელოვანია უცხოური ფინანსური დახმარებების მიღების დროში თანხვედრა ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პროცესებთან;
უცხოური ინვესტიციების ნაკადების შემცირების შედეგად მოიკლებს ფულის ბაზრის მოცულობაც, რაც თავის მხრივ ქვეყანაში შიდა მოთხოვნის მასშტაბების გათვალისწინებით შეამცირებს იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების მოცულობებს;
უცხოური ფინანსური სახსრების ნაკადების კლების შედეგად ქართული კომერციული ბანკები ვერ მოახდენენ ეროვნული ეკონომიკის სათანადო დონეზე დაკრედიტებას, რაც ეკონომიკური ზრდის შეფერხებას შეუწყობს ხელს;
ეკონომიკური ზრდის შეფერხების საფუძველზე მნიშვნელოვნად შემცირდება მოგების და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების მოცულობებიც. ამას დაემატება მოთხოვნის შემცირება, ფასების შემცირება და, მიუხედავად ლარის გაცვლითი კურსის დაცემისა, მოსალოდნელია დღგ-დან მიღებული საგადასახადო შემოსავლების კლებაც;
ყოველივე აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია უცხოური ფინანსური დახმარებების და სახელმწიფოს ეკონომიკური როლის მნიშვნელოვანი ზრდა.