რამდენად ემუქრება რუსეთს გაზის დეფიციტი და გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ფასი საქართველოში?

რედაქციისაგან

დიდი ხანია მთელ მსოფლიოში გაზი და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მრავალმხრივი პროგნოზისა და განსჯის საგანია. ევროკავშირი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევას, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა მეთოდებისა და პროექტების მეშვეობით ცდილობს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპის ყველა წევრი ქვეყნის პოზიცია, განსაკუთრებით რუსეთთან დაკავშირებით, ერთმანეთს არ ემთხვევა, რასაც გაზსადენ “ნაბუკოს” გარშემო განვითარებული მოვლენებიც მოწმობენ.

მარტის მიწურულს გამართულ სამიტზე ევროკავშირმა, თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის მიერ წარდგენილი პრიორიტეტული ენერგეტიკული პროექტები დაამტკიცა, რომელთა შორის მოცემულია “ნაბუკოს” პროექტიც. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ ხაზი გაუსვა, 2009-2010 წლებში, ევროკავშირის გამოუყენებელი ფონდებიდან, 5 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც, ძირითადად, ენერგეტიკულ პროექტებს დააფინანსებს. აქედან 4 მილიარდი ენრგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხოლო 1 მილიარდი ინტერნეტისა და სასოფლო ზონების განვითარებას მოხმარდება. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება ევროკავშირის ქვეყნებში გამავალი ელექტროგადამცემი ხაზებისა და მილსადენების გაფართოებას გულისხმობს. “ნაბუკოს” მხარდამჭერთა მონაგარი სამიტზე 200 მილიონი ევროა. პროექტი ახალი გათვლებით 2015 წელს უნდა დასრულდეს, ბუნებრივი აირის პირველ ნაკადს კი მილებში 2013 წელს გაუშვებენ.
ევროკავშირმა, “ნაბუკოს” პროექტის დასაფინანსებლად, საწყის ეტაპზე გამოსაყოფი 250 მილიონი ევრო 50 მდე შეამცირა. თუმცა, პროექტი ბოლომდე არ გაწირა და ჩართო “გაზის სამხრეთ დერეფნის” განყოფილებაში, რომელიც ევროპის სამხრეთით, რიგი ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციას ითვალისწინებს. ეს ფაქტი ევროკავშირის “ნაბუკოს” მიმართულებით მუშაობის გაგრძელების ფაქტს ცხადყოფს. რასაკვირველია, 200 მილიონი ევრო მცირე თანხაა “ნაბუკოს” რეალიზაციისათვის, რადგან პროექტის სრულ განხორციელებას 8 მილიარდამდე სჭირდება; სამიტის მიმდინარეობა ამასაც არ ითვალისწინებდა, მაგრამ საკითხი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ძალისხმევის შედეგად გადაწყდა. დასავლური მედიის ცნობით, ევროკავშირმა “ნაბუკო” პრიორიტეტულ პროექტებში მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (განსაკუთრებით პოლონეთის) კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ შეიტანა. პოსტსაბჭოთა ქვეყნები დაჟინებით მოითხოვდნენ რუსეთის გვერდის ავლითი პროექტის დაფინანსებას, რასაც წინ აღუდგა “ჩრდილოთის ნაკადის” განხორციელებით დაინტერესებული გერმანია, რადგან თვლის, რომ ფული მოკლე და საშუალოვადიან პროექტებში უნდა ჩაიდოს და არა გრძელვადიანში. “ნაბუკოს” პროექტის გატანას საფრანგეთი და იტალიაც ეწინააღმდეგებოდნენ, რომელთა გაზით მთავარი მომმარაგებელი, ისევე როგორც მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რუსეთია; – მაგრამ ამ უკანასკნელს, გაზის მარაგთან დაკავშირებით, შესაძლოა პრობლემები თვითონ შეექმნას.
საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე ფინანსურ კრიზისამდე გაზის დეფიციტი რუსეთში 2015 წელს, ხოლო რუსი ექსპერტების აზრით 2010 წელს იყო მოსალოდნელი. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ექსპერტები აიძულა საკუთარი პროგნოზებისათვის გადაეხედათ. მათი განცხადებით, მსოფლიოში გაზზე მოთხოვნა, მიმდინარე ფინანსური კრიზისის გამო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მაინც შემცირდება. მეორე საკითხია – რამდენად მიიღებენ გაზს იმავე რაოდენობით, რაც ამ დროისთვის რუსეთში მოიპოვება? შეძლებს თუ არა “გაზპრომი” მისი სახსრებით ახალი საბადოების – იამალსკისა და შტოკმანოვსკის – ამუშავებას? უახლოესი მომავლისთვის გაზის შესაძლო დეფიციტი რუსეთში განსჯის აქტუალური თემაა. როგორც მრავალი ექსპერტი აღნიშნავს, ლოგიკურად ყველაფერი აირის დეფიციტისაკენ მიემართება, რადგან ძველი საბადოები იწურება, ხოლო ახლების განვითარებას სათანადო Yყურადღება არ ექცევა.
როგორც ავღნიშნეთ, ექსპერტების ერთი ნაწილი გაზის დეფიციტს 2015, ხოლო მეორე ნაწილი 2010 წელს მოელის. მათი მტკიცებით 2010 წელს რუსეთში ბუნებრივი აირის დეფიციტი 40 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც 2007 წელს მოხმარებული გაზის მთლიანი მოცულობის 13%-ია. თუმცა ზოგი თვლის, რომ გაზის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი არც 2010 და არც 2015 წლებში, რადგან ფინანსური კრიზისის გამო წარმოება და, შესაბამისად, გაზზე მოთხოვნაც შემცირებულია. გარდა ამისა, “გაზპრომს” მარაგის სახით 7-10 მილიარდი კუბამეტრი გაზი აქვს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აამოქმედებს. ამ გათვლებით დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ რამდენად რეალურია ეს გათვლები?
ძველ საბადოებში მარაგი იწურება, ახლები კი ამოქმედებას რამდენად მოასწრებენ უცნობია, მით უფრო რომ, რუსი ექსპერტების მტკიცებით, მის განვითარებას დიდი ყურადღება არ ექცევა. 2007 წელს “გაზპრომმა” 650 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა; 2030 წლისათვის იმავე საბადოებიდან, მხოლოდ 100-150 მილიარდ კუბომეტრ გაზს მიიღებს, იამოლსკისა და შტოკმანოვსკის ახალი საბადოები, შესაბამისად, 115-140 და 70 მილიარდ კუბომეტრ გაზს მისცემს. გამოდის რომ 2030 წლისათვის, როგორც ძველი, ისე ახალი საბადოებიდან რუსეთი წელიწადში მხოლოდ 360 მილიარდი კუბამეტრი გაზის მოპოვებას შეძლებს.
ამასთანავე, ანალიტიკოსების ვარაუდით, იმ დროისათვის, როცა იამოლსკის საბადო სრული დატვირთვით ამუშავდება, ხოლო შტოკმანოვსკისა ექსპლუატაციაში გავა, “გაზპრომი” ახალ ბაზრებს იაპონიაში, ჩინეთსა და ამერიკაში გაიჩენს. 2015-2020 წლებისათვის, როცა გაზზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება შემცირებული, ამ რეგიონებში მოთხოვნის ზრდა მაინც საქფიქრებელია, რადგან მომწოდებლები საჭირო რაოდენობით ვეღარ უზრუნველყოფენ; ამ დროისთვის აზიისაკენ დაახლოებით 150-დან 200 მილიარდ კუბმეტრამდე მოცულობის აირი გაედინება. 2030 წლისათვის რუსეთის ევროპისა და აზიის ყველა ბაზარი წელიწადში, დაახლოებით, 900-1100 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს მოითხოვს. “გაზპრომსა” და სხვა კომპანიებს კი მთლიანად, ტექნიკური კონდიციების გათვლისწინებით, მხოლოდ 800-1000 მილიარდი კუბური მეტრი აირის წარმოება შეეძლებათ. ასეც რომ არა, მის ექსპლუატაციაში შეასვლელად საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე მისი დაფინანსება გაზპრომისთვისაც კი რთული იქნება რუსი ექსპერტები, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ქვეყანაში აირის გადასახადის მომატებასაც ვარაუდობენ, ამ შემთხვევაში მოსახლეობასა და მეწარმეებს აუცილებლად დიფერენცირებული ტარიფები უნდა დაეკისროთ. თუმცა ფასების განუხრელმა ზრდამ რუსეთი შეიძლება გადაუხდელობის ისეთ კრიზისამდე მიიყვანოს, როგორსაც 90-იან წლებში განიცდიდა… საიტერესოა კიდევ რა იქნება “გაზპრომისათვის” პრიორიტეტული – ეკონომიკური მოგება და ბიზნესგანვითარება თუ პოლიტიკური გათვლები? გაზი რომ რუსეთისათვის არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულირების საგანი “არ ახალია”.
