აგრომენეჯერის მიერ რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პროცესი
პაატა კოღუაშვილი, ეკ. მეც. დოქ. სრული პროფესორი (სსსსუ) ნოდარ ხასაია, ეკ. აკად. დოქ. ასოცირებული პროფესორი (სსმსუ)
საბაზრო ურთიერთობათა პირობებში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დარგობრივი საწარმოო სტრუქტურის) ერთ-ერთი ძირითადი და უპირველესი მიზანი მოგების მიღებაა. ამ მიზნის განხორციელებაზე, გარდა შიდა ფაქტორებისა (საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, საწარმოს სპეციალიზაცია, წარმოების მართვისა და ორგანიზაციის ფორმა და ა.შ.), მნიშვნელოვანწილად მოქმედებს გარე ფაქტორები, რომელთა რეგულირება სცილდება ცალკე აღებული ნებისმიერი საწარმოს შესაძლებლობებს. მათგან გამოსაყოფია:
ეკონომიკური ფაქტორი – რომელიც გამოხატულებას პოულობს ინფლაციის ან დეფლაციის ტემპებში, ეროვნული ვალუტის სტაბილურობაში, საგადამხდელო ბალანსში და სხვ. თითოეული ეს მაჩვენებელი შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს ფირმისათვის, ან პირიქით, განვითარების ახალი იმპულსი მისცეს მას;
პოლიტიკური ფაქტორი – როცა ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში, კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა ნორმატიული აქტი, რომელსაც საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ორგანო იღებს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით;
ბაზრის ფაქტორი – მას განეკუთვნება ცვლილებები მოსახლეობის სტრუქტურაში და მათ შემოსავლებში, კონკურენციის დონე, მოგების განაწილება, ცვლილებები ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაში, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა და სხვ., რომელთა დროული ანალიზი საშუალებას აძლევს ხელმძღვანელობას, დააზუსტოს საწარმოს სტრატეგია და განამტკიცოს მისი პოზიციები.
კონკურენტული ფაქტორი – დასახული მიზნის მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა კონკურენტების საფუძვლიანი შესწავლა, რისთვისაც საჭიროა, პასუხი გაეცეს კითხვებს: რით ხელმძღვანელობს კონკურენტი, რა სიახლეები გააჩნია მას, როგორია მისი სტრატეგია ან ტაქტიკა. ამასთან, საჭიროა გაანალიზდეს კონკურენტის მიზნები, შეფასდეს მისი სტრატეგია, საფუძვლიანდ იყოს შესწავლილი კონკურენტის ძლიერი თუ სუსტი მხარეები და საბაზრო სიტუაცია.
თანამედროვე პირობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მართვის ფაქტორის როლი მნიშვნელოვნად ამაღლდა. დღეს, გამძაფრებული საკონკურენციო ბრძოლის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება განიხილება როგორც მართვის სრულყოფის ერთ-ერთი შედეგი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მოწინავე ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა გამოცდილება ცხადყოფს, რომ წარმატებისათვის მთავარია დანახარჯების ოპტიმიზაცია, წარმოების ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვა, წარმოების მოქნილობა და ოპერატიულობა, პროდუქციისა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხი.
წარმოების დანახარჯების შემცირებასთან ერთად, ბოლო პერიოდში, აუცილებელი ხდება ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, ანუ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, რადგან სამმართველო და საწარმოო პროცესებში პროფესიონალი მუშაკის ქმედითი მონაწილეობა არსებითად განსაზღვრავს საწარმოს კონკურენტუნარიანობას, მუშაკთა რაციონალიზატორული აქტივობის ამაღლებას (რაც ნათლად ჩანს იაპონური ფირმების მაგალითზე).
სასოფლო-სამეურნეო პროფილის თითოეული საწარმო სპეციფიკურია თავისი მიზნებითა და ამოცანებით, ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებითა და სხვა მახასიათებლებით. ისინი ვითარდება ზოგადისა და კერძო ურთიერთობათა კანონზომიერებით, კონკურენტულ დაპირისპირებასა და ბრძოლაში, სადაც წარმატება ახლო მომავალში მართვის ფუნქციების სწორად განსაზღვრასა და მათ სრულყოფილად გატარებაზე იქნება ძირითადად დამოკიდებული.
