რას მოგვიტანს Bloomberg-ი და ცვლილებები საბანკო სფეროში
ნინო არველაძე
საქართველოში ექსპერტები ხშირად საუბრობდნენ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის მნიშვნელოვან ხარვეზებზე და საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე ეროვნული ვალუტის კურსის დარეგულირებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველო Bloomberg-ის ახალ სავაჭრო სისტემაზე გადავიდა, თუმცა ცვლილებამ კლიენტების უკმაყოფილება გამოიწვია. გაჩნდა კითხვები: ეროვნული ვალუტის რა გაცვლით კურსს უნდა ელოდეს საქართველოს ბიზნეს-საზოგადოება და მოსახლეობა? როგორ ჩაერევა ეროვნული ბანკი ვალუტით ვაჭრობაში? საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებდა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპები ეროვნული ბანკის ბაზარზე ინტერვეციების გამო იზღუდებოდა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი დღემდე ერთ-ერთ დიდ მოთამაშედ რჩება და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენის ბერკეტს ინარჩუნებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი კლიენტები საკმაოდ წამგებიან პოზიციაზე აღმოჩნდებიან. ერთი შეხედვით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, საქართ-ველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ტკივილი მოიშორა. სიახლეების შესახებ გვესაუბრება თი-ბი-სი ბანკის ხაზინის უფროსი დავით კიღურაძე:
ს.ე. – ბატონო დავით, საქართველოში გაუქმდა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟა. გვიამბეთ, რატომ დადგა მისი გაუქმების აუცილებლობა და რა იყო ბირჟის მუშაობის მთავარი ხარვეზი?
დ.კ. – სავაჭრო სისტემა მოძველებული იყო, ამიტომ არსებობდა პრობლემებიც. მაგრამ ეს არ გამხდარა ბირჟის გაუქმების ძირითადი მიზეზი. გადამწყვეტი ფაქტორი ბირჟის გასაუქმებლად იყო ვაჭრობის მიუღებელი წესები. განვითარებული ქვეყნების ვალუტებით ვაჭრობა ბაზარზე განსხვავებული პრინციპებით მიმდინარეობს. ყველა ბანკი ერთბაშად იღებდა მონაწილეობას ვაჭრობაში და ხშირად ეროვნულ ბანკს უწევდა ინტერვენციები კურსის დასაბალანსებლად. მსგავსი სისტემით მხოლოდ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნები ვაჭრობენ, სადაც, საქართველოს მსგავსად, ვალუტა ძირითადად დოლარზეა მიბმული და აუცილებელია მსგავსი ტიპის ვაჭრობის ჩატარება. ვაჭრობა იმართება მხოლოდ დღეში ერთხელ კონკრეტულ საათზე, სადაც ყველა ბანკი წარადგენს საკუთარ განაცხადს უცხოური ვალუტის შეძენის ან გაყიდვის შესახებ. ამის შედეგად ხდება ყველა ბანკის განაცხადის დაკმაყოფილება. ეს წესი მიღებული არ არის განვითარებულ ბაზრებზე. თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებზე, როგორიცაა ევრო, დოლარი, შვეიცარული ფრანკი, ინგლისური გირვანქა სტერლინგი და სხვა ძირითადი ვალუტები, ვაჭრობენ ღია ბაზარზე, სადაც ოპერაციები დილიდან საღამომდე, დროისა და მოცულობების შეუზღუდავად მიმდინარეობს. ეს სავაჭრო სისტემას უფრო მოქნილს და ლიკვიდურს ხდის. ყველა მსურველს შეუძლია ამ ბაზარზე მონაწილეობის მიღება.
ს.ე. – თქვენ საუბრობთ ახალ სისტემაზე, რომელიც საქართველოში დაინერგა. რა სისტემაა ეს?
