გლობალური კრიზისი და განვითარებადი ბაზრები

რედაქციისაგან

საფინანსო სფეროში არსებული პოპულარული აზრი, რომ “როცა ამერიკა აცემინებს, მთელი პლანეტა ცივდებაო”, ამჟამად არ გამართლდა. განვითარებადი ბაზრები ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდებიან გლობალური კრიზისის შედეგებს.

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მიმდინარე გლობალური კრიზისის შედეგები 1990-იანი წლების დასაწყისის კრიზისის მსგავსი იქნება, რაც იაპონიის უძრავი ქონების ბაზარზე არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკები რეცესიის ზღვარზე არიან. რა ელოდება უფრო სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს? სკეპტიკოსებისათვის, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სხვა ახალი ბაზრები ამერიკული “ავადმყოფობის” მიუხედავად, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში არიან. მართალია, მათ ვერ შეძლეს გლობალური პრობლემებისაგან თავის მთლიანად არიდება, მაგრამ ადრინდელი კრიზისებისაგან განსხვავებით, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა განვითარებადი ბაზრები, მიმდინარე საფინანსო არასტაბილურობა, რომელიც სათავეს ევროპულ ბანკებში იღებს, მსოფლიო ეკონომიკის მეორე ეშელონს ნაკლებად შეეხო. მაგრამ რამდენად ძლიერი აღმოჩნდება ეს იმუნიტეტი?
ერთის მხრივ, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლები შორსაა რეცესიისაგან, ხოლო მათი ოქროს ვალუტის რეზერვები რეკორდული ტემპებით იზრდება, მეორეს მხრივ კი, ნედლეულისა და ენერგორესურსების მკვეთრმა გაძვირებამ თავისი კორექტივები შეიტანა ახალ ბაზრებს შორის ძალთა გადანაწილებაში. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ოთხეული დაიყო ნედლეულითა და ენერგეტიკით უზრუნველყოფის მოხედვით ბრაზილია-რუსეთად და ინდოეთ-ჩინეთად. თუ ბრაზილიასა და რუსეთისათვის ნახშირწყლებზე, ლითონებსა და სურსათზე ფასების ზრდა ზეციური წყალობაა, ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკის განვითარებისათვის, რომლებიც ენერგიისა და ნედლეულის დეფიციტს განიცდიან, ეს დიდი წინააღმდეგობაა. მაგრამ მაღალი ფასები ამ ქვეყნების ოთხეულს როგორც ყოფს, ასევე აერთიანებს ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით, რომელიც მათი ეკონომიკების ზრდას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ინდოეთი
თუ ჩინური დრაკონი, აშშ-ისა და ევროპის პრობლემების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფეხზე დგას, მისი სამხრეთ მეზობელი უკვე აგდებს ტემპებს. საერთაშორისო სავალუტი ფონდის ერთ-ერთი მოხსენების მიხედვით, 2008 წელს ინდოეთი ბრაზილიას, რუსეთსა და ჩინეთს შორის ერთადერთი იქნება, სადაც მშპ უკვე მეორე წელია მცირდება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკის საინვესტიციო ბანკმა Goldman Sach მოიგონა ტერმინი “ბრიჩ” (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი), ბევრი ფინანსისტი ხუმრობდა, რომ ინდოეთი ოთხეულში იმის გამო შეიყვანეს, რომ აბრევიატურაში ხმოვანი ყოფილიყო.
ერთის მხრივ, შიდა ბაზარზე ორიენტაციამ ამ ქვეყანას მიმდინარე კრიზისის შედეგები შეუმსუბუქა. მისი საექსპორტო სექტორი შედარებით პატარაა და ამიტომ სხვა ქვეყნებში ინდურ საქონელზე მოთხოვნის შემცირება ამ ქვეყნისთვის არც ისე დიდი კატასტროფაა, მეორეს მხრივ, ეკონომიკისათვის სერიოზულ საფრთხეს სურსათის მაღალი ფასები წარმოადგენს. ინდოეთი “ბრიჩ”-ში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სავაჭრო ბალანსის დეფიციტი აქვს. 2008 წელს ამ მაჩვენებელმა 80 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 7%-ია. ინდოეთში იმპორტირებული ენერგორესურსების გაძვირება, ისევე როგორც ჩინეთში, შიდა ფასების მკვეთრ ზრდაზე აისახა. ივლისში ინფლაციამ ამ ქვეყანაში 12%-ს მიაღწია. ინფლაციური პრობლემები ამ ქვეყანაში კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან სავაჭრო ბალანსის დეფიციტის გამო ინდური ვალუტის რევალვაციის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. ინდოეთისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია ასევე მაღალი პოლიტიკური რისკები, რაც დაკავშირებულია ინდო-პაკისტანის დაპირისპირებასთან. ბოლო წლის მანძილზე არატსაბილურობა მხოლოდ მატულობდა, რამაც ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი მნიშვნელოვნად გააუარესა.

ჩინეთი
2008 წლის ივლისის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ინფლაციამ 12 თვის მანძილზე 10%-ს მიაღწია. ფასების ასეთი ზრდა ჩინეთისათვის ბოლო ათწლეულის მანძილზეც არ იყო დამახასიათებელი, როცა ქვეყანა დეფლაციის წინაშე იდგა მრეწველობის მკვეთრი ზრდის გამო, რასაც წინ უძღოდა შიდა მოთხოვნის ზრდა. ამასთან გლობალურმა კრიზისმა გამოავლინა ჩინეთის ეკონომიკის აქილევსის ქუსლი – მისი ძლიერი საექსპორტო ორიენტაცია. ჯერჯერობით აშშ-ისა და ევროპის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას ზეგავლენა არ მოუხდენია ექსპორტის ტემპების ზრდაზე. ჩინეთმა შესძლო დროზე გადართულიყო მსუბუქი მრეწველობის იაფფასიანი საქონლის გაყიდვიდან მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებაზე, ამით მოგებული დარჩა ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონები. ვაგონმშენებელმა ქარხანა Changchun Car Company-მ ირანისგან 600 ვაგონის შეკვეთა მიიღო. სიმძლავრეების სრულიად დატვირთვას ასევე ხელს უწყობს ჩინეთის რკინიგზების სწრაფი განვითარება. სამაგიეროდ საფრთხის წინაშეა სამხრეთ პროვინციები, სადაც მსუბუქი მრეწველობის საწარმოებია კონცენტრირებული. ინფლაციის ზრდამ და სამხრეთ ჩინეთის ექსპორტიორებს შორის კონკურენტული პოზიციის შესუსტებამ საფინანსო ხელისუფლება დილემის წინაშე დააყენა, კერძოდ, ფასების ზრდის შესაჩერებლად აუცილებელია ეროვნული ვალუტის ხელოვნურად დაგდებული ფასის რევალვაცია, რადგან აშშ-ისა და ევროპის მხრიდან მოთხოვნის ვარდნის პირობებში იაფი იუანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო ბალანსის პროფიციტი ისევ მაღალია (საშუალოდ 20 მლრდ დოლარი თვეში), ჩინეთის სახალხო ბანკი, როგორც ჩანს, ექსპორტის ბედით უფროა შეწუხებული, ვიდრე ინფლაციით და ამიტომ არ ცდილობს დააჩქაროს იუანის აშშ დოლართან მიმართებაში რევალვაციის პროცესი. ჩინეთის სახალხო ბანკის ბოლო განცხადებაში გაქრა ფრაზა – “მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება”, რაც თავის მხრივ შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ფინანსური ხელისუფლება მზადაა ინფლაციასთან ბრძოლა შეწიროს ექსპორტის ვარდნასთან ბრძოლას.
ჩინეთის პროინფლაციური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, უდავოა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამჟამად პრაქტიკულად ამერიკელი მომხმარებლების სუბსიდირებას ახორციელებს – აცხადებს აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ეკონომისტი ბრედ სეტსერი, – მაშინ, როცა იუანის დოლართან მიმართებაში რევალვაცია და შესაბამისად შიდა მოთხოვნის გაფართოება საქონლის ქვეყნის ბაზრებზე ორიენტაციის შეცვლის ხარჯზე იგივე სუბსიდირება იქნებოდა, ოღონდ საკუთარი მოქალაქეებისა, ეს კარგი იქნებოდა ასევე ამერიკის ეკონომიკისათვის, რომლისთვისაც იაფი იუანი საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ის სამუშაო ძალის აშშ-იდან ჩინეთში გადმონაცვლების მასტიმულირებელია”. შესაძლოა ჩინეთმა მალე შეიცვალოს ეკონომიკური კურსი და მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი ეროვნული ვალუტის კურსი.
ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ მოკლევადიანი ინფლაციური რისკები ჩინეთში ცოტა არ იყოს გაზვიადებულია. ჩინეთში სურსათზე ფასების ზრდას უმეტესწილად შიდა ფაქტორები განაპირობებს, ძირითადად შეფერხებები ხორცისა და ბოსტნეულის მიწოდებაშია. მაგრამ ეს ფაქტორები უკვე დაძლეულია და შემდგომში ეკონომიკურ სისტემაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. მაგრამ საყურადღებოა საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივები. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩინეთში შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი პიკს 2011 წელს მიაღწევს, ხოლო შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდება და თავის მხრივ ხელფასების ზრდის პროვოცირებას მოახდენს, რაც თავის მხრივ ინფლაციას ჩაითრევს თან.
რუსეთი
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციაში ეროვნული ვალუტის გადაფასებასთან და მის შესაძლო დევალვაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ აშინებთ, ამ ქვეყნის ეკონომიკა მაინც ცუდ დღეშია. ერთის მხრივ, რუსეთის სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო 2008 წლის პირველ ნახევარში 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,75-ჯერ გაიზარდა და 104,8 მლრდ დოლარი შეადგინა. ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ასევე მაღალი გადასახადები და გაუარესებული საინვესტიციო კლიმატი.
აგვისტოს თვის მონაცემებით, 2008 წლის ინფლაციის პროგნოზი 10.5%-დან 11.8%-მდე გაიზარდა, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს მაჩვენებელი 14%-ზე დაბალი არ იქნება. რუსეთში ფასების ზრდის პრობლემები თითქმის იგივეა, რაც ჩინეთში. ორივე ქვეყანა ინფლაციას ებრძვის ცენტრალური ბანკების პირდაპირი ინვესტიციებით, რაც სავაჭრო ბალანსის პროფიციტისა და კაპიტალის შემოდინების პირობებში ეროვნული ვალუტის კურსის რევალვაციისკენაა მიმართული. ეროვნული ვალუტის კურსის რევალვაციით ინფლაციასთან ბრძოლის მისწრაფება რუსეთში მეტადაა, ვიდრე ჩინეთში. ამასთან გადასახადების შემცირების შემთხვევაში ნავთობექსპორტიორები ნავთობის ფასების ვარდნისაგან კარგად იქნებიან დაცული.

ბრაზილია
ეს ქვეყანა მსოფლიო საფინანსო კრიზისს დანარჩენ სამ ქვეყანასთან შედარებით ყველაზე კარგად ებრძვის. ნედლეულზე ფასების ზრდა დადებითად აისახა ბრაზილიის ეკონომიკაზე, რომელიც რკინის მადნის, ლითონის, ეთანოლის, სოიოს, ყავის, ფორთოხლისა და საქონლის ხორცის ექსპორტს ეწევა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მსოფლიოში უმსხვილესმა რკინის მადნის მომწოდებელმა ბრაზილიურმა კომპანია “CompanhiaVale do Rio Doce-მ ჩინელი იმპორტიორებისათვის თავისი პროდუქცია 65%-ით გააძვირა. წარმატებებია ასევე ნავთობის სფეროში, კერძოდ, ბრაზილიის ნავთობის ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, ახლახანს გახსნილი კარიოკას საბადოს მარაგი დაახლოებით 33 მლრდ ბარელს შეადგენს, ასევე მეორე ახალი საბადოს – ტუპის – 7 მლრდ ბარელიანი მარაგი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გახდეს გავლენიანი ნავთობექსპორტიორი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მექსიკასა და ვენესუელაში მოპოვების მკვეთრი ვარდის ფონზე. მართალია, ახალი საბადო ძნელადმისადგომ ადგილებშია, მათმა გახსნამ იმდენად შთტააგონა ბრაზილიის პრეზიდენტი, რომ მან ოპეკის ქვეყნებში შესვლის პერსპექტივაზე გააკეთა განცხადება. სასურველმა სანედლეულო კონიუქტურამ მიმდინარე წლის აპრილში სარეიტინგო სააგენტო “Standard & poot’s-ს შესაძლებლობა მისცა გაეზარდა მიმდინარე წლის აპრილში ბრაზილიის სუვერენული რეიტინგი – საინვესტიციო დონე – BBB-მდე. ბოლო დრომდე ბრაზილიის საფინანსო ხელისუფლება სხვა ქვეყნებთან შედარებით წარმატებით ებრძვის ინფლაციას. ჰიპერინფლაციის გრძელვადიანი პერიოდის შემდეგ (1980-1990წწ.) 2003 წელს ცენტრალურმა ბანკმა შესძლო ინფლაციის თარგეთირების საკმაოდ ეფექტურ პოლიტიკაზე გადასულიყო და ფასების ზრდა წლიურად 2,5-6,5%-ზე შეეჩერებინა. ბრაზილიის ეროვნული ვალუტის – რეალის მნიშვნელოვანი რევალვაციის წყალობით, რამაც იმპორტირებული საქონლის გაზრდილის ფასების ეფექტი შეარბილა, ჯერჯერობით შესაძლებელია ინფლაციის შეჩერება, კერძოდ, ივლისის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი წლიური გამოთვლებით 6,4% იყო. მაგრამ ასეთ ანტიინფლაციურ პოლიტიკას მეორე მხარეც აქვს. ნედლეულის ფასების კორექციამ შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ბრაზილიის ვალუტას. დღეისათვის რეალი უკვე 30%-ითაა გადაფასებული. ანალიტიკოსების აზრით აშშ-ის რეცესიაში შესვლის ფონზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ნედლეულის ფასები ასეთივე მაღალი დარჩება, მათი მკვეთრი შემცირების შედეგი კი შესაძლოა გახდეს პროცესი, რომელიც 2003-2008 წლების პროცესების საწინააღმდეგო იქნება და მას რეალის 2009 წლის დევალვაცია დაერქმევა.
“ბრიჩ”-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ქვეყნების ეკონომიკური სიმყარე დროის ამბავია. “ეკონომიკური ავადმყოფობა” ახალ ბაზრებზე გავრცელება იმისდა მიხედვით, თუ როგორ გამწვავდება აშშ-სა და ევროპის ეკონომიკური პროცესები.