მშენპოტენციალი

ქეთი მიქელაძე

ერთი შეხედვით, საქართველოში მშენებლობის ბუმია. განსაკუთრებით – თბილისში. იგი ნელ-ნელა იცვლის სახეს. სტატიის თემაა არა ის, რას და რატომ ვაშენებთ, არამედ – რით ვაშენებთ. ყოფილი სამშენებლო ტრესტთა წარმომადგენლების თქმით, ახლა არ არის ბუმი. ის მაშინ იყო, როცა თბილისის გარეუბნები შენდებოდა და ერთი ტრესტი წელიწადში 60-მდე ობიექტს აბარებდა. თუმცა, ათი წლის წინანდელი ნგრევაგამოვლილი ადამიანებისთვის კანტი-კუნტად მშენებარე ლამაზი სახლები დიდ იმედებს ბადებს.

სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების წარ-მოებაზე დღეს ყველა საუბრობს. მას უკავ-შირდება უმუშევართა პერსპექტივები, როგორც – კვალიფიციური ინჟინრების, ისე – მუშახელის. ეს სფერო, უდავოდ, ყველაზე “მამაკაცტევადია”. ამბობენ, მალე რესტორნების მშენებლობა “მოდიდან” გადავა და ყველა აგურის და ბლოკის საამქროების აშენებას დაიწყებსო.
ამჯერად, უფრო კონკრეტულად, ცემენტის წარმოებასა და აგურის დამზადებაზე შევჩერდებით.

5 სამთოელის ჩონჩხი უძველესი წარსულიდან

ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ 1 კვ/კმ-ზე არსებული სასარგებლო წიაღისეულით. შორს წაგვიყვანს ყველაფრის ჩამოთვლა, რაც მშენებლობას ნედლეულად მოეპოვება. (სტატიაში მოცემულ ცხრილში მოყვანილია რამდენიმე მათგანი). საერთოდ, სამთო საქმეს, მის წარსულს, მხოლოდ გეოლოგების, სამთოელების წრე იცნობს, არადა, ის ძალზე საინტერესოა. საქართველო ალპური ასაკის გეოლოგიური წარმონაქმნია, ანუ დღევანდელი სახით ის 10 მლნ. წლის წინ ჩამოყალიბდა. ჩვენში ისტორიულად მეტალურგიისა და ბრინჯაოს წარმოება 5 ათასზე მეტი წლის წინ ფიქსირდება.

გვესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის საბადოების გეოლოგიისა და ძიების კათედრის გამგე, ნოდარ ქაჯაია: – 2001 წელს გერმანიაში ქართველი არქეოლოგის, ირინა ღამბაშიძის თაოსნობით გაიხსნა გამოფენა, რომელიც ქართულ სამთო საქმეს და მეტალურგიის ისტორიას მიეძღვნა. მან გერმანელებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. იქვე გამოიცა გამოფენისადმი მიძღვნილი სქელტანიანი წიგნი-ატლასი. მთელ საქართველოში ნაპოვნია უამრავი მეტალურგიული საამქროს ნაშთები. ზემო რაჭაში ჩატარებულ საძიებო სამუშაოებისას გვირაბმა გადაკვეთა ბრინჯაოს ხანის სამთო გამონამუშევარი. იქ 5 სამთოელის ჩონჩხი იპოვეს. მათი იარაღი იყო ხარის ბეჭის ნიჩაბი, კამეჩის ნეკნის წერაქვი, ქანის მოსატეხად კი ცეცხლს და წყალს იყენებდნენ.