აგრომენეჯმენტს გააჩნია რიგი თავისებურებანი, რომლებიც აგროწარმოებაში გამოყენებული საწარმოო ფაქტორების სპეციფიკურობით, წარმოების ორგანიზაციის ფორმით, ტერიტორიული გადაადგილებით და სხვა პირობებითაა განპირობებული.
ამასთან, კლიმატურ პირობებზე სოფლის მეურნეობის დამოკიდებულება აგროწარმოების მაღალ რისკს განსაზღვრავს. ეს კი, თავის მხრივ, დასახული მიზნის მიღწევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღების სირთულეს განაპირობებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგრობიზნესი ისევე განიცდის ინფორმაციის ზეგავლენას, როგორც ბიზნესის სხვა მიმართულებები, მაგრამ თუ ეს უკანასკნელნი საჭირო ინფორმაციას (დავუშვათ, საბაზრო ფასების ცვლილებების შესახებ) ოპერატიულად ღებულობენ ერთად და დროულად რეაგირებენ მოთხოვნის ცვლილებაზე, იგივე არ ხერხდება აგრობიზნესში. თუ აღნიშნულს დავამატებთ სხვადასხვა ინფორმაციის სიმრავლეს (საქონელსა და მომსახურებაზე ფასების, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა და პირუტყვის ახალი ჯიშების, პირუტყვისა და ფრინველის სამკურნალო ახალი პრეპარატების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ამინდის პირობების და სხვათა შესახებ) და ინფორმაციის ცვალებადობის მაღალ სიხშირეს, მაშინ უდაოდ მივიღებთ აგრომენეჯმენტის არსებით განსხვავებას ბიზნესის სხვა დარგებისაგან (აგრობიზნესში ინფორმაციის სიმრავლეზე, დროულობასა და ცვალებადობაზე ყურადღების გამახვილება განპირობებულია იმით, რომ ძირითადად მასზეა დამოკიდებული აგრომენეჯერის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების სისწორე, ოპერატიულობა და ეფექტიანობა).
როცა აგრომენეჯმენტის თავისებურებებზე ვაკეთებთ აქცენტს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ აგრომენეჯერს გადაწყვეტილებათა მიღება უწევს იმ სპეციფიკური გარემოს გათვალისწინებით, რომელიც ბუნების ბიოლოგიური და ფიზიკური ზეგავლენით წარმოიშობა. კერძოდ, არსებობს ობიექტური გარემოებანი, რომელსაც აგრომენეჯერი ვერ შეცვლის დიდი სურვილის მიუხედავად. მაგალითად, პირუტყვის საკვების დეფიციტის პირობებში ის ვერ დააჩქარებს მეურნეობაში საკვები კულტურების მოსავლის მიღების ბუნებრივ ვადებს. გარკვეულად, შემოფარგლულია საკვების ის რაოდენობაც, რომლის ათვისებაც ერთ სულ პირუტყვს შეუძლია მოცემული წონისა და პროდუქტიულობის პირობებში. ამდენად, აგრომენეჯერს წინასწარ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ აგროწარმოებაში მოქმედი ბიოლოგიური და ფიზიკური კანონები თავიდანვე განაპირობებს გარკვეულ შეზღუდვებს მის გადაწყვეტილებებში.
როგორც ცნობილია, აგრომენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აგრობიზნესის ძირითადი მიზნის და მისი მიღწევისათვის საჭირო საშუალებების განსაზღვრაა. სხვაგვარად აგრომენეჯერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
აგრობიზნესის მიზნის განსაზღვრისას საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი პრინციპები:
მიზანი უნდა ჩამოყალიბდეს წერილობით, რათა ბიზნესში ჩართულ ყველა მონაწილეს შეეძლოს მისი გაცნობა და შეფასება მიღებული შედეგების მიხედვით;
მიზანი უნდა იყოს კონკრეტული და რაოდენობრივად იზომებოდეს დროში (მაგალითად, მოგების გაზრდა 1.5-ჯერ წინა წელთან შედარებით და ა.შ.)
ამასთან, არ გამოირიცხება ისეთი მიზნების დასახვაც, როგორებიცაა, მაგალითად, გაკოტრების თავიდან აცილება, ცხოვრების საშუალო დონის შენარჩუნება, არსებული დავალიანების შემცირება ან ვალებისგან გათავისუფლება, მეურნეობის საწარმოო მასშტაბის გაზრდა, დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა და ა.შ.