სამი წლის წინანდელი ზამთარი უნდა ახსოვდეს საქართველოსაც, სადაც 2006 წლის 21 იანვარს, მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი აფეთქების საბაბით, რუსეთიდან გაზმომარაგება შეწყდა. გარემოება, რომლითაც ქვეყანას, არც გაზმომარაგების უზრუნველმყოფელი რეზერვუარები, არც მოქმედი ალტერნატიული გაზსადენი და არც ქვანახშირის გათბობის სისტემები გაჩნია, ცხადყოფს, თუ რამდენად იყო დამოკიდებული საქართველო რუსულ ბუნებრივ აირსა და პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, ეს ფაქტორი ნათელყო იმავე წლის შემოდგომაზე, რუსეთის მიერ საქართველოსთვის აირზე ევროპული ტარიფის დადგენის სურვილმაც. ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადასადგმელი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. გაზსაცავის არსებობის მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა უკრაინა-რუსეთის ბუნებრივი აირის ინციდენტის პერიოდში, როცა უკრაინამ გაზსაცავების მეშვეობით შეძლო რუსული აგრესიის გადატანა. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ასეთი გაზსაცავები არ აქვს, მის მშენებლობაზე აქტიური საუბრები ბოლო წლებში დაიწყო. ცნობილია, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის კომპონენტებს გასულ წელს ახალი – გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის კომპონენტი დაემატა. აშენდება თუ არა საქართველოში სტრატეგიული გაზსაცავი, მთავრობამ საბოლოოდ მაისისათვის უნდა გადაწყვიტოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულდეს. საპროექტო სამუშაოებისათვის “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა” 10 მილიონი დოლარი გამოყო და პასუხს მოელის მთავრობისაგან, რომელმაც მშენებლობა უნდა დააფინანსოს. ექსპერტთა შეფასებით, გაზსაცავის მშენებლობა 200 მილიონი ლარი დაჯდება და, სავარაუდოდ, კახეთში – ნინოწმინდის საბადოზე ან რუსთავში აშენდება.
როგორ ხდება საქართველოს ბუნერბრივი აირით მომარაგება? და რამდენად დამოუკიდებელია რუსული გაზისგან?
საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა სამი ძირითადი მაგისტრალით შეიძლება:
1. ჩრდილო-სამხრეთის მაგისტრალი, რომლითაც საქართველოში რუსული ბუნებრივი აირი შემოდის. მისი გამოყენებით ბუნებრივი აირი სომხეთს მიეწოდება. ამ ტრანზიტის საფასურის სახით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტი რჩება;
2. სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალი (შაჰდენიზი) – პროექტის საწყის ეტაპზე დადებული ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის მისი მოცულობის 5 პროცენტი უფასოდ რჩება და დამატებით 300 მილიონი კუბამეტრის ყიდვა, იაფად – 63 აშშ დოლარად შეუძლია. 2010-2011 წლებში შეღავათიანი ტარიფით შესასყიდი ბუნებრივი აირის კვოტა 500 მილიონ კუბმეტრამდე გაიზრდება;
3. ყარადაღი-საგურამოს გაზსადენი, ჯერ სსრკ-ს დროს, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბუნებრივი აირის სისტემებს აკავშირებდა. დღეისთვის, ამ გაზსადენით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, “სოკარის” ბუნებრივი აირი შემოდის. აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, 2008 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე მისი მეშვეობით საქართველოში 515 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოვიდა. 2008 წლის მიწურულს კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქსელიდან 29 გაზგამანაწილებელი რეგიონული კომპანია გადაეცა.