საბჭოთა იმპერიაში გეოლოგიური სამსახური მკაცრად ცენტრალიზებული გახლდათ. გეოლოგიური სამუშაოებისათვის გამოყოფდნენ ათეულობით მილიონ მანეთს, საბადოების შეფასებასაც გიგანტური მასშტაბებით აკეთებდნენ. ცენტრს არ აწყობდა მცირე საბადოების ათვისება, მასში ფულის ჩადება (მაგ. სპილენძი, პოლიმეტალები მერისის მადნიან კვანძში, დავით გარეჯის ბარიტის საბადო, ოქროს საბადოები). წყალტუბოსა და ონის რაიონებში ამოიღეს სუფთა ბარიტის საბადოთა მდიდარი ნაწილები. 1993 წელს ერთი ტონა ბარიტის მსოფლიო ფასი 260 დოლარი იყო! რუსეთმა ადრევე გააჩერა ვერცხლისწყლის საბადოების შესწავლა სვანეთში და აფხაზეთში. ამას თავისი პლუსიც გააჩნდა: საქართველოს შეენახა ბევრი საბადო და გადაურჩა ყაჩაღურ დამუშავებას. საერთოდ, საქართველო ძალიან მდიდარია არამეტალური წიაღისეულის საბადოებით, ინერტული მასალებით (ქვიშები, ღორღი), შემაცემენტებლებით (გაჯი, თიხა, თაბაშირი). საინტერესოა, რომ მსოფლიოში მოპოვებული მყარი სასარგებლო წიაღისეულის საერთო ღირებულებიდან 10 ნაწილი მყარ არამეტალურ წიაღისეულზე, ხოლო ერთი ნაწილი მეტალურზე მოდის.

გეოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ჯანელიძის 2000 წლის 10 იანვრის ბრძანებით, საბადოებისა და წიაღისეულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ფასიანია და დეტალურობის მიხედვით $5-დან $150-მდე მერყეობს. გასაგებია, რომ ათეული წლების მანძილზე გეოლოგებს უზარმაზარი შრომა აქვთ გაწეული საბადოების შესწავლაზე, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ შეწვდება ამ ტარიფებს. ამდენად, ინფორმაცია სპეციფიურ ვიწრო წრეში დარჩება და მას ისინი გაეცნობიან, ვინც წიაღისეულის შესწავლაზე ან მოპოვებაზე ლიცენზიის აღებას აპირებს.
ასეა თუ ისე, სამშენებლო მასალათა მწარმოებელი პირები უფრო სიტყვაუხვნი გამოდგნენ. მათი დახმარებით ფართო ფენებსაც შეექმნებათ წარმოდგენა დარგზე დამაიმედებელი თუ პრობლემური კუთხიდან.

მშენებლობის “პური” ცემენტი

ცემენტი ისტორიაში მოგვიანებით შემოვიდა. ძნელია თქმა, რას იყენებდნენ მის ნაცვლად სხვა ქვეყნები წინა საუკუნეებში. საქართველოში კირს ხმარობდნენ, რომელიც კირქვების ნატეხების გამოწვით მიიღებოდა. მას შახტისებურ ღუმელში ამზადებდნენ.

შეიძლება დავის საგანიც იყოს, თუ ვინ გამოიგონა თანამედროვე ცემენტი.

გვესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის სილიკატების ტექნოლოგიების კათედრის გამგე, თამაზ გაბადაძე: – ნაპოლეონის ბრძოლებით განადგურებული მოსკოვის გაშენება-აღდგენა, თავის წიგნში აღწერა ეგორ ჭელიძემ (რუსები მოიხსენიებდნენ . მან 1815-25 წლებში ცემენტის მიღების ტექნოლოგია გამოიგონა. ამ ცემენტის გამოყენებით ის აპირებდა მოსკოვის და სხვა ობიექტების აშენებას. დაახლოებით იმ პერიოდში 1824 წელს ინგლისელმა, ვინმე ასპდინმაც მიიღო პატენტი პორტლანდ-ცემენტში. (“პორტლენდი” კუნძულია ინგლისთან. მისი გრუნტის ფერს ჰგავდა ახალი ცემენტი და ამიტომაც დაარქვეს ეს სახელი.) დღეს არავინ დავობს, ვინ იყო პირველი. რაც მთავარია, ცემენტის წარმოება ბევრმა ქვეყანამ დაიწყო. საქართველოში მისი ნედლეული (კირქვები) იმდენია, რომ დიდხანს გვეყოფა. 1997 წელს მრეწველობის სამინისტროში დავაყენეთ წინადადება, რომ თერჯოლაში (აჯამეთში) აშენებულიყო ახალი, მშრალი მეთოდით, ცემენტის დამამზადებელი ქარხანა. პრეზიდენტმაც ერთი წლის შემდეგ დაწერა ბრძანება, ამ წამოწყების ხელშესაწყობად, რაც ჯერ რეალურად ვერ განხორციელდა. ის უნიკალური რეგიონია, სადაც იქვეა ნედლეულიც და სათბობიც (ტყიბულის ნახშირი). ამის გარდა, ჩვენი სპეციალისტები მუშაობდნენ ახალი ტიპის ცემენტების მიღებაზე. ესენია: წყალგაუმტარი, ზესწრაფმაგრებადი, გაფართოებადი, დამძაბავი (არმატურას გაჭიმავს) და სხვ. გაკეთდა ამ ცემენტების დამამზადებელი შპს “სპეცცემენტები”, თუმცა, ჯერ მოსახლეობა მათ კარგად არ იცნობს. ვინც იცის მათი თვისებები, იძენს კიდეც.

საინტერესო იქნებოდა ს/ს “რუსთავცემენტის” კომენტარი რიგ კითხვებზე, რაცცემენტის გარშემო გვაინტერესებს, მაგ: რაში მდგომარეობს ქარხნის ძირითადი პრობლემა; მათი გათვლით, ქართული ბაზარი საშუალოდ რა მოცულობის ცემენტს მოიხმარს; რას ფიქრობენ ცემენტის წისქვილების შესახებ, რომლებიც მათ გარკვეულ კონკურენციას უწევენ (წისქვილები მუშაობენ კლინკერზე, რაც კირქვიდან მიღებული ნახევარფაბრიკატია), მაგრამ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავით სალაყაიამ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

რუსთავის ცემენტის ქარხანა ექსპლუატაციაში 1956 წელს გაუშვეს. ქარხანაში თავიდან 308 ათასი ტონა კლინკერი იფქვებოდა. ღებულობდნენ 616 ათას ტონა ცემენტს. 1964 წელს გაუშვეს მესამე ტექნოლოგიური ხაზი, ხოლო 70-იან წლებში რეკონსტრუქცია გაუკეთდა ორ ღუმელს. ბოლო გადაიარაღება 1986 წელს ჩატარდა. ერთი სიტყვით, ბოლო პერიოდში გაცილებით მეტ კლინკერს და ცემენტს ამზადებს, ხოლო ამჟამად დასაქმებულია 580-ზე მეტი ადამიანი.

თუ წიაღის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციას დავეყრდნობით, რესპუბლიკაში 4-5 ცემენტის ქარხანა მუშაობს, მაგრამ მსხვილი ქარხნების გარდა, ბოლო დროს ამუშავდნენ ზემოთ ნახსენები წისქვილები. მათ არა აქვთ მსხვილი ქარხნის ტექნოლოგიის მთავარი ხაზი: კირქვების ფქვა კლინკერად, ამდენად კლინკერი “დიდებისაგან” უნდა შეიძინონ. კერძო საუბარში ბევრი დაგეთანხმებათ, რომ ზოგიერთი წისქვილი ხარისხში სცოდავს და ამით მსხვილ ქარხნებს ჩრდილს აყენებს. თუმცა, ყველაზე ამის თქმა არასწორია.

გვესაუბრება შპს “აზიმუტის” სამშენებლო მასალათა ლაბორატორიის სპეციალისტი, ბიჭიკო ბარბაქაძე: – დღევანდელმა მშენებლობებმა ბუმის შთაბეჭდილება შექმნა, ამ სახელს მე ვერ დავარქმევდი. სახლი 4-5 წელი შენდება, ლამაზია, ყველას მოსწონს და ფიქრობენ, სამშენებლო დარგი ათასობით კაცს დაასაქმებს (ცემენტის, აგურის, ბლოკის წარმოება, და ა.შ.), მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. წვრილ წისქვილებს ათეულობით მუშა-ხელი არ სჭირდება. რასაკვირველია, ხალხს უფრო მეტი საშუალება რომ ჰქონდეს, ცემენტზე მოთხოვნაც – პროპორციულად გაზრდილი, მეტი დასაქმდებოდა, მაგრამ გარკვეულ ზღვარს ზევით. მაგ. წისქვილს კადრი არ სჭირდება. ცემენტის ნედლეული მოიპოვება, მაგრამ მას დიდი ქარხნები ენთუზიაზმით არ ყიდიან. ჩვენ კი მათზე ვართ დამოკიდებულნი. ამიტომ კლინკერის შემოტანას სომხეთიდან ვფიქრობთ. აქ ტონა კლინკერში 35 ლარს თუ ვიხდიდით, სომხეთში 40 ლარს გადავიხდით. ეს, ალბათ, ცემენტის ფასებსაც აწევს.

ბუნებრივია, დიდი ქარხნების ინტერესებში არ შედის, ბევრმა ფქვას კლინკერი, ყიდოს ცემენტი. მართალია, ცემენტზე მოთხოვნის გაზრდა შეიმჩნევა, მაგრამ მაინც აშკარაა: ცემენტის მეტი მიწოდებაა, ნაკლები მოთხოვნა.

გვესაუბრება კავთისხევში, (კირქვების საბადოსთან) შარშან გაშვებული ცემენტის ქარხნის დამფუძნებელი, მიხეილ დათიკაშვილი: – შესამჩნევია, მშენებლობების მატება, ცემენტზე მოთხოვნის გაზრდა, მაგრამ კონკურენციაა ძლიერი. ჩვენ ადგილობრივი ინვესტიციით ავამუშავეთ ქარხანა, თუმცა, ჯერ რუსთავის გიგანტს ვერ შევედრებით. კლინკერს ვამზადებთ, მას წისქვილები ყიდულობენ. ცემენტს არ ვყიდით. დღეს ბევრია წისქვილი, ზოგი კარგ ცემენტს ამზადებს, ზოგიც – ვერა. ამიტომაც, მყიდველმა არ იცის მართლაც 400 მარკიანია ცემენტი თუ ნაკლები. სომხეთიდან შემოტანილი კლინკერი ფასებს გააძვირებს. თეორიულად, ცემენტის ნედლეული საქართველოში იმდენია, ყველას ეყოფა, მაგრამ დამკვეთია ცოტა. თუ საწარმოებმა, (წვრილი თუ მსხვილი), მოგებაზე არ იმუშავეს, რა აზრი ექნება წარმოებას, რომელიც ძალზე ენერგოტევადია? პროდუქციის თვითღირებულებაში ენერგორესურსს 60% მიაქვს. განსაკუთრებით – ახალი ტარიფით მოხმარებისას. ბუმს გამოიწვევდა მცირე ტარიფი. გამოჩნდებოდა მოსახლეობის ნამდვილი მოთხოვნა ცემენტსა და მშენებლობებზეც, მოთხოვნა – რაც დღეს გაყინულ მდგომარეობაშია.

ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ცემენტის საქმეში დაგაინტერესებთ. ტექნიკური უნივერსიტეტის საშენი მასალების, ნაკეთობების კათედრის გამგემ, ანზორ ნადირაძემ 1998 წელს აიღო პატენტი (I 1936) ახალი სახის მაღალი მარკის (500-700) ცემენტის დამზადებაზე. ის დაბალი წყალმომთხოვნელობისაა, იწარმოება კიდეც მცირე მასშტაბებით ქუთაისსა და ტყიბულის ქარხნების ნარჩენებზე. (უფრო დეტალური ახსნა, ფაქტობრივად, კომერციული საიდუმლოა და არ ვაკონკრეტებ. ქ.მ.). ტექნიკური უნივერსიტეტის წინ თავმოყრილი სტუდენტობა საზოგადოებას უსაქმურობის შთაბეჭდილებას უქმნის, არადა, უნივერსიტეტში მართალია ცოტა, მაგრამ მონდომებული და განათლებული სტუდენტებიც არიან. ნადირაძის ხელმძღვენელობით სამშენებლო დარგში დაიცვეს რვა დისერტაცია. აღსანიშნავია ნანა რაზმაძის დისერტაცია, რომელიც ცემენტს ეხება. ესაა “მაპლასტიფიცირებელი დანამატების დამზადება და გამოყენება რკინა-ბეტონის წარმოებაში”. საერთოდ, ცემენტის ყველა სახეობაში იყენებდნენ სუპერპლასტიფიკატორს (გამოგონილია იაპონიაში), რომლის წარმოებაც შემდეგ დაიწყეს რუსეთმა, ბელორუსიამ, აზერბაიჯანმა, ევროპამ და ა.შ. იგი უმცირესი დოზით ემატება ცემენტს და იძლევა ცემენტის დაზოგვის, ენერგორესურსის ეკონომიას, რკინა-ბეტონის საექპლუატაციო თვისებების გაუმჯობესების საშუალებას. ერთი სიტყვით, ნადირაძის ინიციატივით (საქართველოში არეულობების დაწყებამდე) გადაწყდა, ეს სუპერპლასტიფიკატორი დამზადებულიყო “აზოტში”, ქვანახშირის ფისის ნარჩენებისაგან. იაფიც დაჯდებოდა და ქართული მშენებლობები უცხოურ “სუპერს” აღარ შეიძენდნენ. მოკლედ, ეს ვერ განხორციელდა. ამჟამად, ნადირაძე (ისევე როგორც ზემოთ ხსენებული გაბადაძე) ცდილობენ ინტერნეტით დააინტერესონ პირები თუ უწყებები საინტერესო გამოგონებებით. ახლო მომავალში ახალი ცემენტები “ძველს”, ალბათ, უფრო მეტ კონკურენციას გაუწევს. ამის გარდა, ნარჩენების გამოყენება ნედლეულად ეკოლოგიურადაც გამართლებულია.

კერძო საუბრებში აღნიშნავენ, რომ ცემენტის კონტრაბანდაც არსებობს უკრაინიდან და რუსეთიდან. ამაზე საგანგებო ლეგიონის პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ტიპის კონტრაბანდა არ შეხვედრიათ. შესაძლოა, ასეც იყოს. ადგილობრივი ცემენტით გავსებულ ბაზარს რამდენად იაფად უნდა მიაწოდო, რომ კონკურენცია დაძლიო. ხოლო მომხმარებლის ეჭვი, რომ შეიძლება ცნობილი ქარხნის ემბლემა გამოიყენონ და უხარისხო ცემენტი შეაპარონ, ეჭვად რჩება…

რაც შეეხება სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, იმედის მომცემია. 1994 წლიდან ექსპორტზე გატანილი ცემენტის რაოდენობა მატულობს. მაგ. 1995 წელს გავიდა 491 ტონა, 1996 წელს – 569 ტონაზე მეტი, 1997 წელს – 3440 ტონა… ხოლო 2001 წელს – 22 100 ტონაზე მეტი. შემოტანილი (იმპორტული) ცემენტის მოცულობები კი იკლებს. მაგ. თუ ცემენტის ყველაზე მეტი იმპორტი განხორციელდა 1997 წელს, შემდეგ კლებულობს: 1998 წელს შემოვიდა 85 354 ტონა, 1999 წელს – 46 475 ტონაზე მეტი, 2000 წელს – ოდნავ მეტი, 2000 წელს – 23 533,8 ტონა. პრაქტიკულად, 2000 წლისთვის ცემენტის ექსპორტ-იმპორტის მოცულობა თითქმის გათანაბრდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმპორტი კვლავაც დაიკლებს, რადგან ზემოთ მოყვანილი საუბრებიდანაც ჩანს, რამდენად მეტი მზადდება და ბაზარს “თავზეც გადასდის”. რაც შეეხება რესპუბლიკაში მთლიანად წარმოებულ ცემენტს, ის ყველაზე ნაკლები 1995 წელს გახლდათ – 59 000 ტონა. იმ წლებში ჯერ არ იყო იმდენი ცემენტის წისქვილებიც. შემდეგ ინტენსიურად მატულობს წარმოების მოცულობები და 2001 წელს ხდება 335,2 ათასი ტონა. უფრო თვალნათლივ ასეა – თუ 95-96 წლებში ექსპორტის მოცულობა ადგილზე წარმოებულ ცემენტზე 130-ჯერ ნაკლებია, 2001 წლიდან – მხოლოდ 15-ჯერ! მისასალმებელია ექსპორტის ასეთი ზრდა, რაც რესპუბლიკაში დასაქმების სულ უფრო მეტ ადგილებს წარმოშობს, ბიუჯეტში – მეტ შემოსავლებს.

“აგური, წყალი, ტალახი!”

ამბობენ, რომ ძველი აგური ყველაზე კარგია (ბრტყელზეა საუბარი). თუმცა, ამაზე კამათი დღეს არ ღირს. სააგურე თიხის 50-ზე მეტი საბადო გვაქვს, ხოლო ვისაც საშუალება გააჩნია, აგურის მწარმოებელი საამქროების აშენება დაიწყეს, ხოლო რამდენად წარმატებულად თუ პრობლემურად, ქვევით ვნახავთ.

ჯერ კიდევ რევოლუციამდელი საქართველოს სოფლები სავსე იყო კუსტარული ქურებით, თითოეული მოსახლე თავის ქურაში გამომწვარი აგურით იშენებდა სახლს. ეს ჩვევა და ცოდნა 70 წლებამდე გაგრძელდა. მოგვიანებით, გარდა წითელი აგურისა, შემოვიდა სილიკატური (თეთრი) აგურის წარმოება, ასევე – ცეცხლგამძლესი.

გვესაუბრება დათო პაიჭაძე (ზესტაფონის ცეცხლგამძლე აგურის ქარხანა გატანილ იქნა ნულოვან აუქციონზე 1998 წელს. მან შეიძინა შენობა-ნაგებობა, მორალურად გაცვეთილი დაზგებით და დაიწყო აგურის წარმოებაზე ფიქრი): – ცეცხლგამძლე აგური, ძირითადად, მეტალურგიაში, ცეცხლგამძლე საქმეში გამოიყენება. როდესაც ეს ქარხანა ასამუშავებლად ავიღეთ, შევუდექით დაზგების დეტალების შეკეთებას. როცა ყველაფერი დავამზადეთ, ზესტაფონშივე მოვძებნეთ ცეცხლგამძლე თიხა. გამოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ ნედლეული ნედლეულის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. (A კლასის აგურის ნედლეულია). მოვიტანეთ ტექნიკა. გავხსენით კარიერი. ვიდრე რამდენიმე ტონა ამოვიღეთ, დაიხარჯა უამრავი თანხები (გათვალისწინებულიც და გაუთვალისწინებელიც) ზოგან სიღრმე უნდა აგვეღო 30-25 მეტრი. ამასობაში დამკვეთები: მეტალურგიული ქარხანა, ქუთაისის ავტო ქარხანა, კასპის ცემენტის ქარხანა, კირის მწარმოებელი საამქროები გაჩერდნენ. მოკლედ, ჩვენს აგურზე მოთხოვნა აღარ იყო. გამოკვეთილი ძირითადი პრობლემაა: საგადასახადო სისტემა და ბაზარი, უფრო ზუსტად – დაუცველი. გადასახადებმა (ამაში იგულისხმება ენერგორესურსიც: ელექტროენერგია და გაზი) ისე გაგვიძვირა პროდუქცია, ასეთ ფასად ვერ გაიყიდება… დღეს ვცდილობთ, ვინმემ გამოიჩინოს ინტერესი. ვუკავშირდებით უცხოურ საშუამავლო ფირმებს, თუ დაგვაკავშირებენ აგურის მსურველებთან. ვიდრე საგადასახადო სისტემა არ გახდება მსუბუქი, დენის ტარიფი იქნება ასეთი უზარმაზარი (ოპტიმალურია 1 კვტ – 8 თეთრი), მანამდე აგურის წარმოება (ისევე როგორც სხვები) ჩიხიდან ვერ გამოვა.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ზესტაფონში გერმანიიდან ჩამოსულა ვინმე შულცი. მას დაუქირავებია მუშები და თითქმის ხელით იღებდნენ ამ თიხას. ურმებით ჩაჰქონდათ ძირულაში და იგზავნებოდა გერმანიაში… დღეს ქართველებს ნედლეულის გაყიდვას მზა ნაწარმის გაყიდვა ურჩევნიათ, მაგრამ დამზადება გაგვიძნელდა, ვეძებთ გზებს.

