ევროპა ხაფანგში

მოამზადა ნინო არველაძემ

“ევროს შემოღების შესახებ ენთუზიაზმის გარეშე ვსაუბრობ, რადგან ჩემთვის ზლოტი ეროვნული დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ელემენტია.”
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი
მსოფლიო ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპა ხაფანგში გამოამწყვდია. რა გზა უნდა აირჩიოს მან? ევროკავშირის ეკონომიკურად არასტაბილური წევრი ქვეყნების დაჩქარებული წესით ერთიან ვალუტაზე გადაყვანა თუ მათი ფინანსური დახმარების პოლიტიკის გაგრძელება, რომლის აუცილებლობამაც ამ ქვეყნებისათვის გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამით ევროპელი მოქალაქეები მეტად უკმაყოფილონი არიან?

…ალბათ ვერც გავამტყუნებთ იმ რიგით გერმანელს, რომელმაც იცის, რომ მისი ხელფასის ნაწილი პოლონეთის ეკონომიკის აღსადგენად გამოიყენება. კრიზისმა ძველი და ახალი ევროპის ქვეყნებს შორის ისედაც აშკარა სხვაობა კიდევ უფრო გააღრმავა.
ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ეროვნული ვალუტები უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში კატასტროფული სიჩქარით ეცემიან. ევროპაში უკვე სერიოზულად ფიქრობენ, რომ ზოგიერთი ქვეყანა დაჩქარებული წესით ევროს ვალუტაზე გადაიყვანონ, რომელიც 15 ქვეყანაში 320 მლნ. ადამიანს შორის მიმოიქცევა.
2004 წელს ევროკავშირს 10 ქვეყანა შეუერთდა, მაგრამ ევროზონაში მხოლოდ ორმა მათგანმა შეაღწია.
“სლოვაკეთი და სლოვენია კრიზისმა ძლიერ დააზარალა, ის მსოფლიოს აზარალებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში, ამ ორ ქვეყანასთან შედარებით, უარესი მდგომარეობაა”, – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ევროპული განყოფილების დირექტორის ყოფილი მოადგილე და დამოუკიდებელი კონსულტანტი სუზან ჩადლერი.
ევროზონაში დამატებითი წევრების მიღებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან, მათი აზრით, ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური სტაბილურობისა და მოქნილობის დაბალი ხარისხია. მსოფლიო ეკონომიკის დაღმავლობა ამ არგუმენტს აძლიერებს, რადგან უცხოელი ინვესტორები აღმოსავლეთი ევროპისა და სხვა ახალი ბაზრებიდან გარბიან.
პოლონურმა ზლოტმა ევროსთან მიმართებაში ღირებულების მესამედი დაკარგა და ნათლად ჩამოაყალიბა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვალუტასთან დაკავშირებული მდგომარეობა. ქვეყნის მთავრობას მაინც სურს ევრო 2012 წლისათვის შემოიღოს. ეროვნული ვალუტა პოლონეთს მისი მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის საშუალებას აძლევს.
მონეტარული პოლიტიკის დილემა
საბოლოოდ, ევროს მიღება მოვალეობაა, მაგრამ ამისათვის ქვეყნებმა რამდენიმე ეკონომიკური ტესტი უნდა ჩააბარონ. ეკონომისტები აცხადებენ, რომ “ერთი ვალუტის მიღება უფასო ლანჩი არ არის, ის მონეტარული პოლიტიკის ფრანკფურტში გადატანას მოითხოვს.” ეკონომიკები, რომლებსაც ევროზე გადასვლა სურთ, პირველ რიგში უნდა გაძლიერდნენ და იმ დონეზე მოიქნენ, რომ ფინანსური ან ეკონომიკური კრიზისი ახალი სპეციფიკური მონეტარული ზომების მიღების შესაძლებლობების გარეშე გაატარონ, რადგან ზედამხედველობას ევროპის ცენტრალური ბანკი გაუწევს.
ევროკავშირის ახალგაზრდა წევრების ევროზონაში მიღების დაჩქარებულ ტემპთან დაკავშირებული სკეპტიციზმი მიგვანიშნებს, რომ ეს ქვეყნები საჭირო კრიტერიუმებს დიდხანს ვერ დააკმაყოფილებენ.
“ევროს შემოღება კავშირის წევრი ქვეყნებისგან ერთიანი სტანდარტების მიხედვით მუშაობასა და ეკონომიკების სტრუქტურულსა და ციკლურ შეთავსებას მოითხოვს.
დამატებითი კრიტერიუმები
მოსალოდნელია, ევროზონის ქვეყნებმა სტაბილურობისა და ზრდის პაქტი შეასრულონ, რომელიც საბიუჯეტო დისციპლინის შემოღების იარაღად განიხილება, მათ შორისაა, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-ზე დაბლა დაჭერა.
ახალი ევროპა, ევროზონის წევრებთან შედარებით, ჯერ ძალიან ღარიბია, მას დიდ სირთულეებს ინფლაცია და საბიუჯეტო დეფიციტი უქმნის, მის ქვეყნებში (მათ შორის, ბალტიის ქვეყნებშიც, რომლებიც რეგიონში ყველაზე მოქნილ ეკონომიკებად მიიჩნეოდნენ) შრომის ბაზრის დაუსრულებელი რეფორმა ყველაზე დიდი პრობლემა ხდება, რაც რეგიონის სახეს გვიყალიბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები ევროზე გადასვლით უცხოურ ინვესტიციებსა და სავაჭრო ზრდას მიიღებენ, მათი მხრიდან კრიტერიუმების დაკმაყოფილება მტკივნეული პროცესი იქნება.
ჩადლერი აცხადებს, რომ ევროზე გადასვლის ზოგიერთი აუცილებელი მოთხოვნის შესრულება კანდიდატი ქვეყნების ინტერესებს ეთანხმება, მაგრამ მათი უმეტესობა სხვა დროისა და ეპოქისთვისაა შექმნილი და მათთვის ინფლაცია და ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლებელია.
წესების შეცვლა
ევროპელებმა კარგად უნდა გააანალიზონ, დააზარალებს თუ არა ვეროზონის ძველ წევრებს ახლების მიღება. ცხადია, ფისკალური გეგმის გარეშე ევროზონაში ახალი წევრების მიღება ევროს ჩრდილს მიაყენებს და მოლოდინს არ გაამართლებს. მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროს მიღება ცენტრალური ევროპის ქვეყნების ეკონომიკებს რისკს შეუმცირებს და სტაბილურობას უზრუნველყოფს. მაგრამ, იქნებ ევროზე გადასვლამ პრობლემების გარკვეული ჯგუფი მოაგვაროს, მეორე მხრივ კი ახალი ძლიერი პრობლემები წარმოქმნას? ევროს შეუძლია გაჭირვებული ეკონომიკებისთვის უმნიშვნელოვანესი, მხსნელის როლი იკისროს? გახლეჩს თუ არა კრიზისი ევროპას აღმოსავლეთად და დასავლეთად? ევროპის კავშირის თავისუფალი ბაზრის წესები უკვე უფრსკლულის წინაშე დგას.
გლობალური კრიზისის ფონზე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები პრაქტიკულად დაუცველნი არიან. ერთ დროს ამაყ ბალტიისპირეთის ქვეყნებს – ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს, ახლა ეკონომიკური ციფრების ორმაგი შემცირება ელით. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ეკონომიკები ორმა გარემოებამ დააზარალა – ექსპორტის შემცირებამ და კაპიტალის შემოდინების კლებამ. ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ექსპორტს მშპ-ში 80-90% ეჭირა. ევროკავშირი ვაჭრობისა და ეკონომიკის სტიმულის მიზნით შეიქმნა, ახლა კი დიდ ქვეყნებს ფული აღარ აქვთ და შესაბამისად ევროპის კავშირიც მოახლოებულ საშიშროებას გრძნობს.
საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებით, კერძო კაპიტალის შედინება აღმოსავლეთ ევროპაში 2008 წელს 254 მლრდ. დოლარით შემცირდა, 2009 წელს კი 30 მლრდ. დოლარით იკლებს.
არის თუ არა ეს ახალი ბაზრების კლასიკური კრიზისი?
იოლმა კრედიტმა საგადამხდელო დისბალანსი გამოიწვია, რომელიც 90-იანი წლების კრიზისის წინა პერიოდის აზიის მონაცემებს ორჯერ აღემატება.
აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში სესხების უმეტესობა უცხოური ვალუტით არის გაცემული (განსაკუთრებით, ხორვატიაში, უნგრეთსა და რუმინეთში), ეროვნული ვალუტის ვარდნა და არადეპოზიტურ დაფინანსებაზე დაყრდნობა, აღმოსავლეთ ევროპის ბანკებს დაუბრუნებელი სესხებით დააზარალებს. ბანკები აღმოსავლეთი ევროპის ერთ-ერთი სუსტი წერტილია, რომელშიც დამნაშავეა ე.წ “საერთო გამსესხებლის” ფენომენი. დასავლეთი ევროპის ქვეყნების ბანკებმა აღმოსავლეთ ევროპაში ადგილობრივი ბანკები ძალიან ხელსაყრელ ფასებში შეისყიდეს, ახლა კი საქმე ცუდად მისდით. შეზღუდული ბერკეტები ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის პოლიტიკოსები კრიზისის აღმოსაფხვრელად ბევრს ვერაფერს აკეთებენ. ფისკალური პოლიტიკა ქამრების შემოჭერის ფაქტითაა შეზღუდული, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში საჭიროა საგადასამხდელო ბალანსის აღდგენა (უნგრეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები); ფისკალური ვალდებულებების შემსუბუქებას პოლონეთი ევროს მიღებით ცდილობს.
რას ნიშნავს ეს? სად გაქრა ევროპის კავშირის ერთიანი პოლიტიკა? ევროპა ორად გაიხლიჩა? მიმდინარე პრობლემებმა ნათელყო, რომ ევროპული მონეტარული კავშირის (EMU) წევრობა პანაცეა არ არის, რომ ვალუტის გამყარებამ შესაძლოა ორლესული მახვილი ბასრი გახადოს და კაპიტულაციამდე მიგვიყვანოს. მთლიანი რეგიონისათვის კარგი მაგალითია ლატვია, რომელსაც სსფ-დან 7,5 მლრდ. ევროს დახმარების მიღების შემდეგაც კი მყიფე ვალუტა აქვს. ახლა მხსნელად ყველა ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდს უხმობს, რომელმაც რეგიონში ფინანსური სტაბილურობა უნდა აღადგინოს.
EMU-ს წევრებისგან განსხვავებით, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც სსფ-დან ევრო არ მიუღიათ, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან მილიარდობით ევროს დახმარებები მისდით.
რეგიონის დიდი პრობლემაა მასობრივი არეულობები ბულგარეთში, ლიტვასა და ლატვიაში – აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში სერიოზული დესტაბილიზაციის საშიშროება იქმნება. საპროტესტო აქციები მოეწყო საფრანგეთში, ირლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ისლანდიასა და საბერძნეთში, მაგრამ აღმოსავლეთი ევროპის ლიდერებს მსგავსი აქციები უფრო მეტად აღელვებთ, რადგან კრიზისთან საბრძოლო იარაღი არ აქვთ. ევროპას განსაკუთრებულ ტვირთად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, უნგრეთი და რუმინეთი აწვება.
საფრთხე ევროპის კავშირის თავისუფალ ბაზარს ექმნება, ეჭვს ბადებენ ის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელები, რომლებსაც წინა საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები ევროკავშირის წესების მიხედვით ქმნიდნენ, საზღვრების გახსნა და მასში ინტეგრაცია ნელ-ნელა კრიტიკის საგანი ხდება. კავშირის ზოგიერთ დასავლეთ ქვეყანაში ფინანსური სექტორების დასახმარებლად დანერგილი პროტექციონისტული სტანდარტები ახლა ევროპის კავშირის ერთიან ბაზარსა და აღმოსავლეთი ევროპის ეკონომიკებს დაღმასვლით ემუქრება.
გამწვავებული ფინანსური კრიზისი ევროკავშირს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ჰყოფს, პროტექციონისტული დახმარებების გამოყოფა პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის წარმოებებს პრობლემებს უქმნის.

11 მარტს რუმინეთის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დახმარების პროგრამის განსახილველად ჩავიდნენ, ბუხარესტმა ევროსაბჭოს ფინანსური კრიზისისაგან ხსნის თხოვნით მიმართა, უნგრეთი და ლატვია სსფ-ის იმედად არიან. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ევროზონა თავს უფლებას ვერ მისცემს ერთ ვალუტაზე გადასვლის აუცილებელი კრიტერიუმები გაადვილოს, რაც საფრთხეს ევროზონის სტაბილურობას შეუქმნის. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 მარტს ევროკავშირის ბრიუსელის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლებელია ევროზონაში შესვლისათვის აუცილებელი ორწლიანი მოსამზადებელი ვადა შემცირდეს. უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა “ვალუტის გაცვლითი კურსის მექანიზმ II”-ის სტატუსს ელიან, რათა საერთაშორისო ბაზარზე მათმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისათვის ევროპის ერთიან ბაზართან გაერთიანება მათი ეკონომიკების სტაბილურობის მომტან მოვლენად განიხილება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფერენც გიურქსანი აცხადებს, რომ აუცილებელია ევროზონაში აპლიკანტი ქვეყნების მიღება დაჩქარდეს, სხვა შემთხვევაში ევროპა ორ ნაწილად გაიყოფა. “90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ევროპა გავაერთიანეთ, ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – შევძლებთ ჩვენ ევროპის ფინანსურად და ეკონომიკურად გაერთიანებას?”, დასძენს პრემიერ-მინისტრი.
მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი რეგიონის კრიზისისგან დაზარალებულ ბანკებს 24.5 მლრდ. ევროს გამოუყოფს. ეკონომიკური ინსტიტუტები გაითვალისწინებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მდგომარეობების სხვაობებს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზოელიკი პრობლემებში ჩაძირული რეგიონის გაერთიანებული ძალებით დახმარებას მიესალმება. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშულებით დაეხმაროს.
ცხადია, ევროკავშირი ახლა ფაქტობრივად ერთიანია, მაშასადამე, მალე ერთიან ბაზარს ბზარები გაუჩნდება. აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შენახვა “ძველ ევროპას” ძალიან ძვირი უჯდება. აღმოჩნდა, რომ არსებობს “ძველი ევროპა” და “ახალი ევროპა”, ძველს კი ალტერნატივა არ აქვს, მას სიამის ტყუპივით ჰყავს მიბმული ახალი და ერთის დაღუპვის შემთხვევაში მეორე აუცილებლად დაიღუპება.