ჩამოთვლილ მიზანთა შორის მთავარი მაინც მოგების გაზრდაა, რადგან ის პირდაპირ თუ არაპირდაპირ გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა დანარჩენი მიზნის რეალიზაციაში. კერძოდ, ბიზნესი დიდხანს ვერ იარსებებს, თუ მას არ მოაქვს მოგება, მოგების გარეშე ვერ ამაღლდება ცხოვრების დონე, ვერ შემცირდება დავალიანება, ვერ გაფართოვდება და ა.შ.
აგრომენეჯმენტის მიზნები არ შეიძლება იყოს ტიპური. ისინი ინდივიდუალური, უშუალოდ კონკრეტული ბიზნესის საწარმოო-ეკონომიკური განვითარების დონის შესატყვისი, ანუ ადექვატური უნდა იყოს.
დასახული მიზნების რეალობას, ძირითადად, მათი განხორციელებისათვის საჭირო კონკრეტული საშუალებები (საწარმოო ფაქტორები) განსაზღვრავს, მაგრამ მიზნის რეალიზაციისათვის არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ამ საშუალებათა გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.
აღნიშნულის გამო აგრომენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა წარმოებაში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.
ბიზნესის ნებისმიერი საწარმოო-ეკონომიკური პრობლემა თავსდება ეკონომიკურ თეორიაში კარგად ცნობილი სამი ურთიერთდაკავშირებული პრობლემიდან ერთ-ერთში. ასე მაგალითად: როცა საკითხი დგება იმის შესახებ, თუ რა პროდუქცია და რა ოდენობით უნდა ვაწარმოოთ, ფაქტობრივად, სახეზე არსებული მატერიალური საწარმოო რესურსებით და ფინანსური სახსრებით, მენეჯერი დგება გარკვეული არჩევანის წინაშე: კერძოდ, რა რაოდენობის მინერალური სასუქი და სარწყავი წყალი, რა ჯიშის თესლი ან პირუტყვის საკვები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მუშახელი და სხვ. გამოიყენოს, რათა პროდუქციის წარმოების დონე და მოგება შესაბამისობაში მოვიდეს არსებულ რესურსებთან.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგროპროდუქციის წარმოება სხვადასხვა გზებით და საშუალებებით არის შესაძლებელი. ამიტომ, როცა დგება საკითხი, როგორ (რა საშუალებით) ვაწარმოოთ, მენეჯერმა უნდა მიიღოს ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება. მაგალითად, პირუტყვისათვის ფაქტობრივად არსებული საკვების ბაზის პირობებში, მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის წარმოებისათვის უპირატესობა მიანიჭოს ნამჯისა და წვნიანი საკვების გამოყენებას, თუ ღორის ხორცის წარმოებას შენობა-ნაგებობების მაღალი ღირებულებისა და შედარებით მცირე მუშახელის გამოყენებით, ან მარცვლეულის წარმოებას ტექნიკის გამოყენებით და შედარებით მცირე მუშახელით, თუ პირიქით. რას აირჩევს მენეჯერი, მხოლოდ მარცვლეულის წარმოებას თუ მასთან ერთად ბოსტნეულის წარმოებასაც, რა ჯიშის და სახეობის პირუტყვისა და ფრინველის მოშენებას მიჰყოს ხელი და ა.შ. მენეჯერმა მრავალი ალტერნატიული გადაწყვეტილებიდან უნდა აირჩიოს ისეთი, რომელიც ხარჯების მინიმუმის პირობებში მოგების მაქსიმიზაციის საშუალებას იძლევა.
ყველა ზემოაღნიშნული პრობლემა თავისი შინაარსით ეკონომიკურია. მათ სამი საერთო ნიშანი გააჩნიათ:
მიზანი, რომლის რეალიზაცია უნდა მოხდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში;
წარმოების განკარგულებაში არსებული რესურსების შეზღუდული რაოდენობა;
ლიმიტირებული რესურსების გამოყენების პრაქტიკულად ურიცხვი ალტერნატიული გზის არსებობა.
მიზანი არა მხოლოდ ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემის თავისებურებაა, არამედ მთელი საწარმოო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ორიენტირი. იგი კონცენტრაციას უკეთებს საქმიანობის მთელ პროცესს. მიზნის გარეშე ბიზნესს არ ექნება მიმართულება და იმპულსი განვითარებისათვის.
ნებისმიერ წარმოებაში არსებული საწარმოო ფაქტორები შეზღუდულია, რის გამოც დასახული მიზნის მიღწევაც, ამა თუ იმ ხარისხით, ლიმიტირებულია (კერძოდ, მიწის ფართობით, მუშახელითა და ხელმისაწვდომი კაპიტალით). აღნიშნული რესურსები, ბუნებრივია, იცვლება როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ განუსაზღვრელი რაოდენობით ხელმისაწვდომი ვერასოდეს იქნება. გარკვეული თვალსაზრისით, შეზღუდულია ასევე მენეჯერის ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენტურობაც. ზემოაღნიშნულის გამო ადგილზე არსებული ნებისმიერი რესურსის ლიმიტის განსაზღვრა და დამატებითი რესურსების შეძენა აგრომენეჯერისათვის მუდმივი ზრუნვისა და პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენს.
ლიმიტირებული რესურსების აგრარულ წარმოებაში გამოყენების უალტერნატივო გზა რომ არსებობდეს, პრობლემა არც იარსებებდა, მაგრამ, როგორც წესი, ეს რესურსები რამდენიმე განსხვავებული გზით შეიძლება გამოვიყენოთ, ანუ მათი საშუალებით არსებითად განსხვავებული პროდუქცია ვაწარმოოთ. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა მიწის ფართობის გამოყენება მხოლოდ პირუტყვის საძოვრად შეიძლება, მაგრამ ამ სიტუაციაშიც კი გადასაწყვეტია, რა ვარიანტი ავირჩიოთ, კერძოდ, ფართობი გამოვიყენოთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის თუ ცხვრისა და თხისათვის. თუ დავუშვებთ ორივე სახის პირუტყვის ძოვებას, მაშინ რა პროპორციით და ა.შ. არის უფრო რთული შემთხვევები, როცა ნიადაგი მასზე ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა. ასეთ სიტუაციაში არსებობს ლიმიტირებული რესურსების გამოყენების უამრავი ალტერნატიული გზა, რაც, ბუნებრივია, ზრდის მენეჯერის პასუხისმგებლობას სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე.
გადაწყვეტილების მიღების საერთო პროცესი შემდეგი საფეხურებისაგან შედგება:
პრობლემის განსაზღვრა და შემოფარგვლა;
სათანადო მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება;
ალტერნატიული გადაწყვეტილებების განსაზღვრა და გაანალიზება;
გადაწყვეტილების მიღება საუკეთესო ალტერნატივის არჩევაზე;
გადაწყვეტილების განხორციელება;
მიღებული შედეგების შეფასება;
პასუხისმგებლობის აღება გადაწყვეტილების მიღებაზე.
როგორც აღინიშნა, აგრომენეჯერს მრავალი პრობლემის გადაჭრა უხდება. მთავარი მათ შორის არის – განსაზღვროს, აგრობიზნესში რა არ არის ისე, როგორც უნდა იყოს, ანუ, ფაქტობრივად, რა არის და რა უნდა იყოს. პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს წარმოების ორგანიზაციას ან მართვას, მუშახელის დენადობას და ა.შ. თუ პრობლემა უკვე დადგენილია, უნდა მოხდეს მისი გაცნობიერება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს, რომელიც საჭიროა დარჩენილი საფეხურების გავლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასრულებისათვის.
სათანადო მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება იწყება კონკრეტული პრობლემის დადგენისა და სათანადოდ გაცნობიერების შემდეგ. ამასთან, ჯერ უნდა დადგინდეს, რა ტიპის მონაცემები და ინფორმაცია არის საჭირო პრობლემის დარეგულირებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგ კი – ინფორმაციის წყარო. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ბიულეტენები და ტექნიკური პროსპექტები, აგრარული ჟურნალები, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, კონკურენტი საწარმოების მონაცემები და ა.შ.
გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს არა მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემების გაანალიზებას, არამედ სათანადო ინფორმაციას მომავალი პროგნოზების შესახებ. კერძოდ, მოსალოდნელი მოსავლისა და მასზე ფასების, კლიმატური პირობების, პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის, ხელფასების დინამიკის, ინფლაციისა და სხვა პროცესების შესახებ.