ცეცხლგამძლე აგურის მწარმოებელს მეტი პრობლემები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი აგურის საამქროებს. მათ უცხოელი შუამავლები არ სჭირდებათ, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების ასაშენებლად, ძირითადად, წითელი აგური მიაქვთ. დღეს რამდენიმე ათეული აგურის საამქროა. არავინ მალავს, რომ ასეთი მობილური საწარმოები ბევრს ასაქმებენ. თუმცა, დიდი განსხვავებაა ლეგალურ საამქროებსა და არალეგალურებს შორის. არალეგალები ელექტროენერგიასაც მალულად იყენებენ. გარკვეულწილად, არც “ეი-ი-ეს თელასი” ტყუის, როცა არგადამხდელების მიერ დახარჯულ დენს მისტირის. დენი კი საამქროებს მოსახლეობისგან განსხვავებით, 2-3-ჯერ მეტი სჭირდება. ამის მაგალითია ვაშლიჯვრის მოსახლეობის გამოსვლა სატელევიზიო სიუჟეტში, – ელექტროენერგიას არ გვაძლევენ, რადგან ჩვენს უბანში ბევრი საამქროაო. იქ უფრო ქვისმთლელი საამქროებია. მაგრამ ამ შემთხვევაში არსებითი სხვაობა არ არსებობს. თუ ვიღაც იაფად ამზადებს აგურს, ბლოკს თუ ქვას თლის, მხოლოდ მუქთა დენის ხარჯზე, რაც, საბოლოოდ, დენის ტარიფის მომატებას იწვევს და ისევ გადამხდელების კისრებზე ნაწილდება. არაა გამორიცხული, ტარიფის ბოლო გაძვირებაც არგადამხდელთა დახარჯული დენის საფასურის გადამხდელებზე გადანაწილების მაგალითი იყოს.

პაიჭაძის თქმით, როცა ქარხნებს ცეცხლგამძლე აგური სჭირდებათ, ბოლო დროს თავისივე ცეცხლგამძლე აგურს იღებენ შენობებიდან, ფქვავენ და “ახალ” აგურს ამზადებენ, რომელიც თავისთავად ვერ შეედრება წესის მიხედვით დამზადებულ ცეცხლგამძლე აგურს. თუმცა, ამას ყურადღებას არ აქცევენ. ეს ყველაფერი სიდუხჭირიდან მოდის. მოსახლეობას არც წითელი აგურით ნაშენი ნაგებობები დარჩა დაუნგრეველი. მათ აბარებენ კიდეც ბევრ რაიონში და დაფქვის შემდეგ ახალს ამზადებენ.