დ.კ. – საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით ბანკებმა შემოიღეს Bლოომბერგ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკები ლარი-დოლარის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციებს ასრულებენ. Bloomberg-ი მხოლოდ სავაჭრო სისტემა არ არის. ეს არის საინფორმაციო ბაზა, სადაც ყველა სახის ინფორმაცია იყრის თავს – პოლიტიკური, ეკონომიკური, სპორტული და ა.შ. ქვეყნდება სხვადასხვა ტიპის ანალიზები და პროგნოზები. გარდა ამისა, შესაძლებელია ვაჭრობა სხვადასხვა უცხოური ვალუტებით, ფასიანი ქაღალდებით, ინდექსებითა და სხვა წარმოებულებით. Bloombeg-ი ვრცელი და მრავლისმომცველი სისტემაა. უახლოეს მომავალში ქართული საბანკო სექტორის სავაჭრო დიაპაზონი, რომელიც ახლა მხოლოდ ლარი-დოლარის ვაჭრობით არის წარმოდგენილი, გაფართოვდება და მოიცავს ბანკთაშორისი დეპოზიტებით ვაჭრობას, რომელიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს და ხორციელდება რამდენიმე ბანკის მიერ. ეროვნული ბანკი აღნიშნულ სისტემაში სადეპოზიტო სერტიფიკატებით ვაჭრობის დანერგვასაც აპირებს, რომლის საბოლოო მიზანია ყველა ბანკთაშორისი ოპერაციის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში გადატანა.
ს.ე. – თქვენ ფასიანი ქაღალდები ახსენეთ, რამდენად განვითარებულია საფონდო ბაზარი საქართველოში და უახლოეს მომავალში თუ არის მოსალოდნელი მისი გააქტიურება?
დ.კ. – საქართველოში საფონდო ბაზარი საკმაოდ შეზღუდულია. მასთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობაც და რაოდენობაც მიზერულია. ბაზარი საქართველოში განვითარებული არ არის, მაგრამ შეიძლება ვაჭრობის ახალი ელექტრონული სისტემა და დამატებითი ხელისშემწყობი პირობები მასტიმულირებელი ფაქტორი გახდეს. Bloomberg-ის ახალი სისტემით ოპერაციების ჩატარება უფრო გამჭვირვალე პროცესია. Bლოომბერგ-ი საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაა და მასზე ხელი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიუწვდება. მათ შეუძლიათ თვალყური ადევნონ ოპერაციებს, ამიტომაც ეს უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს ინვესტორების მხრიდან, თუმცა უცნობია, როდის დაიწყება ეს ეტაპი. ახლა საუბარია ბანკთაშორის ოპერაციებზე – სავალუტო ოპერაციები, ფულადი ბაზრის ოპერაციები – დეპოზიტებისა და სესხების აღება-განთავსება. მომავალში ბანკთაშორის ბაზარზე მოხდება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებების შეძენა პირველად ბაზარზე, ან მეორად ბაზარზე რეალიზაცია. დღეისათვის ეროვნული ბანკი ატარებს ლარი-დოლარის სვოპების და სპოტ კონვერტაციების აუქციონებს. სპექტრი მომავალში შეიძლება გაიზარდოს. ეს გარკვეულწილად ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ ეროვნული ბანკია ამ სისტემაზე გადასვლის ინიციატორი. ჩვენ მივესალმებით ახალ სისტემაზე გადასვლას, რადგან პროცესები წარიმართება უფრო მარტივად, გამჭირვალედ, მოქნილად და დაცულად. Bლოომბერგ-ი საკმაოდ მოხერხებული პლატფორმაა. წინა სისტემა მხოლოდ სავალუტო ოპერაციებს ემსახურებოდა და შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, რადგან შესაძლებელი იყო მხოლოდ სპოტ-ვალუტირების შესრულება, ანუ ოპერაცია კეთდებოდა დღეს+1 ვალუტირებით. ახლა გაცილებით მეტი სახის ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი.
ს.ე. – როგორ ზეგავლენას მოახდენს ცვლილება ლარის კურსის დადგენაზე? ამ მხრივ მთავარ როლს სწორედ ეროვნული ბანკი ასრულებდა. საინტერესოა, ამჯერად რა ბერკეტები დარჩება მას კურსის დასარეგულირებლად?