მონაცემების შეკრება და ინფორმაციად ტრანსფორმირება, პრაქტიკულად, დაუსრულებელი ამოცანაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მონაცემების შეგროვება-გაანალიზებაზე ბევრი დროის დახარჯვა (ანუ არაოპერატიულობა) გავლენას ახდენს იმ ღირებულებაზე, რომელიც შეიძლება არ ანაზღაურდეს იმ შემოსავლით, რომელიც ინფორმაციის მოპოვების პროცესის მუდმივი დახვეწით მიიღება.
ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მენეჯერი იწყებს იმ ალტერნატიული ვარიანტების რანჟირებას, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტისათვის იქნება გამოსადეგი. ყოველი ალტერნატივა უნდა გაანალიზდეს ლოგიკურად და ორგანიზებულად, თითოეულის სიზუსტისა და საიმედოობის თვალსაზრისით. ამ პროცესში ლოგიკურმა გააზრებამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ შეიძლება გასწიოს მიუწვდომელი ინფორმაციის ან იმ ინფორმაციის მაგივრობა, რომელიც მისაწვდომია მხოლოდ დამატებითი დანახარჯების შემთხვევაში (რაც, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს ინფორმაციისაგან მიღებულ დამატებით შემოსავალზე).
თითოეული ალტერნატივის განხილვა-გაანალიზების შემდეგ უნდა შეირჩეს ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება დასახულ მიზანს. მაგალითად, თუ აგრობიზნესის ძირითადი მიზანი მოგების მაქსიმიზაციაა, მაშინ ის ალტერნატივა უნდა ავირჩიოთ, რომელიც შედარებით დიდი მოგებით გამოირჩევა. იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე ალტერნატიულ გადაწყვეტილებას დაახლოებით ერთი და იგივე ეფექტი აქვს, მაშინ მენეჯერმა უნდა შეაფასოს ის შანსი და რისკის ალბათობა, რომელიც თითოეულ მათგანს გააჩნია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მიღებული გადაწყვეტილება ზუსტად და ოპერატიულად უნდა განხორციელდეს, რაც, ბუნებრივია, გარკვეულ ქმედებებს გულისხმობს მენეჯერის მხრიდან (გეგმის დეტალური გაანალიზება, რესურსებისა და წარმოების მასშტაბის შესაბამისობაში მოყვანა და ა.შ.). გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების განუხორციელებლობას იგივე შედეგი ახლავს, რაც გადაწყვეტილების მიუღებლობას.
ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად სრულყოფილი ვერ იქნება. უფრო მეტიც, შესაძლოა, კარგ გადაწყვეტილებას ცუდი შედეგი მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში მენეჯერმა სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს შედეგებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ადრე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიცირებისა და შესწორებისათვის. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არასასურველ შედეგებზე, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიმღებს აკისრია.. პასუხისმგებლობის სინდრომი, ბუნებრივია, აძნელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მაგრამ მას მენეჯერი ვერ გაექცევა, რადგან გადაწყვეტილებათა მიღება მისი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია.
გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ორგანიზაციული და ოპერატიული. ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებს აგრობიზნესის განვითარების გეგმაში ძირითადი ადგილი უკავია, რადგან ისინი, როგორც წესი, დაკავშირებულია საერთო გეგმის, ანუ დასახული მიზნის განხორციელებასთან. მაგალითად, რა სახისა და ოდენობის რესურსი გამოვიყენოთ, რა რაოდენობის მიწა ავიღოთ იჯარით, რა ოდენობის – სესხი, რა ვაწარმოოთ და ა.შ. ორგანიზაციული გადაწყვეტილებები უფრო გრძელვადიანია და მათი მოდიფიცირება ან კორექტირება საწარმოო ციკლის დამთავრებამდე ვერ ხერხდება.
ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება დაკავშირებულია დასახული მიზნის განხორციელებისათვის საჭირო მრავალი საკითხის მოგვარებასთან. ასეთი გადაწყვეტილებები პრაქტიკულად მიიღება ყოველკვირეულად ან ყოველდღე და მეორდება ძალიან ხშირად (მაგალითად, სამუშაო გრაფიკის შედგენა-კორექტირება, მოსავლის აღების ვადების შერჩევა, პირუტყვის კვების რაციონის შედგენა და ა.შ.).