სამტრედიაში იყო ორი აგურის და ბლოკის ქარხანა, სადაც თვეში 700 ათას ცალი აგურის დამზადება შეეძლოთ. აგური მიჰქონდა ცხაკაიას, გაგრას, სოხუმს, რაჭას და ბევრ სხვა რეგიონს. მიუხედავად ამისა, 50 კაცზე მეტი არ იყო საჭირო წარმოებაში. დღეს ძნელია ინვესტორის პოვნა. პრაქტიკულად, ყველაფერი თავიდან შესაძენია და ასაშენებელი. სამტრედიის მცხოვრების თქმით, 91 წლის შემდეგ დაწყებულ მოვლენებს შეეწირა აგურის ქარხნის ძრავები, მერე – საზელი მანქანა, შემდეგ – პრესი, დამჭრელი ავტომატი, საშრობი, ღუმელი… კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. რუსეთი და ის ქვეყნები, რომლებსაც არ ჰქონდათ თიხის დიდი მარაგები, გადავიდნენ სილიკატური აგურის წარმოებაზე. მისი დამზადება თბილისშიც ხდებოდა (ავჭალაში). ის კირისა და ქვიშისაგან ავტოკლავში კეთდება (წყლის ორთქლის წნევის ქვეშ). მას უფრო სამრეწველო ობიექტებში იყენებდნენ, რამდენადაც ჩვენთან სამრეწველო ობიექტები დაშლის პირასაა და ბევრია უფუნქციოდ, სილიკატური აგურის წარმოებაზე ორიენტაციას ჯერ არავინ იღებს.

სტატიასთან დაკავშირებული პირები, პრაქტიკოსები და თეორეტიკოსები ერთსულოვანნი არიან შემდეგში: ნედლეულით მდიდარი ქვეყანა, დიდი ჰიდრორესურსების მქონე; საშუალო, მცირე “ჰესების” პატრონი ღარიბდება და მოსახლეობას ვერა და ვერ ასაქმებს. მიზეზი? ჰესების მიუხედაობამ ათეული წლობით, რუსეთის დენზე და გაზზე გადასვლამ, (ამდენად ტარიფის გაძვირებამ) ჯაჭვური რეაქციით გააძვირა ყველაფერი საწარმოო ციკლიდან დაწყებული მომხმარებლის ხარჯებით დამთავრებული. ბაზარი აღარაა საკმარისი. არც ადგილობრივი სამშენებლო პროდუქციისთვის, რასაც ემატება უცხოური ანალოგიური პროდუქცია. მიჩნეულია, რომ “პერესტროიკისას” მომწიფდა მსოფლიოში ის ეკონომიკური კრიზისი, რაც როგორმე უნდა გადაწყვეტილიყო. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ზრდას არ (ვერ) შეაჩერებს. ის მექანიკური შეჩერება, რაც ჩინეთში მეორე ბავშვის აკრძალვით განხორციელდა, დასავლეთის ზოგიერთ წრეებში ადამიანის უფლებების შელახვადაც ჩაითვალა. გამოდის, ვიღაც სხვათა უფლებები უნდა შელახულიყო, ან… შესაძლებლობები შეზღუდულიყო. სხვა მოდელი ბუნებაში არ არსებობს. მოხდა შემდეგი: წყალუხვ ქვეყანაში, ანუ საქართველოში 1კვტ ელექტროენერგიის ტარიფი მსოფლიო ფასებს მიუახლოვდა (ამერიკაში ის 12 თეთრამდეა, ჩინეთში – 20 თეთრამდე, საფრანგეთში – 17, იტალიაში – 30 თეთრზე მეტი). არადა ჰესების მოვლა-პატრონობით 4 თეთრზე მეტი არ იქნებოდა კილოვატის ღირებულება. ეს ის “ალბათობებია”, რომელსაც ენერგეტიკოსებიც ეთანხმებიან.