დ.კ. – ეროვნული ბანკი თავისი შეხედულებით ახდენს ხოლმე აუქციონის მეშვეობით დოლარის გაყიდვას ბანკთაშორის ბაზარზე. დღეისათვის ეროვნული ბანკი ბანკთაშორის ვაჭრობისას მოთხოვნა-მიწოდების დარეგულირებაში უშუალოდ არ ერევა. თუმცა, ეს ალტერნატიული მეთოდი (აუქციონი) საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, გასაყიდად დოლარის საჭირო მოცულობა გამოიტანოს, რასაც ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს. აღნიშნული ინსტრუმენტის მეშვეობით იგი ხსნის იმ დაძაბულობას და ზოგ შემთხვევაში პანიკასაც კი, რომელიც შესაძლებელია დოლარზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში წარმოიქმნას. აუქციონზე დოლარის მიწოდებით, იგი ამ ჭარბ მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს აქვს კურსის დარეგულირების ბერკეტი. თუმცა, არა უშუალოდ ბანკთაშორის ბირჟაზე მონაწილეობით, არამედ აუქციონზე დოლარის რეალიზაციით. თითქმის ყველა ქვეყნის ცენტრალური ბანკი, მხოლოდ განსხვავებული გზებითა და წესებით, რადგანაც მათი ბაზარი ჩვენთან შედარებით გაცილებით დიდი და განსხვავებულია.
ს.ე. – რამდენად გამართლებულია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების შემოღება მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე?
დ.კ. – ამ თემაზე ჩვენც გვქონდა კლიენტებთან შეხვედრა. საჭიროა მათთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება. რეალურად, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაზე გადასვლით საფრთხე არ იქმნება. კურსის ზრდა ან ვარდნა ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის არსებობის შემთხვევაშიც იცვლებოდა კურსი და ახლაც ანალოგიურად გაგრძელდება.
ს.ე. – საქართველოში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას რეალური დატვირთვა ჰქონდა, თუ იგი მხოლოდ ფიქტიურად არსებობდა?
დ.კ. – ბანკთაშორის ბირჟას, ბუნებრივია, ჰქონდა რეალური დატვირთვა, ვინაიდან მისი სავაჭრო სესიების მეშვეობით ხორციელდებოდა ლარი-დოლარის საკონვერსიო ოპერაციების უმრავლესობა. სხვა საკითხია, რამდენად კარგად იყო ორგანიზებული ოპერაციები ამ სავაჭრო სესიებზე. იყო შემთხვევები, როდესაც კურსი ჩვეულებრივად ბანკების მიერ ვალუტაზე მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე ფიქსირდებოდა. მაგრამ იყო ასევე შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებულ დიდ მოცულობებზე ბანკები უძლურნი იყვნენ სასურველი კურსი დაებალანსებინათ. ამ შემთხვევაში საჭირო იყო, ეროვნული ბანკის ჩარევა, რადგან ის ყველაზე დიდი მოთამაშე იყო და დღემდე ასეთად რჩება. ახალ სავაჭრო სისტემაში, ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ სავალუტო აუქციონებზე, დოლარის შესყიდვის მსურველი ყველა ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს დოლარის შესყიდვის ფასს. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მაღალი ფასით იქნება წარმოდგენილი. ამის შემდეგ, თუ ეროვნულ ბანკს კიდევ რჩება გასაყიდი თანხა, კურსის კლების მიხედვით დაკმაყოფილდება სხვა განაცხადებიც.
ს.ე. – რა პოზიციაზე აღმოჩნდებიან ახალი სისტემის პირობებში მსხვილი კლიენტები, როდესაც ისინი თავის წინადადებით გავლენ აუქციონზე და მათი სურვილი არ დაკმაყოფილდება?
დ.კ. – თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის პირობებში დღის 11 საათისთვის გროვდებოდა განაცხადები და ჩვენ ისინი ბირჟაზე გაგვქონდა. დღესაც ანალოგიურად, კლიენტებს ვთავაზობთ გამოგზავნონ განაცხადები Bლოომბერგ-ის ბირჟაზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი უთითებენ, თუ რა მოცულობის ვალუტის შეძენა ან გაყიდვა სურთ და რა ფასად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ შუამავლები და კლიენტის განაცხადები ბირჟაზე დასაკონვერტირებლად გაგვაქვს. ამისათვის გავდივართ ბირჟაზე, ვეძებთ შესაბამის კონტრაგენტს, ბანკს, რომელსაც ჩვენთვის სასურველი კონტრ-ოპერაცია სურს, რითიც ვაკმაყოფილებთ კლიენტის მოთხოვნას.