გადაწყვეტილებები შეიძლება დაიყოს სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისით. პირველი თავისი ხასიათით უფრო ფართო და გრძელვადიანია, ამიტომ მათი მოდიფიცირება ან შეცვლა იშვიათად ხდება (მხოლოდ გრძელვადიანი განვითარების გეგმის ცვლილების ფარგლებში). მაგალითად, გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება გრძელვადიანი თესლბრუნვების დანერგვას, საირიგაციო სისტემის მოწყობას და ა.შ.
ტაქტიკური გადაწყვეტილებები ჩართულია იმ დეტალებში, რომლებიც საჭიროა ძირითადი გეგმის განსახორციელებლად (მინდვრის სამუშაოთა დაწყების ვადების განსაზღვრა, სათესლე მასალის შერჩევა და ა.შ.).
გადაწყვეტილებებს აქვს ბევრი სხვა თავისებურება, რაც მათი სხვადასხვა ნიშნით კლასიფიცირების საშუალებას იძლევა. ყველა მათგანისათვის დამახასიათებელია: 1) მნიშვნელობა; 2) სიხშირე; 3) საშიშროება; 4) გაუქმების შესაძლებლობა; 5) ხელმისაწვდომი ალტერნატივები.
გადაწყვეტილების მნიშვნელობა შეიძლება რამდენიმე გზით შეფასდეს, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური შეფასებაა. კერძოდ, არის გადაწყვეტილებები, რომელთა ეკონომიკური ფასი შეიძლება რამდენიმე ათეული ლარით განისაზღვრებოდეს (წვრილი ინვენტარის შეძენა) და პირიქით – რამდენიმე მილიონი ლარით (მსხვილმასშტაბიანი სადრენაჟო სისტემის მოწყობა). ასეთი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, უფრო სერიოზული ინფორმაციის შეგროვებასა და გაანალიზებას საჭიროებს.
გადაწყვეტილებების სიხშირეს დროში გაკეთებული არჩევანის რაოდენობა განსაზღვრავს. რიგი გადაწყვეტილებებისა ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ იქნას მიღებული (მაგალითად, პროფესიის არჩევა, ოჯახის შექმნა და ა.შ.), რიგი კი გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის, ყოველდღეც. მენეჯერს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ხშირად განმეორებად გადაწყვეტილებებში არსებული მცირე შეცდომების აკუმულირება ბიზნესისათვის მომავალში შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.
გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის არსებობს უკუეფექტის საშიშროება, რომელსაც ხშირად გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დროის დეფიციტი განსაზღვრავს (მაგ., სწრაფი გადაწყვეტილების მიღების პროცესი აგრომენეჯერმა უნდა გაიაროს სრული ინფორმაციის გარეშე).
არის გადაწყვეტილებები, რომელთა შესწორება ან შეცვლა ადვილია (პირუტყვის წველის დრო, კვების დრო და ა.შ.), ამიტომ აგრომენეჯერმა მათზე დიდი დრო არ უნდა დახარჯოს, რადგან მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, ადვილია მათი კორექტირება. რიგი გადაწყვეტილებების შესწორება ან შეცვლა მხოლოდ დიდი დანახარჯების ფასადაა შესაძლებელი (მაგალითად, პირუტყვისათვის საჭირო შენობების მშენებლობა), მაგრამ თუ დადგინდება, რომ არასწორი გადაწყვეტილების გამო მოსალოდნელია ზარალი, მაშინ დგება საკითხი მიღებული გადაწყვეტილების დროული შეცვლის შესახებ.
გადაწყვეტილებებს შესაძლოა ჰქონდეს ორი ან რამდენიმე ალტერნატივა. პირველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება შედარებით ნაკლები დროის დანახარჯით მიიღება, ხოლო მეორე შემთხვევაში, მენეჯერი იძულებულია დახარჯოს მნიშვნელოვანი დრო სხვადასხვა ვარიანტის დეტალური გაანალიზებისა და საუკეთესო არჩევანის მიღებისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Ronald D. Kay ; William M. Edwards – Farm’s Management – 3rd ed. Library of Congress Cataloging-in Publication Data. 1994.
2. Rea A. N. – Agricultural management economics. CAD, international, WallingFord. 1998.
3. ზაქარიაძე ი. – სასოფლო-სამეურნეო მენეჯმენტი. აგრარულ მეცნიერებათა აკადემია. თბ. 1999.