საქართველოს ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო ბაზრის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონაწილე “ყაზტრანსგაზ თბილისია”, მის საკუთრებაში თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელია. თუმცა, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს. “სემეკმა”, დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური მმართველი დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება გახდა. კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, მათ შორის 68 მილიონი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა ერიცხება. “სემეკის” ინფორმაციით, ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში სპეციალური მმართველი საქმიანობას დაუყოვნებლივ შეწყვეტს. ამასთანავე, “სემეკში”, კვალიფიციური მმართველის წყალობით, “ყაზტრანსგაზ თბილისის” გაკოტრების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ, საფრთხეებზე არც “ყაზტრანსგაზ თბილისში” საუბრობენ. “კომპანიას ჯერჯერობით გაკოტრების საფრთხე არ უდგას და შესაბამისად, არც თბილისის მოსახლეობის გაზმომარაგების პროცესი შეფერხდება” – აცხადებენ “ყაზტრანსგაზ თბილისში”. თუმცა დანამდვილებით არც ის არის ცნობილი, შესძლებს თუ არა კომპანია სოლიდური დავალიანების დაფარვას.
მისი გენერალური დირექტორი სანჯარ მაკატაევი ქართულ მენეჯმენტთან თანამშრომლობას ეთანხმება. “ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, ქონების ჩამორთმევაზე საუბარი არ არის. ჩვენ ახალ მენეჯმენტთან ვითანამშრომლებთ – აღნიშნა მაკატაევმა.
თუმცა, ქართველი ექსპერტები ხმამაღლა ალაპარაკდნენ იმაზე, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ფინანსური პრობლემების მოგვარებას მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდით შეეცდება. ამაში ექსპერტები ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასაც ადანაშაულებენ. ისინი ფიქრობენ რომ, რაც “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით ხდება, მარეგულირებელი კომისიის უსუსური მუშაობის შედეგია და განმარტავენ, რომ დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტმა ან თვით კომპანიამ უნდა დაფაროს, არადა თბილისის მოსახლეობა გაზის შეწყვეტის წინააღმდეგ აღდგება. “ყაზტრანსგაზს” კეთილსასურველი ურთიერთობა თბილისის მოსახლეობასთან ისედაც არ აქვს – ბოლო თვეებში კომპანია აბონენტებს ვადაგასული და დაზიანებული მრიცხველების საკუთარი სახსრებით გამოცვლას აიძულებს. გახშირდა უკანონო ჩაჭრების ფაქტებიც. მოსახლეობის ინეტერესების დამცველად, ამ შემთხვევაშიც, ხმა არავის აღუმაღლებია – აცხადებენ ისინი.

არადა, როცა საქართველოს მთავრობამ 2005 წლის გაზაფხულზე “თბილგაზის” გაყიდვა გადაწყვიტა, “გაზპრომის” 7,4 მილიონი აშშ დოლარი, დედაქალაქის ბიუჯეტის კი 120 მლნ. ლარი მართებდა. “გაზპრომთან” ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებამ ისეთი ინვესტორის ძებნა დაიწყო, რომელიც იაფ გაზს შემოიტანდა, ან “გაზპრომთან” საჭირო რაოდენობის აირის მოწოდების შესახებ სასურველ ფასად შეძლებდა ხელშეკრულების დადებას. ასეთი კომპანია “ყაზტრანსგაზი” აღმოჩნდა, რომელსაც მთავრობამ თბილისის დისტრიბუცია მიყიდა. “ყაზტრანსგაზი” ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის “ყაზმუნგაიზის” შვილობილი კომპანიაა და ყაზახეთში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში იმედი ჰქონდათ, რომ “ყაზმუნგაიზი” “გაზპრომს” თბილისისათვის განკუთვნილი აირის საკუთარ მილსადენში დაშვებაზე დაითანხმებდა და შესაბამისად, “ყაზტრანსგაზი” საქართველოს იაფი ყაზახური გაზით მოამარაგებდა. Eექსპერტები თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ ეს მოლოდინი გადაჭარბებული იყო. “გაზპრომი” თავის მილსადენებში მესამე მხარეს არ დაუშვებდა, “ყაზმუნგაიზი” კი “გაზპრომთან” ურთიერთობას, თბილისის იაფი გაზით უზრუნველყოფისათვის, არ გაიფუჭებდა – ამის გამო ყაზახურმა კომპანიამ იაფი გაზის შემოტანა ვერ შეძლო და თბილისის მოსახლეობისათვის საჭირო რაოდენობით არის, ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან ყიდულობს.
ქართულ ბაზარზე შემოსულია რუსული “იტერაც”, რომლის საკუთრებაში 9 რეგიონული გაზგამანაწილებელი ქსელი, იგი ასევე ბუნებრივი აირის მსხვილ მომხმარებლებსაც ემსახურება.
ცემენტის ქარხნები, პურის ქარხნები, გაზგამანაწილებელი სადგურები და სხვა მსხვილი და საშუალო მასშტაბის მომხმარებელი ჰყავს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, რომელიც კერძო სტრუქტურაა და ბაზარზე ჩვეულებრივი კომერციული წესებით თამაშობს.
მნიშვნელოვანია, რომ სადისტრიბუციო კომპანიების დიდი ნაწილი დღეისთვის ბუნებრივ აირს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან ყიდულობს. ე.წ. “სოციალური ბუნებრივი აირის” ფასი დღეისთვის 167 აშშ დოლარია. იგი რუსული ტრანზიტის 10 პროცენტს, შაჰდენიზის უფასო და იაფი ბუნებრივ აირსა და, ნაწილოებრივ, “სოკარისაგან” ხუთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ნაყიდ ბუნებრივ აირს მოიცავს. როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ 2008 წლისთვის ამ გაზის ოდენობამ, დაახლოებით, ერთი მილიარდ 50 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. ჯამში საქართველომ გასულ წელს, დაახლოებით, 1,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა, რაც 2007 წლის მაჩვენებელზე, დაახლოებით, 200 მილიონი კუბური მეტრით ნაკლებია.
საინტერესოა, საქართველოს სადისტრიბუციო კომპანიები რომელ ბუნებრივ აირს მოიხმარენ? კომპანია “იტერა საქართველო” აცხადებს, რომ კომერციულ გაზს ნაწილობრივ “სოკარისგან, ნაწილობრივ კი თავად “იტერასგან” ყიდულობს და ტრანსპორტირებასაც, შესაბამისად, რუსეთიდან ახდენს, ამასთანავე, გაფორმებული აქვს ხუთწლიანი კონტრაქტები, თუმცა ფასების გადახედვა ყოველწლიურად ხდება და, უახლოეს პერიოდში ბუნებრივ აირში, რა თანხის გადახდა მოუწევს, ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერ იტყვის.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია დღეისთვის ბუნებრივ აირს კომპანია “სოკარისგან” ყიდულობს. გასულ წელს კორპორაცია ასევე ყიდულობდა “გაზპრომის” გაზსაც, თუმცა იმის გამო, რომ “სოკარის” აირი დღეისთვის “გაზპრომისაზე” 5 დოლარით იაფია (შესაბამისად – 275 აშშ დოლარი და 280 აშშ დოლარი), ამჯერად არჩევანი “სოკარზე” შეაჩერა.
აღმოჩნდა, რომ საქართველო საკმაოდ თავისუფალია რუსული გაზპრომისაგან, თუმცა, საკმაოდ არის დამოკიდებული აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიაზე, რაც საქართველოს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობამ უნდა დააბალანსოს. ენერგოდამოუკიდებულების მაღალხარისხიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოდერეფნის შესაძლო გაფართოების პერსპექტივა, რაზეც საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტშიც არის საუბარი.
ამ ეტაპზე ქვეყნის გაზმომარაგების დივერსიფიცირება ასე თუ ისე მოხერხდა; ბაზარზე კონკურენციის გაჩენასაც დაედო საფუძველი. თუმცა, იმის ნაცვლად რომ ტარიფებმა იკლოს, რეალური ხდება მისი გაზრდის საფრთხე.
ჩნდება ლოგიკური კითხვა – რამდენად ქმედითუნარიანია “სემეკი” და რა არის მისი მთავარი ფუნქცია – ტოპ-მენეჯერების ცვლა თუ მოსახლეობის ინტერესების დაცვა?