ს.ე. – თუ მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირდება, კლიენტი სერიოზული რისკის წინაშე აღმოჩნდება და ოპერაციას ვერ განახორციელებს, რაც მისთვის წამგებიანი იქნება.
დ.კ. – თბილისის ბანკთაშორის ბირჟის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის დახმარებით კლიენტის მოთხოვნა ყოველთვის კმაყოფილდებოდა, რადგან ავად თუ კარგად კურსი დგინდებოდა და კლიენტებისთვის კონვერტაცია სრულდებოდა. შეიძლება დღეს განაცხადი არ დაკმაყოფილდეს, ანუ არ გამოჩნდეს სისტემაში მოთხოვნილი კურსის მსურველი. ამ შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს დაელოდოს მომავალ დღეებში სავაჭრო სესიებს, ან დააკონვერტიროს თანხა ბანკის მიერ შეთავაზებული შეღავათიანი კურსით. ერთი სიტყვით, თუ კლიენტის განაცხადი არ კმაყოფილდება, მას შეუძლია მომავალ აუქციონს დაელოდოს, ან ჩვენს მიერ შეთავაზებული ფასი მიიღოს და ცოტა მეტი გადაიხადოს. მსგავსი წესებით მუშაობენ ყველა განვითარებულ ბაზრებზე. მაგალითად, ევრო-დოლარის სავალუტო წყვილზე ვაჭრობის შემთხვევაში, ჩვენ ოპერაციების შესრულება შეგვიძლია იმ კურსით რაც კონკრეტული მომენტისათვის არის ბაზარზე, ან შეკვეთა დავუტოვოთ კონტრაგენტს კონკრეტული ფასის (კურსის), მოცულობის და დროის მითითებით და დაველოდოთ ჩვენი განაცხადის შესრულებას. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ მოთხოვნილი კურსი არ დაფიქსირდება მითითებულ დრომდე, განაცხადი გაუქმდება და კონვერტაცია არ შესრულდება. ჩვენგან განსხვავებით უცხოური სავალუტო ბაზრები უფრო მეტად განვითარებულია და გაცილებით მეტი ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, უცხოური ვალუტის ბაზარი ძალიან დიდია და მოცულობის პრობლემა არ არსებობს. ასევე უცხოური ბირჟა 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს და ძირითად ვალუტებზე (ევრო, დოლარი, ფრანკი, სხვა) ვაჭრობაში ფაქტიურად ყველა ქვეყანა და ბანკია ჩართული. როდესაც ჩვენთან სამუშაო საათები მთავრდება, იქ ვაჭრობა გრძელდება დილამდე, შაბათ-კვირის გარდა.
ს.ე. – რა სიხშირით გაიმართება აუქციონები?
დ.კ. – კვირაში ორჯერ. აუქციონის ჩატარების დღეს ეროვნული ბანკი ატარებს გამოკითხვას. უკავშირდება კომერციულ ბანკებს, რათა გაარკვიოს, თუ რამდენი დოლარის შესყიდვის მსურველი არსებობს ბაზარზე.
ს.ე. – გამოკვეთა კლიენტების რისკ-ფაქტორი. ახალი სისტემით რა შეღავათები ექნებათ მომხმარებლებს?
დ.კ. – ძველი სისტემა საკმაოდ შეზღუდული იყო. განაცხადების მიღება მხოლოდ 11 საათამდე შეიძლებოდა. ახლა განაცხადების გამოგზავნა 4-5 საათამდეა შესაძლებელი. ამის შემდეგ შემდეგ ბირჟა იმდენად აქტიური აღარ არის. განაცხადში კლიენტს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, თუ რა თანხა სჭირდება შესაძენად განაცხადის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში. მას შეუძლია თავად მოხსნას, ან გააუქმოს განაცხადი. ძველი სისტემის მიხედვით, განაცხადების მიღება 11 საათზე წყდებოდა და შემდეგ რა კურსიც დაბალანსდებოდა ბირჟაზე, კლიენტი იძულებული იყო ოპერაცია შეესრულებინა ბირჟის კურსით. ახლა მათ არჩევანის საშუალება აქვთ. კურსის გაზრდის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ოპერაცია შეაჩერონ. როდესაც კურსი 2 თეთრით მოიმატებს და დიდი თანხის კონვერტაციაა საჭირო, კლიენტის დანაკარგი საკმაოდ იზრდება. ახალი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ოპერაციის უფრო ეფექტურად შესრულება. იგი უფრო მეტად მოქნილია. ჩემი აზრით, მიზანშეწონოლია ოპერაციების ახალ სისტემაზე გადატანა, რაც ბაზარს უფრო განავითარებს.
ს.ე. – რა როლი ითამაშა სისტემის ცვლილებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა?
დ.კ. – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ცვლილების ძირითადი ინიციატორი იყო. მას არ სურდა, რომ ეროვნულ ბანკს კვლავ აქტიურად გაეგრძელებინა ინტერვენციები სავალუტო ვაჭრობის სესიებზე, რაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მართალია, ყველა კლიენტი ძველ სისტემაზე იყო მორგებული და ცვლილებამ გარკვეული უკმაყოფილობა გამოიწვია, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს დრო მაინც დადგებოდა. რეალურად ბოლო პერიოდში საკმაოდ შემცირებული იყო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობები და აღარ იყო აუცილებელი ოპერაციებში ეროვნული ბანკის ჩარევა. დიდი ცვლილება არ მომხდარა. უბრალოდ ვალუტით ვაჭრობა უნდა იწარმოებოდეს ზედმეტი ბერკეტების გარეშე და ოპერაციების განხორციელებისას მეტი თავისუფლება უნდა იყოს. ეს არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის შეზღუდვის მცდელობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. შესაძლებელია, შედარებით გართულდეს ბანკების სავალუტო ოპერაციები, რადგან ერთი ოპერაციის ნაცვლად მათ დღის განმავლობაში რამდენიმე ოპერაციის შესრულება მოუხდებათ. მაგრამ ახალი სისტემის საშუალებით შესაძლებელია კონვერტაციების სქემის ჯანსაღად აწყობა. ძველი წესების მიხედვით იყო შემთხვევები, როცა ჩვენს ბანკს უნდოდა ვალუტის შეძენა და ვეღარ ახერხებდა ამას, ანდა პირიქით – არ გვინდოდა ოპერაციის შესრულება და იძულებულნი ვიყავით.
ს.ე. – რა ცვლილებებია ახალი და ძველი სისტემების საკომისიოებთან დაკავშირებით?
დ.კ. – ჩვენ (თი-ბი-სი ბანკი) საკომისიოებში ცვლილება არ შეგვიტანია. ადრე ოპერაციებზე საკომისიოს ვუხდიდით უშუალოდ ბირჟას და კლიენტებისგან ვიღებდით განსაზღვრულ საკომისიოს. საკომისიო არ შეცვლილა. თუ კლიენტის მიერ აუქციონზე გატანილი თანხა დაკონვერტირდება, ჩვენ აღნიშნული მომსახურების საკომისიოს ვიღებთ. ხოლო თუ კლიენტი უარს იტყვის ოპერაციის ჩატარებაზე, მას ჯარიმა არ ეკისრება. სისტემის შეცვლამ კლიენტებში თავდაპირველად გაუგებრობა გამოიწვია. ვერ გეტყვით სხვა ბანკებმა რა გადაწყვიტეს საკომისიოებთან დაკავშირებით.
ს.ე. – რა გავლენას მოახდენს ახალი სისტემა სავალუტო ჯიხურებზე? ხომ არ უნდა ელოდეს მოსახლეობა ლარის კურსის ვარდნის მეორე ეტაპს?
დ.კ. – სავალუტო ჯიხურებთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. ყიდვასა და გაყიდვას შორის არსებული მარჟა შესაძლებელია ოდნავ გაიზარდოს, რადგან ახალი სისტემიდან გამომდინარე ამ ნაწილში ცვლილებაა – კონვერტაციის გარანტი აღარ არის ეროვნული ბანკი. ხშირად კომერციული ბანკი ბაზარზე ლიკვიდურობის დასაბალანსებლად სავალუტო ჯიხურისგან ყიდულობს, ან ყიდის მასზე ვალუტას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ეროვნული ბანკის აუქციონების არარსებობის შემთხვევაში ლარის კურსი უფრო მაღალი იქნებოდა, რადგან ქვეყანა ძირითადად საქონლის იმპორტიორია და სავაჭრო ბალანსის გარღვევა საკმაოდ დიდია. საქართველოში იმპორტი ექსპორტს დაახლოებით 3-4-ჯერ აღემატება. გარდა ამისა, შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინება, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ. ეს სულ უფრო ზრდის სხვაობას დოლარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. მეორეს მხრივ, 2009 წლის პირველი და მეორე მეოთხედების მიხედვით შემცირებულია იმპორტის მოცულობაც, განსაკუთრებით ძვირადღირებული საგნებისა. იმპორტიორ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყოველთვის იქნება დოლარზე მოთხოვნა, მაგრამ შედარებით დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. გასული 2-3 წლის მანძილზე, მაღალი ეკონომიკური აქტივობის პირობებში საქართველოში შემოდიოდა დიდი მოცულობის თანხები ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების სახით. შემოსული ვალუტის რეალიზაცია ხდებოდა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, რაც ლარის სიმყარეს განაპირობებდა. ამჟამად სურათი შეცვლილია, დოლარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს და ლარის კურსის დაჭერა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია აუქციონზე გატანილი თანხების მოცულობებით, ანუ ბანკთაშორის ბაზარზე კურსის მკვეთრი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს მოუწევს დოლარის რეალიზაცია.
დღეისათვის, უცხოური გრანტებისა და დახმარებების მეშვეობით ეროვნული ბანკის რეზერვები შეივსო და უტოლდება შარშანდელი აპრილის მოცულობას. ამიტომაც წლის ბოლომდე ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.
ს.ე. – რა შედეგები მოუტანა კრიზისმა თი-ბი-სი ბანკს? ექსპერტები კრიზისის პიკს სექტემბრისთვის ვარაუდობენ. რა თადარიგს იჭერს ბანკი საამისოდ?
დ.კ. – კრიზისი ბანკს შეეხო. გაფუჭდა ბევრი სესხი, რაც ძირითადად მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს ეხება. განსაკუთრებით, სამშენებლო ბიზნესით დაკავებულ კლიენტებს ვგულისხმობ. პრობლემები შეიქმნა იმ კომპანიების საკრედიტო პორტფელთან დაკავშირებით, რომლებიც ძვირადღირებული საგნებით ვაჭრობდნენ. ამ ეტაპისათვის სესხების უმეტესობა დარეზერვებულია და მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა. მომავალში მოსალოდნელი აღარ არის დიდი ზარალი, თუმცა პროცესი გრძელდება. სავარაუდოდ, კიდევ ბევრი სესხი ჩამოიწერება და შეიქმნება რეზერვები, მაგრამ არა იმ მოცულობით, რაც წლის დასაწყისში იყო. უძრავი ქონების ბაზარზე ფაქტიურად განულებულია რეალიზაცია და მდგომარეობა მძიმეა. კომპანიებს, რომლებიც საცალო გაყიდვებით მუშაობენ და ვაჭრობენ პირველადი მოხმარების საგნებით, ასეთი სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ. თუმცა გაყიდვების შემცირება იქაც შეინიშნება. სექტემბერში უარყოფით შედეგებს კვლავ ისეთი კომპანიებისგან ველით, რომლებიც დაკავებულნი არიან უძრავი ქონებით, მშენებლობით ან ფუფუნების საგნებით ვაჭრობენ. შესაძლოა სიტუაცია გართულდეს ეკონომიკის სხვა სექტორებშიც. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს სიტუაცია გაუმჯობესდება.
ნათელია, რომ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას ესაჭიროებოდა ცვლილება, მაგრამ ნათელია ისიც, რომ ეროვნული ბანკი კვლავ უმსხვილეს მოთამაშედ რჩება და გადამწყვეტ პოზიციებს ინარჩუნებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენაში.