ერის ინტელექტუალური ელიტის ფუნქციის შესასრულებლად

ეკა ლეკაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ადამიანთა სასიცოცხლო გზების თანხვედრა და თანაკვეთა იმ საზოგადოებრივ გარემოს აყალიბებს, რომელშიც ერთიან წიაღში აღმოცენებულ ადამიანთა დიდ ჯგუფთან ერთად, ცალკეული შთამბეჭდავი პიროვნებაც თანაარსებობს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ გონების მარწუხებისგან განთავისუფლებისთვის აგამხედრებს.

აზროვნების კარგახსნილობის, უმაღლესი ფასეულობების მიგნებისა და მისკენ სწრაფვის, მეცნიერული და ცხოვრებისეული კანონზომიერებების შეცნობის, ქართული მეცნიერული სინდისის გათავისების, ეროვნული ინტერესების შესისხლხორცებისა და ისტორიული სიღრმეების ძიების მოთხოვნის აღმოცენების საქმეში, ჩვენი თაობის წარმომადგენელი მეცნიერ-ეკონომისტებისთვის უდიდესი როლი პროფესორ გრიგოლ თოდუას როგორც პიროვნების, ისევე, მისი მეცნიერული ნააზრევის არსებობამ შეასრულა. ეკონომიკის ფილოსოფიისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის საკითხების ავტორისეული ახსნა ეკონომიკური პროცესების სინთეზური გაცნობიერების გზით, მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარების გზაზე.
გრიგოლ თოდუა, ახალბედა ქართველ ეკონომისტთა თაობას, ცნობიერებაში დროის მოთხოვნების შესაბამისი აზროვნების არისტოკრატული სისტემის იდეალური ელემენტების გააზრებას გვთავაზობდა და გვაწვდიდა ისტორიით დამტკიცებულ გონების მარადიულისა და დროებითი ფასეულობების ზოგადსაკაცობრიო შეფასებებს. მისი აზრით, “შინაგანი ჰარმონიულობითა და ემოციური დახვეწილობით გამორჩეული აზროვნების სტილი” “მოვლენათა ძნელად მისაწვდომი ნათელხილვითი გამოხატვის საშუალებას” ზრდის.
“მცოცავი ემპირიზმის ტყეობიდან”3 თავის დასაღწევად, მის სტუდენტებსა და ასპირანტებს ყოველდღიურად გვქონდა განსჯისა და ფიქრის პრობლემა; ამგვარი ყოველდღიურობა კვლევითი შესაძლებლობის განვითარებისა და “გონებრივი მემკვიდრეობის” შესწავლისაკენ გვიბიძგებდა. უტყუარია მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, პრობლემის გააზრება ეპოქალურ ჭრილში, არსებული გარემოს გავლენით, ისტორიული ფონის შესწავლით. ამიტომაც მისი თითოეული ნაშრომი წარსულის გამოცდილებისა და აწმყოს ჰარმონიული სინთეზია. “მოაზროვნე გონება ყოველთვის უღრმეს ისტორიულ ფესვებს უნდა ეძიებდეს. წარსულის ხსოვნის დაკნინება დეზინფორმაციას იწვევს. რაც უფრო ხანგრძლივ ისტორიას მოიცავს ეს ხსოვნა, მით უფრო დიდია გამარჯვების პერსპექტივა”.
ჩვენი ქვეყნისათვის ახალი ეპოქის დაწყებამ ეროვნული ეკონომიკის კარგახსნილობის საკითხებისადმი ინტერესი გაზარდა. ერთაშორის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების კლასიკური, ა. სმიტისეული მიდგომის სიღრმისეული კვლევის შედეგები თოდუას ბოლო პერიოდის შრომებში აისახა. თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკაში ცალმხრივად აღიარებული “ლესეფერ” დოქტრინა, მისი აზრით “ისევე მიუღებელია, როგორც საბჭოური სოციალიზმის თეორია. საჭიროა ახალ საფუძველზე ორივეს დადებით მხარეთა გაერთიანება. სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობის სუბიექტია, ამიტომ მისი გარკვეული მარეგულირებელი როლის უარყოფა ეკონომიკაში მცდარია”. “თანამედროვე პირობებში, “ლესეფერ” დოქტრინის მოქმედება სახელმწიფო რეგულირების თეორიის გარეშე, სინამდვილეს მოწყვეტილი აბსტრაქციაა”. ეს მკაფიო დასკვნა გაკეთებულია დიდი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, პოპულარული ექსპერტების უმრავლესობა სახელმწიფოს ეკონომიკური როლის უპირობო მნიშვნელობაზე შეთანხმდებოდა.
უაღრესად მნიშვნელოვანია გ. თოდუას თვალსაზრისი საქართველოს გეოსტრატეგიული ინტერესების საკითხისადმი. “როცა ვმსჯელობთ დასავლეთზე როგორც ორიენტირზე, ამ ცნებაში უწინარეს იგულისხმება კულტურულ ღირებულებათა მთელი სისტემა. ევროპელთათვის უძვირფასესია ოჯახი, ტრადიციები, პატრიოტიზმი და თითქმის ყველაფერი, რაც ქართველი ადამიანის არსებაში არის ჩასაიდულმლოებული. ამიტომ ვამბობთ, რომ განსხვავებათა მიუხედავად, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია”. ამასთან, “რუს ხალხთან ახლო მეგობრული ურთიერთობებისათვის, მისი განმტკიცებისათვის დღენიადაგ უნდა იღვწოდეს ქართველი ერი, მაგრამ მან ისტორიის მწარე გაკვეთილებიც სიღრმისეულად უნდა გააცნობიეროს”.
ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური აზრის კვლევისადმი ინტერესი ნიშანდობლივია ბატონი გოგის ნაშრომებისათვის. მის კვლევებში მსოფლიო ეკონომიკური აზრის აღმოცენების, განვითარებისა და სრულყოფის საკითხებთან ერთად, დიდი ადგილი უკავია ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური აზრის ევოლუციის საკითხებს. წარმოდგენილია ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მასალები, რაც ისტორიული ეპოქისა და გარემოს დახასიათების საყურადღებო ნიუანსებს გვაწვდის. მოვლენების გადმოცემის ავტორისეული სტილი მკითხველში ღირსებისა და პატრიოტიზმის უსაზღვრო გრძნობის გაღვიძების პროვოცირებას ახდენს. ბრძნული დარიგება: “ერის ინტელექტუალური ელიტის ფუნქციად უნდა იქცეს ეროვნული ფუნდამენტალიზმის დამკვიდრება”10, ახალგაზრდა, ახალ ცოდნასშეჭიდებული თაობებისთვის მისობრივ დევიზად უნდა იქცეს.
წარსულის ღირსეულად შეფასება და მომავლის ოპტიმისტური ხედვა სინთეზირებულია არამარტო ბატონი გოგის სამეცნიერო შრომებში, არამედ სინამდვილეშიც. მის მიერ, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელობის პერიოდში, მრავალ ახალგაზრდას მიეცა საშუალება უმაღლესი სკოლის მასწავლებლობის ძნელი და რთული გზა აერჩია. უდიდესია სწორედ ბატონი გოგის როლი მკვლევარ-მასწავლებელთა ახალი კადრების ჩამოყალიბებასა და, აღნიშნულ კათედრაზე, თაობათა შორის კავშირის შენარჩუნების საქმეში.
დასასრულ, ქართველი სახელოვანი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ნააზრევით მინდა შევაფასო პროფესორ გრიგოლ თოდუას ცხოვრება და მოღვაწეობა: “რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად…… ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას”.
ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკის რედაქციისა და ყველა სტუდენტის, ასპირანტისა და კოლეგის სახელით ბატონ გრიგოლ თოდუას გვსურს მივულოცოთ დაბადებდან 80 წლის იუბილე. ვუსურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელება და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა.